Tuesday, February 2, 2010

კაბრიოლეტი ”ალფა რომეო 8C 2300 კასტანია”

Alfa Romeo 8C 2300 Castagna Cabriolet

2 თებერვალი

”ალფა რომეომ” რომ 1923 წელს ”ფიატიდან” ინჟინერი ვიტორიო იანო გადაიბირა, მაშინ მას ისეთი სარბოლი ავტომობილების შექმნა დაავალა, რომლითაც მილანელები რბოლებში გამარჯვებებს შეძლებდნენ. მაგრამ ორი, მეტად წარმატებული სეზონის შემდეგ, ”ალფამ” რბოლები მიატოვა და იანოც საგზაო ავტომობილების კონსტრუირებაზე გადაერთო.

პირველი საგზაო ავტომობილი, რომელიც იანოს ხელმძღვანელობით შეიქმნა, ”ალფა 6C1500 იყო, რომლის დებიუტი 1927 წლის დასაწყისში შედგა. ამ მანქანის ის ვერსია, რომელიც 6-ცილინდრიანი ძრავით იყო აღჭურვილი, საერთო სარგებლობის გზებისთვის შეიქმნა, თუმცა მისი უფრო მძლავრი ვერსიები კვლავ მონაწილეობდნენ რბოლებში და საკმაოდ წარმატებითაც - 6C-მ ზედიზედ სამჯერ მოიგო მილე მილიას რბოლა.

ამ წარმატებებმა ”ალფა რომეოს” რბოლებში დაბრუნებისკენ უბიძგა. 1930 წლის სეზონისთვის კვლავ P2-ის გამოყენება გადაწყდა, შემდგომი სეზონისთვის კი კომპანიის ხელმძღვანელობამ იანოს სრულიად ახალი სპორტული მანქანის შექმნა დაავალა. პირველი ცდა, რომლის შედეგიც ორძრავიანი მონსტრი გახდა, საკმაოდ წარუმატებელი გამოვიდა. სამაგიეროდ, მომდევნო - 8C 2300 ნამდვილი შედევრი გახდა.

იანომ აქცენტი ისევ ძრავზე გააკეთა, რომელიც დიდმოცულობიანი უნდა ყოფილიყო, რათა მანქანას, სარბოლ ტრასებზე მზარდი კონკურენციისთვის დიდხანს გაეძლო. ისევე როგორცP2-ის შემთხვევაში, მან ამჯერადაც თავისი არჩევანი ერთ რიგში განლაგებულ 8 ცილინდრზე შეაჩერა და აგრეგატის პროექტირება სუფთა ფურცლიდან დაიწყო. ძრავი ორი ოთხცილინდრიანი ბლოკისგან დამზადდა, რომელთა შორისაც, ძრავის ზედა ნაწილში მომუშავე გამანაწილებელი მექანიზმის ამძრავი მოთავსდა. ამით იანომ ის მოიგო, რომ განახევრდა გამანაწილებელი მექანიზმის ლილვების სიგრძე. გაუყოფელი ლილვები ადრე ხშირად დეფორმირდებოდა, რაც ძრავის რესურსს ამცირებდა, გაყოფილი ლილვი კი ამ მხრივ ნაკლებ პრობლემას შექმნიდა.

თავიდან ბლოკებს თუჯისგან ასხამდნენ, მაგრამ მოგვიანებით, ეს მასალა ალუმინის შენადნობმა შეცვალა, რითაც ბლოკების წონა მნიშვნელოვნად შემცირდა. სხვათა შორის, ბლოკებს შორის განთავსდა მექანიკური დამჭირხნის ამძრავიც. ძრავის მუშა მოცულობა 2.3ლიტრზე ოდნავ მეტი გამოვიდა. მას დგუშის დიდი სვლა - 88 მმ ჰქონდა, რითაც გაიზარდა მაბრუნი მომენტი. შედარებისთვის, წინა ძრავის დგუშის სვლა მხოლოდ 65 მმ იყო და ის ბრუნთა მაღალი რიცხვით გამოირჩეოდა. სტანდარტული შესრულებით, აგრეგატის სიმძლავრე 155-165 ცხენის ძალა იყო, მისი სარბოლი ვერსიის სიმძლავრე კი 180 ცხენის ძალას აღწევდა.

ძრავის გარდა, 8C-ს წარმატებულობის კიდევ ერთი მიზეზი მისი მსუბუქი შასიც გახდა. ეს იყო 6C-ს მცირედ გადაკეთებული კონსტრუქცია, რომელიც ორ - მოკლე (2750 მმ) და გრძელბაზიანი (3100 მმ) ვერსიების სახით მზადდებოდა. საკიდარი იმ დროს გავრცელებული ტიპის იყო. მასში რხევების ჩაქრობას ნახევრად ელიპტიკური ზამბარები და ფრიქციული ამორტიზატორები ემსახურებოდა. მუხრუჭები კი დოლური იყო, რომლებსაც მძღოლი კაბელით მართავდა. ძრავი წინა ღერძის უკან განთავსდა. მას 4-საფეხურიანი გადაცემათა კოლოფი შეუწყვილეს. სრულად დაკომპლექტებული მოკლებაზიანი შასი სულ რაღაც 1 000 კილოგრამს იწონიდა.

ამ ავტომობილისთვის ”ალფა რომეო” ძარას თავად არ აწარმოებდა. ამ საქმეში მისი პარტნიორები ძარების წარმოებაზე სპეციალიზებული ფირმები - ”ტურინგი” და ”ძაგატო” იყვნენ, რომლებიც 8C-ს ძარებს საგზაო და სარბოლი ვერსიებისთვის აწარმოებდნენ. 1931 და1934 წლებს შორის, სულ 188 შასი დამზადდა, რომელთა უმეტესობა რბოლებში მონაწილეობდა.

პირველი ორი 8C 2300-ის დამზადება 1931 წლის მილე მილიას სტარტამდე მოესწრო. ეს ათასმილიანი რბოლა სრულყოფილი მანქანებისთვისაც ძალიან ძნელად გასაძლები იყო, რომ არაფერი ვთქვათ მანქანაზე, რომელსაც ტესტებში მონაწილობა პრაქტიკულად არ მიეღო. რბოლისთვის ორი ავტომობილი მომზადდა, რომლებსაც ძარა ”ძაგატომ” დაუმზადა. ერთის საჭე ლეგენდარულ იტალიელ ტაციო ნუვოლარის ჩააბარეს, მეორისა კი - ასევე იტალიელ ლუიჯი არკანჯელის. ახალი ავტომობილი ძალიან სწრაფი გამოდგა. რბოლის განმავლობაში ორივეს პრობლემებს მხოლოდ საბურავები უქმნიდა, რისი წყალობითაც, ლიდერობა 7.1-ლიტრიანი ”მერსედეს-ბენც SSK-თი” მოასპარეზე ლეგენდარულმა გერმანელმა რუდოლფ კარაჩიოლამ იგდო ხელთ, რომლის უპირატესობამაც მალე 17 წუთს მიაღწია. ნუვოლარიმ სიჩქარეს უმატა და მალე ლიდერს დაეწია კიდეც, მაგრამ კარაჩიოლას მანქანის მიერ დატოვებულ მტვრის კორიანტელში, იტალიელი შეცდა და მანქანა დაამტვრია. რევანში მალე, არანაკლებ პოპულარულსა და რთულ რბოლაზე - ტარგა ფლორიოზე (ეს რბოლა სიცილიაში, პალერმოს გარშემო ტარდებოდა) შედგა, რომლის დროსაც განუწყვეტლივ წვიმდა. ამ გამარჯვების ჩათვლით, 8C 2300 ამ ორივე რბოლაზე, გამარჯვებას ზედიზედ სამი წელი არავის უთმობდა.

ტარგა ფლორიოზე მონაწილე ორივე მანქანას ოდნავ განსხვავებული სპეციფიკაცია ჰქონდა და შემცირებული ბაზის მქონე შასიზე (2650 მმ) იდგა. მილანელებმა ეს იმისათვის გააკეთეს, რომ სანამ 8C 2300-ს სარბოლი ვერსიის, ტიპო A-ს მომზადება მოესწრებოდა, დიდი პრიზების ტიპის ავტომობილებთან ჰანდიკაპი შეეცირებინათ.

25 მაისს, იტალიის დიდ პრიზზე, რომელიც მონცას ავტოდრომზე ჩატარდა, ”ალფამ” ორივე ამ მოდელით იასპარეზა. სამწუხაროდ, თავისუფალი პრაქტიკის დროს, ”ტიპო A-თი” მოასპარეზე არკანჯელის ფატალური ავარია მოუვიდა და დაიღუპა. ამ ტიპის კიდევ ორმა ავტომობილმა ათსაათიან რბოლაში მონაწილეობა მიიღო, თუმცა ასპარეზობა მალევე შეწყვიტა. ნუვოლარიმაც რბოლა ”ტიპო A-თი” დაიწყო, მაგრამ სტარტიდან ორი საათის შემდეგ, 8C 2300-ზე გადაჯდა და ფინიშთან პირველი მივიდა. მეორე ადგილიც ”ალფათი” მოასპარეზე იტალიელმა ჯუზეპე კამპარიმ დაიკავა. ამ გამარჯვების აღსანიშნავად, დიდი პრიზების სპეციფიკაციით მომზადებულ 8C 2300-ს მილანელებმა ”მონცა” უწოდეს. 8C 2300-მა კიდევ არაერთი დიდი რბოლა მოიგო, მომდევნო სეზონში კი ის ”ტიპო B მონოპოსტომ” შეცვალა.

