Tuesday, November 16, 2010

”შევროლე ვოლტი” - აღიარებების დასაწყისი

Chevrolet Volt wins Automobile Magazine Automobile of the Year award

Motor Trend Car of the Year? The 2011 Chevrolet Volt

16 ნოემბერი

სვლის გაზრდილი სიშორის ელექტრომობილმა ”შევროლე ვოლტმა” უკვე ორი ავტორიტეტული საავტომობილო გამოცემისგან - ”მოტორ ტრენდისგან” და ”ავტომობილ მეგზინისგან” დაიმსახურა საპატიო ჯილდო ”წლის საუკეთესო ავტომობილი”.
”შევი ვოლტმა” წელს ჟურნლისტებისგან ბევრი კრიტიკა დაიმსახურა. ბევრი კითხვის ნიშანს უსვამდა ამ ელექტრომობილის ეკონომიურობას და კერძოდ იმას, რომ ამ ავტომობილს, ერთი გალონი (3.78 ლიტრი) საწვავით დაახლოებით 200 კილომეტრის გავლა შეუძლია. მაგრამ საბოლოოდ უმეტესობა თანხმდება იმაზე, რომ ეს არის რევოლუციური სიახლე საავტომობილო მრეწველობაში.

”მოტორ ტრენდმა” ”შევი ვოლტი” თავის ექვსივე ძირითად კატეგორიაში, საუკეთესოდ დაასახელა. ეს კატეგორიებია: მოწინავე კონსტრუქცია, საინჟინრო ხელოვნება, ეფექტურობა, უსაფრთხოება, ღირებულება და შესრულების ხარისხი.

”ავტომობილ მეგზინის” ჟიურიმ, ცხრა ფინალისტიდან ყველაზე მკაცრი გამოცდა სწორედ ”ვოლტს” ჩაუტარა, რომელმაც წლის განმავლობაში, ასევე ამ ჟურნლისგანაც არაერთი კრიტიკა დაიმსახურა, თუმცა საბოლოო შეფასება სულ ორი სიტყვით შემოიფარგლა - ”გეიმ ჩეინჯერ”, ანუ თამაშის (წესების) შემცვლელი. მოკლედ, ”ვოლტი” ავტოინდუსტრიაში ახალ ეპოქას იწყებს და მას ელექტრომობილების ეპოქა ჰქვია. ბუნებრივია, ამ ეპოქის პიონერი განსაკუთრებულ აღიარებას იმსახურებს.

”შევროლე ვოლტს” მარტო აკუმულატორებში დაგროვილი ენერგიით, დაახლოებით 65 კილომეტრის გავლა შეუძლია. და როცა აკუმულატორები განიმუხტება, საქმეში შიდაწვის ძრავის და გენერატორის ტანდემი ერთვება, რომელთა მიერ გამომუშავებული ენერგიითაც, ავტომობილს კიდევ 500 კილომეტრის გავლა შეუძლია (რა თქმა უნდა, სავსე ავზით).

”ჯენერალ მოტორსის” გლობალური პროდუქციის განყოფილების შეფი ტომ სტივენსი ამბობს, რომ ”შევროლე ვოლტის” წარმოება დაწყებულია და ერთადერთი, რაც დილერებისთვის მის მიწოდებას აფერხებს ისაა, რომ ავტომობილს ჯერაც არ მიუღია EPA-ს (აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტო) ეტიკეტი, რომელიც ”ვოლტის” სვლის სიშორის მონაცემებს ოფიციალურად დაადასტურებს და ამ საკითხთან დაკავშირებულ მითქმა-მოთქმას წერტილს საბოლოოდ დაუსვამს.

სტივენსმა ასევე დაადასტურა, რომ მერმისს ”გენერლები” 10 000 ცალი ”შევროლე ვოლტის” წარმოებას აპირებენ, 2012 წელს კი წარმოება 45 000-ს მიაღწევს.

P.S. ”ნიუ იორკ ტაიმსში” გავიდა პუბლიკაცია, რომელიც გვატყობინებს, რომ საქართველოს მთავრობა მოლაპარაკებას აწარმოებს ”ჯენერალ მოტორსთან”. მოლაპარაკების თემა ელექტრომობილების შეძენაა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მინისტრ ვერა ქობალიას განცხადებით, ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო სტრუქტურების მთელი ავტო პარკი, რომელიც დაახლოებით 4 000 ავტომობილს მოიცავს, უახლოეს ოთხ წელიწადში სრულად შეიცვლება და ჰიბრიდული და ელექტრული ავტომობილებით ჩანაცვლდება.

”ნიუ იორკ ტაიმსში” მოყვანილი მონცემებით, ამ რაოდენობით ”შევროლე ვოლტის” შეძენა 164 მილიონი დოლარი დაჯდება. თუ მთავრობა ელექტრომობილ ”ნისან ლიფს” შეიძენს, მაშინ ხარჯი 128 მილიონი დოლარი იქნება, ჰიბრიდული ”ტოიოტა პრიუსის” შეძენა კი ჩვენს ქვეყანას 88 მილიონი დოლარი დაუჯდება.

”ჯენერალ მოტორსის” გათვლებით, თუ ავტომობილით დღეში საშუალოდ 60 კიომეტრს გადიხართ, ეს ნიშნავს, რომ ”შევროლე ვოლტის” (იგივე ოპელ ამპერას) მეშვეობით, წლიურად დაახლოებით 1 700 ლიტრი ბენზინის დაზოგვა შეიძლება. თუ დღიური გარბენი 100 კილომეტრია, მაშინ წლიური დანაზოგი 2 200 ლიტრს აღწევს.

გამოდის რომ, ჩვენს მთავრობას 4 000 ელექტრომობილი წლიურად დაახლოებით 8 000 000 ლიტრ საწვავს დააზოგინებს, რაც დაახლოებით 14-16 მილიონი ლარის ტოლფასია (თუ საწვავზე ფასები არ გაიზარდა)...
კონცეპცია ”მერსედეს ბენც ბიომე”
Mercedes Released Biome Concept Photos
16 ნოემბერი

ტრადიციისამებრ, ლოს ანჯელესის საავტომობილო შოუზე, კონკურსი დიზაინის გამოწვევა იმართება ხოლმე, რომლის თემასაც ორგანიზატორები წინასწარ აცხადებენ. ტრადიცია არც ამჯერად დარღვეულა. კონკურსის თემა გადაადგილების მომავლის ისეთ საშუალებათა კონცეპციების მომზადება იყო, რომელთაც 4 მგზავრის გადაყვანა უნდა შეეძლოთ და რომელთა წონაც არ უნდა იყოს 454 კილოგრამზე მეტი.
ამ კონკურსისთვის ”მერსედეს ბენცმა” სამი კონცეპტუალური ნამუშევარი მოამზადა, რომელთაგან ერთი, სახელად ”ბიომე”, კალიფორნიაში, კომპანიის დიზაინ სტუდიაში მომზადდა, მეორე სახელად ”სმარტ 454”, გერმანიაში შეიქმნა, მესამე კი, სახელად ”მაიბახ ე-რიკშა”, გერმანული კომპანიის იაპონელი პარტნიორების ნამუშევარია.

