Sunday, April 10, 2011

„ჰიუნდაი“ ამერიკაში გაყიდვების რეკორდებს აუმჯობესებს

Kia, Hyundai set monthly, quarterly sales records

10 აპრილი

სამხრეთკორეულ სავტომობილო გიგანტ „ჰიუნდაის“ და მასში შემავალი კიდევ ერთი კორეული საავტომობილო მარკის, „კიას“ ამერიკული გაყიდვები მარტში მნიშვნელოვნადაა გაზრდილი. იმდენად, რომ გაყიდვების ყოველთვიური და კვარტალური რეკორდები მოხსნა.

საკუთრივ „ჰიუნდაის“ მარტის გაყიდვები, შარშანდელი ანალოგიური პერიოდის გაყიდვებთან შედარებით, 32 პროცენტითაა გაზრდილი. უფრო კონკრეტულად, ერთ თვეში, მარტო ამერიკის ბაზარზე, კორეულმა კომპანიამ 61 873 ავტომობილი გაჰყიდა. სულ კი პირველ კვარტალში, 142 620 ავტომობილი აქვს გაყიდული, რაც შარშანდელი ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 28 პროცენტით მეტია.

„ჰიუნდაის“ ამერიკული შტოს გაყიდვების შეფმა დეივ ცუხოვსკიმ განაცხადა, რომ მისი კომპანიის ავტომობილებზე მოთხოვნა ამერიკაში იმდენად დიდი იყო, რამდენიც 2009 წლის აგვისტოში, როდესაც გაყიდვების მოცულობა, ძველი ავტომობილების ჩაბარების სანაცვლოდ, ახალი ავტომობილის შეღავათიან ფასად შეძენის შეთავაზების გამო, მნიშვნელოვნად გაიზარდა.

ცუხოვსკის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ „ჰიუნდაის“ ავტომობილებს შორის, ამერიკაში ყველაზე მეტი პოპულარობით, ახალი კომპაქტური სედანი „ელანტრა“ და საშუალო ზომის სედანი „სონატა“ (ფოტოზე) გამოირჩევა. ამ ორ მოდელზე, კორეული კომპანიის ამერიკული გაყიდვების დაახლოებით 68 პროცენტი მოდის.

უფრო კონკრეტულად კი, მარტის განმავლობაში, სულ „ჰიუნდაიმ“ 22 894 ცალი „სონატა“ გაჰყიდა. შედარებისთვის, შარშანდელი მარტის გაყიდვებმა 18 935 ცალი ავტომობილი შეადგინა. რაც შეეხება „ელანტრას“, მისი გაყიდვები ორჯერ და მეტად გაიზარდა. თუ შარშან ამ სახელით მხოლოდ 8 225 ცალი ავტომობილი გაიყიდა, წელს ეს რიცხვი 19 255-მდე არის გაზრდილი.

უფრო სოლიდური ზრდაა დაფიქსირებული „ჰიუნდაის“ ჯგუფში შემავალი „კიას“ გაყიდვებში. კერძოდ, ამ ბრენდით მარტში ამერიკაში სულ 44 179 ავტომობილია გაყიდული, რაც შარშანდელ შესაბამის მაჩვენებელზე 45 პროცენტით მეტია. პირველი კვარტლის განმავლობაში, სულ 104 774 ცალი „კიაა“ გაყიდული, რაც შარშანდელ ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებელზე 37 პროცენტით მეტია. „კიასთვის“ ეს გაყიდვების კვარტალური რეკორდის გაუმჯობესებაა. ცნობისათვის, წინა რეკორდი შარშან დამყარდა და 97 955 გაყიდული ავტომობილი შეადგინა. ამასთან, ამ კომპანიამ ამერიკაში კვარტალში 100 000 ავტომობილზე მეტი პირველად გაჰყიდა.

„კიას“ ავტომობილებს შორის, ამერიკის ბაზარზე ყველაზე მეტი პოპულარობით, ქროსოვერი „სორენტო“ სარგებლობს, რომელიც მარტში 11 071 ცალი გაიყიდა (შარშანდელი გაყიდვები 9 156 ცალი იყო). ამ ბრენდის მეორე ყველაზე პოპულარული მოდელი სუბკომპაქტური ჰეჩბეკი „სოულია“, რომელიც მარტში 10 028 ცალი გაიყიდა, თითქმის ორჯერ მეტი, ვიდრე შარშანდელ მარტში (5 106 ცალი).

Sunday, April 3, 2011

„იაგუარ B99“ – „ბერტონესეული“ ოთხკარიანი კუპე

Bertone B99 asks, "Can't we All Just Forget About the X-Type?"

3 აპრილი

ჟენევის გამოფენაზე, „ბერტონეს“ მიერ წარმოდგენილ ამ კონცეპტუალურ ავტომობილზე ბევრი ამბობდა, რომ მისი სახით, „იაგუარის“ მომავალი X-ტაიპი ვიხილეთ. თუმცა, მოგვიანებით გაირკვა, რომ ინგლისური კომპანია თავისი ყველაზე პატარა ავტომობილის ამ სახით განახლებას არ აპირებს. უფრო მეტიც, მისმა ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, ამ ჭორებით აშკარად გაბეზრებულმა განაცხადა - იქნებ ცოტა ხნით, X-ტაიპი ყველამ დაივიწყოთო.
ერთი რამ კი ფაქტია - კონცეპტუალურმა „იაგუარ B99-მა“, რომელიც იტალიურ სადიზაინერო სტუდა „ბერტონეს“ მიერაა შემუშავებული, ჟურნალისტების, სპეციალისტებისა და დამთვალიერებლების დიდი ინტერესი გამოიწვია. ჯერ ერთი იმიტომ, რომ „ბერტონემ“ ის საკუთარი დაარსებიდან 99 წლის იუბილეს მიუძღვნა. მეორეც, ამ ავტომობილით, იტალიური ატელიე იმ ტრენდისთვის შეწინააღმდეგებას ცდილობს, რომელიც ბაზრის შედარებით ახალ, ოთხკარიანი კუპეების სეგმენტში ჩამოყალიბდა. ეს ტრენდი კი ამ ტიპის ავტომობილების უკნისკენ დახრილ სახურავში აისახება.

„იაგუარ B99-ს“ ტიპიური სედანისთვის დამახასიათებელი, ჰორიზონტალური სახურავი აქვს. კუპეს იერს კი მას ორივე უკანა კარის მომცრო (წინას ნახევარი სიგრძის) ზომები ანიჭებს. ამის მიუხედავად, უკანა სავარძლებზე მოხვედრა მაინც ადვილია, რადგან ავტომობილს არ აქვს შუა საყრდენი და ამასთან, წინა და უკანა კარი ერთმანეთის საპირისპიროდ იღება. კართა ასეთი კონსტრუქცია სერიულ წარმოებაში მხოლოდ „როლს როისს“ აქვს დანერგილი, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ იგივეს „იაგუარიც“ არ გააკეთებს.

მოკლედ, „იაგუარ B99-ის“ სახით, ჟენევაში ოთხკარიანი კუპეს საინტერესო ვერსია ვიხილეთ. ჰო, ალბათ საინტერესოა მისი გაბარიტებიც: სიგრძე 4.5 მეტრი, სიგანე 1.95 მეტრი და სიმაღლე 1.35 მეტრი. ამ ზომებით, ის D სეგმენტს შეესაბამება. სწორედ ამიტომ წარმოიშვა ვარაუდი, რომ ეს კონცეპტქარი მომავალი X-ტაიპია.

კონცეპტუალური ავტომობილი გაზრდილი სვლის სიშორის ჰიბრიდული სისტემითაა აღჭურვილი, რომელიც „ბერტონე ენერჯის“ მიერაა შემუშავებული. ამ სისტემაში შედის ორი ელექტროძრავი, რომელთაგან თითოეულის სიმძლავრე 201 ცხენის ძალაა. ორივე ძრავი უკანაა მოთავსებული. სვლის სიშორეს კი ბენზინზე მომუშავე 1.4-ლიტრიანი ძრავი უზრუნველყოფს, რომლის სიმძლავრეც 168 ცხენის ძალაა. ამ აგრეგატის დახმარებით, ავტომობილის სვლის სიშორე 700 კილომეტრს აღწევს (მხოლოდ ელექტროძრავებით, მანძილი 100 კილომეტრამდე მცირდება), რაც ამჟამად ბაზარზე არსებული მსგავსი ტიპის „შევროლე ვოლტის“ სვლის სიშორეზე გაცილებით მეტია. თანაც, ყოველი კილომეტრის გავლისას, ის გარემოს მხოლოდ 30 გრამი ნახშირორჟანგით აბინძურებს.

მაკო მონელა

„სპაიდერი“ – „ვისმანის“ კონცეპტუალური ექსპერიმენტი

Wiesmann Spyder Concept

3 აპრილი

გერმანული კომპანია „ვისმანი“ თავისი სპორტული ავტობოლებითაა ცნობილი, რომლებიც დამახასიათებელი გარეგნობით, ტემპერამენტით და მდიდრული ინტერიერებით გამოირჩევა. თუმცა ჟენევის გამოფენის დამთვალიერებელს, ამ კომპანიის სტენდზე სრულიად განსხვავებული სტილის ავტომობილი - ღია „სპაიდერი“ დახვდათ.

კომპანიის წარმომადგენელთა განცხადებით, ეს კონცეპტუალური ავტომობილი, ბრენდის თაყვანისმცემელთა თხოვნბის და რჩევების გათვალისწინებით შეიქმნა. მტავარი თხოვნა კი მძლავრი და მსუბუქი, თითქმის სარბოლი ავტომობილის შექმნა იყო.

„ვისმან სპაიდერი“ „ბეემვეს“ წარმოების ბენზინის 4.0-ლიტრიანი V8 ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 420 ცხენის ძალას და 400 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. ძრავი ბაზაშია განლაგებული. უცნობია ტრანსმისიის ტიპი და საფეხურების რაოდენობა. სამაგიეროდ, კომპანიის მიერ გავრცელებულ პრეს რელიზში აღნიშნულია, რომ ამ აგრეგატის დახმარებით, ორადგილიანი ღია ავტომობილი, რომელსაც არც კარი გააჩნია და არც საქარე შუშა და რომელიც 1000 კილოგრამს იწონის, „სპაიდერს“ სტანდარტული აჩქარებისთვის (0-100 კმ/სთ) 4 წამზე ნაკლები ჰყოფნის, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 290 კმ/სთ-ია.

