Saturday, August 8, 2009

”მაზდა MX-5 სუპერლაითი” ფრანკფურტისთვის ემზადება

Mazda MX-5 Superlight

8 აგვისტო


იაპონური კომპანია ”მაზდა” წელს თავისი პოპულარული ავტომობილის, როდსტერ MX-5-ის წარმოების დაწყებიდან 20 წლის იუბილეს აღნიშნავს და ამასთან დაკავშირებით, ფრანკფურტის ავტო შოუზე ჩვენებისთვის, ამავე ავტომობილის ბაზაზე შექმნილი სპიდსტერი ”MX-5 სუპერლაითი” მოამზადა.

ამ ავტომობილის შესახებ, ამ ეტაპზე, ბევრი არაფერია ცნობილი, თუმცა მასზე გარკვეული წარმოდგენა შეიძლება სახელიდან და ფოტოებიდან შევიქმნათ. მაგალითად, ”სუპერლაით” ნიშნავს, რომ ავტომობილის დამზადებისას, მსუბუქი მასალებია გამოყენებული. მათ შორის, აუცილებლად იქნება ალუმინი. სიმსუბუქე ის ფაქტორია, რითაც ”მაზდა” ავტომობილის ეკონომიურობისა და დინამიკური მახასიათებლების გაუმჯობესებას ცდილობს.

ავტომობილის შესამსუბუქებლად, ”მაზდას” ფრანკფურტული სტუდიის სპეციალისტებმა მას საქარე შუშაც კი მოხსნეს. უსახურავო მანქანაში მძღოლის და მისი ერთადერთი მგზავრის დასაცავად, უკანა საყრდენის ნაცვლად, ავტომობილის მზიდ სისტემას ორი მცირე ზომის რკალი დაუმატეს.

ჯერჯერობით უცნობია, რომელი ძრავითაა აღჭურვილი ”MX-5 სუპერლაითი”. თითქოს, სამარჩიელო არაფრი უნდა იყოს - ჩვეულებრივ MX-5-ზე 1.8 და 2.0-ლიტრიან ძრავებს იყენებენ, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ აგრეგატისადმი ”მაზდას” მთავარი მოთხოვნა საწვავის ეკონომიური მოხმარებაა.

”MX-5 სუპერლაითი” შოუკარია, რომლითაც ”მაზდა” პოტენციური მომხმარებლის აზრს შეისწავლის. რა თქმა უნდა, ამ ეტაპზე ძნელია იმის თქმა, აპირებს თუ არა იაპონური კომპანია ამ ავტომობილის (თუნდაც შეზღუდული რაოდენობით) წარმოებას.

”ოპელი” გაყიდვებს ზრდის

Opel Sells Well

8 აგვისტო

მართალია, ”ოპელი” ფინანსურ პრობლემებს განიცდის და მალე მას ახალი მფლობელი ეყოლება, მაგრამ გერმანული კომპანია ევროპის ბაზარზე გაყიდვების მაჩვენებლებს მაინც აუმჯობესებს და თუ შარშან ივლისში, მის წილად ძველი კონტინენტის ბაზრის 6.45 პროცენტი მოდიოდა, ერთი წლის შემდეგ ეს მაჩვენებელი 7.2 პროცენტამდე გაიზარდა.

”ოპელი” გაყიდვებს ამ წლის თვიდან თვემდე აუმჯობესებს. იანვრიდან ივლისამდე პერიოდში, გერმანული კომპანიის წილი ევროპის ბაზარზე 7.03 პროცენტია, რაც იმას ნიშნავს, რომ ის მესამე ყველაზე გაყიდვადი ბრენდია.

”ოპელისთვის” ყველაზე წარმატებული ბაზარი გერმანიაა, რომელიც ”ჯენერალ მოტორსის” გერმანული ბრენდისთვის ძირითად ბაზრად რჩება. შარშანდელ ივლისთან შედარებით, იქ კომპანიის გაყიდვები 51.5 პროცენტითაა გაზრდლი. ეს მაშინ, როდესაც მთლიაბი ბაზარის ზრდამ 29.5 პროცენტი შეადგინა.

”ოპელი” გაყიდვებს სწრაფად ზრდის საფრანგეთში, სადაც მისი გაყიდვების რაოდენობა ერთი წლის განმავლობაში 41.5 პროცენტით გაიზარდა (შედარებისთვის, საკუთრივ ფრანგული ბაზარი მხოლოდ 3.1 პროცენტითაა გაზრდილი). გერმანული კომპანიის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, საფრანგეთში განსაკუთრებით კარგად ”მერივა” და ”კორსა” იყიდება.

”ოპელის გაყიდვები ასევე ესპანეთსა (ბოლო ერთ თვეში 0.8 პროცენტით) და ბელგიაშიც (12.4-პროცენტით) იზრდება. მართალია, პირენეული მაჩვენებელი არც ისე შთამბეჭდავად გამოიყურება, მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ იქ ბაზარი 10.3 პროცენტითაა შემცირებული. ბელგიის ბაზარზე კი ახალი ავტომობილების გაყიდვები 8.7 პროცენტითაა შემცირებული.

”ოპელის” ავტომობილებიდან, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოდელი უახლესი ”ინსინიაა”, რომელმაც შარშან ევროპის წლის საუკეთესო ავტომობილის წოდება მოიპოვა. კომპანიის სტატისტიკით, ”ინსინიაზე” უკვე 140 000 შეკვეთაა მიღებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ევროპის ბაზრის საშუალო ზომის სედანების სეგმენტის ლიდერია.

Friday, August 7, 2009

”პრიუსს” აკუმულატორები არ ჰყოფნის

Toyota Prius

7 აგვისტო

იმ დროს, როდესაც ”ნისან ლიფი” ბაზარზე გამოსასვლელად ემზადება, ჰიბრიდულ ავტომობილებზე მოთხოვნა მთელს მსოფლიოში გიგანტური ტემპებით იზრდება, რასაც ბევრი ქვეყნის სახელმწიფოების მიერ, ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილებზე დაწესებული სოლიდური შეღავათებიც უწყობს ხელს.

ჰიბრიდულ ბაზარზე ყველაზე პოპულარული ავტომობილი ”ტოიოტა პრიუსია”, რომელიც იაპონიაში რამდენიმე თვე ყველანაირ ავტომობილს შორისაც ბესტსელერი გახდა. ეს ავტომობილი იმდენად პოპულარულია, რომ მესამე თაობის ”პრიუსის” წარმოების დაწყების შემდეგაც ”ტოიოტა” მეორე თაობის მოდელის წარმოებას არ წყვეტს.

მაგრამ ამ ავტომობილზე მზარდმა მოთხოვნამ ”ტოიოტას” უკვე პრობლემები შეუქმნა. საქმე ისაა, რომ იაპონური ელექტროტექნიკური გიგანტი ”პანასონიკი” ”პრიუსისთვის” საკმარისი რაოდენობით აკუმულატორების დამზადებას ვერ აუდის, ”ტოიოტას” კი ამ მეტად მნიშვნელოვანი ელემენტის სხვა მიმწოდებელი არ ჰყავს. კიდევ უფრო ცუდი ისაა, რომ ეს პრობლემები ალბათ მერმისაც გაგრძელდება.

