Wednesday, October 17, 2012

„ოპელ კასკადა“ - ოთხადგილიანი საშუალო ზომის კაბრიოლეტი

New Opel Cascada is a Stylish Mid-Size Four-Seater Convertible
17 ოქტომბერი
იმაში, რომ რომ ეს ავტომობილი „ოპელმა“ პარიზის მოტორ შოუზე არ წარადგინა, გასაკვირი არაფერია - იქ რიუსელსჰაიმელების მთავარი დებიუტანტი პატარა სპორტსმენი „ადამი“ იყო. პარიზის შემდგ კი გერმანულმა კომპანიამ ინტერნეტით გაგვაცნო სრულიად ახალი ავტომობილი, სახელად „კასკადა“. ესაა საშუალო ზომის კაბრიოლეტი ოთხი სავარძლით, რომლის ევროპული პრემიერა ჟენევის მოტორ შოუზე დაიგეგმა.
„კასკადა“ მეოთხე სრულიად ახალი ავტომობილია, რომელიც „ოპელმა“ გაგვაცნო. ჯერ იყო პლაგ-ინ ჰიბრიდული „ამპერა“, შემდეგ პატარა ქროსოვერი „მოკა“, საქალაქო პატარა სპორტსმენი „ადამი“ და ახლა „კასკადა“. ეს პირველი ღია ავტომობილია მას შემდეგ, რაც გერმანულმა კომპანიამ მასზე პატარა „ასტრა ტვინ ტოპის“ წარმოება შეწყვიტა.
„ინსიგნიას“ შემდეგ, „კასკადა“ მეორე ავტომობილია, რომლითაც „ოპელი“ კომპაქტური სეგმენტის გარეთ გადის. კაბრიოლეტის სიგრძე 4697 მილიმეტრია, სიგანე კი 1840 მილიმეტრი. ამგვარად, ის არამარტო „ასტრა ტვინ ტოპზე“ მნიშვნელოვნად დიდია, არამედ „აუდი A5 კაბრიოზე“ 71 მილიმეტრით და „ბეემვეს“ მე-3 სერიის კაბრიოლეტზე 85 მილიმეტრით გრძელია.
საინტერესოა, რომ „კასკადას“ პლატფორმა, „ასტრას“ და „ინსიგნიას“ პლატფორმების ერთგვარი ნაზავია. მას „ასტრა ტვინ ტოპზე“ 71 მილიმეტრით გრძელი ბაზა და 56 და 70 მილიმეტრით განიერი წინა და უკანა კვალი აქვს. ამასთან, კომპანის ირწმუნება, რომ მართალია, სიგრძეში ძალიან გაიზარდა, მაგრამ „კასკადას“ ტანი გრეხვაზე 43 პროცენტით უფრო მედეგია და გრძივ დატვირთვებსაც 10 პროცენტით უკეთ უძლებს, ვიდრე ისევდაისევ, „ასტრა ტვინ ტოპი“.
„კასკადას“ წინა საკიდარი „ინსიგნიასგან“ აქვს მიღებული, უკანა კი მრავალბერკეტიანია. ავტომობილის ყველა ვარიაცია აღჭურვილია „ოპელის“ საფირმო, სრულიად ადაპტირებადი სისტემა „ფლექსრაიდით“, რომელიც შასის კონტროლის საშუალებას იძლევა. ბორბლების ზომები კი შეიძლება იყოს 18-20-დუიმიანი.
„ასტრა ტვინ ტოპი“ თუ რთული და ძვირი მყარი სახურავითაა აღჭურვილი, „ოპელმა“ ახალ კაბრიოლეტს რბილი სახურავი შეურჩია. ამ სახურავს სამშრიანი აგებულება აქვს, რაც უკეთეს აკუსტიკურ და თერმო იზოლაციის უნარს ანიჭებს. სახურავი ელექტრონიკით მართვადია. სისტემა მაშინ მოქმედებს, როდესაც სიჩქარე 48 კმ/სთ-მდეა. სახურავის დაყენება-დაკეცვას სულ რაღაც, 17 წამი ჰყოფნის. საკმარისია, ინტერიერში მოთავსებულ ღილაკზე თითი დააჭიროთ და სისტემა ყველაფერს თავად გააკეთებს. დაკეცილი სახურავი საბარგულში თავსდება და შესაბამისად, „კასკადას“ საბარგულის მოცულობა 280-დან 350 ლიტრამდე მერყეობს.

კაპოტქვეშ დიდი სიახლეა სრულიად ახალი, ბენზინის ოთხცილინდრიანი 1.6-ლიტრიანი SIDI ტურბო „ეკოტეკი“, რომელიც მაღალი მაბრუნი მომენტით და ეფექტრურობით გამოირჩევა. ამ ძრავის სიმძლავრე 170 ცხენის ძალა (1650-3200 ბრ/წთ დიაპაზონში), მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი 280 ნიუტონმეტრია. ამ ძრავს მხოლოდ 6-საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი მოემსახურება.
ძრავების გამაში ასევე შედის: ბენზინის 1.4-ლიტრიანი ტურბო, 138 ცხენის ძალით და 220 ნიუტინმეტრით, ასევე 2.0-ლიტრიანი ტურბო დიზელი, 163 ცხენის ძალით და 380 ნიუტონმეტრით. ორივე ძრავის შემთხვევაში, მაბრუნ მომენტს 6-საფეხურიანი მექანიკური, ან 6-საფეხურიანი ავტომატური კოლოფი გადაამუშავებს.


ჯერჯერობით „ოპელ კასკადას“ ევროპული ფასები არ გამოქვეყნებულა. სამაგიეროდ, გერმანული კომპანიის ბრიტანული ანალოგი „ვოქსოლი“ აცხადებს, რომ ღია ავტომობილის სასტარტო ფასი დაახლოებით 25 000 გირვანქა სტერლინგის (დაახლოებით 30 000 ევრო, 40 000 დოლარი) ფარგლებში იქნება. ეს კი „ბეემვეს“ კაბრიოლეტ 118i-ს ფასთან ახლოსაა.

No comments:

Post a Comment