Tuesday, February 22, 2011

ყველაზე პატარა „მინის“ სახელად „როკეტმენი“ შეურჩიეს

Rocketman Confirmed as Name of Future MINI City Car

22 თებერვალი

როგორც ჩანს, ჟენევურ ავტო გამოფენაზე, ყველაზე მრავალფეროვანი ექსპოზიცია „ბეემვეს“ და მის ჯგუფში შემავალ კომპანიებს ექნებათ. ბავარიული კომპანიის მთავარი სიახლე ახალი სუბ-ბრენდი და მისი გეგმები იქნება, ულტრა ლუქსის სეგმენტის „როლს როისი“ კონცეპტუალური ელექტრომობილით გაგვაოცებს, „მინი“ კი თავის გამაში ყველაზე პატარა, ასევე კონცეპტუალურ ავრომობილს გვიჩვენებს, რომელსაც „როკეტმენის“ სახელი შეურჩია.

ბევრი სხვა კომპანიისგან განსხვავებით, რომლებიც თავიანთ საგამოფენო ექსპონატებს პრემიერამდე კარგა ხნით ადრე გვაცნობენ, „მინი“ თავისი კონცეპციის შესახებ ინფორმაციას პრაქტიკულად არ ავრცელებს. ამ საქალაქო პატარა ავტომობილისადმი ინტერესის გასაღვივებლად, ინგლისურმა კომპანიამ მხოლოდ მისი სახელი გაგვაცნო. ასევე გამოაცხადა ისიც, რომ გაბარიტების მიხედვით, ახალი ავტომობილი პირველი, ლეგენდარული ალექს ისიგონისის მიერ შექმნილი „მინის“ რეინკარნაცია იქნება. მაგრამ რა ტქმა უნდა, ის თანამედროვე აგრეგატებით და სისტემებით აღიჭურვება.

„მინი“ თავისი ახალი ავტომობილის (რომლის წარმოებაც უკვე გადაწყვეტილია) ფოტოებსაც კი არ ავრცელებს. თუმცა გამოცემა „დი ეიჯმა“ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ახალი ავტომობილის სიგრძე დაახლოებით 3.4 მეტრი უნდა იყოს. ამასთან, სიმაღლით და სიგანით ის ახლოს იქნება „მინის“ თანამედროვე ავტომობილებთან. ავტომობილში ჩასაჯდმი ფორმულაა 3+1.

ყველაზე მთავარი ისაა, რომ „ბეემვე“ „მინის“ თავისი უახლესი ტექნოლოგიების გამოყენების საშუალებას აძლევს. კერძოდ, ახალი ავტომობილი ალუმინის შასის და კარბონის კომპოზიტის ძარას მიიღებს, რომლებიც ბავარიელებმა პროექტ „მეგასიტის“ (ახლა უკვე სუბ-ბრენდ i-ს) ფარგლებში შეიმუშავეს.

დაკიდევ, ავტომობილი „ბეემვეს“ უახლესი, სამცილინდრიანი ტურბოდიზელით აღიჭურვება, რომელიც ავტომობილს 100 კილომეტრს სულ რაღაც 3 ლიტრი საწვავით გაატარებს (თანაც ქალაქში). ამასთან, ყოველი კილომეტრის გავლისას, ატმოსფეროს მხოლოდ 78.4 გრამი ნახშირორჟანგით აბინძურებს.

„შკოდა“ ჟენევაში ახალ ლოგოს და „ჯოისტერს“ გვიჩვენებს

Skoda to Present New Logo, Joyster in Geneva

22 თებერვალი

შკოდა ჯოისტერი
..............................

„ფოლკსვაგენის“ დიდ ოჯახში შემავალი ჩეხური კომპანია „შკოდა“ ჟენევის საავტომობილო გამოფენაზე ორ სიახლეს წარმოადგენს. მათგან ერთია სკომპაქტური ჰეჩბეკი „ჯოისტერი“, მეორე კი - კომპანიის ახალი ლოგო, რომელტან ერთადაც, „შკოდა“ ახალი ცხოვრების დაწყებას აპირებს.

სწორედ ამ ახალი ცხოვრების დაწყების მანიშნებელია განახლებული ლოგო, რომელზეც წარწერა - „შკოდა აუტო“ ამოღებულია, კომპანიის ემბლემა კი - ისარზე მიბმული დროშა, უფრო დიდ ადგილს დაიკავებს. თუ ადრე ემბლემის ფონი ვერცხლისფერი იყო, თავად ემბლემა კი - მწვანე, ამიერიდან დიზაინის ეს ორი ელემენტი ფერებს გაცვლის. ამასთან, ლოგოს აღარ ექნება შაბი სარტყელი, მას ლურჯი, უფრო თხელი სარტყელი შეცვლის. „შკოდას“ ავტომობილებზე ახალი ლოგო პირველად 2012 წელს გამოჩნდება.

ჟენევაში „შკოდას“ პავილიონში, ჩეხური კომპანიის უკლებლივ ყველა მოდელის ხილვა იქნება შესაძლებელი. მათ შორის ყველაზე მთავარ ადგილს კი „ჰოისტერი“ დაიკავებს, რომელიც „ფოლკსვაგენ გოლფის“ პლატფორმაზეა აგებული, მის კაპოტქვეშ კი სპორტული „შიროკოსგან“ ნასესხები ძრავები განლაგდება.

„ჯოისტერისთვის“ ორი ძრავი და მათი ორ-ორი მოდიფიკაციაა გათვალისწინებული. ორივე აგრეგატი დიზელზე მუშაობს. მათგან ერთია 1.4-ლიტრიანი ტურბოდიზელი, რომლის ერთი ვერსიაც 121 ცხენის ძალას, მეორე კი 158 ცხენის ძალას ავითარებს. მეორე აგრეგატის მუშა მოცულობა 2.0 ლიტრია და მას ტურბოკომპრესორი არ ემსახურება. მისი ორი ვერსიის სიმძლავრე 138 და 168 ცხენის ძალაა. ყველა ძრავთან შესაწყვილებლად, 6-საფეხურიანი მექანიკური, 7-საფეხურიანი ავტომატური კოლოფია განკუთვნილი.

„ჯოისტერის“ საბაზო ვერსიის ფასი ევროპაში 19 000 ევრო იქნება. მოგვიანებით კი „შკოდა“ მის მძლავრ ვერსია VRS-საც გამოუშვებს. „ჯოისტერის“ გარდა, ჟენევაში ჩეხური კომპანია ასევე ჰეჩბეკ „ფაბიას“ სპორტულ ვერსია „მონტე კარლოსაც“ წარადგენს.

Monday, February 21, 2011

პირველად ჟენევაში - ელექტრული „როლს როისი“

Rolls-Royce 102EX, Electric Phantom for Geneva

21 თებერვალი

„ბეემვემ“ ელექტრომობილების წარმოებას სერიოზულად მოჰკიდა ხელი - გერმანულმა კომპანიამ ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილების მწარმოებელი ქვე-ბრენდიც კი შექმნა. ბუნებრივია, ახალ ტენდნციას მის ჯგუფში შემავალი კომპანიებიც აყოლებენ ფეხს და მათ შორისაა „როლს როისიც“, რომელმაც ჟენევის ავტო შოუსთვის, ელექტრული „ფანტომი“ – 102 EX მოამზადა.

