Wednesday, July 8, 2009

RUF-ი ელექტრომობილების წარმოებას იწყება

RUF Greenster convertible

9 ივლისი


იმ დროს, როდესაც მთელს მსოფლიოში ელექტრომობილებს თითზე ჩამოსათვლელი კომპანიები აწარმოებენ, ეტალონად კალიფორნიულ კომპანია ”ტესლას” ელექტრული ”როუდსტერია” მიჩნეული, რომელიც ”ლოტუს ელიზის” პლატფორმაზეა ბაზირებული. რაც დრო გადის, ეს სპორტული ელექტრომობილი სულ უფრო მეტად პოპულარული ხდება და თანაც, გაბედულად არღვევს სტერეოტიპს, რომლის მიხედვითაც, ელექტრომობილები ტემპერამენტით ვერ გამოირჩევიან.

სტერეოტიპების რღვევის შედეგი კი ისაა, რომ სულ უფრო იზრდება იმ კომპანიების რაოდენობა, რომლებიც სულ ცოტა ხნის წინ, ელექტრომობილების წარმოებაზე არც კი ფიქრობდნენ, მაგრამ დღეს თავიანთი შეხედულება რადიკალურად აქვთ შეცვლილი და ელექტრომობილების წარმოებას პერსპექტიულ საქმედ თვლიან. ასეთ კომპანიათა რიცხვს კი ამიერიდან გერმანული RUF-იც განეკუთვნება, რომელმაც სახელი ”პორშეს” ავტომობილების ტუნინგით გაითქვა.

ჟენევის ავტო შოუზე, კომპანიამ გამოაცხადა, რომ წარმოებისთვის ელექტრომობილს ამზადებს, რომელიც ”პორშე 911 კაბრიოზე” იქნება ბაზირებული და რომელიც სწორედ ”ტესლა როუდსტერს” გაუწევს კონკურენციას. ავტომობილი, სახელად ”გრინსტერ”, ბაზარზე მერმის, წლის დასაწყისში უნდა გამოვიდეს.

”გრინსტერისთვის” ელექტრულ ძალურ დანადგარს, თავისი მართვის სისტემით, გერმანული კომპანია ”სიმენსი” ამზადებს. დანადგარში ელექტროძრავი და გენერატორი, ელექტრონული კონტროლის მოდული და ლითიუმ-იონური აკუმულატორებია გაერთიანებული. ძრავის სიმძლავრე 362 ცხენის ძალას აღწევს და ის 950 ნიუტონმეტრს (!) გამოიმუშავებს. ძრავთან ავტომატური კოლოფია დაკავშირებული, რომელსაც ერთადერთი საფეხური და ერთიც უკუსვლის გადაცემა აქვს. ავტომობილის წონა 1 695 კილოგრამი იქნება და მისი მაქსიმალური სიჩქარე 320 კმ/სთ-ს მიაღწევს.

RUF-ის გარდა, პროექტში კალიფორნიული ”Calმოტორსიც” მონაწილეობს, რომელიც იმავე ავტომობილის კონცეპტუალური ვერსიის საკუთარი მარკით დამზადებას გეგმავს, ამ ავტომობილს კი ავტოგამოფენებზე გაიტანს. თუმცა უცნობია, აპირებს თუ არა მის წარმოებას.

რაც შეეხება RUF-ს, ის თავისი ”გრინსტერის” წარმოებას წელსვე დაიწყებს, მის გაყიდვებს კი მერმისიდან შეუდგება. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა ეღირება ”პორშეზე” ბაზირებული ელექტრომობილი და რა რაოდენობით დაამზადებს მას გერმანული კომპანია.

No comments:

Post a Comment