Thursday, February 11, 2010

უფრო მძლავრი და მსუბუქი ”მუსტანგ შელბი GT500”

Shelby GT500

10 თებერვალი

”ფორდის” განყოფილება ”სპეშლ ვიჰაიქლ ტიმმა” (SVT - სპეციალური მანქანების გუნდმა) პოპულარულ მასკლ ქარ ”მუსტანგ შელბი GT500-ის” მოდიფიცირებული ვერსია მოამზადა, რომელიც საბაზო ვერსიასთან შედარებით, უფრო მსუბუქი და მძლავრია. ამასთან, მოდიფიცირებულ ავტომობილს სამუხრუჭე სისტემის უფრო ეფექტური გაგრილების სისტემა და სატერფულების ახალი კვანძიც აქვს.

SVT-ს მიერ მოდიფიცირებული ”შელბი GT500” ალუმუნის V8 ძრავითაა აღჭურვილი, რომლის მუშა მოცულობა 5.4 ლიტრია, მაქსიმალური სიმძლავრე კი 550 ცხენის ძალა, საბაზო ვერსიაზე 10 ცხენის ძალით მეტია. ახალი ძრავი თავის წინამორბედზე 46.2 კილოგრამით მსუბუქია, რისი წყალობითაც, ავტომობილის საწვავის ხარჯიც შემცირდა და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, გაიზარდა ავტომობილის ძრავის სიმძლავრისა და წონის ფარდობა.

”ფორდის” მონაცემებით, ახალი ”მუსტანგი” ქალაქში გადაადგილებისას, 100 კილომეტრზე ”მხოლოდ” 15.6 ლიტრ ბენზინს მოიხმარს, რაც საბაზო ვერსიის ხარჯზე ერთი ლიტრით ნაკლებია. ტრასაზე მოძრაობისას, ხარჯი 10.2 ლიტრამდე (საბაზო ვერსიისაზე 0.4 ლიტრით ნაკლები) მცირდება.

ძრავის გარდა, მოდიფიცირებული ”შელბი GT500-სთვის”, SVT-ს სპეციალისტებმა სპეციალური სპორტ პაკეტი, ”SVT პერფორმენსიც” შეიმუშავეს, რომელშიც შედის მსუბუქი მეტალისგან დამზადებული 19-დუიმიანი წინა და 20-დუიმიანი უკანა ბორბლები, რომლებიც ”გუდიარის” წარმოების საბურავებით (იგლ F1 სუპერქარ G) არის შემოსილი. გაიზარდა ტრანსმისიის მთავარი წყვილის გადაცემის რიცხვი, საკიდარი კი უფრო ხისტი დრეკადი ელემენტებით აღიჭურვა.

”ფორდის” განცხადებით, ამ პაკეტის მეშვეობით, მოდიფიცირებული ”შელბი GT500” 2.3-მილიან (3.68 კმ) სატესტო ტრეკს, საბაზო ვერსიაზე თითქმის 3 წამით სწრაფად გადის.

ამერიკაში მოდიფიცირებული ”შელბი GT500-ის” გაყიდვა ზაფხულამდე დაიწყება, მისი საწყისი ფასი კი 49 495 დოლარი იქნება.

800-ცხენისძალიანი ”კადილაკი” ”ჰენესისგან”

Hennessey Cadillac CTS-V

10 თებერვალი

ამერიკულმა სატუნინგო კომპანია ”ჰენესი პერფორმენს ინჯინიარინგმა” ”კადილაკის” სედანი CTS-V დაამუშავა და მყიდველს მისი სამი ახალი ვარიანტი შესთავაზა, რომლებიც ერთმანეთისგან ძრავების სიმძლავრით განსხვავდება.

სტანდარტულ ძრავ LSA V8-გან, რომლის სიმძლავრეც 550 ცხენის ძალაა, ”ჰენესის” სპეციალისტებმა სამი მოდიფიკაცია დაამზადეს. მათგან პირველის მაქსიმალური სიმძლავრე 650 ცხენის ძალაა, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი - 870 ნიუტონმეტრი (3400 ბრ/წთ-ზე).

LSA V8-ის მეორე მოდიფიკაციის სიმძლავრე 700 ცხენის ძალამდე გაიზარდა, მაბრუნი მომენტი კი - 950 ნიუტონმეტრამდე (იმავე 3400 ბრ/წთ-ზე). ძრავის ამ ვერსიით აღჭურვილი CTS-V ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფას 3.2 წამში ახერხებს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 340 კმ/სთ-ს აღწევს.

ყველაზე მძლავრი ძრავის მესამე ვერსიაა, რომლის მაქსიმალური სიმძლავრეც 800 ცხენის ძალამდე არის გაზრდილი, მაბრუნი მომენტი კი - 1060 ნიუტონმეტრამდე. ოღონდ, ამის დინამიკური მონაცემები არ გამოქვეყნებულა. ჯერჯერობით, არც სედან CTS-V-ის ამ სამი ვერსიის ფასებია ცნობილი.

Wednesday, February 10, 2010

”ვოლვო” ჟენევაში განახლებულ სედან S60-ს გვიჩვენებს

Volvo S60

10 თებერვალი

შვედურმა კომპანია ”ვოლვომ” თავისი განახლებული სედანის, S60-ის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია, ამ ავტომობილის ჟენევურ მსოფლიო პრემიერამდე ერთი თვით ადრე გამოაქვეყნა. პრეს რელიზში ნათქვამია, რომ ეს ავტომობილი თავის კლასში საუკეთესო უნდა გახდეს.

ძნელი სათქმელია, აჯობებს თუ არა განახლებული S60 თავის გერმანელ მეტოქეებს, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ”ვოლვომ” მისი წინამორბედი სულ მილიონი ცალი გაყიდა, რაც დიდი მიღწევა იყო. ჰოდა, შვედურ კომპანიაში იმედოვნებენ, რომ განახლებული სედანიც იმავე ტირჟით გაიყიდება. თუმცა, გაყიდვების დაწყებიდან პირველ წელს, სულ რაღაც 90 000 ცალი S60-ის გაყიდვა იგეგმება.

”ვოლვოს” მთავარ დიზაინერ პიტერ ჰორბერის განცხადებით, წინამორბედისგან განსხვავებით, ახალი S60 უფრო სადა სტილშია შესრულებული და რაც მთავარია, მის გარეგნობაში ”ვოლვოს” სტილი ადვილად გამოიცნობა. შვედურ კომპანიაში აცხადებენ, რომ შასისა და საკიდარის დახვეწის ხარჯზე, მათ კომპანიის ისტორიაში ყველაზე დინამიური ავტომობილი შექმნეს.

მყიდველისთვის ხელმისაწვდომი იქნება ორი კომპლექტაცია - ”კომფორტი” და ”დინამიკი”. ამათგან პირველს შედარებით რბილი საკიდარი ექნება, მეორეს კი - ხისტი. ახალი ავტომობილისთვის განკუთვნილია ბენზინის ორი (2.0 და 3.0-ლიტრიანი, შესაბამისად 203 და 304 ცხ.ძალით) და ამდენივე დიზელის (163 და 205 ცხ.ძალით) ძრავი. ცოტა ხანში მათ სიას კიდევ ოთხი ძრავი დაემატება.

ახალი S60 უსაფრთხოების უამრავი სისტემითაა აღჭურვილი, რომელთაგან ყველაზე მეტად ფეხით მოსიარულეთა დაცვის სისტემა გამოირჩევა, რომელიც საჭიროების შემთხვევაში, ავტომობილის სრულ გაჩერებას ავტომატურად უზრუნველყოფს. ოღონდ, საწყისი სიჩქარე 35 კმ/სთ-ზე მეტი არ უნდა იყოს.

