Sunday, August 2, 2009

ჯეი ლენოს ”ეკოჯეტი” გზაზე გამოდის

Jay Leno's EcoJet

2 აგვისტო

ჯეი ლენო ღავის ”ეკოჯეტთან”


ჯეი ლენო არამარტო იმითაა ცნობილი, რომ პოპულარული ტელეგადაცემა, ”ღამის შოუ ჯეი ლენოსთან ერთად” მიჰყავს, არამედ იმითაც, რომ ანტიკვარული და უჩვეულო კონსტრუქციის მქონე ავტომობილების მდიდარ კოლექციას ფლობს. და კიდევ იმით, რომ მიღწეულს არასდროს სჯერდება.

სამი წლის წინ, მისი შეკვეთით, ”ჯენერალ მოტორსმა” უჩვეულო კონცეპტუალური ავტომობილი ”ეკოჯეტი” მოამზადა და ლას ვეგასის საავტომობილო შოუზე გამოფინა. მაგრამ ის ავტომობილი არ გადაადგილდებოდა, დამთვალიერებელს კი მასზე იმას უყვებოდნენ, რაც პროექტს საფუძვლად დაედო. მაგრამ ლენომ არ ისურვა თავისი ჩანაფიქრის შუა გზაზე მიტოვება და თავისი ავტოფარეხის (რომელიც ბედ დოგ გარაჟის სახელითაა ცნობილი) მთავარ მექანიკოს ბერნარდ ჯუჩლისთან ერთად, პროექტის ბოლომდე მიყვანა გადაწყვიტა. რა თქმა უნდა, ამ საქმეში მას გვერდზე კვლავ ”ჯენერალ მოტორსი” და ამავე კომპანიის მთავარი დიზაინერი ედ უელბურნი დაუდგნენ.

”ჩვენ გვინდოდა, ავტომობილების ახალგაზრდა ენთუზიასტებისთვის გვეჩვენებინა, რომ არაა აუცილებელი, გარემოსადმი მეგობრული ავტომობილი ყოველთვის ”პრიუსს” ჰგავდეს”, - ამბობს ლენო, რომელმაც საქმის დასაწყისში, ესკიზების ერთგვარი კონკურსი ჩაატარა და ნამუშევრებიდან ის აირჩია, რომელზეც ერთ-ერთი ყველაზე ექსტრემალური და აგრესიული გარეგნობის მქონე ავტომობილი იყო გამოხატული.

პროექტზე მუშაობის დაწყებამდე კი შემკვეთმა ”ჯენერალ მოტორსის” ჩრდილოეთ ჰოლივუდის (კალიფორნია) მოწინავე პროექტების პერსონალს მთავარი პირობა გააცნო - ავტომობილს ბიოდიზელზე მომუშავე რეაქტიული ძრავი უნდა ჰქონოდა!

ავტომობილის ბაზისად, ”შევროლე კორვეტ Z06-ის” შასია გამოყენებული. რა თქმა უნდა, შასის მოდერნიზება დასჭირდა, რათა მასზე რეაქტიული ძრავის დადგმა ყოფილიყო შესაძლებელი. მოდერნიზებისას, ძირითადად ალუმინია გამოყენებული. ძარა კი ნახშირბადისა და კევლარის ქსოვილების კომპოზიციური მასალისგანაა დამზადებული. რაც შეეხება ძრავს, ის კომპანია ”ჰონიუელის” (LT-101) წარმოებისაა და 650 ცხენის ძალას იძლევა. ძრავთან კი ”შევროლე კორვეტისვე” ავტომატური კოლოფია შეწყვილებული.

ლენოს რეაქტიულ ავტომობილს უკვე ჩაუტარდა პირველი ჩქაროსნული ტესტი, რომლის დროსაც, მან 250 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე განავითარა. მართალია, ის მსგავსი მონაცემების მქონე ავტომობილებზე მეტ საწვავს მოიხმარს, მაგრამ ლენო თავს იმით იმშვიდებს, რომ ავზში განახლებადი წყაროსგან მიღებული საწვავი უსხია.

”ლოს ანჯელესში ხალხს ჰგონია, რომ სწრაფი ავტომობილები მაინცდამაინც, გარემოს უნდა აბინძურებდეს. მე ამ მანქანით ხშირად სიარულს ვაპირებ, რათა ყველას დავანახო, რომ ასე არ არის და რომ სუფთა მანქანითაც შეიძლება თავის მოწონება”, - ამბობს ლენო.

”ნისან ქაზანა” ელექტრომობილიც იქნება

Nissan Qazana

2 აგვისტო

ნისან ქაზანა

ნისან ნუვუ

....................................................................

ოთხი წლის შემდეგ ”ნისანი” ორი ახალი ელექტრომობილის წარმოებას დაიწყებს, რომელთაგან ერთის ბაზისად კომპაქტურ ქროსოვერ ”ქაზანას” გამოიყენებს, მეორისად კი - მიკროლიტრაჟიან ”ნუვუს”. უფრო ადრე, კერძოდ მერმის, იაპონური კომპანია თავის ისტორიაში პირველი სერიული ელექტრომობილის წარმოებას შეუდგება.

ელექტრომობილების წარმოების დაწყებამდე, ”ნისანი” მთელს მსოფლიოში, ლითიუმ-იონური აკუმულატორების მწარმოებელ შვიდ ქარხანას ააშენებს, რომელთაგან თითოეულის წლიური წარმადობა აკუმულატორების 50 000 ბლოკი იქნება.

ინგლისურ ჟურნალ ”აუტოქარის” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, C-სეგმენტის ელექტრულ ჰეჩბეკს, რომლის წარმოებაც მერმის უნდა დაიწყოს, თითქმის ისეთივე ფასი ექნება, როგორიც მის შიდაწვისძრავიან ვარიანტს აქვს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მასზე მაღალი მოთხოვნილებაა მოსალოდნელი. ამის გამო, ”ნისანი” მას წლიურად 200 000 ცალს დაამზადებს.

”ნუსანის” დაუსახელებელი წყარო ამბობს, რომ პრობლემაა ჯუჯა ”ნუვუში” საკმარისი რაოდენობით აკუმულატორების ჩატევა. რაც შეეხება ”ქაზანას”, მისი შიდაწვისძრავიანი ვერსიის პრემიერა მერმის, ჟენევის ავტო შოუზე იგეგმება, რასაც მისი გაყიდვების დაწყება უნდა მოჰყვეს. მასთან ერთად, ევროპულ ბაზარს ინდოეთიდან განახლებული ”მიკრაც” ეწვევა.

