Saturday, March 5, 2011

ჟენევა 2011

ჟენევის ავტო შოუ - ყველაზე გრანდიოზული საავტომობილო ფორუმი

Geneva 2011

5 მარტი

ტოიოტა iQ EV და პრიუს+

ჯუჯა იაპონელი (iQ) უკვე საკმარისად პოპულარულია, მალე კი ბაზარზე მისი ელექტრული ვერსიაც გამოვა, თუმცაღა, მხოლოდ შეზღუდული რაოდენობით. „ტოიოტა“ ამ ავტომობილს ევროპის გზებზე ტესტირებას უკვე უტარებს, მისი მცირესერიული ვერსიის წარმოებას კი მერმისს შეუდგება.
ჯუჯა ელექტრომობილს მამოძრავებელ ძალას მცირე ელექტროძრავი ანიჭებს, რომლის მაქსიმალური სიმძლავრეც 64 ცხენის ძალაა. ის ენერგიას ლითიუმ-იონური ელემენტებისგან ღებულობს, რომელთა ტევადობა მხოლოდ 11 კილოვატსაათია. ეს კი საკმარისია იმისათვის, რომ ავტომობილმა 105 კილომეტრი გაიაროს. ელექტრული iQ-ს მაქსიმალური სიჩქარე 125.5 კმ/სთ-ია, ადგილიდან 100-ის ასაკრეფად კი მას 14 წამი სჭირდბა.

ნებისმიერ შემთხვევაში, ელექტრულ iQ-ს სატესტო ავტომობილის დანიშნულება აქვს და მისი მეშვეობით, „ტოიოტა“ ელექტრომობილების ბაზრის პერსპექტივის შესწავლას აპირებს. უფრო სწორედ, იაპონური კომპანიისთვის საინტერესოა, რამდენად მზადაა თანამედროვე ავტობაზარი ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე ავტომობილებისთვის.

რაც შეეხება კომპაქტვენ „პრიუსს“, რომელსაც „პრიუს პლიუსი“ უწოდეს, ის მთელ მსოფლიოში უკვე ძალიან პოპულარული ჰიბრიდული ჰეჩბეკის (პრიუსის) ბაზაზეა შექმნილი და რა თქმა უნდა, ჰიბრიდული სისტემაც მისგან აქვს მიღებული. ესაა ბენზინის 1.8-ლიტრიანი ძრავისა და ელექტროძრავის ტანდემი, რომლის ჯამური სიმძლავრეც 178 ცხენის ძალას შეადგენს. „ტოიოტა“ ირწმუნება, რომ ამ ავტომობილს ქალაქში 100 კილომეტრის გასავლელად 5.6 ლიტრი ბენზინი ჰყოფნის, შერეული ციკლით მოძრაობისას კი ხარჯი 5.8 ლიტრამდე იზრდება.

ჰეჩბეკ „პრიუსისგან“ კომპაქტვენი სალონის და საბარგულის გაზრდილი მოცულობით გამოირჩევა. მისი საბარგულის მოცულობა 970 ლიტრია, რაც ჰეჩბეკის საბარგულზე 50 პროცენტით მეტია. საბარგო სივრცე კიდევ უფრო იზრდება, როდესაც უკანა სავარძლები დაიკეცება.

შარშან ამერიკელებმა მანქანებით თითქმის 3 000 000 000 000 მილი გაიარეს

Americans racked up 3,000,000,000,000 miles traveled last year

5 მარტი

ამერიკა ბორბლებზე დგას - ეს ლეგენდარული გამოთქმა კარგად ახასიათებს ამერიკელთა ცხოვრების წესს. ამერიკელებს ავტომობილის გარეშე ცხოვრება არ შეუძლიათ. მანქანასთან ერთად არ იბადებიან, თორემ სხვა მხრივ, ავტომობილი მათთვის ლამის პირველადი მოხმარების საგანია. და ბუნებრივია, ისინი წლის განმავლობაში, თავიანთი ოთხბორბლიანი ტრანსპორტით, ასობით კილომეტრს გადიან.

აშშ-ის ტრანსპორტის დეპარტამენტი ყოველწლიურად ატარებს სტატისტიკურ აღრიცხვას, რომლის ერთ-ერთი პუნქტიც გვამცნობს, თუ რა მანძილი გაიარეს წლის განმავლობაში ამერიკელებმა. ირკვევა, რომ ამერიკის მოსახლეობას სულ 2.9 ტრილიონ მილზე (4.64 ტრილიონი კილომეტრი) მეტი აქვს გავლილი. ეს კი წინა წლის ანალოგიურ მაჩვენაბელზე დაახლოებით 7 პროცენტით (20.5 მილიარდი მილით) მეტია.

ამერიკის შტატებს შორის, ყველზე მეტი მოძრაობა ტექსასსა და კენტუკის შორისაა. აქ საერთო ჯამში, ავტომოგზაურებს 46.6 მილიარდი მილი აქვთ გავლილი. ეს კი წინა წლის ანალოგიურ მაჩვენაბელზე 1.4 პროცენტით მეტია. ავტოტრანსპორტის მოძრაობა სულ რაღაც 0.4 პროცენტით (214 მილიონი მილით) შემცირებულა დელავერსა და ფლორიდას შორის.

გავლილი მილების გაზრდის მიუხედავად, ამერიკაში ავტოკატასტროფების და ფატალური შედეგების რიცხვი შემცირებულია და ეს მაჩვენებელი 1950 წლის შემდეგ უდაბლესია. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ საწვავის ფასის ზრდის გამო, ამერიკელები ავტომობილით წელს ნაკლებად იმგზავრებენ. თუმცა, ვინ იცის...

„ფერარი FF“ და „ლამბორგინი ავენტადორი“ - პრემიერამდე გაყიდულები

Ferrari FF and Lamborghini Aventador Both Sold Out

5 მარტი

ლამბორგინი ავენტადორი

..............................

ამ ორ ავტომობილს ავტოსამყარო მოუთმენლად ელოდა, მაგრამ როდესაც ჟენევის ავტო შოუზე ისინი პირველად ვიხილეთ, გაირკვა, რომ იტალიურ კომპანიებს ისინი უკვე გაყიდული აქვთ. უფრო სწორედ, „ფერარიმ“ თავისი სრულამძრავიანი FF და „ლამბორგინიმ“ თავისი უახლესი ფლაგმანი „ავენტადორი“ იმდენი გაყიდა, რამდენის წარმოებასაც წელს აპირებენ. გაყიდეს მანამ, სანამ შოურუმებში დააყენებდნენ.

