Monday, September 24, 2012

აშშ-ში „ალფა რომეოს“ დაბრუნება ისევ გადაიდო

Alfa Romeo’s Return to the U.S. Postponed Again
24 სექტემბერი
უკვე იმის დათვლაც კი შეუძლებელია, თუ რამდენჯერ გადაიდო ამერიკის ბაზარზე „ალფა რომეოს“ დაბრუნება. „ფიატ-კრაისლერის“ მთავარი აღმასრულებელი სერჯო მარკიონე, პარიზის მოტორ შოუზე, „ალფა რომეოს“ ახალი მოდელების გამოსვლის გრაფიკს გამოაქვეყნებს და საზოგადოებას მილანური ბრენდის გლობალური განვითარების გეგმას გააცნობს. ეს კი ნიშნავს, რომ ამერიკის ბაზარზე „ალფას“ დაბრუნება კიდევ ერთხელ გადაიდო.
არადა, შარშან მარკიონემ კომპანიის ახალი ბიზნეს გეგმა გამოაქვეყნა, რომლის შესაბამისადაც, „ალფა რომეო“ ამერიკაში წელს უნდა დაბრუნებულიყო. პირველი ავტომობილი კი, რომელსაც შტატებში შეიტანდნენ, პატარა შუაძრავიანი სპორტქარი 4C (ფოტოზე) უნდა ყოფილიყო. ამერიკის ბაზრის სრულმასშტაბიანი ათვისება კი მერმისს უნდა დაწყებულიყო, როდესაც ამერიკელ მყიდველს კომპაქტურ ქროსოვერსა და სედან „ჯულიას“ შესთავაზებდნენ. მაგრამ ეს გეგმაც შეიცვალა, რადგან „ალფა4C-ს“ წარმოება გადაიდო. ამ ავტომობილის ამერიკული პრემიერა დეტროიტის მოტორ შოუზე ჩატარდება, თუმცა ჯერ უცნობია, გაყიდვები როდის დაიწყება.
ამასობაში კი „ალფა რომეოს“ საქმეები უკან-უკან მიდის. შარშან მილანურმა კომპანიამ 132 000 ავტომობილი გაყიდა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 18 პროცენტით მეტი კია, მაგრამ სამაგიეროდ, გაყიდვებმა წელს მნიშვნელოვნად დაიკლო. თავად განსაჯეთ, პირველ ექვს თვეში გაყიდვები 31 პროცენტით არის შემცირებული! სულ 54 100 ავტომობილია გაყიდული. არადა, წერან ნახსენები გეგმის მიხედვით, ორ წელიწადშ გაყიდვები 400 000 ერთეულამდე უნდა გაიზარდოს...
სიტუაცია ექსტრემალურია და მარკიონე გეგმის საფუძვლიან გადახედვას აპირებს. კერძოდ, განახლებული გეგმა აღარ ითვალისწინებს ამერიკაში ხუთკარიან სუბკომპაქტურ ჰეჩბეკ „მიტო-ს“. ეს ავტომობილი შემდეგი თაობის „ფიატ პუნტოს“ პლატფორმაზე აიგება, რომლის წარმოებაც, მარკიონეს გადაწყვეტილებით, გადაიდო. კიდევ ერთი „ალფა“, რომელიც ატლანტიკის იქით არ წავა, ხუთკარიანი კომპაქტური ჰეჩბეკი „ჯულიეტაა“. ეს ავტომობილი ბაზარზე ორი წლის წინ გამოვიდა და მალე მისი ფეისლიფტი იგეგმებოდა, მაგრამ მილანში ეს ზედმეტ ფუფუნებად მიიჩნიეს. მოკლედ, გადაწყდა, რომ ამ მანქანას შტატების გზას მანამ არ გაუყენებენ, სანამ ბაზარზე მისი მომდევნო თაობა გამოვა.
მილანურ ბრენდს მიჩნეული აქვს, რომ ამ ეტაპზე, მისი ყველაზე მნიშვნელოვანი მოდელი, სედანი „ჯულიაა“, რომელმაც კონკურენცია „ბეემვეს“ მე-3 სერიას უნდა გაუწიოს. თუმცა, ამ ავტომობილსაც წარმოების დაწყებამდე ბევრი პრობლემა აქვს - მარკიონემ ორწელიწადნახევარში რამდენჯერმე დაამტკიცა და დაიწუნა მისი დიზაინი...

სამაგიეროდ, ახლავე შეიძლება იმის თქმა, რომ ავტომობილი, რომელმაც მოდელი 159 უნდა შეცვალოს, „დოჯ დარტზე“ იქნება ბაზირებული. რაც მთავარია, მას ამერიკაში გამოუშვებენ და ევროპაში იქიდან შეიტანენ. მოგვიანებით, მის ბაზაზე უნივერსალის წარმოებაც დაიწყება. ორივე შემთხვევაში, სერია „პენტასტარის“ 3.2 და 3.6-ლიტრიანი V6 ძრავები განივად განლაგდება, რომლებსაც 9-საფეხურიანი (!) ავტომატური კოლოფი შეუწყვილდება. ავტომობილი ან წინა, ან სრულამძრავიანი იქნება.
„ალფას“ შემდეგი ახალი პროდუქტი გახდება უგზოობის საშუალო ზომის ავტომობილი, რომელსაც „ჯიპ ლიბერტის“ ბაზაზე შეიმუშავებენ. ამ უკანასკნელს მალე საფუძვლიანი მოდიფიკაცია ჩაუტარდება. იგეგმებოდა უგზოობის კომპაქტური მოდელის წარმოებაც, რომელიც „ფიატის“ მირაფიორის ქარხანას უნდა გამოეშვა, მაგრამ ეს გეგმა გაუქმდა. თუმცა, ამ ქარხანაში სხვა, პატარა ქროსოვერს გამოუშვებენ, რომელიც „ფიატის“ და „ჯიპის“ მარკებით გაიყიდება.
„ალფამ“ ჯერჯერობით ასევე უარი თქვა დიდი ზომის სედანზე, რომელიც „კრაისლერ 300-ის“ ბაზაზე უნდა შემუშავებულიყო. სამაგიეროდ, სრული მასშტაბით მიმდინარეობს ახალი „სპაიდერის“ მომზადება, რომელიც „მაზდა MX-5-ის“ მილანური ვერსიაა.
დაბოლოს, იტალიურ პრესაში ჯერაც ვარაუდობენ, რომ „ალფა რომეოს“ შეძენით ისევაა დაინტერესებული „ფოლკსვაგენი“, რომელიც უკვე ორი წელია, ამას არ მალავს, თუმცა ახლახანს გამოაცხადა, რომ წყვეტს სხვა კომპანიების შეძენას და მთელი ყურადღება პროდუქციის განვითარებაზე გადააქვს.



ასევე წაიკითხეთ

„მაკლარენ P1“ – F1-ის შემცვლელის პირველი გამოცხადება

No comments:

Post a Comment