ახალი ”ქაზანას” შესახებ, ამ ეტაპზე ბევრი არაა ცნობილი. თუმცა, იაპონურ კომპანიაში არ მალავენ, რომ გარეგნულად ეს ქროსოვერი, ამავე სახელწოდების მქონე კონცეპტუალურ ავტომობილს დაემსგავსება, რომლიც პირველად ჟენევის წლევანდელი ავტო შოუს დამთვალიერებელმა იხილა.

Saturday, August 1, 2009

”კუმჰო ფორტისი” – უგზოობის ელექტრომობილი საბურავების მწარმოებლისგან

Kumho Fortis

1 აგვისტო





სამხრეთკორეული კომპანია ”კუმიო” (ან კუმჰო) საბურავების წარმოებითაა ცნობილი და ავტომობილების წარმოება არასდროს უცდია. მაგრამ რატომღაც, ცოტა ხნის წინ, კონცეპტუალური ავტომობილის შექმნა გადაწყვიტა და ეს საქმე ცნობილ ბრიტანელ კონსტრუქტორ რობ დოლტონს დაავალა, რომელსაც ქოვენტრის უნივერსიტეტის დიზაინის ფაკულტეტი აქვს დამთავრებული და საავტომობილო დიზაინში განსაკუთრებით, ”ფიატ-ში” მუშაობისას გაიწაფა.

თავიდანვე უნდა ითქვას, რომ ”კუმჰომ” დოლტონს უგზოობის ავტომობილის შექმნა თავისი ახალი კონცეპტუალური საბურავის სადემონსტრაციოდ შეუკვეთა. პარალელურად, კონსტრუქტორს უნდა ეჩვენებინა, რომ ნახმარი საბურავების გადამუშავებით მიღებული პროდუქტის ავტოინდუსტრიაში ფართოდ გამოყენება შეიძლება.

დოლტონის ქმნილება, სახელად ”კუმჰო ფორტის”, უგზოობის სამკარიანი ავტომობილია, ისეთი, როგორიც კონსტრუქტორის აზრით, მომავლის ქროსოვერები უნდა იყოს. ავტომობილის მამოძრავებელ ძალას ოთხი ელექტროძრავი გამოიმუშავებს, რომლებიც შასიზე, თითო ყოველი ბორბლის გასწვრივაა დამონტაჟებული. ყოველი ძრავის სიმძლავრე 100 ცხენის ძალას აღწევს.

”ფორტისი” უცნაური გარეგნობით გამოირჩევა. ელეგანტურობით ნამდვილად ვერ დაიკვეხნის, თუმცა ყურადღებას იმით იმსახურებს, რომ მისი ძარის რამდენიმე დეტალი (ბამპერის სექციები, ორივე კარი, კაპოტი, წინა ფრთები და უკანა კარიც) საბურავების გადამუშავებით მიღებული პლასტიკური მასითაა დამზადებული.

ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს (ოთხი ძრავი ამდენივე ბორბალზე), რომ ”ფორტისი” სრულმოდებიანი ავტომობილია. თუმცა, მისი კონსტრუქცია იმის შესაძლებლობასაც იძლევა, რომ წამყვანი მხოლოდ წინა, ან უკანა ბორბლები იყოს. ”კუმჰო” გვამცნობს, რომ ელექტროძრავები ენერგიას ლითიუმ-იონური აკუმულატორების ბლოკისგან ღებულობენ. ამასთან, კორეული კომპანია ავტომობილში ენერგიის დამატებითი წყაროს განთავსებასაც აპირებს. ოღონდ, კონკრეტულად რომელის, ამაზე ჯერჯერობით სდუმს.

დაბოლოს, იმაზე, თუ რისთვის შეიქმნა პროექტი - რა თქმა უნდა, საბურავებზე. ”კუმჰოს” საბურავის ახალი ტექნოლოგია ჯერ მხოლოდ იდეაში არსებობს. კერძოდ, ის უნივერსალური უნდა იყოს - უნდა ჰქონდეს როგორც სწორ გზაზე, ასევე უგზოობაზე მოძრაობისთვის საჭირო თვისებები. ამაში კი მას ლითონის ფირფიტები დაეხმარება, რომლებიც საბურავის პროტექტორზე მაშინ გამოჩნდება, როდესაც ავტომობილი უგზოობაზე იმოძრავებს. სწორ გზაზე გადასვლის შემთხვევაში კი საბურავი ამოიბრება, ისე, რომ ლითონის ფირფიტები რეზინმა დაფაროს. ამგვარად, გზის საფარის გაუარესების შემთხვევაში, საჭირო აღარ იქნება საბურავების შეცვლა.

როგორც საბურავების, ისე ”ფორტისის” კონცეპცია ჯერჯერობით მხოლოდ კომპიუტერში არსებობს, თუმცა კორეული კომპანია მათ ბოლომდე დამუშავებას და დიდ გამოფენებზე ჩვენებას გეგმავს.

Friday, July 31, 2009

მანქანა ”სიტროენის” ტანით და ”ფერარის” გულით

Citroen-Ferrari

31 ივლისი


თუ გინახავთ ისეთი ქროსოვერი, ან მინივენი, რომელიც ”სიტროენის” ლეგენდარულ ფურგონ 2CV-ს ბაზაზეა დამზადებული, მის კაპოტქვეშ კი ”ფერარის” მძლავრი ძრავი მუშაობს? 35 წლის ნიკოლო ლამბერტის და 51 წლის მილკო დალა კოსტას, როცა ისინი ძველ ”ფერარი 335 ბერლინეტას” ყიდულობდნენ, ასეთი გიჟური იდეა ჯერ არ ამოძრავებდათ. მერე კი გადაწყვიტეს, ავტოსამყარო გაეკვირვებინათ და საქმესაც შეუდგნენ.

იტალიელ ენთუზიასტებს რალის საკუთარი გუნდი ”ნიმიკ-ი” ჰყავთ და რბოლებზე ხშირი მოგზაურობის გამო, თავიანთ მომავალ შედევრზე მუშაობის შეწყვეტა უწევდათ, რის გამოც, საქმეს ხუთი წელი მოანდომეს. დღეს კი რიგიანად არც იციან, რა უყონ ავტომობილს, რომელიც გარეგნულად ”სიტროენ 2CV-ს” ჰგავს და 290 კმ/სთ სიჩქარეს ავითარებს.

