Friday, May 25, 2012

„ბეემვე Z4 ძაგატო კუპე“ ვილა დ’ესტეს წინ გაგვეცნო (ვიდეო)


BMW Z4 Zagato Coupe Unveiled Ahead of Concorso d’Eleganza Villa d’Este, Should it be Built?
25 მაისი
როგორც წესი, „ბეემვე“ თავისი Z სერიის როდსტერების კუპე ვერსიებსაც აწარმოებს ხოლმე. თუმცა მეორე თაობის Z4-ზე რომ რბილი მოსახსნელი სახურავი მყარით შეიცვალა, ბევრმა იფიქრა, რომ ბავარიელები კუპეს ვერსიაზე უარს იტყოდნენ. მაგრამ როგორც ჩანს, ასე არ ხდება. ყოველ შემთხვევაში, „ბეემვემ“ იტალიურ ატელიე „ძაგატოსთან“ ერთად, კონცეპტუალური Z4 კუპე შეიმუშავა, რომელსაც საზოგადოებას პირველად ვილა დ’ესტეს ელეგანტურობის კონკურსზე წარადგენს.
იტალიური დიზაინ ატელიეს ხედვით, კონცეპტუალურ კუპე Z4-ში „ძაგატოსთვის“ დამახასიათებელი ელემენტები გამოჩნდა. მაგალითად, ორკოპიანი სახურავი და მძლავრი უკანა საყრდენები, რომელიც ფაქტობრივად, უკანა ბორბლების თაღებთანაა შეზრდილი. თუმცა, რეალურად ამ ავტომობილს ყველაფერი ახალი, „ძაგატოსი“ აქვს. ყველაზე ორიგინალურად ეს რადიატორის „თირკმელებზე“ გამოჩნდა, რომელთა ბადეც უამრავი პატარა Z-ისგანაა შეკერილი. კაპოტი უფრო დაგრძელდა, მის ორივე უკანა კუთხესთან კი ჰაერის გამოსაშვები „ლაყუჩები“ მოთავსდა. უკანა ფრთები კი კარგად ნავარჯიშები ბოდიბილდერის მხრებს დაემსგავსა.
„ჩემთვის „ბეემვე Z4 ძაგატო კუპე“ განსაკუთრებული ჯადოს მატარებელია. ის გარკვეულ სპონტანურობას ასხივებს, რომელიც „ძაგატოსთვის“ დამახასიათებელი არასტანდარტულ გადაწყვეტებთან ერთად, ავტომობილს ინდივიდუალობასა და ელეგანტურობას ანიჭებს“, - ამბობს „ძაგატოს“ მთავარი დიზაინერი ნორიჰიკო ჰარადა.
აპირებს თუ არა გერმანული კომპანია ამ სპორტული ავტომობილის კონვეიერზე დაყენებას? ძნელი სათქმელია. ყოველ შემთხვევაში, საპრეზენტაციო განცხადებაში ამაზე არაფერია ნათქვამი. თანაც, ავტომობილი კონცეპტუალურად არ მოიხსენიება. ანუ, ბავარიელები ამით მიგვანიშნებენ, რომ ის უნდა მივიღოთ, როგორც უბრალოდ, „ძაგატოს“ ნამუშევარი. იმავდროულად, „Z4 ძაგატო კუპე“ არ არის სტატიკური მოდელი. ის სრულად ფუნქციური ავტომობილია, რომელსაც საგზაო გამოყენების ლიცენზია აქვს და მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ნებისმიერი ბაზრის სტანდარტებს აკმაყოფილებს. დაბოლოს, ავტომობილს მაღალ სიჩქარეზე სრულფასოვანი ტესტების სერია აქვს გავლილი. მოკლედ, ფაქტობრივად ის სერიული ავტომობილია.
მაგრამ აქ საქმეში დოქტორი ანდრეა ძაგატო ერთვება თავისი განმარტებით: „როგორც წესი, „ძაგატო“ ყოველთვის საექსპლუატაციოდ ვარგის ავტომობილებს ამზადებს, რომლითაც შეგიძლია, როგორც საერთო სარგებლობის გზებზე გადაადგილება, ასევე სარბოლ ტრეკზე გასვლა. და ამსიათვის მას დამატებით აღარაფერი ესაჭიროება. და „ბეემვე Z4 ძაგატო კუპეც“ ზუსტად შეესაბამება ამ დახასიათებას. გაცილებით ადვილია, შექმნა კონცეპტუალური ავტომობილი, რომელიც გზებზე სარგებლობისთვის არაა განკუთვნილი. როდესაც უსაფრთხოების მოთხოვნების დაკმაყოფილება არ გიწევს, დიზაინის შემუშავებისას უამრავი შესაძლებლობა გიჩნდება. გამოწვევა მაშინ ჩნდება, როდესაც საგზაო გამოყენებისთვის ვარგისი ავტომობილის დიზაინზე მუშაობ და ცდილობ, მას მაქსიმალური ემოციურობა და მიმზიდველობა შთაბერო. და ჩვენ ვფიქრობთ, რომ „Z4 ძაგატო კუპეს“ შექმნით, ამ გამოწვევას თავი გავართვით“.
არაა გამორიცხული, ამ ელეგანტური ავტომობილის მომავალზე, ვილა დ’ესტეს კონკურსზე უფრო მეტი ინფორმაცია გაჟღერდეს...


ვიდეო



1 comment: