18 ივლისი
ამერიკულ გამოცემა „მოტორ ტრენდის“ ინფორმაციით, „ნისანმა“
კომპაქტური სპორტული ავტომობილის წარმოება გადაწყვიტა. ამ ავტომობილს კომპანიაში „მინი-Z“
შეარქვეს, თუმცა ბაზარზე ის სხვა სახელით გამოვა. „სილვიასგან“ განსხვავებით,
რომლის წარმოებაც 2008 წელს შეწყდა, ახალ კუპეს წამყვანი წინა ბორბლები ექნება. და
ის კონკურენციას „ტოიოტას“ GT86-ს და „სუბარუს“ BRZ-ს გაუწევს.
ასეთი ავტომობილის წარმოების გეგმები „ნისანმა“
პირველად შარშან, შანჰაის მოტორ შოუზე გამოააშკარავა, სადაც კონცეპტუალური „კომპაქტ
სპორტსი“ წარადგინა. მაშინ პრეზენტაციაზე ითქვა, რომ ეს ავტომობილი განვითარებადი
ქვეყნების ბაზრებისთვის იქნება განკუთვნილი, სადაც მას აქტიური ცხოვრების წესის
მიმდევარი და მოტორსპორტის მოყვარული ახალგაზრდები შეიძენენ. თუმცა ახლავე
შეიძლება დარწმუნებით თქმა, რომ ეს „მინი-Z“ განვითარებულ ქვეყნებშიც გაიყიდება.ასევე არსებობს ვარაუდი, რომ წინაამძრავიანის გარდა, მყიდველს სრულამძრავიანი ტრანსმისიით აღჭურვილ ვერსიებსაც შესთავაზებენ. ამასთან, შანჰაიში წარდგენილ კონცეპტუალურ ავტომობილს, დიდი ალბათობით, გარეგნობასაც შეუცვლიან და სამკარიანი ჰეჩბეკიდან ის სრულფასოვან, კომპაქტურ კუპედ გარდაიქმნება.
იაპონურ კომპანიას შანჰაიში წარდგენილი
კონცეპტუალური ავტომობილის ძრავების შესახებ არაფერი უთქვამს. თუმცა „მოტორ
ტრენდმა“ შეიტყო, რომ ეს ავტომობილი ოთხცილინდრიანი 1.6-ლიტრიანი ტურბოძრავითაა
აღჭურვილი, რომლის სიმძლავრეც 190 ცხენის ძალაა. სხვათა შორის, ამ ძრავის ბაზაზე
შეიქმნა უფრო მძლავრი, 300-ცხენისძალიანი აგრეგატი, რომლითაც ექსპერიმენტული სარბოლი
ავტომობილი „დელტაუინგი“ აღიჭურვა. ამ ავტომობილმა კი ლე მანის 24-საათიან რბოლაში
უკონკურსოდ მიიღო მონაწილეობა და მიუხედავად იმისა, რომ ფინიშს ვერ მიაღწია (ავარია),
ამ რბოლის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მონაწილე გახდა.
„ნისანს“ სურს, რომ ახალი პატარა კუპეს ფასი 20 000
დოლარის ფარგლებში იყოს. ამისათვის ის საწარმოო ხარჯების შემცირებას აპირებს.
პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ ახალი ავტომობილისთვის პატარა ქროსოვერ „ჯუკის“
პლატფორმის და ბევრი მსხვილი დეტალის გამოყენება იგეგმება. მეორეც, ამ ავტომობილს „ნისანი“
თავად შეიმუშავებს, დიზაინსა და წარმოებას კი ჩინეთში მიხედავს. ჩინეთივე იქნება „მინი-Z-ის“
მთავარი ბაზარი.
სავარაუდოდ,
ახალი ავტომობილის პრემიერა ფრანკფურტის მომავალი წლის მოტორ შოუზე გაიმართება.
No comments:
Post a Comment