Thursday, October 15, 2009

”სუზუშო საპპეის- V” ტოკიოში დებიუტისთვის ემზადება

Suzusho Supasse-V

15 ოქტომბერი

მთელს მსოფლიოში უამრავი პატარა ფირმაა, რომლებიც ”ლოტუსის” ლეგენდარულ მოდელ ”სევენის” რეპლიკებს აწარმოებენ. ასეთთა შორის არის იაპონური ”სუზუშოც”, რომელიც ადგილობრივი ბაზრისთვის სწორედ ”შვიდის” მიხედვით შექმნილ მოდელ ”საპპეის-C” კიტ-კომპლექტებს აწარმოებს.
პატარა ფირმისთვის კიტ-ქარების ბიზნესი საკმაოდ მომგებიანია. იმდენად, რომ მისმა ხელმძღვანელობამ ახალი მოდელის წარმოების ათვისება გადაწყვიტა. ”სუზუშომ” უკვე მოამზადა კიდეც ასეთი მოდელის (მისი სახელია საპპეის-V) პროტოტიპი, რომელსაც პირველად საზოგადოებას ტოკიოს საავტომობილო შოუზე უჩვენებს.
ავტომობილი კომპაქტურია, ორადგილიანი, მასში ძრავი კი ბაზაშია მოთავსებული და ამ შეთანწყობით, ის შეიძლება ”ფერარის” და ”ლამბორგინის” გვერდითაც კი მოვიხსენიოთ. თუმცა ”საპპეის-V-ს” სუპერ ავტომობილობამდე ბევრი უკლია და გაბარიტებითაც უფრო ახლოს ”ლოტუს ელისთანაა”, რომელიც სუპერ ავტომობილი არაა, მაგრამ ტემპერამენტით და მანევრულობით, ამ ელიტური კასტის ბევრ მონსტრს მისცემს ფორას.
”სუზუშის” ინჟინრებმა ძრავი ”მაზდასგან” აიღეს. ესაა ოთხცილინდრიანი 2.3-ლიტრიანი ტურბოძრავი, რომელიც 272 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

ავტომობილი მხოლოდ 850 კილოგრამს იწონის, რაც იმას ნიშნავს, რომ მის ყოველ ცხენის ძალას მხოლოდ 3.1 კილოგრამი აქვს სათრევი, რაც თითქმის სუპერ ავტომობილების შესაფერისი მონაცემია. მართალია, მწარმოებელი თავისი შედევრის დინამიკურ მონაცემებს ჯერ არ ავრცელებს, მაგრამ ჭონისა და სიმძლავრის ფარდბის მიხედვით, ადვილად შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამ მხრივ, ”საპპეის-V” ევროპული მონსტრების დონეზე იქნება (მაქსიმალური სიჩქარის გაუთვალისწინებლად).

სავარაუდოდ, ”საპპეის-V” იაპონურ ბაზარზე მერმის გამოჩნდება. არც ისაა გამორიცხული, რომ ”სუზუშომ” ეს ავტომობილი უცხოურ ბაზრებზეც გაიტანოს.

”ოპელ ინსინია” ამერიკაში ”ბიუიკ რეგალის” სახელით გაიყიდება

Buick Regal

15 ოქტომბერი

”ჯენერალ მოტორსმა” ოფიციალურად გამოაცხადა, რომ მის ახალ, საშუალო ზომის სპორტულ სედანს ”რეგალი” ერქმევა. მართალია, ამერიკულ კომპანიას არც ამ ავტომობილის ფოტოები და ტექნიკური სპეციფიკაციები გამოუქვეყნებია, მაგრამ სარწმუნო ვარაუდით, ამერიკული ”რეგალი” ჩინეთის ბაზარზე პოპულარული ”ბიუიკ რეგალის” იდენტური იქნება.

თავის მხრივ, ”ბიუიკ რეგალი” ევროპაში პოპულარული ”ოპელ ინსინიას” ანალოგია. მათ შორის ძალიან მცირე ვიზუალური განსხვავებაა, ტექნიკურად კი ისინი აბსოლუტურად იდენტურია. ”ბიუიკ GMC-ს” მთავარ მენეჯერ სიუზენ დოჩერტის თქმით, ”ბიუიკის” ტრანსფორმაცია მაშინ დაიწყო, როდესაც ბაზარზე ლუქსის კლასის ქროსოვერი ”ბიუიკ ენკლავი” გამოვიდა. ამას მოჰყვა პრემიუმ სედანი ”ლაქროსი”, რომელიც ასევე ”ოპელ ინსინიას” პლატფორმაზეა აგებული. ახლა კი ამ დუეტს ”რეგალიც” შეუერთდება.

მართალია, უკვე ექვსი წელია, რაც სახელ ”რეგალით” ავტომობილები არ იყიდება, მაგრამ ეს სახელი ახლაც პოპულარულია და მისი გამოყენება, მარკეტინგულად გამართლებული იქნება.

სხვათა შორის, სანამ ”ოპელს” გაჰყიდდა, ”ჯენერალ მოტორსი” ამერიკაში ”ინსინიას” გაყიდვას ”სატურნის” სახელით აპირებდა. მაგრამ მართვადი გაკოტრების რეჟიმში გადასვლის შემდეგ, ”სატურნის” გაყიდვა, ან გაუქმება გადაწყდა. მას შემდეგ კი, რაც ”პენსკე აუტომოტივმა” ”სატურნის” შეძენაზე უარი განაცხადა, ”გენერლებმა” ეს მარკა მოკლეს და მის ნაცვლად, ამერიკაში გასაყიდ ”ინსინიას” სახელად ”რეგალი” შეურჩიეს.

ჯერჯერობით, ”ჯენერალ მოტორსი” არ აზუსტებს, თუ როდის დაიწყებს ამერიკაში ”რეგალის” გაყიდვებს. სავარაუდოდ, ეს მერმის, წლის მიწურულს მოხდება.