„ვისმანი“ აცხადებს, რომ კონცეპტუალური „სპაიდერი“ , კომპანიის ისტორიაში ყველაზე ექსტრემალური ავტომობილია. ძრავის და ტავად ავტომობილის ტექნიკურ-დნმიკური მახასიათებლების გარდა, მის ტემპერამენტზე ის ფაქტიც მიგვანიშნებს, რომ მას არ აქვს საქარე შუშა და კარები. ამიტომ, აუცილებელია, რომ პილოტმა (ადამიანს, რომელიც ამ მანქანის საჭეს მიუჯდება, უბრალოდ მძღოლს ვერც უწოდებ) თავი შლემით დაიცვას. ამასთან, ავტომობილის გადაბრუნების შემთხვევაში, მასში მსხდომთა თავებს უსაფრთხოების რკალებიც დაიცავს.

ჯერჯერობით, „ვისმანი“ ამ ავტომობილის სერიულ წარმოებას არ აპირებს. სამაგიეროდ აცხადებს, რომ „სპაიდერი“ იმისთვის გამოიფინა, რომ პოტენციური მყიდველის აზრი შეისწავლოს და განსაზღვროს, რამდენად წარმატებული შეიძლება იყოს ასეთი ავტომობილი ბაზარზე, რომელიც მწარმოებლებს მცირე შეცდომასაც არ პატიობს.

მართალია, „ვისმანი“ კონცეპტუალურ „სპაიდერს“ სტუდიურ ავტომობილს უწოდებს, მაგრამ ჟენევაშივე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გერმანული კომპანია უკვე მის სერიულ ვერსიასაც ამზადებს, რომელსაც ჟენევაშივე, მერმისს წარადგენს.

მაკო.....

სეულის ავტო შოუზე „ჰიუნდაიმ“ კონცეპტუალური „ბლიუ2“ წარადგინა

Hyundai Unveils Blue2 Concept in Seoul

3 აპრილი

სეულის საერთაშორისო საავტომობილო შოუზე, რომელიც ტარდება დევიზით „ევოლუცია, მწვანე რევოლუცია ბორბლებზე“, „ჰიუნდაიმ“ ეკოლოგიურად სუფთა კონცეპტუალური ავტომობილი წარადგინა, რომლის სახელიცაა „ბლიუ2“ (წაიკითხეთ ბლიუ სქვეარ) და რომელიც, გარდა იმისა, რომ არატრადიციულ ტექნოლოგიას იყენებს, იმითაცაა საინტერესო, რომ მისი სახით, კორეული კომპანია თავის მომავალ კორპორატიულ სტილს გვიჩვენებს.

ჯერ ვთქვათ ის, რომ კონცეპტუალური ავტომობილის სახელი, „ჰიუნდაის“ ეკოლოგიურ სუბ ბრენდ „ბლიუ დრაივისა“ და წყალბადის აღნიშვნის (H2) კომბინაციაა, რაც იმაზე მიგვითითებს, რომ ავტომობილში ენერგიის წყაროდ წყალბადს იყენებენ.

„ბლიუ2“ საშუალო ზომის სედანია, რომელიც 120-ცხენისძალიანი ელექტროძრავითაა აღჭურვილი, ამას კი ენერგიით წყალბადის ბაზაზე მომუშავე ფიჭური ელემენტები კვებავს. ამ ელემენტებში, წყალბადსა და ჟანგბადს შორის მიმდინარე ქიმიური რეაქციის შედეგად, ელექტროენერგია წარმოიქმნება, რომელსაც აკუმულატორების ბლოკი და ძრავი ღებულობს.

ავტომობილს 100 კილომეტრის გასავლელად, 2.8 ლიტრი წყალბადი ჰყოფნის, გამონაბოლქვი კი მხოლოდ წყლის ორთქლია. „ბლიუ2-ის“ ეკოლოგიურობას ის ფაქტიც უსვამს ხაზს, რომ მისი ინტერიერის გასაწყობად, ეკოლოგიურად სუფთა მასალებია გამოყენებული. დაკიდევ, ავტომობილი შემცირებული ცვეთის მქონე საბურავებზე დგას, რაც ძრავის მიერ ელექტროენერგიის მოხმარებას ამცირებს.

კონცეპტუალური ავტომობილი ასევე აღჭურვილია ელექტრონული სისტემით, რომელიც პატრონის მიახლოებას გრძნობს და მას კარის გაღებით ესალმება. უკანა ხედვის სარკეები ვიდეოკამერებითაა შეცვლილი. მესამე კამერა კი ავტომობილის სახურავზეა დამაგრებული და ის უკანა სივრცის პანორამულ გამოსახულებას იძლევა. სალონში გამოყენებულია მონიტორები, რომლებიც ორგანული შუქდიოდებითაა დამზადებული.

„ჩვენ არ გვინდა, რომ „ჰიუნდაი“ მსოფლიოს უდიდესი ავტოკომპანია იყოს. ჩვენი მიზანი ისაა, რომ ეს ბრენდი საყოველთაო პატივისცემით და სიყვარულით სარგებლობდეს. ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი პროდუქციის მომხმარებელი პარტნიორად გვთვლიდეს. ჩვენ არ გვინდა, ვიყოთ კომპანია, რომელსაც მხოლოდ საკუთარი ინტერესი ამოძრავებს. ჩვენ უწყვეტად გავაგრძელებთ მსოფლიო კლასის, ხარისხიანი პროდუქციის შეთავაზებას, რაც ბაზარზე შექმნილი რთული სიტუაციების დაძლევაში და ამ სირთულეების გამოწვევად აღქმაში გვეხმერება. ყველაფერი ეს კი იმის შედეგია, რომ ჩვენ ყოველთვის ყურადღებით ვუსმენთ მყიდველის რჩევებს და მათს სურვილებს ვითვალისწინებთ“, - კონცეპტუალური ავტომობილის წარდგენისას განაცხადა „ჰიუნდაი მოტორის“ პრეზიდენტმა და მთავარმა აღმასრულებელმა სტივ იანგმა.