ინგლისური მარკის მთავარი აღმასრულებელი ტორსტენ მიულერ-ოტვოსი ამბობს, რომ ჟენევისთვის მომზადებული ელექტრომობილი, ეგრეთ წოდებული ტესტ პლატფორმაა იმისათვის, რომ შესაძლებელი გახდეს საზოგადოების აზრის შესწავლა. ამასთან, თუ ბაზარი ამისათვის მზად იქნება, კონცეპტუალური ელექტრომობილის ბაზაზე, „როლსის“ სხვა მოდელების ელექტრიფიკაციაც განხორციელდება.

ნებისმიერ შემთხვევაში, 102 EX ულტრა ლუქსის სეგმენტის პირველი სრულიად ელექტრული ავტომობილია. ჯერჯერობით მისი აღჭურვილობის და ტექნიკური მონაცემების შესახებ, არანაირი ინფორმაცია არ ვრცელდება. ყველაფერ ამას მწარმოებელი გამოფენისთვის ინახავს.

მიულერ-ოტვოსის თქმით, „როლს როისი“ 102 EX-ის სერიულ წარმოებას არ აპირებს. სამაგიეროდ, ამ ავტომობილს ჟენევის შემდეგ, მსოფლიო ტურნე ელის - მას ყველა იმ ქვეყანას მოატარებენ, სადაც „როლს როისის“ ავტომობილები იყიდება. ამ ტურნეს დროს, კომანიის მარკეტოლოგები პოტენციური კლიენტების აზრს შეისწავლიან და მიღებული ინფორმაციის ანალიზის შემდეგ გადაწყვეტენ, „როლს როისისთვის“ აქვს თუ არა აზრი ელექტრომობილების წარმოების დაწყებას.

გარდა ამისა, ბრიტანულმა კომპანიამ სპეციალური ვებ-გვერდი შექმნა, რომელიც 102 EX-ის მსოფლიო ტურნეს გააშუქებს. მასზევე მოათავსებენ ამ ავტომობილზე ავტომოყვარულების და პოტენცური კლიენტების შთაბეჭდილებებს. ტურნეს ბოლოს კი „როლს როისის“ და „ბეემვეს“ ხელმძღვანელობა გადაწყვეტს, აქვს თუ არა აზრი ეკოლოგიურად სუფთა „როლსების“ წარმოებას.

„ნისანი“ ელექტრულ „ლიფზე“ შეკვეთებს ვერ აუდის

Nissan Swamped, Leaf Production at Full Throttle

21 თებერვალი

„ნისან ლიფი“ პირველი მასობრივი ელექტრომობილია მსოფლიო ბაზარზე და მიუხედავად იმისა, რომ ევროპაში წლის საუკეთესო ავტომობილის ტიტულს დაეუფლა, მაინც სპეციალისტთა არაერთგვაროვან შეფასებას იმსახურებს. თუმცა მთავარი ისაა, რომ ყველაზე მეტს, ამჟამად სწორედ ამ ავტომობილზე ლაპარაკობენ.

სულ ახლახანს, ინტერნეტით გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამ ელექტრომობილზე წინასწარი შეკვეთების დაახლოებით 40 პროცენტი გაუქმებულია. მაგრამ მალე ამას მოჰყვა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იაპონური კომპანია „ლიფზე“ შეკვეთებს ვერ აუდის.

გამოცემა „ავტონიუსის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „ნისანს“ ელექტრომობილზე უკვე 27 000 შეკვეთა აქვს მიღებული. შესანიშნავია, იტყვიან ანალიტიკოსები და მარკეტოლოგები. საშინელებაა, იტყვიან მყიდველები. და ორივე მხარე მართალი იქნება. პირველები იმის გამო, რომ ბუმი კომპანიისათვის მოგების მომტანია. მეორენი იმიტომ, რომ 31 მარტამდე მხოლოდ 10 000 შეკვეთის დაკმაყოფილება თუ მოხერხდება.

როგორც ჩანს, მოვლენათა ამგვარი განვითარებისთვის, „ნისანი“ მზად არ იყო, რადგან იაპონურმა კომპანიამ „ლიფზე“ შეკვეთების მიღება შეაჩერა. და გამოაცხადა, რომ ამ პროცესს მხოლოდ მას შემდგ გააგრძელებს, რაც პირველი ლოტით მიღებული შეკვეთების „გარკვეულ რაოდენობას“ დააკმაყოფილებს. რამდენია ეს „გარკვეული რაოდენობა“ და როდის მოხერხდება მათი დაკმაყოფილება, თვითონ „ნისანშიც“ ჯერ არ იციან...

ისე, თუ ზემოთ ნახსენები ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, წინასწარი შეკვეთების 40 პროცენტი გაუქმებულია, მართალია, „ნისანი“ უკმაყოფილო არც ამით უნდა იყოს. ეს გაუქმებები რომ არა, „ლიფზე“ შეკვეთებს რა დააკმაყოფილებდა - ამ ელექტრომობილის წარმოება ხომ, მიუხედავად იმისა, რომ ოპამას (იაპონია) ქარხანა სამ ცვლაში მუაობს, მაინც შეზღუდულია...

„ბეემვე i-მ“ სტარტი აიღო

გერმანული კომპანიისთვის ახალი ეპოქა იწყება

BMW Launches i

21 თებერვალი

21 თებერვალი ბავარიული კომპანიისთვის ისტორიული დღე გახდა - „ბეემვემ“ ოფიციალურად გაგვაცნო თავისი ახალი სუბ-ბრენდი, რომელსაც უბრალოდ, i უწოდა. ამ აბრევიატურით, ის მალე ელექტრომობილების და ჰიბრიდული ავტომობილების წარმოებას დაიწყებს. პრეზენტაციაზევე გამოცხადდა, რომ პირველი ორი ავტომობილი, რომლებიც ბაზარზე ამ მარკით გამოჩნდება, არის i3 და i8. პირველს აქამდ პროექტ „მეგასიტის“ სახელით ვიცნობდით, მეორე კი კონცეპტუალური „ვიჟნ ეფიშნტდაინემიქსის“ ბაზაზე დამზადდება.

„დღეს შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ „ბეემვე i“ პრემიუმ გადაადგილების მიმართულებით გადადგმული ახალი ნაბიჯია. ამ ახალი სუბ-ბრენდის დაფუძნებით, ჩვენ კიდევ ერთხელ ვამტკიცებთ, რომ პრემიუმ სეგმენტს მწარმოებლებს შორის, სიახლეების დანერგვაში ლიდერები ვართ“, - ამბობს „ბეემვეს“ დირექტორთა საბჭოს წევრი იან რობერტსონი, ვინც კომპანიის გაყიდვებსა და მარკეტინგს განაგებს.