ამჟამად ”ტოიოტა” თავის პოპულარულ ჰიბრიდულ ავტომობილს მხოლოდ იაპონიაში, წლიურად 500 000 ცალს აწარმოებს. ზუსტი მონაცემი იმისა, თუ წლიურად რამდენ აკუმულატორს უშვებს ”პანასონიკი”, უცნობია, თუმცა კომპანიის ხელმძღვანელობა ”ტოიოტას” პირდება, რომ მერმის წარმოებას მილიონამდე გაზრდის.

”ტოიოტას” მმართველი დირექტორი ტაკაჰიკო იძიჩი ამბობს, რომ ქარხანა, რომელიც ”პრიუსს” აწარმოებს, სრული დატვირთვით მუშაობს, მაგრამ სამწუხაროდ, ”პანასონიკი” აკუმულატორების დროულად მიწოდებას ვერ ასწრებს, რაც ქარხნის სადგომზე უაკუმულატორო ავტომობილების დაგროვებას იწვევს. ამის გამო კი, ზოგიერთ ბაზარზე, სასურველი ჰიბრიდის მისაღებად, მყიდველს ლოდინი უწევს.

”ნისან ლიფი” ჰიბრიდების წინააღმდეგ

Nissan Leaf

7 აგვისტო

”ნისანი” თავის მასობრივ ელექტრომობილ ”ლიფზე” დიდ იმედებს ამყარებს. იაპონური კომპანია იმედოვნებს, რომ ამ ავტომობილით კონკურენციას გაუწევს იაპონური ბაზრის ბესტსელერებს, ორ უახლეს ჰიბრიდულ ავტომობილს - ”ტოიოტა პრიუსსა” და ”ჰონდა ინსაითს”.

”ნისანის” ჩრდილოამერიკული შტოს ვიცე პრეზიდენტი ლარი დომინიკი, ვინც პროდუქციის დაგეგმარებას კურირებს, ამბობს, რომ ჰიბრიდულ ავტომობილებთან შედარებით, ისეთ ელექტრომობილებს, როგორიც ”ლიფია”, ფულის დაზოგვის გაცილებით სოლიდური პოტენციალი აქვთ, რაც ბაზარზე მათ უზარმაზარ უპირატესობას ჰპირდება.

”ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ”ლიფის” ექსპლუატაცია ავტომფლობელებს ჰიბრიდეზე გაცილებით იაფი დაუჯდებათ”, - ამბობს დომინიკი და დასძენს, რომ ჰიბრიდული ავტომობილები კარგად შემუშავებული ტექნოლოგიებით მზადდება, თუმცა ექსპლუატაციის პარამეტრებით, ისინი ელექტრომობილებს მაინც ვერ გაუწევენ კონკურენციას.

”ლიფს” ხუთი ზრდასრული ადამიანის გადაყვანა შეუძლია, აკუმულატორების სრული დამუხტვით კი მისი სვლის მარაგი 160 კილომეტრს აღწევს, რაც ელექტრომობილებისთვის შესანიშნავი მაჩვენებელია. პლაგ-ინ სისტემა ავტომობილის საყოფაცხოვრებო ელექტროქსელიდან დამუხტვის საშუალებას იძლევა. ამასთან, რეგენერაციული მუხრუჭების მეშვეობით, აკუმულატორების ენერგიის მარაგი დამუხრუჭების დროსაც ივსება.

”ლიფის” სუსტი მხარე ისაა, რომ აკუმულატორების სრულად დამუხტვას (საყოფაცხოვრებო ქსელიდან) 8 საათი სჭირდება. თუმცა, ამ მინუსს ის გარემოება აბათილებს, რომ აკუმულატორების 80 პროცენტით შესავსებად, ნახევარი საათიც საკმარისია (ეს კი 120 კილომეტრია).

აკუმულატორების გარეშე, ”ნისან ლიფის” ღირებულება 20 000 ევროზე ნაკლები იქნება. ჯერ საბოლოოდ დადგენილი არაა, მაგრამ აკუმულატორებს კომპანია ალბათ ლიზინგით გასცემს და მის საფასურს მყიდველი ექსპლუატაციის პროცესში, მოხმარებული ენერგიის და მომსახურების საფასურთან ერთად დაფარავს. ეს კი ელექტრომობილს კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის.

”ნისან ლიფის” გაყიდვები იაპონიაში, აშშ-სა და ევროპაში მერმის დაიწყება.

Thursday, August 6, 2009

”აუდი” ახალ ”კვატროს” გამოუშვებს

Audi Quattro

6 აგვისტო

”ოთხ რგოლში” ახალი ”კვატროსთვის” საუკეთესო მასალად კუპე A5 მიაჩნიათ
Ur-კვატრო და მისი სარბოლი ვერსია
გერმანული კომპანია ”აუდი”, დაარსებიდან 100 წლის იუბილეს აღნიშნავს. საზეიმო ცერემონიებსა და სხვადასხვა ღონისძიებებში, რომლებსაც კომპანია იუბილეს აღსანიშნავად ატარებს, მისი წარსულის არაერთი ლეგენდარული ავტომობილი მონაწილეობს, რომელთა შორისაც, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, რალის მსოფლიო ჩემპიონატის ტრიუმფატორი და ტურბო ერას ერთ-ერთი პირველი მერცხალი ”აუდი კვატროა”.

ახლახანს ცნობილი გახდა, რომ ლეგენდარული სახელი კვლავ დაბრუნდება ”ოთხი რგოლის” საწარმოო პროგრამაში - მერმის, ”აუდი” თანამედროვე ”კვატროს” წარმოებას დაიწყებს. გერმანული კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ Ur-კვატროს ანუ, ორიგინლურ კვატროს ყველაზე მატად კუპე A5 ჰგავს და ალბათ, ახალი კვატროც მის ბაზაზე დამზადდება.

”კვატროს” წარმოებისას, ”აუდი” ბევრ ახალ ტექნოლოგიასა და მსუბუქ მასალებს გამოიყენებს, რომელთა წყალობითაც, ავტომობილის წონა 1 400 კილოგრამზე ნაკლები უნდა იყოს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ის სტანდარტულ A5-ზე 240 კილოგრამით ნაკლები იქნება. წონის შესამცირებლად, ”აუდი” ავტოსპორტში აპრობირებულ ტექნოლოგიებს გამოიყენებს. მაგალითად, შუშას პოლიკარბონატი შეცვლის, ფოლადის დეტალებს კი ალუმინისა ჩაენაცვლება. ასე განსაჯეთ, ჰაერის კონდიცირების სისტემაც კი მცირეგაბარიტიანი და მსუბუქი იქნება.

”კვატრო” მსუბუქი მასალისგან დამზადებულ 19 ან 20-დუიმიან ბორბლებზე დადგება, მას კერამიკული მუხრუჭები და აქტიური უკანა სპოილერი ექნება, რომელიც ავტომობილის სიჩქარის შესაბამისად იცვლის დახრის კუთხეს. რაც შეეხება საკიდარს, ის მაგნიტური, თვითრეგულირებადი უნდა იყოს და მახასიათებლებს გზის საფარისა და მოძრაობის რეჟიმის შესაბამისად შეიცვლის.

