”ლოტუსი” ყოველწლიურად მხოლოდ 2 000 ”ევორას” დაამზადებს
Lotus Evora
8 ივლისი
ინგლისური კომპანია ”ლოტუსი” მალე დაიწყებს თავისი სრულიად ახალი კუპეს, ევორას წარმოებას და რაც უფრო ახლოვდება გაყიდვების დაწყების დრო, სულ უფრო მეტ მყიდველს შეაქვს ამ ავტომობილის შეძენის განაცხადი. კომპანიის განცხადებით, უკვე რამდენიმე ასეული შეკვეთაა მიღებული, თუმცა ამის მიუხედავად, წლიურად მაინც მხოლოდ 2 000 ცალი ”ევორას” წარმოება იგეგმება.
ამასთან, ცნობილია ისიც, რომ პირველი 450 ცალი ავტომობილი, ეგრეთ წოდებული საწყისი გამოცემის ეგიდით დამზადდება. ასეთი ავტომობილების აღჭურვილობაში ისეთი დეტალებიც შევა, რომლებსაც სტანდარტულ ევორაზე მხოლოდ შეკვეთის შემთხვევაში დააყენებენ. ასეთებია ქსენონის სათავო ფარები, უკანა ხედვის კამერა, რომელიც უკუსვლისთვის გამოიყენება და უმაღლესი კლასის საუნდ სისტემა.
”ლოტუსის” პრესმდივნის განცხადებით, კომპანია 2 000 ხალი ”ევორას დამზადებას რამდენიმე თვეში შეძლებს, თუმცა წარმოების გაზრდა ჯერჯერობით მაინც არ იგეგმება. სავარაუდოა, რომ მოთხოვნის საგრძნობი ზრდის შემთხვევაში დამატებითი პარტიის დამზადებაც გადაწყდეს.
მართალია, ”ევორა” სუპერავტომობილების კლასს არ განეკუთვნება, მაგრამ ”ლოტუსი” მისი წარმოების მნიშვნელოვან გაზრდას მაინც მოერიდება, რადგან მალე ლეგენდარულ სუპერავტომობილ ”ესპრიტის” აღდგენას აპირებს და სანამ ეს მოხდებოდეს, თავისი ავტომობილებისათვის ძნელად საშოვნელი მანქანის სტატუსის მოპოვებას ცდილობს. ამ სტატუსმა კი ”ესპრიტზე” აჟიოტაჟური მოთხოვნა უნდა გამოიწვიოს.
”ევორა” კი ”ტოიოტას” წარმოების 3.5-ლიტრიანი V6 ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც ბაზაში, განივადაა ჩადგმული. ამ აგრეგატის მაქსიმალური სიმძლავრე 6 400 ბრ/წთ-ზე 276 ცხენის ძალას აღწევს, მაბრუნი მომენტი კი 342 ნიუტონმეტრია (4700 ბრ/წთ-ზე). ამ აგრეგატისა და მასთან დაკავშირებული 6-საფეხურიანი მექანიკური კოლოფის დახმარებით, 1350-კილოგრამიანი ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე 261 კმ/სთ-ს აღწევს. ადგილიდან 100 კმ/სთ-ის ასაკრეფად მას 4.9 წამი სჭირდება, ადგილიდან 160 კმ/სთ-ს კი 12.3 წამში ახერხებს. ამავე სიჩქარიდან სრულ გაჩერებამდე კი სულ რაღაც 2.4 წამი ჰყოფნის და მისი სამუხრუჭე მანძილი კი 33.6 მეტრია.
No comments:
Post a Comment