„დღეს ჩვენს ინდუსტრიაში ახალი ერა იწყება, ინდივიდუალური გადაადგილების ახალი ერა. ეს კი არის „ბეემვე i“, ახალი ეპოქის პიონერი, დაბადებული ელექტრობა“, - დასძენს რობერტსონი.

ახალი სუბ-ბრენდის ჩამოყალიბებასთან ერთად, ბავარიულმა კომპანიამ ასევე ამერიკაში დააფუძნა ერთობლივი საწარმო სახელწოდებით „ბეემვე i ვენჩარზ“, რომელსაც შტაბ-ბინა ნიუ იორკში ექნება. ამ კომპანიის საწესდებო კაპიტალი 100 მილიონი დოლარია. მისი მთავარი დანიშნულება ისაა, რომ „ბეემვე i-ს“ ავტომობილების ექსპანსიას და უმაღლეს დონეზე მომსახურებას შეუწყოს ხელი.

ახალი მარკის პირველი ორი ავტომობილი ეგრეთ წოდებულ „ლაიფდრაივ“ არქიტექტურას დაეყრდნობა. არ არქიტექტურის საფუძველს წარმოადგენს ალუმინის შასი და ძარის კარკასი, რომელიც ნახშირბადის ბოჭკოთი არმირებული პოლიეთერული ფისის კომპოზიციური მასალითაა დამზადებული. თვითონ ძარაც ასეთივე კომპოზიტით დამზადდება. ეს მასალა ბავარიელებმა ამერიკელ პარტნიორთან, „SG კარბონთან“ ერთად შეიმუშავეს.

i3 კომპაქტური ჰეჩბეკია, რომელსაც აქამდე პროექტი „მეგასიტი“ ეწოდებოდა. მასში ჩასაჯდომი კონფიგურაციაა 2+2. ავტომობილი აღჭურვილია ელექტროძრავით, რომლის სიმძლავრეც 170 ცხენის ძალაა, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი - 250 ნიუტონმეტრი. ძრავი ენერგიას ლითიუმ-იონური აკუმულატორებისგან ღებულობს, რომლებსაც წყლით გაგრილების სისტემა ემსახურება. აკუმულატორებში დაგროვილი ენერგია, ავტომობილს მინიმუმ 160 კილომეტრს გაატარებს.

ამავე ავტომობილის ბაზაზე, უკვე მუშავდება მისი ჰიბრიდული ვერსია, რომლის სვლის სიშორის გასაზრდელადაც, კონსტრუქციას შიდაწვის ძრავისა და გენერატორის ტანდემი დაემატება. შიდაწვის ძრავი მცირელიტრაჟიანი იქნება და ის i-ს ჰიბრიდული ავტომობილებისთვის სპეციალურად მუშავდება.

რაც შეეხება i8-ს, მისი წინამორბედი - კონცეპტუალური „ვიჟნ ეფიშნტდაინემიქსი“ ბავარიელებმა პირველად 2009 წელს, ფრანკფურტის ავტო შოუზე გვიჩვენს, მისი წარმოების გადაწყვეტილება კი ახლახანს გაახმოვანეს. ავტომობილის დასახელებაში რიცხვი 8 მისი სპორტულობის მიმანიშნებელია. სახელით M8, „ბეემვე“ სპორტული სუპერ ავტომობილის წარმოებას გეგმავდა, თუმცა ეკონომიკური კრიზისის გამო, ამ განზრახვაზე ხელი აიღო.

მოდელი i8 ჰიბრიდული დანადგარით აღიჭურვება, რომელშიც ბენზინის სამცილინდრიანი 1.5-ლიტრიანი ძრავი და იგივე ელექტროძრავი შევა, რომელიც i3-ის აღწერისას ვახსენეთ. აქაც შიდაწვის ძრავს მხოლოდ ელექტროენერგიის გამომუშავების დანიშნულება აქვს. ბავარიელთა ინფორმაციით, i8-ს მაქსიმალური სიჩქარე 250 კმ/სთ იქნბა, ადგილიდან 100 კმ/სთ-მდე მის აჩქარებას კი 4.8 წამი ეყოფა.

უკვე ცნბილია ისიც, რომ ამ ორ ავტომობილს „ბეემვეს“ ლაიპციგის ქარხანა გამოუშვებს, რომლის მოდერნიზაციაზეც 400 მილიონი ევროა ინვესტირებული. ორივე ავტომობილის წარმოება 2013 წელს დაიწყება.

„ჰიუნდაი“ საბურავების წნევის საკონტროლო სისტემას ქმნის

Hyundai Develops New Tire Pressure Monitoring System

21 თებერვალი

„ჰიუნდაი“ და მისი შვილობილი კომპანია „მობის“, რომელიც საავტომობილო ნაწილების და კომპონენტების წარმოებაზეა სპეციალიზებული, საბურავებში წნევის მაკონტროლებელ სისტემას (TMPS - ტაიარ პრეშა მონიტორინგ სისტემ) ქმნიან, რომელსაც კორეული კომპანია თავის ავტომობილებზეც გამოიყენებს და კონკურენტებსაც მიჰყიდის.

მსგავს სისტემებს სხვა კომპანიებიც აწარმოებენ, თუმცა „მობისი“ გვპირდება, რომ მისი სისტემა ამჟამად არსებულ ყველა ანალოგზე უკეთესი და მსუბუქი იქნება. არადა, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც სამხრეთკორეული კომპანია ასეთ მოწყობილობას გამოუშვებს.

„მობისის“ განცხადებით, მისი სისტემა ძალიან ადვილად გამოსაყენებელი იქნება, რადგან ის საბურავის სარქველზე დგება და ადვილად მისაწვდომია. ამასთან, ის კონკურენტების სისტემებზე დაახლოებით 10 პროცენტით მსუბუქია, რასაც ის ფაქტორი განაპირობებს, რომ მასში მცირე ზომის ელემენტია ჩადგმული. სიმსუბუქის გარდა, მცირე ელემენტის უპირატესობა ისიცაა, რომ ის დაახლოებით 30 პროცენტით ნაკლებ ენერგიას მოიხმარს. სიმსუბუქე კი იმიტაცაა მნიშვნელოვანი, რომ ბორბლის ბალანსს ოდნავ ცვლის და მის საპირწონედ ნაკლები ბალასტის გამოყენებაა საჭირო.

საბურავებში წნევის მაკონტროლებელ სისტემის წარმოების დაწყება დროულია, რადგან 2013 წელს ძალაში შევა ახალი მოთხოვნა, რომლის შესაბამისადაც, ყველა ავტომობილზე, რომელიც 3.5 ტონაზე ნაკლებს იწონის, მსგავსი სისტემების დაყენება სავალდებულო გახდება. ასე რომ, ჯერ ერთი, „ჰიუნდაის“ საკუთარი სისტემა ექნება. მეორეც, ამავე სისტემაზე მოთხოვნა სხვა კომპანიებისგანაც იარსებებს.