მაკო Monella

Saturday, April 2, 2011

„ჰიუნდაი“ ცალკე პრემიუმ ბრენდის შექმნას არ აპირებს

Hyundai rules out separate premium brand

2 აპრილი

„ჰიუნდაი მოტორი“ აცხადებს, რომ არ აპირებს ცალკე პრემიუმ სუბ ბრენდის ჩამოყალიბებას, როგორც ეს თავის დროზე „ტოიოტამ“ (ლექსუსი), „ნისანმა“ (ინფინიტი) და „ჰონდამ“ (აკურა) გააკეთეს. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ცალკე ბრენდის შექმნას და მისი იმიჯის პოპულარიზაციას უზარმაზარი ინვესტიცია სჭირდება და იმავდროულად, თავად „ჰიუნდაის“ და მის მფლობელობაში მყოფი „კიას“ იმიჯიც იზარალებს.

სხვათა შორის, როდესაც სამი წლის წინ, ბაზარზე მოდელი „ჯენეზისი“ გამოჩნდა, ბევრმა ჩათვალა, რომ ამ სახელს კორეული კომპანია პრემიუმ ბრენდისთვის გამოიყენებდა. ბოლო ხანს, ამ როლში სახელი „ეკუსიც“ განიხილებოდა. მაგრამ „ჰიუნდაი“ ორივე ვარიანტს უარყოფს.

„ცალკე ბრენდის ჩამოყალიბება „ჰიუნდაის“ გეგმებში არ შედის“, - ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა კორეული კომპანიის ვიცე ტავმჯდომარე შინ იონ-ვუნმა. ამასთან, მას არც ის განუმარტავს, რა ელის სახელებს“ჯენეზისს“ და „ეკუს-ს“, რომლებიც პრაქტიკულად ერთი კლასის ავტომობილებს ჰქვია. ძნელი სათქმელია, ეს განცხადება საპირველაპრილო ხუმრობაა, თუ რეალობა, თუმცა სავარაუდოდ, ამ სახელებს „ჰიუნდაი“ სხვადასხვა ბაზრებზე გამოიყენებს - ეს მარკეტინგული ტაქტიკა მისთვის უცხო არაა.

კომპანიის პრესმდივანი ფრენკ არენსი ამბობს, რომ „ჰიუნდაი“ ცდილობს, თავისი ავტომობილები წარმოაჩინოს, როგორც „თანამედროვე პრემიუმი“ და ამიტომ, ახალი პრემიუმ ბრენდის ჩამოყალიბება, პირველ რიგში, სწორედ „ჰიუნდაის“ დააზარალებს. ამასთან, ახალი პრემიუმ ბრენდის რეკლამას, სადილერო ქსელის შექმნას და სხვა, ამ საქმესთან დაკავშირებულ საქმიანობას, უზარმაზარი ხარჯები დასჭირდება.

ბოლო წლებში, „ჰიუნდაი“ აშკარად ხარისხიანსა და გარეგნულად მიმზიდველ ავტომობილებს აწარმოებს, რაც სპეციალისტებმა უკვე აღიარეს და ეს კომპანიის გაყიდვების განუხრელ ზრდაშიც აისახა. თუმცა, კომპანიის მარკეტოლოგები ამბობენ, რომ ფართო აუდიტორიას ჯერ კიდევ არ აქვს სრულად აღქმული ის ფაქტი, რომ კორეული კომპანიის ავტომობილები, სიიაფის გარდა, ხარისხით და დახვეწილი დიზაინითაც გამოირჩევა. ამიტომ, კომპანიის მთავარი მიზანი ახლა სწორედ ამ ნაკლის გამოსწორებაა, რასაც გარკვეული დრო დასჭირდება.

სხვათა შორის, იაპონური კომპანიების მიერ პრემიუმ ბრენდების შექმნას სხვადასხვა შედეგი მოჰყვა. მაგალითად, თუ „ლექსუსმა“, რომელიც 1989 წელს შეიქმნა, თავი უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაიკვიდრა, „აკურას“ ეს აშკარად არ გამოსდის. არადა, „ჰონდა“ იაპონური სამეულიდან პირველი იყო, რომელმაც ასეთი ნაბიჯი გადადგა. საშუალოდ წარმატებულია „ინფინიტი“.

ასე რომ, „ჰიუნდაი“ ამ ატეპზე პრემიუმ ბრენდის ჩამოყალიბებას საჭიროდ არ მიიჩნევს, თუმცა რა იქნება მომავალში, ამის თქმა მაინც ძნელია...

Thursday, March 31, 2011

„ბერტონე“ თავის კონცეპტუალურ ავტომობილებს ჰყიდის

Bertone Concepts for Sale at Villa d'Este

31 მარტი

მალე საავტომობილო რარიტეტის მოყვარულებს სანუკვარი ავტომობილების შეძენის საშუალება მიეცემათ - ვილა დ’ესტეს საავტომობილო ელეგანტურობის კონკურსის პარალელურად, რომელიც 21 მაისს გაიმართება, ჩატარდება აუქციონი, რომელზეც იტალიური სადიზაინერო ატელიე „კაროცერია ბერტონე“ თავის კონცეპტუალურ ავტომობილებს გამოიტანს.