იტალიის დიდ პრიზს ლე მანის 24-საათიანი რბოლა მოჰყვა, რომლისთვისაც ”ალფა რომეომ” 8C 2300-ს მცირე მოდიფიკაცია ჩაუტარა. ამ შემთხვევაში, კონსტრუქტორებმა შასის გრძელბაზიანი ვერსია აირჩიეს, რათა რბოლის მთავარი მოთხოვნა შეესრულებინათ და შასიზე ოთხადგილიანი ძარა დაედგათ. ამჯერედაც საქმე ”ძაგატოს” დაევალა, რომელმაც ძარა ალუმინისგან დაამზადა. რბოლისთვის სამი მანქანა მოამზადეს, მაგრამ მათგან სტარტზე მხოლოდ ორმა შეძლო დადგომა, რადგან ერთს პრაქტიკების დროს ძრავი დაეწვა.

მთავარი კონკურენტი ამჯერადაც ”მერსედეს-ბენცი” იყო თავისი SSK-თი, რომელსაც სარტეს ტრასის გრძელი სწორი მონაკვეთები უკეთ შეეფერებოდა. ”ალფა” რბოლაზე საქარხნო გუნდით არ გასულა. მილანელებმა ამისათვის სხვა გუნდები შეარჩიეს, რომელთაგან ერთი ბრიტანული იყო. ერთი ეკიპაჟი რბოლას 99-ე რბოლაზე გამოეთიშა. ბრიტანულმა ეკიპაჟმა, რომლის საჭესთანაც ლორდ ჰოუ იჯდა და მას ყოფილი ”ბენტლი-ბოი” ტიმ ბირკინი ენაცვლებოდა, 24-საათიანი რბოლა ყოველგვარი ტექნიკური პრობლემის გარეშე დაასრულა და რაც მთავარია, ყველაზე სწრაფ ”მერსედესს” ფინიშთან 100 კილომეტრით მიასწრო. ამ ტრიუმფის შემდეგ, 8C-მ ლე მანის რბოლა შემდგომ სამ სეზონშიც მოიგო. უფრო მეტიც, 1933 წელს, პირველი სამი ადგილი ”ალფა რომეოს” ეკიპაჟებმა დაიკავეს. მილანელებს ამ რბოლის მოგება ზედიზედ მეხუთედ, 1935 წელსაც შეეძლოთ, მაგრამ გამარჯვებამდე ცოტა დააკლდათ.

საერთოდ, მიჩნეულია, რომ ”ბუგატი ტაიპ 35 ყველაზე წარმატებული სარბოლი მანქანაა, ”ალფა რომეო 8C 2300 კი მეორე ყველაზე წარმატებულია. თუმცა, უფრო სამართლიანი იქნებოდა, რომ ამ ორი ლეგენდარული ავტომობილის მიღწევები თანაბრად წარმატბულად ჩათვლილიყო. ხუმრობა ხომ არაა სამ-სამი გამარჯვება მილე მილიასა და ტარგა ფლორიოზე და ოთხი ტრიუმფი ლე მანზე, ასევე ერთი გამარჯვება იტალიის დიდ პრიზზე - მთელი ეს მონაგარი ხომ იანოს ქმნილების ანგარიშზეა. თუმცა, ტაიპ 35-მა რომ 8C 2300 დაჩრდილა, ამაში უფრო ამ უკანასკნელის შთამომავალი - არანაკლებ ლეგენდარული სპორტული მოდელი 8C 2900 და ამის სარბოლი ვერსია სარბოლი ტიპო B მონოპოსტოა.

ასეთი მიღწევების შემდეგ, რაღა გასაკვირი უნდა იყოს, რომ 8C 2300-ს საგზაო ვერსიაზე დიდი მოთხოვნილება იყო. სურათებზე რომ ავტომობილს ხედავთ, კაბრიოლეტი ”ალფა რომეო 8C 2300 კასტანიაა”, რომლის ძარაც ”ძაგატომ” დაამზადა.

ახალი ”ფორდ ფოკუსის” დეტროიტული დებიუტი

Ford Focus

2 თებერვალი

იყო დრო, როდესაც დიდი საავტომობილო შოუების დამთვალიერებლები იქ უამრავ სრულიად ახალ ავტომობილს ნახულობდნენ, რომელთა შესახებაც, ადრე არაფერი სმენოდათ. მაგრამ ინტერნეტის განვითარებამ, ეს ტრადიცია შეცვალა - დღეს თითქმის ყველა ავტომწარმოებელი თავის სიახლეზე ინფორმაციას გამოფენებამდე აქვეყნებს, ან ამ ინფორმაციის ”შემთხვევით” გაჟონვას უწყობს ხელს, რათა პოტენციური მყიდველის წინასწარი დაინტერესება გამოიწვიოს. მაგალითად, უკვე დღეს, შეიძლება იმის გაგება, თუ რას ნახავთ ჟენევის საავტომობილო შოუზე, რომელიც მარტში გაიმართება.

იშვიათად, მაგრამ მაინც ხდება ხოლმე, რომ ზოგი მწარმოებელი ბოლომდე ინახავს თავის სიახლეს და საპრეზენტაციო პრესკონფერენციამდე, მის შესახებ არაფერს გვამცნობს. ასე რომ, გამოფენაზე მისულ ჟურნალისტებს ეჭვიც კი არ აქვთ იმაზე, თუ რა შეიძლება ნახონ. ყველაზე ხშირად, სიურპრიზების მეთოდს ”ფორდი” იყენებს, რომელმაც დეტროიტის ჩრდილოამერიკულ საერთაშორისო საავტომობილო გამოფენაზე თავისი ბესტსელერის, ”ფოკუსის” ერთბაშად ორი - ჰეჩბეკის და სედანისძარიანი ვერსია წარმოადგინა.

”ფოკუსი” ეგრეთ წოდებული ”გოლფის” კლასის, ევროპული C სეგმენტის ერთ-ერთი ლიდერია და ბუნებრივია, მისი გაყიდვების მოცულობაზე ბევრადაა დამოკიდებული ”ცისფერი ოვალის” კეთილდღეობა. ამ სეგმენტში მისი მეტოქეები ”ფოლკსვაგენ გოლფი” და ”ოპელ ასტრაა”, რომელთაგან პირველის მეექვსე თაობის მოდელი ბაზარზე 2008 წელს გამოჩნდა, მეორის მეოთხე თაობის მოდელის დებიუტი კი შარშან, ფრანკფურტის გამოფენაზე შედგა.

ბუნებრივია, მთავარი კონკურენტების ასეთი აქტიურობა ”ცისფერ ოვალს” უპასუხოდ არ უნდა დაეტოვებინა და დირბორნელებმაც არ დააყოვნეს - დეტროიტის ავტო შოუს დამთვალიერებელს მათ ”ფოკუსი” ერთდროულად, სედანის და ჰეჩბეკის ძარით უჩვენეს. სხვათა შორის, სამივე ავტომობილი გერმანიაშია შექმნილი და ამიტომ, გასაკვირი სულაც არაა, რომ სამივე თავ-თავისი მწარმოებლის გაყიდვების ლიდერია.

ახალი ”ფოკუსი” სრულიად ახალ, გლობალურ პლატფორმაზე დგას, რომელიც ძველი მოდელის პლატფორმის ძირეულად გადაკეთებული ვარიანტია. იგივე პლატფორმა ”ფორდმა” კიდევ ორ მოდელზე - С-MAX-სა და ”გრანდ С-MAX-ზე” გამოიყენა, რომელთა გაყიდვებიც წლის მეორე ნახევარში დაიწყება. მთავარი ცვლილება უკანა საკიდარს შეეხო, რომლის ბორბლებსაც ძალიან მცირე კუთხით შეუძლია მობრუნება.