რა თქმა უნდა, მთელი ეს ავლა-დიდება, შესაბამისი აგრეგატების გარეშე მნიშვნელოვნად გაფერმკრთალდება. ”აუდის” კი შესანიშნავი ძრავების (თუნდაც დიზელის) წარმოების დიდი გამოცდილება აქვს და რა თქმა უნდა, ახალი ”კვატროსთვის” საუკეთესო აგრეგატების შერჩევა არ გაუჭირდება.

ახალი ”კვატროს” საბაზო აგრეგატი შეიძლება გახდეს 4.2-ლიტრიანი V8, რომელსაც აუცილებლად დაემატება ტურბოკომპრესორი (კვატრო ტურბოს გარეშე რა კვატრო იქნება). მაგრამ თანამედროვე ტენდენციის გათვალისწინებით (ნაკლები ცილინდრი, მეტი სიმძლავრე), უფრო რეალური წყვილტურბოიანი V6 უნდა იყოს, რომლის სიმძლავრეც 425 ცხენის ძალაა. არანაკლებ რეალურია ოთხცილინდრიანი, ასევე წყვილტურბოიანი 2.0-ლიტრიანი ძრავი, რომლის სიმძლავრეც 300 ცხენის ძალას აღწევს.

”კვატროსთვის” გამოსადეგ ძრავებზე მარჩიელობა დიდხანს შეიძლება... გერმანული გამოცემა ”აუტო მოტორ უნდ შპორტი” არც ჰიბრიდული აგრეგატების გამოყენების შესაძლებლობას უგულვებელყოფს. ჟურნალის ვარაუდით, არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ თანამედროვე კვატროს თითო ბორბალს თითო ელექტროძრავი მოემსახურება, რომელთა მეშვეობითაც, ელექტროგაწევაზე მუშაობისას, ავტომობილის სვლის მარაგი 30 კილომეტრი უნდა იყოს. და როდესაც აკუმულატორების განმუხტვის ხარისხი გარკვეულ ზღვარს მიაღწევს, მართვის სისტემა ავტომსტურად აამოქმედებს მცირელიტრაჟიან შიდაწვის ძრავს, რომელთან დაკავშირებული გენერატორიც აკუმულატორებს მოძრაობისასვე დამუხტავს.

სავარაუდოდ, ახალი კვატროს წარმოება მერმის უნდა დაიწყოს, როდესაც Ur-კვატროს 30 წელი შეუსრულდება. რა თქმა უნდა, გამორჩეული ავტომობილი შეზღუდული რაოდენობით დამზადდება, მისი ფასი კი, ისევე როგორც ტექნიკურ-დინამიკური მახასიათებლები, S5-ისა და R8-ს ფასებს ორის ჩაეტევა.

”ბეემვე” აქცენტს აეროდინამიკაზე აკეთებს

BMW 3-Series

6 აგვისტო

იონ სიბალის კომპიუტერული ფოტო



გერმანული კომპანია ”ბეემვე” ავტომობილების ეკონომიურობის გაუმჯობესების ერთ-ერთ მთავარ საშუალებად აეროდინამიკის დახვეწას მიიჩნევენ და ახალი მოდელების შემუშავებისას და ძველების სრულყოფისას, ამ ფაქტორს დიდ ყურადღებას მიაქცევენ.

ბავარიელების ერთ-ერთი პირველი ავტომობილი, რომელსაც სკურპულოზურად დახვეწილი აეროდინამიკა ექნება, მომდევნო თაობის მესამე სერიის სედანი გახდბა, რომლის აეროდინამიკური წინააღმდეგობის კოეფიციენტიც, ინგლისურ ჟურნალ ”აუტოქარის” ინფორმაციით, 0.24 უნდა იყოს.

”ბეემვეს” აეროდინამიკოსთა განცხადებით, ამ მაჩვენებლის მხოლოდ 40 პროცენტი არის დამოკიდებული ავტომობილის ფორმასა და მოყვანილობაზე. დანარჩენი ჰაერის კაპოტქვეშა სივრცესა და საბორბლე თაღებში, ასევე ბორბლების სიახლოვესა და სამუხრუჭე სისტემის სიახლოვეს, ავტომობილის ძირის ქვეშ (უშფოთველი) მოძრაობა განსაზღვრავს. მთელ ამ ინფორმაციას ბავარიელებმა ფორმულა 1-ში გამოსვლების დროს მოუყარეს თავი და ახლა ამ მდიდარი გამოცდილების მასობრივი წარმოების ავტომობილებზე გამოყენებას აპირებენ.

ახალი აეროდინამიკური გადაწყვეტების გარდა, ”ბეემვე” მე-3 სერიის ახალ სედანზე კიდევ არაერთ სიახლეს დანერგავს. პირველ რიგში, გაფართოვდება ძრავების გამა, რომელიც ძირითადად მცირელიტრაჟიანი, ძლიერ ეფექტური ტურბოაგრეგატების ხარჯზე შეივსება. ესენია ბენზინისა და დიზელის სამცილინდრიანი ძრავები, რომლებსაც ოთხცილინდრიანების მსგავსი მახასიათებლები ექნება.

სამცილინდრიანი 1.5-ლიტრიანი ტურბოდიზელის სიმძლავრე 150 ცხენის ძალას, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი 300 ნიუტონმეტრამდე იქნება. თითქმის იმავე სიმძლავრისა უნდა იყოს ბენზინის აგრეგატი, ოღონდ, მას 65 ნიუტონმეტრით ნაკლები მომენტი ექნება. ბავარიელები ამ ძრავებისთვის ახალ დამჭირხნსაც ამზადებენ, რომელსაც გამონაბოლქვი აირის მაგივრად, ელექტროძრავი დაატრიალებს.

რა თქმა უნდა, მე-3 სერიის ახალ სედანი კვლავ უკანა წამყვანბორბლიანი იქნება, ძრავი კი კვლავ მის წინა ნაწილში განლაგდება. ძრავს უახლესი, რვასაფეხურიანი, ავტომატური გადაცემათა კოლოფი შეუწყვილდება. ავტომობილი ასევე აღიჭურვება გამათბობლით, რომელიც სითბოს ძრავის გამოსაბოლქვ სისტემას აართმევს, ახალი ჰიბრიდული სისტემით, ინტერნეტით და მაშუქებით, რომლებიც მცირე რაოდენობით ენერგიას მოიხმარენ.

სხვათა შორის, ბავარიული კომპანია ფრანკფურტის საავტომობილო შოუზე, ”მწვანე” სპორტული კონცეპტუალური ავტომობილის ჩვენებას გეგმავს, რომელზეც ჯერ ბევრი არაფერია ცნობილი, თუმცა ”ბეემვეს” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ნორბერტ რაიტჰოფერი გვპირდება, რომ ამ კონცეპციაში ბევრ ისეთ სიახლეს ვნახავთ, რომლებსაც მისი კომპანია მალე სერიულ ავტომობილებზე დანერგვას უპირებს. ალბათ, ამ ავტომობილებში, ის უპირველესად, მე-3 სერიის ახალ სედანს გულისხმობს და ვინ იცის, სურათზე გამოსახული, საბურველგადაფარებული ინკოგნიტო ავტომობილი, რომელიც გუშინ ბავარიელებმა ფრანკფურტის გზას გაუყენეს, იქნებ, სწორედ მე-3 სერიის ახალი სედანის შორეული პროტოტიპიცაა...