აუქციონს ამ საქმეზე სპეციალიზებული „RM ოქშენზი“ ჩაატარებს. ავტომობილები, რომლებაც აუქციონზე გამოიტანენ, პირველად იყიდება. ანუ, ისინი მხოლოდ „ბერტონეს“ ფარეხს ამშვენებდნენ. ამიტომ, აუქციონის ორგანიზატორები და ატელიეს ხელმძღვანელობა მედოვნებს, რომ ყველა ავტომობილი, საწყის ფასზე გაცილებით ძვირად გაიყიდება.

„ეს ავტომობილები „ბერტონეს“ შემოქმედების ისტორიის განუყოფელი ნაწილია და მათი შეძენის შემთხვევაში, მყიდველი საავტომობილო ისტორიის გამორჩეულ ექსპონატებს დაეუფლება. ესეც რომ არა, ჩვენს აუქციონზე გამოვიტანთ იმ ექვს ავტომობილს, რომლებიც კერძო მფლობელის ხელში ადრე არასდროს ყოფილა. ისინი სააქციონო ბაზრის დებიუტანტებია და ვფიქრობთ, ავტოკოლექციონერებს ეს ფაქტიც მოხიბლავს“, - ამბობს „RM იუროპის“ მმართველი დირექტორი მაქს ჯირარდო.

აუქციონზე შემდეგ ავტომობილებს გამოიტანენ:

1967 წლის ლამბორგინი მარცალის პროტოტიპი, სერიული ნომრით 1001. ამ ავტომობილით, მონაკოს პრინცმა რენიემ და პრინცესა გრეისმა 1967 წლის მონაკოს დიდ პრიზის აღლუმზე გაინავარდეს. ფასი 1 000 000 – 1 800 000 ევრო;

1970 წლის ლანჩა სტრატოს HF ძერო, სერიული ნომრით C/1160CPL, ფასი 1 000 000 – 1 800 000 ევრო;

1963 წლის შევროლე ტესტუდო, სერიული ნომრით 20927w207657, ფასი 500 000 – 800 000 ევრო;

1974 წლის ლამბორგინი ბრავო, სერიული ნომრით NS46 01, ფასი 150 000 – 220 000 ევრო;

1980 წლის ლამბორგინი ათონი, სერიული ნომრით S155/01, ფასი 150 000 – 220 000 ევრო;

1978 წლის ლანჩა სიბილო, სერიული ნომრით S 12201, ფასი 60 000 – 100 000 ევრო.

Wednesday, March 30, 2011

„ჰიუნდაიმ“ გაყიდული მანქანების დაბრუნების პროგრამა დაასრულა

Hyundai vehicle return program ending

30 მარტი

„ჰიუნდაიმ“ გადაწყვიტა, რომ შეაჩეროს პროგრამა, რომელიც გაყიდული ავტომობილების უკან დაბრუნებას ითვალისწინებდა იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი მოულოდნელად შემოსავლის წყაროს კარგავდა და გადახდისუუნარო ხდებოდა. ეს პროგრამა კორეულმა კომპანიამ 2009 წლის იანვარში დაიწყო და გლობალურ ფინანსურ კრიზისს და მის შედეგებს დაუკავშირა.

გამოცემა „ინსაიდ ლაინის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ამ პროგრამით მხოლოდ 350-მა ადამიანმა ისარგებლა. მათ „ჰიუნდაის“ დავალიანების დაფარვის პირობებით ისარგებლეს. მაგრამ სამუშაო ადგილები მატულობს, ეკონომიკური მდგომარეობა ნორმალურ კალაპოტს უბრუნდება და „ჰიუნდაიმაც“ ჩათვალა, რომ პროგრამამ თავისი საჭიროება ამოწურა და ის საჭირო აღარაა.

სხვათა შორის, ეკონომიკური კრიზისის პერიოდში, კორეული კომპანიის ამერიკულმა შტომ შარშან 538 228 ავტომობილი გაჰყიდა (წინა წელს 435 064) და ამერიკის ბაზარზე, თავისი წილი 3.0 პროცენტიდან 4.6 პროცენტამდე გაზარდა. და მიუხდავად იმისა, რომ ავტომობილების დაბრუნების პროგრამას აჩერებს, „ჰიუნდაი“ იმედოვნებს, რომ გაყიდვების ზრდა გაგრძელდება და ამაში მას ხელს სხვა პროგრამები შეუწყობს, რომლებიც კვლავაც ძალაშია.

ამ პროგრამებს შორისაა 10-წლიანი (ან 160 000 კილომეტრზე გათვლილი) გარანტია და ხუთწლიანი საგზაო მომსახურების გეგმა.

„ბეემვემ“ თავისი „ზვიგენი“ - მე-6 სერიის კუპე განაახლა

BMW 6 Series Coupe

30 მარტი

ჟენევის საავტომობილო შოუ შესანიშნავი ადგილია იმისათვის, რომ ავტომწარმოებლებმა საზოგადოებას თავიანთი სიახლეები უჩვენონ. მათი უმეტესობა სწორედ ასე იქცევა და მათ შორისაა „ბეემვეც“, თუმცა ბავარიულმა კომპანიამ ჟენევაში ყველაფერი როდი გვიჩვენა, რაც მომზადებული ჰქონდა. ერთი სიახლე შანჰაის შოუსთვისაც შემოინახა, რომელიც აპრილში გაიმართება. ეს სიახლე კი მე-6 სერიის კუპეს განახლებული ვერსიაა.