”სიტროენი” რალისთვის ახალ მანქანას ქმნის

Citroen Readying DS3 R3 Rally Car

15 ოქტომბერი

ფრანგულმა კომპანია ”სიტროენმა”, თავის უახლეს ჰეჩბეკ DS3-ის ბაზაზე შექმნილი სპორტული ავტომობილის გამოცდა დაიწყო, რომლითაც მისი საქარხნო გუნდი რალის სხვადასხვა ჩემპიონატებში გამოვა.

დაგეგმილია, რომ თავიდან, რალისთვის განკუთვნილი ავტომობილი ჯგუფ R3-ის, ან ჯგუფ R3T-ის მოთხოვნების შესაბამისად შეიქმნება. ამ ჯგუფებში დაიშვება ავტომობილები, რომლებსაც მხოლოდ ერთი წამყვანი ღერძი და 1.6-ლიტრიანი ტურბოძრავი აქვთ. ამ ჯგუფებში ამჟამად ”ფორდ ფიესტა” და ”რენო კლიო” დომინირებენ.

მოგვიანებით, კერძოდ კი 2011 წელს, ახალი ჰეჩბეკის ბაზაზე, კლას ”სუპერ 1600 პლუსის” მოთხოვნების შესაბამისი ავტომობილი მომზადდება. სავარაუდოდ, სწორედ 2011 წლიდან, მსოფლიო ჩემპიონატში მხოლოდ კლას ”სუპერ 1600 პლუსის” მანქანებით ასპარეზობა იქნება შესაძლებელი.

ამ კლასის ავტომობილებს უნიფიცირებული სრულამძრავიანი ტრანსმისია ექნება, რომელსაც ძრავთან სეკვენტალური გადაცემათა კოლოფი დააკავშირებს. ტრანსმისიაში სამი მექანიკური დიფერენციალის გამოყენება იქნება შესაძლებელი. ახლა მოქმედ კლას ”სუპერ 2000-გან” განსხვავებით, ”სუპერ 1600 პლუსის” რეგლამენტი, 1.6-ლიტრიანი ტურბოძრავის გამოყენების უფლებას იძლევა.

Tuesday, October 13, 2009

”აუდი” A1-ის ბაზაზე კაბრიოლეტს და ქროსოვერსაც გამოუშვებს
Audi A1
13 ოქტომბერი

ინგლისურ გამოცემა ”ქარ-ის” ცნობით, გერმანული კომპანია ”აუდი” თავისი ჯერაც არგამოსული კომპაქტური A1-ის ბაზაზე სხვადასხვა ტიპის ძარიანი ავტომობილების წარმოებას გეგმავს. კერძოდ, ინგოლშტადტელები მათთვის სრულიად ახალი ავტომობილის სამოდელო გამას თანდათანობით უნივერსალით, კაბრიოლეტით და ქროსოვერითაც კი შეავსებენ.
მოდელი A1 ”ბეემვეს” პოპულარულ ინგლისურ მარკა ”მინის” კონკურენტად მოიაზრება. ახალი ავტომობილი პირველად მერმის, წლის მეორე ნახევარში, სავარაუდოდ, პარიზის საავტომობილო შოუზე, სამკარიანი ჰეჩბეკის სახით გამოჩნდება.
”ჩვენ A1-ს პირველ რიგში, სამკარიან ჰეჩბეკად გამოვუშვებთ, რომელსაც მყიდველს ძრავების ფართო არჩევანით შევთავაზებთ . რა იქნება შემდგომ? რაც A3-ის შემთხვევაში იყო. დაახლოებით იგივე გზას A1-იც გაივლის”, - ჟურნალთან საუბარისას აცხადებს გერმანული კომპანიის მარკეტინგისა და გაყიდვების შეფი პეტერ შვარცენბაერი, რომლის ვარაუდითაც, ახალი ავტომობილის საორიენტაციო საბაზო ღირებულება 15 000 ევრო იქნება.
ცნობისათვის, A1-ის კონკურენტი ”მინის” გამა დღეისათვის მოიცავს სამკარიან ჰეჩბეკს და უნივერსალ ”კლუბმენს”. მალე კი ამ მცირე ოჯახს კომპაქტური ქროსოვერი, კუპე და როდსტერი შეავსებს.
”ბეემვეს” უჩვეულო, სამბორბლიანი კონცეპცია
BMW’s Three-Wheeler Simple Concept
13 ოქტომბერიდაარქვით ამას დამთხვევა, ან რაც გენებოთ, მაგრამ ფაქტია, რომ ბოლო კვირის განმავლობაში, სხვადასხვა ავტომწარმოებლებმა საზოგადოებას უჩვენა კონცეპტუალური ავტომობილი, რომელსაც ბევრი საერთო აქვს მოტოციკლებთან.პირველი ამგვარი კონცეპცია ”ნისანმა” წარმოადგინა ოთხბორბლიანი ”ლენდ გლაიდერ პროტოტაიპის” სახით, რომელსაც მოგვიანებით, ტოკიოს საავტომობილო შოუზეც წარადგენს. დღეს კი მსგავსი ქმნილება ”ბეემვემაც” გვიჩვენა. მისი შედევრის სახელი ერთი შეხედვით, მარტივია და ასეც ჰქვია - ”სიმპლ”, მაგრამ რეალურად, ეს აბრევიატურაა შემდეგისა: SIMPLE - სასტეინეიბლ ენდ ინოვეიტივ მობაილიტი პროდაქტ ფორ ლოუ ენერჯი კონსამპშნ, ანუ გადაადგილების გაწონასწორებული და ინოვაციური საშუალება, ენერგიის მცირე მოხმარებით.ბავარიული კომპანიის ინჟინრებმა ეს უცნაური კონცეპტუალური მოძრავი საშუალება ჯერ კიდევ 2005 წელს შექმნეს, მაგრამ ადრე არსად და არავისთვის უჩვენებიათ. მალე კი ”სიმპლი” ”ბეემვეს” მიუნხენურ მუზეუმში დაიდებს ბინას.
”სიმპლი” სამბორბლიანი და ორადგილიანი ავტომოტოციკლია, რომლის სიგანეც სულ რაღაც 1.10 მეტრს, წონა კი 450 კილოგრამს აღწევს. სალონში სავარძლები ერთმანეთის უკანაა განთავსებული, როგორც ”ფოლკსვაგენის” ულტრაეკონომიურ L1-ზე, რომელიც ვოლფსბურგულმა გიგანტმა ფრანკფურტის საავტომობილო შოუზე წარადგინა. მცირე ზომის მიუხედავად, ბავარიელები ირწმუნებიან, რომ ”სიმპლში” ისევე თავისუფლად მოთავსდებით, როგორც მე-5 სერიის ”ბეემვეში”. სამაგიეროდ, ავტომობილის აეროდინამიკური წინააღმდეგობის კოეფიციენტი სულ რაღაც 0.18-ია!მართალია, ”სიმპლ-ი” სამ ბორბალზე დგას, მაგრამ გარედან ის ავტომობილის მსგავსი ძარითაა დაფარული, რომელიც მასში მსხდომთ არამარტო ავარიებისას, არამედ წვიმისა და ქარისგანაც დაიცავს. იმავდროულად, ის ისევე იმართება, როგორც მოტოციკლი. საჭეც კი მოტოციკლის მსგავსი აქვს, მძღოლს კი მოსახვევებში, მდგრადობის შესანარჩუნებლად, მოხვევის მხარეს წაწოლა უწევს.
”სიმპლის” მოძრაობას ჰიბრიდული სისტემა უზრუნველყოფს, რომელშიც ბენზინის 48-ცხენისძალიანი ძრავი და ელექტროძრავი შედის, რომელთა მეშვეობითაც, ავტომობილი 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას დაახლოებით 10 წამს უნდება, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 200 კმ/სთ-ს აღწევს.
”სიმპლის” საწვავის საშუალო ხარჯი 100 კილომეტრზე სულ რაღაც 2 ლიტრია, ყოველი კილომეტრის გავლისას კი ის ატმოსფეროში 50 მილიგრამ CO2-ს გამოჰყოფს.
მაგრამ ”სიმპლში” ყველაზე საინტერესო სტაბილიზაციის ჰიდრავლიკური სისტემაა, რომელიც მას წაქცევის საშუალებას არ აძლევს. ეს სისტემა მხოლოდ მაშინ ამოქმედდება, როდესაც მაგალითად, ავტომობილი ძალიან დაბალი სიჩქარით მოძრაობს და ამ დროს, არასტაბილური ხდება და მძღოლს მუდმივად მის დაბალანსებაზე უწევს გარჯა...

