”ველოსტერი” – ”ჰიუნდაის უცნაური კუპე
Hyundai Veloster
8 ივლისი
მას შემდეგ, რაც ბაზარზე კუპე ”ჯენეზისი” გამოუშვა, კორეულ კომპანია ”ჰიუნდაის” საინჟინრო ჯგუფი კიდევ ერთი სპორტული ავტომობილის მზადებას შეუდგა. გამოცემა ”ინსაიდ ლაინთან” საუბრისას, ”ჰიუნდაი მოტორ ამერიკას” მთავარმა აღმასრულებელმა ჯონ კრაფჩიკმა განაცხადა, რომ ახალი კუპე ამ კლასის ”ტიბურონს” შეცვლის, რომელიც ევროპაში ”კუპეს” სახელითაა ცნობილი.
კრაფჩიკის თქმით, ახალი პატარა კუპე გარეგნულად 70-80 პროცენტით კონცეპტუალურ ”ველოსტერს” დაემსგავსება, რომელიც კორეულმა კომპანიამ საზოგადოებას ორი წლის წინ, ლოს ანჯელესის ავტო შოუზე გააცნო. ახალ ავტომობილს სახელიც ახალი ექნება. თუმცა, არაა გამორიცხული, რომ ის კონვეიერზრ ”ველოსტერის” სახელითაც დადგეს.
მთავარი კი ისაა, რომ კრაფჩიკი ამ ავტომობილის სტილის მოულოდნელ გადაწყვეტებს გვპირდება, როგორიც აქამდე, ამ კლასის ავტომობილებში არავის გამოუყენებია. მისი თქმით, ავტომობილს უცნაური გარეგნობა ექნება. ერთი შეხედვით, ჰეჩბეკს მოგაგონებთ, მაგრამ კარები და სახურავიც სხვანაირი ექნება. რაც შეეხება ავტომობილის გაბარიტებს, ამ პარამეტრებით, კრაფჩიკი მას ”ჰიუნდაი აქცენტს” და ოთხადგილიან ”ჰონდა CRX-ს” ადარებს.
ადრე კრაფჩიკს ნათქვამი ჰქონდა, რომ ”ველოსტერისთვის” 1.6-ლიტრიანი, 4-ცილინდრიანი ბენზინის ძრავია გათვალისწინებული. ამჯერად კი ის აგრეგატებზე უფრო დაწვრილებით საუბრობს. კერძოდ, გვამცნობს, რომ ამ ძრავს საწვავი პირდაპირ წვის კამერაში მიეწოდება, მისი სიმძლავრე 140 ცხენის ძალას მიაღწევს. 100 კილომეტრზე კი მისი ხარჯი 5.8 ლიტრი ბენზინი იქნება.
ევროპული და სამხრეთკორეული ბაზრებისთვის, ”ველოსტერის” დიზელისძრავიანი ვარიანტებიც დამზადდება. კომპანიას შესაფერისი აგრეგატიც მზად აქვს. ესაა 2.0-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ძრავი, რომლის სიმძლავრეც 184 ცხენის ძალაა. ცნობისათვის, პირველად ამ აგრეგატს უგზოობის ახალ ”სანტა ფეზე” გამოიყენებენ.
დაბოლოს, კრაფჩიკი აცხადებს, რომ კომპანიის დილერები ”ველოსტერს” 2011 წლამდე მიიღებენ.
No comments:
Post a Comment