”ტოიოტა” პლაგ-ინ ჰიბრიდების მასობრივ წარმოებას გეგმავს
Toyota plug-in hybrids
8 ივლისი
მსოფლიოს უდიდესი ავტომწარმოებელი ”ტოიოტა” მომავალი წლიდან ეგრეთ წოდებული პლაგ-ინ სისტემით აღჭურვილი ჰიბრიდული ავტომობილების წარმოებას დაიწყებს. ეს ავტომობილები, საყოფაცხოვრებო ელექტროტექნიკის მწარმოებელ იაპონურ გიგანტ ”პანასონიკის” მიერ შემუშავებული, შემდეგი თაობის ლითიუმ-იონური აკუმულატორებით აღიჭურვება, თუმცა ასეთი ავტომობილები პირველ ხანებში შეზღუდული რაოდენობით დამზადდება და ”ტოიოტა” მათ სამთავრობო სტრუქტურებსა და კორპორატიულ კლიენტებს მიჰყიდის.
2012 წლიდან კი პლაგ-ინ (ასეთ ავტომობილებს ენერგიის საყოფაცხოვრებო ელექტროქსელიდან შევსება შეუძლია) ჰიბრიდების მასობრივი წარმოება დაიწყება. პირველ წელს 20 000-30 000 ასეთი ავტომობილის წარმოებაა დაგეგმილი, რომელთა უმეტესობაც იაპონიისა და აშშ-ის, ასევე ევროპის ბაზრებზეც გაიყიდება. ცნობისათვის, ანალოგიური კლასის მოდელ ”შევროლე ვოლტის” მასობრივ წარმოებას ”ჯენერალ მოტორსი” მერმისვე შეუდგება.
”ტოიოტა” თავისი პლაგ-ინ ჰიბრიდის ბაზისად პოპულარულ ჰიბრიდულ ავტომობილ ”პრიუსს” გამოიყენებს. პირველი საცდელი ეგზემპლარების გაყიდვა რამდენიმე დღეში დაიწყება და მათ ავტოგამქირავებელ კომპანიებს მიჰყიდიან. სააგენტო ნიკეის ინფორმაციით, თითოეული ასეთი ”პრიუსი” სრულად დამუხტული აკუმულატორებით, მარტო ელექტროძრავით დაახლოებით 30 კილომეტრის გავლას შესძლებს. თითოეულის ფასი კი 47 800 დოლარის ექვივალენტი იენი იქნება.
ჯერჯერობით, იაპონური კომპანია თავისი პლაგ-ინ ”პრიუსის” შესახებ ინფორმაციის გავრცელებისგან თავს იკავებს. თუმცა მისივე ცნობით, პირველი 500 ცალი ასეთი ავტომობილის მასობრივი (საზოგადოების მონაწილეობით) ტესტირება ამ წლის ბოლოს დაიწყება. აქედან 200 ავტომობილი იაპონიაში დარჩება, 150-150 ცალს კი აშშ-ის და ევროპის გზას გაუყენებენ. სატესტო ავტომობილებს ლიზინგით სახელმწიფო სტრუქტურებსა და კომერციულ ფირმებს გადასცემენ.
No comments:
Post a Comment