ახალ ”ფოკუსზე” საჭის მექანიზმიც შეცვლილია - მას ახალი ელექტროგამაძლიერებელი აქვს. ევროპული ბაზრისთვის განკუთვნილი ვერსია გამწევი ძალის წამყვან ბორბლებს შორის გამანაწილებელი სისტემითაა (დინამიკ ქორნერინგ კონტროლ) აღჭურვილი, რომელიც დაახლოებით ისევე მუშაობს, როგორც ღერძებსშორისი დიფერენციალის ბლოკირების სისტემა.
ახალი ”ფოკუსი” ძრავების ახალ გამასაც მიიღებს. მისი ევროპული ვერსიისთვის მთავარი აგრეტატია ბენზინზე მომუშავე 1.6-ლიტრიანი ტურბომოტორი (სერია ეკობუსტი). ამერიკული ვერსიისთვის კი მთავარი აგრეგატი იქნება 2.0-ლიტრიანი ძრავი საწვავის პირდაპირი შეფრქვევით, რომელიც 155 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ეს ძრავი წინამორბედზე 20 პროცენტით ეკონომიური და 10 პროცენტით ეკოლოგიურია. ძრავს ან 6-საფეხურიანი მექანიკური, ან ამდენივე საფეხურის მქონე ნახევრად ავტომატური კოლოფი შეუწყვილდება. ამ უკანასკნელსა და ძრავს შორის ”შუამავლად” კი გადაბმის ორმაგი ქურო იმუშავებს.

ახალ ”ფოკუსს” სრულიად განახლებული ინტერიერიც ექნება. მასზე შეცვლილია ცენტრალური დაფა, რომელზეც მაჩვენებლებს განსხვავებული განლაგება აქვს. დაფის ცენტრალურ ნაწილში კი დიდრონი მონიტორია მოთავსებული. სალონში სიახლეა მულტიმედიური კომპლექსი ”მაიფორდ”, რომელიც ამერიკული ბაზარისთვის განკუთვნილ ვერსიაზე, საკომუნიკაციო სისტემა SYNC-თანაა ინტეგრირებული. ამ სისტემის დახმარებით, მძღოლი სისტემების უმრავლესობის მართვას 8-დუიმიანი სენსორული მონიტორის მეშვეობით შესძლებს.

უნდა ითქვას, რომ ”ფოკუსის” ახალ გლობალურ პლატფორმაზე, ”ფორდი” კიდევ 10 ახალი ავტომობილის წარმოებას გეგმავს (ამ მოდელებს შორის არ იგულისხმება ზემოთ ნახსენები С-MAX-ი და გრანდ С-MAX-ი). რაც მთავარია, ამერიკული და ევროპული ბაზრებისთვის განკუთვნილ მოდელებს შორის სხვაობა 20 პროცენტზე მეტი არ იქნება.

”ფორდი” ახალი ”ფოკუსის” წარმოებას ამ წლის ბოლოს დაიწყებს, გაყიდვები კი მომავალი წლის ბოლოს დაიწყება. მერმისვე მოსალოდნელია ბაზარზე ”ფოკუსის” ბაზაზე შექმნილი ელექტრომობილის გამოჩენაც. ამ უკანასკნელს და მასთან ერთად, ახალ პლატფორმაზე ბაზირებულ კიდევ შვიდ ავტომობილს, რომლებიც ამერიკული ბაზრისთვის იქნება განკუთვნილი, მიჩიგანის ქარხანაში დაამზადებენ. ამ შვიდეულს შორის აუცილებლად იქნება С-MAX-ი და ”ისკეიპი”, ასევე ”მერკური მარინერი” და ამ მარკის კიდევ ერთი ავტომობილი (ჯერ დაზუსტებული არაა). დანარჩენ სამზე ჯერ არანაირი ინფორმაცია არ არსებობს. თუმცა, მოსალოდნელია, რომ ამ სამეულში შევა ”ლინკოლნის” პირველი კომპაქტური ავტომობილი, რომლითაც პრემიუმ კლასის ავტომობილების მწარმოებელი ეს ბრენდი კონკურენციას ”მერსედეს ბენცისა” და ”ბეემვეს” შესაბამის მოდელებს გაუწევს.

დაბოლოს, ”ფორდი” იმედოვნებს, რომ ახალი ”ფოკუსის” პლატფორმაზე ბაზირებული ავტომობილების გაყიდვების მოცულობა 2012 წელს ორ მილიონს გასცდება.

Monday, February 1, 2010

”მიცუბიში” ჟენევაში კომპაქტურ ქროსოვერს გვაჩვენებს

Mitsubishi ASX Compact Crossover

1 თებერვალი

”მიცუბიში” მალე იაპონიაში თავისი სრულიად ახალი კომპაქტური ქროსოვერის გაყიდვებს დაიწყებს, მოგვიანებით კი, ჟენევის ავტო შოუზე, მას ევროპელი მყიდველების სამსჯავროზე გამოიტანს. ავტომობილის სახელია ASX, თუმცა ევროპული პრემიერის წინ, ის შეიძლება შეიცვალოს.

ქროსივერი ”მიცუბიში ASX” ხუთადგილიანია და ის მოდელ ”ლანსერის” პლატფორმაზეა აგებული. ის 1.8-ლიტრიანი ტურბოდზელითაა აღჭურვილი, რომელიც ევრო-5 სტანდარტს შეესაბამება. ძრავს საწვავის უშუალოდ წვის კამერაში მიწოდების სისტემა აქვს. მასთან შეწყვილებულია 6-საფეხურიანი გადაცემათა კოლოფი, ტრანსმისია კი, მყიდველის სურვილის შესაბამისად, შეიძლება იყოს როგორც წინა წამყვანბორბლიანი, ასევე სრულამძრავიანი.

საწვავის ეკონომიურობის გასაუმჯობესებლად და გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის შემცველობის შესამცირებლად, ავტომობილი სისტემა სტოპ-სტარტითაა აღჭურვილი, რომელიც გაჩერებისას, ძრავს ავტომაურად თიშავს და აქსელერატორის სატერფულზე ფეხის დაჭერისთანავე რთავს.

”მიცუბიშის” სამოდელო გამაში, ახალი ქროსოვერი ”აუტლანდერზე” ერთი საფეხურით დაბალ ადგილს დაიკავებს. ASX-ის ფასი ჯერჯერობით არ გამოცხადებულა.

”პაგანი” ახალ სუპერ ახალ ავტომობილს ამზადებს

Pagani C9

1 თებერვალი

არგენტინულ ინტერნეტ გამოცემა ”არგენტინა აუტო ბლოგთან” საუბრისას, იტალიურ ფირმა ”პაგანის” ხელმძღვანელმა ჰორაციო პაგანიმ თავისი ფირმის ახალი სუპერავტომობილის შესახებ ისაუბრა და მის შესახებ ზოგიერთი დეტალი გამოჰყო. მისი თქმით, ახალ ავტომობილს C9 დაერქმევა და ის ევროპულ ბაზარზე ამ წლის ბოლოს გამოჩნდება. ამასთან, ”პაგანი” მას წლიურად მხოლოდ 40 ცალს დაამზადებს.

პაგანის განცხადებით, კონცეპციისა და აგებულების მხრივ, სუპერ ავტომობილ ”ძონდას” შთამომავალი სრულიად ახალი მანქანა იქნება. კერძოდ, ავტომობილის წონა ღერძებს შორის სულ სხვა პროპორციით გადანაწილდება. C9-ს კონსტრუქციაში ახალი მასალები იქნება გამოყენებული და წინამორბედთან შედარებით, მას გაცილებით უკეთესი ტექნიკურ დინამიკური მახასიათებლები ექნება.

”ძონდასგან” განსხვევიბით, C9 3 770 ახალ დეტალს მიიღებს, რომელთაგან ყველაზე მსხვილი კარბონის კომპოზიტისგან დამზადებული შასია. სიახლეებში შევა სპეციალურად ამ მანქანისთვის, ”პირელის” მიერ შექმნილი საბურავები და ”ბოშის” ელექტრონიკა.

რაც მნიშვნელოვანია, ახალი ავტომობილი აშშ-ში მოქმედ უსაფრთხოების სტანდარტებს და კალიფორნიულ უმკაცრეს ეკოლოგიურ ნორმებს სრულად დააკმაყოფილებს.

C9 აღიჭურვება გერმანული AMG-ს წარმოების 6.0-ლიტრიანი ძრავით, რომელიც მაქსიმუმ 700 ცხენის ძალას და 1 000 ნიუტონმეტრ მაბრუნ მომენტს იძლევა. ოღონდ, პაგანი ჯერ არ ამბობს, თუ რა დინამიკური მახასიათებლები ექნება მისი ფირმის ახალ სუპერ ავტომობილს.

ჰორაციო პაგანიმ ასევე განაცხადა, რომ მისი ფირმა ”ძონდას” წარმოებას წელს, სექტემბერში შეწყვეტს. თუმცა ცნობილია, რომ ”პაგანი” ამ ავტომობილზე შეკვეთებს კვლავაც ღებულობს. ამიტომ, ანალიტიკოსები მოელიან, რომ მისი წარმოება მომავალშიც გაგრძელდება.

რაც შეეხება ”პაგანი C9-ს”, მისი სავარაუდო ფასი 900 000 ევრო იქნება.

