Wednesday, November 11, 2009

”ფიატმა” ”კრაისლერის” ელექტრონული პროგრამა შეაჩერა
Fiat Terminates Chrysler's All-Electric Car Plans
11 ნოემბერისულ რაღაც ერთი წლის წინ, ”კრაისლერის” უახლესმა დივიზიონმა, სახელად ”ენვი”, წარმოადგინა პროექტი, რომელიც ამერიკული კომპანიის პოპულარული მოდელების ბაზაზე, ელექტრომობილების წარმოებას ითვალისწინებდა.
მაგრამ რამდენიმე თვეში ყველაფერი შეიცვალა - ჯერ ”კრაისლერმა” გაკოტრების რეჟიმში გადაინაცვლა, შემდეგ, ზედმეტი ვალებისგან გათავისუფლებული, მალევე დაუბრუნდა ჩვეულებრივ რეჟიმს და ”ფიატთან” ალიანსი შექმნა (უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით, რომ იტალიურ კონცერნს შეაფარა თავი), რომლის მთავარმა აღმასრულებელმა სერჯო მარკიონემაც აშშ-ის მთავრობისგან გრანტის სახით, 73 მილიონი დოლარი მიიღო იმისათვის, რომ ”კრაისლერს” ელექტრომობილების საცდელი (220 ცალი) დაემზადებინა.
მაგრამ, გავიდა კიდევ ცოტა ხანი და ტურინული ავტოგიგანტის შეფმა, ამ პროექტს წითელი შუქი აუნთო. დივიზიონი ”ენვი” დაიხურა, საცდელი ელექტრომობილების პარტიის დამზადება კი გაურკვეველი ვადით გადაიდო.
”კრაისლერის” პრესმდივანმა ნიკ კაპამ როიტერთან საუბრისას განაცხადა, რომ ”ენვის” თანამშრომლები და ინფრასტრუქტურა, ჩვეულებრივი ავტომობილბის შემუშავების პროცესში ჩაერთვება, მისი შეფი ლუ როუდსი კი ”კრაისლერისა” და ”ფიატის” ელექტრომობილების დივიზიონებს უხელმძღვანელებს.
სხვათა შორის, მარკიონე არ მალავს, რომ ამ ეტაპზე, ელექტრომობილების პერსპექტივის არ სჯერა. ის თვლის, რომ ასმისათვის, ტექნოლოგიები ჯერ საკმარისად განვითარებული არ არის. მისი აზრით, 2014 წლისთვის, ”კრაისლერის” გაყიდვების წლიური მოცულობიდან, მხოლოდ 2 პროცენტი მოვა ელექტრომობილებზე, რაც დაახლოებით 60 000 ერთეული იქნება.
საინტერესოა, თუ ”კრაისლერი” აშშ-ის მთავრობისთვის შეპირებულ 220 ცალ საცდელ ელექტრომობილს არ გამოუშვებს, დააბრუნებს თუ არა იმ 73 მილიონს, რომელიც ამ საქმისთვის მიიღო?
ახალი ”ხუთიანი” დებიუტისთვის ემზადება
BMW 5-Series
11 ნოემბერიკომპანია ”ბეემვემ” თავისი ახალი, მე-5 სერიის სედანის ფოტო და ვიდეო ტისერები გამოაქვეყნა. ამ ავტომობილის ინტერნეტ-პრეზენტაცია 23 ნოემბერს გაიმართება, პირველად კი ის საზოგადოების წინაშე დეკემბრის დასაწყისში, ლოს ანჯელესის ავტო შოუზე წარსდგება.
გავრცელებული ინფორმაციით, მე-5 სერიის სედანი ჰიბრიდული კონსტრუქციისა იქნება. ანუ, მისი მზიდი სტრუქტურის წინა ნაწილი ალუმინისგან დამზადდება, შუა და უკანა სტრუქტურები კი კვლავ ფოლადის იქნება. ავტომობილის კონსტრუქციაში ასევე უხვადაა გამოყენებული კარბონის კომპოზიტი. ამ მასალების გამოყენებით, ინჟინრებმა ავტომობილის ღერძებს შორის მისი წონის იდეალურ განაწილებას მიაღწიეს, რაც მის მანევრულობასა და მართვადობაზე დადებითად აისახა.