”კრაისლერი” და ”ლანჩა” ერთმანეთს პლატფორმებს გაუზიარებენ

Chrysler & Lancia To Share Products

13 ოქტომბერი

ბოლო წლებში, იტალიური ავტომწარმოებელი ”ლანჩა”, რომელიც ”ფიატის” იმპრიასაა შეფარებული, პრობლემებს განიცდის. მართალია, ტურინელები თავიანთი ბიზნესის გამოცოცხლებას ცდილობენ, მაგრამ ამ მიმართულებით რეალური ნაბიჯები ჯერ არ გადადგმულა. თუმცა, ”ფიატისა” და ”კრაისლერის” ერთ ალიანსში გაერთიანების შემდეგ, ახალი პერსპექტივები გამოისახა, რომელიც პირველ რიგში, ”ლანჩას” სამოდელო გამის ავტომობილებისთვის ”კრაისლერის” პლატფორმების გამოყენებას ითვალისწინებს.

ახლახანს, ”კრაისლერის” ხელმძღვანელად ”ლანჩას” ყოფილი მთავარი აღმასრულებელი ოლივიე ფრანსუა დაინიშნა, რაც იმის მანიშნებელია, რომ ეს ორი კომპანია სულ მალე ძალიან დაუახლოვდება ერთმანეთს. ინტერნეტით გავრცელებული ინფორმაციით, მათი დაახლოება პირდაპირ უნდა გავიგოთ, როგორც მათი მოდელების დაახლოება. ამაში მარტო ის კი არ იგულისხმება, რომ იტალიური და ამერიკული კომპანიები ზიარ პლატფორმებზე დაამზადებენ თავიანთ ავტომობილებს, არამედ ისიც, რომ ისინი ერთსადაიმავე მაკომპლექტებლებს და აგრეგატებსაც გამოიყენებენ და ერთმანეთს ტექნოლოგიებსაც გაუზიარებენ.

მოსალოდნელია, რომ მალე ”კრაისლერ 300-ის” ბაზაზე, ”ლანჩა” საკუთარი სედანის გამოშვებას დაიწყებს, რომლითაც საკუთარ ”თეზისს” შეცვლის. სამაგიეროდ, ამერიკული კომპანიისთვის იტალიელი პარტნიურის სუბკომპაქტური ჰეჩბეკი ”იპსილონი” გახდება ხელმისაწვდომი და მას ”კრაისლერი” ევროპაში გაჰყიდის.

ამგვარი ინტენსიური დაახლოებით, ტურინული კომპანია ორი კურდღლის დაჭერას ცდილობს. ჯერ ერთი, ნორმალურ ფუნქციონირებას დაუბრუნდება ”ლანჩა”. მეორეც, ”კრაისლერი” ძველ კონტინენტზე უფრო გააქტიურდება. მომავალში კი სხვა ბაზრებზეც შეაღწევს.

საინტერესოა, რომ ”ფიატი” ”ლანჩას” ჯერ მხოლოდ ევროპის ბაზარზე დატოვებს. ამ უკანასკნელის პოპულარული ჰეჩბეკი ”დელტა” კი აშშ-ის ბაზარზე ”კრაისლერის” მარკით გაიყიდება.

