Tuesday, September 13, 2011

F-125! კონცეპტი - ”მერსედესის” წყალბადის ბომბი (ვიდეო)

არ შეშინდეთ, სამქიმიანები ბირთვულ ომს არ იწყებენ. მათი მიზანი გაცილებით ადამიანურია - ისინი ეკოლოგიაზე ზრუნავენ და ენერგიის ეფექტური ალტერნატიული წყაროს ძიებაში, სწორედ წყალბადს მიადგნენ, ნივთიერებას, რომელსაც ფეთქებადსაშიშობის გამო, ბევრი არ ენდობა. თუმცა შტუტგარტელები ამან ვერ შეაშინა და მათ ავტოინდუსტრიას მორიგი შედევრი მოუმზადეს.
თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ F-125! ფრანკფურტული გამოფენის ერთ-ერთი გამორჩეული ვარსკვლავია. ავტომობილის სახელში რიცხვი კომპანიის ასაკის მაჩვენებელია - ”მერსედეს ბენცი” წელს სწორედ დაარსებიდან 125 წლის იუბილეს აღნიშნავს. და ამ თარიღს, ბრწყინვალე ნამუშევრით შეეგებნენ.
F-125! ლუქსის კლასის ოთხადგილიანი ავტომობილია, რომლის შასი და ტანიც, სხვადასხვა მეტალისა და კომპოზიტების ნაზავია. ენერგიის შესანახად გამოყენებულია ლითიუმ-გოგირდოვანი ელემენტების ბლოკი. პრეზენტაციაზე ითქვა, რომ მძღოლს და მგზავრებს, მულტიმედიურ სისტემასთან ურთიერთობა შეხებით, ლაპარაკით და ჟესტიკულაციით შეუძლიათ. გარდა ამისა, ავტომობილს ნაწილობრივ, ავტონომიურ რეჟიმში გადაადგილება შეუძლია. მისი სვლის სიშორე კი 1 000 კილომეტრს აღწევს.
ყურადღებას იმსახურებს ავტომობილის გარეგნობაც - შესაძლოა, ის დიზაინერთა ჩვეულებრივი, ფუტურისტული იდეების ნაზავია, რომელთაგან ზოგიერთს ალბათ სერიულ ავტომობილებზეც ვიხილავთ. განსაკუთრებულ ყურადღებას მსხვილნეკნიანი რადიატორი და ეგრეთ წოდებული თოლიას ფრთის სტილში შესრულებული ორი კარი იქცევს.
მოკლედ ამ ავტომობილის დახასიათება ცოტა უხერხულიც კია. იმედია, მომავალში მას უფრო ახლოსაც გაგაცნობთ…

F-125!-ის პრეზენტაცია (ვიდეო)


No comments:

Post a Comment