კალიფორნიის (ქალაქი კარლსბადი) სტუდიას ცნობილი დიზაინრი ჰუბერტ ლი ხელმძღვანრლობს, რომლის შექმნილიცაა ახალი თაობის მოდელი CLS და კონცეპტუალური პროტოტიპი ”F800 სტაილი”, რომელმაც ჟენევის წლევანდელ ავტო შოუზე დიდი მოწონება დაიმსახურა.
”ბიომეს” სიგრძე 4020 მილიმეტრი, სიგანე კი 2500 მილიმეტრია. კონცეპციის განმარტებაში ნათქვამია, რომ ავტომობილის ძარა და შასი სრულიად ახალი, ორგანული მასალისგან დამზადდება, რომელსაც პროექტის ავტორები ბიობოჭკოს უწოდებენ. ჰუბერტ ლის განმარტებით, ასეთი ორგანული მასალა ფოლადსა და კარბონის კომპოზიტზე გაცილებით მტკიცე და მსუბუქია. თანაც, ის სრულ გადამუშავებას ექვემდებარება. ამ მასალის წყალობით, ”ბიომე” სულ რაღაც, 394 კილოგრამს იწონის.
რა თქმა უნდა, ეს კონცეპცია მხოლოდ პროექტის ავტორების ფანტაზიის ნაყოფია და მისი რეალური განხორციელება, ყოველ შემთხვევაში, იმ მახასიათებლებით, როგორც მას გვთავაზობენ, არარეალურია. თუმცა სულაც არაა გამორიცხული, რომ ”ბიომეს” გარეგნობის ზოგიერთი ელემენტი, არცთუ შორეულ მომავალში, ”სამქიმიანების” ავტომობილების დიზაინშიც ვიხილოთ.
რაც შეეხება დანარჩენ ორ მოდელს, ”სმარტის” ავტომობილი ისეთივე ჯუჯაა, როგორიც სერიული მოდელი ”ფორთუ”. ამ ავომობილის ძარაც ისეთი პლასტიკისგანაა დამზადებული, რომელიც გადამუშავებას სრულად ექვემდებარება. ჰო მართლა, ამ პატარას კარბონის კომპოზიტისგან დამზადებული საბურავები აქვს (კონცეპციის განმარტებაში სწორედ ასე წერია). ”მაიბახ რიკშა” კი თანამედროვე რიკშაა, რომელსაც ორი ბორბლით 4 მგზავრის გადაყვანა შეუძლია...

Monday, November 15, 2010

”ჰიუნდაი ველოსტერის” დებიუტი დეტროიტის ავტო შოუზე გაიმართება

2011 Detroit Auto Show Preview: 2012 Hyundai Veloster

15 ნოემბერი

”ჰიუნდაის” დეტროიტული ტექნიკური ცენტრის ოფიციალური პირების განცხადებით, სპორტული მოდელი ”ველოსტერი” წარმოებისთვის პრაქტიკულად მზადაა, მისი მსოფლიო პრემიერა კი დეტროიტის ავტო შოუზე გაიმართება. ”ველოსტერს” უკვე გავლილი აქვს საგზაო ტესტების სრული კურსი და მან ტექნიკური ცენტრის სადემონსტრაციო დარბაზში გადაინაცვლა (სურათზე), თუმცა მისგან კამუფლაჟი ჯერაც არ მოუხსნიათ.

ავტომობილს, ყოველ შემთხვევაში, მის კონცეპტუალურ ვერსიას, კუპე/ჰეჩბეკის ძარა აქვს. ავტომობილის კონცეპტუალური ვერსია 1.6-ლიტრიანი, ოთხცილინდრიანი ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 140 ცხენის ძალას იძლევა და რომლის წყალობიტაც, ავტომობილს 100 კილომეტრის გასავლელად, 6 ლიტრზე ოდნავ მეტი საწვავი ჰყოფნის. გარდა ამისა, არსებობს ვარაუდი, რომ კორეული კომპანია ამ ძრავის გაუმჯობესებულ ვერსიასაც ქმნის, რომელიც 200 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ასეთ აგრეგატს კი ორქუროიანი ქურო მოემსახურება.

სხვათა შორის, ”ველოსტერის” მსოფლიო პრემიერა პარიზის ავტო შოუზე იყო მოსალოდნელი, თუმცა იქ ეს ავტომობილი არ გამოჩენილა. შემდეგ მოლოდინმა ლოს ანჯელესის შოუზე გადაინაცვლა, მაგრამ კორეულმა კომპანიამ რატომღაც გამოაცხადა, რომ ამ ავტომობილის ჩვენებას არ აპირებდა. ახლა პრემიერის ადგილად ყველა დეტროიტს ასახელებს. ყოველ შემთხვევაში, რამდენადაც ავტომობილი ტექნიკური ცენტრის დარბაზში დგას, ეს იმის ნიშანია, რომ საგზაო ტესტები უკვე გავლილია.

პრემიერის გადადების მიზეზად, არაოფიციალური წყაროები იმ ფაქტს ასახელებენ, რომ ”ჰიუნდაი” შინაურ ბაზარზე ჯერ სხვა ორი მოდელის - ”აქცენტის” და ”აზერას” დბიუტს გეგმავს.

”ლამბორგინი ავენტადორი” და არა ”ჯოტა”

Lamborghini Aventador Is The New Jota

15 ნოემბერი

დაახლოებით ასეთი იქნება ”ლამბორგინი ავენტადორი”

..............................

აგვისტოდან მოყოლებული, ”ლამბორგინი მურსიელაგოს” შემცვლელის შესახებ, ინტერნეტში არაერთი ხმა გავრცელდა. ჯერ იყო და, მას ”ჯოტა” შეარქვეს. შემდეგ, მის გამოჩენას პარიზის საავტომობილო შოუზე ელოდნენ, მაგრამ იქ სანტ’აგატა ბოლონეზელებმა კონცეპტუალური ”მეექვსე ელემენტი” წარადგინეს, რომლიტაც თავიანთი ახალი ტექნოლოგიების დემონსტრირება ჩაატარეს.

შემდგ, ახალი ავტომობილი, სატესტოდ შენიღბული გამოიჭირეს, როდესაც ის საერთო სარგებლობის გზებზე მოძრაობდა. და მაშინაც მას ”ჯოტას” სახელით მოიხსენიებდნენ. მაგრამ ახლახანს ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იტალიურმა კომპანიამ, აშშ-ში ახალი სახელი - ”ავენტადორი” დაარეგისტრირა.

ახალი ავტომობილი გარეგნულად ახლოს იქნება მოდელ ”რევენტონთან” და რაც უფრო მნიშვნელოვანია, მისი წარმოებისას ”ლამბო” არაერთ ახალ ტექნოლოგიას გამოიყენებს. ახალი ავტომობილისთვის, ძრავიც და კოლოფიც ახალი მუშავდება. ”ავენტადორს” ამძრავ ძალას 6.5-ლიტრიანი V12 ძრავი მიანიჭებს, რომლის მაქსიმალური სიმძლავრეც 700 ცხ.ძ, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი 690 ნმ-ია. ძრავს და უახლეს ავტომატურ 7-საფეხურიან რობოტიზებულ კოლოფს, ერთმანეთთან ერთდისკოიანი ქურო დააკავშირებს.

”ავენტადორის” შასის მთავარი ელემენტი - მონოკოკი კარბონის კომპოზიტისგან დამზადდება. ეს კი ავტომობილის წონის მნიშვნლოვნდ შემცირებას გამოიწვევს. გავრცელებული ინფორმაციით, ის ”მურსიელაგოზე” 230 კილოგრამით მსუბუქი და გრეხვაზე 70 პროცენტით მტკიცე იქნება.

ამ ეტაპზე ცნბილია ისიც, რომ ახალს ავტომობილს ორივე კარი ”ლამბოს” სტილში გაეღება. ეს ის საფირმო სტილია, რომელმაც იტალიური კომპანიის პოპულარობას და იდენტურობას შეუწყო ხელი. კომპანიის შეფ შტეფან ვინკელმანის განცხადებით, ”ავენტადრი” 300 000 ევროზე ძვირი არ ეღირება.

”პონტიაკმა” არსებობა შეწყვიტა

Pontiac, maker of muscle cars, ends after 84 years

15 ნოემბერი

”პონტიაკს” განსაკუთრებული პოპულარობა მასკლ ქარმა GTO-მ მოუპოვა

..............................

2010 წლის 31 ოქტომბერს, ”ჯენერალ მოტორსის” კიდევ ერთმა ძველმა ბრენდმა, ”პონტიაკმა” არსებობა შეწყვიტა. ამ დღეს, 84 წლის კომპანიის ბოლო ავტომბილი გაიყიდა. ამ დღესვე, ”ჯენერალ მოტორსსა” და მის დილერებს შორის კონტრაქტები დასრულდა.

”პონტიაკის” გაჩერების გადაწყვეტილება ”გენერლებმა” შარშან აპრილში მიიღეს, როცა აშკარა გახდა, რომ კომპანიის მართვადი გაკოტრების რეჟიმში გადაყვანა გარდაუვალი იყო. ამგვარად, ”ჯენერალ მოტორსის” ჯგუფში მხოლოდ ოთხი ამერიკული ბრენდი - ”შევროლე”, ”კადილაკი”, ”ბიუიკი” და GMC დარჩა.