ჯერჯერობით უცნობია ახალი S60-ის ფასი. ის ალბათ ავტომობილის გაყიდვამდე ცოტა ხნით ადრე გამოცხადდება, მისი გაყიდვები კი ზაფხულში დაიწყება.

შვეიცარული სპორტული ელექტრომობილი - LAMPO2

Protoscar LAMPO2 Details

10 თებერვალი

შვეიცარულ კომპანია ”პროტოსქარს” ჟენევის საავტომობილო შოუზე გამოსაფენად მომზადებული აქვს სპორტული ელექტრომობილი LAMPO2, რომელიც შარშან, ჟენევაში ნაჩვენებ კონცეპტუალურ მოდელ LAMPO-ს ლოგიკური გაგრძელებაა.

LAMPO2-ის ასაგებად, შვეიცარულმა კომპანიამ ”ჯენერალ მოტორსისეული” პლატფორმა ”კაპა” გამოიყენა, რომელსაც გენერლები სპორტული მოდელების - ”ოპელ GT-ს”, ”პონტიაკ სოლსტაისის” და ”სატურნ სკაის” წარმოებისთვის იყენებდნენ. ”პროტოსქარის” გადაწყვეტილებით, ელექტრომობილი კაბრიოლეტის ტიპის ძარით მზადდება და მას საკმაოდ უცნაური დიზაინი გამოარჩევს.

თუმცა მთავარი მისი ტექნიკური აღჭურვილობაა. ავტომობილს მამოძრავებელ ძალას ორი ელექტროძრავი ანიჭებს, რომელთა ჯამური სიმძლავრე 350 ცხენის ძალას, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი 600 ნიუტონმეტრს აღწევს. თითო ძრავი თითო ღერძს ემსახურება და გამოდის, რომ LAMPO2-ს ყველა ბორბალი წამყვანი აქვს. ძრავებს ლითიუმ იონური აკუმულატორების ბლოკი კვებავს, რომელთა ჯამური ტევადობა საათში 30 კილოვატია.

”პროტოსქარის” ელექტრომობილი ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფას 5 წამში ასწრებს, მისი მაქსიმალური სიჩქარე 200 კმ/სთ-ს აღწევს, სვლის სშორე კი 200 კილომეტრია. ამასთან, ელექტრომობილს აქვს აკუმულატორების სწრაფად დამუხტვის სისტემა, რომლითაც 10 წუთში მიღებული ენერგია საკმარისია იმისათვის, რომ ავტომობილმა 100 კილომეტრის გავლა შესძლოს.

”შევროლე კამარო” ევროპაშიც გაიყიდება

Chevrolet Camaro Comes to Europe

10 თებერვალი

”ჯენერალ მოტორსის” ყველაზე მასობრივი მარკა, ამერიკული ”შევროლე” ევროპაში ექსპანსიას იწყებს - ჟენევაში რამდენიმე ისეთ ავტომობილს გამოფენს, რომლებიც აქამდე ძველ კონტინენტზე არ იყიდებოდა. მათ შორისაა ამერიკაში საკულტო მოდელი ”შევროლე კამარო”, რომელიც ევროპელი პოტენციური მყიდველის წინაშე კუპესა და კაბრიოლეტის ძარაში გამოწყობილი წარსდგება.

”შევროლეს” ევროპული შტოს დირექტორ უეინ ბრენონის თქმით, ჟენევაში, ”კამაროს” გარდა, ამერიკული კომპანია მინივენ ”შევროლე ორლანდოს” (რომლის კონცეპტუალური ვერსია პირველად ორი წლის წინ, დეტროიტის ავტო შოუზე იყო წარმოდგენილი) და გასპორტულებულ ”ავეო RS-ს” წარადგენს. ეს უკანასკნელი, 1.4-ლიტრიანი ტურბოძრავ ”ეკოტექით” აღიჭურვება, რომელიც 138 ცხენის ძალას ავითარებს და რომელთანაც 6-საფეხურიანი კოლოფია დაკავშირებული. ”ავეო RS-ს” მყიდველს ჰეჩბეკისა და სედანის ძარით შესთავაზებენ.

ჯერჯერობით უცნობია ”შევროლე კამაროს” ევროპული ვერსიის სპეციფიკაციები. სავარაუდოდ, ის იმავე აგრეგატებით იქნება აღჭურვილი, როგორებითაც ამერიკაში იყიდება. ესაა 3.6-ლიტრიანი V6 და 6.2-ლიტრიანი V8, რომლებიც შესაბამისად, 304 და 426 ცხენის ძალას ავითარებენ.

”იაგუარი” შესაძლოა ელექტრომობილის შექმნაზე მუშაობდეს

All-Electric Jaguar XJ Developed?

10 თებერვალი

ბევრი სპეციალისტი თვლის, რომ ავტომწარმოებლებისთვის უმჯობესია, თუ ჯერ ჰიბრიდული მოდელების წარმოებას დაიწყებენ და მერე გადაერთვებიან ელექტრომობილებზე, რადგან ახალი ტექნოლოგიების ათვისება საკმაო ხარჯებთანაა დაკავშირებული და უკეთესი იქნება, თუ ეს პროცესი ეტაპობრივად განვითარდება.

მაგრამ ყველა ასე არ იქცევა და შესაძლოა, ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი ”იაგუარი” გახდეს - ინგლისურ ჟურნალ ”ავტოქარის” მიერ გავრცელებული ინფორმაცია გვამცნობს, რომ ინგლისური კომპანია შესაძლოა, ელექტრომობილის შექმნაზე მუშაობდეს და ამისათვის ბაზისად სედან XJ-ს გამოიყენებს.

”ავტოქარის” ჟურნალისტებმა დაადგინეს, რომ ელექტრომობილის შემუშავება პრაქტიკულად დასრულებულია და რომ მას უახლოეს მომავალში ვიხილავთ. იმავე წყაროს ინფორმაციით, ეს ავტომობილი მხოლოდ იმ ბაზრებისთვის იქნება განკუთვნილი, სადაც ბენზინზე და დიზელზე მომუშავე ავტომობილებს მაღალი გადასახადებით ბეგრავენ და შორს არც ის დროა, როდესაც იქ შიდაწვისძრავიან ავტომობილებს მალე ელექტრომობილები ჩაანაცვლებს. ასეთი ბაზარი კი დღეისათვის აშშ-ის, ეკოლოგიაზე ყველაზე მეტად მზრუნველი შტატი კალიფორნიაა.

”ავტოქარისვე” ინფორმაციით, ”იაგუარის” ელექტრომობილი ერთი, 145-კილოვატიანი (195-ცხენისძალიანი) ელექტროძრავით აღიჭურვება, რომელსაც ენერგიით ლითიუმ-იონური აკუმულატორების ბლოკი გამოკვებავს. იმისათვის, რომ ელექტრომობილის სვლის სიშორე გაიზარდოს, ის ასევე აღიჭურვება ინგლისური ”ლოტუსის” მიერ შემუშავებული, სამცილინდრიანი 1.2-ლიტრიანი შიდაწვის ძრავით, რომელიც მასთან დაკავშირებულ გენერატორს აამუშავებს, ეს კი გამომუშავებული ენერგიით აკუმულატორებს, ავტომობილის მოძრაობისას დამუხტავს. ამის წყალობით ელექტრომობილის სვლის სიშორე, აკუმულატორების ერთჯერადი დამუხტვით, 960 კილომეტრს მიაღწევს. ცნობისათვის, სვლის ასეთი სიშორით, ამჟამად გაყიდვაში არსებული ვერცერთი ჰიბრიდული და ელექტრული ავტომობილი ვერ დაიკვეხნის.