Saturday, February 19, 2011

სუპერ ეკონომიური „ნისან მიკრა“

Nissan Launches Super Clean Micra DIG-S Turbo

19 თებერვალი

„ნისანმა“ თავის პოპულარულ სუბკომპაქტურ ჰეჩბეკ „მიკრას“ ახალი, სუპერ ეკონომიური ვერსია DIG-S (დირექტ ინჯექშნ გაზოლინ-სუპერჩერჯერ) შექმნა, რომელიც გარემოს ნახშირორჟანგით მინიმალურად აბინძურებს.

ავტომობილი ბენზინის სამცილინდრიანი 1.2-ლიტრიანი ძრავითაა აღჭურვილი, რომელსაც საწვავის უშუალოდ წვის კამერაში შეფრქვევის სისტემა და მექანიკური დამჭირხნი ემსახურება. გარდა ამისა, ავტომობილის ეკონომიურობის გაუმჯობესებას სისტემა სტოპ-სტარტიც უზრუნველყოფს.

ძრავი 98 ცხენის ძალას და 142 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს და რაც მთავარია, ავტომობილის მიერ ყოველი კილომეტრის გავლისას, ატმოსფეროში მხოლოდ 95 გრამ CO2-ს გამოჰყოფს. ოღონდ, ეს მაჩვენებელი მაშინ მიიღწევა, როდესაც ძრავთან მექანიკური კოლოფია შეწყვილებული. ავტომატური კოლოფის შემთხვევაში კი გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის შემცველობა 115 გრამია.

ზემოთ ხსენებული სისტემების გარდა, ძრავის ეკონომიურობას ის გარემოებაც განაპირობებს, რომ ის ეგრეთ წოდებული მილერის ციკლით მუშაობს. ასეთი ძრავების თავისებურება ისაა, რომ შეშვების და გამოშვების ტაქტები სხვადასხვა ხანგრძლივობისაა. კერძოდ, შემშვები სარქველი ჩვეულებრივზე გვიან იხურება. ის შეკუმშვის ტაქტის დასაწყისშიც კი ღიად რჩება. სხვათა შორის, ფაზების ასეთ გადაფარვას ძრავების ფორსირებისას იყენებენ. 13:1-მდე გაიზარდა ძრავის კუმშვის ხარისხი, რამაც ასევე ძრავის ეფექტურობის გაუმჯობესება განაპირობა. საბოლოოდ, აგრეგატის მახასიათებლები 1.5-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი აგრეგატისას გაუთანაბრდა.

მექანიკურ კოლოფთან შეწყვილებული ასეთი ძრავით აღჭურვილი „მიკრას“ მაქსიმალური სიჩქარე 180 კმ/სთ-ია, 100 კილომეტრის გასავლელად კი, შერეული ციკლით მოძრაობისას, მას სულ რაღაც, 4.1 ლიტრი ბენზინი ჰყოფნის. „მიკრას“ ეკონომიურობა ოდნავ უარესდება, როცა ძრავი ავტომატურ კოლოფთან ერთად მუშაობს.

გარდა იმისა, რომ ტემპერატურული რეჟიმის შემსუბუქებით (მილერის ციკლის გამოყენების წყალობით), ხახუნის შემცირებითა (მოძრავი დეტალების რაოდენობის შემცირების წყალობით) და საწვავის შეფრქვევის სისტემის დახვეწით, ძრავის ეფექტურობა გაზარდეს, „ნისანის“ ინჟინრებმა „მიკრას“ ეკონომიურობის გაუმჯობესებას იმითაც მიაღწიეს, რომ სამცილინდრიანი ძრავი, ოთხცილინდრიანთან შედარებით, ნაკლებს იწონის. ასევე შეცვლილია ძრავის მართვის სისტემაც.

სუპერ ეკონომიური „ნისან მიკრას“ პრემიერა მარტში, ჟენევის ავტო შოუზე გაიმართება, მისი გაყიდვები კი ევროპის ბაზარზე ზაფხულში დაიწყება.

„კრაისლერთან“ ალიანსი „ფიატ-ისთვის“ მნიშვნელოვანია

Marchionne says Chrysler alliance is crucial

19 თებერვალი

ფიატ-ის მთავარი აღმასრულებელი სერჯო მარკიონე (ფოტოზე) აცხადებს, რომ „კრაისლერთან“ ალიანსს, იტალიური საავტომობილო ჯგუფისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს და დასძინა, რომ ტურინული კომპანია თავისი ბიზნესის იტალიაშივე განვითარებას აპირებს, რისთვისაც მილიარდობით დოლარის ინვესტირება იგეგმება.

„არამარტო ისაა სიმართლე, რომ „ფიატ-მა“ „კრაისლერი“ გადაარჩინა, არამედ ისიც, რომ „კრაისლერს“ ჩვენი ჯგუფის წარმატებული მომავლისთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება. მათთან ერთად, ჩვენ საწარმოო პროგრამას ვამრავალფეროვნებთ და დიდი ერთობლივი გეგმები გვაქვს“, - ამბობს მარკიონე, ვინც იმავდროულად, ამერიკული კომპანიის მთავარი აღმასრულებელიცაა.

მარკიონემ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ „კრაისლერთან“ გაერთიანების შემდეგ, „ფიატ-ის“ შტაბ-ბინა შესაძლოა, ამერიკაში გადავიდეს, რამაც იტალიის მთავრობის დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. ამის გამო, მას სასწრაფოდ შეხვდა იტალიის პრემიერ მინისტრი სილვიო ბერლუსკონი, შემდეგ კი მარკიონე საპარლამენტო მოსმენაზეც დაიბარეს.

მარკიონემ, ვინც წარმოშობით იტალიელ-კანადელია, ბერლუსკონი დაარწმუნა იმაში, რომ „ფიატი“ საინვესტიციო პროგრამას, რომლის ფარგლებშიც, 27 მილიარდი დოლარის ინვესტირებას გეგმავს, მეტწილად იტალიაში განახორციელებს. მაგრამ საპარლამენტო მოსმენისას ისიც განაცხადა, რომ „კრაისლერთან“ გაერთიანების და ამ უკანასკნელის აქციონირების შემდეგ, ორი კომპანიის იტალიიდან მართვა პრობლემური გახდება.

„ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მალე „კრაისლერის“ აქციებს ბირჟაზე გამოვიტანთ. ორი აქციონირებული კომპანიის სხვადასხვა შტაბ-ბინიდან მართვა კი პრობლემებს წარმოქმნის. თუმცა, ამასთან დაკავშირებით, ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ გვაქვს“, - ამბობს მარკიონე.

„ფიატ-ს“, რომელიც იტალიის უდიდსი ინდუსტრიული ჯგუფია, „კრაისლერთან“ შერწყმა აქვს გადაწყვეტილი და ამ პროცესის დასრულებას, ორ-სდამ წელიწადში აპირებს. თუმცა, მანამდე ორივე კომპანიაში ძირეული რესტრუქტურიზაციის ჩატარება მოუწევს, რაც უზარმაზარ ხარჯებთან იქნება დაკავშირებული.

