Wednesday, July 18, 2012

წყალბადზე მომუშავე ბოლიდი შიდაწვისძრავიანების წინააღმდეგ

Hydrogen-powered race car takes on petrol-powered competitors
18 ივლისი
უკვე 14 წელია, რაც მსოფლიოს არაერთი ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები, ერთმანეთს მათ მიერვე შექმნილი პატარა სარბოლი ავტომობილებით ეჯიბრებიან. ბევრგან ამ შეჯიბრს „ფორმულა სტუდენტს“ უწოდებენ და ის იმიტაცაა საყურადღებო, რომ მისი ჟიურის წევრებს შორის, თითქმის ყოველთვის, ფორმულა ერთში სახელმოხვეჭილ ადამიანებს ნახავთ.
„ფორმულა სტუდენტს“ ბევრი ქვეყანა ატარებს და მათ შორის, რა თქმა უნდა, ბრიტანეთიცაა, რომელიც სწორედ ფ1-ის სპეციალისტების გამო, ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟულია. წლვანდელი შეჯიბრი სილვერსტოუნის სარბოლ ავტოდრომზე ჩატარდა და ის იმით იყო გამორჩეული, რომ „ფორმულა სტუდენტის“ ისტორიაში პირველად, მონაწილეთა შორის, წყალბადზე მომუშავე ავტომობილი იყო.

ერთადგილიანი პატარა სარბოლი ბოლიდი ჰოლანდიის დელფტის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის გუნდმა შეიმუშავა. მას „ფორს V“ (Forze V) დაარქვეს. ამ მანქანის მთავარი განმასხვავებელი ნიშანი ისაა, რომ ის წყალბადზე მუშაობს. კონკურსის მონაწილე 100-ზე მეტ გუნდს შორის, დელფტელებმა 29-ე საზიარო ადგილი დაიკავეს, რაც მათ მიერ პროექტზე მუშაობის დასაწყისში დასახული ურთულესი მიზნებიდან გამომდინარე (წყალბადის ტექნოლოგიების შემუშავება დიდი კომპანიებისთვისაც ბევრ სირთულეს უკავშირდება), შესანიშნავი შედეგია.
280-კილოგრამიანი „ფორს V“ მეხუთე ვერსიაა ავტომობილისა (ფორს-ის), რომელსაც დელფტის უნივერსიტეტის გუნდი „ფორმულა სტუდენტში“ საასპარეზოდ ამუშავებს. მაგრამ ადრე ისინი ალტერნატიულ საწვავზე მომუშავე ავტომობილების კლასში გადიოდნენ. ამჯერად კი შიდაწვისძრავიანების წინააღმდეგ გასვლა გადაწყვიტეს. სხვათა შორის, ეს ავტომობილი შარშანდელი ტურნირის განაცხადშიც იყო შეტანილი, მაგრამ ტექნიკური პრობლემების გამო, ვერ იასპარეზა.
„ფორს V“ ორი პატარა ელექტროძრავითაა აღჭურვილი, რომლებსაც ენერგიით წყალბად-ჟანგბადის რეაქციაზე მომუშავე ფიჭური ელემენტების ბლოკი ამარაგებს. სტანდარტული რეჟიმით მოძრაობისას, ეს ბლოკი 18 კილოვატ, ანუ 24 ცხენის ძალას იძლევა.
გარდა ამისა, ავტომობილი მუხრუჭებისგან ენერგიის რეგენერირების სისტემითაცაა აღჭურვილი. მიღებული ენერგია ელემენტების ბლოკში ინახება. ამ სისტემის მიერ გამომუშავებული ენერგიის ძალა კი დაახლოებით 80 ცხენის ძალას აღწევს. ამ სისტემის გარეშეც, ავტომობილს მაქსიმუმ 120 კმ/სთ სიჩქარის განვითარება შეუძლია, ადგილიდან 100 კმ/სთ-ს კი 5 წამზე ნაკლებში აღწევს.
ავტომობილი აღჭურვილია 600-გრამიანი ავზით, რომელშიც გაზისებრ მდგომარეობაში მყოფი წყალბადი ინახება. ეს კი საკმარისია იმისათვის, რომ ავტომობილმა სარბოლ რეჟიმში დაახლოებით ერთი საათი იმოძრაოს. ამ დროის განმავლობაში, ავტომობილის გამოსაბოლქვი მილი დაახლოებით სამ ლიტრ სუფთა წყალს გამოჰყოფს.
დაბოლოს, სახელი FORZE აბრევიატურაა სიტყვებისა ფორმულა ზერო, ანუ ნულოვანი ფორმულა. V კი აღნიშნული ტექნოლოგიით მომუშავე მეხუთე თაობის ავტომობილს ნიშნავს.

ასევე წაიკითხეთ

”აუდი A9” - ჰიბრიდული სპორტული სედანის კონცეპცია


No comments:

Post a Comment