იმ შემთხვევაში, როდესაც საქმეში შიდაწვის ძრავი იქნება ჩართული, ”იაგუარის” ელექტრომობილს 100 კილომეტრის გასავლელად მხოლოდ 4.1 ლიტრი საწვავი დასჭირდება, რაც ლუქსის კლასის ავტომობილისთვის შესანიშნავი მაჩვენებელია. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნად შემცირდება გამონაბოლქვში CO2-ის შემცველობა (120 გრ/კმ-ზე დაბლა).ელექტრომობილის მაქსიმალური სიჩქარე კი 180 კმ/სთ-ს მიაღწევს.

”იაგუარ ლენდ როვერს” ეს ინფორმაცია ჯერჯერობით არც დაუსასტურებია და არც უარუყვია. თუმცა მოსალოდნელია, რომ ჟენევის ავტო შოუზე, ამასთან დაკავშირებით, ბევრი რამ გაირკვევა.

Tuesday, February 9, 2010

”ცენვო ST1” – ”ბუგატი ვეირონის” კიდევ ერთი მეტოქე

Zenvo ST1

7 თებერვალი

სერიულ ავტომობილებს შორის, მაქსიმალური სიჩქარის რეკორდი რატომღაც ისევ ”ბუგატი ვეირონს” ეკუთვნის. მართალია, ეს რეკორდი (407.9 კმ/სთ) რამდენჯერმე გაუმჯობესდა, მაგრამ რამდენად გასაკვირიც უნდა იყოს, მიღწევა ისევ ლეგენდარული მარკის ავტომობილს რჩება. ალბათ იმიტომ, რომ მისი მჯობნი ავტომობილები მხოლოდ ერთჯერად გაელვებას ახერხებდნენ და სხვადასხვა მიზეზთა გამო, მათი თუნდაც მცირე რაოდენობით წარმოება ვერ ხერხდებოდა.

და აი, გამოჩნდა კიდევ ერთი ავტომობილი, რომელსაც ”ვეირონისთვის” რეკორდის ჩამორთმევა შეუძლია. ამჯერად ”მეფის ჩამოგდება” დანიურ მცირე კომპანია ”ცენვოს” შეუძლია, რომელმაც ”იერიშისათვის” სპორტული სუპერ ავტომობილი ST1 მოამზადა. ეს ავტომობილი ტექნიკური მონაცემებით ”ვეირონს” სჯობს, თუმცა ყოვლისმომცველი ტესტები ჯერ არ გაუვლია, რის გამოც, მის რეკორდს ჯერ მხოლოდ პოტენციურად ”ემუქრება”.

ორი სიტყვა ”ცენვო ST1-ის” გარეგნობაზე ვთქვათ: პირველ რიგში, აღნიშვნას მისი აგრესიული დიზაინი იმსახურებს. რადიატორის უზარმაზარი ბადე, მის ორივე კიდეში მოთავსებული ორი ლაყუჩი, რომლებიც გრილი ჰაერით სამუხრუჭე სისტემას ამარაგებს და ფარების ფოსოები, რომლებიც რადიატორის მსგავსი ბადითაა დაფარული - ყველაფერი ეს ავტომობილის მტაცებლურ ხასიათზე მეტყველებს.

იგივე თემა ძარის აბსოლუტურად ყველა ნაწილშია შესამჩნევი - პროფილირებული გვერდები და მათში ჩაყოლებული ”სასუნთქები”, რომლისთვისაც ადგილი ავტომობილის უკანა საყრდენშიც კი მოიძებნა (ეს ალბათ ტურბოკომპრესორისთვის). უკან კი სურათს დასრულებულ სახეს ისევ უცნაურ ბადეში ჩასმული მრგვალი სტოპ-ფარები, იმავე ბადეში მოთავსებული გამოსაბოლქვი მილები და დიდი ზომის ფსევდო დიფუზორი აბოლოვებს. ჰო, მართლა, ”ფერარის” სტილში, კაპოტის სივრცე გამჭვირვალე შუშითაა დაფარული. ასე რომ, ამ მონსტრის შიგნეულობის დათვალიერება გარედანვე შეიძლება.

მონსტრის თემას ამ ავტომობილის აღჭურვილობაც აგრძელებს - ”ცენვო ST1” მოძრაობაში 7.0-ლიტრიან V8 კონფიგურაციის აგრეგატს მოჰყავს, რომელსაც ერთდროულად, მექანიკური დამჭირხნიც ემსახურება და ტურბოკომპრესორიც. ასეთი გადაწყვეტის მიზანი ადვილი ასახსნელია - ტურბოკომპრესორს გაზზე დაგვიანებული რეაქცია ახასიათებს და მისი ”ჩავარდნების” გამოსასწორებლად, მექანიკური დამჭირხნი მუშაობს. ამგვარად, მაბრუნი მომენტის ზრდის მრუდი სასურველ ფორმას იძენს და ავტომობილიც ყოველგვარი მოულოდნელი ჩავარდნების გარეშე ახერხებს აჩქარებას.

ძრავის მაქსიმალური სიმძლავრე წარმოუდგენელ მაჩვენებელს - 1104 ცხენის ძალას აღწევს, მისი მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი 1430 ნიუტონმეტრია. შედარებისთვის, ”ვეირონის” შესაბამისი მონაცემები ”მხოლოდ” 1001 ცხ.ძ და 1250 ნმ-ია. რა დრო დადგა, მილიარდერების საყვარელი სათამაშოს ათასცხენიანი რემა გვეცოტავება... რა თქმა უნდა, არ გვეცოტავება, მაგრამ სიმძლავრის მხრივ, ”ცენვომ” უკვე შეძლო ”ვეირონის” დაჩაგვრა.

საინტერესოა, რომ დანიური სუპერ ავტომობილის ძრავს არამარტო ბენზინზე, არამედ ბიოსაწვავზე მუშაობაც შეუძლია. თანაც ისეთზე, რომელშიც ბენზინის შემცველობა მინიმალურია. ესაა Е85, რომელიც 85 პროცენტ ეთანოლს და დანარჩენ ბენზინს შეიცავს. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა რაოდენობით საწვავი სჭირდება ამ მონსტრს 100 კილომეტრის გასავლელად.

ძრავთან შეწყვილებულია 6-საფეხურიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი, რომელიც იმ გათვლითაა შემუშავებული, რომ ძრავის მიერ გამომუშავებული უზარმაზარი მაბრუნი მომენტი ეფექტურად აითვისოს და მათი გადამუშავებისას, არ დაიშალოს. ძრავისა და კოლოფის ამ ტანდემის მეშვეობით, ”ცენვო ST1-ს” ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფა 3 წამზე ნაკლებში შეუძლია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ტემპერამენტით ის სუპერბაიკებსაც კი შეეჯიბრება.

გარეგნობიდან და მისი ტექნიკური მონაცემებიდან გამომდინარე, შეიძლება გვევარაუდა, რომ ”ცენვო ST1-ს” ინტერიერი სპარტანულად გაწყობილი უნდა იყოს. მაგრამ არა! დანიურ კომპანიაში ჩათვალეს, რომ ავტომობილის წონის შესამცირებლად, კომფორტზე უარის თქმა არ ღირს. ბოლოსდაბოლოს, ეს არც ”ბუგატიმ” გააკეთა! მათაც ავტომობილი არამარტო კონდიციონერით, არამედ მულტიმედიური სისტემითაც აღჭურვეს, რომლის მთავარი ნაწილიც ცენტრალური მონიტორია. ამ მონიტორზე შეიძლება იმ ვიდეოკამერიდან მიღებული გამოსახულების ნახვაც, რომელიც უკანა ხედვის სარკის მოვალეობას ასრულებს. ელექტრონიკით შეიძლება სპორტული სავარძლების და საჭის მექანუზმის დარეგულირება, ძრავის გაშვება კი საჭესთან არსებული ღილაკით ხდება.