2009 წელს, მას შემდეგ, რაც „კრაისლერმა“ მართვადი გაკოტრების რეჟიმში გააგრძელა არსებობა, მისი აქციების 20 პროცენტი „ფიატ-მა“ გამოისყიდა. ამ წლის დასაწყისში კი იტალიურმა კომპანიამ „კრაისლერში“ თავისი წილი 25 პროცენტამდე გაზარდა.

მარკიონე ამბობს, რომ „ფიატ-ის“ იტალიაში დატოვება სურს, თუმცა ისიც დასძინა, რომ ამის გაკეთება გაუჭირდება, თუ პროფკავშირებისგან მხარდაჭერა არ ექნება: „ჩვენ არსად წასვლის სურვილია რ გვაქვს. „ფიატ-ი“ ამ ქვეყნის ნაწილია და იტალიის დატოვების სურვილი არ აქვს“.

საინვესტიციო გეგმა, სახელად „ფაბრიკა იტალია“, 20 მილიარდი ევროს ინვესტირებას ითვალისწინებს და ამ თანხის უმეტესი ნაწილი იტალიაში მოქმედ ხუთ ქარხანას მოხმარდება, რომლებიც ამჟამად წაგებაზე მუშაობს. რაც შეეხება პროფკავშირებს, მათ უკვე „ფიატ-ის“ ორ - მირაფიორის (ტურინის მახლობლად) და პომილიანოს (ნაპოლის მახლობლად) ქარხანასთან გააფორმეს ხელშეკრულებები.

მეცხრე თაობის „ჰონდა სივიკი“

Honda Civic Revealed, Gets More Efficient

19 თებერვალი

ჰონდამ თავისი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ავტომობილის, სივიკის მეცხრე თაობის მოდელის ფოტოები და ტექნიკური მონაცემები გამოაქვეყნა. ეს ავტომობილი ორი ძარით (სედანი და კუპე) და ხუთი ვერსიის სახით გაიყიდება. კომპანიის განცხადებით, ახალი სივიკის შემუშავებისას, ინჟინრებს მთავარი ყურადღება საწვავის ეკონომიურობაზე ჰქონდათ გადატანილი.

პირველი ვერსია ჩვეულებრივი ძრავებით აღჭურვილ სედანებს და კუპეებს მოიცავს. მეორე ეკონომიური ვერსია HF-ია, მესამე - სპორტული Si, მეოთხე ჰიბრიდული, მეხუთე კი გაზზე მომუშავე აგრეგატითაა აღჭურვილი. ამ ხუთიდან ყველაზე ეკონომიური HF და ჰიბრიდული ვერსიებია, რომელთა ხარჯიც 100 კილომეტრზე (ქალაქგარეთ მოძრაობისას) შესაბამისად, 5.7 და 5.2 ლიტრია.

სივიკ HF ბენზინის 1.8-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი i-VTEC ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 140 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და რომელთანაც 5-საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფია შეწყვილებული. სხვათა შორის, ეს ძრავი ახალი არაა და მას წინა თაობის სივიკზეც იყენებდნენ. გაზრდილი ეკონომიურობა კი იმის შედეგია, რომ ავტომობილი აეროდინამიკური ელემენტებით და სისტემა „ეკო ესისტით“ აღიჭურვა. სხვათა შორის, ამ სისტემას ჰონდა ადრე მხოლოდ ჰიბრიდულ მოდელებზე - CR-Z-სა და ინსაითზე იყენებდა. ყოველივეს შედეგად, წინა თაობის სივიკთან შედარებით, ახალი დაახლოებით 0.5 ლიტრით ნაკლებ ბენზინს მოიხმარს.

რაც შეეხება ჰიბრიდულ სივიკს, მის ძალურ დანადგარში, 1.5-ლიტრიანი ბენზინის აგრეგატი, პატარა ელექტროძრავი, უსაფეხურო ვარიატორი და ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკი შედის. სხვათა შორის, ელექტროენერგიის დაგროვების საშუალებად, ჰონდა ასეთ აკუმულატორებს პირველად იყენებს.

სპორტული სივიკი კი 2.4-ლიტრიანი ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 200 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ამ აგრეგატმა 2.0-ლიტრიანი შეცვალა, რომლის მაქსიმალური სიმძლავრეც 197ცხენის ძალა იყო. ძრავის მიერ გამომუშავებულ მაბრუნ მომენტს (230 ნმ, რაც წინამორბედის ანალოგიურ მაჩვენებელზე დაახლოებით 22%-ით მეტია) 6-საფეხურიანი მექანიკური კოლოფი გადაამუშავებს და წინა წამყვან ბორბლებს აწვდის. სპორტული სივიკის დინამიკური მახასიათებლების გამოქვეყნებისგან, ჰონდა ჯერჯერობით თავს იკავებს.

„დღეისათვის ავტობაზარზე სივიკი ერთადერთი მოდელია, რომელიც მყიდველის ყველანაირ მოთხოვნას აკმაყოფილებს - არის ეკონომიური, სპორტული, ოპტიმალურად აღჭურვილი, ალტერნატიულ საწვავზე მომუშავეც და რაც მთავარია, დიდხანს ინარჩუნებს თავის ღირებულებას“, - ამბობს ჰონდას ამერიკული შტოს აღმასრულებელი ვიცე პრეზიდენტი ჯონ მენდელი.

მეცხრე თაობის სივიკის გაყიდვას ჰონდა პირველ რიგში ამერიკაში დაიწყებს, შემდეგ კი მას ევროპასა და სხვა ბაზრებზეც შეიტანს.

Friday, February 18, 2011

„ფორდმა“ კიოლნში ელექტრული ფურგონის ტესტირება დაიწყო

First Ford Transit Connect Electric charged for German field test

18 თებერვალი

საავტომობილო ბაზრის ელექტრომობილების სეგმენტში „ფორდმაც“ შეაბიჯა - ამერიკულმა კომპანიამ და გერმანიის ქალაქ კიოლნში მოქმედმა პროექტმა „E-მობილმა“, გერმანიის ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მიწის ეკონომიკის სამინისტროს მხარდაჭერით, ელექტრომობილების ტესტირება დაიწყეს.

ამერიკულმა კომპანიამ ამ ტესტირებისთვის თავისი პირველი სერიული ელექტრომობილი - „ტრანზიტ კონექტ ელექტრიკი“ მოამზადა. სულ ტესტირების პროცესს ათი ასეთი ავტომობილი გაივლის. სხვათა შორის, კიოლნშივე უკვე რამდენიმე თვეა, ტესტირებას ათი ცალი საშუალო ზომის არასერიული კომერციული ელექტრული ფურგონი „ტრანზიტ BEV“ (BEV - ბატერი ელექტრიკ ვიიქლ, ანუ აკუმულატორიანი ელექტრული მანქანა) გადის.

პროექტში, „ფორდის“ გარდა, კიოლნის ხელისუფლება, ენერგომიმწოდებელი კომპანია „რაინენერჯი“ და დუისბურგ-ესენის უნივერსიტეტი მონაწილეობენ. პროექტის მიზანია, შეისწავლოს ქალაქის პირობებში ელექტრული ფურგონის ყოველდღიური ექსპლუატაციის თავისებურებანი.

