18 ივლისი
შვეიცარიულმა სატუნინგო კომპანია „მანსორიმ“
პირველად „ლამბორგინი ავენტადორის“ მისეული ვერსია ჟენევის წლევანდელ მოტორ შოუზე
წარადგინა. მაგრამ როგორც ჩანს, ექსკლუზიურობის მოყვარულთა მოთხოვნები ბოლომდე ვერ
დააკმაყოფილა. ყოველ შემთხვევაში, ერთ წელიწადში ამ შესანიშნავი ავტომობილის უკვე
მეორე ვერსიას სთავაზობს ძალიან მდიდარ მყიდველს.
ავტომობილს მეტსახელად „კარბონადო“ შეარქვეს. მასში
ისევ ის სატუნინგო პაკეტია გამოყენებული, რაც წინა ავტომობილზე. მთავარი ცვლილება
ძარას ეხება. უფრო სწორედ, ის მთლიანად შეცვლილია და კარბონის კომპოზიტისგანაა
დამზადებული. ასე განსაჯეთ, ვიზუალურად, კარბონის ქსოვილის ფაქტურაც კი ჩანს. რა
თქმა უნდა, ძარა მხოლოდ შავია.
ახალი კომპლექტის გამოყენებით, მანქანის ძარის წინა
ნაწილის სიგანე 40 მილიმეტრით გაიზარდა, უკანისა კი - 50 მილიმეტრით. გარდა ამისა,
ძარას რამდენიმე ახალი ელემენტი დაემატა, როგორიცაა გვერდითა კალთა. მთლიანობაში,
ავტომობილის ისედაც აგრესიული გარეგნობა კიდევ უფრო „გააბრაზა“.
კარბონიზაცია ბორბლებსაც შეეხო. თუმცა, ისინი ამ
მასალისგან არ დაუმზადებიათ. უბრალოდ, ბორბლებში კარბონის ჩანამატები გამოჩნდა.
წინა ბორბლებზე 255/30 ZR20, უკანებზე კი 345/25 ZR21 ზომის საბურავებია ჩაცმული.
დაკიდევ, ძარის გარდა, სალონიც სულ შავებშია გამოწყობილი. აქა-იქ კი ხედს წითელი
ფერის ელემენტები და ზოლები ახალისებს.
„მანსორის“ თერაპიას ვერც „ავენტადორის“ V12 ძრავი
გადაურჩა. პირველ რიგში, შეიცვალა მისი ელექტრონული ტვინის პროგრამა და ძრავს
ახალი კონფიგურაციის გამოსაბოლქვი სისტემა დაუყენეს. ეს კი საკმარისი გამოდგა
იმისათვის, რომ სიმძლავრე 691-დან 744 ცხენის ძალამდე გაზრდილიყო, მაქსიმალური
მაბრუნი მომენტი კი - 690-დან 750 ნიუტონმეტრამდე. ამასთან, თუ ადრე მაქსიმალურ
მაჩვენებლებს ძრავი 8300 ბრ/წთ-ზე იძლეოდა, ამჯერად ეს მხოლოდ 6000 ბრ/წთ-ზე
შეუძლია.
„მანსორი“ ირწმუნება, რომ მისი სპეციალისტების „ქირურგიული
ჩარევის“ შემდეგ, „ავენტადორ კარბონადოს“ ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფა 2.8
წამში შეუძლია, მაქსიმალური სიჩქარე კი 355 კმ/სთ-ს აღწევს.
„მანსორის“
განცხადებით, მხოლოდ ექვსი ცალი „ავენტადორ კარბონადოს“ წარმოება იგეგმება. მის
ფასზე ჯერ ლაპარაკიც არაა...
ასევე წაიკითხეთ (საინტერესოა)
No comments:
Post a Comment