სხვათა შორის, ამ ავტომობილის კონცეპტუალური ვერსია ბავარიელებმა შარშან, პარიზის ავტო შოუზე გვიჩვენეს, ახლახანს კი, დეტროიტის ავტო შოუზე, მისი ღია ვარიანტიც წარადგინეს. უნდა ითქვას, რომ ამ ავტომობილის გარეგნობა, კომპანიის ახალი მთავარი დიზაინერის, ჰოლანდიელი ადრიან ფან ჰოოიდონკის ხელმძღვანელობით შემუშავდა, ვინც ორი წლის წინ, ამ პოსტზე კრის ბენგლი შეცვალა.

მე-6 სერიის ახალი კუპეს გაბარიტებია: სიგრძე 4 894 მილიმეტრი, სიგანე 1 894 მმ, სიმაღლე 1 369 მმ და ბაზა 2 855 მილიმეტრი. ამგვარად, ის წინამორბედთან შედარებით, 75 მმ-ით გრძელი, 39 მმ-ით განიერი და 5 მმ-ით დაბალია. ბაზა კი ასევე 75 მმ-ით დაგრძელდა. თითქმის არ შეცვლილა საბარგულის მოცულობა, რაც 460 ლიტრია.

ავტომობილს განსაკუთრებით აგრესიულ გარეგნობას, მისი წინა ნაწილი აძლევს. ასე განსაჯეთ, მას ჟურნალისტებმა ზვიგენიც კი უწოდეს, რაც იმის გათვალისწინებით, რომ მე-6 სერიის კუპე სპორტული მანქანაა, კომპლიმენტია. ბავარიელების განცხადებით, შასი მტკიცე ფოლადისგანაა დამზადებული, რისი წყალობითაც, წინამორბედთან შედარებით, გრეხვაზე მისი მედეგობა 53%-ით არის გაზრდილი. გარდა ამისა, ძარის ზოგიერთი ელემენტი - კაპოტი და ორივე კარი, ალუმინისგანაა დამზადებული, წინა ფრთები პლასტიკატისაა, ძარის ძირითადი ნაწილი კი - შუშის ბოჭკოს კომპოზიტისაა. სამწუხაროდ, „ბეემვეს“ ძარის წონის მონაცემები არ გამოუქვეყნებია.

ინტერიერში ყურადღებას იქცევს „ბეემვესთვის“ დამახასიათებელი თავისებურება - ცენტრალური კონსოლი მძღოლის მხარეს არის მიქცეული. ამასთან, წინა ორ სავარძელს, მასიური გვირაბი აშორებს, რისი წყალობითაც, ორივე ადგილი ერთგვარ კოკპიტს მოგვაგონებს. ავტომობილის სიმაღლის შემცირების მიუხედავად, მწარმოებელი ირწმუნება, რომ სალონში, მასში მსხდომთა თავებისთვის ადგილი გაზრდილია.
მყიდველს მე-6 სერიის ახალი კუპეს, ჯერ მხოლოდ ორი ძრავით შესთავაზებენ. ესენია 6-ცილინდრიანი (ცილინდრები ერთ რიგშია განლაგებული) 3.0-ლიტრიანი ტურბოძრავი (ავტომობლის ინდექსი 640i) და 4.4-ლიტრიანი ტურბო V8 (650i). ორივე ძრავს წყვილი ტურბოკომპრესორი ემსახურება. ძრავთან დაკავშირებულია 8-საფეხურიანი რობოტიზებული გადაცემათა კოლოფი, რომლის საფეხურების შეცვლაც საჭის რგოლის უკან მოთავსებული ბერკეტებით ხდება. გადამუშავებულ მაბრუნ მომენტს, ტრანსმისია უკანა წამყვან ბორბლებს აწვდის.

3.0-ლიტრიანი ძრავი 320 ცხენის ძალას (5 800 ბრ/წთ-ზე) და 450 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. ამასთან, მაქსიმალურ მომენტს 1 300-4 500 ბრ/წთ დიაპაზონში ინარჩუნებს. ამ აგრეგატის დახმარებით, ავტომობილი ადგილიდან ასამდე აჩქარებას 5.4 წამში ასწრებს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი ხელოვნურადაა შეზღუდული 250 კმ/სთ ნიშნულით. 100 კილომეტრის გასავლელად, 640i-ს 7.7 ლიტრი საწვავი სჭირდება, ყოველი კილომეტრის გავლისას კი ის ატმოსფეროს 179 გრამი ნახშირორჟანგით აბინძურებს.

რა თქმა უნდა, უფრო მძლავრია 650i-ის V8 ძრავი. ის 407 ცხენის ძალას და 600 ნიუტონმეტრს იძლევა. ამასთან, მაქსიმალური სიმძლავრე 5 500-6 400 ბრ/წთ დაპაზონში მიიღწევა, მაქსიმალური მომენტი კი - 1 750-4 500 ბრ/წთ დიაპაზონში. სტანდარტული აჩქარებისთვის (0-100 კმ/სთ) ამ ვერსიას 4.9 წამი ჰყოფნის, მაქსიმალური სიჩქარე კი ამ შემთხვევაშიც 250 კმ/სთ-ია. სამაგიეროდ, 100 კილომეტრზე ხარჯი 10.4 ლიტრამდეა გაზრდილი, გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის შემცველობა კი 243 გრ/კმ-ია. სხვათა შორის ამაზე ოდნავ უფრო ტემპერამენტიანია 650i-ის ამერიკული მოდიფიკაცია.