სიახლეა ძრავების გამაშიც. ესაა 4.4-ლიტრიანი V8, რომელსაც ორი ტურბოდამჭირხნი ემსახურება. ეს ძრავი ბავარიელებმა პირველად ქროსოვერ X6-სა და მე-5 სერიის GT-ზე გამოიყენეს. ახალი სედანის ძრავებს 6-საფეხურიანი მექანიკური და ავტომატური კოლოფები შეუწყვილდება, შეკვეთით კი, კომპანია ZF-თან თანამშრომლობით შემუშავებული 8-საფეხურიანი ავტომატის დაყენებაც იქნება შესაძლებელი.
2011 წელს ბაზარზე გამოჩნდება მე-5 სერიის სედანის ყველაზე მძლავრი (დამუხტული) ვერსია, რომლის 4.4-ლიტრიანი, ორტურბოკომპრესორიანი ძრავის სიმძლავრეც 555 ცხენის ძალა იქნება. ეს აგრეგატი ბავარიელების ქროსოვერებზე - X5 M-სა და X6 M-ზე გამოიყენება. ამ ძრავის გარდა, მე-5 სერიის ყველაზე მძლავრი ვერსია განსხვავებულ აეროდინამიკასაც მიიღებს. მისი სახურავი და საბარგულის ხუფი კარბონის კომპოზიტისგან დამზადდება. მოდერნიზაციას გაივლის ავტომობილის საჭის მექანიზმი და საკიდარი.
”რენო” მარკა ”გორდინის” აღდგენას აპირებს
Renault revives Gordini name
11 ნოემბერი”რენოს” ხელმძღვანელობა მივიწყებულ მარკა ”გორდინის” აღდგენას და თავისი ავტომობილების სპორტული ვერსიებისთვის გამოყენებას გეგმავს. ამრდი გორდინი წარსულში ცნობილი, იტალიური წარმოშობის ფრანგი მექანიკოსი იყო, ვისაც სტანდარტული ძრავების დახვეწის უნარის გამო, ”გრძნეული” შეარქვეს.
”გორდინის” სახელს მალე ”რენოს” პოპულარული სუბკომპაქტური ჰეჩბეკების - ”კლიოსა” და ”ტვინგოს” სპორტული ვერსიები მიიღებენ. ასეთი ავტომობილები ”გორდინისთვის” საფირმო, ცისფრად შეიღებება, რომლებსაც მძღოლის მხარეს, მთელ სიგრძეზე ორი წვრილი თეთრი ზოლი ექნება. რადიატორის ორივე მხარეს კი წყვილი ფარები განლაგდება.
”გორდინის” სახელით პირველად ბაზარზე ”ტვინგო გორდინი RS” გამოჩნდება, რომლის დებიუტიც 25 ნოემბერსაა დანიშნული. ავტომობილის პრეზენტაცია პარიზში, შონს ელისეზე გაიმართება. ავტომობილის გაყიდვები მერმის, გაზაფხულზე უნდა დაიწყოს, რამდენიმე თვეში კი მას ”კლიო გორდინი RS-იც” მიჰყვება.
ამედი გორდინი ”რენოში” 20 წლის განმავლობაში მუშაობდა და ამ პერიოდში, ფრანგულმა კომპანიამ მისი სახელით, თითქმის 200 000 ავტომობილი გამოუშვა. ”გორდინის” ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული მომენტი 1964 წლის კორსიკის რალი იყო, რომელზეც მოდელ ”R8 გორდინით” (სურათზე) მოასპარეზე მისმა ეკიპაჟებმა პირველი, მესამე, მეოთხე და მეხუთე ადგილები დაიკავეს.