სხვათა შორის, სალონში გამოყენებული ხელსაწყო მაჩვენებლები ძალიან ჰგავს ”პორშეს” შესაბამის ელემენტებს. თავად კომპანიის ემბლემა კი რაღაცით ”ლამბორგინისას” ჰგავს. თუმცა ეს წვრილმანებია, რომლებზეც ყურადღების გამახვილება არც ღირს. მთავარია, რომ ამ ავტომობილით, ”ცენვოს” თავისუფლად შეუძლია იამაყოს - ის ხომ მსოფლიოს უსწრაფეს ავტომობილთან შეძლებს გაჯიბრებას და მთავარი სწორედ ესაა. თანაც, ეს ხომ პირველი დანიური სუპერ ავტომობილია...

კომპანიის შტაბ-ბინა კოპენჰაგენის სიახლოვეს მდებარეობს. ”ცენვო აუტომოტივის” სპეციალისტებმა ST1-ზე მუშაობა ჯერ კიდევ 2004 წელს დაიწყეს და მართალია, მის დასრულებას დიდი დრო მოანდომეს, სამაგიეროდ, თავის კლიენტს სრულყოფილი ”მხეცი” მოუმზადეს, რომლის ყიდვისგან თავის შეკავებაც, ”რჩეულთა” ამა ქვეყნისათა ძალიან გაუჭირდებათ.

ჯერჯერობით, ამ ავტომობილს ყველა ტესტი გავლილი არ აქვს და ალბათ ესეცაა იმის მიზეზი, რომ მისი მაქსიმალური სიჩქარის შესახებ მონაცემები არ ქვეყნდება. რა ღირს ეს დანიური ქმნილება, ინფორმაცია ჯერჯერობით არც ამის შესახებ ვრცელდება. სამაგიეროდ, კომპანია აცხადებს, რომ მხოლოდ 15 ცალი ST1-ის დამზადებას აპირებს. თუმცა ვინ იცის, თუ მოთხოვნა იქნა, შესაძლოა, წარმოების მოცულობაც გაიზარდოს.

Monday, February 8, 2010

”ფერარის” ძველი ლეგენდა - ”250 GTO პინინფარინა კუპე”

Ferrari 250 GTO Pininfarina Coupe

7 თებერვალი

მსოფლიოში ყველაზე სასურველ და ფასეულ ავტომობილად, ”ფერარის” ლეგენდარული ქმნილება - 250 GTO ითვლება, რომლის შესახებაც, უამრავი მითი დადის. მაგალითად ის, რომელიც გვარწმუნებს, რომ ამ ავტომობილის ერთი ეგზემპლარი ახლახანს ვიღაც უცნობმა კოლექციონერმა 30 მილიონ დოლარად შეიძინა…

1962-1964 წლებში, მარანელოში სულ 36 ცალი ”ფერარი 250 GTO” დაამზადეს და როგორც საქმეში ჩახედული ხალხი ირწმუნება, ყველა მათგანი დღესაც შესანიშნავ მდგომარეობაშია. უფრო მეტიც, ყველა მათგანის ისტორია კარგადაა შემონახული. ცნობილია, როდის ვის მფლობელობაში იყვნენ ისინი, ვინ რა შეუცვალა და ასე შემდეგ.

1970-იანი წლების დასაწყისამდე, GTO მხოლოდ სარბოლად გამოიყენებოდა. მაგრამ გავიდა დრო და ახალ სარბოლ მანქანებთან შედარებით, მან კონკურენტუნარიანობა დაკარგა. სამაგიეროდ, მალე რარიტეტი გახდა და ახლა ძველი მანქანების დიდი რანდევუები მისი რომელიმე ეგზემპლარის გარეშე ძალიან იშვიათად თუ ჩაივლის. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნად გაიზარდა მისი ფასიც.

არადა, ერთ-ერთი GTO თავის დროზე ახალბედა სტუდენტს ეკუთვნოდა, მეორეს კი, ტექსასში, ავტო მექანიკოსებისთვის მანქანის აგებულების სასწავლებლად იყენებდნენ. მაგრამ დღეს ყველა GTO სათუთი მოვლის საგანია, ბევრი მათგანი კი ძველი ავტომობილების რბოლებშიც მონაწილეობს.

”ფერარიმ” 250 GTO-ს წინაპარი, მოდელი ”250 GT ევროპა” პირველად 1954 წელს გამოუშვა. ეს იყო ავტომობილი, რომლითაც შეიძლებოდა სარბოლ ტრასაზე თავისი სვლით მისულიყავით და შემდეგ, რბოლებში მიგეღოთ მონაწილეობა. მოკლედ, ნამდვილი უნივერსალი.

ავტომობილი აღჭურვილი იყო ჯაჩინო კოლომბოს მიერ შექმნილი მოკლებლოკიანი V12 ძრავის 3.0-ლიტრიანი ვერსიით. ეს ძრავი მუდმივად გადიოდა მოდერნიზებას და არაერთი წლის განმავლობაში, მისი მეშვეობით, მარანელოელთა ავტომობილებს არაერთი რბოლა მოუგიათ. გარდა ამისა, ცხენის ძალებითა და მაბრუნი მომენტით ”ფერარის” საგზაო ავტომობილებსაც (მათ შორის, ლეგენდარულ ”ტესტა როსასაც”) სწორედ ის და მისი მოდიფიკაციები ამარაგებდა.

ავტომობილის შასის მზიდი ელემენტი საკმაოდ მარტივი, მაგრამ ძალიან მყარი და ხისტი კონსტრუქციით გამოირჩეოდა. ის ფოლადის მილებისგან იყო შეკრული. წინა საკიდარი ჩანგლისებრ საწევებზე იდგა, რხევების ჩაქრობას კი თითო ზამბარა (ორივე მხარეს) და ამორტიზატორი ემსახურებოდა. უკანა საკიდარი უფრო მარტივი იყო - ბორბალსა და ჩარჩოს შორის ”შუამავალი” ფოლადის მასიური და მყარი ღერძი იყო, რხევებს კი ამჯერადაც ზამბარისა და ამორტიზატორის წყვილი აქრობდა.

საერთო ჯამში, ”250 GT ევროპა” მეტად გამძლე ავტომობილი გამოდგა და ეს თვისება მას იმაში გამოადგა, რომ ხანგრძლივ რბოლებში ბადალი არ ჰყავდა. პირველი რამდენიმე ეგზემპლარის გამოშვების შემდეგ, ამ მანქანის სახელიდან ”ევროპა” გაქრა და მარტო 250 GT დარჩა. 1956 წელს ამ მანქანამ რალი ტურ დე ფრანსი მოიგო, რის შემდეგაც, მისი გრძელბაზიანი ვერსიის სახელში ”ტურ დე ფრანსი” გამოჩნდა. მომდევნო წლებში, ავტომობილმა ეს მეტსახელი სრულად გაამართლა - ფრანგული საავტომობილო ტური კიდევ ზედიზედ რვაჯერ მოიგო!

250 GT-ს წარმოების დასაწყისში, ”ფერარი” გრძელბაზიან (2 600 მმ) შასის იყენებდა. მაგრამ ინჟინრები მალე მიხვდნენ, რომ ბაზის დამოკლების შემთხვევაში, ავტომობილი საგრძნობლად შემსუბუქდებოდა და უფრო იოლად სამართავი გახდებოდა. 1959 წელს, ამ ავტომობილის პირველი მოკლებაზიანი ვერსიები დამზადდა. ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც მოკლებაზიან შასიზე გადასვლის შემდეგ 250 GT-მ მიიღო, დისკოსებრი მუხრუჭები იყო, რომლებმაც დოლური შეცვალა. რა თქმა უნდა, ამით სამუხრუჭე სისტემის ეფექტურობა გაიზარდა.