ამ ორ ავტომობილს სრულიად განსხვავებული დანიშნულება აქვს, თუმცა ბევრი რამე მათ საერთოც აქვთ: ჯერ ერთი, ორივე იტალიურია, ორივე V12 აგრეგატითაა აღჭურვილი და მათ თითქმის ერთნაირი სიმძლავრეც აქვთ. თუმცა მთავარი მსგავსება ჟენევაში გამოვლინდა - ორივეზე, წარმოების პირველ წელს, გაყიდვების პაკეტი შევსებულია.

ფერარიმ FF

..............................

„ჩვენ უკვე 800 ცალი „ფერარი FF“ გავყიდეთ. წელს სწორედ ამდენის წარმოებას ვაპირებთ“, - ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე ამაყად განაცხადა „ფერარის“ მთავარმა აღმასრულებელმა ლუკა კორდერო იდ მონტეძემოლომ.

მარანელოელთა ისტორიაში, „ფერარი FF“ პირველი სრულამძრავიანი ავტომობილია. მისი 6.3-ლიტრიანი V12 660 ცხენის ძალას ავითარებს. ამ „კუდმოჭრილი“ სუპერ ავტომობილის საბაზო ღირებულება 260 000 ევროა (დაახლოებით 360 000 დოლარი). რაც შეეხება ავენტადორს“ ის 6.5-ლიტრიანი V12 ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 700 ცხენის ძალას იძლევა. ამ ავტომობილის საბაზო ფასი 267 000 ევრო, დაახლოებით 370 000 დოლარია.

Friday, March 4, 2011

ჟენევა 2011

ჟენევის ავტო შოუ - ყველაზე გრანდიოზული საავტომობილო ფორუმი

Geneva 2011

4 მარტი

რენო R-სპეისი და კაპტური

როგორც ჩანს, ფრანგული კომპანია ახალი კორპორატიული სტილის შექმნის სტადიაშია. ყოველ შემთხვევაში, ამის თქმა შეიძლება მას შემდეგ, რაც „რენოს“ ჟენვურ კონცეპტუალურ მოდელებს ნახავთ. ქროსოვერი „კაპტური“ და კუპე „დეზირი“ ამის თვალსაჩინო მაგალითია. მათ კი ჟენევაშივე გვერდს კომპაქტვენი „R-სპეისი“ უმშვენებდა. როგორც ჩანს, რაღაც ამათ მსგავსი ოთხბორბალა მალე გამოჩნდება ევროპულ ბაზარზე და ეს რაღაც ალბათ ახალი „კლიო“ იქნება.
„R-სპეისი“ იმითაა გამორჩეული, რომ მას შუა საყრდენი არ აქვს, წინა და უკანა კარებები კი ერთმანეთის საპირისპიროდ იღება. რა თქმა უნდა, ეს იმისათვის გაკეთდა, რომ სალონში მოხვედრა გაადვილებულიყო, თუმცა ასეთი რამ სერიულ ავტომობილებზე რომ არ გადავა, ამაში ეჭვის შეტანაც არ ღირს.
კომპაქტვენი საკმაოდ პატარა, სამცილინდრიანი 0.9-ლიტრიანი ტურბოძრავით აღჭურვეს, რომელიც 110 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და „R-სპეისს“ ადგილიდან 100-მდე 11 წამში აჩქარებს. მაქსიმალური სიჩქარე კი 200 კმ/სთ-ს აღწევს. ბევრი არაფერი? მეტი არც სჭირდება - ის ხომ საოჯახო ავტომობილია. თანაც, შესანიშნავი ეკონომიურობით გამოირჩევა და გარემოსაც მინიმალურად აბინძურებს. კერძოდ: საშუალოდ 100 კილომეტრზე მხოლოდ 3.7 ლიტრ საწვავს მოიხმარს, ყოველი კილომეტრის გავლისას კი ატმოსფეროში მხოლოდ 95 გრამ ნახშირორჟანგს გამოჰყოფს. ანუ, უკვე შეესაბამება უმკაცრეს ევრო6 სტანდარტს, რომელიც ჯერ არ ამოქმედებულა.
ამაზე ოდნავ მეტს წვავს და გამოჰყოფს უგზოობის „კაპტურის“ ორტურბოიანი ძრავი. სამაგიეროდ, მას 160 ცხენის ძალის და 380 ნიუტონმეტრის მოცემა შეუძლია. მის დინამიკურ მონაცემებზე ფრანგული კომპანია სიტყვაძუნწობს. სამაგიეროდ, გვამცნობს, რომ „კაპტური“ ყოველი კილომეტრის გავლისას, ატმოსფეროს მხოლოდ 95 გრამ ნახშირორჟანგით აბინძურებს.

ამ კონცეპციის მიზანიც ახალი სტილის ძიების პროცესის ჩვენება იყო. „კაპტურიც“ უჩვეულო კარებებით გამოირჩევა. ოღონდ, „R-სპეისისგან“ განსხვავებით, მას მხოლოდ ორი კარი აქვს და ისინი ზევით, „ლამბორგინის“ სტილში ეღება.

ფრანგული კომპანიის მთავარი დიზაინერი ლორენს ფან დენ აკერი ამბობს, რომ „კაპტური“ სპორტული ქროსოვერია, რომელმაც ახალგაზრდა მყიდველის ყურადღება უნდა მიიქციოს. თუმცა, ამ სახით ის კონვეიერზე ვერ მოხვდება - სერიულ ვერსიას ადრენალინის „ზედმეტ“ დოზას აუცილებლად მოაშორებენ. და თუ ასე მოხდა, მაშინ ახალგაზრდა მყიდველი მას უკვე სხვა თვალით შეხედავს...