Tuesday, November 10, 2009

”გენერლები” ჰიბრიდულ კუპე ”კადილაკ კონვერჯს” გამოუშვებენ
Cadillac Converj
10 ნოემბერი”ჯენერალ მოტორსის” ხელმძღვანელობა ისევ მიუბრუნდა ჰიბრიდულ კუპე ”კადილაკ კონვერჯის” სერიული წარმოების იდეას. თუმცა, როგორც გამოცემა ”დეტროიტ ნიუსი” იუწყება, ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არაა და აქედან გამომდინარე, ისიც უცნობია, თუ როდის გამოჩნდება აღნიშნული ავტომობილი ბაზარზე.
მიმდინარე წლის დასაწყისში, დეტროიტის ავტო შოუს დღეებში, ”ჯენერალ მოტორსმა” გამოაცხადა, რომ შოუზე წარმოდგენილი კონცეპტუალური ”კადილაკ კონვერჯი” კონვეიერზე ორ წელიწადში დადგებოდა. მაგრამ მალე, კომპანიამ პროექტი დროებით შეაჩერა, რისი მიზეზიც მძიმე ეკონომიკური კრიზისი გახდა. ”გენერლებმა” მცირე ხნით გაკოტრების რეჟიმში იმუშავეს, რის შემდეგაც ახალი ”ჯენერალ მოტორსი” ჩამოაყალიბეს და ცოტა ხანში, მივიწყებისთვის განწირული პროექტიც ”თაროდან ჩამოიღეს”.
დეტროიტში ნაჩვენები კონცეპტუალური ”კონვერჯი” ”შევროლე ვოლტის” პლატფორმაზეა აგებული, რომელსაც წამყვანი წინა ბორბლები აქვს. აგრეგატებიც ”ვოლტისგან” აქვს ნასესხები. ესაა 160-ცხენისძალიანი ელექტროძრავი, რომელიც ლითიუმ-იონურ აკუმულატორებში დაგროვილი ენერგიით საზრდოობს. მარტო ამ ენერგიის ხარჯზე, ავტომობილს დაახლოებით 65 კილომეტრის გავლა შეუძლია. როცა აკუმულატორებში დაგროვილი ენერგია ილევა, თუ საჭიროა, საქმეში დამხმარე შიდაწვის 1.4-ლიტრიანი ძრავი და მასთან დაკავშირებული გენერატორი ერთვება, რომელთა ტანდემიც ელექტროენერგიას გამოიმუშავებს და მას ერთდროულად, ელექტროძრავსაც აწვდის და აკუმულატორებსაც.
ამ ჰიბრიდული აგრეგატის მეშვეობით, ”კადილაკ კონვერჯს” მაქსიმუმ 160 კმ/სთ სიჩქარის აკრეფა შეუძლია.
დაბოლოს, ”ჯენერალ მოტორსში” მიაჩნიათ, რომ ძვირადღირებული ჰიბრიდული ტექნოლოგიის გამოყენება უფრო სარგებლიანი ”კადილაკ კონვერჯის” მსგავსი ავტომობილებისთვის იქნება, ვიდრე ”შევროლე ვოლტისთვის”, რადგან ეს უკანასკნელი დაბალი საფასო სეგმენტისთვისაა განკუთვნილი, ჰიბრიდული დანადგარის გამო კი ის უსაშველოდ ძვირდება.
”ვოლვო” წარმოებისთვის ახალ S60-ს ამზადებს
Volvo S60
10 ნოემბერიინგლისურმა ჟურნალმა ”ქარ-მა” გაავრცელა შვედურ კომპანია ”ვოლვოს” ახალი საშუალო კლასის სედან S60-ის ფოტოები, ავტომობილისა, რომელმაც კონკურენცია უნდა გაუწიოს კლასის ისეთ აღიარებულ ლიდერებს, როგორებიცაა ”ბეემვეს” მე-3 სერიის სედანი და ”აუდი A4”.
ჯერჯერობით, მოუმზადებელია ახალი S60-ის ინტერიერი და შესაბამისად, ”ქარ-მა” მხოლოდ ამ ავტომობილის ექსტერიერის ფოტოები გაავრცელა. რაც შეეხება სალონს, მის ფოტოებს ”ვოლვო” S60-ის ოფიციალურ პრემიერამდე გაავრცელებს. პრემიერა კი მერმის, ჟენევის ავტო შოუზე შედგება.
შემდეგი თაობის S60-ის ტექნიკური მონაცემების შესახებაც ჯერჯერობით ბევრი არაფერია ცნობილი. სამაგიეროდ, ”ქარ-ი” გვამცნობს, რომ ავტომობილი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა თავიდან არიდების ულტრათანამედროვე სისტემით აღიჭურვება, რომლის ფუნქციაში შედის ავტომატური (მძღოლისგან დამოუკიდებელი) დამუხრუჭება იმ შემთხვევაში, თუ სისტემის ელექტრონული ტვინი დაადგენს, რომ შეჯახება გარდაუვალია. ამასთან, ეს სისტემა სიჩქარეთა უფრო დიდ დიაპაზონში იმუშავებს, ვიდრე ის სისტემა (სიტი სეიფტი), რომელიც ქროსოვერ XC60-ზე გამოიყენება.
ახალ S60-ზე, მისთვის ჩვეული, 5 და 6-ცილინდრიანი ბენზინის და დიზელის ძრავების გარდა, ასევე გამოიყენებენ უახლეს, 4-ცილინდრიან ბენზინის ტურბო აგრეგატებს, რომელთა მუშა მოცულობა სულ რაღაც 1.6 ლიტრია. სავარაუდოდ, ამ ძრავებს შვედური კომპანია ”ფორდისგან” მიიღებს, რომელმაც ახლახანს ამ მოცულობის ”ეკო ბუსტის” სერიის ძრავები გაგვაცნო.
ახალი S60-ის გაყიდვებს ”ვოლვო” მერმის, შემოდგომაზე დაიწყებს.
