7 სექტემბერი
მიუხედავად იმისა, რომ დაუსრულებელ კრიზისში მყოფი „ოპელის“
შენარჩუნება, „ჯენერალ მოტორსს“ მილიარდობით დოლარი უჯდება, ამერიკული კომპანია მის
გაყიდვას მაინც არ აპირებს. პირიქით, ხარჯების შესამცირებლად და ქარხნების
პოტენციალის უკეთ ასათვისებლად, გენერლებმა „PSA პეჟო სიტროენთან“ ალიანსიც კი
ჩამოაყალიბეს.
მაგრამ ამის მიუხედავად, ანალიტიკოსები თვლიან, რომ
„ოპელის“ საქმე არ გამოსწორდება და საუკეთესო გამოსავალი, მისი გაყიდვა იქნება. უფრო
კონკრეტულად, „მორგან სტენლის“ ანალიტიკოსი ედამ ჯონასი ამბობს, რომ მიუხედავად
იმისა, რომ „ოპელის“ გაყიდვის სრული პროცესიც ძალიან ძვირი დაჯდება, „ჯენერალ
მოტორსისთვის“ საუკეთესო გამოსავალი მაინც მისი თავიდან მოშორება იქნება.
ბოლო 12 წელიწადში ამერიკულმა გიგანტმა „ოპელის“
წყალობით 16 მილიარდი დოლარი იზარალა. თუ მის შენარჩუნებას ეცდება, მომდევნო ათ
წელიწადში დაახლოებით 12 მილიარდს დაკარგავს. იმავდროულად, „ოპელის“ გაყიდვა 7-13
მილიარდი დაუჯდება, მაგრამ ჯონასი თვლის, რომ ეს გენერლებისთვის უფრო ხელსაყრელი
იქნება.
„ავტო ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე უარესი რამ
ისაა, რომ ზარალიანი ბიზნესი შეინარჩუნო. ვფიქრობთ, „ჯენერალ მოტორსს“ დაუდგა დრო,
როდესაც „ოპელს“ ახალი მფლობელი მოუძებნოს“, - ამბობს ჯონასი.
„ჯენერალ მოტორსის“ მთავარი აღმასრულებელი დენ
აკერსონი, ვინც „ოპელი“ 2009 წელს ლამის კანადურ „მაგნა ინტერნეიშნლს“ და მის რუს პარტნიორებს
მიჰყიდა, მერე კი ბოლო მომენტში გადაიფიქრა, რადგან ტექნოლოგიური სიახლეების გაჟონვას
მოერიდა, იხტიბარს არ იტეხს და გერმანული კომპანიის რეორგანიზაციას ცდილობს. მისი გეგმის
შესაბამისად, „ოპელი“ გლობალური მოთამაშე უნდა გახდეს და მარტო ევროპული ბაზრის კეთილდღეობაზე
დამოკიდებული არ უნდა იყოს. ახლახანს კომპანიამ გამოაცხადა, რომ თავისი
ავტომობილების ჩილესა და ავსტრალიაში გაყიდვას იწყებს.
„მიუხედავად იმისა, რომ ევროპაში საავტომობილო
ბიზნესს ძნელი დრო დაუდგა, ჩვენ გვჯერა, რომ „ოპელ/ვოქსოლის“ ბიზნესის
შემობრუნების და მოგებიან საქმიანობაზე გადაყვანის რეალური შანსი გვაქვს“, - ამბობს
კომპანიის წარმომადგენელი ჯიმ კეინი.
თუმცა, ჯონასი თვლის, რომ უმჯობესი იქნება, თუ
ამერიკული კომპანიის ერთადერთი მასობრივი ბრენდი ევროპაში „შევროლე“ იქნება: „უმჯობესი
იქნება, თუ „ჯენერალ მოტორსი“ ევროპული ბაზარის 3 პროცენტს გააკონტროლებს და ამით
მოგებას მიიღებს, ვიდრე შეინარჩუნებს ახლანდლ 8 პროცენტს და უზარმაზარ ზარალს
ნახავს“.
ასევე წაიკითხეთ
„ტოიოტამ“ მსოფლიო ლიდერობა დაიბრუნა
http://autopanoramaf1.blogspot.com/2012/07/blog-post_6603.html |
No comments:
Post a Comment