ჟენევა 2011

ჟენევის ავტო შოუ - ყველაზე გრანდიოზული საავტომობილო ფორუმი

Geneva 2011

4 მარტი

სმარტ ფორსპიდ-ი

„დაიმლერის“ ჯუჯა ავტომობილების მწარმოებელი შტოს მოდელები მალე გარეგნობას შეიცვლიან და ამის მაუწყებელი პირველი მერცხალი კონცეპტუალური „ფორსპიდ-ია“, რომელიც „სმარტმა“ როდსტერის სახით წარმოგვიდგინა. ამასთან, ის ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე ძალური დანადგარით აღჭურვა.
რა თქმა უნდა, ამ პატარა ავტომობილს ტემპერამენტი არ გამოარჩევს (მისმა სახელმა არ მოგატყუოთ). თუმცა, მას ეს არც სჭირდება. ის ხომ იმისთვისაა შექმნილი, რომ მეგაპოლისების გადატვირთულ ქუჩებში ნაკლები ხარჯით გატაროთ. ეს კონცეპტუალური ეგზეპლარი კი ამას ისე გააკეთებს, რომ ატმოსფეროსაც არ დააბინძურებს.
ორადგილიანი ღია „ფორსპიდ-ი“ პატარა ელექტროძრავითაა აღჭურვილი, რომლის სიმძლავრეც მხოლოდ 40 ცხენის ძალაა. ის ავტომობილის უკანა ნაწილშია განლაგებული. ამ სიმძლავრეს რამდენიმე წამით კიდევ 7 ცხენის ძალა ემატება, როცა ცენტრალურ კონსოლზე განლაგებულ ღილაკს თითს დააჭერთ. ყველაფერი კი საკმარისია იმისათვის, რომ ავტომობილმა ადგილიდან 60 კმ/სთ სიჩქარე 5.5 წამში აკრიფოს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 120 კილომეტრია საათში. ეს მონაცემები მანქანის სახელს არ შეეფერება, თუმცა საქალაქო ჯუჯასთვის საკმარისია...

ელექტროძრავი ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკისგან იკვებება, რომლის ტევადობაც 16.5 კილოვატსაათია. 80 პროცენტით მის შესავსებად, საათზე ნაკლებია საჭირო. აკუმულატორების ტევადობა კი საკმარისია იმისათვის, რომ ავტომობილმა ერთი სრული დამუხტვით 134 კილომეტრი გაიაროს.

ჟენევა 2011

ჟენევის ავტო შოუ - ყველაზე გრანდიოზული საავტომობილო ფორუმი

Geneva 2011

4 მარტი

ინფინიტი ეთერეა

კუპეც, ჰეჩბეკიც, უნივერსალიც და ქროსოვერიც - ეს ყველაფერი ერთ კონცეპტუალურ მოდელზე შეიძლება ითქვას, რომელიც ჟენევაში იაპონურმა „ინფინიტიმ“ წარმოადგინა. ასეა თუ ისე, ეს ავტომობილი „ინფინიტის“ პირველი გოლფ კლასის მოდელია. ამგვარად, ამ კლასის ინგოლშტადტურ (აუდი A3) და მიუნხენურ (პირველი სერიის ბეემვე) ლუქსებს ახალი კონკურენტი გამოუჩნდა.

რა თქმა უნდა, ეკოლოგიურად სუფთა აგრეგატების იგნორირება არც „ინფინიტის“ შეეძლო და მანაც „ეთერეა“ ჰიბრიდული სისტემით აღჭურვა, რომლის ძირითადი აგრეგატი ბენზინის ოთხცილინდრიანი 2.5-ლიტრიანი ტურბოძრავით აღიჭურვა, რომელიც 245 ცხენის ძალას იძლევა. მასთან უნისონში მუშაობს ელექტროძრავი და ვარიატორი. ენრგიის დაზოგვას ემსახურება მუხრუჭების კინეტიკური ენერგიის რეკუპერაციის სისტემა.


ავტომობილი დაკიდების დამოუკიდებელ სისტემაზე დგას, მისი მართვა კი ელექტრო/ჰიდრავლიკური სისტემის დახმარებით ხდება. „მავთულით მართვის“ სისტემის წყალობით, საჭის რგოლს ბორბლებთან მექანიკური კავშირი არ აქვს.

გარეგნულად, „ეთერეა“ უფრო კუპეს ტიპის ავტომობილია, ვიდრე ჰეჩბეკი, სედანი, ან ქროსოვერი. ამას მისი აგრესიული გარეგნობაც ადასტურებს. ყველაზე მეტად „დაკუნთული“ კი მისი წინა ნაწილია. ჰო, მანქანის წინა და უკანა კარებები ერთმანეთის საპირისპიროდ იღება, რითაც, სალონში მოხვედრა და იქიდან გადმოსვლა გამარტივებულია.

რა თქმა უნდა, „ეთერეა“ ამ სახით კონვეიერზე ვერ მოხვდება, თუმცა „ინფინიტი“ ადასტურებს, რომ C კლასის ავტომობილის წარმოებას დაიწყებს. დაკიდევ, ჟენევაში ნაჩვენები კონცეპტუალური ავტომობილის სტილი, მალე „ინფინიტის“ კორპორატიული სტილის სახეს მიიღებს.

ჟენევა 2011

ჟენევის ავტო შოუ - ყველაზე გრანდიოზული საავტომობილო ფორუმი

Geneva 2011

4 მარტი

ტატა პიქსელი

ინდური კომპანია მსოფლიოში უიაფესი ავტომობილითაა ცნობილი. მალე „ნანო“ ევროპის ბაზარსაც ეწვევა და ბუნებრივია, მას მარკეტინგული მხარდაჭერა ესაჭიროება. სწორედ ეს მისია დაეკისრა ჟენევაში წარმოდგენილ კონცეპტუალურ „პიქსელს“, რომელიც თავისი გარეგნობითაც გამოირჩევა და ტექნოლოგიებითაც.
რა თქმა უნდა, ავტომობილი პატარაა. სხვანაირად ვერც იქნებოდა, რადგან ის „ნანოს“ პლატფორმაზეა აგებული. მისი ყველაზე საინტერესო თვისება კი ისაა, რომ პრაქტიკულად ადგილზე მოტრიალება შეუძლია. ამას კი იმის წყალობით ახერხებს, რომ მოხვევისას, გარე რადიუსზე მყოფი ბორბარი მოძრაობის მიმართულებით ბრუნავს, შიდა რადიუსისა კი - საპირისპირო მიმართულებით.

პატარა ავტომობილი სამცილინდრიანი 1.2-ლიტრიანი ტურბოდიზელითაა აღჭურვილი, რომელთანაც უსაფეხური ვარიატორია შეწყვილებული. ძრავის მახასიათებლები არ გამოქვეყნებულა. სამაგიეროდ, ინდური კომპანია ირწმუნება, რომ სხვადასხვა მოწყობილობათა (მეთ შორის, სისტემა სტოპ-სტარტის) და შემცირებული წინააღმდეგობის მქონე საბურავების წყალობით, „პიქსელი“ 100 კილომეტრს 3.4 ლიტრი საწვავით გადის. ატმოსფეროში ყოველ კილომეტრზე გამობოლქვილი CO2-ის მასა კი მხოლოდ 89 გრამია.

