რეალისტი რაიკონენი
Formula 1
8 ივლისი
გერმანიის დიდი პრიზის წინ, მსოფლიოს 2007 წლის ჩემპიონი, ფინელი კიმი რაიკონენი რეალისტურ განწყობას ინარჩუნებს და მიაჩნია, რომ ამ ეტაპზე, ”ფერარის” პილოტებს კვარცხლბეკზე ასვლის არანაირი შანსი არ აქვთ.
იტალიურმა საჯინიბომ მიმდინარე ჩემპიონატის პირველი ნახევარი მისთვის შეუფერებლად დაბალ დონეზე ჩაატარა - მის ორ პილოტზე სამეულის მხოლოდ ერთი ფინიში მოდის. და მიუხედავად იმისა, რომ წინა რბოლაზე ბრაზილიელი ფელიპე მასა საკმაოდ სწრაფი იყო და მეოთხეზე გავიდა, რაიკონენი მაინც დარწმუნებულია, წინა ადგილებისთვის ბრძოლა გერმანიაში შეუძლებელი იქნება.
”რეალურად, ამ სეზონში ჩვენ გამარჯვების იმედი არ უნდა გვქონდეს. ლიდერებამდე ჯერაც ბევრი რამ გვაშორებს, ჩამორჩენის აღმოსაფხვრელად კი უზარმაზარი შრომაა საჭირო. გუნდი თავს არ ზოგავს და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ გერმანიაში კონკურენტუნარიანი მანქანით ასპარეზობის საშუალება მოგვეცეს. ნურბურგრინგი ჩვენს მანქანას უკეთ შეეფერება, ვიდრე სილვერსტოუნი, მაგრამ ეს საქმეს არ შველის. უფრო ნათელ სურათს კი, ჩვენს შესაძლებლობათა შესახებ, თავისუფალი პრაქტიკების შემდეგ მივიღებთ”.
”იმისათვის, რომ კონკურენტუნარიანი იყო, მანქანას გზის საფართან კარგი ჩაჭიდება უნდა ჰქონდეს და დამურუჭებისას სტაბილური იყოს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ F60 ამ პირობებს აკმაყოფილებდეს. რა თქმა უნდა, პროგნოზირება და ფანებისთვის რაიმეს დაპირება ძალიან ძნელია, მაგრამ ახლა მხოლოდ ერთის თქმა შემიძლია, გერმანიაში კვარცხლბეკზე ასვლაც კი ჩვენთვის მიღწევა იქნება”, - ამბობს რაიკონენი, ვინც იმედოვნებს, რომ სეზონის ბოლოსთვის, მისი გუნდი ახლანდელ ლიდერებს წამოეწევა და მერე ვნახოთ...
No comments:
Post a Comment