ბარემ იმასაც გეტყვით, რომ ავტომობილი, რომელსაც სახელიც არ აქვს, ადგილიდან 100 კმ/სთ-ს აკრეფას ხუთ წამზე ნაკლებში ახერხებს, ამაში კი მას ”ფერარის” V8 ძრავი ეხმარება, რომლის მაქსიმალური სიმძლავრეც 400 ცხენის ძალაა. ეს აგრეგატი ავტომობილის ბაზაში, ორად-ორი სავარძლის უკანაა მოთავსებული და მის მიერ გამომუშავებულ მაბრუნ მომენტს (ფერარისვე ტრანსმისიის გავლით) უკანა წამყვან ბორბლებს აწვდის.

წარმოიდგინეთ, რა მოუვიდოდა სიფრიფანა შასის, რომელიც სულ რაღაც 12-ცხენისძალიან ძრავზეა გათვლილი. რა თქმა უნდა, მან გაძლიერება მოითხოვა და იტალიელმა ენთუზიასტებმაც ეს მოთხოვნა შეასრულეს. პირველ რიგში, მათ მზიდი ჩარჩო გააძლიერეს, შემდეგ ის გააფართოვეს და ბაზაც დაუგრძელეს.

უცვლელი დარჩა 2CV-ს რადიატორის საფირმო ჰაერამღები, კაპოტი და წინა საქარე მინა. სამაგიეროდ, ორივე კარის უკან, ზორბა ლაყუჩები გამოჩნდა, რომლებიც ძრავის სეგმენტს ”სასუნთქი” გრილი ჰაერით ამარაგებენ.

”ამ მანქანის შექმნას ამდენი დრო მოვანდომეთ და ამჟამად არც ვიცით, რა ვუყოთ. ჯერჯერობით, სიამოვნებას იმით ვღებულობთ, რომ ყველგან ყურადღების ცენტრში ვექცევით. მაგრამ თუ გამოჩნდება ისეთი ვინმე, ვინც საინტერესო ფასს შემოგვთავაზებს, შეიძლება მივყიდოთ კიდეც”, - ამბობს ლამბერტი და დასძენს:

”როცა ”ფერარის” ყიდვა გადავწყვიტეთ, წარმოდგენაც არ გვქონდა, რაში უნდა გამოგვეყენებინა. მაგრამ, ჩვენი გიჟური აზრების გამო, დარწმუნებული ვიყავით, რომ ადრე თუ გვიან, საინტერესო იდეა მოგვაკითხავდა. მერე კი სადღაც 2CV ვნახეთ და მილკომ, ვინც ”სიტროენის” კოლექციონერია, მითხრა, რომ ეს ორი ავტომობილი შეგვეწყვილებინა. ჩვენც მაშინვე შევუდექით საქმეს”...

”ბეემვე” ფრანკფურტის ოკუპაციას ამზადბს

BMW at Frankfurt Auto Show

31 ივლისი

ფრანკფურტის ავტო შოუს დაწყებამდე რამდენიმე კვირა რჩება, ”ბეემვეს” კი უკვე მზად აქვს იქ გამოსაფენი ექსპონატები. თანაც, წელს პირველად მოხდება, რომ ბავარიული კომპანია თავისი სამივე ბრენდის - ”ბეემვეს”, ”მინის” და ”როლს როისის”, ავტომობილებს ერთ დარბაზში მოუყრის თავს.

საკუთრივ ბავარიელთა პავილონში შესაძლებელი იქნება ორი ჰიბრიდული ავტომობილის - ტექნოლოგია ”ექტივჰიბრიდის” მიხედვით შექმნილი მე-7 სერიის სედანისა და სპორტულ ქროსოვერ X6-ის (სურათზე), ასევე მე-5 სერიის GT-სა და X1-ის საწარმოო ვერსიების ხილვა.

და, რაც მთავარია, ბავარიული კომპანია, ფრანკფურტის ავტო შოუს დამთვალიერებლებს პირველად უჩვენებს ეკოლოგიური (მწვანე) სპორტული ავტომობილის კონცეპტუალურ ვერსიას. თუ ზემოთ ჩამოთვლილი ავტომობილების შესახებ, მთელს მსოფლიოში ყველამ უკვე ყველაფერი იცის - მათ შესახებ ბევრი დაიწერა, ”მწვანე სპორტული კონცეპციის” შესახებ ავტოსპორტულმა სამყარომ ორიოდ დღის წინ შეიტყო და ფრანკფურტში მის გამოჩენას ყველა მოუთმენლად დაელოდება.

”მინი” წელს დაარსებიდან 50 წლის იუბილეს აღნიშნავს და ბუნებრივია, ფრანკფურტში, მის სტენდზე, მთავარი თემა სწორედ ეს იქნება. ამასთან დაკავშირებით, ინგლისური კომპანიის სტენდზე დამთვალიერებელს ”მინის” სპეც ვერსიები - ”მინი 50 ქემდენი” და ”მინი 50 მეიფაიერი” დახვდებიან.

დაბოლოს, ”როლს როისი”. ამ კომპანიის სამოდელო გამაში მალე მეორე ავტომობილი - ”გოუსტი” გამოჩნდბა და მისი პირველად ხილვა სწორედ ფრანკფურტში იქნება შესაძლებელი. მას კი მხარს ”ფანტომი” და მის ბაზაზე დამზადებული მოდიფიკაციები (გრძელბაზიანი ფანტომი, კაბრიოლეტი დროპჰედ კუპე და ფანტომ კუპე) დაუმშვენებენ.

”ფიესტა კუპე”, თუ ახალი ”პუმა”?

Ford Puma

31 ივლისი

ახალი ”ფორდ ფიესტა” მეტად წარმატებული ავტომობილია, თითქმის ყველა ბაზარზე, სადაც კი იყიდება, ბესტსელერთა სიაშია და ბუნებრივია, ამერიკული კომპანია ამ წარმატების გამოყენებას ცდილობს - მის ბაზაზე განსხვავებული ძარებით სხვა ავტომობილების გამოშვებასაც აპირებს.

მათ შორის, პირველი ორკარიანი კუპე იქნება, რომელიც ავტომოყვარულებს ერთ დროს მეტად პოპულარულ მინი კუპე ”პუმას” გაახსენებს. ამ პატარა სპორტული ავტომობილის წარმოება 2001 წელს შეწყდა, რის შემდეგაც, მისი თაყვანისმცემლები მოუთმენლად ელიან ბაზარზე ახალი ”პუმას” გამოჩენას.