”პონტიაკის” ისტორიაში საუკეთესო 1968 წელი იყო, როცა კომპანიამ მილიონი ავტომობილი გაყიდა. მაგრამ ორი წლის წინ, გაყიდვები 267 ათასამდე დაეცა, წელს კი ”პონტიაკის” გაყიდვებმა ”გენერლების” გაყიდვების ერთ პროცენტზე ნაკლები შეადგინა.

”პონტიაკის” ავტომობილებზე მოთხოვნის მკვეთრი კლების ძირითად მიზეზად სპეციალისტები ბრენდის განვითარების არასწორ სტრატეგიას ასახელებენ. ამ სტატეგიის მიხედვით, ბოლო პერიოდში, ”პონტიაკი” ”შევროლეს” სახეშეცვლილ ავტომობილებს აწარმოებდა. ამგვარად, კომპანიას ახალი ავტომობილების შემუშავება არ უწევდა და დიდ სახსრებს ზოგავდა, თუმცა პარალელურად, მისი პროდუქცია მყიდველისთვის არასასურველი ხდებოდა. ”ჯენერალ მოტორსის” ყოფილი ვიცე პრეზიდენტი ბობ ლუცი ამბობს, რომ ასეთმა სტრატეგიამ უარყოფითად იმოქმედა ”პონტიაკის” იმიჯზე.

”ბოლო ”პონტიაკებს” ვნებიანობა აკლდათ, ჩანდა, რომ მის მწარმოებელს კარგი პროდუქტის შექმნის ხალისიც არ ჰქონდა. ეს უბრალოდ იყო პროდუქტი, რომელიც კორპორატიულ სისტემაში უნდა ჩამჯდარიყო და მეტი არაფერი”, - გამოცემა დეტროიტ ნიუსთან საუბრისას განაცხადა 80-იან წლებში ”პონტიაკის” ხელმძღვანელმა ბილ ჰოგლუნდმა.

შტატ მიჩიგანის ქალაქ ორიონის ქარხანმ ბოლო ”პონტიაკი” ერთი წლის წინ გამოუშვა. ეს იყო თეთრი სედანი G6. რაც შეეხება კომპანიის ქარხნებს, იქ ”ჯენერალ მოტორსი” თავისი სხვა ბრენდების ავტომობილებს გამოუშვებს. იქაური პერსონალი კი ქარხნების გადაიარაღებაზე დასაქმდება.

ცნობისათვის, რამდენიმე წლის წინ, ”ჯენრალ მოტორსმა” კომპანია ”ოლდსმობილი” გააჩერა. შარშან კი სასიკვდილო განაჩენი ”სატურნს” გამოუტანა, ბრენდს, რომელიც 1988 წელს, იაპონურ იაფფასიან ავტომობილებთან საკონკურენციოდ შეიქმნა. ”სატურნის” შეძენა თავიდან აშშ-ში მომუშავე მეორე უდიდეს სადილერო კორპორაცია ”პენსკეს” სურდა, თუმცა შემდეგ ამისგან თავი შეიკავა. ”გენერლებმა” თავიდან მოიშორეს ასევე შვედური ”სააბი” და უგზოობის ავტომობილების მწარმოებელი ”ჰამერი”. ამ უკანასკნელის შეძენ ჩინელებს სურდათ, თუმცა შემდეგ მათაც გადაიფიქრეს, რისი მიზეზიც ის ფაქტი გახდა, რომ ჩინეთის მთავრობამ გარიგებას მწვანე შუქი არ აუნთო.

”სააბი” სუპერ ავტომობილების მწარმოებელმა ჰოლანდიურმა კომპანია ”სპაიკერმა” შეიძინა. კარგა ხანს, ამერიკულ საავტომობილო გიგანტს თავისი საუკეთესო ევროპული ბრენდის, გერმანული ”ოპელის” (და მასთან ერთად, ინგლისური ვოქსოლისაც) გაყიდვაც სურდა, მაგრამ შემდეგ გადაიფიქრა და ხახამშრალი დატოვა რუსეთის პრემიერი პუტინი, ვინც უკვე ზეიმობდა იმას, რომ რუსების ხელში ისეთი მაღალტექნოლოგიური ავტომწარმოებელი ხვდებოდა, როგორიც ”ოპელია”.

Sunday, November 14, 2010

ვირტუალური რეალობიდან რეალობამდე

Opel Ampera

14 ნოემბერი

ამ კოდური სახელწოდებით, ”ოპელმა” კავკასიის, ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და დსთ-ს ევროპული ქვეყნების ჟურნალისტებისთვის, სპეციალური სემინარი ჩაატარა, რომელზეც ”ოპელ ამპერას” შექმნის და მისი აგებულების შესახებ მოგვითხრო. ელექტრომობილი სვლის გაზრდილი სიშორით - ასეთი კლასიფიკაციის ქვეშაა მოქცეული ”ამპერა”, რომელსაც ელექტროძრავი ამოძრავებს, თუმცა მეტი სვლის სიშორისთვის, მასზე შიდაწვისძრავიც დგას.

ზოგი მწარმოებელი შიდაწვის ძრავზე უარს ამბობს და მხოლოდ აკუმულატორებში დაგროვილ ენერგიას იყენებს. ამ შემთხვევაში, მწარმოებლებს მანქანაზე აკუმულატორების დამატებითი ბლოკების დაყენება უწევთ. ეს კი ავტომობილს აძვირებს და მის სალონში სასარგებლო სივრცეს ამცირებს. ამასთან, სვლის სიშორე მაინც ”ჯენერალ მოტორსის” მიერ შემუშავებული სისტემა ”ვოლტეკით” აღჭურვილ ავტომობილებს მეტი აქვს. და ასე მანამ იქნება, სანამ ლითიუმ-იონური აკუმულატორების ფასი შემცირდება, მათი ტევადობა კი გაიზრდება.

* * *

როგორც წესი, ავტომწარმოებლები თავიანთ ახალ მოდელს საზოგადოებას პირველად დიდ საავტომობილო გამოფენებზე უჩვენებენ, მის ღირებულებას კი გაყიდვების დაწყებამდე იშვიათად ამხელენ. ”ოპელი” კი სხვაგვარად მოიქცა - ელექტრომობილ ”ამპერას” გაყიდვებს გერმანული კომპანია ერთი წლის შემდეგ დაიწყებს, თუმცა მისი ფასი უკვე გამოაცხადა - ”შევროლე ვოლტის” ევროპელი ნათესავი, პრემიუმ სეგმენტისთვის შესაფერის ფასად - 42 900 ევროდ იქნება ხელმისაწვდომი.

ფასის გამოცხადბასთან ერთად, ”ოპელმა” ელექტრომობილზე შეკვეთების მიღების დაწყებაც გამოაცხადა, რისთვისაც სპეციალური საიტიც (www.opel-ampera.com) გახსნა. საიტზე რეგისტრირებული მყიდველი ”eპიონერის” სტატუსს მიიღებს და რიგი შეღავათებით ისარგებლებს, რომელთა შორისაც, ყველაზე მიმზიდველი ისაა, რომ მას ”ამპერას” ტესტირების საშუალება მიეცემა. გერმანული კომპანია შეკვეთების შესრულებას მერმისს, მეოთხე კვარტალში შეუდგება.

”ელექტრონული გადაადგილების ახალ კლასს ”ამპერა” აყალიბებს. არ მეგულება სხვა ელექტრომობილი, რომელიც ინდივიდუალური ტრანსპორტირებისას, ადამიანს ამდენ თავისუფლებას ანიჭებდეს. მისი შექმნისას, ჩვენ კომპრომისებზე არ წავსულვართ. ”ამპერა” მშვენიერი ავტომობილია და სასიამოვნოდ სამართავი. და პრემიუმ კლასისთვის შესაფერისადაა აღჭურვილი”, - ამბობს ”ოპელის” ვიცე პრეზიდენტი, გაყიდვების, მარკეტინგისა და გაყიდვების შემდგომი მომსახურების განყოფილების შეფი ალენ ვიზერი.