Sunday, January 31, 2010

”ვენტურისა” და ”მიშლენის” ერთობლივი კონცეპცია - ”ვოლაჟი”

Venturi Volage Concept

31 იანვარი

სპორტული ავტომობილების მწარმოებელმა მონეგასკურმა მცირე კომპანია ”ვენტურიმ” და ფრანგულმა ”მიშლენმა” ერთობლივად შეიმუშავეს ელექტრომობილი, რომლის პრემიერაც ორი წლის წინ, პარიზის საავტომობილი შოუზე შედგა, წელს კი ის დეტროიტის ჩრდილოამერიკულ საერთაშორისო საავტომობილო შოუზეც გამოფინეს.

გარდა იმისა, რომ ავტომობილს ბიძგს ელექტრომოტორი აძლევს, ის იმითაცაა საინტერესო, რომ ”მიშლენის” სპეციალისტების მიერ შემუშავებული ”აქტიური ბორბლის” საკიდარის სისტემითაა აღჭურვილი. ამასთან, თითოეულ ბორბალს 2-2 ძრავი ემსახურება, რომელთაგან ერთის დანიშნულება ბორბლის დატრიალებაა, მეორისა კი - საკიდარის და მუხრუჭების სისტემაში მუშაობა.

ავტომობილი, რომლის ტანიც მთლიანად კარბონის ბოჭკოს კომპოზიტისგანაა დამზადებული, სულ რვა ელექტროძრავითაა აღჭურვილი, რომლებიც ელექტროენერგიას ლითიუმ-იონური აკუმულატორების ბლოკისგან ღებულობენ. თითოეული ელექტროძრავი 55 კილოვატ სიმძლავრეს და 232 ნიუტონმეტრ მომენტს გამოიმუშავებს.

მათი მეშვეობით, 1 075-კილოგრამიან ავტომობილს ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის ასაკრეფად, 5 წამზე ნაკლები ჰყოფნის. აკუმულატორებში დაგროვილი ენერგია კი საკმარისია იმისათვის, რომ ”ვოლაჟმა” 320 კილომეტრი გაიაროს.

საინტერესოა ”ვოლაჟის” ინტერიერიც. მასში ხელსაწყო-მაჩვენებლების ადგილზე სენსორული მონიტორი (თაჩ სქრინ) მდებარეობს, რომლის მეშვეობითაც, მძღოლს ავტომობილის თავისი სურვილის შესაბამისად მომართვა შეუძლია. მაგალითად, შესაძლებელია ავტმობილის ისეთ რეჟიმზე გადართვა, როდესაც მისი ელექტრონული ტვინი ენერგიას ეკონომიურად დახარჯავს და ამგვარად, ავტომობილი უფრო მეტი კილომეტრის გავლას შეძლებს. ასევე შესაძლებელია ძრავების მაქსიმალური დატვირთვით გამოყენება, სისწრაფის გაზრდა, ან მაქსიმალური კომფორტის შეკვეთა.

”ვოლაჟის” მთავარ დიზაინერ საშა ლაკიჩის თქმით, იმ ფაქტმა, რომ ძრავებმა და საკიდარმა ბორბლებში და მათ სიახლოვეს გადაინაცვლა, კაპოტქვეშა და ჩვეულებრივი საკიდარების სივრცე გამოთავისუფლდა, რისი წყალობითაც, შესაძლებელი გახდა, დაცარიელებული სივრცეების აეროდინამიკური მოთხოვნების შესაბამისად გამოყენება.

”წარმოქმნილი სიცარიელეები ”ვოლაჟის” სტილის ნაწილია. აეროდინამიკა კი ამ სპორტული ავტომობილის სტილს განსაზღვრავს. ადვილი და სასიამოვნო წარმოსადგენია, თუ როგორ უვლის გარს ქარი ავტომობილის ძარას”, - ამბობს ლაკიჩი.

”ვენტურის” განცხადებით, ”ვოლაჟის” წარმოება 2012 წელს დაიწყება. ისევე როგორც კომპანიის პირველ მოდელ ”ფეტიშს”, ”ვოლაჟსაც” ხელით, შეზღუდული რაოდენობით დაამზადებენ.

Saturday, January 30, 2010

”პინინფარინა” ”ალფა რომეოსთვის” კონცეპტუალურ მოდელს დაამზადებს

Pininfarina Spider Concept to Shine at Geneva

30 იანვარი

იტალიურმა სადიზაინერო ატელიე ”პინინფარინამ” გამოაქვეყნა პირველი ესკიზი კონცეპტუალური როდსტერისა, რომელსაც საკუთარი 80 წლის და ”ალფა რომეოს” დაარსებიდან 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით ამზადებს. ჟურნალ ”აუტოუიკის” ინფორმაციით, ამ ავტომობილის მსოფლიო პრემიერა ჟენევის წლევანდელ ავტო შოუზე გაიმართება.

ამავე ჟურნალის ცნობით, ეს კონცეპტუალური ავტომობილი შეგვიქმნის წარმოდგენას იმისას, თუ როგორი იქნება ”ალფა რომეოს” შემდეგი თაობის სედან 159-ის ღია ვერსია. არსებული მონაცემებით, ამ სედანის წარმოება, სავარაუდოდ წელს დაიწყება. როდსტერის გარდა, ჟენევაში ”ალფა რომეო” ასევე წარადგენს 159-ის კიდევ ორ ვერსიას - სედანისა და კუპეს ძარით, რომლებსაც, შესაბამისად, ”ჯუჯარო” და ”ბერტონე” მოამზადებენ.

მომდევნო თაობის 159 ”კრაისლერის” პლატფორმაზე დამზადდება და მას სახელს შეუცვლიან. ჯერჯერობით დაზუსტებული არაა, თუ რა ეწოდება ახალ სედანს. სავარაუდოდ, მას სახელად მილანური კომპანიის ერთ-ერთი კლასიკური მოდელის სახელს - ”ჯულიას” უწოდებენ. ამ სახელით ”ალფა რომეო” ავტომობილებს 1962-1978 წლებში აწარმოებდა.

”ალფა რომეოს” საწარმოო პროგრამაში სედანი 159 ხუთი წლის წინ გამოჩნდა, 2008 წელს კი მას მოდერნიზაცია ჩაუტარდა. მოდერნიზაციის დროს, დაკიდების სისტემაში, მუხრუჭებში და ბორბლებში შედარებით მსუბუქი მასალების გამოყენების შედეგად, ავტომობილის წონა 45 კილოგრამით შემცირდა.

კონცეპტუალური ავტომობილის შესახებ დეტალები ჟენევურ გამოფენამდე ცოტა ხნით ადრე გამოქვეყნდება.

ცნობისათვის, ”პინინფარინამ” შარშან თავისი აქციების 50.7 გაყიდა, რათა ბანკებისადმი დაგროვილი დავალიანებები დაეფარა. პარალელურად, ატელიე თავისი სამი ქარხნიდან ერთ-ერთს, რომელიც ტურინის გარეუბან გრულიასკოში მდებარეობს, იტალიელ ბიზნესმენ ჯანმარიო როსინიოლოს მიაქირავებს, რომელიც იქ ”დე ტომაზოს” სახელით, ავტომობილების წარმოებას დაიწყებს.

”პეჟო 408” - მსოფლიო პრემიერა პეკინში

Peugeot 408 Officially Unleashed in Beijing

30 იანვარი

პეკინის მოტორ შოუზე, ფრანგულმა კომპანია ”პეჟომ” ახალი სედანი 408 DF (DF დონ ფენს, პეჟოს ჩინელ პარტნიორს აღნიშნავს, რომელთან ერთადაც, ის ჩინეთში ავტომობილებს აწარმოებს) წარადგინა, რომელიც ჩინური ბაზრისთვისაა განკუთვნილი. ახალი ავტომობილი ჰეჩბეკ 308-ს პლატფორმაზეა დამზადებული, თუმცა მასზე გრძელი ბაზა გააჩნია, რისი წყალბითაც, სალონის უკანა ნაწილში, კომფორტი მნიშვნელოვნადაა გაუმჯობესებული.

ტესტირების პროცესში, ეს ავტომობილი პაპარაცებმა რამდენჯერმე დააფიქსირეს და მაშინ ის ევროპული ”პეჟო 508” ეგონათ, რომელმაც ფრანგული კომპანიის სამოდელო გამაში, 2011 წელს ერთდროულად ორი სედანი - 407 და 607 უნდა შეცვალოს.

ცნობისათვის, აღნიშვნა 408-ში 4 ავტომობილის სიგრძის (4.68) მანიშნებელია, 0 კომპანიის მიერ დაპატენტებული შუალედური აღნიშვნაა, 8 კი მოდელის თაობას ნიშნავს. ამგვარად, 408 DF ”პეჟოს” მერვე თაობის პირველი მოდელია, რომელსაც კომპანია ჩინეთის ბაზარზე შეიტანს.