მოკლებაზიანი 250 GT-ს სარბოლ ვერსიას ალუმინისგან დამზადებული, მსუბუქი ძარა ედგა, საგზაო ვერსიას (ლუსო) კი ისევ ფოლადის ძარა დაუტოვეს. სხვათა შორის, მარანელოში საგზაო ვერსიებს მხოლოდ იმის გამო აწარმოებდნენ, რომ FIA-ს მიერ გამოქვეყნებული რეგლამენტი შეესრულებინათ, რაც სარბოლი ავტომობილების მწარმოებლებს, ამ ავტომობილების საგზაო ვერსიების წარმოებასაც ავალებდა.

1960 და 1961 წლებში, დიდი ტურიზმის კლასში, მოკლებაზიან ”ფერარი 250 GT-ს” ბადალი არ ჰყავდა. ფრანგულ ტურზე გამარჯვებების გარდა, ამ ავტომობილმა სხვა არაერთი, მათ შორის, ლე მანის 24-საათიანი რბოლაც მოიგო.

მართალია, 250 GT რბოლებს ერთმანეთის მიყოლებით იგებდა, მაგრამ მას არაერთი პრობლემაც ჰქონდა, რის გამოც, მარანელოში მისი მოდერნიზება გადაწყვიტეს. 1962 წლის სეზონში, FIA-მ GT კლასში (დიდი ტურიზმის კლასში) მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარება გადაწყვიტა და ბუნებრივია, ”ფერარიც” ამისთვის სერიოზულად მოემზადა. მთავარი ყურადღება ამჯერად 250 GT-ს აეროდინამიკას მიაქციეს. მისი წინა მოდიფიკაციები მაღალ სიჩქარეზე შემხვედრი ჰაერის ნაკადს დიდ წინააღმდეგობას უქმნიდნენ, რაც სიჩქარის კლებას იწვევდა. ამის გამო, მათ ხშირად აგურებს ადარებდნენ.

ძარა ”პინინფარინამ” დაამზადა და თავის ახალ ვერსიას ”სუპერამერიკა” უწოდა. ძველი ძრავი კი ახალმა, მშრალკარტერიანმა შეცვალა. მიუხედავად იმისა, რომ ჰომოლოგაცია გავლილი არ ჰქონდა, ამ ექსპერიმენტულმა (სპერიმენტალე) 250 GT-მ ლე მანის 1961 წლის რბოლაში მონაწილეობა მაინც მიიღო. ის საკმაოდ სწრაფი გამოდგა, მაგრამ ფინიშს ვერ მიაღწია. ამის შემდეგ, ახალმა ვერსიამ რამდენიმე მოდიფიკაცია გაიარა და ჰომოლოგაციაც მიიღო, რაც იმას ნიშნავდა, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე დაიშვებოდა.

ზემოთ ”პინინფარინა” ვახსენეთ, თუმცა 250 GT-ს ძარის შექმნაში ”ფერარის” დიზაინერებიც მონაწილეობდნენ, მათ კი სახელოვანი ჯოტო ბიზარინი ხელმძღვანელობდა. ავტომობილის საგზაო ვერსიის ძარის საბოლოო დამუშავებაში მონაწილეობა კი ატელიე ”სკალიეტიმ” მიიღო. ასე რომ, ძარა რამდენიმე კომპანიის ერთობლივი გარჯის შედეგია.

250 GT-ს 1962 წლის ვერსია უმალ გაეხვა კონკურენტი კომპანიების და გუნდების კრიტიკის ცეცხლში. მეტოქეები თვლიდნენ, რომ ეს სრულიად ახალი ავტომობილი იყო, რის გამოც, ჰომოლოგაცია თავიდან უნდა გაევლო. ბევრი მას სახურავიან ”ტესტა როსასაც” უწოდებდა, თუმცა მარანელოელები იხტიბარს არ იტეხდნენ. მართლაც, ავტომობილმა ბევრი სიახლე ერთბაშად კი არა, თანდათან, დროთა განმავლობაში მიიღო, რაც იმას ნიშნავდა, რომ მან წინა მოდელისგან ევოლუციური გზა გაიარა. ჰომოლოგაციის მიღება კი უბრალო ფორმალობა გახდა. არადა, ახალი ავტომობილი მისი წინა ვერსიისგან მართლაც ძლიერ განსხვავდებოდა.

ახალ ავტომობილს ფურცელზე ”ფერარი 250 GT Comp/62” ერქვა, თუმცა მალე, ეს სახელი 250 GTO-თი შეიცვალა, სადაც ასო ”O” იტალიურ ”ომოლოგატოს” (ჰომოლოგირებულს) ნიშნავდა. საინტერესოა, რომ ახალი სახელით, ეს ავტომობილი პირველად ინგლისურ პრესაში მოიხსენიეს და მერე ის იტალიელებმაც აიტაცეს. სახელი GTO მალე დამკვიდრდა და იმდენად პოპულარული გახდა, რომ ”ჯენერალ მოტორსის” კომპანია ”პონტიაკმა” ის თავისი პოპულარული მასკლ ქარის სახელადაც კი გამოიყენა.

მოკლედ, 250 GTO ძალიან ძვირფასი ავტომობილია და ეს 36-ვე ეგზემპლარის მფლობელებმა კარგად იციან. მაგრამ მათი უმეტესობა ამ ძვირფასი ნივთით ისტორიული მანქანების რბოლებში ახლაც მონაწილეობს. კითხვაზე, რატომ რისკავს ამ ავტომობილით ასპარეზობას, ერთ-ერთი 250 GTO-ს მფლობელმა უპასუხა, რომ ”მისი ფასეულობის გამო, 250 GTO-ის სრულად ჩამოწერა შეუძლებელია”.

Sunday, February 7, 2010

სატერფულების გამო, ”ტოიოტას” გაყიდვები შეუმცირდება

Toyota sees sales hit from massive recalls, stands by pedal supplier

7 თებერვალი

”ტოიოტას” დიდი პრობლემები აქვს - სამ კონტინენტზე მილიონობით ავტომობილის გამოხმობა სატერფულების უხეირო კვანძის გამო უწევს, რის გამოც, ძალიან გაუჭირდება გაყიდვების არსებული ტემპის შენარჩუნება და ალბათ, ვერც გაყიდვების წლევანდელ გეგმას შეასრულებს.

”ტოიოტას” ვიცე პრეზიდენტი შინიჩი სასაკი, ვინც პროდუქციის ხარისხზეა პასუხისმგებელი, ამბობს, რომ ჯერჯერობით უცნობია, თუ რა დაუჯდება მის კომპანიას ავტომობილების არნახულად დიდი ოდენობით გახმობა. ამასთან, ის დარწმუნებულია, რომ ყოველივე გაყიდვებზე აუცილებლად უარყოფითად აისახება.

გასული წლის შემოდგომის შემდეგ, ”ტოიოტამ” დაახლოებით 7.7 მილიონი ავტომობილის გახმობაზე გააკეთა განაცხადი და ყველა შემთხვევაში მიზეზი ერთი იყო - პედლების ცუდი კონსტრუქცია, რაც ხშირად, მოულოდნელ, თვითნებურ აჩქარებას იწვევს. გახმობები ამერკაში, კანადაში, ევროპასა და ჩინეთში გაყიდულ ავტომობილებს შეეხო. საინტერესოა, რომ გახმობილი ავტომობილების რაოდენობა ოდნავ ნაკლებია იაპონური კომპანიის მიერ შარშან, მთელს მსოფლიოში გაყიდული ავტომობილების რაოდენობაზე.

სასაკი ამბობს, რომ ავტომობილების მასშტაბური გახმობის შემდეგ, ერთხელ ”ტოიოტას” გაყიდვების მოცულობა მომდევნო თვეში 20 პროცენტით შეუმცირდა. ამჯერად კი, მისივე თქმით, გახმობის გავლენა გაცილებით მნიშვნელოვანი იქნება.

ერთი თვის წინ, ”ტოიოტამ” გამოაცხადა, რომ წელს გაყიდვების 6-პროცენტიან ზრდას მოელის, რაც იმას ნიშნავს, რომ 8.27 მილიონი ავტომობილის (ამ რიცხვში შედის სატვირთოების და კომპანია ”დაიჰაცუს” გაყიდვები, რომელიც ”ტოიოტას” ეკუთვნის) გაყიდვა იგეგმება. მაგრამ ახლა, ამ მიზნის მიღწევა შეუძლებლად ჩანს.

სასაკი უარყოფს კრიტიკას იმის შესახებ, რომ მასშტაბური გაწვევა ხარისხის ცუდი კონტროლის შედეგია, ეს კი, თავის მხრივ, კომპანიის მთელ მსოფლიოში ექსპანსიამ გამოიწვია. ის ასევე იცავს ამერიკულ კომპანიას, რომელიც ”ტოიოტას” აღნიშნული პედლებით ამარაგებს. პედლების კვანძს ”ტოიოტასთვის” ამერიკული ”CTS კორპორეიშნი” აწარმოებს. სასაკი ამბობს, რომ ეს პრობლება ნაწილობრივ მისი კომპანიის ბრალია, რადგან მის შემუშავებაში სწორედ იაპონური კომპანიის სპეციალისტები მონაწილეობდნენ. იშვიათად, მაგრამ მაინც, ”ტოიოტას” აქსელერატორის სატერფულები იჭედება, რის გამოც, ძრავის შემშვები სისტემა ნაწილობრივ ღიად რჩება.

”ტოიოტამ” პირველად აშშ-ში 4.3 მილიონი ავტომობილი გაიწვია. გაწვევისას იცვლებოდა იატაკის ნოხი, რომელიც პედლის გაჭედვის მთავარ მიზეზად იქნა მიჩნეული. იმავე მიზეზით, კანადაში 200 000 ავტომობილი გაიწვიეს. იაპონურ კომპანიას არ გამოუქვეყნებია იმ ინციდენტების და მათ დროს დაშავებულთა და დაღუპულთა რაოდენობა, რაც აღნიშნულმა პრობლემამ გამოიწვია. მაგრამ აშშ-ს უსაფრთხოების კვლევისა და სტრატეგიის საკონსულტაციო კორპორაციამ გამოაცხადა, რომ პედლების გაჭედვის გამო, მარტო ამერიკაში 19 ადამიანია დაღუპული.

ამჟამად ”ტოიოტას” ამერიკაში დაწყებული აქვს კამპანია, რომლითაც განმარტავს პრობლემის არსს. ამ მიზნით, სპეციალური შეკვეთილი სტატიები იწერება ჟურნალ-გაზეთებში, იაპონური კომპანიის ამერიკული შტოს გაყიდვების განყოფილების შეფი ჯიმ ლენცი კი ენ-ბი-სიზე, სი-ენ-ენსა და სი-ენ-ბი-სიზე გამოვიდა და იმაზე ისაუბრა, თუ რას აპირებს მისი კომპანია აღნიშნული პრობლემების მოსაგვარებლად. გარდა ამისა, ”ტოიოტა” თავის 2.3 მილიონ კლიენტს ინტერნეტით წერილებს დაუგზავნის და მანქანების გაწვევის თაობაზე ინდივიდუალურად შეატყობინებს. იაპონური კომპანია აცხადებს, რომ აღნიშნულ პრობლემას 90 დღეში სრულად მოაგვარებს.

”ფოლკსვაგენი” ”ტოიოტას” ჩამოქვეითებას უმიზნებს

Volkswagen sets targets to dethrone Toyota

7 თებერვალი

იმის მიუხედავად, რომ შარშანდელი პირველი 9 თვის მონაცამებით, ”ფოლკსვაგენს” მსოფლიოში ყველაზე მეტი ავტომობილი ჰქონდა გაყიდული, საბოლოოდ, ამ მაჩვენებლით მხოლოდ მესამე ადგილს დასჯერდა. თუმცა ეს არ ცვლის გერმანული კომპანიის მიზანს, რომელიც 2018 წლისთვის მსოფლიო ლიდერობის ხელში ჩაგდებას ითვალისწინებს.

ვოლფსბურგელთა მიზანს, ახლანდელთან შედარებით, 2018 წლისთვის გაყიდვების მოცულობის 60 პროცენტით გაზრდა წარმოადგენს. უნდა გაიზარდოს მოგების მარჟაც, თუმცა რამდენით, ამას კომპანია არ აზუსტებს.

აღნიშნული გეგმა ”ფოლკსვაგენის” ხელმძღვანელობამ ჯერ კიდევ შარშან შეიმუშავა, ახლახანს კი ეს გეგმა საბოლოოდ დამტკიცდა. თუმცა, არაა გამორიცხული, რომ ვოლფსბურგულმა გიგანტმა მსოფლიო ლიდერობა უფრო ადრეც კი ჩაიგდოს ხელში და თუ ეს მოხდა, ეს უფრო ”ტოიოტას” დამსახურება იქნება, რომელსაც ერთი შეხედვით, უმნიშვნელო დეფექტების გამო, ბოლო ორი თვის განმავლობაში, მილიონობით გაყიდული ავტომობილის უფასო რემონტისთვის გახმობა უწევს. უფრო მეტიც, აღნიშნული გარემოება, იაპონური ავტოგიგანტის პროდუქციას სახელს უტეხს, რამაც შეიძლება მისი გაყიდვების შემცირება გამოიწვიოს.

ახალი გეგმით, ”ფოლკსვაგენის” გაყიდვებმა ახლო მომავალში 80 მილიონს უნდა მიაღწიოს, 2018 წლისთვის კი ეს მაჩვენებელი 10 მილიონს მიაღწევს. არადა, გერმანულმა კომპანიამ შარშან ”მხოლოდ” 6.3 მილიონი ავტომობილი გაჰყიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 1.1 პროცენტით მეტია. ამგვარად, ვოლფსბურგელები მსოფლიო ბაზრის 11.4 პროცენტს აკონტროლებენ.

შარშან ”ტოიოტას” გაყიდვები 13 პროცენტით, 7.81 მილიონ ავტომობილამდე შემცირდა. წელს კი იაპონური კომპანია 8.27 მილიონი ავტომობილის გაყიდვას გეგმავს. თუმცა ესეც მცირეა 2007 წლის მიღწევაზე, როცა მან 9.37 მილიონი ავტომობილის გაყიდვა შესძლო.

”ფოლკსვაგენი” ევროპის უდიდესი ავტომწარმოებელია, მსოფლიო ბაზარზე კი ის მხოლოდ ”ტოიოტას” და ”ჯენერალ მოტორსს” ჩამორჩება. გერმანული კომპანია საოპერაციო მოგების 5 პროცენტამდე, გადასახადის გადახდამდე მოგების წილის კი 8 პროცენტამდე გაზრდას გეგმავს. ამასთან, 5-პროცენტიან მოგებაში არაა გათვალისწინებული ”პორშეს” მონაცემები. მართალია, ამ ორმა გერმანულმა კომპანიამ შერწყმის გადაწყვეტილება შარშან მიიღო, მაგრამ ეს გარიგება ჯერ ბოლომდე განხორციელებული არაა, რის გამოც, ვოლფსბურგელებმა საკუთარ მოგებაში ”პორშეს” მოგების მონაცემები არ შეიტანეს. ცნობისათვის, ”ფოლკსვაგენის” ჯგუფის მოგებამ შარშან, წლის პირველი 9 თვის შემდეგ, მხოლოდ 1.6 პროცენტი (საშუალო ავტომობილის ღირებულებიდან) შეადგინა.

ცნობისათვის, ”ფოლკსვაგენის” მრავლეროვნულ ოჯახში, ”პორშე” მეცხრე წევრი გახდება. დღეისათვის, გერმანული ავტომწარმოებლის ჯგუფში შემდეგი კომპანიები შედის: გერმანული ”აუდი”, ფრანგული ”ბუგატი”, ინგლისური ”ბენტლი”, იტალიური ”ლამბორგინი”, ჩეხური ”შკოდა”, ესპანური ”სეატი” და ფინური ”სკანია”.

Saturday, February 6, 2010

ახალი ”ფორდ ფოკუს RS” ჰიბრიდული იქნება

Ford’s new RS twins

6 თებერვალი

”ფორდი” უახლოეს მომავალში, ბაზარზე თავის პოპულარულ ჰეჩბეკ ”ფოკუსის” სპორტული მოდიფიკაციის, RS-ი შემსუბუქებულ ვერსიას, სახელად ”კლაბსპორტს” და ”ფოკუსისვე” ყველაზე მძლავრ მოფიფიკაციას გამოიტანს, რომელიც ჰიბრიდული სისტემით იქნება აღჭურვილი.

”ფოკუს კლაბსპორტი” ხუთცილინდრიანი 2.5-ლიტრიანი ძრავით აღიჭურვება, რომლის სიმძლავრეც 350 ცხენის ძალა იქნება. მის სალონში მსუბუქი სავარძლები მოთავსდება. გარდა ამისა, ავტომობილი უფრო დაბალსა და ხისტ საკიდარსა და სპორტულ ბორბლებზე დადგება.

ინგლისურ ჟურნალ ”ავტო ექსპრესის” მონაცემებით, ”კლაბსპორტი” ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფას დაახლოებით 5 წამში შესძლებს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი ჯერჯერობით უცნობია. ამ ავტომობილს ”ცისფერი ოვალი” მხოლოდ 500 ცალს დაამზადებს და მის გაყიდვებს ამ წლის ბოლოს დაიწყებს.

ჰიბრიდული ”ფოკუსი” კი ბენზინის 2.0-ლიტრიანი ძრავით (სერია ეკობუსტი) აღიჭურვება, რომელსაც საწვავის უშუალო შეფრქვევის სისტემა და ტურბოკომპრესორი მოემსახურება. ეს ძრავი თავის მაბრუნ მომენტს წინა ბორბლებს გადასცემს. მის პარალელურად კი იმუშავებს ელექტროძრავი, რომელიც უკანა ბორბლებთან იქნება დაკავშირებული. ამ ორი ძრავის ჯამური სიმძლავრე, სავარაუდოდ, 300 ცხენის ძალას მიაღწევს.

ჰიბრიდული დანადგარის გარდა, ”ფოკუსის” ეს ვერსია ასევე ძრავის ავტომატურად გამორთვისა და ჩართვის სისტემითაც აღიჭურვება, ძრავს კი გადაბმის წყვილი ქუროს მეშვეობით, რობოტიზებული კოლოფი დაუკავშირდება. ეს ავტომობილიც ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფას 5 წამში მოასწრებს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 250 კმ/სთ იქნება. იმავე ”ავტო ექსპრესის” ინფორმაციით, ასეთი ავტომობილის გაყიდვას ”ფორდი” სამი წლის შემდეგ დაიწყებს.

Friday, February 5, 2010

”ფერარიმ” სამომავლო გეგმა გამოაქვეყნა

Ferrari Lays Out Future Plans

5 თებერვალი

სიდნეიში, ”ფერარისა” და ”მაზერატის” ახალი სადილერო ცენტრის გახსნის ცერემონიაზე, იტალიური კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა ამედეო ფელისამ ”ფერარის” სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში, მარანელოელები ოთხ ახალ მოდელს გამოუშვებენ.

ფელისას თქმით, მიმდინარე წლის ბოლომდე, კომპანიის დილერები მიიღებენ მოდელ ”599 GTB ფიორანოს” გაძლიერებულ ვერსია GTO-ს, რომელიც 650 ცხენის ძალამდე გაძლიერებული 6.0-ლიტრიანი V12 ძრავით იქნება აღჭურვილი. მერმის იგეგმება მოდელ ”458 იტალიას” (სურათზე) ღია ვერსიის გამოშვება. სამაგიეროდ, ჯერჯერობით უცნობია, გამოუშვებენ თუ არა მარანელოელები ამავე ავტომობილის შემსუბუქებულ ვერსია ”სკუდერიას”.

ფელისამ ასევე დაადასტურა ის ინფორმაციაც, რომლის მიხედვითაც, ჟენევის ავტო შოუზე, ”ფერარი” მოდელ ”599 GTB ფიორანოს” ბაზაზე შექმნილი ჰიბრიდული ავტომობილის პროტოტიპს გამოფენს. ეს ავტომობილი უკვე ერთი წელია, რაც საგზაო გამოცდებს გადის. ფელისას განცხადებით, საბაზო ვერსიასთან შედარებით, ჰიბრიდული მოდელი 80 კილოგრამით მძიმეა. მანვე დასძინა, რომ ამ ავტომობილის გაყიდვები უახლოეს ხუთ წელიწადში არ დაიწყება.

”ჯერჯერობით, არც ჰიბრიდული ტექნოლოგიაა ბოლომდე შემუშავებული და არც მომწოდებლები არიან მზად. ჯერჯერობით, ყველაფერი დამუშავების პროცესშია. ძალიან ბევრი სამუშაოა შესასრულებელი. ჯერ ისიც კი ვერ გადაგვიწყვეტია, თუ როდის დავიწყოთ ამ ავტომობილის წარმოება. საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ჩვენს აავტომობილებზე ჰიბრიდული დანადგარები, 2015 წელზე ადრე ვერ გამოჩნდება. ჰიბრიდული შეიძლება გახდეს წინა, შუამოტორიანი სპორტული ავტომობილები. ასევე მანქანები, რომლებიც V8 ან V12 ძრავებითაა აღჭურვილი. თუ ჩვენ ამ ტექნოლოგიის ათვისებას შევძლებთ, მაშინ მას ჩვენს ყველა ავტომობილზე გამოვიყენებთ”, - განაცხადა ფელისამ.

მანვე დასძინა, რომ პირველი მოდელი, რომელზეც ენერგიის დამზოგ სისტემებს გამოიყენებენ, მოდელი ”კალიფორნიაა”. ასეთი ავტომობილი ”ფერარის” სადილერო ცენტრებში მერმის გამოჩნდება. ის აღიჭურვება საწვავის უშუალოდ შეფრქვევის სისტემით, სტოპ-სტარტით, ელექტროძრავებით, ცილინდრების გათიშვის სისტემით. მათი მეშვეობით, საერთო ჯამში, საწვავის ხარჯის 15 პროცენტით შემცირებაა შესაძლებელი.

დაბოლოს, უკვე შემუშავების პროცესშია ლეგენდარული ”ენცოს” შემცვლელი. წინასწარი ინფორმაციით, ახალი ავტომობილი V12 ძრავით აღიჭურვება, რომლის სიმძლავრეც 750-800 ცხენის ძალა იქნება. არც ისაა გამორიცხული, რომ მის ბაზაში 50-100 ცხენის ძალით სუსტი V8 აგრეგატი განლაგდეს. ამ ავტომობილის გაყიდვები უახლოეს ორ წელიწადში დაიწყება და ”ფერარი” მას, ისევე როგორც ”ენცოს” შემთხვევაში, მხოლოდ 500 ეგზემპლარს დაამზადებს.

”სეატმა” განახლებული ”იბიცა ST” დროზე ადრე გაგვაცნო

SEAT Ibiza ST

5 თებერვალი

ესპანურმა კომპანია ”სეატმა” თავისი უნივერსალი ”იბიცა სპორტ ტურერი” (ST) განაახლა და მის პრემიერას ჟენევის ავტო შოუზე გეგმავს, თუმცა რამდენიმე ფოტო და მწირი ინფორმაცია მის შესახებ პრემიერამდე ცოტა ხნით ადრე გამოაქვეყნა.