მე-6 სერიის ახალი კუპეს გაყიდვებს „ბეემვე“ შემოდგომაზე დაიწყებს.

Tuesday, March 29, 2011

„ბეემვე“ წლიურად 30 000 ცალ i3-ს გამოუშვებს

BMW to Sell 30,000 i3 Units Per Year

29 მარტი

i3 ტესტირების პროცესში

..............................

დიდი ხანი არ გასულა მას შემდეგ, რაც „ბეემვემ“ თავის ახალ სუბბრენდ i-ს პრეზენტაცია ზარ-ზეიმით ჩაატარა. მაგრამ ამან კიდევ უფრო მეტი კითხვა წარმოშვა, ვიდრე ადრე არსებობდა. გერმანულმა კომპანიამ ის კი გვამცნო, რომ ამ ახალი ბრენდით პირველ რიგში, მოდელ i3-ს გამოუშვებს.

ეს იქნება პროექტ „მეგასიტის“ პირველი რეალური შედეგი, თუმცა რა კონკრეტული გეგმები უკავშირდება ამ ავტომობილს, ჯერ უცნობია. ბავარიული კომპანიის ზოგი წქარმომადგენელი აცხადებს, რომ i-ს ბრენდით წარმოებული ავტომობილები პირველ ხანებში ლიზინგის წესით გაიყიდება. ყოველ შემთხვევაში, ასე იქნება პირველ სატესტო ავტომობილებთან მიმართებაში.

თუმცა, უკვე გაჟონა ინფორმაციამ იმის შესახებაც, რომ ბავარიელებმა i3-ის გაყიდვების კონკრეტული მოცულობა დაისახეს მიზნად. კერძოდ, გლობალურ საინტერნეტო გამოცემა „ავტონიუსის“ ჟურნალისტთან საუბრისას, „ბეემვეს“გაყიდვების და მარკეტინგის დეპარტამენტის შეფმა იან რობერტსონმა განაცხადა, რომ უკვე გადაწყვეტილია i3-ის მასობრივი წარმოება.

ამ ელექტრომობილის მსოფლიო პრემიერა 2013 წელს იგეგმება. ჯერ ამ ავტომობილის ფასი დაზუსტებული არაა, თუმცა ცნობილია, რომ გერმანული კომპანია წლიურად 30 000 ცალ i3-ის გამოშვებას აპირებს. ამ ავტომობილში იმ ტექნოლოგიებს გამოიყენებენ, რომლებსაც ბავარიული გიგანტი ამჟამად სატესტო ელექტრომობილებზე, მათ შორის, „აქტივE-სა“ და ელექტრულ „მინიზე“ ცდის.

„აქტივE“, რომელიც 1-ლი სერიის მოდელზეა ბაზირებული, ბავარიელებმა ახლახანს, ჟენევის გამოფენაზე გვიჩვენეს და იქვე განაცხადეს, რომ სერიული წარმოების დაწყებამდე, ამ ავტომობილზე ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს. არსებული ავტომობილი კი ერთი ელექტროძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 170 ცხენის ძალას და 250 ნიუტონმეტრს იძლევა (შესაძლოა, i3-ის შემთხვევაში, სიმძლავრე 150 ცხ.ძ-მდე შემცირდეს). აკუმულატორების ტევადობა საკმარისია იმისათვის, რომ ერთი სრული დამუხტვით, ავტომობილმა 160 კილომეტრის გავლა შეძლოს. სავარაუდოდ, i3-ის შემთხვევაში, ეს მახასიათებელიც გაუმჯობესდება.

მართალია, რობერტსონი i3-ის სავარაუდო ფასს ვერ ასახელებს, თუმცა ინტერნეტით გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ეს ავტომობილი დაახლოებით 40 000 ევრო ეღირება.

„ტოიოტა“ ჰიბრიდულ ტექნოლოგიას ჩინელებს მიჰყიდის

Toyota rumored in talks on selling Prius III hybrid technology to China’s FAW

29 მარტი

ჩინურ გამოცემა „ჩაინა ქარ ტაიმსის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „ტოიოტამ“ თავის პოპულარულ ჰიბრიდულ მოდელ „პრიუსის“ მესამე თაობის ტექნოლოგიები ჩინურ საავტომობილო კომპანია FAW-ს მიჰყიდა.

ეს ინფორმაცია ჩინურ გამოცემას „ტოიოტას“ ინკოგნიტო თანამშრომელმა მიაწოდა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა. ამავე წყაროს ინფორმაციით, ჯერჯერობით მხარეები არ აპირებენ თავიანთი გარიგების შესახებ საჯაროდ გამოცხადებას. ამასთან, ისინი ახალი ჰიბრიდული ავტომობილების ჩინეთში წარმოების შესაძლებლობას განიხილავენ.

„ტოიოტას“ ჩინეთში „პრიუსის“ წარმოება ჯერ კიდევ შარშან უნდა დაეწყო, თუმცა სხვადასხვა მიზეზის გამო, ეს არ მოხერხდა. ჯერ წარმოების გასული წლის დასაწყისში იყო დაგეგმილი. შემდეგ დებიუტი წლის მეორენახევარში გადაიტანეს, ბოლოს კი პარტნიორმა კომპანიებმა „პრიუსის“ ჩინეთში წარმოებისგან საერთოდ შეიკავეს თავი. ამის მიზეზი კი ის გარემოება გახდა, რომ მთავრობის მიერ ეკოლოგიურდ სუფთა ავტომობილებისთვის დაწესებული შეღავათები, ასეთ ავტომობილებზე არ ვრცელდება.