”ამპერა” ყოველდღიური ექსპლუატაციისთვის შესანიშნავი საშუალებაა. მას მბიძგველ ძალას ელექტროძრავი ანიჭებს, შიდაწვის (ბენზინის) აგრეგატს კი დამხმარე დანიშნულება აქვს - გენერატორს ატრიალებს და ელექტროენერგიას იძლევა, რომელსაც ავტომობილი მაშინ იყენებს, როდესაც აკუმულატორებში დაგროვილი ენერგია, დიდი მანძილის გასავლელად საკმარისი არაა.

ელექტროძრავს ენერგიით ლითიუმ-იონური აკუმულატორების ბლოკი (რომელიც 220 ცალი ელემენტისგან შედგება) ამარაგებს, რომლის ტევადობაც საათში 16 კილოვატია. ეს ენერგია საკმარისია იმისათვის, რომ ”ამპერამ” შეუჩერებლივ დაახლოებით 60 კილომეტრი გაიაროს. რა თქმა უნდა, ამ დროს, ავტომობილი გარემოს არანაირი გამონაბოლქვით არ აბინძურებს. გარდა ამისა, სვლის დასახელებული სიშორე სრულიად აკმაყოფილებს საშუალო გერმანელის ყოველდღიურ მოთხოვნებს. სპეციალურად ჩატარებულმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ საშუალო ევროპელი მძღოლების 80 პროცენტი, დღეში 60 კილომეტრზე მეტს არ გადის.

მაგრამ ”ჯენერალ მოტორსში” ჩათვალეს, რომ დანარჩენ 20 პროცენტზეც უნდა ეზრუნათ და ამიტომ, მის ძალურ დანადგარს (რომელიც თვისობრივად, ჰიბრიდული არაა) შიდაწვის ძრავისა და გენერატორის ტანდემი დაამატეს, რომელიც ავტომობილის გაუჩერებლად, აკუმულატორების დამუხტვის საშუალებას იძლევა. შიდაწვის ძრავს ბიოსაწვავ E85-ზე (რომელშიც მხოლოდ 15 პროცენტია ბენზინი, დანარჩენი კი ეთანოლია) მუშაობა შეუძლია. აკუმულატორების დამუხტვის პარალელურად, ის ენერგიით ელექტროძრავებსაც უზრუნველყოფს. ამგვარად, ავტომობილის სვლის სიშორე 500 კილომეტრამდე იზრდება. დაკიდევ, გაჩერებული ავტომობილის დამუხტვა საყოფაცხოვრებო ელექტროქსელიდანაცაა შესაძლებელი.

”ამპერას” ელექტრონული ძალური დანდგარის პიკური მაბრუნი მომენტი 370 ნიუტონმეტრს აღწევს, რაც 150-ცხენისძალიანი ძრავის ანალოგიური მაჩვენებლის ტოლფასია. ამ აგრეგატის დახმარებით, ავტომობილს ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის ასაკრეფად დაახლოებით 9 წამი ჰყოფნის, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 161 კმ/სთ-ია.

შესაძლოა, ეს მოკრძალებული, თუმცაღა სრულიად საკმარისი მაჩვენებელია. სამაგიეროდ, მისი გადაადგილების ღირებულება, ჩვეულებრივი შიდაწვისძრავიანი (ბენზინის) ავტომობილის შესაბამისი მაჩვენებლის მხოლოდ 20 პროცენტია. საყოფაცხოვრებო, 230-ვოლტიანი ქსელიდან აკუმულატორების დამუხტვას დაახლოებით 3 საათი სჭირდება.

”გარემოზე ზრუნვა ერთადერთი მიზეზი არაა იმისათვის, რომ ელექტრომობილის ყიდვა ვარჩიოთ. ასეთი ავტომობილის მართვა ძალიან საინტერესოა. ის უხმაუროა და შესანიშნავი აჩქარებით გამოირჩევა. მარჯვენა ფეხს დამორჩილებული 370-ნიუტონმეტრიანი მაბრუნი მომენტი კი ფრენის შეგრძნებას იწვევს”, - ამბობს სამოდელო რიგის განყოფილების აღმასრულებელი დირექტორი და მთავარი ინჟინერი ფრანკ ვებერი.

რაც შეეხება ”ამპერას” (და მასთან ერთად, შევროლე ვოლტის) ფასს. ავტომობილზე ვერავინ იტყვის, რომ იაფია, მაგრამ სამაგიეროდ, ის შიდაწვისძრავიან ავტომობილებთან შედარებით, გაცილებით მცირე საექსპლუატაციო ხარჯითაც გამოირჩევა. ”ჯენერალ მოტორსის” გათვლებით, თუ ავტომობილით დღეში საშუალოდ 60 კიომეტრს გადიხართ, ეს ნიშნავს, რომ ”ამპერას” მეშვეობით, წლიურად დაახლოებით 1 700 ლიტრი ბენზინის დაზოგვა შეიძლება. თუ დღიური გარბენი 100 კილომეტრია, მაშინ წლიური დანაზოგი 2 200 ლიტრს აღწევს.

გარდა ამისა, ”ჯენერალ მოტორსმა” სხვა გათვლებიც ჩაატარა, რომლის მიხედვითაც, ელექტრომობილით ყოველი კილომეტრის გავლა დაახლოებით 0.02 ევროცენტი ჯდება. შედარებისთვის, ბენზინზე მომუშავე ავტომობილის შემთხვევაში, საექსპლუატაციო ხარჯი 0.09 ევროცენტს (როცა ლიტრი ბენზინის ფასი 1.16 ევროა) აღწევს.

Saturday, November 13, 2010

მეექვსე ელემენტს მწვანე შუქი აუნთეს

Lamborghini Sixth Element Headed for Production

12 ნოემბერი

პარიზის წლევანდელი საავტომობილო შოუს ერთ-ერთი გამორჩეული ექსპონატი, ლამბორგინის კონცეპტუალური ავტომობილი სესტო ელემენტო (მეექვსე ელემენტი) იყო, რომლის ფოტო ტიზერების გავრცელებაც იტალიურმა კომპანიამ, გამოფენის გახსნემდე ერთი თვით ადრე დაიწყო და ამით, ამ ავტომობილისადმი ისედაც დიდი ინტერესი კიდევ უფრო გაამძაფრა.

მართალია, ეს ის მოდელი არ აღმოჩნდა, რომელსაც ყველა ელოდა, თუმცა გაწბილებული მაინც არავინ დარჩენილა. საავტომობილო საზოგადოება ”ხარებისგან” ფლაგმან მურსიელაგოს შემცვლელ ჯოტას ელოდა, მაგრამ ამ უკანასკნელის დებიუტი, სულ მცირე, ჟენევამდე გადაიდო, მის ნაცვლად კი პარიზის ვერსალის საგამოფენო კომპლექსში მეექვსე ელემენტი გაგვაცნეს, რომელმაც ეს სახელი, ქიმიური ელემენტების ცხრილში მეექვსე ადგილზე მდგარი ნახშირბადის ხათრით მიიღო.

თითქოს, ეს ავტომობილი კონცეპტუალური პროტოტიპის სახითვე უნდა დარჩენილიყო, მაგრამ რამდენიმე დღის წინ, ფრანგულმა ინტერნეტ გამოცემა აუტომოტომ გაავრცელა ცნობა იმის შესახებ, რომ ლამბორგინი სესტო ელემენტოს მცირესერიულად წარმოებას აპირებს.

ისევე როგორც ყველა ლამბოს, მეექვსე ელემენტსაც უმძლავრესი ძრავი აქვს, მაგრამ მას სხვა ხარებისგან განმასხვავებელი თავისებურებაც აქვს. ეს თავისებურება კი სიმსუბუქეა. საერთოდ, უსაფრთხოების გამკაცრებული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, ავტომწარმოებლები იძულებულნი არიან, თავიანთი პროდუქცია ახალ-ახალი სისტემებით აღჭურვონ, რაც ავტომობილის დამძიმებას იწვევს. ეს კი ყველაზე მეტად სპორტულ სუპერ ავტომობილებს არ უხდება, რადგან გაზრდილი წონა მათ ტემპერამენტზე, მართვადობასა და მუხრუჭების ეფექტურობაზე უარყოფითად მოქმედებს.