Thursday, March 3, 2011

ჟენევა 2011

ჟენევის ავტო შოუ - ყველაზე გრანდიოზული საავტომობილო ფორუმი

Geneva 2011

3 მარტი

სააბ ფინიქსი

შვედური კომპანია არცთუ დიდი ხნის წინ, „ოპელის“ ნათესავი იყო - ორივე კომპანია „ჯენერალ მოტორსში“ შედიოდა, მაგრამ შარშან „სააბს“ ახალი პატრონი გამოუჩნდა სუპერ ავტომობილების მწარმოებელი ჰოლანდიური „სპაიკერის“ სახით. შემდეგ, მისი დიზაინის საქმეები იტალიური წარმოშობის ჯეისონ კასტრიოტას ჩააბარეს, ვინც მანამდე „ბერტონეს“ მთავარი დიზაინერი იყო.

„სააბში“ კასტრიოტას პირველი ნამუშევარია კონცეპტუალური „ფინიქსი“, რომელიც ტროლჰატანელებმა პირველად სწორედ ჟენევაში წარადგინეს. პრეზენტაციაზე ითქვა, რომ „ფინიქსი“ არის ნიმუში იმისა, თუ როგორი (დაახლოებით) იქნება „სააბის“ მომავალი ავტომობილები, პირველ რიგში კი შემდეგი თაობის „სააბ 9-3“.

ახალ სტილს „სააბში“ „აერომოუშნლ“ (აერომოციური) უწოდეს. ანუ, ავტომობილის გარეგნობაში, ჰარმონიულადაა შერწყმული ემოცია და აეროდინამიკური ფორმები. „ფინიქსი“ შესანიშნავი აეროდინამიკური მახასიათებლებით გამოირჩევა - ჰაერის შემხვედრი ნაკადისადმი მისი წინააღმდეგობის კოეფიციენტი სულ რაღაც 0.25-ია. ამ მაჩვენებლის მიღწევაში, დიზაინერებს გვერდითა ელერონები დაეხმარა. ავტომობილში ჩასაჯდმი ფორმულაა 2+2, მისი კარებები კი „ლამბორგინის“ ავტომობილებისათვის დამახასიათებელ სტილში იღება. ეს კი სალონში შესვლას და იქიდან გადმოსვლას აადვილებს.

რაც შეეხება აღჭურვილობას, შვედური კონცეპცია ჰიბრიდული ავტომობილების კლასს მიეკუთვნება. ბენზინზე მომუშავე 1.6-ლიტრიანი ტურბოძრავი (მაქს. სიმძლავრე 200 ცხენის ძალა) თავის მომენტს წინა ბორბლებს აწვდის, ელექტროძრავი კი (34 ცხ.ძ) უკანა ღერძს ატრიალებს. ელექტროძრავი საჭიროების შემთხვევაში, გენერატორის მოვალეობასაც ასრულებს და მუხრუჭების ენერგიას ელექტრულად აგროვებს.

ამ ჰიბრიდული სისტემის დახმარებით, ავტომობილს 100 კილომეტრის გასავლელად 5.0 ლიტრი ბენზინი ჰყოფნის, ყოველი კილომეტრის გავლისას კი ის ატმოსფეროში მხოლოდ 119 გრამ ნახშირორჟანგს გამოჰყოფს.

ფოლკსვაგენ ბული

ეს არის კონცეპტუალური მიკროავტობუსი, რომელსაც ვოლფსბურგელები ალბათ კონვეიერზეც დააყენებენ. ბოლო ხანს, კონცეპტუალური ავტომობილების ელექტრული ძალური დანადგარებით აღჭურვა ტრადიციად იქცა და ამ მხრივ, გამონაკლისი არც „ბულია“.
ამ კლასის ავტომობილის წარმოება „ფოლკსვაგენმა“ 60 წლის წინ დაიწყო და ის მალე ძალიან პოპულარული გახდა. ათი წლის წინ, გერმანულმა კომპანიამ უკვე სცადა მიკროავტობუსის წარმოების განახლება - კონცეპტუალური „ფოლკსვაგენ მიკრობუსი“ შექმნა, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო, საქმე ამაზე შორს ვერ წავიდა. მაგრამ ახლა მის გაცოცხლებას მაინც აპირებს.

უნდა ითქვას, რომ გარეგნულად, „ბული“ ასევე კონცეპტუალური Up!-ს ჰგავს. ოღონდ მასზე დიდია და თავისუფლად იტევს ექვს ადამიანს. ავტომობილი აღჭურვილია ელექტროძრავით, რომლის სიმძლავრეც 85 კილოვატი, მაბრუნი მომენტი კი 270 ნიუტონმეტრია. ძრავს ენერგიით ლითიუმ-იონური აკუმულატორების ბლოკი ამარაგებს, რომლის ტევადობაც 40 კილოვატსაათია. ეს ენერგია კი საკმარისია იმისათვის, რომ ავტომობილმა ერთი დამუხტვით 300 კილომეტრი გაიაროს, რაც თანამედროვე სუფთა ელექტრომობილებისთვის რეკორდული მაჩვენბელია. „ბულის“ მაქსიმალური სიჩქარე 140 კმ/სთ-ია, ადგილიდან 100 კმ/სთ-ის ასაკრეფად კი მას 11.5 წამი სჭირდება.

ამ მიკრობუსის სერიული წარმოება 2014 წელს უნდა დაიწყოს, ოღონდ ის ელექტრომობილი არ იქნება. სერიული ავტომობილი 1.0 და 1.4-ლიტრიანი ტურბოდიზელებით აღიჭურვება.

გაგრძელება იქნება...

ჟენევა 2011

ჟენევის ავტო შოუ - ყველაზე გრანდიოზული საავტომობილო ფორუმი

Geneva 2011

3 მარტი

გაზაფხულის დადგომისთანავე, ჟენევის საგამოფენო კომპლექსმა „პალექსპომ“ კარი წლის მთავარ საავტომობილო შოუს - ჟენევის ავტო შოუს და მის დამთვალიერებლებს გაუღო. დიდი და პატარა კომპანიები, მცირე, თუმცა სახელგანთქმული ატელიეები, ამ შოუს თავიანთი სერიული, თუ კონცეპტუალური ავტომობილების, ახალი ინჟინრული და დიზაინერული იდეების დემონსტრირებისთვის იყენებს.

