Tuesday, March 13, 2012

„ნისანი“ და „დელტა უინგი“ დამეგობრდნენ (ვიდეო)

Nissan to Run Innovative DeltaWing Experimental Racer at the 24 hours of Le Mans
13 მარტი
ამ უცნაური სარბოლი ავტომობილის შემქმნელები ერთ დროს იმედოვნებდნენ, რომ მათი შედევრი ინდიქარის ძირითადი სადოღე ცხენი გახდებოდა. მაგრამ ინდიქარის ტენდერის ჟიურიმ თამამი გადაწყვეტილების მიღება ვერ გაბედა. ამის მიუხედავად, პროექტის ავტორ ბენ ბოულბის, ლეგენდარულ ამერიკელ მრბოლსა და სარბოლ გუნდ „ოლ-ამერიკენ რეისერზის“ მფლობელ დენ გარნის და კომპანია „პეინოსის“ მფლობელ დონ პეინოსს ყურები არ ჩამოუყრიათ და მუშაობა გააგრძელეს, რაც მალე დაუფასდათ კიდეც: ჯერ მათმა სარბოლმა ავტომობილმა ლე მანის 24-საათიან რბოლაში მონაწილეობის საშვი მიიღო. ახლახანს კი ცნობილი გახდა, რომ მანქანა „ნისანის“ სახელით იასპარეზებს.
იაპონური კომპანია „დელტა უინგის“ მთავარი პარტნიორი გახდა. სარბოლი მანქანა სწორედ „ნისანის“ წარმოების ძრავით აღიჭურვება. ესაა 1.6-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ტურბოძრავი, რომელსაც საწვავის უშუალოდ წვის კამერაში შეფრქვევის სისტემა ემსახურება. ამ ძრავის სავარაუდო მაქსიმალური სიმძლავრე 300 ცხენის ძალა იქნება. „ნისანი“ და „დელტა უინგი“ ირწმუნებიან, რომ ეს საკმარისი სიმძლავრეა იმისათვის, რომ ავტომობილმა LMP1 და LMP2 კლასების მანქანების დონის სიჩქარე განავითაროს. არადა, ამ კლასის მანქანებს თითქმის ორჯერ მეტი სიმძლავრე აქვს.
„დელტა უინგის“ უპირატესობა მისი სიმსუბუქე და ეფექტრური აეროდინამიკაა. ოთხცილინდრიანი ძრავი გაცილებით მსუბუქია სპორტული პროტოტიპების მრავალცილინდრიან ძრავებზე. ვიწრო ცხვირის წყალობით კი „დელტა უინგს“ ჰაერისგან მნიშვნელოვნად ცოტა წინააღმდეგობა ხვდება.
„ნისანის“ განმარტებით, ამ უჩვეულო ავტომობილით, ის უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებას და მოტორ სპორტის განვითარების ერთ-ერთი პოტენციური მიმართულების ჩვენებას აპირებს. რაც მთავარია, იაპონური კომპანიისთვის, „დელტა უინგი“ ერთგვარი ლაბორატორიის მოვალეობას შეასრულებს, რომელზც მომავალ ტექნოლოგიებს გამოცდიან.
„დელტა უინგისთვის“ საბურავებს ფრანგული კომპანია „მიშლენი“ (მისი ამერიკული შტო) მოამზადებს. „ნისანთან“ ერთად, ის პროექტის მთავარი პარტნიორი გახდა. მართალია, „დელტა უინგის“ მანქანა ლე მანის რბოლაში იასპარეზებს, მაგრამ კლასიფიკაციის გარეშე დარჩება და შესაბამისად, მანქანას ნულოვანი ნომერი ექნება. ამასთან, ტრასაზე გუნდს 56-ე ბოქსი გამოეყოფა. რაც შეეხება პილოტებს, ამ უცნაური მანქანის მართვის პატივი ბრიტანელ მარინო ფრანკიტის (ინდიქარის სესიის სამგზის ჩემპიონის და ინდი 500-ის სამგზის გამარჯვებულის, დარიო ფრანკიტის უმცროსი ძმა) და GT1 კლასში მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს (ნისანის მანქანით), გერმანელ მიხაელ კრუმს ხვდათ.


ვიდეო



No comments:

Post a Comment