ამიტომ, კომპანიები წარმოებაში ისეთი მასალების მსუბუქი დანერგვას ცდილობენ, როგორებიცაა კარბონის კომპოზიტი და ალუმინი. მაგრამ თუ ალუმინის დეტალების მასობრივი წარმოების საკითხი მეტნაკლებად გადაჭრილია, კარბონთან დაკავშირებით, იგივეს თქმა არ შეიძლება. მას მხოლოდ ექსკლუზიურ ავტომობილებში იყენებენ და ისიც, ძალიან შეზღუდულად.

და აი, პარიზში ლამბომ ყველას უჩვენა, რომ სერიული ავტომობილების საწარმოებლად, მეტწილად ნახშირბადოვანი კომპოზიტის გამოყენება შესაძლებელია. აეროკოსმოსურ გიგანტ ”ბოინგთან” ერთად, ხარებმა კარბონის დეტალების სერიულად დამზადების ტექნოლოგიები შეიმუშავეს, რომლებიც პირველად სწორედ მეექვსე ელემენტზე გამოიყენეს და ამ ავტომობილს სახელიც ამის მიხედვით შეურჩიეს. შეიძლება ითქვას, რომ ეს გრაფიტის ფერის მონსტრი მეტწილად ნახშირბადისგანაა დამზადებული.

მოკლედ, კარბონის წყალობით, სესტო ელემენტო სულ რაღაც, 999 კილოგრამს იწონის. ეს კი 341 კილოგრამით ნაკლებია გალიარდო LP 570-4 სუპერლეგარას (ანუ, სუპერმსუბუქის) წონაზე. კარბონის ბოჭკოსგან დამზადებული ავტომობილი LP 570-4 სუპერლეგარას აგრეგატებითაა აღჭურვილი. ესაა 5.2-ლიტრიანი V10 ძრავი, რომელიც 570 ცხენის ძალას იძლევა. ამგვარად, წონისა და სიმძლავრის ფარდობა 1.75 კილოგრამია ყოველ ცხენის ძალაზე. ეს კი საკმარისია იმსიათვის, რომ მეექვსე ელემენტმა ადგილიდან 100 კმ/სთ-ის აკრეფა 2.5 წამში მოასწროს. მაქსიმალური სიჩქარე კი 354 კმ/სთ-ია.

იმავე აუტომოტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ხარები მხოლოდ 7-10 ცალი სესტო ელემენტოს დამზადებას აპირებენ. მისი შეძენის მსურველებს კი საკუთარი ჯიბის 2.5 მილიონი ევროთი შემსუბუქება მოუწევთ.

Thursday, November 11, 2010

”ჯენერალ ელექტრიკი” 25 000 ელექტრომობილს ყიდულობს

General Electric to Order 25,000 EVs by 2015

11 ნოემბერი

”ჯენერალ ელექტრიკმა” გადაწყვიტა, რომ 2015 წლამდე სხვადასხვა კომპანიებისგან 25 000 ელექტრომობილი შეიძინოს, რაც მისი გლობალური საავტომობილო პარკის თითქმის ნახევარია. ამასთან, შესასყიდ ელექტრომობილების თითქმის ნახევარს მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი კონგლომერატი ”ჯენერალ მოტორსისგან” შეიძენს.

”ჯენერალ ელექტრიკი” ყველაზე დიდი რაოდენობით ”შევროლე ვოლტს” შეისყიდის. ამ დიდი გარიგების ფინანსური მხარე არ ცხადდება. სამაგიეროდ, უკვე შეიძლება ითქვას, რომ ”შევროლე ვოლტზე” მოთხოვნილება გაიზრდება. ”ჯენერალ ელექტრიკის” მიზანიც სწორედ ისაა, რომ ხელი შეუწყოს ელექტრომობილების პოპულარიზაციას და დამკვიდრებას ბაზარზე, რაც ამერიკას ნავთობის იმპორტზე ნაკლებად დამოკიდებულს გახდის.

”ელექტრომობილების ტექნოლოგია რეალურად მუშაობს და მზადაა ბიზნესისთვის. ჩვენ კი მზად ვართ იმისათვის, რომ ”ჯენერალ მოტორსთან” და სხვა პარტნიორებთან ერთად, ბაზარზე ასეთი ავტომობილების დამკვიდრებას შევუწყოთ ხელი. ჩვენი საკუთარი პარკის ელექტრიფიკაციით, ბაზარზე ელექტრომობილების ადაპტაციის პროცესს დავაჩქარებთ. რაც მთავარია, მყიდველის გონება ადვილად შეეგუება ამ სიახლეს”, - ამბობს ”ჯენერალ ელექტრიკის” მთავარი აღმასრულებელი ჯეფ იმელტი.

”ჩვენ ვაწარმოებთ ტექნოლოგიებს, რომლებიც ელექტრომობილებთან და შესაბამის ინფრასტრუქტურასთან ბევრი კუთხითაა შეხებაში. ამგვარად, საქმიანობის ახალ საფეხურს ვიწყებთ, რომელიც მომგებიანი იქნება ჩვენი ბიზნსისა და ჩვენი აქციონერებისთვის. ელექტრომობილების ფართო ადაპტაცია ასევე სასარგებლო იქნება გარემოსთვის და სუფთა ენერგიის არაერთი სიახლის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს. შემცირდება ქვეყნის ნავთობდამოკიდბულება და გაუმჯობესდება ეკონომიკა”, - დასძენს იმელტი.

”ჯენერალ ელექტრიკი” იმედოვნებს, რომ ელექტრომობილების დიდი პარტიის შეძენა, შემოსავლის სახით, შემდეგ სამ წელიწადში დაახლოებით 500 მილიონ დოლარს მოუტანს. ეს კი შედეგი იქნება იმისა, რომ თავად ირიბად ჩართულია ელექტრომობილების ბიზნესში. გარდა ამისა, ელექტრომობილების რაოდენობის ზრდა, სუფთა ენერგეტიკის განვითარების აუცილებლობას გამოიწვევს და ამ საქმეშიც ”ჯენერალ ელექტრიკი” მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერია.

რაც მთავარია, ელექტრომობილების მასობრივ წარმოებაზე გადასვლას, ასეთი ავტომობილების ფასის შემცირება და შედეგად, შემდგომი პოპულარიზაცია მოჰყვება, რაც ამ ახალ ბიზნსის განვითარების ჯაჭვურ რეაქციას გამოიწვევს. გაიზრდება მოთხოვნა აკუმულატორებზე, დასამუხტ წერტილებსა და ელექტრომობილებთან დაკავშირებულ სხვა ინფრასტრუქტურაზე, რაც ”ჯენერალ ელექტრიკის” ბიზნესის სფეროში შედის.

”შევროლე ვოლტის” გარდა, ბაზარზე მალე ”ნისანის”, ”ფორდის” და ”ტოიოტას” ელექტრომობილებიც გამოჩნდება. პირველმა უკვე დაიწყო ჰეჩბეკ ”ლიფის” წარმოება, მეორე კომერციულ ფურგონ ”ტრანზიტ კონექტს” და კომპაქტურ ჰეჩბეკ ”ფოკუსს” ამზადებს, მესამე კი ბაზარზე უგზოობის ელექტრულ RAV4-ს გამოუშვებს.

ცნობისათვის, ”ჯენერალ ელექტრიკის” შარშანდელმა შემოსავალმა 157 მილიარდი დოლარი შეადგინა. კომპანია შემდეგ ხუთ წელიწადში, სუფთა ენერგეტიკის განვითარებაზე 10 მილიარდ დოლარს დახარჯავს. ჰიბრიდებისა და ელექტრომობილებისთვის, ის ლითიუმ-იონურ აკუმულატორებს თავის პარტნიორთან, ”A123 სისტემზთან” ერთად აწარმოებს. გარდა ამისა, სოდაზე დაფუძნებულ აკუმულატორებს დიდი ზომის ავტომობილებისა და სარკინიგზო ლოკომოტივებისთვისაც აწარმოებს.

”ლამბორგინი” უგზოობის ავტომობილსაც ამზადებს

Lamborghini LM00X SUV a Reality?