Sunday, October 11, 2009

”ფერარიზე” სწრაფი ”აუდი TT RS”

AVUS Performance

11 ოქტომბერი

გერმანულმა სატუნინგო კომპანია ”აფუს პერფორმენსმა” პოპულარულ კუპე ”აუდი TT RS-თვის” შეიმუშავა სატუნინგო პაკეტი, რომლის გამოყენების შემდეგაც, ამ ავტომობილის დინამიკური მახასიათებლები იმდენად უმჯოვესდება, რომ ის ”ფერარის” მოდელებს - F430-სა და ”612 სკალიეტისაც” კი სჯობნის, რომლებიც მოძრაობაში შესაბამისად, 490 და 540 ცხენისძალიან V8 ძრავებს მოჰყავს.

პაკეტი ძრავის და მისი გამოსაბოლქვი სისტემის მოდერნიზაციას ითვალისწინებს, რის შედეგადაც, თუ ”აფუსის” მიერ გამოქვეყნებულ რელიზს დავუჯერებთ, ”აუდი TT RS” ადგილიდან 100 კმ/სთ-ს აკრეფას 3.8 წამში ასწრებს, რაც სტანდარტული მოდელის აჩქარებაზე დაახლოებით 0.8 წამით ნაკლებია.

”აფუსის” მიერ შემუშავებუკ მოდერნიზაციის პაკეტში შედის ახალი ტურბოკომპრესორის და სპორტული გამოსაბოლქვი სისტემის დაყენება, ასევე ძრავის მართვის ელექტრონული ბლოკის სპორტულად დაპროგრამება. ამის შედეგი ისაა, რომ 2.5-ლიტრიანი ხუთცილინდრიანი აგრეგატის სიმძლავრე 340-დან 460 ცხენის ძალამდე, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი 450-დან 639 ნიუტონმეტრამდე გაიზარდა. ავტომობილის მაქსიმალურმა სიჩქარემ კი 312 კმ/სთ-ს (280-დან) მიაღწია.

ძრავის სრულყოფის გარდა, ”აფუსი” მყიდველს საკიდარის განახლებასაც სთავაზობს, რომელიც ახალი, რეგულირებადი ამორტიზატორებითაა აღჭურვილი. მოდერნიზებული ”აუდი TT RS” 20-დუიმიან ბორბლებზე დგას, რომლებიც ”ჰენკუკის” წარმოების (255/30/20 ზომის) ”S1 ევო” საბურავებითაა შემოსილი. გარეგნულად კი ავტომობილს მისი საბაზო ვერსიისგან ფერიც გამოარჩევს - ”აფუსის” მოდელი შავი მქრქალი ფერითაა შეღებილი.

დაბოლოს ფასები: ავტომობილის გადაღებვა 1 999, ახალი ბორბლების (საბურავებითურთ) დაყენება კი 6 400 ევრო ჯდება. თუმცა ”აფუსი” ჯერ არ აცხადებს მთავარს - თუ რა დაუჯდება შემკვეთს ძრავის მოდერნიზება.

”ჯენერალ მოტორსი” ახალ ”ასტრას” უფრო სწრაფად აწარმოებს

GM to Build 2010 Opel Astra Faster

11 ოქტომბერი

”ჯენერალ მოტორსმა” ახალი ”ასტრას” წარმოებაში სრულიად ახალი ტექნოლოგია დანერგა, რომლის მეშვეობითაც, თითო ავტომობილის აწყობა ჩვეულებრივზე 6 საათით ადრე ხდება. ”ვოქსჰოლის” (ოპელის ბრიტანული ანალოგია) ელესმერ პორტის (ბრიტანეთი) ქარხანაში ადრე თითო ”ასტრას” წარმოებისთვის 21 საათი იყო საჭირო, ახლა კი ეს საქმე 15 საათში ესწრება.

”ვოქსჰოლის” საწარმოო პროცესის მენეჯერი ლინდსი უიკენსი ამბობს, რომ ახალი ”ასტრას” შემუშავებისას, მისი წსრმოების ტექნოლოგია იმგვარად დაიგეგმა, რომ აწყობის დრო მნიშვნელოვნად შემცირებულიყო. ამის მთავარი შედეგი კი საწარმოო ხარჯების და წარმოებული პროდუქციის თვითღირებულების შემცირებაა.

ახა;ი ”ასტრას” გაყიდვები ევროპაში მალე დაიწყება. მისთვის ”გენერლებმა” რამდენიმე ახალი ძრავი შეიმუშავეს, რომელთა შორისაცაა 1.4 და 1.6-ლიტრიანი ბენზინის ტურბოძრავები. ყველაზე იაფფასიანი ”ასტრა” კი 1.4-ლიტრიანი ატმოსფერული ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც დაახლოებით 8 პროცენტით უფრო ეკონომიურია თავის იმ ანალოგზე (წინამორბედზე), რომელიც ახლანდელ ”ასტრებზე” დგას.

ბენზინის ძრავების გარდა, ”ასტრას” მყიდველს დიზელის აგრეგატების ფართო არჩევანსაც შესთავაზებენ. ესენია 1.3, 1.7 და 2.0-ლიტრიანი ტურბოდიზელები, რომელთა სიმძლავრეც 95-დან 160 ცხენის ძალამდე დიაპაზონშია. მერმის ავტომობილი ასევე სერია ”ეკოფლექსის” ეკონომიურ ძრავსაც მიიღებს.

Saturday, October 10, 2009

პლანეტის ყველაზე სწრაფი უსინათლო

Fastest Blind Man on Earth

10 ოქტომბერი

თუ გაგიგიათ ოდესმე, რომ უსინათლო ადამიანი ავტომობილს მართავდეს? ალბათ არა. მითუმეტეს, ძნელი წარმოსადგენია, რომ უსინათლოებს სიჩქარის რეკორდიც კი ჰქონდეთ. აქვთ და მერე როგორი!