”ფოლკსვაგენი” მსოფლიოს უდიდესი ავტომწარმოებელი გახდა
Volkswagen, World's Largest Carmaker?
10 ნოემბერიამ წლის დასაწყისში, მსოფლიოს უდიდესი ავტოკომპანია ”ტოიოტა” იყო, რომელმაც ეს წოდება, ”ჯენერალ მოტორსს” ორი წლის წინ ჩამოართვა. მაგრამ გლობალურმა ეკონომიკურმა კრიზისმა, ამ ორ გიგანტს შორის, პირველობისთვის გაჩაღებულ ბრძოლაში, კიდევ ორი კომპანია - ”ფოლკსვაგენი” და ”ფორდი” ჩარია.
და, როგორც ჩანს, ამ წლის ბოლოს, ლიდერი კვლავ შეიცვლება. და ამჯერად, პირველი გერმანული გიგანტი გახდება. ყოველ შემთხვევაში, ასეთი ვარაუდის საფუძველს, წლის პირველი ცხრა თვის მონაცემები იძლევა.
ინგლისურ ჟურნალ ”ავტოქარის” ინფორმაციით, რომელიც სააგენტო ”გლოუბლ ინსაითის” მონაცემებს ეყრდნობა, მიმდინარე წლის პირველ ცხრა თვეში, ”ფოლკსვაგენის” ჯგუფში შემავალმა კომპანიებმა 4.4 მილიონი ავტომობილი გაჰყიდეს. იმავე პერიოდში, ”ტოიოტას” გაყიდვებმა ”მხოლოდ” 4.0 მილიონი შეადგინა.
”ჯენერალ მოტორსს” კი შინაურმა ”ფორდმაც” გადაასწრო, რომელიც ამერიკულ ავტოკომპანიებს შორის ერთადერთი გადაურჩა გაკოტრების დამამცირებელ პროცედურას. ”ცისფერი ოვალის” ანგარიშზე ჯერჯერობით 3.7 მილიონი გაყიდული ავტომობილია, ”გენერლებმა” კი ჯერ მხოლოდ 3.6 მილიონი ავტო გაჰყიდეს.
აღსანიშნავია, რომ ”ფოლკსვაგენს” მსოფლიო ლიდერობა მიზნად აქვს დასახული. ოღონდ, ამ მიზნის შესრულება 2018 წელს იგეგმებოდა. ახლა კი, კრიზისმა ყველაფერი არია და როგორც ჩანს, ვოლფსბურგელები ამ მიზანს გაცილებით ადრე მიაღწევენ.
101-წლოვანმა ამერიკელმა ”შევროლე კამარო SS” შეიძინა
Chevrolet Camaro SS
10 ნოემბერი”შევროლე კამარო” ეგრეთ წოდებულ მასკლ ქარების (დაკუნთული მანქანების) კლასს მიეკუთვნება და ამერიკაში თითქმის ისეთივე პოპულარობით სარგებლობს, როგორითაც ”ფორდ მუსტანგი”. მისი აგრესიული ნირიდან გამომდინარე, მას მეტწილად ახალგაზრდები ყიდულობენ და ეს ტენდენცია განსაკუთრებით თვალშისაცემი მას შემდეგ გახდა, რაც კინოგაქირავებაში ფილმი ”ტრანსფორმერები” გამოჩნდა.
მაგრამ გამონაკლისებიც არსებობს და ამ ავტომობილს ხანდახან ხნიერი ადამიანებიც ყიდულობენ. ახლახანს კი უიშვიათესი გამონაკლისიც დაფიქსირდა - 400-ცხენისძალიანი ”კამარო SS” 101 წლის ამერიკელმა, ვინმე ვირჯილ კოფმანმა შეიძინა!
კოფმანმა გაოცებულ რეპორტიორებს განუცხადა, რომ ცხოვრების განმავლობაში, დაახლოებით 40 ავტომობილი გამოიცვალა და მათ შორის, ერთ-ერთი საუკეთესოდ ”კამარო SS” მიაჩნია, რომელიც, მისივე თქმით, უჩვეულოდ იოლი სამართავია.
წლოვანებით მოხუცი, გულით კი ახალგაზრდა კოფმანი უახლოეს მომავალში, თავისი ახალი ავტომობილით შორეულ მგზავრობას აპირებს...
”რენო” ”ტატა ნანოს” მეტოქეს შექმნის
Renault to build Nano fighter
10 ნოემბერი”რენოსა” და ”ნისანის” ალიანსი და მისი ინდური პარტნიორი ”ბაჯაჯ აუტო” ერთობლივად ულტრა დაბალფასიან ავტომობილს გამოუშვებენ, რომელიც დღეისათვის მსოფლიოს უიაფეს ავტომობილ ”ტატა ნანოზე” იაფი ეღირება. ავტომობილის წარმოების დაწყება 2012 წელს დაიწყება.
”რენოსა” და ”ნისანის” მთავარმა აღმასრულებელმა კარლოს გონმა გამოაცხადა, რომ ინდურ კომპანიასთან შეთანხმება უკვე მიღწეულია. ამ გეგმის მიხედვით, ულტრა დაბალფასიანი დიზაინს (შემოკლებით ULC) ”ბაჯაჯ ავტო” შეიმუშავებს. ამავე კომპანიის ქარხანა იკისრებს მის წარმოებას. რაც შეეხებათ ფრანგულ და იაპონურ კომპანიებს, ისინი ტავის თავზე ავტომობილის ბაზარზე დამკვიდრებასა და მთელს მსოფლიოში გავრცელებაზე იზრუნებენ.
გონის თქმით, ULC-ის თვითღირებულება, ინდოეთში წარმოებული ნებისმიერი ავტომობილის შესაბამის მაჩვენებელზე დაბალი იქნება. ოღონდ, რა თქმა უნდა, თვითღირებულებასა და ფასს შორის განსხვავება იქნება. ამ ავტომობილის ძირითადი ბაზარი იონდოეთი იქნება. ასევე შესაძლებელია საზღვარგარეთ მისი გატანაც.
ცნობისათვის, დღეისათვის მსოფლიოში ყველაზე იაფფასიანი ავტომობილი ”ტატა ნანოა”, რომლის წარმოებაც ინდურმა კომპანია ”ტატამ” წელს დაიწყო და რომელსაც 2 000 დოლარად ჰყიდის.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი საფასო სეგმენტის შესაბამისი ავტომობილების წარმოებას სხვა დიდი კომპანიებიც გეგმავენ. მაგალითად, ასეთი ავტომობილის წარმოებას ”ჯენერალ მოტორსი” ინდოეთში მერმის, წლის მიწურულს დაიწყებს, ერთი წლის შემდეგ კი ანალოგიური კლასის ავტომობილს თავის მყიდველს ”ტოიოტაც” შესთავაზებს.
კომპაქტური ავტომობილის წარმოებას ინდოეთში მერმის ”ფორდიც” გეგმავს, მაგრამ ამერიკული კომპანიის განცხადებით, მისი კომპაქტი, ფასით ”ნანოს” კონკურენტი არ იქნება.
ინდოეთი მთელს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ავტო ბაზარია, სადაც შარშან 1.5 მილიონი ავტომობილი გაიყიდა, წელს კი ეს მაჩვენებელი ნახევარი მილიონით გაიზრდება.
”რენოსა” და ”ნისანის” ალიანსი თავის ინდურ ქარხანას სამხრეთ ინდოეთში მდებარე ქალაქ ჩენაიში აშენებს, რომლის საწარმოო სიმძლავრე წლიურად 400 000 ავტომობილი იქნება. თუმცა, გონის თქმით, დრო იქნება საჭირო, სანამ ეს ქარხანა სრულად დაიტვირთება.
შარშან, სამ კომპანიას შორის გაფორმებული შეთანხმების მიხედვით, პროექტის 50 პროცენტი ”ბაჯაჯ ავტოს” ეკუთვნის, ”რენო” და ”ნისანი” კი 25-25 პროცენტს დაინაწილებენ. თუმცა არაა გამორიცხული, რომ კონტრაქტის პირობები შეიცვალოს.
აღსანიშნავია, რომ ”რენოს” ინდოეთში სხვა ბიზნესიც აქვს. კერძოდ, ფრანგული კომპანია, ინდურ ”მაჰინდრა ნდ მაჰინდრასთან” ერთად, თავის პოპულარულ მოდელ ”ლოგანს” აწარმოებს. მაგრამ მის რეალიზაციასთან დაკავშირებით, პრობლემები შეექმნა - ”ლოგანის” სიგრძე 4 მეტრზე მეტია, რის გამოც, ინდური საგადასახადო კანონების შესაბამისად, ის მასზე კომპაქტურ ავტომობილებთან შედარებით, მეტად იბეგრება. შესაბამისად, ავტომობილი მის კონკურენტებზე ძვირი ღირს და იმ მოლოდინს ვერ ამართლებს, რომელიც მის მწარმოებლებს გააჩნდათ. ამის შედეგი კი ისაა, რომ ”ლოგანის” პროექტზე კომპანიებმა უკვე დაახლოებით 105 მილიონი დოლარი იზარალეს.
”სიტროენი” მერმის ელექტრომობილის წარმოებას დაიწყებს
Citroen will launch C-Zero electric car next year
10 ნოემბერი”სიტროენმა” გამოაცხადა, რომ მომავალი წლის მიწურულიდან, საქალაქო მინი ელექტრომობილ C-ზეროს წარმოებას დაიწყებს. ეს ავტომობილი იქნება ფრანგული კომპანიის მონათესავე ”პეჟოს” ეკექტრომობილ iონ-ის ანალოგი, რომელიც ”ფრანგულმა ლომმა” იაპონური ”მიცუბიშის” i-მიევ-ის ბაზაზე შექმნა და ფრანკფურტის წლევანდელ ავტო გამოფენაზე წარადგინა.
C-ზერო ოთხადგილიანი ავტომობილია, რომელიც მოძრაობაში 47-კილოვატიან (64-ცხენისძალიან) ელექტროძრავს მოჰყავს. ავტომობილის ცენტრალურ ნაწილში, იქ სადაც ჩვეულებრივ შიდაწვისძრავიან ავტომობილებს ეგრეთ წოდებული კარდანის გვირაბი აქვთ, განლაგებულია 88 ცალი ლითიუმ-იონური ელემენტისგან შემდგარი ბლოკი, რომელიც ელექტროძრავს 330-ვოლტიანი ძაბვით ამარაგებს.
ელემენტები ენერგიას საყოფაცხოვრებო ქსელიდან ივსებენ. მათი სრული დამუხტვისთვის, 6 საათია საჭირო, მისი 80 პროცენტით შევსება კი ნახევარ საათშიც ესწრება.
”სიტროენის” განცხადებით, C-ზერო ისევე მუშაობს, როგორც ჩვეულებრივი ავტომობილი - მას ავტომატური გადაცემათა კოლოფი აქვს. საწვავის დონის მაჩვენებელი კი მასში აკუმულატორების განმუხტვის დონის მაჩვენებლითაა შეცვლილი.
ავტომობილის სიგრძე სულ რაღაც 3.480 მეტრია, მისი მოხვევის რადიუსი კი 9 მეტრს შეადგენს, რაც ქალაქის გადატვირთულ ქუჩებში მანევრირებისას მეტად მნიშვნელოვანი მაჩვენებელია.
დაბოლოს, C-ზეროს საბარგულის მოცულობა სულ რაღაც 166 ლიტრს შეადგენს, მისი მაქსიმალური სიჩქარე 130 კმ/სთ-ია, სვლის სიშორე კი - 130 კილომეტრი.

Monday, November 9, 2009

”ნისანი” ”ტატა ნანოს” მეტოქეს შექმნის
Nissan Working on Tata Nano Rival
9 ნოემბერიტატა ნანო
....................................
ინტერნეტით გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ”ნისანი” სრულიად ახალ ავტომობილს ამზადებს, რომლითაც დრეისათვის მსოფლიოში ყველაზე იაფფასიან ავტომობილს, ”ტატა ნანოს” გაუწევს კონკურენციას.
ამავე ინფორმაციით, ”ნისანი” თავის ეგრეთ წოდებუ პლატფორმა V-ზე ამზადებს ახალ ავტომობილს, რომლის მსოფლიო დებიუტიც სავარაუდოდ, მერმის, მარტშ გაიმართება. ოღონდ, მას ალბათ ჟენევის ავტოგამოფენის დამთვალიერებელი ვერ იხილავს. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ეს ავტომობილი (რომელსაც ჯერ სახელიც არ აქვს) უპირველეს ყოვლისა, ისეთ ნაკლებად მომთხოვნ ბაზრებზე გაიყიდება, როგორებიცაა ტაილანდი, ინდოეთი და ჩინეთი. მოგვიანებით, ამ ავტომობილს ევროპელ და ამერიკელ მყიდველსაც შესთავაზებენ. ოღონდ, ეს 2011 წელზე ადრე არ მოხდება.
იმისათვის, რომ ავტომობილის თვითღირებულება შემცირდეს, ”ნისანი” მისი მაკომპლექტებლების 90 პროცენტს იმავე ქვეყანაში დაამზადებს, სადაც ამწყობი ქარხანა (სავარაუდოდ, ეს ინდოეთში მოხდება) იმუშავებს. ამასთან, ინჟინრებს დავალებული აქვთ, რომ მაქსიმალურად შეამცირონ ავტომობილის წონა. დაკიდევ, მნიშვნელოვნად (დაახლოებით 18 პროცენტით) შემცირდება (ნისანის სხვა კომპაქტურ ავტომობილებთან შედარებით) ავტომობილის ნაწილების რაოდენობა.
გავრცელებული ინფორმაციით, 2013 წლამდე ”ნისანი” მილიონი ასეთი ავტომობილის წარმოებას აპირებს. გაყიდვების ამ დონის მისაღწევად, იაპონური კომპანია ერთ პლატფორმაზე სხვადასხვა ძარის გამოყენებას აპირებს. თავიდან ეს ჰეჩბეკი იქნება. მას კი სედანის და მინივენისძარიანი ვერსიები მოჰყვება.
ჯერჯერობით დადგენილი არაა ახალი ავტომობილის ფასი.
”მაგნა” ”ოპელის” შეძენით დაინტერესებული არც ყოფილა
Magna-Opel
9 ნოემბერიროგორც ირკვევა, ავტომაკომპლექტებლების მწარმოებელი კანადური გიგანტი ”მაგნა ინტერნეიშნლი” არც ყოფილა დაინტერესებული გერმანული საავტომობილო კომპანია ”ოპელის” შეძენით. ”მაგნას” დირექტორთა საბჭოს თანათავმჯდომარე დონ უოკერის თქმით, ”ჯენერალ მოტორსისგან” მისი გერმანული მარკის გამოსყიდვაში მისი კომპანია მთავრობის თხოვნით ჩაერთო.
უოკერს არ დაუზუსტებია, თუ რომლი ქვეყნის მთავრობას გულისხმობდა. სამაგიეროდ, ”ფაინენშლ პოსტმა” გამოთქვა ვარაუდი, რომ ”მთხოვნელი” შესაძლოა, გერმანიის მთავრობა ყოფილიყო.
უოკერის თქმით, ახლა მისი კომპანია ისევ თავის ძირითად საქმეზე გადაიტანს აქცენტს, საქმეზე, რომელსაც ”ოპელის” შეძენის შემთხვევაში, სერიოზული პრობლემები ელოდა. ეს საქმე ავტოსათადარიგო ნაწილები და მაკომპლექტებლებია. ამასთან, უოკერი ირწმუნება, რომ ”მაგნაში” ავტომწარმოებელი კომპანიების შეძენის საკითხი აღარც განიხილება.
საყურადღებოა, რომ მას შემდეგ, რაც ”ჯენერალ მოტორსმა” ”ოპელის” გაყიდვისგან თავი შეიკავა, კანადური კომპანიის აქციების ფასმა საგრძნობლად მოიმატა. მარტო პარასკევს ზრდამ 10 პროცენტი შეადგინა. ექსპერტების შეფასებით, აქციების ფასის ზრდა იმის მაუწყებელია, რომ ”მაგნას” მიერ ”ოპელის” შეძენა რისკიან ნაბიჯად იყო მიჩნეული. რისკის მთავარი ფაქტორი კი ისევდაისევ, იმ ავტოკომპანიების სერიოზული უკმაყოფილება იყო, რომლებიც მაკომპლექტებელ ნაწილებს ”მაგნასგან” ყიდულობენ.
ასეთ კომპანიებს შორის ფიგურირებდნენ ”ფოლკსვაგენი”, ”ბეემვე” და ”ფორდი”. ვოლფსბურგული გიგანტი დაიმუქრა კიდეც, რომ თუ ”მაგნა” მაინც შეიძენდა ”ოპელს”, კანადურ კომპანიასთან არსებული კონტრაქტების პირობებს გადახედავდა.
”რენო” ორ ელექტრომობილს გამოუშვებს
Renault
9 ნოემბერიზოი Z.E
..................................
ფრანგულმა კომპანია ”რენომ” დაადასტურა, რომ უახლოეს მომავალში, ორი ელექტრომობილის წარმოების დაწყებას გეგმავს. ჟურნალ ”აუტოქარის” ინფორმაციით, ეს ორი ელექტრომობილი ფრანკფურტის წლევანდელ ავტო შოუზე ნაჩვენები კონცეპტუალური მოდელების, ”ტვიზი Z.E-სა” და ”ზოი Z.E-ს” მოტივებზე შეიქმნება. მათგან პირველის წარმოების დაწყება 2011 წელს, ვალიადოლიდში (ესპანეთი) იგეგმება, მეორე კი ბაზარზე 2012 წელს გამოჩნდება და მას საფრანგეთის ჩრდილოეთის ქალაქ მობიოჟის ქარხანა გამოუშვებს.
ელექტრომობილების წარმოებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ფრანგულ ქალაქ ალენის ქარხანა, სადაც ”რენოს” ელექტრომობილების ძირითადი დეტალები და კვანძები დამზადდება. იგივე ქარხანაში გამოუშვებენ აკუმულატორებს და იქვე მოხდება ძველი აკუმულატორების გადამუშავება.