რას არ ნახავთ „პალექსპოს“ დარბაზებში - ელექტრომობილებს, რომლებიც მალე დაიპყრობენ მთელი მსოფლიოს გზებს; სუპერ ავტომობილებს, რომლებიც გულგრილს არავის ტოვებენ და ყველაზე მეტ დამთვალიერებელს იზიდავენ, თუმცაღა მათი შეძენისთვის საჭირო თანხას ყველა როდი ფლობს; სერიულ მოდელებს, რომლებიც მალე გამოჩნდება დილერთა შოურუმებში; სატუნინგო კომპანიების მიერ დამუშავებულ სერიულ ავტომობილებს, რომელთა უმეტესობასაც, ერთი შეხედვით, გასაუმჯობესებელი არაფერი აქვს; ეგრეთ წოდებულ ფუტურისტულ კონცეპციებს, როგორებსაც არასდროს გამოუშვებენ, თუმცა ისინი მაინც დიდ ინტერესს იწვევენ...

მოკლედ, ჟენევაში სანახავი ბევრია, ყველაფრის დასათვალიერებლად ერთი დღე ალბათ საკმარისიც არაა. ხუმრობა ხომ არ არის - 100-ზე მეტი ექსპონატის ნახვა. რომლით დავიწყოთ, ძალიან ძნელი ასარჩევია. მსოფლიოში ყველაზე იაფფასიანი ავტომობილის ინდოელ მწარმოებელ „ტატას“ კონცეპტუალური „პიქსელით“, თუ „როლს როისის“ პირველი ელექტრომობილით, რომელიც ჯერ მხოლოდ კონცეპტუალური 102EX-ის სახელითაა ცნობილი? ან იქნებ, „ალფა რომეოს“ ულამაზეს კონცეპტუალურ სპორტქარ C4-ით, რომლითაც მილანური მარკა ამერიკაში დაბრუნებას გეგმავს? ჰიბრიდული „პორშე პანამერათი“, „ლამბორგინის“ ახალ ფლაგმან „ავენტადორით“, რომელიც იტალიურმა კომპანიამ ნაწილ-ნაწილ გაგვაცნო, თუ მომავლის ავტომობილებზე „ბეემვეს“ უახლესი „ხედვით“?..

ოპელ ამპერა

ალბათ ლოგიკური დასაწყისია - ჩრდილოეთ ამერიკის წლის საუკეთესო ავტომობილად დასახელებული „შევროლე ვოლტის“ ოდნავ სახეშეცვლილი, ევროპული ვერსია (თუმცა მას ამერიკაში, იმავე ქარხანაში აწარმოებენ, რომელშიც ვოლტს) ბაზარზე წელს გამოვა, მისი ისტორია კი სწორედ ჟენევაში დაიწყო, რადგან იქ მისი მსოფლიო პრემიერა ჩატარდა.

სხვათა შორის, ევროპაში „ვოლტიც“ და „ამპერაც“ გაიყიდება, თუმცა შიდა კონკურენციის გამოსარიცხად, „ჰენერალ მოტორსმა“ გერმანული გაზრდილი სვლის სიშორის მქონე ელექტრომობილის საბაზო ღირებულებად 42 900 ევრო გამოაცხადა. რა თქმა უნდა, ძალიან ძვირია და ამ შემთხვევაში, აკუმულატორების მაღალი ფასი არაფერ შუაშია. თუმცა, სიძვირის მიუხედავად, „ოპელს“ ამ ავტომობილზე უკვე 3 000-ზე მეტი შეკვეთა აქვს მიღებული.

„ამპერას“ ელექტროძრავი 150 ცხენის ძალას და 370 ნიუტონმეტრს იძლევა. ამასთან მაბრუნი მომენტის მაქსიმუმს ძრავის როტორის მობრუნებისთანავე ავითარებს. ავტომობილში ენერგიის დაგროვება ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკში ხდება, რომლის ტევადობაც 16 კილოვატსაათია. მხოლოდ ელექტროძრავით მოძრაობისას, „ამპერა“ 40-80 კილომეტრს გადის, მაგრამ როცა საქმეში შიდაწვის ძრავისა და გენერატორის ტანდემი ერთვება, მაშინ სვლის სიშორე 500 კილომეტრამდე იზრდება. „ამპერას“ მაქსიმალური სიჩქარე 161 კმ/სთ-ია, ადგილიდან 100 კმ/სთ-ის ასაკრეფად მას დაახლოებით 9 წამი ჰყოფნის. საყოფაცხოვრებო ქსელიდან აკუმულატორების სრულად დასამუხტად კი 4 საათია საჭირო.

დაკიდევ, ელექტრომობილს ოთხი განსხვავებული რეჟიმით გადაადგილება შეუძ»ია. ეს რეჟიმებია: ნორმალი, სამთო, სპორტული და საქალაქო. ყველა შემთხვევაში, მართვის ელექტრონული სისტემის მთავარი მიზანი ისაა, რომ ავტომობილმა მაქსიმალური მანძილის გავლა შესძლოს.

გაგრძელება იქნება...

Sunday, February 27, 2011

„ჰიუნდაი i20-მა“ ხუთი ვარსკვლავი მიიღო

Hyundai ix20 awarded maximum 5-star Euro NCAP rating

27 თებერვალი


ორგანიზაცია Euro NCAP-მა (იუროპიენ ნიუ ქარ ესესმენტ პროგრამ - ევროპის ახალი მანქანების შეფასების პროგრამა) ქრეშ-ტესტების მორიგი სერია ჩაატარა, რომლის შემდეგაც, უსაფრთხოებაზე ხუთი ვარსკვლავი მიანიჭა „ჰიუნდაის“ B სეგმენტის მიკროვენ (MPV - მალტი პურპოუს ვიიქლ, ანუ მრავალმხრივი დანიშნულების მანქანა) ix20-ს.

ამგვარად, „ჰიუნდაიix20“ თავისი სეგმენტის იმ უიშვიათეს მოდელთაგანია, რომლის უსაფრთხოების დონეც ხუთი ვარსკვლავით (უმაღლესი შეფასებაა) შეფასდა. ამასთან, ეს კორეული კომპანიის მეოთხე ავტომობილია, რომელმაც ევროპის უმკაცრესი სტანდარტებით, უმაღლესი შეფასება მიიღო. მანამდე ხუთი ვარსკვლავით სუპერმინი ჰეჩბეკი i20, კომპაქტური ჰეჩბეკი i30 და C სეგმენტის (კომპაქტური) უგზოობის ix35 შეფასდა.

