”აუდი” ოთხკარიან კუპე A7-ს მერმის გამოუშვებს
Audi A7
9 ივლისი
გერმანულ კომპანია ”აუდის” უახლოეს მომავალში საკუთარი სამოდელო გამის 40 ავტომობილამდე გაზრდის გეგმა აქვს შემუშავებული და ამ გეგმას გულმოდგინედ ასრულებს. მის შესასრულებლად კი 17 ახალი ავტომობილის გამოშვება მოუწევს.
წელს ”აუდიმ” თავისი საწარმოო პროგრამა კიდევ ერთი ახალი ავტომობილით, უგზოობის Q5-ით გაამდიდრა, მალე, ფრანკფურტის ავტოგამოფენაზე, საზოგადოება ინგოლშტადტელთა კიდევ ერთ სიახლეს, ”A5 სპორტბეკს” იხილავს, ასევე მზადების პროცესშია კომპაქტური ჰეჩბეკი A1 და სრულგაბარიტიანი ოთხკარიანი კუპე A7, რომელთა დებიუტი მერმისაა მოსალოდნელი.
A7-ის ბაზაზე, კიდევ ორი სპორტული ვერსიის - S7-ის და RS7-ის წარმოება იგეგმება, სამივე მოდიფიკაციისთვის კი ძრავების ფართო გამაა გათვალისწინებული, მათ შორის, დიზელ-ელექტრული ჰიბრიდული სისტემებიც. ძრავებიდან ყველაზე მძლავრის განკარგულებაში დაახლოებით 600 ცხენის ძალა იქნება. ჰიბრიდულ აგრეგატს კომპანია პირველად Q5-ზე გამოიყენებს, რის შემდეგაც ეს სისტემა სხვა მოდელებზეც, მათ შორის, A7-ზეც გადაინაცვლებს. ამ ეტაპზე, ჰიბრიდული სისტემისთვის დიზელის ძრავია შერჩეული, მაგრამ გამორიცხული არაა, რომ ის ბენზინზე მომუშავე აგრეგატით შეიცვალოს.
A7-ის საბაზო ვერსიებისთვის V6 ძრავის ორი მოდიფიკაციაა გათვალისწინებული. პირველის მუშა მოცულობა 2.8 ლიტრია და ის 204 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, მეორე კი 3.0-ლიტრიანია და დამჭირხნის მეშვეობით, მისი სიმძლავრე 300 ცხენის ძალას აღწევს. შემდეგია 4.0-ლიტრიანი V8, რომელსაც S7 ვერსიაზე დააყენებენ და რომლის მაქსიმალური სიმძლავრეც 400 ცხენის ძალამდეა. ტოპ ვერსია RS7-თვის კი განკუთვნილია 5.0-ლიტრიანი, ორი ტურბოდამჭირხნით აღჭურვილი V10, რომლის მაქსიმალური სიმძლავრეც 600 ცხენის ძალაა. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ S7 და RS7 ვერსიების გაყიდვები მოგვიანებით დაიწყება. მათგან პირველი ბაზარზე S7, 2011 წელს გამოჩნდება, ორი წლის შემდეგ კი მას RS7-ც მოჰყვება.
დაბალი რანგის მოდელებზე, ძრავებს 6-საფეხურიანი მექანიკური და 8-საფეხურიანი ავტომატური კოლოფები შეუწყვილდება, ტოპ ვერსიებზე კი საბაზო 7-საფეხურიანი ავტომატური კოლოფი იქნება, რომელსაც მაბრუნი მომენტი ორდისკოიანი გადაბმულობის ქუროს გავლით მიეწოდება. ევროპაში სტანდარტული A7 და მისი დერივატივები სრულამძრავიანი ტრანსმისიით აღიჭურვება. ჯერ გადაწყვეტილი არაა, შესაძლებელი იქნება თუ არა უკანა წამყვანბორბლიანი ვერსიების შეკვეთა.
A7-ის საწარმოებლად, ”აუდი” თავის ნეკარსულმის ქარხანას ამზადებს, რომელიც ამ ავტომობილის გამოშვებას მომავალი წლის ბოლოდან დაიწყებს. ჟურნალ ”აუტო მოტორ უნდ შპორტის” ცნობით, ინგოლშტადტელები წლიურად მხოლოდ 40 000 ცალი A7-ის წარმოებას გეგმავენ. ეს არც ისე ბევრია, მაგრამ სამაგიეროდ, ასეთი დონის ავტომობილის წარმოება ”აუდის” პრესტიჟს კიდევ უფრო მაღლა ასწევს.
No comments:
Post a Comment