ჯერ არავინ იცის, ახალი ”ფიესტას” ბაზაზე დამზადებულ კუპეს ”პუმას” დაარქმევენ, თუ ”ფიესტა კუპეს”. ჯერჯერობით, ამ ავტომობილზე მხოლოდ ვარაუდების დონეზე თუ შეიძლება ლაპარაკი, რადგან ”ცისფერი ოვალი” მის შესახებ მცირე ინფორმაციასაც არ ავრცელებს. ვარაუდებით კი იმის თქმა შეიძლება, რომ ”ფიესტა კუპე” იმავე ძრავებს მიიღებს, რომლებიც ჰეჩბეკზე გამოიყენება.

საბაზო ვერსია 1.4-ლიტრიანი ბენზინის ძრავით აღიჭურვება, რომლის მაქსიმალური სიმძლავრეც 95 ცხენის ძალას აღწევს. ძრავების გამაში ასევე 1.6-ლიტრიანი ბენზინის (118 ცხენის ძალით) და 1.4 და 1.6-ლიტრიანი TDCi დიზელის აგრეგატები შევა. ტოპ ვერსია კი ბენზინის 1.6-ლიტრიან ძრავს მიიღებს, რომლის სიმძლავრეც 178 ცხენის ძალას აღწევს. ეა აგრეგატი ახლა შემუშავების სტადიაშია და მას ალბათ C-MAX-სა და შემდეგი თაობის ”ფოკუსზეც” გამოიყენებენ.

ინტერიერშიც, ჰეჩბეკ და კუპე ”ფიესტას” ბევრი არაფერი განასხვავებს. უბრალოდ, სპორტულ ავტომობილს შესაფერისი წინა სავარძლები და საჭის რგოლი ექნება. კუპეს სალონშიც ოთხი სავარძელი მოთავსდება, მაგრამ უკანა სავარძლებზე მხოლოდ მომცრო ტანის მოზრდილები, ან ბავშვები თუ დაეტევიან.

”ფიატს” ”ბერტონე” სანიშო ავტომობილებისთვის სჭირდება

Fiat-Bertone

31 ივლისი

ბერტონეს ბოლო კონცეპტუალური ავტომობილი - მანტიდი

......................................................................

”ფიატი” გაფართოებას აგრძელებს. ცოტა ხნის წინ, იტალიურმა ავტოგიგანტმა ევროკავშირისგან ოფიციალურად მიიღო ამერიკული ”კრაისლერის” შესყიდვის უფლება. მართალია, ტურინელებს ”ოპელის” შეძენა არ გამოუვიდათ, მაგრამ მათი შეფი სერჯო მარკიონე იხტიბარს არ იტეხს და ახლა იტალიური დიზაინ-ატელიე ”ბერტონეს” შეძენასაც ცდილობს.

ერთი შეხედვით, ”ბერტონეს” ტურინული ქარხანა დიდი წარმადობით არ გამოირჩევა - სამცვლიანი მუშაობის შემთხვევაში, იქ წლიურად მხოლოდ 48 000 ავტომობილის წარმოებაა შესაძლებელი. მაგრამ მეორე მხრივ, ”ბერტონე” კონცეპტუალური და ეგრეთ წოდებული სანიშე (ასეთ ავტომობილებს მასობრივი მოდელების ბაზაზე, მაგალითად, საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით, მცირე სერიებით აწარმოებენ) ავტომობილების წარმოებაზეა დახელოვნებული. სწორედ ესაა ”ბერტონეთი” ”ფიატის” დაინტერესების მიზეზი.

მარკიონეს სურს, რომ სანიშე ავტომობილების წყალობით, ”ფიატის” და მის ჯგუფში შემავალი კომპანიების (ალფა რომეო, ლანჩა და კრაისლერი, ასევე ფერარი) წარმოების მოცულობა მნიშვნელოვნდ გაზარდოს.

იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, თუ ”ბერტონეს” ”ფიატი” შეიძენს, მაშინ მისი ტურინული ქარხანა, მისი ახალი მფლობელისთვის ავტომობილების წარმოებას 2011 წელს შეუდგება.

ცნბისათვის, ”ბერტონეს” შეძენა ასევე იტალიელ ბიზნესმენ ჯანმარიო როსინიოლოს სურს, ვინც ტურინულ ქარხანაში წლიურად ლუქსის კლასის 10 000 ცალი სედანისა და უგზოობის ავტომობილის წარმოებას გეგმავს.

Thursday, July 30, 2009

”ვოლვო” წარმოებისთვის ახალ სედან S60-ს ამზადებს

Volvo S60

30 ივლისი

შვედური კომპანია ”ვოლვო”, რომელიც ჯერაც ”ფორდის” ჯგუფში შედის და რომელსაც მალე ალბათ ჩინური ”ჯილი” შეიძენს, წარმოებისთვის საშუალო ზომის სედან S60-ის მეორე თაობის მოდელს ამზადებს.

წინამორბედისგან განსხვავებით, ახალი ავტომობილი სრულიად განსხვავებულ სტილშია შესრულებული, როგორიც შვედურმა კომპანიამ პირველად დეტროიტის წლევანდელ ავტო შოუზე, კონცეპტუალური S60-ის სახით წარადგინა.

”ვოლვომ” სედან S60-ის წარმოება, ბელგიის ქალაქ გენტის ქარხანაში რვა წლის წინ დაიწყო და ამ პერიოდში 580 000 ცალი ავტომობილი გაჰყიდა. მაგრამ სამი კვირის წინ, S60-ის წარმოება დასრულდა. ამიტომ, ძველი ავტომობილის შემცვლელის გამოჩენას ბევრი ელოდა.

ჯერჯერობით უცნობია ახალი ავტომობილის ტექნიკური მახასიათებლები და მისი ჩამოყალიბებული გარეგნობა. თუმცა, მის ექსტერიერზე გარკვეული წარმოდგენის შექმნა კონცეპტუალური S60-ს მიხედვითაც შეიძლება. ერთი შეხედვით, ის ”იაგუარის” უახლეს C-XF-საც ჰგავს, თუმცა ამაში გასაკვირი არაფერია - სულ ცოტა ხნის წინ, ”იაგუარიც” ”ფორდის” ოჯახის წევრი იყო. თუმცა, ახალ ავტომობილს მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი გარეგნული ნიშნებიც აქვს და ეს პირველ რიგში, მისი რადიატორის ბადეს ეხება, რომელიც ”ვოლვოს” ტრადციულ სტილშია შესრულებული.