ელექტრული „ფორდ ტრანზიტ კონექტი“ ჩვეულებრივი შიდაწვისძრავიანი ფურგონისთვის დამახასიათებელი დინამიკით, ტევადობით და ექსპლუატაციის სიმარტივით გამოირჩევა, რის გამოვ, ის შესანიშნავი არჩევანია, როდესაც საქმე ქალაქში მცირე ტვირთების გადაზიდვებს ეხება. ლითიუმ-იონური ელემენტევის ბლოკი ავტომობილის ძირზეა მოთავსებული, რისი წყალობითაც, მისი საბარგულის მოცულობა არ შემცირებულა.

ავტომობილი გერმანულ კომპანია „სიმენსის“ წარმოების ელექტროძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 78 ცხენის ძალას და 235 ნიუტონმეტრს იძლევა. მასთან ამერიკულ კომპანია „ბორგ უორნერის“ წარმოების ერთსაფეხურიანი ტრანსმისიაა დაკავშირბული, რომლის ერთადერთი საფეხურის გადაცემის რიცხციც 8.5:1-ზეა. აკუმულატოების ბლოკის ენერგოტევადობა 28 კილოვატსაათია. სეგმენტი, სადაც ელემენტების ბლოკია გამაგრებული, ავტომობილის ძარის სტრუქტურის სიხისტის გაზრდასაც უზრუნველყოფს. სამაგიეროდ, აკუმულატორების წონა დაახლოებით 453 კილოგრამია და ავტომობილის ტვირთამწეობაც ამდენივეთია შემცირებული.

240-ვოლტიანი შტეპსელიდან დამუხტვისას, „ფორდ ტრანზიტ კონექტის“ აკუმულატორები (რომლებსაც თხევადი გაგრილების სისტემა ემსახურება) სრულად 8 საათში ივსება, 120-ვოლტიანი შტეპსელის გამოყენების შემთხვევაში კი, დამუხტვის დრო 27 საათამდე იზრდება. სრულად შევსებული აკუმულატორებით, ელექტული სატვირთოს სვლის სიშორე 130 კილომეტრს აღწევს.

ტესტირების პროცესში, ელექტრულ ფურგონებს „რაინენერჯის“ მიერ მოწყობილი დასამუხტი სადგურები მოემსახურება. სხვათა შორის, ტესტირების დროს, ასეთი სადგურების ეფექტურობაც შემოწმდება. მთავარი კი ისაა, თუ რამდენად გამძლეა ელექტრომობილის ელექტრული სისტემები და დამუხტვა-განმუხტვის რამდენ ციკლს უძლებს აკუმულატორების ბლოკი.
B99 - პატარა „იაგუარის“ კონცეპცია „ბერტონესგან“
Bertone's Baby-Jaguar B99 Concept
18 თებერვალი
იტალიურმა სადიზაინერო სახლმა „ბერტონემ“, ჟენევის ავტო შოუსთვის, კონცეპტუალური ავტომობილი მაომზადა, რომელსაც „იაგუარ B99“ უწოდა. ჯერჯერობით უცნობია, ეს ინგლისური მარკის ახალი პატარა სედანია, თუ უბრალოდ, „ბერტონეს“ საჩვენებელი ავტომობილი, რომლითაც იტალიური ატელიე თავს გვახსენებს.
კონცეპტუალურ ავტომობილს „იაგუარი“ კი ეწოდება, თუმცა აბრევიატურა დიზაინ ატელიესგან აქვს მიღებული - B სწორედ „ბერტონეს“ ნიშნავს, რიცხვი კი - ამ ატელიეს არსებობის B99 წელს. ინტერნეტით გავრცელებული ინფორმაცია გვამცნობს, რომ ეს ავტომობილი მალე ინგლისური მარკის ყველაზე პატარა მოდელ X-ტაიპს შეცვლის.
კონცეპტუალური ავტომობილი კომპაქტურ სედანად კი ითვლება, მაგრამ თუ მის გაბარიტებს გადავხედავთ, კომპაქტურობისას ვერაფერს შევატყობთ: სიგრძე 4.5 მეტრი, სიგანე 1.95 მეტრი, სიმაღლე კი 1.35 მეტრი. თავისი გარეგნობით, ის კლასიკურ XJ-ს მოგვაგონებს. ავტომობილს არ აქვს შუა საყრდენი, მისი კარებები კი ერთმანეთის საპირისპირო მიმართულებით იღება. B99-ს ოთხი კარი კი აქვს, მაგრამ მათგან სრულფასოვანი მხოლოდ წინა კარებებია, უკანებს კი წინების ნახევარი სიგრძე აქვს. სავარაუდოდ, თუ ეს ავტომობილი კონვეიერზე დადგა, მწარმოებელი სტანდარტულ კარებებზე შეაჩერებს არჩევანს.

ავტომობილის გარეგნობას ერთი საინტერესო თვისება აქვს - მისი წინა და უკანა ნაწილები ძლიერ ჰგავს ერთმანეთს. კერძოდ, მთავარი ფარები და გაბარიტული ფარები წვრილი, წაგრძელებული და თითქმის ერთნაირი მოყვანილობისაა. მათ შორისაც ერთმანეთის მსგავსი, ოვალური მოყვანილობის სეგმენტებია ჩაყოლებული. წინ ეს სეგმენტი რადიატორის ბადითაა შევსებული, უკან კი მასში სანომრე დაფა მოუთავსებიათ.
ჯერ „იაგუარ B99-ის“ ინტერიერის ფოტოები არ გავრცელებულა, თუმცა ეჭვის შეტანაც არ ღირს იმაში, რომ კონცეპტუალური ავტომობილი, ინგლისური მარკისთვის შესაფერისად, მდიდრულად გამოეწყობა. სალონის გაფორმებისას ძვირფას ტყავს, ალუმინისა და აფრიკული კაკლის ხის დეტალებს გამოიყენებენ.
ჯერჯერობით არც ამ ავტომობილის აღჭურვილობაზე გავრცელებულა ინფორმაცია. ამ მხრივ, მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ ის ჰიბრიდული (კერძოდ რა ტიპის, ესეც უცნობია) დანადგარით აღიჭურვება. ამასთან, „ბერტონე“ ირწმუნება, რომ ავტომობილს სვლის დიდი მარაგი ექნება.

Thursday, February 17, 2011

გაიცანით ჟენევურ პრემიერამდე - „ჰიუნდაი i40“

Hyundai Reveals New i40 Ahead of Geneva Debut

17 თებერვალი

„ჰიუნდაიმ“ თავისი ახალი ავტომობილის, ევროპული კლასიფიკაციით D სეგმენტის უნივერსალ i40-ის ორი ფოტო გაავრცელა. ეს ავტომობილი ევროპულ ბაზარზე წინა თაობის „სონატას“ შეცხლი, მისი მსოფლიო პრემიერა კი ჟენევის ავტო შოუზე გაიმართება. კორეული კომპანიის ევროპული შტოს აღმასრულებელი დირექტორი ალან რაშფორტი ამბობს, რომ ამ ავტომობილის სედანისძარიანი ვერსია ბაზარზე მერმისს გამოჩნდება და ის კონკურენციას „ფოლკსვაგენ პასატ-ს“, „ფორდ მონდეოს“, „მზადა6-ს“ და „პეჟო 508-ს“ გაუწევს.