11 ნოემბერი

წელს ”ლამბორგინი” ძალიან აქტიურობს. ჯერ იყო და, პარიზის ავტო შოუსთვის ”მურსიელაგოს” შემცვლელ ”ჯოტას” გვპირდებოდა, მაგრამ ეგრეთ წოდებული შჲალედური სუპერ მოდელი ”სესტო ელემენტო” წარმოგვიდგინა. მერე ის ხმებიც დადასტურდა, რომ ”ჯოტას” ამზადებს. ახლა კი ინტერნეტით გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სანტ’აგატა ბოლონეზელები უგზოობის კომპაქტურ ავტომობილსაც ამზადებენ.

იმავე ინფორმაციის მიხედვით, უგზოობის ”ლამბო”, რომელსაც ჯერჯერობით, სახელის ნაცვლად ინდექსით (LM00X) მოიხსენიებენ, ”პორშეს” იმ ახალი უგზოობის მოდელთან (კაჯუნი) შემუშავდება, რომელსაც ცუფენჰაუზენელები ”აუდი Q5-ის” ბაზაზე ქმნიან.

ეს ინფორმაცია ჯერ თავად ”ლამბორგინის” მიერ არ დასტურდება, თუმცა ბრიტანული გამოცემა ”ავტოექსპრესი” გვარწმუნებს, რომ ეს სიმართლეა. უფრო მეტიც, ჟურნალის ცნობით, ავტომობილი 4.0-ლიტრიანი V8 აგრეგატით აღიჭურვება, რომელსაც მომავალი წლის ”აუდი S7-ზე” გამოიყენებენ. მოსალოდნელია, რომ ამ აგრეგატის სიმძლავრე 550 ცხენის ძალა იქნება, მისი დახმარებით კი ავტომობილი ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარეს დაახლოებით 4 წამში აკრეფს.

რა თქმა უნდა, LM00X-ს (სავარაუდოდ, ავტომობილს სახელი შეეცვლება, ეს ინდექსი კი სამხედრო LM002-ის გამოძახილი უფროა) ”ლამბორგინისთვის” დამახასიათებელი აგრესიული გარეგნობა ექნება. ”პორშე კახუნის” მსგავსად, მასაც მხოლოდ ორი კარი უნდა ჰქონდეს. ძარისა და შასის წარმოებისას, იტალიური კომპანია კარბონის კომპოზიტს გამოიყენებს. შეგახსენებთ, რომ არბონისგან დეტალების სრიული წარმოების ტექნოლოგიები ”ლამბომ” ამერიკულ აეროკოსმოსურ კონგლომერატ ”ბოინგთან” ერთად შეიმუშავა. კომპოზიციური მასალების ფართოდ გამოყენების წყალობით, ავტომობილის საკმაოდ მსუბუქი გამოვა.

”ავტოექსპრესი” გვატყობინებს, რომ ”ლამბორგინის” უგზოობის ავტომობილი დაკარის რალი რეიდზე მონაწილეობას აპირებს. სხვათა შორის, იქ მისი უფროსი ნათესავი - ”ფოლკსვაგენ ტუარეგ T3” ნამდვილი ვარსკვლავია და ორი წელია, გამარჯვებას არავის უთმობს.

დაბოლოს, სავარაუდოდ, ”ლამბო LM00X” ბაზარზე ალბათ 2012 წელს გამოჩნდება, მისი ფასი კი 120 000 ევრო იქნება. და რამდენადაც, ბაზარზე უშუალო კონკურენტი არ ეყოლება (ასტონ მარტინ ლაგონდას გამოჩენამდე), მოსალოდნელია, რომ იტალიური ”გამძვინვარებული ხარები” გაყიდვებს მნიშვნელოვნად გაზრდიან. შესაძლოა, ბევრმა ”ლამბო” გააკრიტიკოს იმისთვის, რომ მისთვის შეუფერებელ სეგმენტში ფეხის შედგმას აპირებს, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ ასე იყო მაშინაც, როდესაც ”პორშემ” უგზოობის ”კაიენის” წარმოება გადაწყვიტა. ბევრი თვლიდა, რომ ასეთი ავტომობილი ცუფენჰაუზენური კომპანიის იმიჯს შებღალავდა, მაგრამ საპირისპიროდ კი მოხდა - ”კაიენმა” კომპანიას უზარმაზარი მოგება მოუტანა. სავარაუდოდ, ”ლამბორგინი LM00X-ის” შემთხვევაშიც ასე იქნება.

Wednesday, November 10, 2010

რედ ბულ რეისინგი” რეალურ X1-ს ამზადებს

Real Life Red Bull X1 to be Shown at GT5 Launch Party in Madrid

10 ნოემბერი

რამდენიმე კვირაში, ”სონი პლეისტეიშნი” მადრიდში თავისი ახალი თამაშის, ”გრან პრი 5-ის” გამოშვებასთან დაკავშირებით, დიდ წვეულებას აწყობს, რომელზეც ამ თამაშის ყველაზე გამორჩეული ვირტუალური ვარსკვლავის, ”რედ ბულ X1-ის” რეალური მოდელის ჩვენებაც იგეგმება.

ვირტუალური X1 აღჭურვილია წყვილ ტურბოკომპრესორიანი 3-ლიტრიანი V6 ძრავით, რომელიც 1 483 ცხენის ძალას და 713 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. ”რედ ბულ რეისინგის” მიერ გამოქვეყნებული რელიზის მიხედვით, ამ აგრეგატით, ავტომობილს ადგილიდან სტანდარტული აჩქარება (100 კმ/სთ-მდე) თეორიულად, წარმოუდგენლად მცირე დროში - 1.4 წამში შეუძლია, ადგილიდან 195 კმ/სთ-ს 2.8 წამში აღწევს, 320 კმ/სთ-ის ასაკრეფად კი 6.1 წამი ჰყოფნის.

პროექტის შემუშავებისას, კონსულტანტის როლი ფორმულა 1-ის საინჟინრო გურუმ, ”რედ ბულის” ტექნიკურმა დირექტორმა ედრიან ნიუიმ გასწია, რომელსაც ფორმულა 1-სგან განსხვავებით, არანაირი ტექნიკური რეგლამენტი არ ზღუდავდა. ამიტომ, მან დიდი პრიზების ცირკში დაგროვილი გამოცდილება სრულად გამოიყენა. ამის შედეგი კი ისაა, რომ ავტომობილს მოსახვევების წარმოუდგენლად მაღალი სიჩქარით გავლა შეუძლია და რიგ შემთხვევებში (რა თქმა უნდა, გათვლების მიხედვით), მასზე 8.25 G-ს (G გრავიტაციული ძალაა) ტოლფასი ცენტრიდანული ძალა მოქმედებს.

რეალური მოდელი, რომელსაც ”რედ ბულ რეისინგი” მადრიდში წარადგენს, მხოლოდ მოდელია ყოველგვარი აგრეგატების გარეშე. თუმცა თეორიულად, X1-ის მსგავსი ბოლიდის შექმნა პრობლემას არ წარმოადგენს. ოღონდ, იბადება კითხვა, არსებობს სამყაროში ადამიანი, ვინც 8.25 G გადატვირთვის დროს ავტომობილის კონტროლს შესძლებს? ”რედ ბულის” გერმანელმა პილოტმა სებასტიან ფეტელმა სუძუკას ვირტუალურ ტრასაზე ეს შეძლო, თუმცა მაშინ ხომ მასზე გადატვირთვა რეალურად არ მოქმედებდა...

”აუდი Q5 ჰიბრიდი” ლოს ანჯელესურ დებიუტამდე გაგვაცნეს

Audi Q5 Hybrid Photos and Details Released

10 ნოემბერი

ასეთ ინფორმაციებს ხშირად გაჟონილსაც უწოდებენ. თავად ავტო მწარმოებლები მათ ხანდახან ოფიციალურ პრემიერამდე ცოტა ხნით ადრე, სხვისი ხელით ავრცელებენ, როცა სურთ, რომ თავიანთმა სიახლემ დამატებით მიიპყროს პრესის და საზოგადოების ყურადღება.