ინტერნეტით გავრცელებული ვარაუდით, S60-ის საბაზო ვერსია 1.6-ლიტრიანი ბენზინის ძრავით აღიჭურვება, რომელსაც საწვავი ნარევი პირდაპირ წვის კამერაში მიეწოდება და რომელსაც ტურბოკომპრესორი ემსახურება. დეტროიტში, კონცეპტუალური ავტომობილის პრეზენტაციაზე გამოცხადდა, რომ ეს მომცრო ”წისქვილი” მაქსიმუმ 180 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და 100 კილომეტზე მხოლოდ 5 ლიტრ ბენზინს მოიხმარს. ძრავთან ორდისკოიანი ქუროს მეშვეობით, 6-საფეხურიანი, ნახევრად ავტომატური კოლოფია დაკავშირებული, რომლიდანაც მაბრუნი მომენტი წინა წამყვან ბორბლებს გადაეცემა.

”ვოლვო S60-ის” სერიული ვერსიის პრემიერა ფრანკფურტის მოტორ შოუზეა მოსალოდნელი, მისი გაყიდვები კი მერმის დაიწყება.

”სუზუკი კიზაში” პრემიერისთვის ემზადება

Suzuki Kizashi

30 ივლისი

იაპონურმა კომპანია ”სუზუკიმ” ერთიდაიგივე სახელით სამი განსხვავებული კონცეპტუალური ავტომობილი წარმოადგინა. პირველივე ”კიზაშიმ” ავტოგამოფენების დამთვალიერებელთა დიდი დაინტერესება გამოიწვია, დროთა განმავლობაში კი მან ისეთი სახე მიიღო, როგორიც სერიულ ავტომობილს შეეფერება - ”კიზაში 3” სახელით, ნიუ იორკის ავტოშოუზე გამოჩნდა.

ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაციით, ”კიზაშის” პროტოტიპები უკვე გადის ამერიკის გზებზე ტესტირებას, ახლახანს კი ის პრესის წარმომადგენელებსაც კი უჩვენეს.

იაპონური კომპანიის განსაზღვრებით, ”კიზაში” სპორტული სტილის სედანია, რომელმაც კონკურენცია უნდა გაუწიოს გლობალური ბაზრის საშუალო ზომის ისეთ ბესტსელერებს, როგორებიცაა ”ტოიოტა ქამრი” და ”ჰონდა აკორდი”.

”კიზაში” ბაზირებულია პლატფორმაზე, რომლის სიგრძეც 4.650 მეტრია. ეს კი ”ქამრიზე” 0.165 მეტრით მოკლეა. სამაგიეროდ, ”სუზუკის” სედანს უფრო გრძელი ბაზა აქვს, რისი წყალობითაც, მისი სალონი უფრო ფართოა.

”კიზაშისთვის” გათვალისწინებულია ძრავების ფართო გამა, რომელშიც ბენზინის და დიზელის აგრეგატები შედის. ესენის 2.3 და 3.6-ლიტრიანი ბენზინის და 2.0-ლიტრიანი ტურბოდიზელი. სტანდარტული ტრანსმისია წინა წამყვანბორბლიანია, თუმცა მყიდველს ასევე სრულამძრავიანი ტრანსმისიით აღჭურვილ ”კიზაშისაც” შესთავაზებენ. დამატებითი ოპციის სახით, მყიდველს 6-საფეხურიან, ნახევრად ავტომატურ კოლოფს შესთავაზებენ, რომლის საფეხურებსაც საჭის რგოლზე განლაგებული ბერკეტები ცვლის.

”კიზაშის” წარმოებისთვის, ”სუზუკიმ” იაპონიაში ახალი ქარხან ააგო, რომელიც წარმოებას წელსვე დაიწყებს. ავტომობილის გაყიდვები იაპონიასა და ამერიკაში ერთდროულად, მომავალი წლის დასაწყისში დაიწყება. მოგვიანბით, ამავე ავტომობილის ბაზაზე, უნივერსალის და ჰეჩბეკისძარიანი ვერსიების წარმოებაც დაიწყება, ”კიზაში” კი ევროპასასც ეწვევა.

Wednesday, July 29, 2009

”ბეემვეს” სპორტული ”მწვანე” სიახლე

BMW Green Sports Car Concept

29 ივლისი

გუშინ, მას შემდეგ, რაც საზოგადოებას ფორმულა ერთის მსოფლიო ჩემპიონატის დატოვების შესახებ ამცნო, ”ბეემვემ” ასევე გამოაცხადა, რომ ფრანკფურტის მოტორ შოუსთვის ”მწვანე” სპორტული ავტომობილის კონცეპუალურ ვერსიას წარმოადგენს.

”თანმიმდევრულობა ავტოინდუსტრიაში სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, თანმიმდვრული განვითარების მოწმენი თქვენ ფრანკფურტის მოტორ შოუზე, ჩვენს პრეზენტაციაზე გახდებით, როცა სრულიად ახალი ტიპის კონცეპტუალურ ავტომობილს წარმოგიდგენთ. ჩვენი ხედვა ”ეფიციენტდაინემიქსი” გიჩვენებთ, თუ რამდენად ეფექტური შეიძლება იყოს სპორტული ავტომობილი. ის თქვენ გაჩვენებთ, რომ თანმიმდევრულობა ასევე აისახება როგორც დიზაინზე, ასევე გამოყენებული მასალების ხარისხზეც”, - მიუნხენში ჩატარებულ პრესკონფერენციაზე განაცხადა ”ბეემვეს” მმართველთა (დირექტორთა) საბჭოს წევრმა კლაუს დრეგერმა.

მართალია, დრეგერს კონცეპტუალური ავტომობილის სპეციფიკურ დეტალებზე არ უსაუბრია, მაგრამ არსებობს მოსაზრება იმის შესახებ, რომ ის შეიძლება გახდეს წინამორბედი იმ ავტომობილისა, რომელიც ბაზარზე 2012 წელს უნდა გამოჩნდეს და რომელმაც კონკურენცია ”აუდი R8-ს” და ”პორშე 911-ს” უნდა გაუწიოს.

არსებული ვარაუდებით, ბავარიელთა ახალი ”მწვანე” სპორტული ავტომობილი ორადგილიანი, შუაძრავიანი კუპე იქნება, რომელიც ”ბეემვეს” მიერ შემუშავებული, ენერგიის დამზოგავი უახლესი ტექნოლოგიებით აღიჭურვება. ასეთებია მაგალითად, საწვავი ნარევის უშუალოდ წვის კამერაში შეფრქვევის სისტემა, მუხრუჭების ენერგიის რეგენერაციის სისტემა და სტოპ/სტარტ სისტემა, ასევე დახვეწილი აეროდინამიკური პაკეტი.