რევოლუციური ტექნოლოგია შიდაწვის ძრავებისთვის

EcoMotors OPOC engine

6 აგვისტო

პროფესორ პეტერ ჰოფბაუერის სახელი რაიმეს გეუბნებათ? ალბათ მხოლოდ იმას, რომ მას პროფესორის წოდება აქვს, მაგრამ არა იმას, რომ ოცი წელი (1966-1986 წ.წ) ”ფოლკსვაგენში” იმუშავა, სადაც ”სახალხო ავტომობილებისა” და ”აუდის” მოდელებისთვის დიზელის ძრავებს ქმნიდა.

დღეს ჰოფბაუერს საკუთარი კომპანია - ”ეკომოტორსი” აქვს და ალბათ სახელიდანაც მიხვდებით, ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიების შემუშავებითაა დაკავებული. ჰოდა, ამ კომპანიამ რამდენიმე დღის წინ საზოგადოებას ამცნო, რომ შემუშავებული აქვს შიდაწვის ძრავების ახალი ტექნოლოგია, რომლის მეშვეობითაც, კომპაქტური ავტომობილი 100 მილის (დაახლოებით 160 კილომეტრის) გავლას ერთი გალონი (3.78 ლიტრი) საწვავით შესძლებს.

ჰოფბაუერის ახალი ძრავი ჩვეულებრივი შიდაწვის ძრავების პრინციპით მუშაობს, რომელსაც გაცილებით რთული მრუმხარა მექანიზმის კონსტრუქცია აქვს. სამაგიეროდ, მას აღარ სჭირდება ცილინდრების თავსახური (თავისი გაზგამანაწილებელი რთული მექანიზმით) და რაც მთავარია, მნიშვნელოვნად გაზრდილი ხვედრითი სიმძლავრით გამოირჩევა.

საერთოდ, ხვედრითი სიმძლავრე ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, ისეთებზე, როგორებიცაა: წონა, ზომა, გამოყენებული მასალები, საწვავის ეფექტურობა, ხახუნი, სითბოს გაცვლა (ბოლო ორი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია). ამ ფაქტორებიდან რომელიმეს გაუმჯობესება ხვედრითი სიმძლავრის გაზრდას იწვევს. ჰოფბაუერმა კი თავის ძრავში ერთდროულად რამდენიმე ფაქტორი გააუმჯობესა.

მის მიერ წარმოდგენილი ოპოზიტურ-დგუშიანი და ოპოზიტურ-ცილინდრიანი ძრავი (OPOC - opposed-piston opposed-cylinder) ჩვეულებრივ (შესაბამისი ლიტრაჟის) ტურბოდიზელის ძრავებზე 30%-ით მსუბუქი, მეოთხედით კომპაქტური და ორჯერ ეკონომიურია. რა თქმა უნდა, ასეთი შესანიშნავი მახასიათებლები, სკეპტიკოსებს ბევრს არაფერს ეუბნება, მაგრამ მას შემდეგ, რაც პროფესორი თავისი ძრავის მუშაობის პრინციპს განმარტავს, ყველაფერი ადვილად გასაგები ხდება.

ექსპერიმენტული ძრავი ორცილინდრიანია. ცილინდრები ერთმანეთის საპირისპიროდაა (ოპოზიტური განლაგება) განლაგებული. თითო ცილინდრში კი ერთის ნაცვლად, წყვილი დგუში მუშაობს, რომლებიც ერთმანეთის საპირისპირო მიმართულებით გადაადგილდებიან. ძრავში საწვავი ნარევის აფეთქება მუხლა ლილვის ყოველ სრულ შემობრუნებაზე ხდება. ცილინდრში დგუშები ერთმნეთის საპირისპირო მიმართულებით გადაადგილდება და შუა სივრცეში არსებულ არეში წვის კამერას წარმოქმნის, რომელიც თანდათან იკუმშება და საწვავ ნარევსაც ასაფეთქებლად ამზადებს. და როცა დგუშები ზედა მკვდარ წერტილებს უახლოვდებიან, მათ შორის ნაპერწკალი წარმოიქმნება, რაც შეკუმშულ საწვავ ნარევს აფეთქებს.

ასეთ ძრავს ბევრი დადებითი თვისება აქვს. ჯერ ერთი, არ სჭირდება ცილინდრების თავი და მასში მოთავსებული გაზგამანაწილებელი მექანიზმი. შესაბამისად, მცირდება წონა და ხახუნის წინააღმდეგობა (ძრავს არ აქვს გამანაწილებელი ლილვი და სარქველები). ორი დგუშის და მათი მრუდმხარა-ბარბაცა მექანიზმის წყალობით, მუხლა ლილვი უკეთაა დაბალანსებული და მას ნაკლები საპირწონე ბალასტი სჭირდება (ესეც დაზოგილი წონა). იმის გამო, რომ დგუშები ერთმანეთის საპირისპიროდ გადაადგილდებიან, მათი სვლის სიგძრეც შემცირებულია. მოკლესვლიანი მრუდმხარა კი ძრავის ბრუნთა რიცხვის გაზრდის ფაქტორია. რა თქმა უნდა, ორი დგუშის მუშაობა ხახუნის ძალას ზრდის, მაგრამ ამას გამანაწილებელი ლილვის და სარქვლების არარსებობა აბალანსებს. რა თქმა უნდა, ჰოფბაუერის ძრავს უარყოფითი თვისებებიც აქვს, თუმცა არა იმდენად მნიშვნელოვანი, რომ აქ ჩამოთვლილი რომელიმე დადებითი ეფექტი დააკნინოს.

ექსპერიმენტული ძრავის დახასიათებას კი მისი შესაძლებლობები აგვირგვინებს. 2.5-ლიტრიანი აგრეგატი 325 ცხენის ძალასა და 900 ნიუტონმეტრს (!) ავითარებს. ამასთან, მაბრუნი მომენტის მაქსიმალური მნიშვნელობა უკვე 2100 ბრ/წთ-ზე მიიღწევა. ჯერჯერობით, ჰოფბაუერი თავისი რევოლუციური ძრავის შესახებ, ამაზე მეტ ინფრმაციას არ ავრცელებს.

ამ ეტაპზე, არც ისაა ცნობილი, თუ როდის აპირებს თავისი გამოგონების მასობრივ წარმოებაში დანერგვას. სამაგიეროდ, მის კომპანიას გამოცხადებული აქვს, რომ ამ ტექნოლოგიით შექმნილ ძრავს ხუთადგილიან ავტომობილზე გამოიყენებს, რომლის წარმოებაც მერმის უნდა დაიწყოს. სწორედ ამ ავტომობილმა უნდა შეძლოს 100 მილის ერთი გალონი საწვავით გავლა...