ტესტების დროს, „ჰიუნდაი i20“ ხანგრძლივი დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდა. მცირეასაკოვანი მგზავრების დაცვის კატეგორიაში, ავტომობილმა 85-პროცენტიანი შეფასება დაიმსახურა. ზრდასრულთა და ფეხით მოსიარულეთა დაცვის კატგორიებში, ავტომობილმა შედაბამისად, 89 და 64-პროცენტიანი შეფასება მიიღო.

უსაფრთხოების დამხმარე სისტემები 71 პროცენტით შეფასდა ავტომობილის ელექტრონული სტაბილურობის პროგრამისა (ESP) და უსაფრთხოების ღვედების შეკვრის აუცილებლობის შეხსენების სისტემების მუშაობა. დაბოლოს, i20-მა მაქსიმალური შეფასება მიიღო გვერდითა შეჯახებისა და უკნიდან შეჯახებისას, სალონში მყოფთა კისრების დაცვის კატეგორიაში.

„i20-ის ხუთვარსკვლავიანი შეფასება კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ „ჰიუნდაი“ თავისი მომხმარებლების უსაფრთხოებაზე ზრუნვას დიდ ყურადღებას უთმობს. დაუმატეთ ამას მრავალფეროვანი სტანდარტული აღჭურვილობა, ძრავების ფართო არჩევანი და მომსახურების „ხუთწლიანი სამმაგი ზრუნვის“ საგარანტიო პროგრამა და დარწმუნდებით, რომ i20 ღირებული შენაძენია“, - ამბობს „ჰიუნდაი მოტორ იუროპის“ უფროსი ვიცე პრეზიდენტი ალან რაშფორტი.

ცნობისათვის, ევროპის ბაზარზე ეს პატარა ავტომობილი შარშან, ნოემბერში გამოჩნდა და მას შემდეგ, სულ რაღაც სამ თვეში, კორეულმა კომპანიამ მასზე დაახლოებით 32 000 შეკვეთა მიიღო.

Saturday, February 26, 2011

„ვოლვოს“ იკონური კუპე P1800 50 წლისაა

Volvo's Iconic P1800 Turns 50 This Year

26 თებერვალი

ირვ გორდონი თავის ლეგენდარულ ვოლვო P1800-თან
..............................

ამ ავტომობილმა სახელი ტელესერიალ „წმინდანის“ მეშვეობით გაითქვა, ფილმისა, რომელშიც მას სახელოვანი როჯერ მურის გმირი მართავდა. ამბობენ, მსახიობს „ვოლვოს“ სპორტული ავტომობილი იმდენად მოეწონა, რომ ერთი თვითონაც იყიდაო.

„ვოლვო P1800-ის“ პრემიერა ბრიუსელის 1960 წლის ავტო შოუზე შედგა, ერთი წლის შემდეგ კი მისი წარმოებაც დაიწყო. 12 წლის განმავლობაში, შვედურმა კომპანიამ დაახლოებით 46 000 ცალი P1800 და მისი რამდენიმე ვერსია გამოუშვა.

სხვათა შორის, „წმინდანის“ პროდიუსერებს თავიდან ფილმში „იაგუარის“ ლეგენდარული E-ტაიპის გადაღების სურვილი ჰქონიათ, მაგრამ ინგლისურმა კომპანიამ ისინი გაწბილებულები დატოვა - მისი ხელმძღვანელობის განცხადებით, ფილმში გამოჩენით, E-ტაიპი უფრო პოპულარული მაინც ვეღარ გახდებოდა. „ვოლვომ“ კი შანსი ხელიდან არ გაუშვა და ფილმის პროდიუსერებს თანხმობით უპასუხა.

ამ ავტომობილმა სახელი უფრო თავისი ერთ-ერთი მფლობელის, ამერიკელი ირვ გორდონის (ფოტოზე თავის P1800-თან) წყალობით გაითქვა. ამ კაცს ის 45 წელია ემსახურება და ამ დროის განმავლობაში, მათ ერთად 4.5 მილიონი კილომეტრი აქვთ გავლილი. თანაც ისე, რომ ძრავი, ტრანსმისია და ღერძები ერთხელაც არ შეუცვლიათ (!).

ამ შესანიშნავი ავტომობილის იუბილეს აღსანიშნავად, „ვოლვო“ მონაწილეობას მიიღებს ქალაქ ესენის (გერმანია) შოუ „ტექნოკლასიკაში“, სადაც თავის პავილიონში P1800-ის ექვს სპეც ვერსიას წარადგენს. ესენია X1 - პირველი პროტოტიპი, სულ პირველი P1800, რომელიც ბრიტანეთშია გამოშვებული, რალისთვის მომზადებული P1800S, რომელიც 1863 წელს შეიქმნა, კაბრიოლეტი „1800S ვოლვოვილი“, რომელიც აშშ-ში 1966 წელს დამზადდა, ასევე 1971 წლის 1800E და იმავე წლის 1800ES.

დი მონტეძემოლო მარკიონეზე ძვირად ფასობს

Ferrari CEO Made Twice as Much as Fiat Group CEO Sergio Marchionne

26 თებერვალი

დი მონტეძემოლო (მარცხნივ) და მარკიონე

..............................

ცნობილი ამბავია, რომ ავტოინდუსტრიის მაღალი თანამდებობის აღმასრულებლები ზღაპრულ ჰონორარებს იღებენ და ამ მხრივ, არც „ფიატ-ის“ ხელმძღვანელები არიან გამონაკლისნი, თუმცა ამ შემთხვევაში ერთი მცირე შეუსაბამობა არსებობს. კერძოდ ის, რომ იტალიური საავტომობილო ჯგუფის მთავარ აღმასრულებელ სერჯო მარკიონეს გაცილებით ნაკლები ანაზღაურება აქვს, ვიდრე ჯგუფის გამორჩეული წევრის - „ფერარის“ შეფ ლუკა დი მონტეძემოლოს.

თავად განსაჯეთ, მიუხედავად იმისა, რომ „ფერარიმ“ ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ხელიდან ბოლო რბოლაში გაუშვა და ისიც ხელმძღვანლობის ტაქტიკური შეცდომის წყალობით, „ფიატ-მა“ დი მონტეძემოლოს მაინც 8.7 მილიონი ევრო (დაახლოებით 12 მილიონი დოლარი) გადაუხადა. და ეს მაშინ, როდესაც მარკიონეს ჰონორარებმა საერთო ჯამში, 3.5 მილიონი ევრო შეადგინა.