ასეა თუ ისე, გერმანული კომპანიის ისტორიაში პირველი სერიული ჰიბრიდული მოდელის შესახებ ინფორმაცია და ავტომობილის ფოტოები სწორედ ასე, ”გაჟონვით” გავრხცელდა. თუ მათ ვენდბით, ”აუდი Q5 ჰიბრიდი” 2.0-ლიტრიანი TFSI ოთხცილინდრიანი ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 200 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. მასთან უნისონში მუშაობს 45-ცხენისძლიანი ელექტროძრავი. ამგვარად, ჰიბრიდული დანადგარის ჯამური სიმძლავრე 245 ცხენის ძალას, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი 480 ნიუტონმეტრს მიაღწევს.

ამ ტანდემის დახმარებით, ავტომობილი ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფას 7.1 წამში ასწრებს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 222 კმ/სთ-ია. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნად შემცირდება ავტომობილის გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის შემცველობა - ყოველ კილომეტრზე ის ატმოსფეროს მხოლოდ 170 გრამი ნახშირორჟანგით დააბინძურებს.

გარდა ამისა, ჰიბრიდულ Q5-ს მხოლოდ ელექტროძრავით გადაადგილებაც შეუძლია, თუმცა ამ დროს მისი მაქსიმალური სიჩქარე მხოლოდ 100 კმ/სთ იქნება. ეგ კიდვ არაფერი, თუ საშუალო სიჩქარე 60 კმ/სთ-ზე მეტი იქნბა, მაშინ ელექტროძრავით ავტომობილი 3 კილომეტრზე მეტს ვერ გაივლის. დაკიდევ, ელექტროძრავი ავტომობილის უკანაა განლაგებული, რის გამოც, საბარგულის მოცულობა, 540-დან 480 ლიტრამდე შემცირდა.

ამ ავტომობილის გაყიდვას ინგოლშტადტელები მერმისს დაიწყებენ. მათი ჰიბრიდის დებიუტი დროში თითქმის დაემთხვევა ”ბეემვეს” ჰიბრიდული ”X6 ექტივჰიბრიდის” დებიუტს. ამასთან, ჰიბრიდულ Q5-ს სპეციალური საღებავით შეღებავენ, რომელსაც ”პოლარ სილვერი” დაარქვეს და რომელიც სპეციალურად, ჰიბრიდული Q5-სთვის შეიქმნა.

”მერსედეს ბენცი” ოთხცილინდრიან S-კლასს გამოუშვებს

Mercedes Introduces Smallest Engine in Luxury Class

10 ნოემბერი

”მერსედეს ბენცმა” უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო. მალე შტუტგარტული კომპანია მყიდველს თავისი ფლაგმანის, S-კლასის სედანის ისეთ ვერსიებს შესთავაზებს, რომლებიც დიზელის ოთხცილინდრიანი ძრავებით იქნება აღჭურვილი.

60 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც გერმანულმა კომპანიამ S-კლასის სედანის წარმოება დაიწყო და ამ პერიოდში ამ ავტომობილზე ოთხცილინდრიანი ძრავი აქამდე არასდროს გამოუყენებიათ. მაგრამ რამდენადაც სამქიმიანები თავიანთი კონკურენტების - ”ბეემვესა” და ”აუდისგან” უმკაცრეს კონკურენციას ხვდებიან, მათ შორის, ”მწვანე” ავტომობილების ფრონტზე, მათ ასეთი უპრეცედნტო გადაწყვეტილება მიიღეს.

ბოლო წლებში ბაზარზე ახალი ტენდენცია ჩამოყალიბდა, რომლის მიხედვითაც, მწარმოებლები იმ მყიდველს, რომელიც გარემოზე ზრუნვას ყველაზე მაღლა აყენებს, ეკოლოგიურად შედარებით სუფთა ავტომობილებს სთავაზობენ. ამ საკითხში ნამდვილი ლიდერი ”ბეემვეა”, რომელიც ეკოლოგიური ტექნლოგიების განვითარებაზე ყველაზე მეტ თანხას ხარჯავს. თუმცა, ამ მხრივ, მას სერიოზული კონკურენტი ”მერსედეს ბენცის” სახით ჰყავს, რომელმაც ”მწვანე” ტექნოლოგიების განვითარებას წელს 1 მილიარდი ევრო მოახმარა, ეს კი შარშანდელ ანალოგიურ ინვესტიციაზე დაახლოებით ორჯერ მეტია.

დიზელის ოთხცილინდრიანი ძრავით აღჭურვილ S250 CDI-ს თავიანთი დილერებისთვის მიწოდებას გერმანული კომპანია 2011 წლის დასაწყისიდან შეუდგებიან. ავტომობილის სავარაუდო ფასი 65 000 ევრო იქნება. ორტონიან ავტომობილს დიზელის 2.2-ლიტრიანი აგრეგატი ამოძრავებს. აგრეგატის სიმძლავრე 204 ცხენის ძალაა, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი - 500 ნიუტონმეტრი და ამ მაჩვენებელს ძრავი უკვე 1600 ბრ/წთ-ზე აღწევს. როგორც შტუტგარტელები ამბობენ, ეს მახასიათებლები დზელის ექვსცილინდრიანი აგრეგატისას შეესაბამება, მათი მიღწევა კი შესაძლებელი ორსაფეხურიანი ტურბოჩაბერვის წყალობით გახდა.

სედანი S250 CDI მცირეგაბარიტიანი ავტომობილებისთვისაც კი შესაშური ეკონომიურობით გამოირჩევა. 100 კილომეტრის გასავლელად ის 5.7 ლიტრ საწვავს მოიხმარს. ყოველი კილომეტრის გავლისას კი ის ატმოსფეროში 149 გრამ ნახშირორჟანგს გამოჰყოფს.

ამგვარად, ეს არის ლუქსის კლასის პირველი ავტომობილი, რომელიც 100 კილომეტრის გასავლელად, 6 ლიტრზე ნაკლებ საწვავს მოიხმარს და კილომეტრის გავლისას, ატმოსფეროს 150 გრამ ნახშირორჟანგზე ნაკლებით აბინძურებს.

Monday, November 8, 2010

”კიას” სპორტული მოდელი დასჭირდება

Kia Plans a Future Sports Car

8 ნოემბერი

არცთუ დდ ხნის წინ, ”კია” ერთი რიგითი აზიური კომპანია იყო, რომელიც არცთუ გამორჩეული გარეგნობის, პრაქტიკულ ავტომობილებს აწარმოებდა. ამ ავტომობილებს კი ის ყიდულობა, ვისთვისაც სულერთი იყო, რა მარკის მანქანის საჭესთან იჯდა და როგორ გამოიყურებოდა ეს მანქანა. მაგრამ რაც მეორე კორეული და რაც მთავარია, იმ დროისთვის მსგავსი კომპანიის, ”ჰიუნდაის” ჯგუფში შევიდა, ”კიამ” ძირეული გარდაქმნა დაიწყო. კომპანიამ თავისი საწარმოო პროგრამა გააფართოვა და უგზოობის მოდელების წარმოება დაიწყო, თავისი პროდუქცია კი ევროპისა და ამერიკის ბაზრებზე დაამკვიდრა.

დღეს კი, როგორც ”კიას” მთავარი დიზაინერი, სახელოვანი პეტერ შრაიერი ამბობს, მის კომპანიას სპორტული ავტომობილი სჭირდეა. თუმცა, გამოცემა ”ავტომოტივ ნიუსთან” საუბრისას, ის დასძენს, რომ შესაძლოა, ახლა ამისათვის შესაფერისი დრო არც დამდგარა: ”ვფიქრობ, ადრე თუ გვიან, ”კიას” ასეთი ავტომობილი დასჭირდება, მაგრამ ახლა ასეთს ვერაფერს შეგპირდებით”.

შრაიერი ”კიაში” 2006 წლიდან მუშაობს, მანამდე კი 26 წელი ”ფოლკსვაგენში” გაატარა, სადაც ვოლფსბურგული გიგანტის პროექტების გარდა, ”აუდის” ავტომობილების შემუშავებაშიც ღებულობდა მონაწილეობას. ის იმ ჯგუფის წევრი იყო, რომელმაც ”აუდის” პირველი თაობის კუპე TT შეიმუშავა.

