13 სექტემბერი
„ბეემვე“ სრულიად ახალი, სამცილინდრიანი ტურბოძრავების
წარმოებას იწყებს, რომლებიც როგორც ბენზინზე, ისე დიზელის საწვავზე მუშაობს. ძრავების
მუშა მოცულობა 1.5 ლიტრია და ის პირველად მომავალი თაობის „მინიზე“, ასევე „ბეემვეს“
წინაამძრავიან ავტომობილებსა და უკანაამძრავიან 1-ლი და მე-3 სერიის მოდელებზე გამოიყენებენ.
ბენზინის
ძრავის კოდური სახელია B38, დზელისა კი - B37. ისინი შესაბამისად, 5 და 15
პროცენტით ეკონომიურებია შესაბამისი ლიტრაჟის ოთხცილინდრიან (N20) აგრეგატებზე.
ორივე საწვავზე მომუშავე ძრავებს ალუმინის ბლოკი აქვს, მათ თითო ტურბოდამჭირხნი და
გაზგამანაწილებელი ფაზების ცვლილების სისტემა ემსახურება. ამასთან, ძრავს N20-თან
შედარებით, დგუშის უფრო გრძელი სვლა აქვს. ბენზინის აგრეგატის კუმშვის ხარისხი კი
11.0:1-ზეა.
სხვათა შორის, ეს ძრავი „ბეემვეს“ ახალი მოდულური აგრეგატის
სტრატეგიის შესაბამისადაა შექმნილი, რომელიც ყველა ძრავისთვის ერთიდაიმავე, 500
კუბურსანტიმეტრიანი ცილინდრების გამოყენებას ითვალისწინებს. გარდა ამისა, ამავე
სტრატეგიით, ბენზინის სხვადასხვა ლიტრაჟის მქონე ძრავებს მაკომპლექტებლების 60 პროცენტი
ექნებათ საერთო, დიზელის ძრავების შემთხვევაში კი ზიარი მაკომპლექტებლების რაოდენობა
40 პროცენტია.
ბავარიელთა განცხადებით, ბენზინის ძრავების თითოეული
ცილინდრი 40-74 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, რაც იმას ნიშნავს, რომ სამცილინდრიანი
ძრავის სიმძლავრე 120-დან 222 ცხენის ძალამდე იქნება. რაც შეეხება მაბრუნ მომენტს,
თითო ცილინდრზე ის 60-80 ნიუტონმეტრი იქნება, ანუ ჯამში 180-240 ნიუტონმეტრი. დიზელის
ძრავების შემთხვევაში, თითოეული ცილინდრის სიმძლავრე 27-60 ცხენის ძალის
ფარგლებშია, მაბრუნი მომენტი კი - 75-110 ნიუტონმეტრის დიაპაზონში. შესაბამისად,
სამცილინდრიანი დიზელი 80-180 ცხენის ძალას და 225-330 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს.
„ბეემვეს“ რელიზში აღნიშნულია, რომ სამცილინდრიანი
ძრავის ხმის სიხშირე, ოთხცილინდრიანისაზე 50 პროცენტით სწრაფად იზრდება, რაც სპორტული
ძრავის ასოციაციას ქმნის. სხვათა შორის, იმავე ძრავს, ზემოთ ჩამოთვლილი
ავტომობილების გარდა, ასევე ჰიბრიდულ სუპერ ავტომობილ i8-ზე
და ჰიბრიდულ სუბკომპაქტურ ჰეჩბეკ i3-ზეც გამოიყენებენ.
ასევე წაიკითხეთ
No comments:
Post a Comment