Wednesday, August 5, 2009

ახალი სუპერავტომობილი ”კორვეტის” ბაზაზე

SV 9 Competizione

5 აგვისტო

”შევროლე კორვეტ C6-ის” შასი ძალიან პოპულარულია იმ ფირმებს შორის, რომლებიც ინდივიდუალური ძარების შექმნაზე არიან სპეციალიზებულები. ბოლო ერთი წლის განმავლობაში, რამდენიმე ასეთმა ფირმამ და სახელოსნომ, ამ შასიზე არაერთი საინტერესო და ორიგინალური პროექტი (ანტეროს XTM, ინოტექ C6 და სულ ახლახანს, ბერტონე მანტიდი) შექმნა. რამდენიმე დღის წინ კი მათ რიგებს კიდევ ერთი - ”SV მოტორ კომპანი” შეემატა.

ახალი პროექტი, რომელსაც სახელად ”9 კომპეტიციონე” შეარქვეს, თითქმის უცვლელად იყენებს ”კორვეტ C6-ის” პლატფორმას, მასზე კი კარბონის კომპოზიტისგან დამზადებული ძარა აქვს დადგმული.

სახელის მიხედვით, ალბათ გაგახსენდათ - ”ალფა რომეოს” საიმიჯო სუპერ ავტომობილი ”8C კომპეტიციონე” - თუ სურათს კარგად დააკვირდებით, არცთუ კარგად ჩანს, რომ იტალიურ ავტომობილთან ”9 კომპეტიციონეს” რაღაც ამსგავსებს. ან, უფრო მართალი იქნებოდა გვეთქვა, მის შემქმნელებს სურდათ, რომ ამ ორ მანქანას შორის მცირე მსგავსება მაინც ყოფილიყო. მცირე ირონიით კი შეიძლება მათი დამშვიდება - ამ ორ ავტომობილს მართლაც ერთნაირი... სახელი აქვს (გარეგნობაზე კი რა მოგახსენოთ).

ირონია იქით იყოს და კარბონის ფართოდ გამოყენების წყალობით, ”9 კომპეტიციონე” ”კორვეტზე” თითქმის 60 კილოგრამით მსუბუქი გამოვიდა. ამასთან, ინჟინრებმა ავტომობილის წონა მის ღერძებზე თანაბრად გადაანაწილეს.

ოდნავ, 436-დან 450 ცხენის ძალამდე გაძლიერდა ძრავი, რომლის წყალობითაც, ავტომობილს ადგილიდან 100 კმ/სთ-მდე აჩქარება 4 წამში შეუძლია. მეოთხედ მილს (400 მეტრს) კი 12 წამში გადის. ყველაფერთან ერთად, ”9 კომპეტიციონე” ერთობ მოკრძალებული აპეტიტითაც გამოირჩევა - თუ მწარმოებელს დავუჯერებთ, მათი შედევრი 100 კილომეტრს 9.0 ლიტრი ბენზინით გადის.

ისღა დაგვრჩენია, ამ ავტომობილის ფასიც გავიგოთ. ”SV მოტორ კომპანი” აცხადებს, რომ თავის ავტომობილს შეზღუდული რაოდენობით - მხოლოდ 1 000 ცალს დაამზადებს, თითოეულის ღირებულება კი 99 995 დოლარი იქნება. ამ ფასში კი სტანდარტული ”კორვეტ C6-ის” ღირებულებაც გათვალისწინებულია.

”ლამბორგინი” ჰიბრიდულ ავტომობილს გამოუშვებს

Lamborghini hybrid

5 აგვისტო

”ლამბორგინის” მთავარი მიზანი ქალაქში მოძრაობისას, საწვავის ხარჯის შემცირებაა

...........................................................................

არცთუ დიდი ხნის წინათ, სუპერავტომობილების მწარმოებელი კომპანიები დაცინვით უყურებდნენ მათ მიერ ჰიბრიდული ავტომობილების წარმოების შესაძლებლობას. მაგრამ ჯერ ”პორშემ”, შემდეგ კი ტრადიციების პატივისმცემელმა ”ფერარიმ”, ეკოლოგიისადმი მეგობრული ავტომობილების მიმართ, თავიანთი დამოკიდებულება შეცვალეს. და ახლა, ”ლამბორგინის” ჯერიც დადგა.

ჟურნალ ”აუტომობილვოხესთან” საუბრისას, ”ლამბორგინის” მთავარმა აღმასრულებელმა შტეფან ვინკელმანმა განაცხადა, რომ წარმოუდგენია, როგორი იქნება მცირე სიმძლავრის ელექტროძრავისა და ჩვეულებრივი შიდაწვის ძრავის კომბინირებული აგრეგატით აღჭურვილი ”ლამბორგინი”. სხვა სიტყვებით, ის ლაპარაკობს ეგრეთ წოდებულ რბილ ჰიბრიდზე, რომელსაც ქალაქში მოძრაობისას საწვავის მოხმარების შემცირება შეუძლია. მაგრამ იმავდროულად, ვინკელმანს კვლავ არ სურს ისეთ ”ლამბორგინიზე” საუბარი, რომლის ძირითად ამძრავ მომენტსაც ელექტროძრავი გამოიმუშავებს.

ვინკელმანი ამბობს, რომ ”რბილი” ჰიბრიდული აგრეგატით აღჭურვილი ”ლამბოს” გამოჩენის სავარაუდო დრო 2015 წელია, მაგრამ დასძენს, რომ თავისი ემბლემით ელექტრომობილების გამოშვებაზე კომპანიის მესვეურები ჯერ არ ფიქრობენ.

2015 წელი ის დროა, როდესაც ”ფერარი” თავის პირველ ჰიბრიდულ ავტომობილს გვპირდება. მაგრამ თუ მარანელოელების ჰიბრიდული 599-ის პროტოტიპები უკვე გადის ტესტებს, ძნელი სათქმელია, ”ხარებს” საერთოდ თუ აქვთ დაწყებული მსგავსი აგრეგატების შემუშავება. თუმცა, მათ მონათესავე ”აუდის” (ორივე კომპანია ფოლკსვაგენის ჯგუფში შედის და მალე მათ პორშეც დაუნათესავდება) ტექნოლოგიით სარგებლობის იმედი შეიძლება ჰქონდეთ.

ვინკელმანის თქმით, მისი კომპანია მომდრვნო ხუთ წელიწადში დაახლოებით 35 მილიონ ევროს მოახმარს ახალი ტექნოლოგიების შემუშავებას, რომელთა მეშვეობითაც, ავტომობილების გამონაბოლქვში მნიშვნელოვნად უნდა შემცირდეს სათბურის ეფექტის მქონე აირების შემცველობა.

”შევროლე კრუზი” საქართველოშია

Chevy Cruze

5 აგვისტო


”შევროლე კრუზი” ”ქარ პალასის” შოურუმის წინ

ავტომობილი, რომელსაც ბევრი ”ჯენერალ მოტორსის”, უფრო კონკრეტულად კი, ”შევროლეს” მომავალ ბესტსელერად მოიხსენიებს, უკვე საქართველოშია. ამერიკული კომპანიის პროდუქციის ქართველმა დისტრიბუტორმა, კომპანია ”ქარ პალასმა” თავის შოურუმში დღეს პირველად დააყენა კომპაქტური სედანი ”შევროლე კრუზი”.

