Thursday, September 13, 2012

„ბეემვე ექტივ ტურერ კონცეპტი“ – „1-ლი სერიის გრან ტურიზმოს“ წინამორბედი (ვიდეო)

New BMW Active Tourer Concept Previews the FWD 1-Series Gran Turismo
13 სექტემბერი
პარიზის მოტორ შოუზე, „ბეემვე“ კონცეპტუალურ ავტომობილს გამოფენს, სახელად „ექტივ ტურერ“, რომელიც მომავალი სერიული ავტომობილის წინამორბედია. ეს ავტომობილი კი ბაზარზე „1-ლი სერიის გრან ტურიზმოს“ სახელით წარსდგება. ამ ავტომობილით, ბავარიელები კონკუენციას „მერსედეს-ბენცის“ უახლეს B-კლასს გაუწევენ.
მაგრამ ამ ავტომობილში მთავარი ეს კი არაა, არამედ ის, რომ ის შემდეგი თაობის „მინის“ პლატფორმაზეა (UKL1) ბაზირებული. ანუ, ბავარიული კომპანია თავის ტრადიციას არღვევს და წინაამძრავიანი ავტომობილის წარმოებას იწყებს! ხუთკარიანი ჰეჩბეკის გაბარიტებია: სიგრძე 4350 მილიმეტრი, სიგანე 1834 მილიმეტრი, სიმაღლე 1560 მილიმეტრი და ბორბლებს შორის ბაზა - 2670 მილიმეტრი. შედარებისთვის, სამქიმიანების B-კლასის ზომებია: სიგრძე 4359 მმ, სიგანე 1786 მმ, სიმაღლე 1557 მმ.
„ბეემვეს“ განცხადებით, ეს ავტომობილი მათთვისაა, ვისაც პრემიუმ სეგმენტის ავტომობილის შეძენა სურს, რომელიც შესაფერისი კომფორტით უზრუნველყოფს. ასეთ ავტომობილს შედარებით მაღლა განლაგებული სავარძლები და სალონში დიდი სივრცე აქვს. რა თქმა უნდა, ასეთი ავტომობილი მისწრებაა ისეთი მყიდველისთვის, ვისაც ოჯახთან ერთად მგზავრობა ხშირად უწევს. „ასეთი მყიდველი ყურადღებას აქცევს ინტერიერის ფუნქიურობას, უნივერსალურობას, ასევე ცხოვრების წესს და სპორტულ ალღოს“, - ნათქვამია ოფიცალურ რელიზში.
რა თქმა უნდა, „ექტივ ტურერის“ დიზაინი, „ბეემვეს“ თანამედროვე კორპორატიულ სტილშია შესრულებული, რომელიც უკვე ვნახეთ 1-ლი, მე-3 და მე-5 სერიის ავტომობილების სახით. მართალია, ეს ავტომობილი კონცეპტუალურია, მაგრამ აშკარად ჩანს, რომ ექსტერიერი კონვეიერისთვის შესაფერისად დახვეწილი და დამუშავებულია. ამიტომ, მისი სერიული ვერსია თითქმის არ შეიცვლება.
სამაგიეროდ, ხუთადგილიან ინტერიერში ბევრ რამეს შეცვლიან. მაგალითად, სავარძლებს, მაჩვენებლების დაფას და ცენტრალურ კონსოლს. შეიცვლება ინტერიერის პანელების მოყვანილობაც. მოკლედ, იქ ყველაფერი დაკარგავს ფუტურისტულ ფორმებს, რომლებსაც რეალური ფორმები შეცვლის.
კონცეპტუალურ ავტომობილს გამოარჩევს პანორამული სახურავი, თავისი უჩვეულო ბადით. ოღონდ, ამ ეტაპზე ძნელი სათქმელია, სერიულსაც ასეთი სახურავი ექნება, თუ მას შეკვეთის შემთხვევაში გაუკეთებენ. კონცეპტუალური ავტომობილის სალონში, წინა სავარძლების უკანა ნაწილში შესაძლებელია მონიტორების დაყენება. ქვემთ კი დასაკეცი პატარა მაგიდბია, დაახლოებით ისეთები, როგორებსაც თვითმფრინავების სავარძლებზე ნახავთ. ეს ელემენტებიც სერიულ ვერსიაზე არ იქნება.
კონცეპტუალური ავტომობილის კაპოტქვეშ პლაგ-ინ ჰიბრიდული ძალური დანადგარია მოთავსებული, რომლის ბენზინის უახლესი სამცილინდრიანი (ახლახანს გაგაცანით: http://autopanoramaf1.blogspot.com/2012/09/blog-post_7734.html ) ძრავი წინა ბორბლებს ატრიალებს, სინქრონული ელექტროძრავი კი უკანა ბორბლებს ემსახურება და ამასთან, ავტომობილის მარტოდ ამოძრავებაც შეუძლია.
„ბეემვეს“ ინფორმაციით, ჰიბრიდული სისტემის ჯამური სიმძლავრე 188 ცხენის ძალაა, რაც საკმარისია იმისათვის, რომ „ექტივ ტურერმა“ ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარე 8 წამზე ნაკლებში აკრიფოს. მაქსიმალური სიჩქარე კი 200 კმ/სთ-ია. რაც შეეხება ხარჯს, 100 კილომეტრის გასავლელად 2.5 ლიტრი ბენზინიც საკმარისია, გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის შემცველობა კი კილომეტრზე 60 გრამია. ხარჯის ეს მაჩვენებლები კომბინირებული რეჟიმის შემთხვევაში მიიღწევა, როდესაც ავტომობილი ელემენტების ბლოკში დაგროვილი ენერგიის წყალობით, მხოლოდ ელექტროძრავის ხარჯზე, 30 კილომეტრს გაივლის. ბუნებრივია, გამონაბოლქვის მაჩვენებელიც გასაშუალოებულია.
ძნელი სათქმელია, გამოუშვებს თუ არა „ბეემვე“ „1-ლი სერიის გრან ტურიზმოს“ ასეთი ჰიბრიდული სისტემით. სამაგიეროდ, მის ძრავების გამაში, ბენზინის და დიზელის სამცილინდრიანი 1.5-ლიტრიანი ძრავების სხვადასხვა მოდიფიკაციები აუცილებლად შევა.
ამ ავტომობილზე უფრო მეტ ინფორმაციას პარიზის მოტორ შოუზე შევიტყობთ.

ვიდეო



ასევე წაიკითხეთ

„ურუსი“ - გადაშენებული ხარის ოთხბორბლიანი კლონი


”ლაზიკა” (ვიდეო)


No comments:

Post a Comment