Tuesday, August 21, 2012

„მაკლარენის“ ტელემეტრია სამკურნალოდ


How F1 wizardry that helps Jenson Button go faster is saving children in intensive care
21 აგვისტო
ზაფხულის არდადეგების დროს, „მაკლარენმა“ თავისი სარბოლო ტელემეტრიული სისტემა, სამედიცინო დანიშნულებით გამოიყენა. ფ1-ის გუნდმა ექსპერიმენტისთვის ბირმინგემის საბავშვო ჰოსპიტალი აირჩია. გაზეთ „დეილი მეილის“ პუბლიკაცია გვამცნობს, რომ ექიმებმა და სარბოლო ინჟინრებმა, სისტემა, რომელიც რბოლის დროს მანქანის მდგომარეობას აკონტროლებს, პაციენტის მდგომარეობის საკონტროლოდ მომართეს.

„მაკლარენის“ სპეციალისტებმა აპარატურა იმგვარად გადააკეთეს, რომ მას მუდმივი კონტროლის ქვეშ აეყვანა პატარა პაციენტების ტემპერატურა, გულისცემა, სისხლში ჟანგბადის შემცველობა და სხვა მონაცემები. ამისათვის მათ გამოიყენეს სენსორული გადამწოდები, რომლებიც პაციენტებს შესაბამის ადგილებში დაუმაგრეს.
ფორმულა ერთის კომპიუტერული მოწყობილობების დახმარებით, ექიმებს საშუალება ჰქონდათ, პაციენტის მდგომარეობის შემოწმების სრული პროცედურა წუთში 125-ჯერ შეემოწმებინათ. „მაკლარენის“ აპარატურის გარეშე, მათ ამის საშუალება საათში მხოლოდ ერთხელ ჰქონდათ.
„პაციენტის მდგომარეობაზე დაკვირვებისთვის ფორმულა ერთის ტექნოლოგიების გამოყენება, წინ გადადგმული დიდი ნაბიჯია. ასეთი დანადგარებით, პაციენტის გამოჯანმრთელების გაცილებით მეტი შანსი არსებობს. ამას ის ფაქტი განაპირობებს, რომ ექიმს პაციენტის მდგომარეობაზე უწყვეტად თვალყურის დევნების საშუალება აქვს“, - განაცხადა ჰოსპიტალის ინტენსიური თერაპიის განყოფილების ექიმმა ჰიზერ დანკანმა.
ჰოსპიტალთან ეთჯერადი თანამშრომლობით კმაყოფილნი დარჩნენ „მაკლარენის“ ინჟინრებიც. „მაკლარენ ელექტრონიკსის“ შეფმა პიტერ ვან მენენმა ისიც კი განაცხადა, რომ კარგი იქნება, თუ მსგავსი აპარატურით, მთელი ბრიტანეთის საავადმყოფოები აღიჭურვება.
აღსანიშნავია, რომ „მაკლარენმა“ ექსპერიმენტის დროს საკუთარი კომპიუტერული ტექნიკა უფასოდ გამოიყენა. იმისათვის, რომ ჰოსპიტალს, საჭირო პროგრამული უზრუნველყოფით აღჭურვილი საკუთარი ტელემეტრიული ცენტრი ჰქონდეს, რამდენიმე მილიონი გირვანქა სტერლინგია საჭირო.
შეგახსენებთ, რომ ფ1-ში და მთლიანად ავტოსპორტში, ტელემეტრიას სარბოლი ავტომობილის მდგომარეობის თვალყურის დევნებისთვის და არცთუ იშვიათად, სამართავადაც კი იყენებენ. რბოლის დროს, კომპიუტერული ცენტრი საშუალოდ 750 მილიონ შეტყობინებას ღებულობს და გადაამუშავებს. ამ ინფორმაციის დახმარებით, ძრავის, ტრანსმისიის, საკიდარის, მუხრუჭების, საბურავების, საწვავის აპარატურის და სხვა მოწყობილობათა მდგომარეობის და მუშაობის რეჟიმების კონტროლი და მართვაა შესაძლებელი.ტელემეტრიავე აკონტროლებს პილოტის მდგომარეობას...


ასევე წაიკითხეთ:

ერთი-ერთზე ლე მანთან

No comments:

Post a Comment