ახალი ავტომობილისთვის მხოლოდ ორი ძრავია განკუთვნილი - 1.6-ლიტრიანი 16V (16-სარქველიანი), რომელიც 110 ცხენის ძალას (5 750 ბრ/წთ-ზე) და 147 ნიუტონმეტრს (4 000 ბრ/წთ-ზე) ავითარებს და 2.0-ლიტრიანი, იმავე კონფიგურაციის, რომელიც 147 ცხენის ძალას და 200 ნიუტონმეტრს ავითარებს.

ავტომობილის უსაფრთხოების სისტემებში შედის 6 პნევმობალიში (2 წინა, 2 გვერდითა და 2 ფარდა), 5-წერტილოვანი უსაფრთხოების ღვედები და გამაფრთხილებელი ხმოვანი და ვიზუალური სიგნალები. აღსანიშნავია, რომ პრემიერამდე, ავტომობილმა 1 000 000 სატესტო კილომეტრი გაიარა.

408 DF-ის შემუშავების პროცესში, ფრანგ სპეციალისტებთან ერთად, ”დონ ფენის” მათი ჩინელი კოლეგებიც მონაწილეობდნენ. ავტომობილს ამ ორი კომპანიის ზიარი, უჰანის ქარხანა გამოუშვებს. დაგეგმილია წლიურად 100 000 ცალი 408 DF-ის წარმოება.

უკვე ხუთი წელია, რაც ”პეჟო” ჩინურ ბაზარზე ავტომობილებს ჰყიდის და ამ პერიოდში, მისმა მანქანებმა დიდი პოპულარობა მოიპოვეს. შარშან ცისქვეშეთში 410 000 ”პეჟო” გაიყიდა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 44 პროცენტით მეტია.

”სუზუკი” ჟენევაში ”კიზაშის” ევროპულ ვერსიას გამოფენს

European Suzuki Kizashi Sedan to Bow at Geneva Motor Show

30 იანვარი

ჟენევის ავტო შოუზე, რომელიც მარტის პირველ რიცხვებში დაიწყება, იაპონური კომპანია ”სუზუკი” თავისი ახალი სედანის, ”კიზაშის” ევროპულ ვერსიას გამოფენს. ინგლისურ ჟურნალ ”ავტოქარის” ცნობით, სედანი, რომელიც უკვე იყიდება ამერიკულ ბაზარზე, ჟენევის შოუს დასრულებისთანავე გამოჩნდება კომპანიის შვეიცარიულ სადილერო პუნქტებში, დროთა განმავლობაში კი მისი გაყიდვა სხვა ევროპულ ქვეყნებშიც დაიწყება.

”კიზაშის” ევროპული ვარიანტი ბენზინზე მომუშავე ოთხცილინდრიანი ძრავით აღიჭურვება, რომლის მუშა მოცულობაც 2.4 ლიტრია. ძრავს 6-საფეხურიანი მექანიკური კოლოფი, ან უსაფეხურო ვარიატორი უწყვილდება. პირველი ვერსიით, ძრავის სიმძლავრე 185 ცხენის ძალას აღწევს, მეორე ვერსიით კი - 178 ცხენის ძალას.

მოგვიანებით, იაპონური კომპანია ევროპელ მყიდველს 3.2-ლიტრიანი ძრავით და ჰიბრიდული დანადგარით აღჭურვილ ”კიზაშისაც” შესთავაზებს. ოღონდ, ჯერ დაზუსტებული არაა, თუ კონკრეტულად როდის მოხდება ეს.

”სუზუკი” მყიდველს სრულამძრავიანი ტრანსმისიით აღჭურვილ ”კიზაშისაც” შესთავაზებს. ეს სისტემა უნივერსალურია. კერძოდ, ჩვეულებრივ, ის წინაამძრავიან რეჟიმში იმუშავებს, სპეციალურ ღილაკზე დაჭერის შემდეგ კი ტრანსმისია მაბრუნ მომენტს ოთხივე ბორბალს გაუნაწილებს. ამასთან, საგზაო პირობების შესაბამისად, უკანა ბორბლებს საერთო მომენტის 50 პროცენტამდე გადაეცემა.

ევროპაში ”სუზუკი კიზაში” კონკურენციას გაუწევს ”ფორდ მონდეოს”, ”სიტროენ C5-ს”, ”ტოიოტა ავენსისს”, ”ფოლკსვაგენ პასატს” და ”ოპელ ინსინიას”. ახალი სედანის ევროპული ვერსიის ფასი მოგვიანებით გამოცხადდება.

”სააბი” ჰოლანდიურმა ”სპაიკერმა” შეიძინა

Tiny Spyker snaps up Saab

30 იანვარი

”სპაიკერის” მთავარი აღმასრულებელი ვიქტორ მიულერი (მარცხნივ) და ”სააბის მთავარი აღმასრულებელი იან-აკე იონსონი

.........................................................................

პატარა ჰოლანდიურმა საავტომობილო კომპანია ”სპაიკერმა”, რომელიც სპორტული, ექსკლუზიური ავტომობილების წარმოებითაა ცნობილი, ”ჯენერალ მოტორსისგან” შვედური ”სააბის” შეძენაზე თანხმობა მიიღო. არადა, ამ გარიგებამდე რამდენიმე დღით ადრე, პრესაში გაჩნდა ვარაუდი იმის შესახებ, რომ ამერიკული კომპანია თავისი შვედური შტოს დახურვას აპირებდა.

”სპაიკერი” ძველი კომპანიაა, თუმცა ის 1920 წელს დაიხურა და 2000 წელს განაახლა მუშაობა. ”სააბის” შეძენაში მას 74 მილიონი დოლარის გადახდა მოუწევს. გარდა ამისა, შვედური კომპანიის აქციებსაც შეიძენს, რაშიც 326 მილიონს გადაიხდის. გარიგების კიდევ ერთი პირობა ისაა, რომ ევროპის საინვესტიციო ბანკი, ”სააბს” კრედიტის სახით, 400 მილიონ ევროს გამოუყოფს, ამ კრედიტის გარანტი კი შვედეთის მთავრობა იქნება.

”ჯენერალ მოტორსმა” 1989 წელს, ”სააბის” აქციების ნახევარში 600 მილიონი დოლარი გადაიხადა. ამერიკული კომპანიის განცხადებით, ”სპაიკერისთვის” ”სააბის” მიყიდვის კონტრაქტი თებერვლის შუა რიცხვებში გაფორმდება. ამიტომ, შვედური კომპანიის დახურვის პროცესი ამ კონტრაქტის გაფორმებამდე შეჩერდა. და თუ ”სპაიკერი” ვერ შეძლებს დაპირებული თანხის გადახდას, მაშინ ”სააბს” დახურვა არ ასცდება.

მართალია, ”ჯენერალ მოტორსი” ”სააბის” გაყიდვაში გაცილებით ნაკლებ თანხას მიიღებს, ვიდრე თავად აქვს გადახდილი, მაგრამ ”სპაიკერთან” მიღწეული შეთანხმება, ამერიკული კომპანიისთვის მაინც წარმატებულად შეიძლება ჩაითვალოს, რადგან ამ ერთი წლის განმავლობაში, მან თავისი რამდენიმე შტოს გაყიდვა ვერ შეძლო.

შარშან ”გენერლებს” თავიანთი ამერიკული შტოს, კომპანია ”სატურნის” დახურვამ მოუწია. ეს კი მას შემდეგ მოხდა, რაც ავტოსადილერო გიგანტმა ”პენსკე აუტომოტივმა” ”სატურნის” ყიდვა გადაიფიქრა. ჯერჯერობით ისევ გაურკვეველია ”ჰამერის” ბედი. ამ კომპანიის შეძენა ჩინელებს სურთ, თუმცა საბოლოო ხელშეკრულების გაფორმება რამდენჯერმე გადაიდო. ”ჯენერალ მოტორსმა” გადაიფიქრა თავისი ევროპული შტოს - ”ოპელის” (და მასთან ერთად, ვოქსჰოლისაც) გაყიდვა.

რაც ”სააბი” შეიძინა, ”ჯენერალ მოტორსს” მისგან ზარალის მეტი არაფერი მიუღია. არადა, შვედური კომპანია წარმოებაში ინოვაციურ ტექნოლოგიებს იყენებს და მისი ავტომობილებიც ყოველთვის მაღალი ხარისხით, თუმცაღა, შედარებით მაღალი ფასითაც გამოირჩევა. ”სააბის” შესაძლო დახურვის ერთადერთი მოტივი ის იყო, რომ ამერიკულ კომპანიას არ სურდა, მოწინავე ტექნოლოგიები კონკურენტი მწარმოებლების ხელში აღმოჩენილიყო.

”სპაიკერის” მთავარი აღმასრულებელი ვიქტორ მიულერი, ვინც ჰოლანდიური კომპანია ათი წლის წინ აღადგინა, აცხადებს, რომ ნორმალურ სიტუაციაში, ”სააბს”
”სპაიკერი” თავად უნდა შეეძინა. ის გარიგებამდე 5 დღის განმავლობაში, ”ჯენერალ მოტორსთან” ინტენსიურ მოლაპარაკებას აწარმოებდა და როგორც თავად განაცხადა, აღნიშნულ პერიოდში, 15 საათზე მეტი არ სძინებია.