ახალ ავტომობილთან ერთად, „ჰიუნდაი“ ჟენევაში თავის ახალ დევიზს - „ნიუ თინქინგ. ნიუ პოსიბილიტის“ (ახლებური აზროვნება. ახალი შესაძლებლობები ) წარადგენს, რომელიც „დრაივ იორ უეი-ს“ (იარე შენი გზით) შეცვლის. ახალი დევიზით, კორეული კომპანია განახლებული დიზაინისა და ახალი ტექნოლოგიებისადმი თავის დამოკიდებულებას გამოხატავს.

„ჰიუნდაის“ მიერ გამოქვეყნებულ პრეს რელიზში წერია, რომ ეს ავტომობილი სპეციალურად ევროპული ბაზრისთვისაა შექმნილი. მის აღჭურვაში შესულია ის ძრავები და ტექნოლოგიები, რომლებიც ევროპელი ავტო მოყვარულის გემოვნებას აკმაყოფილებს. ამასთან, ეს „ჰიუნდაისთვის“ D სეგმენტის პირველი ავტომობილია და ის კომპანიის ევროპული კვლევითი ცენტრის (რომელიც გერმანიის ქალაქ რუსელსჰაიმში მდებარეობს) სპეციალისტების მიერაა შემუშავებული.

ახალი ავტომობილი კომპანიის კორპორატიულ სტილშია შესრულებული, რომელსაც „ჰიუნდაი“ „თხევად სკულპტურად“ მოიხსენიებს. გარეგნულად ის უფრო ამერიკული ბაზრისთვის განკუთვნილ „ელანტრას“ მოგაგონებთ, ვიდრე წინა თაობის „სონატას“ რომელსაც ცვლის. ძარა უნივერსალის ტიპისაა, მაგრამ სხვა უნივერსალებისგან განსხვავებით, სიმძიმის შთაბეჭდილებას მაინც არ ტოვებს და ეს დიზაინერების დამსახურებაა. შეიძლება ითქვას, რომ ის უფრო წაგრძელებული ჰეჩბეკია, ვიდრე კლასიკური უნივერსალი. სხვათა შორის, ავტომობილს არც ისე დიდი საბარგული აქვს - მისი მოცულობა მხოლოდ 553 ლიტრია, მაგრამ თუ უკანა სავარძლებს დაკეცავთ, სდაბარგულის მოცულობა 1790 ლიტრამდე იზრდება.

საშუალო ზომის ავტომობილი ბენზინის და დიზელის ძრავების ფართო გამით აღიჭურვება. მათ შორის უახლესია 1.7-ლიტრიანი ტურბო დიზელის აგრეგატი, რომელიც ყოველ კილომეტრზე მხოლოდ 113 გრამ ნახშირორჟანგს გამოჰყოფს. ჯერჯერობით არაოფიციალურადაა ცნობილი, რომ ეს ძრავი ორი ვერსიის სახით არსებობს, რომელთა სიმძლავრეც 115 და 136 ცხენის ძალაა. ძრავს ორდისკოიანი ქუროს მეშვეობით, რობოტიზებული კოლოფი შეუწყვილდება.

„მყიდველს შევთავაზოთ მეტი უფრო ნაკლებ ფასში - ეს ჩვენი ფუნდამენტური პრინციპია და ახლა მას, ახალი დევიზით - „ახლებური აზროვნება. ახალი შესაძლებლობები“, უფრო ვავითარებთ. i40 არის ნიმუში იმისა, როგორ ვთავაზობთ მყიდველს უკეთესს და ამასთან, ჩვენი პროდუქციის ხელმისაწვდომობას ვინარჩუნებთ. მომხიბლავი დიზაინით დაწყებული, შესაშური მახასიათებლებით და უახლესი ტექნოლოგიებით გაგრძელებული, i40 თავისი კონკურენტებისგან აშკარად გამორჩეული ავტომობილია“, - ამბობს რაშფორტი.

Wednesday, February 16, 2011

„ტოიოტა“ აზიისთვის დაბალფასიან ავტომობილს გამოუშვებს

Toyota to Build Low-Budget Model for Asia

16 თებერვალი

„რენოს“ მაგალითი გადამდებია - ფრანგულ-რუმინული „ლოგანი“ არამარტო აღმოსავლეთ ევროპასა და განვითარებად ქვეყნებშია პოპულარული, არამედ მასზე დასავლეთ ევროპაშიც დიდი მოთხოვნილებაა. ამიტომ, ამ სეგმენტში შეღწევას ახლა სხვა კომპანიებიც ცდილობენ და მათ შორის მსოფლიოს უდიდესი მწარმოებელი - „ტოიოტაცაა“.

იაპონური გამოცემა ნიკეი იუწყება, რომ „ტოიოტა“ და მისი პარტნიორი „დაიჰაცუ“ ერთობლივად ამუშავებენ ახალ პროექტს, რომლის შედეგადაც აზიის ქვეყნების, პირველ რიგში კი ინდონეზიის ბაზარს, ახალი იაფფასიანი ავტომობილი მოევლინება, რომელიც მოგვიანებით, რეგიონის სხვა ქვეყნებშიც გაიყიდება.

ნიკეისავე ინფორმაციით, ახალი ავტომობილი უფრო პატარა იქნება, ვიდრე მოდელი „ეტიოსი“, რომელიც იაპონურმა კომპანიამ სპეციალურად, ინდური ბაზრისთვის შეიმუშავა. ახალი ავტომობილის სავარაუდო ღირებულება 9 500 დოლარი იქნება. ფასი მხოლოდ აღჭურვის დონის შესაბამისად შეიცვლება.

ახალ ავტომობილს „დაიჰაცუს“ სპეციალისტები შეიმუშავებენ და ამავე კომპანიის ქარხანა გამოუშვებს, თუმცა წარმოებული ავტომობილების 70 პროცენტი „ტოიოტას“ ლოგოთი გაიყიდება. ახალი მოდელისთვის ქარხანაც ახალი აშენდება. მასში „დაიჰაცუ“ 20 მილიარდ იენს დააბანდებს. ქარხანა პირველ ავტომობილებს

ორ წელიწადში გამოუშვებს. მისი წლიური წარმოება 100 000 ავტომობილი იქნება, თუმცა პირველ წელს, მხოლოდ ამის ნახევარს დაამზადებს.

გარდა ამისა, „ტოიოტა“ ასევე მუშაობს ელექტრომობილზე, რომელიც უპირველესად, ჩინური ბაზრისთვის იქნება განკუთვნილი. ამ შემთხვევაში, მას პარტნიორობას ჩინური ჯგუფი FAW უწევს. ელექტრომობილი კომპაქტურ მოდელ „ვიოს-ის“ ბაზაზე შეიქმნება, რომელსაც იაპონური კომპანია წელს გამოუშვებს. მას FAW-ის კუთვნილებაში მყოფ კომპანია „ტიანძინის“ წარმოების ელექტროძრავით აღჭურვავენ. ამ ავტომობილის წარმოება მერმისს უნდა დაიწყოს და მის შესახებ „ტოიოტა“ ჯერჯერობით არანაირ ინფორმაციას არ ავრცელებს.