”ტოიოტა” მინიატურულ ელექტრომობილს ქმნის

Toyota FT-EV

29 ივლისი

”ტოიოტა” წარმოებისთვის ამზადებს მინი ელექტრომობილს, რომელიც მიკროლიტრაჟიანი iQ-ის ბაზაზე მომზადებული კონცეპტუალური FT-EV-ს მიხედვით აიგება. ჟურნალ ”აუტოქართან” საუბრისას, ”ტოიოტას” მთავარმა დიზაინერმა ჰიროკი ნაკაძიმამ განაცხადა, რომ ელექტრომობილი გარეგნულად სრულიად განსხვავებული იქნება iQ-სგან და ის საფუძვლიანად მოდერნიზებულ ინტერიერსაც მიიღებს (სხვათა შორის, iQ-ს სალონს ძალიან ცუდი გამოხმაურებები აქვს, რის გამოც, მისი ინტერიერიც ასევე მალე შეიცვლება).

მინი ელექტრომობილი ლითიუმ-იონური აკუმულატორებით აღიჭურვება, მის მოძრაობას კი ოთხივე ბორბალში ჩამონტაჟებული ელექტროძრავები უზრუნველყოფს. აკუმულატორების ბლოკის ერთი სრული დამუხტვა საკმარისი იქნება იმისათვის, რომ პატარა ელექტრომობილმა 150 კილომეტრი გაიაროს. საყოფაცხოვრებო ქსელიდან აკუმულატორების სრული დამუხტვისთვის კი 8 საათია საჭირო.

ცნობისათვის, ”ტოიოტა iQ ” პირველად ორი წლის წინ ფრანკფურტის მოტორ შოუზე გამოჩნდა, მისი საწარმოო ვერსიის პირველი ჩვენება კი შარშან, ჟენევაში ჩატარდა. რაც შეეხება კონცეპტუალურ FT-EV-ს, რომლის სვლის მარაგიც მხოლოდ 75 კილომეტრია, ის ”ტოიოტამ” პირველად დეტროიტის ავტო შოუზე წელს წარადგინა.

”შევროლე ეჯაილი” დებიუტისთვის ემზადება

Chevrolet Agile

29 ივლისი

”ჯენერალ მოტორსმა” თავისი სრულიად ახალი ჰეჩბეკის, ”შევროლე ეჯაილის” ესკიზები გამოაქვეყნა. ავტომობილი, რომლის წარმოებაც ამ წლის ბოლოს არგენტინაში დაიწყება, ბრაზილიაში, ”ჯენერალ მოტორსის” დიზაინ ცენტრ ”მერკოსურშია” შექმნილი.

ამერიკული კომპანიის დიზაინის დირექტორ კარლოს ბარბას თქმით, ”ეჯაილი” (ცოცხალი, მოძრავი, მარჯვე) ”მომთხოვნი კლიენტისთვის განკუთვნილი ჰეჩბეკია, რომელიც შესანიშნავი გარეგნობით, ფართო ინტერიერითა და მრავალმხრივობით გამოირჩევა და რომელსაც მოსახლეობის სრულიად განსხვავებული კატეგორიების დაკმაყოფილება შეუძლია”.

”ჯენერალ მოტორსის” განცხადბით, ”ეჯაილის” ინტერიერიც და ექსტერიერიც ”შევროლეს” ახალ სტილშია შესრულებული. მასში მძღოლის სავარძელი ჩვეულებრივზე ოდნავ მაღალ პოზიციაზეა განლაგებული, რითაც ქროსოვერის შთაბეჭდილება იქმნება.

”ეჯაილი” კომპანიის პლატფორმა ”გამა II-ზეა” ბაზირებული, რომელსაც წამყვანი წინა ბორბლები აქვს. ბორბლებს შორის ბაზა 2.48 მეტრს აღწევს, მასზე კი, წარმოების დასაწყისში, მხოლოდ ორი ბენზინის ძრავი დაიდგმება - 1.4-ლიტროანი 105 ცხენის ძალით და 1.8-ლიტრიანი 129 ცხენის ძალით.

ახალი ავტომობილის წარმოებისთვის არგენტინის ქალაქ როსარიოში მდებარე ქარხანაც ემზადება. ”ჯენერალ მოტორსის” არგენტინული შტოს დირექტორ მიგელ გარსიას თქმით, ქარხანაში უკვე დამონტაჟებულია რობოტები, რომელთა მომავალ ოპერატორებსაც სპეციალური კურსები უტარდებათ.

ჯერჯერობით, ამერიკული კომპანია ”ეჯაილის” შესახებ ამაზე მეტ ინფორმაციას არ ავრცელებს. ცნობილია მხოლოდ ის, რომ მისი გაყიდვები წლის ბოლოს სამხრეთ ამერიკაში დაიწყება. გავა თუ არა ის სხვა ბაზრებზე, ჯერჯერობით უცნობია.

მოკლედ...

29 ივლისი

***

”როლს როისში” მიაჩნიათ, რომ ინდოეთს ავტოინდუსტრიაში უზარმაზარი პოტენციალი გააჩნია და რომ, მალე ეს ქვეყანა მათთვის მთავარი ბაზარი გახდება. უფრო მეტიც, ”ეკონომიკ ტაიმსის” ინფორმაციით, ინგლისური კომპანია, რომელიც ”ბეემვეს” ჯგუფში შედის, მალე ბავარიული კომპანიის მიმწოდებელთა ქსელის გამოყენებას დაიწყებს, რითაც საკუთარი ავტომობილების თვითღირებულებას შეამცირებს.

”როლს როისის” მთავარი აღმასრულებელი ტომ პარვსი ამბობს, რომ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის დროსაც კი, ინდური და ჩინური ავტობაზრები ზრდას განაგრძობენ და ეს ზრდა კრიზისის დასრულების შემდეგ უფრო შესამჩნევი გახდება.

მალე ”როლსი” ბაზარზე თავის ახალ ავტომობილ ”გოუსტს” გამოუშვებს, რომელიც გაყიდვების გასამმაგებას განაპირობებს. ”ჩვენი სეგმენტის თავისებურება ისაა, რომ მდიდრები კრიზისის დროსაც მდიდრებად რჩებიან. ისინი არც სამუშაოს კარგავენ და არც ხელფასს და ისევე აგრძელებენ ძვირფასი ავტომობილების ყიდვას, როგორც კრიზისამდე”, - ამბობს ”როლს როისის” გაყიდვების და მარკეტინგის დირექტორი გრემ გრივი.