”ნორმალურ ეკონომიკურ გარემოში, ”სააბი” ალბათ თავად იყიდდა ”სპაიკერს”. ეს შესანიშნავი ბრენდია და ვფიქრობ, მისი კრახი, უხეირო მმართველობის ყველაზე გამორჩეული ნიმუშია ავტოინდუსტრიის ისტორიაში. ბოლო 20 წლის განმავლობაში, სწორი მმართველობის შემთხვევაში, ”სააბს” თავისუფლად შეეძლო, შვედური ”აუდი” გამხდარიყო. მას მართავდა ხალხი, რომლებსაც ვერაფრით გაეგოთ ამ ბრენდის არსი და კომპანიას მუდმივად საივესტიციო შიმშილში ამყოფებდნენ, რის გამოც, მან განვითარება ვერ შეძლო”, - ამბობს ანალიტიკურ კომპანია ”IHS გლოუბლ ინსაითის” ანალიტიკოსი ტიმ ურკუჰარტი.

თავის მხრივ, ”ჯენერალ მოტორსმაც” აღიარა, რომ ”სააბის” მართვისას ბევრი შეცდომა იყო დაშვებული, რამაც შვედური კომპანია ლამის კრახამდე მიიყვანა. ამერიკული კომპანიის ვიცე აღმასრულებელი ბობ ლუცი ამბობს, რომ უკეთესი ინვესტიციების და სწორი საწარმოო სტრატეგიის შემთხვევაში, ”სააბი” გაცილბით უფრო განვითარებული კომპანია იქნებოდა.

”სპაიკერი” პატარა ფირმაა, რომელშიც სულ 100 ადამიანია დასაქმებული. ჰოლანდიური კომპანია წლიურად მხოლოდ 43 სუპერ ავტომობილს ამზადებს, რომლებიც ხელით შრომით მზადდება. მისი საბაზრო ღირებულება 85 მილიონ დოლარს შეადგენს. შედარებისთვის, ”სააბში” დასაქმებულთა რაოდენობა 3 400-ს აღწევს.

ამ ორ კომპანიას ერთი საერთო აქვს - ისინი წაგებაზე მუშაობენ. ”სააბმა” შარშან 21 000-ზე ნაკლები ავტომობილი გამოუშვა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 77 პროცენტით ნაკლებია. შარშანვე, შვედურმა კომპანიამ 400 მილიონი ევრო იზარალა. შარშან, ”ჯენერალ მოტორსმა” ”სააბის” მოძველებული ტექნოლოგიები და ორი მოძველებული მოდელის საწარმოო ხაზები ჩინურ BAIC-ს მიჰყიდა, თუმცა ამის მიუხედავად, ”სპაიკერის” სურვილი, შეეძინა შვედური კომპანია, ოდნავაც არ განელებულა.

Friday, January 29, 2010

ატელიე EDAG-ი ჟენევისთვის ახალ ”მსუბუქ ავტომობილს” ამზადებს

EDAG To Introduce Updated Light Car at Geneva

29 იანვარი

შარშან,ჟენევის საავტომობილო შოუზე, გერმანულმა საინჟინრო ფირმა EDAG-მა, რომელიც მთელს მსოფლიოში თავისი კონცეპტუალური მოდელებითაა ცნობილი, კონცეპტუალური მოდელი ”ლაით ქარ” (მსუბუქი ავტომობილი) წარმოადგინა, რითაც სპეციალისტების დიდი ყურადღება გამოიწვია.

კონცეპცია იმით იყო საყურადღებო, რომ მასში, ელექტროძრავი და ლითიუმ-იონური აკუმულატორების ბლოკი, ავტომობილის ძირზე იყო მოთავსებული. ფირმის პრეს რელიზში ეწერა, რომ ამ ძალური დანადგარებით, ერთჯერადი დამუხტვით, ავტომობილს 150 კილომეტრის გავლა შეეძლო.

კონცეპციაში ისიც საინტერესო იყო, რომ მისი სტრუქტურის 100 პროცენტი ბაზალტის ბოჭკოს კომპოზიტისგან იყო დამზადებული, რომელიც სრულ გადამუშავებას ექვემდებარება. ეს მასალა ალუმინზე მსუბუქი, კარბონის კომპოზიტზე გაცილებით იაფია და რაც მთავარია, იმავე თვისებებით ხასიათდება, როგორებიც ავტოინდუსტრიაში ამჟამად ფართოდ გამოყენებად მასალებს აქვს.

რა თქმა უნდა, კონცეპციაში დიზაინის მხრივაც სხვა ბევრი სიახლეც იყო. მაგალითად, გარემო პირობების შესაბამისად, ავტომატურად რეგულირებადი განათების სისტემა და ინტერიერი, რომელშიც მაჩვენებლების დაფა, მძღოლის პარამეტრების შესაბამისად, იოლად რეგულირდება.

და აი, ჟენევის წლევანდელი შოუსთვის, გერმანული ატელიე იმავე კონცეპციის გაგრძელებას, უფრო სწორედ კი უნივერსალურ პლატფორმას ამზადებს. ეს იქნება ერთგვარი ნახევარფაბრიკატი, რომელშიც არაერთი ინოვაციის გამოყენება იგეგმება. რაც მთავარია, პლატფორმა მსუბუქი მასალებისგან მზადდება და ის კომპაქტური და საშუალო ზომის ავტომობილების ასაგებად იქნება გამოსადეგი. თავად პლატფორმა 1 200 კილოგრამს იწონის და ის იმავე ძალური დანადგარითაა აღჭურვილი, როგორიც EDAG-მა შარშანდელ კონცეპციაზე გამოიყენა.

კომპანიის განცხადებით, ახალი პლატფორმის წარმოებისთვის, შედარებით მცირე საინვესტიციო პაკეტიც საკმარისი იქნება. თუმცა, ამ პაკეტის მოცულობა ჯერ დაზუსტებული არაა. სამაგიეროდ, ცნობილია, რომ ამ კონცეპციის შემუშავებისას, ატელიე ერთდროულად რვა პარტნიორის მხარდაჭერით სარგებლობდა.

EDAG-ის განცხადებით, ახალი კონცეპცია ”მსუბუქი ავტომობილი” პატარა კომპანიებისთვის მისწრება იქნება, რადგან მცირე კაპიტალდაბანდებით, ამ პლატფორმაზე მცირესერიული წარმოების აწყობა არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს. და რაც მთავარია, საბოლოო პროდუქტიც არ იქნება ძვირი.

ამერიკელებმა ელექტრომობილებისთვის უნივერსალური პლატფორმა დაამზადეს

Trexa

29 იანვარი

ამერიკულმა კომპანია ”ტრექსამ”, ელექტრომობილებისთვის მოდულური უნივერსალური პლატფორმა შეიმუშავა, რომელსაც ნებისმიერ მსურველს მიჰყიდის, ვისაც საკუთარი ავტომობილის შექმნა სწადია. ელექტროძრავის გარდა, პლატფორმა აკუმულატორების ბლოკითა და მართვის ელექტრონიკითაა აღჭურვილი.

პლატფორმის მზიდი ელემენტის შესაქმნელად, ”ტრექსას” სპეციალისტებმა ფოლადის, ალუმინისა და კარბონის ბოჭკოებით არმირებული თერმოპლასტი გამოიყენეს. მყიდველს სამი სხვადასხვა ბაზის (1625, 2032 და 2438 მმ) მქონე პლატფორმებს შესთავაზებენ.

პლატფორმა ორი ელექტროძრავითაა აღჭურვილი, რომლებიც ენერგიას ლითიუმ-იონური აკუმულატორების ბლოკისგან ღებულობენ. მათში შენახული ენერგია საკმარისია იმისათვის, რომ ამ პლატფორმის ბაზაზე დამზადებულმა ელექტრომობილმა, დაახლოებით 170 კილომეტრის გავლა შესძლოს.

ამასთან, ”ტრექსას” პლატფორმის ბაზაზე შექმნილი ავტომობილი, ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფას დაახლოებით 8 წამში შესძლებს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 160 კმ/სთ-ს მიაღწევს. აკუმულატორების დამუხტვა საყოფაცხოვრებო ელექტროქსელიდანაა შესაძლებელი. 240-ვოლტიანი ქსელიდან დამუხტვისას, აკუმულატორების მარაგი სრულად 4 საათში ივსება.