როგორც მოსალოდნელი იყო, განახლებულ ავტომობილს არ გააჩნია ის ორიგინალური შტრიხები, რომლებითაც ფრანკფურტის შარშანდელ შოუზე, მისმა კონცეპტუალურმა ვერსია ”IBZ კონცეპტმა” მოგვაწონა თავი. ერთ-ერთი ასეთი შტრიხი იყო ძარის უკანა საყრდენებში ჩამალული კარის სახელურები, რომლებმაც სერიულ ვერსიაზე ჩვეული ადგილი (კარზე) დაიკავეს.

წინა მხრიდან, უნივერსალი პრაქტიკულად არ განსხვავდება ჰეჩბეკ ”იბიცასგან”. სამაგიეროდ, უკანა ნაწილით ის ”აუდი A3 სპორტბეკს” ჰგავს. ”იბიცა ST-ს” სიგრძე 4.320 მეტრია, რაც 0.180 მეტრით მეტია ჰეჩბეკ ”იბიცას” სიგრძეზე. უნივერსალის საბარგულის მოცულობა კი 430 ლიტრს აღწევს.

”იბიცა ST-სთვის” სამი ბენზინის და ამდენივე დიზელის ძრავია განკუთვნილი. მათ შორისაა ბენზინის 105-ცხენისძალიანი აგრეგატი (სერია TSI), რომლის მუშა მოცულობა 1.2 ლიტრია, დიზელის 1.6-ლიტრიანი TDI, რომლის სიმძლავრე 90 ცხენის ძალას აღწევს და იმავე მოცულობის TDI, რომლის სიმძლავრეც 105 ცხენის ძალაა.

”ოპელი” საქალაქო მინი ავტომობილს გამოუშვებს

Opel to Launch City Car

5 თებერვალი

როგორც კი ”ჯენერალ მოტორსის” ევროპულ შტოს ჩაუდგა სათავეში და ”ოპელისა” და ”ვოქსჰოლის” მთავარ აღმასრულებლად დაინიშნა, ნიკ რილიმ მაშინვე განაცხადა, რომ ორივე ბრენდისთვის მთავარი პრიორიტეტი მინი ავტომობილის წარმოების დაწყება გახდება. რილის არ დაუზუსტებია, თუ როდის მოხდება ეს, მაგრამ ინგლისური ჟურნალი ”ავტოქარი” ვარაუდობს, რომ მინი ავტომობილი, რომელიც კონცეპტუალური ”ტრიქსის” ბაზაზე შეიქმნება, ბაზარზე რამდენიმე წელიწადში გამოჩნდება.

”გენერლებმა” პირველად ”ტრიქსი” 2004 წელს წარმოადგინეს და მას შემდეგ, ამერიკული კომპანია ამ ავტომობილის საწარმოო ვერსიის შექმნაზე მუშაობს. მაგრამ სამუშაო შარშან შეჩერდა, როცა ”ჯენერალ მოტორსმა” გაკოტრების შესახებ განაცხადა და ”ოპელისა” და ”ვოქსჰოლის” გაყიდვის გადაწყვეტილება მიიღო.

ზოგიერთი მონაცემებით, ”ტრიქსის” საწარმოო ვერსიას პირველად პარიზის წლევანდელ ავტო შოუზე ვიხილავთ, თუმცა ეს ინფორმაცია ჯერჯერობით, ამერიკული კომპანიის მიერ დადასტურებული არაა.

”ჩვენს საწარმოო პროგრამაში არის ნაპრალები, რომლებსაც სასწრაფოდ ამოვსება სჭირდება. ჩვენი მთავარი პრიორიტეტი კი მინი ავტომობილია. გარდა ამისა, აუცილებლად გვესაჭიროება მსუბუქი კომერციული ავტომობილების წარმოება, რომელსაც ჩვენს ბიზნესში სოლიდური ადგილი უკავია”, - ამბობს რილი, რომელიც ასევე დასძენს, რომ აუცილებელია ჰიბრიდული ტექნოლოგიების განვითარებაც. ამ მხრივ, პირველი მოდელი, რომელიც ”გენერლების” ევროპული შტოს საწარმოო პროგრამაში გამოჩნდება, ”ამპერაა”. თავიდან ამ ავტომობილს ძველ კონტინენტზე ამერიკიდან შეიტანენ, თუმცა მომავალში, მას ევროპაში გამოუშვებენ.

”ლამბორგინის” ახალი სუპერ სათამაშო - ჯოტა

Lamborghini Jota

5 თებერვალი

სუპერ ავტომობილების მწარმოებელ იტალიურ კომპანია ”ლამბორგინის” რამდენიმე მიზანი აქვს დასახული. ამათგან ერთი ისაა, რომ აღარ გაიზარდოს ძრავების სიმძლავრე და ავტომობილების დინამიკური მახასიათებლები მეტწილად მათი შემსუბუქების ხარჯზე გაუმჯობესდეს. მეორე ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიების დანერგვაა, რომლის ერთ-ერთი პირველი გამოვლინება ისაა, რომ კომპანიის საწარმოს სახურავზე, ფოტოელემენტები დამონტჟდა. მესამე და ყველაზე მნიშვნელოვანი, საწარმოო პროგრამის გამრავალფეროვნებაა.

მალე კომპანია შეწყვეტს თავის სუპერ მოდელ ”მურსიელაგოს” წარმოებას, რისთვისაც მუშაობა უკვე დაწყებულია მის შემცვლელზე, რომელსაც ”ჯოტას” დაარქმევენ, სახელს, რომელიც იტალიურმა კომპანიამ პირველად 1970-იან წლებში, მოდელ ”მიურას” სატესტო ვერსიისთვის გამოიყენა.

რა თქმა უნდა, მომავალი სიახლის შესახებ, კომპანიისგან ჯერჯერობით მხოლოდ მწირი ინფორმაცია არსებობს, მაგრამ ინტერნეტით უკვე გავრცელდა მისი სავარაუდო მონაცემები და კომპიუტერით შედგენილი ფოტო-რობოტიც კი (სურათზე). სავარაუდოდ, ის ”მურსიელაგოზე” მსუბუქი უნდა იყოს და აღიჭურვება 6.0-ლიტრიანი V12 ძრავით, რომლის სიმძლავრეც, 700-დან 800 ცხენის ძალამდე იქნება (უფრო სავარაუდო 700 ცხ.ძ-ა).

ასევე სავარაუდოდ, ”ჯოტა” ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფას 3 წამზე ნაკლებს მოანდომებს. რამდენი ექნება მაქსიმალური სიჩქარე, ამაზე ვარაუდიც კი ძნელია.

იტალიური კომპანია ”ჯოტას” პლატფორმაზე, რომლის მზიდი ტანი ალუმინისა და კარბონის კომპოზიტისგან დამზადდება, კიდევ ორ მოდელს შექმნის. პირველი იქნება უფრო დიდი და ძლიერი ”ურუსი”. ამის შასის მზიდი ელემენტი მთლიანად კარბონის კომპოზიტისგან შეიქმნება. ამასთან, ”ურუსი” უფრო მძლავრი ძრავით აღიჭურვება და მასთან ერთად, უკეთესი აეროდინამიკის წყალობით, დინამიკური მაჩვენებლებიც უკეთესი ექნება. შედარებით სუსტი და იაფი უნდა იყოს მეორე ავტომობილი, რომლის სავარაუდო სახელიც კი, ჯერ ცნობილი არაა. თუმცა, ისიც V12 ძრავით აღიჭურვება, რომლის სიმძლავრეც 600 ცხენის ძალას მიაღწევსა.