შარშან ”როლს როისმა” 1 212 ავტომობილი გაჰყიდა და ეს ბოლო 18 წლის განმავლობაში საუკეთესო მაჩვენბელია.

***

”ფოლკსვაგენი” ”პორშეს” აქციების სრულად გამოსყიდვას ორ წელიწადში გეგმავს, მისი აქციების ნახევარს კი წელსვე შეიძენს. ამისთვის საჭირო თანხას ვოლფსბურგული გიგანტი საკუთარი კაპიტალის 4 მილირდი ევროთი გაზრდით მოიზიდავს. შესაბამისად, ამ თანხის მისაღებად, საფონდო ბირჟაზე დამატებით აქციებს გამოიტანს.

ექსპერთა შეფასებით, ”პორშეს” სრულად დაუფლება ”ფოლკსვაგენს” 8 მილიარდი ევრო დაუჯდება. ამჟამად ვოლფსბურგელთა ანგარიშზე 11 მილიარდი ევრო ირიცხება. თავის მხრივ, ”პორშეს” დავალიანებათა საერთო მოცულობა 10 მილიარდ ევროს აღწევს.

ამ დავალიანების ნაწილობრივ დასაფარად, ”პორშეც” ბირჟაზე დამატებითი აქციების გამოტანას აპირებს, რომელთა ღირებულება 5 მილიარდ ევროს აღწევს. ამასთან, შტუტგარტელები ”ფოლკსვაგენის” მათი კუთვნილი აქციების ნაწილის (კომპანიის აქციების 17 პროცენტის) ყატარელი ინვესტორებისთვის მიყიდვასაც აპირებენ.

”ფოლკსვაგენის” და ”პორშეს” გაერთიანებას ერთი კვირის წინ მხარი ორივე კომპანიის დირექტორთა საბჭოებმა დაუჭირეს. საბოლოო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, ”პორშე” ”ფოლკსვაგენის” ჯგუფში შემავალი მეცხრე კომპანია გახდება.

***

ჟურნალ ”აუტოქარის” ცნობით, ფრანკფურტის ავტო შოუზე იაპონური ”ლექსუსი” ახალი, კომპაქტური ავტომობილის პრემიერას გეგმავს, რომელიც გლობალური ბაზრისთვისაა განკუთვნილი.

”ლექსუსის” ახალი ავტომობილი, რომელსაც CS-ს უწოდებენ, ”ბეემვეს” 1-ლი სერიის, ”მერსედესის” A და B კლასის, ასევე ”აუდს” A3 და A1-ს გაუწევს კონკურენციას. არსებობს იმის ვარაუდიც, რომ ეს ავტომობილი მხოლოდ ჰიბრიდული აგრეგატებით აღიჭურვება.

”ლექსუს CS” იმ 2.4-ლიტრიან, 4-ცილინდრიან ბენზინის ძრავზე ბაზიებულ ჰიბრიდულ აგრეგატს მიიღებს, რომელიც ”ლექსუს HS 250h-ზე” გამოიყენება, თუმცა ეს ორი ავტომობილი სხვადასხვა პლატფორმაზეა ბაზირებული.

”ლექსუს CS” ამერიკაში ალბათ არ გაიყიდება, ევროპულ ბაზარზე კი ის მერმის გამოჩნდება.

”ბეემვეს” გზა ფორმულა 1-ში

BMW to quit F1

29 ივლისი

”ბეემვეს” გადაწყვეტილებამ, დატოვოს დიდი პრიზების არენა, ფორმულა 1 შეძრა. მსოფლიო ჩემპიონატი ოდენ ოთხი ავტომწარმოებლის (ფერარი, მერსედესი, რენო და ტოიოტა) ამარა დარჩა და ეკონომიკური კრიზისის გამო, გამორიცხული არაა, რომ მათგან რომელიმემ თავისი ფ1-ის პროგრამის შეჩერება გადაწყვიტოს.

თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, ფორმულა 1 გუნდების გარეშე მაინც არ დარჩება - ახალი სეზონიდან მის რიგებს სამი ახალი საჯინიბო შეავსებს, ”ბეემვეს” ადგილს კი ალბათ რომელიმე სხვა გუნდი (სავარაუდოდ, ზაუბერი) დაიკავებს, რომელიც ბავარიული კომპანიისგან ამ გუნდს ბოლომდე გამოისყიდის.

ბავარიული კომპანიის ხელმძღვანელობამ ეს გადაწყვეტილება გუშინ მიიღო, რამდენიმე დღით ადრე, ვიდრე ფორმულა 1-ის გუნდები და საერთაშორისო საავტომობილო ფედეაცია თანხმობის ახალ ხელშეკრულებას გააფორმებდნენ. ამ ხელშეკრულების შესაბამისად, ავტომწარმოებლები ფ1-ში 2012 წლამდე დარჩენის ვალდებულებას იღებენ.

ამგვარად, ”ბეემვე” ფ1-ს ტიტულის გარეშე დატოვებს. 2005 წლის შემდეგ, რაც შვეიცარიული ”ზაუბერი” გამოისყიდა, ბავარიული გუნდი ჩემპიონის ტიტულის მოპოვებასთან ყველაზე ახლოს შარშან იდგა, როცა შუა სეზონში პოლონელი რობერტ კუბიცა მოწინავეთა შორის იმყოფებოდა. მანვე კანადაში გუნდს ერთადერთი გამარჯვება მოუპოვა. სამაგიეროდ, ამ სეზონში ჩატარებულ 10 ეტაპზე, გუნდს ჯერ მხოლოდ 8 ქულა აქვს აღებული.

”ბეემვე” თავის ძრავებს სხვა გუნდებს არ აწვდის და კომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრ კლაუს დრეგერის განცხადებით, ამას არც მომავალში გააკეთებს. მისი თქმით, კომპანია ამ ეტაპზე თავისი გუნდის მომავლის რამდენიმე ვარიანტს ამზადებს და მათგან საუკეთესოს აირჩევს, რის შესახებაც, გუნდის თანამშრომლებს მოგვიანებით ეცნობებათ. არაა გამორიცხული, რომ ბავარიელებმა აწ უკვე შვეიცარული გუნდის ტექნოლოგიური მხარდაჭერა გააგრძელონ.