დურბანვილელმა (სამხრეთ აფრიკა) ჰაინ წაგნერმა უსინათლოთათვის პლანეტის ახალი რეკორდი დაამყარა - 322.5 კმ/სთ განავითარა. თავისი რეკორდისთვის ვაგნერმა ”მერსედეს-ბენც SL 65 ბლექ სერის” გამოიყენა. რეკორდის დამყარებაში კი მას ნავიგატორი რეი უეიკფილდი დაეხმარა.

რეკორდის დასამყარებლად, წყვილმა აპინგტონის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენი ზოლი გამოიყენა. მას შემდეგ, რაც მაქსიმალურ სიჩქარეს მიაღწია, ვაგნერმა ის მცირე ხნით შეინარჩუნა და სარეკორდო სიჩქარით 1 000 მეტრი გაიარა.

რეკორდი რომ დაამყარა, ვაგნერს შიშზე ჰკითხეს, რაზეც მან მოკლედ მოჭრა: გიჟი უნდა იყო, რომ არ შეგეშინდესო! მოკლედ, მან თავის ყოფასაც სძლია, შიშსაც და სამაგიეროდ, გინესის რეკორდების წიგნში შევა.

მაგრამ ამით დაკმაყოფილებას ის არ აპირებს. თავგადასავლების დაუოკებელი მაძიებლის გეგმაში კიდევ უფრო თავზეხელაღებული და სახიფათო მისია შედის: ის სამგზავრო ბოინგით ლონდონიდან იოჰანესბურგამდე გადაფრენას აპირებს. რა თქმა უნდა, ამჯერადაც ნავიგატორი დაეხმარება. რაც ყველაზე საინტერესოა, ფრენისას მას მგზავრებიც ეყოლება.

სურათზე: ჰაინ ვაგნერი (მარცხნივ) და მისი ნავიგატორი რეი უეიკფილდი

Friday, October 9, 2009

”ჰამერი” ჩინელებმა იყიდეს

GM signs Hummer sale deal with Sichuan Tengzhong

10 ოქტომბერი

”ჯენერალ მოტორსმა” უგზოობის ავტომობილების მწარმოებელი ლეგენდარული კომპანია ”ჰამერი” ჩინურ კონგლომერატ ”სიჩუან ტენჟონ ჰევი ინდასტრიალ მეშინერის” მიჰყიდა. მართალია, მხარეებს გარიგების ფინანსური მხარე არ გაუმჟღავნებიათ, მაგრამ ინტერნეტით გავრცელებული ცნობა გვაუწყებს, რომ ჩინურ მხარეს ეს გარიგება 150 მილიონი დოლარი დაუჯდა.

ამგვარად, ამერიკული ავტომწარმოებელი აგრძელებს იმ კომპანიების ტავიდან მოშორებას, რომლებიც ბოლო 20 წლის განმავლობაში შეიძინა. რამდენიმე დღის წინ, ”გენერლებს” ”სატურნის” გაყიდვა ჩაუფლავდათ. ამ მარკის შეძენას ”პენსკე აუტომოტივი” აპირებდა, მაგრამ გარიგების დადებამდე ერთი დღით ადრე, როჯერ პენსკემ ”სატურნის” ყიდვა გადაიფიქრა. ჰოდა, ახლა ”გენერლებს” ისღა დარჩენიათ, რომ ოცი წლის წინ შექმნილი მარკა გააუქმონ.

”ტენჟონი” მთავარი მონაწილეა იმ კონსორციუმისა, რომელიც ”ჰამერს” ყიდულობს. მძიმე მანქანათმშენებლობის ჩინური გიგანტი ”ჰამერის” 80 პროცენტს მიიღებს. დანარჩენი 20 რპოცენტი კი ჩინელ ბიზნესმენ სუალან დუოჟის ხელში გადავა, რომლის ბიზნესიც ჩინური ქიმიური გიგანტი ”ლუმენა” შედის.

გარიგების მიუხედავად, ”ჰამერის” პრესმდივანი ნიკ რიჩარდსი აცხადებს, რომ გაყიდვის პროცესის დასრულებამდე, გარიგებამ ამერიკული და ჩინური მარეგულირებლებისგან ვიზა უნდა აიღოს.

გარიგების შესაბამისად, ”ტენჟონი” ”ჰამერის” ბიზნესს, მის სავაჭრო ნიშანს და ფრენჩაიზულ გარიგებებს ყიდულობს. ”ჯენერალ მოტორსთან” შეთანხმების გარიგების მომენტში, ”ჰამერს” 158 ფრენჩაიზული კონტრაქტი აქვს. ჩინური კომპანიის ხელში გადავა ”ჰამერის” საწარმოები და სერვის ცენტრები. ამასთან, გარდამავალ პერიოდში, ჩინელების ხელში გადასული ”ჰამერი” მაკომპლექტებლების გარკვეულ ნაწილს ”ჯენერალ მოტორსისგან” მიიღებს.

მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმებით, ”ჯენერალ მოტორსის” ორი ამერიკული ქარხანა 2011 წლამდე გააგრძელებს H3-ის და H3T-ის, ასევე სამხედრო ”ჰამერის” და H2-ის წარმოებას. ”ჰამერის” მთავარი აღმასრულებელი ჯეიმს ტეილორი, ვინც ადრე ”კადილაკის” შეფი იყო, თავის თანამდებობაზე დარჩება.

სამოქალაქო ავტომობილების წარმოება ”ჰამერმა” 1992 წელს დაიწყო. თავიდან წლიური გაყიდვები 1 000-ს ძლივს აღწევდა. მაგრამ შემდეგ კომპანია ”ჯენერალ მოტორსმა” შეიძინ, რომლის ხელშიც, გაყიდვების პიკმა 2006 წელს 71 524-ს მიაღწია.