ეს არის ”შევროლეს” გლობალური ავტომობილი, რომლის შექმნაზეც ”ჯენერალ მოტორსის” ევროპელი, ამერიკელი, კორეელი და ავსტრალიელი ინჟინრები მუშაობდნენ. ავტომობილი წინა წამყვანბორბლიან პლატფორმა ”დელტა II-ზეა” ბაზირებული (ამავე პლატფორმაა იყენებენ უახლეს ოპელ ასტრაზე, რომლის მსიფლიო პრემიერაც ფრანკფურტის ავტო შოუზე ჩატარდბა).

”კრუზი” 27 თვე იქმნებოდა და მასზე ამერიკულმა კომპანიამ მთლიანობაში 4 მილიარდი დოლარი დახარჯა. ”კრუზს” უკვე აწარმოებს ”ჯენერალ მოტორსის” კორეული, ჩინური და რუსული ქარხნები. მალე კი მისი წარმოება ავსტრალიაში, აშშ-სა და ტაილანდშიც დაიწყება.

”კრუზი” ”შევროლეს” ახალ კორპორატიულ სტილშია შესრულებული, რომლის მთავარი განმასხვავებელი ნიშანი რადიატორის სტილიზებული ბადეა, რომელიც ზედა ნაწილში საკმაოდ ფართე ზოლითაა გაყოფილი, ამ ზოლის შუაში კი ”შევროლეს” ლოგო ზის.

აღსანიშნავია, რომ ”კრუზის” გარეგნობაზე ამერიკული კომპანიის 11 დიზაინ სტუდია მუშაობდა, რომლებსაც კორეელი ტევან კიმი ხელმძღვანელობდა. სწორედ კორეელ დიზაინერს მიანდეს ”გენერლებმა” თავიანთი მომავალი ბესტსელერის შექმნა და არა იტალიელებს, როგორც ეს ”კრუზის” წინამორბედ ”ლასეტის” შემთხვევაში იყო.

თავისი გარეგნობით, ”კრუზი” აშკარად დინამიური ავტომობილის შთაბეჭდილებას ტოვებს, რასაც ორივე მხარეს ერთნაირად დახრილი, წინა და უკანა საყრდენებიც ტოვებს. სახურავს მშვილდის მოყვანილობა აქვს და ამით, ის კუპეს სილუეტს ქმნის. საერთო ჯამში, ”კრუზი” ელეგანტური ავტომობილია და ეს ელეგანტურობა სალონშიც იგრძნობა, რომლის ორმაგი კოკპიტის თემა, აშკარად სუპერავტომობილ ”შევროლე კორვეტის” გავლენაა.

”ქარ პალასმა” ჯერჯერობით მხოლოდ ორი ”კრუზი” შემოიყვანა და ამდენივეს ამ თვეშივე შემოიყვანს. ორივე 1.6-ლიტრიანი ბენზინის ძრავითაა აღჭურვილი. ძრავი 115 ცხენის ძალას (6400 ბრ/წთ-ზე) და 153 ნიუტონმეტრს (4200 ბრ/წთ-ზე) გამოიმუშავებს. ერთ ”კრუზზე” ძრავთან 5-საფეხურიანი მექანიკური კოლოფია შეწყვილებული, მეორეზე კი - 6-საფეხურიანი ავტომატური. შესაბამისად, პირველის ფასი 19 500 დოლარის ექვივალენტია, მეორისა კი - 21 300 დოლარი.

Tuesday, August 4, 2009

”ჰიუნდაი” ჩინეთში მესამე ქარხნის აშენებას აპირებს

Hyundai in China

4 აგვისტო

გლობალური კრიზისის დროსაც კი, ”ჰიუნდაის” გაყიდვები კი არ მცირდება, იზრდება და ასე განსაჯეთ, ზოგ ბაზარზე (მაგალითად, აშშ-ში და ჩინეთში) რეკორდულ მაჩვენებლებსაც კი აღწევს. კორეულ კომპანიას ჩინეთის ბაზარზე ისედაც მყარი პოზიციები უკავია, მაგრამ მოთხოვნის დაკმაყოფილებას მაინც ძლივს აუდის და ამიტომ, იქ მესამე ქარხნის აშენებას აპირებს.

ჩინურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ”ჰიუნდაის” უკვე დაწყებული აქვს მოლაპარაკება რამდენიმე ჩინურ კომპანიასთან, რისი მიზანიც, რომელიმე მათგანთან ერთად, ერთობლივი საწარმოს შექმნაა (ჩინეთში უცხოური კომპანია საწარმოს ისე ვერ ააშენებს, თუ ადგილობრივ კომპანიასთან არ ითანამშრომლებს). არც ისაა გამორიცხული, რომ კორეულმა კომპანიამ გაჭირვებაში მყოფი რომელიმე ჩინური ავტომწარმოებელი შეიძინოს.

ახალი ქარხნის საწარმოო სიმძლავრე 200 000 ავტომობილი უნდა იყოს, საჭიროების შემთხვევაში კი მასში 300 000 ავტომობილის წარმოებაც შესაძლებელი იქნება. მოსალოდნელია, რომ მისი მშენებლობა მერმის დაიწყება და ის 2012 წელს ამოქმედდება.

ცნობისათვის, ამჟამად ”ჰიუნდაის” ცისქვეშეთში ორი ქარხანა აქვს, რომელთა საერთო სიმძლავრე წლიურად 600 000 ავტომობილია. ორივე ქარხანა ჩინურ კომპანია ”ბეიძინ აუტომოტივთან” ერთად შექმნილი ერთობლივი საწარმოს ეგიდით მუშაობს. ნახევარ წელიწადში ამ ქარხნებში გამოშვებული 257 003 ავტომობილი უკვე გაიყიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 56%-ით მეტია.

მერსედესი” და ”რენო” ახალ ”სმარტზე” ითანამშრომლებენ

Mercedes, Renault

4 აგვისტო

სმარტი ოთხისთვის
რენო ტვინგო
...................................................................

”მერსედეს-ბენცი” თავის მიკროავტომობილების მწარმოებელ დივიზიონ ”სმარტის” განვითარებას აპირებს ამისათვის, ”რენოსთან” პარტნიორობას გეგმავს. ინტერნეტ გამოცემა ”აუტოუიკის” ინფორმაციით, ორ კომპანიას შორის, ამ საკითხზე კონსულტაციები უკვე მიმდინარეობს და თუ ის შეთანხმებით დასრულდა, მაშინ 2013 წელს შტუტგარტელები ”რენო ტვინგოს” ბაზაზე, ოთხადგილიანი ”სმარტის” წარმოებას დაიწყებენ.

”ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ”სმარტი” განვავითაროთ. ამ ბრენდის მეშვეობით, ბაზრის სხვა სეგმენტებშიც შევაღწევთ, რაც დამატებით მოგებას მოგვიტანს. თანაც, მას არამხოლოდ ევროპაში, არამედ, მსოფლიოს სხვა ბაზრებზეც გავყიდით”, - გამოცემასთან საუბრისას განაცხადა ”მერსედეს-ბენცის” მაღალი თანამდებობის პირმა, ვინც ვინაობის გამხელა არ ისურვა.

დღეისათვის ”სმარტი” მხოლოდ ერთ ავტომობილს - ”ფორთუს” (ორისთვის) აწარმოებს. ფირმა ოთხადგილიან მოდელსაც (ფორფორ - ოთხისთვის) აწარმოებდა, მაგრამ მისი გამოშვება 2006 წელს შეწყვიტა, რადგან ავტომობილი ძალიან ცუდად იყიდებოდა. იმავე მიზეზით, ერთი წლით ადრე ”სმარტ როუდსტერის” წარმოებაც შეწყდა.

”აუტოუიკი” ვარაუდობს, რომ ფრანკფურტის ავტო შოუზე, ”მერსედეს-ბენცის” მთავარი აღმასრულებელი დიტერ ცეტშე ”რენოსთან” პარტნიორობის დაწყების შესახებ გამოაცხადებს. იქვე ის ”სმარტის” მომავლის შესახებ გეგმებს საზოგადოებას გააცნობს. ამ გეგმაში კი, ”აუტოუიკის” ინფორმაციით, ”სმარტის” სამოდელო გამის სამამდე გაზრდა შედის.

ცნობისათვის, ოთხადგილიანი ”სმარტი” ”მიცუბიში კოლტის” პლატფორმაზე იყო ბაზირებული და მას იაპონური კომპანიის ქარხანა ”ნედქარი” (ქალაქი ბორნი, ჰოლანდია) აწარმოებდა. საინტერესოა ისიც, რომ ამავე სეგმენტის ავტომობილის გამოსაშვებად, ალიანსი ფრანგულმა ”პეჟო სიტროენმა” და იაპონურმა ”ტოიოტამაც” შექმნეს, რისი შედეგიც სამი,ს ერთმანთზე უკეთესი მინი ავტომობილია (სიტროენ C1, პეჟო 107 და ტოიოტა აიგო).

”ბეემვე” მეგაპოლისებისთვის, ანუ ”i-სეტა”

BMW i-Setta Brand

4 აგვისტო

რამდენიმეთვიანი დებატების შემდეგ, ”ბეემვეს” ხელმძღვანელობამ ახალი, მეოთხე ბრენდის შექმნის გადაწყვეტილება მიიღო. ამის თაობაზე ინფორმაციას ბავარიულ კომპანიასთან დაახლოებული საიტი ”ბეემვებლოგ.კომ” (bmwblog.com) ავრცელებს. იმავე წყაროს ცნობით, ბრენდს ”i-სეტა” (იზეტა) დაერქმევა და მისი მარკით მხოლოდ მეგაპოლისებისთვის შესაფერის, ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილებს გამოუშვებენ.

”ბეემვეს” მიზანი ისეთი ბრენდის შექმნაა, რომლის სახელითაც ბავარიული კომპანია ელექტრომობილებსა და ჰიბრიდულ ავტომობილებს გამოუშვებს. პარალელურად კი, პრემიუმ სეგმენტის ავტომობილების მწარმოებლის სახელსაც შეინარჩუნებს.

რამდენიმე დღის წინ, ”ბეემვემ” გამოაცხადა, რომ თანამშრომლობას იწყებს კომპანია ”SB ლაიტმოტივთან” (SB LiMotive) რომელიც თავის მხრივ, ”ბოშისა” და ”სამსუნგის” ერთობლივი საწარმოა. თანამშრომლობის მიზანს აკუმულატორების შემუშავება წარმოადგენს, რომლებსაც ბავარიელები თავიანთ ელექტრომობილებზე გამოიყენებენ.

”ამ თანამშრომლობის დაწყებით, მეგაპოლისებისთვის განკუთვნილი ავტომობილების შემუშავების საქმეში, ჩვენ წინ დიდი ნაბიჯი გადავდგით. აკუმულატორებს ხომ დიდი მნიშვნელობა აქვს ავტომობილების სვლის სოლიდური მარაგისა და სასურველი დინამიკური მახასიათებლების უზრუნველყოფის საქმეში”, - ამბობს ”ბეემვეს” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ნორბერტ რაიტჰოფერი.

მართალია, ახალი ბრენდის სახელი ჯერ ოფიციალურად არ გამოცხადებულა, მაგრამ ბავარიული კომპანია ადასტურებს, რომ სამეგაპოლისო ავტომობილს სწორედ ამ ახალი ბრენდით გამოუშვებს. ეს ავტომობილი აღიჭურვება როგორც მხოლოდ ელექტროძრავებით, ასევე ძალიან ეფექტური შიდაწვის აგრეგატებით და ამ ორის ჰიბრიდული წყვილებით.

რაიტჰოფერი გვპირდება, რომ ახალი ბრენდისა და მისი პირველი ავტომობილის შესახებ დაწვრილებით ინფორმაციას, მისი კომპანია წელსვე გამოაქვეყნებს.

”შევროლე ორლანდო” ”ვოლტის” ტექნოლოგიით

Chevrolet Orlando

4 აგვისტო

”ჯენერალ მოტორსი” ადასტურებს, რომ ქროსოვერ ”შევროლე ორლანდოს”, რომლის გაყიდვებიც მერმის, აშშ-ის საზღვრებსგარეთ დაიწყება, ამერიკის ბაზარზეც შეიტანს, მოგვიანებით კი მას იმ პლაგ-ინ ჰიბრიდული აგრეგატით აღჭურვავს, რომელიც ”შევროლე ვოლტზე” გამოიყენება.

”შემიძლია დავადასტურო, რომ ”შევროლე ორლანდო” იმავე პლატფორმაზე მზადდება, რომელსაც ”შევროლე ვოლტისთვის” ვიყენებთ. მოგვიანებით კი მასზე ჰიბრიდულ ტექნოლოგია ”ვოლტეკს” დავნერგავთ”, - ამბობს ”ჯენერალ მოტორსის” გლობალური პროგრამების მენეჯერი იონ ლოკნერი.

”ჯენერალ მოტორსის” ჩრდილოამერიკული შტოს პრეზიდენტი ტროი კლარკი დასძენს, რომ ”ორლანდოს” პლატფორმა, ”ვოლტის” ტექნოლოგიის მასზე ადვილად ადაპტირების საშუალებას იძლევა.

ჰიბრიდული აგრეგატის გარეშეც, ”შევროლე ორლანდო” საკმაოდ ეკონომიური ავტომიბილი იქნება. ”ჯენერალ მოტორსის” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი, რომელსაც უგზოობის უნივერსალის გარეგნობა აქვს და შვიდი მგზავრის გადაყვანა შეუძლია, 100 კილომეტრზე 5.88 ლიტრ ბენზინს იმყოფინებს, რაც შესანიშნავი მაჩვენებელია. ამასთან, ”გენერლები” ირწმუნებიან, რომ დიზელის ძრავით აღჭურვილი ”ორლანდო” კიდევ უფრო ეკონომიური იქნება.