”ბეემვეს” მოკლე ისტორია ფ1-ში

1982 წელს ”ბეემვე” გუნდ ”ბრებჰემისთვის” ძრავების მიმწოდებელი გახდა. პირველ რბოლაში, რომელიც სამხრეთ აფრიკაში ჩატარდა, ბრაზილიელმა ნელსონ პიკემ სტარტი წინა რიგიდან აიღო, მაგრამ ფინიშს ვერ მიაღწია.

1983 წელს პიკემ ”ბეემვეს” ძრავით პირველი გამარჯვება მოიპოვა, იმავე სეზონში კი ჩემპიონი გახდა.

1987 წელს, ტურბო ერას დასრულებისთანავე, ”ბეემვემ” ფორმულა 1 დატოვა.

2000 წელს ბავარიული კომპანია დიდი პრიზების ცირკს ისევ ძრავების მიმწოდებლის სტატუსით დაუბრუნდა. ამჯერად მისი პარტნიორი ყოფილი ჩემპიონი ”უილიამსი” გახდა, რომელთან ერთადაც, 2001 წელს პირველი გამარჯვება იზეიმა, მომდევნო ორ სეზონში გუნდი ვიცე ჩემპიონი გახდა. 2002 წელს, პირად ჩათვლაში, კოლუმბიელმა ხუან პაბლო მონტოიამ მესამე ადგილი დაიკავა, ერთი წლის შემდეგ კი ვიცე ჩემპიონი გახდა. პარტნიორობის 6 სეზონის განმავლობაში, ”ულიამსმა” და ”ბეემვემ” 10 გამარჯვება და 17 პოული მოიპოვეს.

2005 წელს ბავარიულმა კომპანიამ შვეიცარული გუნდი ”ზაუბერი” შეიძინა და მის ბაზაზე საკუთარი საჯინიბო ჩამოაყალიბა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობა მომდევნო სეზონიდან დაიწყო. შარშან ”ბეემვე ზაუბერის” მანქანით, რობერტ კუბიცამ კანადის დიდ პრიზზე გამარჯვება მოიპოვა.

2007 წელს, მას შემდეგ, რაც ”მაკლარენი” დისკვალიფიკაციით დაისაჯა, ”ბეემვე ზაუბერმა” კონსტრუქტრთა პირველობა მეორე ადგილზე დაასრულა.

ამ სეზონში ჩატარებულ 10 რბოლაში, ”ბეემვე ზაუბერმა” მხოლოდ 8 ქულა დააგროვა და 10 გუნდს შორის მე-8 ადგილზე იმყოფება.

”ბეემვე” ფორმულა 1-ს ტოვებს

BMW to quit F1

29 ივლისი

დღეს დილით, ”ბეემვემ” სპეციალური პრესკონფერენცია მოიწვია, რომელზეც გამოცხადდა, რომ ფორმულა ერთის მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, ბავარიული კომპანია მსოფლიო ჩემპიონატს დატოვებს. ამ ნაბიჯის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, მიმდინარე ჩემპიონატში ბავარიულ-შვეიცარული გუნდის არადამაკმაყოფილებელი გამოსვლა გახდა.

”ბეემვეს” მთავარი აღმასრულებლის, ნორბერტ რაიტჰოფერის თქმით, ეს გადაწყვეტილება პირველ რიგში, იმ გარემოებამ გამოიწვია, რომ კომპანიამ განვითარების განვითარების ახალი სტრატეგია აირჩია. ”რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის ძალიან ძნელად მისაღები გადაწყვეტილება იყო. მაგრამ ჩვენ ამ ნაბიჯის გადადგმა მოგვიწევს, რადგან კომპანია სტრატეგიულ რეორგანიზაციას ატარებს და ეს სტრატეგია ფორმულა 1-ის დატოვებას ითვალისწინებს”, - პრესკონფერენციაზე განაცხადა რაიტჰოფერმა.

კომპანიის ხელმძღვანელის თქმით, ამიერიდან, ”ბეემვეს” მთავარი ამოცანა მდგრადი განვითარების უზრუნველყოფა და ეკოლოგიაზე ორიენტირებული ტექნოლოგიების დანერგვაა. ”ჩვენ გვინდა, რომ ამ სფეროში ლიდერებეად დავრჩეთ. ამიტომ, მუდმივად ყველა ჩვენი პროექტისა და ინიციატივის გადაფასებას ვახდნეთ. ამ პროცესში კი მთავარი კრიტერიუმი, მათი ეკონომიკური სარგებლიანობაა. სწორედ ამ ფაქტორების გამო, ფორმულა 1 ჩვენთვის ამ ამოცანების შესრულების ინსტრუმენტად ვეღარ გამოდგება”, - დასძენს რაიტჰოფერი, ვინც გაწეული სამუშაოსთვის, მადლობა გადაუხადა გუნდის ხლმძღვანელ მარიო თაისენსა და გუნდის ყველა წევრს.

თავის მხრივ, თაისენმა განცხადა, რომ კარგად ესმის კომპანიის მოტივები: ”რა თქმა უნდა, მიუნხენსა და ჰინვილში მომუშავე მთელ პერსონალს მუშაობის გაგრძელება და იმის დამტკიცება სურს, რომ ამ სეზონის ჩავარდნა შემთხვევითობა იყო, მას კი სამი წარმატებული სეზონი უძღოდა, რომელთა განმავლობაშიც გუნდი აღმავლობას განიცდიდა. მე კარგად მესმის, რომ ასეთი გადაწყვეტილება კომპანიის კორპორატიული ინტერესებიდან გამომდინარეობს. ჩვენ კი დარჩენილ რბოლებზეც ისე ვიმუშავებთ, როგორც აქამდე ვმუშაობდით. ჩვენ მებრძოლ სულისკვეთებას გამოვავლენთ და ფორმულა 1-თან განშორების წინ, კარგი შედეგებისთვის ვიბრძოლებთ”, - განაცხადა თაისენმა,

”ბეემვეს” დირექტორთა საბჭოს წევრი კლაუს დრეგერი ამბობს, რომ ფორმულა ერთში გატარებული 10 წელი კომპანიისთვია ძალიან პროდუქტიული იყო და მან იჟინრების პროფესიულ განვითარებაზე დადებითად იმოქმედა. ”ავტორბოლების მადლიერები ვართ, რადგან სპორტის წყალობით, კომპანიამ არაერთი ტექნიკური ინოვაცია შეიმუშავა, რომლებსაც სერიული ავტომობილების წარმოებისას ვიყენებთ”, - ამბობს დრეგერი.