სხვათა შორის, ”ტრექსა” იმითაცაა ცნობილი, რომ მისმა სპეციალისტებმა, ჰიბრიდული ”ტოიოტა პრიუსისთვის”, ლითიუმ-იონური აკუმულატორების ბლოკი შექმნა, რომლითაც იაპონურ კომპანიას ნაკლებად ეფექტური, ნიკელ-მეტალოჰიდრიდული აკუმულატორები უნდა შეეცვალა. ეს ბლოკიც საყოფაცხოვრებო ქსელიდან იმუხტება და რაც მთავარია, მისი მეშვეობით, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება ”პრიუსის” დინამიკური მახასიათებლები. კერძოდ, ასეთი ბლოკით აღჭურვილი ჰიბრიდის სიჩქარე, მხოლოდ ელექტროძრავით გადაადგილებისას, 88 კმ/სთ-მდე გაიზრდება, მისი სვლის სიშორე კი 50 კილომეტრს მიაღწევს. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ ლითიუმ-იონური აკუმულატორები ავტომობილის ფასსაც გაზრდის, რაც ამ სისტემის მასობრივ წარმოებაში გამოყენების ალბათობას ამცირებს.

ჯერჯერობით უცნობია, როდის დაიწყებს ”ტრექსა” თავისი უნივერსალური პლატფორმის წარმოებას და რა ეღირება ის.

ასეთი იქნება პეჟო 209?

Peugeot 209

29 იანვარი

”პეჟო” წელს დაარსებიდან 200 წლის იუბილეს აღნიშნავს და ამასთან დაკავშირებით, ჟენევის საავტომობილო გამოფენისთვის, კონცეპტუალურ მოდელ SR1-ს ამზადებს, რომლის გარეგნობაშიც, ფრანგული კომპანიის ხელმძღვანელთა განცხადებით, ”ლომების” ახალი კორპორატიული სტილის შტრიხების დანახვა შეიძლება.

ამ განცხადების გამოქვეყნებიდან რამდენიმე დღეში კი ინტერნეტში გაჩნდა კომპიუტერული ფოტოები იმ ავტომობილისა, რომელიც სავარაუდოდ, სუბკომპაქტურ ჰეჩბეკ 208-ს შეცვლის და ბაზარზე მალე 209-ს სახელით წარსდგება.

რა თქმა უნდა, ამ ეტაპზე ამ ავტომობილის შესახებ არც ტექნიკური მონაცემები არსებობს და არც სხვა დეტალები. ზუსტად არც ისაა ცნობილი, თუ როდის აპირებს მის პრემიერას ფრანგული კომპანია. სამაგიეროდ, ახლავე შეიძლება ვარაუდი, რომ 209-ს გარეგნობაში SR1-ს დიზაინის ბევრ ელემენტს ვიხილავთ.

”პეჟოს” ხელმძღვანელობა არ მალავს, რომ თავის სვტომობილებში სასწრაფოდ აპირებს ახალი სტილის ელემენტების დანერგვას, რათა ძირეულად შეიცვალოს ძველი კორპორატიული სტილი, რომელიც უარყოფითად აისახება კომპანიის გაყიდვებზე.

ამ კომპიუტერულ სურათზე კარგად ჩანს, თუ რომელი ელემენტები გადაინაცვლებს სერიულ ავტომობილებზე კონცეპტუალური SR1-დან. პირველ რიგში, ესაა რადიატორის ბადე, წინა ფარები და წინა ბამპერში ჩაყოლებული ორი სამკუთხა ჰაერამღები. ახალი სტილი ავტომობილის უკანა ნაწილშიც შესამჩნევია - ესაა უკანა დიდრონი შუშა და ასევე დიდი ზომის ფარები.

მთლიანობაში, ორკარიანი ავტომობილი უფრო სპორტულად გამოიტურება, ვიდრე მისი წინამორბედი. ეს სპორტულობა სხვა მოდელებზეც შესამჩნევი იქნება და ალბათ, ინტერიერსაც შეეხება.

”პეჟო 209” პოპულარული 207-ის ტრადიციების გამგრძელებელი უნდა გახდეს და ეს ტრადიცია, პირველ რიგში, ახალი ავტომობილის პოპულარობაზე უნდა აისახოს. კომპანიაში იმედოვნებენ, რომ ახალი სტილის დამკვიდრება დადებითად აისახება გაყიდვებზე.

მოსალოდნელია, რომ ”პეჟო 209-ს” პირველად პარიზის წლევანდელ ავტო შოუზე, ან მერმის, ჟენევაში ვიხილავთ.

Thursday, January 28, 2010

”კარლსონი” საკუთარ ავტომობილებს გამოუშვებს

Carlsson to Launch C25 Model

28 იანვარი

გერმანული კომპანია ”კარლსონი” აქამდე სხვა კომპანიების მიერ გამოშვებული ავტომობილების ტიუნინგით იყო დაკავებული, თუმცა ცოტა ხნის წინ, მისმა ხელმძღვანელობამ გერმანიის ავტოტრანსპორტის ფეგერალური სამსახურიდან, საკუთარი ავტომობილების წარმოების ლიცენზია აიღო და გამოაცხადა, რომ ჟენევის საავტომობილო შოუზე, პირველ საკუთარ კონცეპტუალურ მოდელს, ”კარლსონ C25-ს” გვიჩვენებს.

ეს ავტომობილი ”მერსედეს-ბენცის” SL 600-ის ბაზაზე იქმნება და ის სუპერ გრან ტურიზმოს კლასს შეესაბამება. მისი V12 ორტურბოიანი ძრავი 753 ცხენის ძალას და 1 320 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს, თუმცა მაქსიმალური მომენტი 1 150 ნიუტონმეტრითაა შეზღუდული. ამ აგრეგატის დახმარებით, ავტომობილი ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფას 3.7 წამში შეძლებს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 352 კმ/სთ-ს მიაღწევს.

კომპანიის მთავარი აღმასრულებელი მარკუს შუსტერი აცხადებს, რომ ”კარლსონი” ავტომობილებს მხოლოდ შეკვეთებით დაამზადებს. ამასთან წლევანდელი საწარმოო პროგრამა მთლიანად გაწერილია. ანუ, იმ ავტომობილებზე, რომელთა წარმოებაც წელს იგეგმება, შეკვეთები უკვე მიღებულია.

”მსოფლიოში საკმაოზე მეტი კომპანიაა, რომლებიც მყიდველს ისეთ ავტომობილებს სთავაზობენ, რომელთა გამოყენებაც, საერთო სარგებლობის გზებზეც შეიძლება და რბოლებშიც. თუმცა, კონკურენციის მიუხედავად, ასეთი ავტომობილების წარმოება ჩვენც გადავწყვიტეთ”, - ამბობს შუსტერი. მისი თქმით, ავტომობილი უსაფრთხოების თანამედროვე სისტემებით აღიჭურვება და თავის მგზავრებს უმაღლესი დონის კომფორტითაც უზრუნველყოფს.

”კარლსონი” წლიურად მხოლოდ 25 ცალი C25-ის წარმოებას გეგმავს. მართალია, კომპანია თავისი სუპრ ავტომობილის ფასს არ აქვეყნებს, მაგრამ დასძენს, რომ წლიურად ერთსადაიმავე ქვეყანაში, ერთ ცალ C25-ზე მეტის გაყიდვას არ გეგმავს.

Wednesday, January 27, 2010

ჟანგიანი ”ბუგატი” 260 000 ევროდ გაიყიდა

25 იანვარი

პარიზში, ლონდონურმა სააუქციონო სახლ ”ბონჰემის” მიერ გამართულ აუქციონზე, ძველი და დაჟანგული ”ბუგატი ბრეშა ტაიპ-22”, რომელმაც 70 წელზე მეტი, შვეიცარიის ერთ-ერთი ტბის ფსკერზე გაატარა, სოლიდურ ფასად გაიყიდა. შარშან ეს ავტომობილი, რომელიც 1925 წელსაა გამოშვებული, ტბის ფსკერზე მყვინთავებმა აღმოაჩინეს. სააგენტო ბლუმბერგის ცნობით, დაჟანგულ მანქანაში მყიდველმა 260 500 ევრო გადაიხადა, რაც ავტომობილის სასტარტო სააუქციონო ფასზე 30 000 ევროთი მეტია.

ეს ავტომობილი მისმა მფლობელმა 1936 წელს მიატოვა. ეს მაშინ მოხდა, როდესაც მისი შვეიცარიაში გადაყვანა და იქ გაყიდვა სურდა. მაგრამ, საზღვრის გადაკვეთისას გაირკვა, საბაჟო გადასახადი იმდენად მაღალია, რომ ავტომობილის ღირებულებასაც გადაფარავდა.

მფლობელმა საბაჟოს გადახდა ვერ შეძლო და ”ბუგატი” საბაჟოზე მიატოვა. საბაჟო სამსახურს კი მიტოვებული საქონლის განადგურებას კანონი ავალდებულებდა. მებაჟეებმაც ”ბრძნული” გადაწყვეტილება მიიღეს და ავტომობილი, რომელიც დღეს ანტიკვარია, ტბაში გადაუძახეს. მას შემდეგ, ”ბუგატი ბრეშა ტაიპ-22-მა” ტბის ფსკერზე, ზედაპირიდან 53 მეტრის სიღრმეზე ”ბინადრობდა”.