მაგრამ საწვავის ფასის უკიდურესმა ზრდამ კომპანია ძლიერ დააზარალა. შედეგად, წელს სექტემბრის ჩათვლით, ”ჰამერს” მხოლოდ 8 193 ავტომობილი ჰქონდა გაყიდული. ”ჯენერალ მოტორსი” იმედოვნებდა, რომ ”ჰამერს” 500 მილიონ დოლარად გაჰყიდდა, მაგრამ საბოლოოდ, 150 მილიონსაც დაყაბულდა.

”ბეემვე” სუბკომპაქტური ავტომობილის გამოშვებას აპირებს

BMW UKL1 to Surface 2013?

9 ოქტომბერი

ორი წლის წინ, ინტერნეტით გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ”ბეემვე” მეტოქე ”აუდისთვის” კონკურენციის გასაძლიერებლად, სუბკომპაქტური, ეგრეთ წოდებული ნულოვანი სერიის ავტომობილის გამოშვების პერსპექტივას განიხილავდა. მაშინ გამოითქმებოდა ვარაუდი, რომ ასეთი ავტომობილები ბავარიული კომპანიის დილერთა შოურუმებში 2010 წლიდან გამოჩნდებოდა.

დღეს მსგავსი ინფორმაცია ინტერნეტში ისევ გამოჩნდა. ოღონდ თარიღმა გადაიწია - ახალი ვერსიით, ბავარიული სუბკომპაქტი ბაზარზე 2013 წელს გამოჩნდება. ამ ავტომობილით კი, ”ბეემვე” კონკურენციას ”აუდი A1-ს” და A-კლასის ”მერსედესს” გაუწევს.

ახალ ავტომობილს ნულოვან კლასად აღარ მოიხსენიებენ. მას პირობითად (უფრო სოლიდური) UKL1 უწოდეს, რაც ქვეკომპაქტკლასს (უნტერ კომპაკტკლასსე). გავრცელებული ინფორმაციით, მისი შემუშავება უკვე დაწყებულია და როცა ბაზარზე გამოვა, ის ბავარიული კომპანიის სამოდელო გამაში, მინისა და პირველი სრიის ”ბეემვეს” შორის დაიკავებს ადგილს.

ახალი ავტომობილი ”მინის” მოდერნიზებულ პლატფორმაზე დაემყნობა. UKL1 სამი ტიპის ძარით დამზადდება. ესენია სამ და ხუთკარიანი ჰეჩბეკები და ორადგილიანი როდსტერი. ინგლისურ ჟურნალ ”ქარ მეგზინის” ვერსიით, ახალი ავტომობილი ”ბეემვეს” უახლესი, სამ და ოთხცილინდრიან ძრავებს მიიღებს.

სხვათა შორის, ეს ინფორმაცია დროში საეჭვოდ დაემთხვა ახლახანს გავრცელებულ ცნობას იმის შესახებ, რომ ”ბეემვე” ინგლისური ”მინის” გერმანიაში წარმოებასაც გეგმავს. ამის მიზეზად ის გარემოება სახელდება, რომ ”მინის” ოქსფორდული ქარხნის სიმძლავრე, ამ ავტომობილზე მზარდ მოთხოვნილების დაკმაყოფილებას ვეღარ ახერხებს. მაგრამ როგორც ჩანს, ბავარიელებს გერმანულ საწარმოში ”მინის” ბაზაზე შექმნილი სუბკომპაქტის წარმოება აქვთ განზრახული. თუმცა აქ მოყოლილ არცერთ ინფორმაციას ”ბეემვე” ჯერჯერობით არ ადასტურებს.

Thursday, October 8, 2009

”ვოლვო” S60-ის წარმოებას მერმის დაიწყებს

Volvo S60

8 ოქტომბერი

მიუხედავად იმისა, რომ ”ვოლვოს” მომავალი პატრონის ვინაობა ჯერაც არ გარკვეულა, შვედურ კომპანიაში საწარმოო პროგრამის განახლებაზე ზრუნვა არ წყდება. თავის ახალ სედან S60-ის მსოფლიო პრემიერას ”ვოლვო”, რომელიც დღეს ”ფორდის” ჯგუფში შედის, მერმის, პარიზის საავტომობილო შოუზე გეგმავს, მის წარმოებას ოდნავ მოგვიანებით დაიწყებს.

ჯერჯერობით, შვედური კომპანია თავისი სიახლის შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს, თუმცა ინტერნეტით ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გარეგნულად ის ამავე სახელწოდების კონცეპტუალური მოდელის მსგავსი იქნება. კონვეიერამდე მას მხოლოდ ქრომირებული დეტალები და კონცეპტუალური მოდელებისთვის დამახასიათებელ ელემენტები არ გაჰყვება.

კონცეპტუალური S60-ის პირველი ჩვენება დეტროიტის წლევანდელ ავტოშოუზე შედგა. ეს ავტომობილი აღჭურვილი იყო ოთხცილინდრიანი, 1.6-ლიტრიანი ტურბოძრავით, რომელიც სისტემა GTDi-ითაა (გაზოლინ ტურბოჩეირჯდ დირექტ ინჯექშნ - ბენზინის ტურბოდამჭირხნიანი, უშუალო შეფრქვევით) აღჭურვილი და 180 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

”ვოლვოს” ძრავების განყოფილების ვიცე პრეზიდენტი დერეკ კრაბი ამბობს, რომ სისტემა GTDi საუკეთესო საშუალებაა საწვავისა და ატმოსფეროში CO2-ის გამონაბოლქვის შესამცირებლად. მის გარდა, ამ ავტომობილზე კიდევ არაერთი სისტემა გამოიყენება, რომლებიც ავტომობილის ეკონომიურობასა და ეკოლოგიურობას აუმჯობესებს.