ტვიზი Z.E
......................................
”რენოს” მარკეტოლოგები იმედოვნებენ, რომ მალე, ევროპაში გაყიდული ელექტრომობილებიდან, ორი მესამედი მოდელი ”ზოი” იქნება. ფრანკფურტში წარმოდგენილი ”ზოი Z.E” 95-ცხენისძალიანი ელექტროძრავითაა აღჭურვილი, რომელიც ლითიუმ-იონურ აკუმულატორებში დაგროვილი ენერგიით იკვებება. მატში დაგროვილი ენერგია კი საკმარისია იმისათვის, რომ ავტომობილმა შეუჩერებლად 160 კილომეტრი გაიაროს. საყოფაცხოვრებო ელექტროქსელიდან აკუმულატორების სრულად დასამუხტად კი 4-8 საათია საჭირო.
რაც შეეხება სუბკომპაქტურ ”ტვიზი Z.E-ს”, მისი ელექტრომოტორი მხოლოდ 20 ცხენის ძალას ავითარებს და მისი აკუმულატორების ტევადობა საკმარისია იმისათვის, რომ ამ პატარა ავტომობილმა შეუჩერებლად 100 კილომეტრი გაიაროს. ამასთან, კონცეპტუალური მოდელის მაქსიმალური სიჩქარე სულ რაღაც 75 კმ/სთ-ია.
”შკოდა” იაფფასიან სედანს ქმნის
Skoda to launch budget saloon
9 ნოემბერიჩეხური კომპანია ”შკოდა” 2012 წლიდან ახალი, იაფფასიანი სედანის წარმოების დაწყებას გეგმავს, რომელიც პირველ რიგში, განვითარებადი ქვეყნების ბაზრებზე გაიყიდება და იქ კონკურენციას ”რენოს” პოპულარულ სედან ”ლოგანს” გაუწევს. ამ ინფორმაციას, ”შკოდას” მთავარი აღმასრულებლის, რაინჰარდ იუნგის გამონათქვამზე დაყრდნობით, ინგლისური ჟურნალი ”აუტოქარი” ავრცელებს.
იუნგის თქმით, ახალი ავტომობილი პირველ რიგში, ჩინეთის, ინდოეთის და აზიის ქვეყნებისთვის იქნება განკუთვნილი, თუმცა ის ასევე აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპაშიც გაიყიდება. ჩეხური კომპანიის სამოდელო გამაში, იაფი სედანი ”ფაბიასა” და ”ოქტავიას” შორის ადგილს დაიკავებს.
”რენო ლოგანის” მაგალითმა აჩვენა, რომ ასეთი ავტომობილები განვითარებადი ქვეყნების ბაზრებზეც საკმაოდ პოპულარულია. არადა, ისინი მინიმალისტური მოთხოვნების შესაბამისად იქმნება. ”შკოდას” იაფი სედანის სავარაუდო ღირებულება ევროპაში 10-12 ათასი ევრი იქნება, რაც ”ლოგანის” ფასზე დაახლოებით 3-5 ათასით მეტია. თუმცა, ჩეხურ კომპანიაში იმედი აქვთ, რომ მათი ავტომობილი ბაზარზე საკუთარ ნიშას შექმნის და ამდენად, ”ლოგანისგან” მას ნაკლები კონკურენცია ელის.
აღსანიშნავია, რომ ”შკოდას” საბიუჯეტო ავტომობილის შესახებ პირველი ინფორმაცია ჯერ კიდევ ორი წლის წინ გავრცელდა, მაგრამ მაშინ ავტომობილის სავარაუდო ფასად 8 000 ევრო სახელდებოდა.
სხვათა შორის, ”შკოდას” იაფი სედანი იმ ავტომობილის ბაზაზე დამზადდება, რომელსაც ”ფოლკსვაგენი” თავის სუბკომპაქტური ჰეჩბეკ ”პოლოს” ბაზაზე ქმნის. ამ ავტომობილის წარმოებას ვოლფსბურგელები ალბათ მერმის დაიწყებენ.

Sunday, November 8, 2009

”კრაისლერი” და ”დოჯი” ევროპაში ”ლანჩას” და ”ფიატის” სახელებით გაიყიდება
Chryslers, Dodges to be Fiats, Lancias in Europe
8 ნოემბერი”ფიატმა” და მისმა ამერიკელმა პარტნიორმა ”კრაისლერმა” მოქმედების ხუთწლიანი გეგმა შეიმუშავეს, რომლის მიხედვითაც, 2011 წლიდან მოყოლებული, ევროპაში ამერიკული კომპანიის სამი ბრენდიდან, საკუთარი სახელით მხოლოდ ”ჯიპის” ავტომობილები გაიყიდება.
შესაბამისად, ძველ კონტინენტზე ”კრაისლერის” ავტომობლებს ”ლანჩას” ემბლემით თუ შეიძენთ, ”დოჯისას” კი - ”ფიატისა”. ამერიკის ბაზარზე კი პირიქით იქნება.
”ფიატისა” და ”კრაისლერის” მთავარ აღმასრულებელ სერჯო მარკიონეს გეგმა შემდეგს ითვალისწინებს:
1. ”კრაისლერის” პოპულარული მინივენი ”ვოიაჯერი” ევროპაში ”ლანჩა ფედრას” სახელით გაიყიდება;
2. შემდეგი თაობის ”კრაისლერ 300C” ევროპულ ბაზარს ”კანჩას” ფლაგმანის, სედან ”თეზისის” სახელით გაეცნობა;
3. ”კრაისლერის” შემდეგი თაობის სედანი ”სებრინგი” და საშუალო ზომის ქროსოვერიც ევროპაში ”ლანჩას” მარკას მიიღებენ;
4. ”ფიატის” შემდეგი თაობის დიდი ზომის მინივენი ”ულისე” რებრენდირებული ”დოჯ ჯურნი” გახდება;
5. ”ფიატის” ჰეჩბეკ ”ქრომას” ”დოჯის” საშუალო ზომის სედანი (სახელი ჯერ უცნობია) შეცვლის, ტურინული კონცერნის ქროსოვერ ”სედიჩის” შემდეგი თაობის ავტომობილი კი ქროსოვერ ”დოჯ ნიტროთი” შეიცვლება.
”კრაისლერისა” და ”ლანჩას” დაჯგუფების მთავარი აღმასრულებელი ოლივიე ფრანსუა ამბობს, რომ ამერიკაში, ”კრაისლერის” სამოდელო გამა ”ლანჩას” პოპულარული მოდელებით (ოღონდ, რებრენდირებულით) შეიცვლება. ”კრაისლერის” ჯგუფის საერთაშორისო გაყიდვების განყოფილებისა და მარკა ”ჯიპის” მთავარი აღმასრულებელი მაიკლ მენლი კი ამბობს, რომ ამერიკულ კომპანიაში გაერთიანებული სამი ბრენდიდან, საერთაშორისო მნიშვნელობისა მხოლოდ ”ჯიპი” იქნება.