სხვათა შორის, კორეულ კომპანიაში გადასვლიდან ცოტა ხანში, პირველი პროექტი, რომელიც ”კიას” დიზაინერებმა შრაიერის ხელმძღვანელობით შექმნეს, სპორტული კონცეპტუალური მოდელი ”კეი” იყო. ეს მანქანა თვალწარმტაცი გარეგნობით და მყვირალა ყვითელი ფერით, ასევე დიოდური ფარებით გამოირჩევა და მართალია, კომპანიამ მას მწვანე შუქი არ აუნთო, მაგრამ სამაგიეროდ, მისი დიზაინის ზოგიერთი ელემენტი ახალი კორპორატიული სტილისთვის გამოიყენა.

”ფოლკსვაგენი” კონცეპტუალური Up!-ის წარმოებას მერმისს დაიწყებს

Production for Volkswagen Up! Ready in 2011

8 ნოემბერი

”ფოლკსვაგენი” მერმისს თავისი კონცეპტუალური მიკრო ჰეჩბეკ Up!-ის წარმოების დაწყებას 2013 წელს აპირებდა, თუმცა როგორც ჩანს, გეგმას მნიშვნელოვნად გაასწრო და ავტომობილს, რომელსაც სახელად ალბათ ”ლუპოს” დაარქმევენ, თავის დილერებს ორი წლით ადრე მიაწვდის. მის მსოფლიო პრემიერას კი ფრანკფურტის საავტომობილო შოუზე, ერთი წლის შემდეგ ჩაატარებს.

გამოცემა ”ავტომოტივ ნიუსის” მიერ მოპოვებული სანდო ინფორმაციით, 21-ე საუკუნის ხოჭოდ წოდებული ავტომობილის პირველი სერიული ვერსია სამკარიანი იქნება. მის სალონში მხოლოდ ოთხი სავარძელი მოთავსდება, თავად ავტომობილს კი მამოძრავებელ ძალას სამცილინდრიანი ძრავი მიანიჭებს. ამ პატარა ავტომობილის საბაზო ღირებულება კი 10 000 ევრო იქნება.

2013 წელს კი ბაზარზე ელექტრონული Up! გამოჩნდბა. მის პარალელურად, ვოლფსბურგელები ელექტრული ”გოლფის” და ”ჯეტას” წარმოებასაც დაიწყებენ. პირვანდელი გეგმით, დაგეგმილი იყო Up!-ის ბენზინის ორცილინდრიანი ძრავით აღჭურვა, თუმცა კომპანიის განვითარების განყოფილების შეფი ულრიხ ჰაკენბერგი ამბობს, ამ ძრავის საწინააღმდეგოც არაფერი აქვს, თუმცა ამ ეტაპზე, მისი გამოყენება არ იგეგმება.

სხვათა შორის, Up!-ის პარალელურად, ”აუდი” თავისი განხლებული A2-ის წარმოებას დაიწყებს. ამ ორ ავტომობილს საერთო პლატფორმა ექნება. ამასთან, ”აუდიც” A2-ის ელექტრონული ვერსიის წარმოებას 2013 წელს დაიწყებს. ამ ორი კომპანიის გარდა, იმავე პლატფორმას ვოლფსბურგელთა ჯგუფში შემავალი კიდევ ორი კომპანია - ჩეხური ”შკოდა” და ესპანური ”სეატიც” გამოიყენებენ.

დაკიდევ, თავიდან ”ფოლკსვაგენმა” გამოაცხადა, რომ Up!-ს ძრავი უკან ექნება განლაგებული, რითაც საფუძველი დაედო ვარაუდს იმის შესახებ, რომ ეს ახალი ”ხოჭოს” წინამორბედი უნდა გამხდარიყო. მაგრამ ასეთმა შეთანწყობამ ბევრი ტექნიკური პრობლემა წარმოქმნა, რომელთა გადაწყვეტაც პროექტს მნიშვნელოვნად გააძვირებდა. ესეც რომ არა, დაგეგმილია, რომ Up!-ის ბაზაზე შექმნილ ჰეჩბეკსა და მოდელ ”პოლოს” ბევრი აგრეგატი ზიარი უნდა ჰქონდთ, რაც ამ ორივე ავტომობილზე დაბალი ფასის შენარჩუნებას შეუწყობს ხელს. ამიტო, ძრავი აუცილებლად წინ უნდა განელაგებინათ...

”ჩერი” პირველ ჩინურ ელექტრომობილებს გამოუშვებს

Chery Launched Chinese EV

8 ნოემბერი

ერთ-ერთი უდიდესი ჩინური საავტომობილო კომპანია ”ჩერი მოტორსი” ბოლო ორი წელია, მწვანე ტექნოლოგიების ფრონტზე ძალიან აქტიურია - ჯერ შანჰაის შარშანდელ ავტო შოუზე ორი ელექტრონული კონცეპტუალური ავტომობილი, ”რიიჩ M1 EV” და ”ტიგო 3 EV” წარადგინა, წელს კი პეკინის გამოფენაზე, ორი ჰიბრიდული და ერთიც ელექტრული ავტომობილი (S18) გამოფინა.

მაგრამ, როგორც ჩანს, ”ჩერიში” ჩათვალეს, რომ კონცეპტუალური ექსპონტების დრო აღარაა და ამიერიდან, მყიდველს რეალური ელექტრომობილიც უნდა შესთავაზონ. ამის დასტურია ის ფაქტი, რომ კომპანიამ ჩინურ ბაზარზე თავისი პირველი სერიული ელექტრული მანქანა, ”რიიჩ M1 EV” წარადგინა. რაც მთავარია, ამ პატარა ავტომობილს ძალიან კონკურენტული ფასი აქვს. კერძოდ, მისი საბაზო ვერსია 149 900 იუანი, ანუ 22 000 დოლარი ღირს. სრულად დაკომპლექტებული ვერსიის ფასი კი 229 800 იუანი, ანუ 35 000 დოლარი ღირს.

ეგ კიდევ არაფერი, ჩინეთის მთავრობას ელექტრომობილების მწარმოებელთა წასახალისებელი პროგრამა აქვს შემუშავებული, რომელიც ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე ავტომობილების მყიდველებს შეღავათის სახით, 60 000 იუანს (დაახლოებით 9 000 დოლარს) სთავაზობს.

პატარა საქალაქო ავტომობილს მამოძრავებელ ძალას 54-ცხენისძალიანი ელექტრო ძრავი ანიჭებს, რომელიც ენერგიით 60 ამპერსაათიანი ლითიუმ-იონური აკუმულატორების ბლოკი ანიჭებს. ელექტრული ”ჩერის” მაქსიმალური სიჩქარე 120 კმ/სთ-ია, სვლის სიშორე კი 150 კილომეტრს აღწევს. აკუმულატორები საყოფაცხოვრებო ქსელიდან იმუხტება, თუმცა სრული დამუხტვისთვის 6-8 საათია საჭირო. შედარებისთვის, ”რიიჩის” მთავარი კონკურენტის - ”მიცუბიში i-Miev-ს” აკუმულატორების სრული დამუხტვისთვის 2.5 საათიც საკმარისია.

სამაგიეროდ, ელექტრონული ”ჩერი” უსაფრთხოების პასიური და აქტიური სისტემებითაა აღჭურვილი, ენერგიას კი მოძრაობის დროს ივსებს, როდესაც დამუხრუჭება უწევს. თანაც, ჩინური კომპანია თავისი ელექტრომობილის ხუთ ვერსიას სთავაზობს, რომელთაგან სვლის ყველაზე დიდი სიშორით EV5 ვერსია გამოირჩევა. ამ მანქანას ბენზინზე მომუშავე შიდაწვის ძრავიც აქვს, რომლის ერთადერთი დანიშნულება, მასთან დაკავშირებულ გენერატორთან ერთად, ელექტროენერგიის გამომუშავებაა. ამის წყალობით, სვლის სიშორე 300 კილომეტრს აღწევს.

და მაინც ჩინეთში ამ ავტომობილს, ჯერჯერობით სოლიდური პრობლემა ელის - ცისქვეშეთის არცერთ დიდ ქალაქში, ელექტრომობილების დასამუხტი სადგურების ქსელი არ მუშაობს. ამის გამო, ჩინეთის მთავრობა, შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებაზე ზრუნვას უახლოეს მომავალში აპირებს.