New VW Polo Blue GT with Cylinder Deactivation System is Fast and Frugal
13 მარტი
„ფოლკსვაგენი“ მეტსახელ „ბლიუს“ იმ მოდიფიკაციებისთვის იყენებს, რომლებიც ეკონომიურობით გამოირჩევა. ახლახანს კი ჟენევაში ჰეჩბეკ „პოლოს“ მოდიფიკაცია „ბლიუ GT“ წარადგინა, რომელიც საწვავსაც ცოტას მოიხმარს და სოლიდური სიმძლავრეც აქვს.
ეს ავტომობილი 1.2 TSI და GTI ვერსიებს შორის დგას და მათს სუკეთესო თვისებებს აერთიანებს. „პოლო ბლიუ GT“ აღჭურვილია ბენზინის 1.4-ლიტრიანი TFSI ძრავით, რომლის მაქსიმალური სიმძლავრეც 140 ცხენის ძალას აღწევს. ეს კი საკმარისია იმისათვის, რომ ავტომობილმა ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარე 7.9 წამში აკრიფოს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 210 კმ/სთ-ია. ამასთან, მისი საწვავის საშუალო ხარჯი 100 კმ-ზე 4.7 ლიტრია და თუ ძრავთან 7-საფეხურიანი DSG ტრანსმისიაა შეწყვილებული, ხარჯი 4.5 ლიტრამდე ჩამოდის.
ეს 1.4-ლიტრიანი ტურბოძრავი, აგრეგატების ახალ, EA211 ოჯახს ეკუთვნის. ამ ოჯახის ძრავებს, სამაგრების ზუსტად ისეთი განლაგება აქვს, როგორიც EA288 სერიის დიზელის აგრეგატებს. „ფოლკსვაგენის“ განცხადებით, ძრავების ორივე ოჯახი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს გერმანული კომპანიის ახალი, მოდულური პლატფორმის (MQB) ფორმირებაში.
არაჰიბრიდული ძრავისთვის ასეთი შესაშური ეკონომიურობა, ცილინდრების დეაქტივაციის ტექნოლოგიამ (ACT) განაპირობა, რომელიც „ფოლკსვაგენს“ ახალი შემუშავებული აქვს. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ასეთი ტიპის სისტემა ოთხცილინდრიან ძრავზე მუშაობს. თავად „ფოლკსვაგენიც“, მსგავს სისტემებს ადრე 8, 10 და 12-ცილინდრიან ძრავებზე იყენებდა.
სისტემა ACT „ფოლკსვაგენმა“ პირველად სწორედ „პოლო ბლიუ GT-ზე“ გამოიყენა. როცა ძრავი ნაწილობრივ, ან მინიმალურადაა დატვირთული, სისტემა მეორე და მესამე ცილინდრებს თიშავს. როგორც კი მძღოლი აქსელერატორს ფეხს დააჭერს, ორივე ცილინდრი ისევ ირთვება და ძრავი ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობას გააგრძელებს. ამასთან, სისტემის რეაგირების დრო სულ რაღაც 13-36 მილიწამს შეადგენს.
სისტემის მუშაობის დიაპაზონია 1250-4000 ბრ/წთ-ს შორის, ასევე 25-დან 100-მდე ნიუტონმეტრს შორის. „ფოლკსვაგენის“ ინფორმაციით, ევროპაში მოძრავი ავტომობილების უმეტესობა ძირითადად სწორედ ამ დიაპაზონში მუშაობს.
No comments:
Post a Comment