”ვოლვოს” განმარტებით, ახალი S60 კონკურენციას ბაზრის ისეთ ლიდერებს გაუწევს, როგორებიცაა ”ბეემვეს” მე-3 სერიის სედანი, ”აუდი A4” და C კლასის ”მერსედესი”.

Wednesday, October 7, 2009

გერმანული ”ელექტრო-მგელი” სუპერავტომობილების კლასში

E-Wolf’s Electric Supercars

7 ოქტომბერი

ამ წლის განმავლობაში, თითქმის ყოველთვიურად, რომელიმე ავტომწარმოებელი საზოგადოებას ახალ სპორტულ ელექტრომობილს უჩვენებს. ელექტრომობილების წარმოება თანდათან ერთგვარ მოდად იქცა, თუმცა არც ისე ხშირია შემთხვევები, როდესაც პრეზენტაციაზე სრულფასოვანი კონცეპციის ხილვა შეიძლება.
მაგრამ იგივეს ვერ ვიტყვით პატარა გერმანულ ფირმა ”E-ვოლფზე”, რომელმაც წარმოებისთვის ორი სპორტული ელექტრომიბილი - როდსტერი და კუპე მოამზადა და არ მალავს, რომ ”ფერარისთან” კონკურენციას აპირებს.

ორივე ავტომობილი საქსონიის მსუბუქი ტექნოლოგიების ცენტრთან და დრეზდენის რექნიკური უნივერსიტეტის მსუბუქი სტრუქტურებისა და პოლიმერული ტექნოლოგიების თანამშრომლებთან თანამშრომლობით შეიქმნა. ამასთან, ”E-ვოლფმა” როდსტერი E-1 ფრანკფურტის საავტომობილო შოუზე გამოფინა, E-2-ის წარმოების დაწყებას კი ორ წელიწადში გეგმავს.

ორივე ავტომობილის ძირითადი ღირსება მათი სიმსუბუქეა. როდსტერი E-1 თითქმის 500 კილოგრამს იწონის, მაგრამ სერიოზული მინუსიც აქვს - ის მხოლოდ იმ ადამიანებს ”იტანს”, რომელთა წონაც 68 კილოგრამის ფარგლებშია.

ავტომობილი აღჭურვილია 150-ცხენისძალიანი ელექტროძრავით, რომლის მეშვეობითაც, e-1 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას 5 წამზე ნაკლებში ასწრებს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 229 კმ/სთ-ს აღწევს. ლითიუმ-იონური აკუმულატორების ერთი დამუხტვით კი ავტომობილს 320 კილომეტრის გავლა შეუძლია.

ამ ერთადგილიანი როდსტერის შეკვეთები ”E-ვოლფს” უკვე დაწყებული აქვს და თითოეულს 150 000 ევროდ ჰყიდის.

რაც შეეხება e-2-ს, ამ ავტომობილის გამოშვება 2011 წლიდან იგეგმება. ის ოთხი ელექტროძრავით აღიჭურვება, რომლებიც თითო ბორბალს მოემსახურება. ოთხივე ძრავის ჯამური სიმძლავრე 544 ცხენის ძალა იქნება. ავტომობილის წონა კი 900 კილოგრამზე ოდნავ მეტი იქნება.

ჯერჯერობით, e-2 მხოლოდ კომპიუტერში არსებობს, თუმცა პროექტის ავტორები ახლავე ირწმუნებიან, რომ მათი მეორე შედევრის მაქსიმალური სიჩქარე 250 კმ/სთ-ს მიაღწევს. და რაც მთავარია, საწარმოო ვერსიას ზუსტად ისეთი გარეგნობა ექნება, როგორიც ამჟამად, კომპიუტერულ ესკიზებში აქვს.

”ტოიოტას” და ”სუბარუს” ერთობლივი შვილობილი

Toyota Reveals FT-86 Concept

7 ოქტომბერი

ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ინტერნეტით გავრცელდა ცნობა იმის შესახებ, რომ ”ტოიოტა” და ”სუბარუ” ერთობლივად აპირებდნენ სპორტული ავტომობილის შექმნას. მაშინ ბევრმა ეს ჭორადაც ჩათვალა, მაგრამ თურმე სიმართლე ყოფილა.

ორმა იაპონურმა კომპანიამ თავიანთი ერთობლივი პროდუქტის შესახებ პირველი ინფორმაცია გაავრცელეს. ავტომობილი, რომელსაც სახელად ”ტოიოტა FT-86” შეარქვეს, ”სუბარუ იმპრეზას” მოდიფიცირებულ ბაზაზეა შექმნილი. მისი პირველი ჩვენება ტოკიოს საავტომობილო შოუზე, ამ თვის ბოლოს გაიმართება.

”ტოიოტა FT-86” არის კუპეს ტიპის ავტომობილი, რომელსაც სალონში 2+2 ადგილი აქვს, გარეგნულად კი ამავე კლასის ”ლექსუს IS-F-ს” ჰგავს. მაგრამ ავტომობილის ყველაზე საინტერესო ნაწილი მისი ძრავია, რომელიც ”სუბარუსგანაა” ნასესხები და რა თქმა უნდა, ცილინდრების (სულ ოთხი აქვს - 2-2 თითო რიგში) ორი რიგის ოპოზიტური განლაგებით გამოირჩევა. ძრავის სამუშაო მოცულობა 2.0 ლიტრია, ოღონდ თუ ”სუბარუს” აგრეგატი ტურბოკომპრესორიანია, FT-86-ზე ის ”ატმოსფერულად” სუნთქავს.

ძრავთან დაკავშირებულია 6-საფეხურიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი, რომლისმიერ გადამუშავებულ მაბრუნ მომენტსაც მხოლოდ უკანა, წამყვანი ბორბლები ღებულობს. შეგახსენებთ, რომ ”სუბარუ” თავის ავტომობილებზე ძირითადად სრულამძრავიან ტრანსმისიებს იყენებს.