„დე ტომაზო“ განახლებას იწყებს

De Tomaso Revival Unveiled

16 თებერვალი

ლეგენდარული იტალიური ბრენდი „დე ტომაზო“ აღორძინების გზას ადგას და ამ საქმეს სათავეში იტალიელი ბიზნესმენი ჯან მარიო როსინიოლო უდგას. პირველი ავტომობილი იმ სამიდან, რომელთა წარმოებასაც ეს კაცი ამ მარკით აპირებს, არის ქროსოვერი, რომელსაც კონცეპტუალური SLC-ს სახით, ჟენევის ავტო შოუზე ვიხილავთ. თუმცა, ამ მანქანის პირველი ჩვენება უკვე შედგა და მას რომმა უმასპინძლა.

სხვათა შორის, „დე ტომაზოს“ ადრე ქროსოვერი არასდროს გაუკეთებია. უფრო მეტიც, ეს კომპანია მხოლოდ სპორტული სუპერ ავტომობილების წარმოებაზე იყო სპეციალიზებული. მაგრამ დიდი ხნის წინ, ჩაილურის წყალი დალია და ბევრს დაავიწყდა კიდეც. მაგრამ როსინიოლოს არ დავიწყებია და ხელსაყრელი მომენტი შეარჩია თუ არა, მისი გაცოცხლება გადაწყვიტა.

როსინიოლო ადრე ისეთ კომპანიებს ხელმძღვანელობდა, როგორებიც „ლანჩა“, „ტელეკომ იტალია“ და „ზანუსია“. ცოტა ხნის წინ, მან იჯარით აიღო „ფიატის“ გრულიასკოს (ტურინის მახლობლად მდებარეობს) ქარხანა, რომელიც ტურინულმა კომპანიამ არარენტაბელობის გამო გააჩერა. როსინიოლომ ამ ქარხნის გადაიარაღებისა და „დე ტომაზოს“ აღსადგენად, 116 მილიონი ევრო გამოჰყო.

„დე ტომაზოს“ ქროსოვერის ძირითად ძრავად ბენზინის 524-ცხენისძალიანი V8 შეირჩა, თუმცა როცა ამ ავტომობილის წარმოება დაიწყება, ის დიზელის 247-ცხენისძალიანი V6 აგრეგატითაც აღიჭურვება. რაც მთავარია, ავტომობილის დიზაინი ამ საქმის მაესტრომ, ატელიე „პინინფარინამ“ შეიმუშავა. ჯერჯერობით, ამაზე მეტი ინფორმაცია არ ვრცელდება.

როსინიოლო წლიურად მხოლოდ 3 000 ცალი ქროსოვერის წარმოებას აპირებს. ავტომობილის სავარაუდო ღირებულება კი 115 000 დოლარი იქნება. „დე ტომაზო“ მის წარმოებას მერმისს დაიწყებს. როდის დაიწყება დანარჩენი ორი მოდელის (სედანის და კუპესი) წარმოება, ჯერჯერობით არ დაკონკრეტებულა. თუმცა, როსინიოლო ამბობს, რომ ისინი უკვე შემუშავების სტადიაშია.

„პორშეს“ ჟენევური სიახლე - ჰიბრიდული „პანამერა“

Porsche Panamera S Hybrid Achieves 6.8 l/100km

16 თებერვალი

ჟენევის ავტო შოუსთვის, „პორშეს“ რამდენიმე სიახლე აქვს მომზადებული, რომელთაგან ერთ-ერთი ჰიბრიდული აგრეგატით აღჭურვილი ოთხკარიანი კუპე „პანამერაა“. მართალია ამ მანქანის პრემიერა ჟენევაში ჩატარდება, თუმცა შტუტგარტულმა კომპანიამ მისი მონაცემები გამოფენამდე ორი კვირით ადრე გამოაქვეყნა.

ავტომობილის სრული სახელწოდებაა „პორშე პანამერა S ჰიბრიდ“. მისი შექმნისას, „პორშეს“ ინჟინრების მიზანს, ავტომობილის სპორტულობის შენარჩუნება და ეკონომიურობის მნიშვნელოვნად გაუმჯობესება იყო. უნდა ითქვას, რომ მათ ამოცანას საკმაოდ იოლად გაართვეს თავი, რაშიც უგზოობის ჰიბრიდული „კაიენის“ აღჭურვილობა გამოადგათ.

„პორშემ“ გამოაცხადა, რომ „პანამერა S ჰიბრიდი“ მის ისტორიაში ყველაზე ეკონომიური ავტომობილია. როცა „მიშლენის“ დაბალი წინააღმდეგობის მქონე საბურავებზე დგას, ჰიბრიდული პანამერა 100 კილომეტრის გავლას სულ რაღაც, 6.8 ლიტრი ბენზინით ახერხებს. ყოველ კილომეტრზე კი ატმოსფეროში 159 გრამ ნახშირორჟანგს გამოჰყოფს. აღნიშნული საბურავები სპეციალურად ჰიბრიდული „პანამერასთვის“ შეიქმნა. მათ გარეშე კი ავტომობილს ოდნავ უარესი მაჩვენებლები აქვს. კერძოდ, 100 კილომეტრს 7.1 ლიტრი საწვავით გადის, ყოველ კილომეტრზე კი 167 გრამ CO2-ს გამოჰყოფს.

ავტომობილის ჰიბრიდულ სისტემაში ბენზინის ტურბოკომპრესორიანი 3.0-ლიტრიანი V6 ძრავი და ელექტროძრავი შედის. პირველი 333 ცხენის ძალას იძლევა, მეორე კი - 47 ცხენის ძალას. შიდაწვის ძრავთან 8-საფეხურიანი ავტომატური კოლოფია შეწყვილებული, ელექტროძრავებს კი ენერგიით ნიკელ-მეტალჰიდრიდული ელემენტების ბლოკი ამარაგებს.

„პორშეს“ მონაცემებით, ჰიბრიდული „პანამერა“ ადგილიდან 100 კმ/სთ აიჩქარეს 6.0 წამში ავითარებს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 270 კმ/სთ-ია. ამასთან, ავტომობილს მხოლოდ ელექტროძრავით გადაადგილებაც შეუძლია, თუმცა აკუმულატორებში დაგროვილი ენერგია მხოლოდ 2 კილომეტრის გასავლელად ჰყოფნის. თანაც, ამ დროს მისი მაქსიმალური სიჩქარე მხოლოდ 85 კმ/სთ-ია.

„პორშე პანამერა S ჰიბრიდის“ გაყიდვები ივნისში დაიწყება, მისი საბაზო ვერსია კი გერმანიაში 106 185 ევრო ეღირება.