13 სექტემბერი
სიდ უოტკინსი, ფორმულა ერთის ყოფილი მთავარი ექიმი,
ან უფრო ზუსტად, FIA-ს სამედიცინო დელეგატი, ვისაც დიდი წვლილი
მიუძღვის ფორმულა ერთის და მთლიანად ავტოსპორტის უსაფრთხოების გაუმჯობესებაში, 84
წლისა გარდაიცვალა. ავტოსპორტში მას პროფესორის მეტსახელითაც ხშირად მოიხსენიებდნენ.
უოტკინსმა ორ ათეულ წელზე მეტხანს იმუშავა ფ1-ის რბოლების სამედიცინპ ჯგუფში და ამ
დროის განმავლობაში, არაერთი მრბოლის სიცოცხლე გადაარჩინა.
ის ლივერპულში დაიბადა და განათლებაც იქვე მიიღო.
თავიდან ბრენდს ჰეჩის (ბრიტანეთი) და უოტკინს გლენის (აშშ) ტრეკების ექიმად
მუშაობდა, შემდეგ კი (1978 წელს) ბენრი ეკლსტოუნმა ფ1-ის სამედიციონ დელეგატის
როლი შესთავაზა. უოტკინსმა პირველ რიგში, ტრასებზე სამედიცინო პუნქტების აღჭურვილობის
გაუმჯობესებაზე იზრუნა და იმავდროულად, პილოტების უსაფრთხოების გაუმჯობესებისთვის
კამპანია წამოიწყო, რომელშიც უმაღლესი კლასის მრბოლები - შვედი რონი პეტერსონი და კანადელი
ჟილ ვილნევი ჩართო (სამწუხაროდ, პეტერსონი იმავე წელს დაიღუპა, ვილნევი კი - ოთხი
წლის შემდეგ).
სიდ უოტკინსის დამსახურებაა, რომ ტრეკებს უმაღლეს დონეზე
აღჭურვილი სამედიცინო ავტომობილები ემსახურება. იმავდროულად, სავალდებულო გახდა საევაკუაციო
ვერტმფრენის მუდმივ მზადყოფნაში ყოლა. ყოველივეს შედეგად, არაერთი პილოტის
სიცოცხლე გადარჩა. მათ შორის არიან: ნელსონ პიკე (ბრაზილია), გერჰარდ ბერგერი
(ავსტრია), დიდიე პირონი (საფრანგეთი, მოგვიანებით, სპორტული კატერებით რბოლისას
დაიღუპა), რუბენს ბარიკელო (ბრაზილია), მიკა ჰაკინენი (ფინეთი), მარტინ დონელი
(ბრიტანეთი), კარლ ვენდლინგერი (ავსტრია) და სხვა.
უოტკინსის კარიერაში ყველაზე მძიმე დღე 1994 წლის 1
მაისი იყო, როდსაც იმოლას (იტალია) ავტოდრომზე მომხდარმა კატასტროფამ მისი
მეგობრის, ლეგენდარული აირტონ სენას სიცოცხლე შეიწირა. ერთი დღით ადრე, იმავე
ტრასაზე ავსტრიელი როლანდ რატცენბერგერი დაიღუპა. ამ ტრაგედიის შემდეგ, უოტკინსი
იყო ერთ-ერთი აქტიური ინიციატორი FIA-ს სპეციალური, მრჩეველ
ექსპერტთა კომიტეტის შექმნისა, რომელიც მოტორ სპორტის უსაფრთხოების FIA-ს
ინსტიტუტად ჩამოყალიბდა.
უოტკინსი პენსიაში 2005 წელს გავიდა, თუმცა ამის
შემდეგაც უსაფრთხოების სტანდარტების გაუმჯობესებაზე ზრუნვდა. ის FIA-ს ინსტიტუტის
პრეზიდენტი გახდა, შარშან კი ეს თანამდებობაც დატოვა და მის საპატიო პრეზიდენტად
დარჩა.
ბოლოს ის ფილმ „სენაში“ გამოჩნდა, რომელშიც
იხსენებს სენას დაღუპვის პერიპეტიებს და ამბობს, რომ რატცენბერგერის დაღუპვის შემდეგ,
დიდ ბრაზილიელს კარიერის დაუყოვნებლივ დასრულებას ურჩევდა და სანაცვლოდ, ერთად
სათევზაოდ სიარულს სთავაზბოდა.
„აქ
რაღა დაგრჩენია? სამჯერ იყავი მსოფლიო ჩემპიონი. აშკარად უსწრაფესი მრბოლი ხარ.
დაანებე რბოლებს თავი და ერთად ვიტევზაოთ ხოლმე“, - იხსენებს სენასთვის ნათქვამს
თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში...
No comments:
Post a Comment