”ტოიოტას” წარმომადგენლები განმარტავენ, რომ ოპოზიტური ძრავით, მათ სიმძიმის ცენტრის დაბლა დაწევა მოახერხეს. ტურბოს გარეშე კი ეს ძრავი იმის გამო გამოიყენეს, რომ ასე ის უფრო მსუბუქია და იაფიც ღირს. როგორც ორი იაპონური კომპანიის წარმომადგენლები ირწმუნებიან, FT-86 შესანიშნავი მართვადობითა და დინამიურობით გამოირჩევა. ოღონდ, ჯერ კონკრეტული მონაცემები არ ქვეყნდება.

”ტოიოტა” ამ ახალი ავტომობილის გაყიდვების დაწყებას 2011 წლიდან გეგმავს. შესაძლოა, წარმოების დაწყებამდე, ამ ავტომობილის გარეგნობასა და აღჭურვილობაშიც რაღაც შეიცვალოს. თუმცა იაპონური კომპანიები პირობას დებენ, რომ წონის რადიკალურად გაზრდას არ დაუშვებენ.

მოსალოდნელია, რომ ”ტოიოტა FT-86-ის” ღირებულება 25 000 დოლარის ფარგლებში იქნება.

Tuesday, October 6, 2009

”ასტონ მარტინი” წარმოებას ამრავალფეროვნებს

Aston Martin

6 ოქტომბერი

ვან-77

..............................

ავტოინდუსტრიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე კრიზისის მიუხედავად, ინგლისური კომპანია ”ასტონ მარტინი” მაინც ბიზნესის გაფართოებაზე ზრუნავ და ამისათვი თავისი სამოდელო გამის სამი ახალი ავტომობილით შევსება აქვს გადაწყვეტილი. გარდა ამისა, არსებულ მოდელებსაც მნიშვნელოვან გადახალისებას უპირებს.

ამ სამეულიდან ”ასტონ მარტინისთვის” ყველაზე არატრადიციული, მისი თაყვანისმცემლებისთვის კი ყველაზე მოულოდნელია ჯუჯა ”სიგნიტი”, რომლის გაყიდვების დაწყებაც მერმისიდანაა მოსალოდნელი. ჩვენი ბლოგის მკითხველს ეს ავტომობილი 7 ივლისის გამოშვებაში გავაცანით. ის ”ტოიოტა iQ-ს” ბაზაზე იქმნება და მისი მთავარი დანიშნულება ისაა, რომ ”ასტონ მარტინის” მიერ წარმოებული ავტომობილების გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის შემცველობის საშუალო მაჩვენებელი შემცირდეს. ამგვარად, ინგლისური კომპანია შეძლებს, მიუახლოვდეს გამონაბოლქვზე ევროკავშირის ახალ, უმკაცრეს სტანდარტებს, რომლებიც ძალაში 2012 წელს შევა.

სიგნიტი
....................................
წინასწარი მონაცემებით, ”სიგნიტი” მხოლოდ ევროპაში გაიყიდება და მის შეძენას მხოლოდ ისინი შეძლებენ, ვინც ”ასტონ მარტინის” სხვა მოდელებს შეიძენენ. რა თქმა უნდა, ინგლისური კომპანია iQ-ს ძირეულად შეცვლის. შეიცვლება როგორც ავტომობილის ინტერიერი, ისე გარეგნობაც. მოსალოდნელია, რომ ”ასტონ მარტინის” სამოსში გამოწყობილი iQ-ს საწყისი ფასი 32 000 დოლარი, იაპონურ ავტომობილზე დაახლოებით ორჯერ მეტი იქნება.

რეპიდი

..............................

გარდა ამისა, ”ასტონ მარტინი” მალე დაიწყებს სუპერ ავტომობილ ”ვან-77-ის” წარმოებას. სახელში რიცხვი იმის მანიშნებელია, რომ კომპანია სულ 77 ცალი ამ ავტომობილის გამოშვებას აპიებს და მისი მყიდველი 77 რჩეულთაგან ერთ-ერთი იქნება.

ავტომობილის ექსკლუზიურობას მისი მონაცემები სრულად შეესაბამება. ის აღჭურვილია 7.3-ლიტრიანი V12 ძრავით, რომელიც 740 ცხენის ძალას ავითარებს. მყიდველს საშუალება ექნება, თავისი გემოვნების და სურვილების შესაბამისად შეუკვეთოს ინტერიერის თითქმის ყველა ელემენტი. სამაგიეროდ, შენაძენი მას 2 მილიონი დოლარი დაუჯდება.

მესამე მოდელია ოთხკარიანი კუპე (ან კუპეს სტილის სედანი, ან ფასტბეკი) ”რეპიდი”, რომლის მსოფლიო პრემიერა ახლახანს, ფრანკფურტის საავტომობილო შოუზე შედგა და რომლის გაყიდვებიც მერმის დაიწყება. ჯერჯერობით, ამ ავტომობილის ფასი არ დაზუსტებულა, თუმცა მოსალოდნელია, რომ ის 200 000 დოლარის ფარგლებში იქნება.

რაც შეეხება არსებული მოდელების განახლებას, კომპანია მერმის ლიმიტირებული ”ვანტიჯის” გამოშვებას გეგმავს, რომელიც ახალი V12 ძრავით აღიჭურვება. ჯერჯერობით არ იგეგმება ორი მოდელის - DB9-ს და DBS-ის განახლება, ან მოდიფიცირება.

დაბოლოს, მერმის, ჟენევის ავტო შოუზე მოსალოდნელია ”ასტონ მარტინის” მიერ თავისი ცნობილი ბრენდის, ”ლაგონდას” გაცოცხლება. ამ მარკით კი პირვლ რიგში, ქროსოვერის წარმოება იგეგმება. ოღონდ, არა ისეთის, რომელიც კომპანიამ ჟენევაში წელს წარადგინა და საშინელი გამოხმაურება მიიღო.