”შევროლე ორლანდო” პლატფორმას კომპაქტურ სედან ”შევროლე კრუზთან” იყოფს. იმავე პლატფორმას, ”გენერლები” ”შევროლე ვოლტისთვისაც” იყენებენ. ავტომობილს შვიდი მგზავრის გადაყვანა შეუძლია და მისთვის ეკონომიური ძრავების გამაა განკუთვნილი. მათგან ძირითადი 1.6 და 2.0-ლიტრიანი ბენზინის ძრავებია, ყველაზე მძლავრი კი 2.0-ლიტრიანი ტურბოდიზელი იქნება, რომლის სიმძლავრე 150 ცხენის ძალას, მაქსიმალური მაბ.მომენტი კი 320 ნიუტონმეტრს აღწევს.

სხვათა შორის, ”ჯენერალ მოტორსის” ქართველ დისტრიბუტორს, კომპანია ”ქარ პალასს” ”შევროლე კრუზი” უკვე შემოყვანილი ჰყავს და შოურუმში ხვალიდან დააყენებს. ”ქარ პალასის” გაყიდვებისა და მარკეტინგის მენეჯერი ოთარ ჩიტეიშვილი ასევე გვპირდება, რომ მისი კომპანია მერმის ”შევროლე ორლანდოსაც” შემოიყვანს.

Monday, August 3, 2009

”ნისანმა” ელექტრომობილი წარმოადგინა

Nissan Leaf

3 აგვისტო

იაპონურმა კომპანია ”ნისანმა”, ქალაქ იოკოჰამაში მდებარე თავის მთავარ ოფისში, ელექტრომობილ ”ნისან ლიფის” (ლიფი, ანუ ფოთოლი) პრეზენტაცია ჩაატარა, რომელზეც გამოცხადდა, რომ მისი წარმოების დაწყების შემდეგ, ელექტრომობილების ყიდვა ჩვეულებრივი, მასობრივი წარმოების ავტომობილების ფასში იქნება შესაძლებელი.

”ნისან ლიფი” ევროპული C სეგმენტის (ეგრეთ წოდებული გოლფის კლასის) შესაბამისი ზომის ჰეჩბეკია, მისი წარმოების დაწყება კი 2012 წლის ბოლოდან იგეგმება. ელექტრომობილის ფასი ჯერჯერობით არ კონკრეტდება, თუმცა იაპონური კომპანია ირწმუნება, რომ ის ”გოლფის” კლასის ავტომობილების ფასზე ბევრად მეტი არ იქნება.

ავტომობილის ენერგიის წყარო ლითიუმ-იონური აკუმულატორების ბლოკია, რომელში დაგროვილი მუხტიც საკმარისია იმისათვის, რომ ”ნისან ლიფმა” 160 კილომეტრი გაიაროს. ეს კი, იაპონური კომპანიის განცხადებით, სრულად დააკმაყოფილებს მსოფლიო ავტომფლობელთა 70 პროცენტზე მეტის ყოველდღიურ საჭიროებებს.

”ნისან ლიფის” ელექტროძრავი 107 ცხენის ძალას და 280 ნიუტონმეტრს ავითარებს. ამასთან, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი მაშინვე მიიღწევა, როგორც კი ძრავი ამოქმედდება (ეს ელექტროძრავების თვისებაა). სხვათა შორის, ასეთი მახასიათებლები ”გოლფის” კლასის ავტომობილების უმეტესობას აქვს, რაც ”ნისან ლიფის” კიდევ ერთი დადებითი თვისებაა.

აკუმულატორების სრული დამუხტვისთვის ”ნისან ლიფს” 8 საათი სჭირდება, მაგრამ სწრაფი დამუხტვის რეჟიმით, სულ ნახევარი საათია საკმარისი იმისათვის, რომ აკუმულატორები 80 პროცენტით დაიმუხტოს.

”ნისანის” კონსტრუქტორების და დიზაინერების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ენერგოდაზოგვის მხრივ, ავტომობილი მაქსიმალურად ეფექტური გამოვიდა. მაგალითად, მთავარი ფარები შუქდიოდური მანათობლებისგან შედგება, რომლებიც მინიმალურ ენერგიას მოიხმარენ. ამასთან, წინა ფარების მოყვანილობა ისეთია, რომ მათი ზედაპირიდან არეკლილი ჰაერის ნაკადი, უკანა ხედვის სარკეების მინიმალურ წინაღობას ხვდება. ამგვარად, მცირდება ჰაერის ნაკადის სარკეებზე დარტყმისას წარმოქმნილი ხმაურის დონე და შემხვედრი ჰაერის წინააღმდეგობის ხარისხი.

”ნისან ლიფი” აღჭურვილია უახლესი ელექტრონული სისტემით, რომელიც იაპონურმა კომპანიამ ამერიკულ კომპიუტერულ გიგანტ ”ეპლთან” ერთად შეიმუშავა. სისტემა ავტომობილს ინფორმაციის გლობალურ ქსელთან მობილური კავშირის მეშვეობით აკავშირებს, საიდანაც ტექნიკურ მხარდაჭერას, სხვადასხვა საჭირო ინფორმაციას ღებულობს და მომხმარებელს გასართობ პროგრამებსაც სთავაზობს.

აღნიშნული სისტემის მეშვეობით, ცენტრალურ პანელზე განთავსებულ მონიტორზე შესაძლებელია იმ გარემოს გეგმის გაცნობა, სადაც ავტომობილი იმყოფება. ასევე, მძღოლს შეუძლია გაიგოს, სად მდებარეობს უახლოესი სადგური, სადაც აკუმულატორების დამუხტვაა შესაძლებელი და ასე შემდეგ.

”ნისან ლიფს” იაპონური კომპანიის ოპამას (იაპონია) ქარხანა გამოუშვებს. მოგვიანებით, მისი წარმოება აშშ-ში, ქალაქ სმირნას (შტატი ტენესი) ქარხანაშიც დაიწყება. ლითიუმ-იონურ აკუმულატორებს ქალაქ ზამას (იაპონია) ქარხანა უშვებს. მაგრამ ადრე თუ გვიან, ის მოთხოვნას ვერ გასწვდება, რის გამოც, მოგვიანებით საქმეში ამერიკაში, პორტუგალიასა და ბრიტანეთში არსებული ქარხნებიც ჩაერთვება.

ჯერჯერობით, დადგენილი არაა ელექტრომობილის ფასი. ის წარმოების დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე გამოცხადდება. გუშინდელ პრეზენტაციაზე, ”ნისანმა” გამოაცხადა, რომ ”ნისან ლიფის” ღირებულება კარგად ეკიპირებული ”გოლფ” კლასის ავტომობილის ღირებულების დონეზე იქნება. სამაგიეროდ, იაპონური კომპანიის ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ ”ნისან ლიფი” განვითარებულ სახელმწიფოებში, ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილებისთვის დაწესებული სოლიდური შეღავათებით ისარგებლებს, რაც ელექტრომობილის ფასს კიდევ უფრო დაბლა დასწევს.