ყველაზე ეკონომიური ”მინი”
Mini One D
9 ივლისი
”ბეემვეს” ჯგუფში შემავალ ინგლისურ მარკა ”მინის” ავტომობილები ყოველთვის ეკონომიურობით გამოირჩევა, მაგრამ მალე დაიწყება ახალი, დიზელისძრავიანი მოდელის წარმოება, რომელიც საწვავის ეკონომიურობით, ”ჰონდას” უახლეს ჰიბრიდულ ”ინსაითსაც” კი მისცემს ფორას.
უგზოობის X1-ის წარმოდგენის შემდეგ, ბავარიელებმა ახალი, ყველაზე იაფფასიანი ”მინის”, მოდელ ”მინი ვან D-სთვისაც” მოიცალეს და მისი ზოგიერთი მონაცემი გამოაქვეყნეს.
ავტომობილი აღჭურვილია 1.6-ლიტრიანი დიზელის აგრეგატით, რომელსაც ტურბოკომპრესორი ემსახურება და საწვავის უშუალოდ შეფრქვევის სისტემითაა აღჭურვილი. ძრავი 4 000 ბრ/წთ-ზე 90 ცხენის ძალას ავითარებს, მისი მაბრუნი მომენტი კი 215 ნიუტონმეტრია (1 750 ბრ/წთ-ზე). ძრავთან 6-საფეხურიანი მექანიკური კოლოფია დაკავშირებული.
ავტომობილი საკმაოდ მოკრძალებული დინამიკური მახასიათებლებით გამოირჩევა. მისი მაქსიმალური სიჩქარე 182 კმ/სთ-ია, ადგილიდან 100 კმ/სთ-ის ასაკრეფად კი 11.5 წამი სჭირდება. სამაგიეროდ, მისი ეკონომიურობა 3.9 ლ/100 კმ-ია, ყოველი კილომეტრის გავლისას კი ატმოსფეროში მხოლოდ 104 გრამ CO2-ს გამოჰყოფს.
”მინი ვან D”, ისევე როგორც ”მინი ვან”, კომპანიის სხვა ავტომობილებისგან ვიზუალურად იმით გამოირჩევა, რომ სახურავი ძარის ფერში აქვს შეღებილი. უსაფრთხოების სისტემებიდან, ”მინი ვან D-ზე” გამოყენებულია წინა ორი აირბალიში, წინა სავარძლების გვერდითა, თავების დამცავი აირბალიშები, ასევე სამწერტილოვანი ინერციული ღვედები, რომლებიც ოთხივე სავარძლის სტანდარტულ ეკიპირებაში შედის.
”მინი ვან D-ს” მსოფლიო პრემიერა ფრანკფურტის მოტორ შოუზე ჩატარდება. ჯერჯერობით უცნობია მისი ფასი, თუმცა სავარაუდოდ, ის ”მინი ვან-ის” დონეზე, 12 000 გირვანქა სტერლინგის ფარგლებში იქნება.
No comments:
Post a Comment