”ბონჰემის” სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ ტბიდან ამოტანილი და ჟანგის მიერ შეჭმული ავტომობილის მხოლოდ 20 პროცენტი ექვემდებარება აღდგენას. რაც შეეხება ფულს, რომელიც აუქციონერებმა ამ ავტომობილში მიიღეს, ქველმოქმედებას მოხმარდება.

დაჟანგული ”ბუგატის” გარდა, აუქციონზე კიდევ დაახლოებით 90-მდე იშვიათი ავტომობილი იყო გამოტანილი, რომელთა საერთო ღირებულებამაც 15 მილიონი ევრო შეადგინა. თუმცა, მათგან მხოლოდ ნახევარი გაიყიდა. არგაყიდულთა შორისაა 1932 წელს გამოშვებული და სრულად აღდგენილი ”ალფა რომეო 8C-2300 მონცა”, რომლის სასტარო ფასიც 1.3 მილიონი ევრო იყო და ერთადგილიანი ”ტალბო დარაკ გრან პრი”, რომლის სასტარტო ფასი არც გამოცხადებულა.

Monday, January 25, 2010

”ფიატი” ”ალფას”, ”მაზერატის” და ”აბარტს” ერთ საბრენდო ჯგუფში გააერთიანებს

Fiat will merge Alfa, Maserati and Abarth into single brand group

25 იანვარი

”ფიატმა” ახალი საბრენდო სუბ ჯგუფი ჩამოაყალიბა, რომელშიც პრემიუმ და სპორტული ავტომობილების მწარმოებელი სამი კომპანია - ”ალფა რომეო”, ”მაზერატი” და ”აბარტი” გააერთიანა.

ჯგუფს ”მაზერატის” ახლანდელი მთავარი აღმასრულებელი ჰარალდ ვესტერი უხელმძღვანელებს, ვინც იმავდროულად, ”ფიატის” ჯგუფისა და ”ფიატის” საავტომობილო ჯგუფის მთავარი ტექნიკური მოხელის თანამდებობებზეც მუშაობს. ახალი დანიშვნის შემდეგაც, ის თავის ყველა პოსტს შეინარჩუნებს. ”ალფა რომეოს” ახლანდელი მთავარი აღმასრულებელი სერჯო კრავერო, ”ფიატის” ჯგუფის წარმოების დაგეგმარებისა და კონცეპციების განყოფილებას ჩაუდგება სათავეში.

”ფიატის” მთავარი აღმასრულებელი სერჯო მარკიონე ამბობს, რომ ამ სამი მარკის გაერთიანების შედეგად, ”ალფა რომეოს”, ”მაზერატისა” და ”აბარტის” წარმოების დონე კიდევ უფრო გაუმჯობესდება. მისი თქმით, ეს ლოგიკური ნაბიჯი იყო, რადგან სამივე მარკის პროგრამები სპორტული ავტომობილების წარმოებაზეა მომართული, მათი გაერთიანება კი ”სამივე მარკის პროდუქციის საერთო შტრიხებს გაუსვამს ხაზს და მათ სხვა ბრენდებისგან განსხვავებული სტრატეგიით აამოქმედებს”.

რესტრუქტურიზაცია განსაკუთრებით სასარგებლო ”ალფა რომეოსთვის” უნდა იყოს, რომელიც დღეისათვის მძიმე ფინანსურ მდგომარეობაშია. არსებული მონაცემებით, მილანური კომპანია, ბოლო ათწლეულის განმავლობაში, წლიურად, დაახლოებით 200-400 მილიონ ევროს ზარალობდა, რაც ”ფიატის” ჯგუფს მძიმე ტვირთად აწევს. სწორედ წამგებიანი ბიზნესია ის ძირითადი ფაქტორი, რომ ”ალფა რომეომ” მისთვის მეტად პერსპექტიულ, ამერიკულ ბაზარზე დაბრუნება რამდენჯერმე გადადო.

რაც შეეხება ვესტერს, ახალ ჯგუფის ხელმძღვანელის პოსტზე, მისი მთავარი დანიშნულება იქნება ”მაზერატისა” და ”ალფა რომეოს” საწარმოო პროგრამების უნიფიცირება და ორივე ბრენდის საერთო სტრატეგიული გეგმის შემუშავება. ტურინელთა მიზანი ისაა, რომ ორივე კომპანიის ავტომობილების წარმოებისას, მაქსიმალურად იქნას გამოყენებული ურთიერთშენაცვლებადი ნაწილები და აგრეგატები.

და მაინც, ვესტერის მთავარი მიზანი, ”ალფა რომეოს” მომავლის განსაზღვრაა. ამ მიმართულებით, ორი სავარაუდო სცენარი არსებობს:

პირველის მიხედვით, მას შემდეგ, რაც კომპანია ჟენევის საავტომობილო გამოფენაზე ჰეჩბეკ ”ჯულიეტას” წარადგენს და მოგვიანებით, მის გაყიდვებსაც დაიწყებს, ”ალფა რომეოს” დაფინანსება შეუწყდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მილანელები თავიანთ ფლაგმან ”ალფა 166-ს” აღარ შეცვლიან და ცოტა ხანში, მის წარმოებასაც შეწყვეტენ. ამგვარად, ბრენდის ორ მთავარ მოდელად ”ჯულიეტა” (რომელიც მოდელ 147-ს ცვლის) და ”მიტო” დარჩება. მილანელები ასევე 159-ის, კუპე ”ბრერას”, ”სპაიდერისა” და GT-ს წარმოებას გააგრძელებენ.

ამ სცენარის ბოლო, ”ალფა რომეოს” კარგს არაფერს უქადის და კომპანიას, რომელიც 1910 წელს დაარსდა და 1986 წელს ”ფიატის” ჯგუფში შევიდა, აღსასრულამდე მიაცილებს.

მეორე, უფრო პერსპექტიული სცენარით, ”ალფა რომეოს” D და E სეგმენტების მოდელებისთვის (შესაბამისად,159 და 166), ”ფიატი” ამერიკული ”კრაისლერის” შესაბამისი ავტომობილების პლატფორმებს გამოიყენებს. ამასთან, ამ ორივე ავტომობილს ამერიკული კომპანიის საწარმოები გამოუშვებენ.

ახალი ჯგუფის ხელმძღვანელობა ”ალფა რომეოს”, ”მაზერატის” და ”აბარტის” პერსპექტივებს შეისწავლის, რის შემდეგაც, ”ფიატი” ამ ჯგუფის სამოქმედო გეგმას, რომელიც 2010-2014წლებში იმოქმედებს, აპრილში გამოაქვეყნებს. სწორედ მაშინ გადაწყდება, თუ რა ბედი ელის ”ალფა რომეოს”.

ბოლო დეკადაში, ”ალფა რომეოს” გაყიდვები მნიშვნელოვნად შემცირდა, რაც მისი მოდელების გადაბერების შედეგია. პარალელურად, უსახსრობის და სხვა პრობლემათა გამო, ახალი მოდელების წარმოების დაწყებაც გვიანდება. თუმცა, შარშან მილანური კომპანიის გაყიდვები 8.1 პროცენტით, 110 545 ცალამდე გაიზარდა, რაც მეტწილად ბაზარზე ჰეჩბეკ ”მიტოს” გამოჩენის შედეგია. შედარებისთვის, 2000 წელს, ”ალფა რომეოს” გაყიდვების მოცულობამ 203 000 ავტომობილი შეადგინა.

ჰარალდ ვესტერი

..................................

ვესტერი 51 წლის გერმანელი ინჟინერია, რომელიც ”ფიატში” 2004 წელს, ავსტრიული კომპანია ”მაგნა შტეირიდან” გადავიდა. საავტომობილო ბიზნესში თავისი კარიერა მან 1991 წელს, ”ფოლკსვაგენში” დაიწყო, სადაც კონცეპტუალური მოდელების განყოფილების გენერალურ მენეჯერად დაინიშნა. მოგვიანებით, ის ”ფოლკსვაგენის” პრემიუმ ბრენდ ”აუდიში” გადაიყვანეს, სადაც მისი ხელმძღვანელობით, ალუმინისძარიანი მოდელი A2 შეიქმნა.

2000-2001 წლებში ვესტერმა ”ფიატის” ჯგუფში შემავალ ”ფერარიში” იმუშავა, სადაც პროდუქციის განვითარების დირექტორის თანამდებობა ეკავა. 2002 წელს კი ”მაგნა შტეირში” გადავიდა, რომელშიც საინჟინრო შტაბის პრეზიდენტისა და ტექნიკური მოხელის თანამდებობები შეითავსა.

2004 წელს მან ”ფიატში” გადაინაცვლა, სადაც ჯგუფის მთავარი ტექნიკური მოხელის პოსტი ჩააბარეს. 2008 წელს ის ”მაზერატის” მთავარი აღმასრულებელი გახდა, ხუთი თვის შემდეგ კი ამ თანამდებობას ”აბარტის” მთავარი აღმასრულებლობაც შეუთავსა.