რენო-ნისანის” ალიანსი საქართველოშიც ერთად იმუშავებს

8 ნოემბერი

”რენო/ნისანის” ახალი ცენტრის გახსნაზე, ალექსანდრე ნიკოლაიშვილი (მარცხნივ) და ტარიელ ხეჩიკაშვილი სიმბოლურ ტორტს ჭრიან (თაკო კვარაცხელიას ფოტო)

..............................................................

ფრანგული ”რენოსა” და იაპონური ”ნისანის” ალიანსი მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი საავტომობილო კონგლომერატია, რომელმაც შარშანდელი მონაცემებით, გაყიდვების მხრივ, მესამე ადგილი დაიკავა და მსოფლიო ბაზრის 9 პროცენტი მოიცვა. ალიანსს ერთი მთავარი აღმასრულებელი - კარლოს გონი მართავს, მაგრამ კარგა ხანს, საქართველოში ის ორი ცალკეული დილერით იყო წარმოდგენილი.

6 ნოემბრიდან კი, ჩვენშიც ეს ორი კომპანია ერთობლივად იმუშავებს. ისევე როგორც ”რენო”, ამიერიდან, ”ნისანიც” ”იბერია ბიზნეს ჯგუფის” ქოლგის ქვეშ გაერთიანდა. ამის შესახებ, სპეციალურად მოწვეულ პრესკონფერენციაზე, საზოგადოებას ჯგუფის პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, ”რენოს” იმპორტიორის, ”ავტო სტილის” გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბერიამ და საქართველოში ”ნისანის” წარმომადგენლობის დამფუძნებელმა ალექსანდრე ნიკოლაიშვილმა ამცნეს.

ნიშანდობლივია, რომ ”რენოსა” და ”ნისანის” ერთ შოურუმსა და სერვისცენტრში გაერთიანება იმ პერიოდს დაემთხვა, როდესაც საქართველოში საავტომობილო ბაზარი გამოცოცხლებას იწყებს. აქტიურდებიან ბანკები, რომლებთან მჭიდრო თანამშრომლობასაც ”იბერია ბიზნეს ჯგუფი” უახლოეს მომავალში უფრო ინტენსიურს გახდის. ეს კი გაყიდვების შემდგომი ზრდის საფუძველი იქნება. რაც მთავარია, ახალი ავტომობილების შეძენით დაინტერესებულ მოქალაქეებს მნიშვნელოვნად გაუადვილდებათ საკუთარი მოთხოვნილების დაკმაყოფილება.

შეგახსენებთ, რომ ”იბერია ბიზნეს ჯგუფში” გაერთიანებულია ისეთი კომპანიების წარმომადგენლობები, როგორებიცაა: ”ფოლკსვაგენი”, ”აუდი”, ”შკოდა”, ”კია”, ”მიცუბიში”, ”რენო” და ახლა უკვე ”ნისანიც”. გარდა ამისა, ჯგუფი საავტომობილო მაკომპლექტებლებისა და აქსესუარების იმპორტსაც ეწევა.

იქიდან გამომდინარე, რომ ”რენოსა” და ”ნისანის” ალიანსი აქტიურად მონაწილეობს ეკოლოგიურ პროექტებში, რომელთა შორისაც ყველაზე ფართოდ რეკლამირებული ”ბეტერ პლეისია”, ”24 საათი” დაინტერესდა, აპირებს თუ არა ”იბერია ბიზნეს ჯგუფი” ამ პროექტთან თანამშრომლობას.

ბატონი ხეჩიკაშვილის განმარტებით, ”ბეტერ პლეისი” საქმიანობის გაცილებით ფართო სპექტრს მოიცავს, ვიდრე ავტომობილების რეალიზაცია და სერვისია. პროექტი იმ ქვეყნებთან, რომლებთანაც თანამშრომლობის ხელშეკრულება აქვს გაფორმებული, ელექტრომობილების მომსახურების უმძლავრესი ინფრასტრუქტურების შექმნას და ელექტრომობილებისთვის საჭირო ენერგიის გარემოსადმი მეგობრული საშუალებებით გამომუშავებას ითვალისწინებს, რისთვისაც უზარმაზარი კაპიტალდაბანდებებია საჭირო. ამიტომ, სახელმწიფოსგან შესაბამისი მხარდაჭერის გარეშე, ამ პროექტის საქართველოში განხორციელება წარმოუდგენლად ჩანს.

სამაგიეროდ, ”იბერია ბიზნეს ჯგუფი” ქართველ ავტომოყვარულებს პირდება, რომ ჩვენს ბაზარზე შემოიტანს ”რენოსა” და ”ნისანის” იმ ელექტრომობილებს, რომელთა გამოშვებასაც ეს ორი კომპანია უახლოეს მომავალში დაიწყებს. მთავარია, საქართველომ ამ კომპანიებისგან შესაბამისი კვოტები მიიღოს - ელექტრომობილებზე მთელს მსოფლიოში მზარდი მოთხოვნილების გამო, შედარებით მცირე ბაზრებზე მათი მიწოდება თავიდან კვოტირებული იქნება.

ისე, წარმოიდგინეთ, როგორი იქნებოდა, თბილისში რომ ტაქსებად ელექტრომობილებს ემუშავათ. მაშინ სულ ცოტა, საწვავის გაძვირებაზე არავინ იწუწუნებდა...