24
სექტემბერი
ისევ „პეჟო“ და მისი კონცეპტუალური სუპერ
ავტომობილი „ონიქსი“. ამ ავტომობილზე ახალი ფოტოები და ინფორმაცია ფრანგულმა
კომპანიამ უფრო ადრე გაავრცელა, ვიდრე მის იმავე სახელიან სკუტერს“ გაგაცნობდით, თუმცა
გვიანი არც ახლაა, მითუმეტეს, პარიზის მოტორ შოუ, რომელზეც მისი მსოფლიო პრემიერაა
დანიშნული, ჯერ არ დაწყებულა.
მოკლედ, ბოლოს რომ ამ ავტომობილზე ვისაუბრეთ, ის
ჯერაც ჩრდილში იყო დამალული. მერე კი ლომებმა მისი კომპიუტერული ფოტოებიც
შემოგვთავაზეს, რომლებზეც ორ ფერში შესრულებულ ავტომობილს ვხედავთ. ამ ორიდან ერთი
სპილენძისფერია, მეორე კი - ნახშირისფერი - შავი.
სპილენძისფრად წინა ფრთასხმულობა და კარებია
შესრულებული, მანქანის დანარჩენი ტანი კი შავია. სპილენძი მარტო ფერით არ
ფიგურირებს - ეს ნაწილები სწორედ ამ მეტალის ფურცლებისგანაა გამოჭედილი. დანარჩენი
კი ყველაფერი კარბონის კომპოზიტია.
ავტომობილის გაბარიტებია: სიგრძე 4650 მილიმეტრი, სიგანე
2200 მილიმეტრი, სიმაღლე 1130 მილიმეტრი. ბაზის სიგრძეს „პეჟო“ არ აქვეყნებს. სამაგიეროდ
გვამცნობს, რომ აეროდინამიკური წინააღმდეგობის კოეფიციენტი არის 0.30, წონა კი -
1100 კილოგრამი. „ონიქსი“ კარბონის კომპოზიტისგან შექმნილ ცენტრალურ მონოკოკურ სტრუქტურას
ეყრდნობა, რომელიც 12 ძირითადი ნაწილისგან შედგება და სულ რაღაც, 100 კილოგრამს
იწონის.
სუპერ ავტომობილი დიზელ-ჰიბრიდული სისტემითაა
აღჭურვილი, რომელშიც მთავარი 3.7-ლიტრიანი V8 დიზელის ძრავია (და არა
1.6-ლიტრიანი, როგორც ადრე იყო ცნობილი). ეს აგრეგატი 600 ცხენის ძალას
გამოიმუშავებს და ამ ძალით, 6-საფეხურიანი სეკვენტალური კოლოფის გავლით, უკანა წამყვან
ბორბლებს ამარაგებს. ჰიბრიდულ აგრეგატში ასევე შედის კინეტიკური ენერგიის სისტემა,
რომელიც მუხრუჭებში გამოყოფილ ენერგიას ელექტრულ ენერგიად გარდაქმნის და
ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკში ინახავს. ეს სისტემა ჰიბრიდულ დანადგარს დამატებით
80 ცხენის ძალას ანიჭებს.
ავტომობილი
ელექტრონულად რეგულირებად საკიდარზე დგას, რომელსაც ცენტრალური კომპიუტერი
აკონტროლებს. რაც შეეხება მუხრუჭებს, ისინი კარბონ-კერამიკული დისკოებისგან შედგება,
რომელთა ზომებია: წინების 380 მილიმეტრი და უკანების - 355 მილიმეტრი. ამ
მანქანისთვის „მიშლენმა“ სპეციალური საბურავები შეიმუშავა, რომელთა ზომებია:
წინების 275/30 და უკანების - 345/30.
რაც შეეხება ინტერიერს. მისი დიზაინი
მინიმალისტურია და ღია ფერში შესრულებული. თანაც, ავტომობილს გამჭვირვალე სახურავი
აქვს და დღის შუქი უხვად იღვრება შიგნით. რაოდენ უცნაურადაც უნდა მოგეჩვენოთ, სალონში
ვერ ნახავთ ჩვეულებრივ სავარძლებს. მათ ადგილას სიცარიელეა, სალონი შუაზეა
გაყოფილი და იმ ადგილას, სადაც მძღოლი და მისი ერთადერთი მგზავრი უნდა დასხდნენ, მინიმალურ
კომფორტს სინთეტური ქაფი უზრუნველყოფს.
კიდევ ერთი საინტერესო ფაქტია ის, რომ მაჩვენებლების
პანელი მთლიანად გადამუშავებული გაზეთებისგანაა შექმნილი. ტექნოლოგია საკმაოდ
მარტივია: გაზეთები სპეციალურ წნეხში განლაგებულ ფორმებსა და მატრიცებში თავსდება,
სადაც ნებისმიერი ფორმის დეტალს ღებულობენ. „პეჟოში“ ამგვარად მიღებულ მასალას „გაზეთის
ხე“ უწოდეს.
ალბათ
თქმაც არაა საჭირო იმისათვის, რომ ლომები ამ ავტომობილის წარმოებას არ აპირებენ.
ასევე წაიკითხეთ
No comments:
Post a Comment