თავისი ჯამაგირის დიდი წილი, კერძოდ კი 7.549 მილიონი ევრო, დი მონტეძემოლომ „ფერარის“ ხელმძღვანელობისთვის დაიმსახურა. დანარჩენი თანხა მან იმისთვის მიიღო, რომ გასული წლის დასაწყისში, „ფიატ-ს“ ედგა სათავეში. საერთოდ, ეს პოსტი მას 2004 წლიდან ეკავა. რაც შეეხება მარკიონეს შემოსავალს, 3.05 მილიონი ევრო მას „ფიატ-ის“ მართვისთვის ერგო, დანარჩენი თანხა კი ტურინული კონცერნის შვეიცარული ბიზნესის წარმართვისთვის გადაუხადეს.

რა თქმა უნდა, „ფერარის“ მართვა გაცილებით იოლია, ვიდრე „ფიატ-ის“ უზარმაზარი ჯგუფისა. თანაც, მარკიონე უკვე „კრაისლერსაც“ ხელმძღვანელობს. რაც შეეხება კონცერნის დანარჩენ აღმასრულებლებს, მესამე ყველაზე დიდი ანაზღაურება „ფიატ-ის“ აღმასრულებელ ჯონ ელკანს ჰქონდა. ანიელების ოჯახის შთამომავალმა სულ 589 000 ევრო მიიღო. დანარჩენი აღმასრულებლების ჯამაგირი კი ამათთან მოსატანიც არაა - ისინი 65-95 ათას ევროს ღებულობენ.

„ვოლვო“ 11 მილიარდი დოლარის ინვესტირებას გეგმავს

Volvo Planning to Invest $11 Billion in Five Years

26 თებერვალი

პეკინში ჩატარებულ პრესკონფერენციაზე, ჩინელთა ხელში გადასულმა შვედურმა კომპანია „ვოლვო ქარზმა“ თავისი ახალი სამოქმედო გეგმა გამოაქვეყნა, რომლის შესაბამისადაც, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში, 11 მილიარდი დოლარის ინვესტირებას გეგმავს. ამ გეგმის შესაბამისად, კომპანია ჩინეთის ქალაქ ჩენდუში ახალ ქარხანას ააშენებს. ამასთან, ჯერაც განიხილება ჩინეთის ჩრდილო აღმოსავლეთის ქალაქ დაქინში მეორე ქარხნის მშენებლობის საჭიროება.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ „ვოლვო ქარ კორპორეიშნისთვის“, ჩინეთი მეორე საშინაო ბაზარია. აქ დამკვიდრებას ჩვენთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს და ბუნებრივია, ჩვენს გეგმებში ჩინეთს პრიორიტეტული ადგილი უკავია“, - პრესკონფერენციაზე განაცხადა „ვოლვო ქარ კორპორეიშნის“ პრეზიდენტმა და მთავარმა აღმასრულებელმა სტეფან ჯეკობიმ.

სტეფან ჯეკობი

..............................

ჩინეთი უკვე მსოფლიოს უდიდესი საავტომობილო ბაზარი და მსოფლიოს მეორე უდიდესი ეკონომიკაა. ბუნებრივია, ყველა ავტომწარმოებელი იქ დამკვიდრებას და იქაური ბაზრის რაც შეიძლება დიდი წილის მოპოვებას ცდილობს. „ვოლვოს“ შემთხვევაში, ცისქვეშეთში გააქტიურება მით უფრო მოსალოდნელი იყო, რომ მისი ახალი მფლობელი ჩინური კომპანია „ჯილია“, რომლის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ლი შიფუც, ასევე ესწრებოდა „ვოლვოს“ პეკინურ პრესკონფერენციას. შიფუ იმედოვნებს, რომ ათ წელიწადში „ვოლვოს“ გაყიდვები 800 000-მდე გაიზრდება. და, რა თქმა უნდა, ამ მიზნის მიღწევაში, ჩინეთმა დიდი როლი უნდა შეასრულოს.

ჯეკობის იმედი აქვს, რომ ჩინური ქარხნის მიერ გამოშვებული ავტომობილების ყველაზე დიდი მუშტარი სახელმწიფო დაწესებულებები იქნება. და, რა თქმა უნდა, ჩინეთში წარმოებული ავტომობილები ექსპორტზეც უნდა გავიდეს. ამაში კი „ვოლვოს უსაფრთხო, უმაღლესი კლასის ავტომობილების მწარმოებლის რეპუტაცია, ძლიერ გამოადგება.

ლი შიფუ

..............................

ჯეკობი აცხადებს, რომ ჩინეთში ექსპანსიის გადაწყვეტილება უარყოფითად არ იმოქმედებს „ვოლვოს“ რეპუტაციაზე და შვედური კომპანია კვლავაც შეძლებს ევროპასა და სხვა რეგიონების ბაზრებზე პოზიციების შენარჩუნებას, მომავალში კი გაყიდვების გაზრდასაც.

ჩენდუს ქარხანაში მხოლოდ „ვოლვოს“ ავტომობილებს გამოუშვებენ. მისი წლიური წარმადობა 100 000 ავტომობილი იქნება. ქარხანა მწყობრში 2013 წელს უნდა ჩადგეს. პარარელურად, სრული დატვირთვით მუშაობას გააგრძელებს შვედეთსა და ბელგიაში მოქმედი ქარხნები.

შვედურმა კომპანიამ, რომელიც „ჯილიმ“ შარშან „ფორდისგან“ გამოისყიდა, ასევე გამოაცხადა, რომ მისი ჩინური მთავარი ოფისი და კვლევისა და პროდუქციის განვითარების, ასევე შესყიდვების დიზაინის ცენტრი, შანჰაიში განლაგდება. ამასთან, „ვოლვო ქარ ჩაინა“ და „ვოლვოს“ შვედური კვლევისა და განვითარების ცენტრი, ელექტრომობილებისა და ჰიბრიდული ავტომობილების შექმნაზე ერთობლივად იმუშავებენ.

„ვოლვომ“ შარშან ჩინეთში 30 500-ზე მეტი ავტომობილი გაჰყიდა. შვედური კომპანია იმედოვნებს, რომ ხუთ წელიწადში გაყიდვებს 200 000-მდე გაზრდის. ამისათვის კი, ქვეყანაში მისი სადილერო ქსელი უნდა გაორმაგდეს. თუ დღეს ცისქვეშეთში შვედური კომპანიის ავტომობილებს 106 დილერი ჰყიდის, მალე მათი რიცხვი 200-ს ასცდება. რაც შეეხება გლობალურ ბაზარს, შარშან „ვოლვომ“ მთელს მსოფლიოში 373 525 ავტომობილი გაჰყიდა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 11.2 პროცენტით მეტია.

Thursday, February 24, 2011

„ფორდმა“ უკვე მილიონზე მეტი „ფიესტა“ გამოუშვა

Over One Million Ford Fiestas Have Been Produced

24 თებერვალი

28 თვეა გასული მას შემდეგ, რაც „ფორდმა“ სუბკომპაქტურ ჰეჩბეკ „ფიესტას“ წარმოება დაიწყო და მთელს მსოფლიოში მიმოფანტულმა მისმა ქარხნებმა, B სეგმენტის ეს ავტომობილი უკვე მილიონზე მეტი გამოუშვეს.

უფრო მეტიც, ბოლო ორი წლის განმავლობაში, „ფიესტა“ ევროპული ბაზრის B სეგმენტის უცვლელი ლიდერი და „ფორდის“ საწარმოო პროგრამაში ყველაზე გაყიდვადი ავტომობილია. მისი დებიუტის დღიდან, მთელს მსოფლიოში სულ 1 140 000 „ფიესტაა“ გაყიდული.

„ფორდმა“ ჰეჩბეკ „ფიესტას“ წარმოება 1976 წელს დაიწყო და მას შემდეგ, 14 მილიონზე მეტი გამოუშვა. ევროპაში ამ სუბკომპაქტურ ავტომობილს ორი - კიოლნისა (გერმანია) და ვალენსიას (ესპანეთი) ქარხანა აწარმოებს. გარდა ამისა, მას ასევე ნანძინში (ჩინეთი), რაიონგში (ტაილანდი) და კუაუტიტლანში (მექსიკა) აწარმოებენ. ამასთან, „ფიესტა“ 100-ზე მეტ ქვეყანაში (მათ შორის, საქართველოშიც) იყიდება.

„მკაფიოდ გამოძერწილი“, „მოძრავი მუსკულატურა“ და „ხმოვანი ათლეტიზმი“ - ამ ეპითეტებით ამკობს „ფიესტას“ დიზაინის ფილოსოფიას „ფორდის“ აღმასრულებელი დირექტორი მარტინ სმითი, ვინც კომპანიის დიზაინის განყოფილებას განაგებს. ამ ავტომობილის გარეგნობა სრულად შეესაბამება ცისფერი ოვალის ახალ კორპორატიულ სტილს, რომლის მთავარი ამოსაცნობი ნიშანი მისი რადიატორის ბადეა, რომელსაც ტრაპეციის ფორმა აქვს. ამასთან, გაზრდილია „ფორდის“ ოვალური ემბლემაც.

რაც შეეხება ახალ კორპორატიულ სტილს, ის „კინტიკური დიზაინის“ სახელითაა ცნობილი და პირველად კონცეპტუალურ „ვერვზე“ გამოიყენეს, რომელიც შემდგომში „ფიესტად“ მოგვევლინა. ეს სტილი მარტო ექსტერიერის კი არა, ინტერიერის ფორმებსაც განსაზღვრავს.

„ფიესტასთვის“ ძრავების ფართო გამაა გათვალისწინებული, რომელთაგან ოთხი ბენზინზე მუშაობს (სერია დურატეკი) და თითოეულს 16 სარქველი აქვს. კიდევ ორი ძრავი დიზელისაა (დურატორკ TDCi). ყველა ძრავი ეკონომიურობითაც გამოირჩევა და ისინი ატმოსფეროს მცირე რაოდენობით ნახშირორჟანგით აბინძურებენ.

Tuesday, February 22, 2011

„ჯუჯაროს“ ორი კონცეპცია „ფოლკსვაგენისთვის“

Italdesign Giugiaro's Geneva-Bound Volkswagen Concept Cars

22 თებერვალი

ჯუჯაროს კუპე

..............................

იტალიურმა დიზაინ სტუდია „იტალდიზაინ ჯუჯარომ“, რომელიც „ფოლკსვაგენის“ ჯგუფში ერთი წლის წინ შევიდა, ჟენევის ავტო შოუსთვის, გერმანული კომპანიის ბრენდით, ორი კონცეპტუალური ავტომობილი მოამზადა. მათგან ერთი კომპაქტური კუპეა, მეორე კი - ჰეჩბეკი.

ამ ორი ავტომობილის შესახებ, ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. ამ ეტაპზე ცნობილია მხოლოდ ის, რომ ისინი ელექტროძრავებითაა აღჭურვილი. სამაგიეროდ, მათი ესკიზების ფოტოები, საინტერნეტო გამოცემა „ავტობლოგის“ ესპანურმა ვერსიამ მოიპოვა და გამოაქვეყნა.

ჯუჯაროს ჰეჩბეკი

..............................

საერთო ჯამში, „ფოლკსვაგენს“ ჟენევურ გამოფენაზე შვიდი კონცეპტუალური ავტომობილი ექნება, რომლებსაც დამთვალიერებელი „სეატის“, „შკოდას“, „აუდის“ და საკუთრივ „ფოლკსვაგენის“ ბრენდებით იხილავს. ამ შვიდეულიდან, ბოლოს ჩეხური კომპანიის კონცეპტუალური ავტომობილის პრემიერა გადაწყდა, ავტომობილისა, რომლის სახითაც, „შკოდას“ ახალი კორპორატიული სტილის ნახვა შეიძლება.

უფრო მეტიც, „ფოლკსვაგენის“ მთავარი დიზაინერი ვალტერ დე სილვა გვპირდება, რომ შვიდივე ავტომობილში შესაბამისი კომპანიების ახალი სტილია ასახული. ოღონდ, ჯერ ცნობილი არაა, ამ შვიდეულში შედის თუ არა „ჯუჯაროს“ კონცეპტუალური ავტომობილები.

ცნობისათვის, მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, „ფოლკსვაგენს“ წარმოების მოცულობის გასაზრდელად და ახალი ავტომობილების გამოსაშვებად, 52 მილიარდი ევროს ინვესტირება აქვს დაგეგმილი. ყოველივე კი ვოლფსბურგულ გიგანტს, იმ გეგმის განხორციელებაში უნდა დაეხმაროს, რომლის შესაბამისადაც, 2018 წელს ის მსოფლიო ავტოინდუსტრიის ლიდერი გახდს.