იმავე „ჩაინა ქარ ტაიმსის“ ინფორმაციით, ჩინეთში პირველი ორი თაობის „პრიუსები“ პოპულარობით ვერ სარგებლობდა. ამის ძირითადი მიზეზი კი მათი სიძვირე იყო. „პრიუსის“ B სეგმენტის ტოპ მოდელების ფასს შეესაბამებოდა, ასეთები ცისქვეშეთში პოპულარულობით ვერ სარგებლობს. თანაც, რამდენადაც სახელმწიფოს „პრიუსზე“ შეღავათები დაწესებული არ აქვს, ფასი უცვლელი რჩება.

ეს იმ დროს, როდესაც კიდევ ერთი იაპონური კომპანია - „ნისანი“ მალე ჩინეთში თავის ელექტრომობილ „ლიფს“ შეიტანს. იგივეს აპირებს „ჯენერალ მოტორსი“, რომელიც თავის ჩინელ პარტნიორ SAIC-თან (შანჰაი ავტომოტივ ინდასტრი) ერთად, მალე ელექტრომობილ „შევროლე საილის“ წარმოებას დაიწყებს. ამგვარად, „ტოიოტას“ ჩინეთში თავისი ახლანდელი ჰიბრიდული ტექნოლოგიები აღარ სჭირდება და ამიტომ, ისინი FAW-ს მიჰყიდა, თავად კი ახალ ტექნოლოგიებს შეიმუშავებს, რომელთა წყალობითაც, მისი ჰიბრიდები გაიაფდება. სწორედ ამ ავტომობილებს გამოუშვებენ პარტნიორები ჩინეთში.

ცნობისათვის, „ტოიოტას“ და FAW-ის პარტნიორობა 2002 წელს დაიწყო და მას შემდეგ, ჩინური კომპანია იაპონური ლიცენზიით „ლენდ კრუიზერს“ და წინა თაობის „პრიუსებს“ აწარმოებს.

Monday, March 28, 2011

„ასტონ მარტინმა“ შეიძლება „მაიბახის“ წარმოება დაიწყოს

Aston Martin Could Build Future Maybachs
28 მარტი

„ასტონ მარტინმა“ და „მერსედეს ბენცმა“ მიიღეს გადაწყვეტილება, რომლის შესაბამისადაც, ისინი ერთობლივას შეიმუშავებენ ინგლისური კომპანიისთვის სედან „ლაგონდას“ და გერმანულისთვის - ახალ „მაიბახს“. ამ ორმა კომპანიამ თანამშრომლობის შესახებ ჯერ კიდევ შარშან მოილაპარაკა, თუმცა მაშინ კონკრეტული გეგმები არ გამოქვეყნებულა.

ცნობილია, რომ უკვე 5 წელზე მეტია, რაც „ასტონ მარტინი“ ყველა თავისი მოდელისთვის ერთსადაიმავე პლატფორმას (VH) იყენებს, რომელიც „ფორდთან“ ერთად შეიმუშავა. მაგრამ დიდი ზომის სედანებისა და უგზოობის (ორივე ლაგონდასთვის) წარმოებისთვის, ეს პლატფორმა არ გამოდგება. ახალი პლატფორმის შესამუშავებლად კი, ინგლისურ კომპანიას სახსრები არ გააჩნია. ამის გამო, მან პარტნიორის ძიება დაიწყო.

სანამ შტუტგარტულ გიგანტს დაუკავშირდებოდა, „ასტონ მარტინმა“ „ბეემვესთან“ მოლაპარაკება სცადა, თუმცა ამას შედეგი არ მოჰყოლია. სწორედ ამის შემდეგ დაუკავშირდა სამქიმიანებს, რომლებსაც თავის მხრივ, „ასტონი“ საკუთარი პრობლემების მოსაგვარებლად დასჭირდათ. თუ „ასტონი“ ძველი მოდელის გაცოცხლებას ახლა აპირებს, შტუტგარტელების პრობლემას უკვე აღდგენილი „მაიბახი“ წარმოადგენს, რომელსაც დიდი ხანია, განახლება სჭირდება. მხარეები შეთანხმდნენ, რომ „ასტონ მარტინი“ თავისი ახალი პარტნიორის უკვე არსებული პლატფორმით ისარგებლებს და სამაგიეროდ, მას ახალი „მაიბახის“ შემუშავებაში დაეხმარება.

სხვათა შორის, „მაიბახის“ მაეკით, ბოლოს ახალი ავტომობილი 2002 წელს გამოვიდა. ის დიდი ხანია, შესაცვლელია და იმის გამო, რომ პრაქტიკულად, სახეშეცვლილი S-კლასის „მერსედესია“, მყიდველთა შორის კარგი მოთხოვნით არ სარგებლობს. ის იმდენად მცირე რაოდენობით იყიდება, რომ „დაიმლერს“ ამ მარკის კვლავ გაუქმებაც კი ჰქონდა გეგმებში, თუმცა საბოლოოდ მაინც გადაწყდა „მაიბახის“ შველა. ამის მთავარი მიზეზი კი ის გახდა, რომ ამ მარკის ავტომობილებზე მოთხოვნა ჩინეთში გაიზარდა.

იმისათვის, რომ წარმოების ხარჯი შემცირდეს, ახალი „მაიბახიც“ S-კლასის „მერსედესის“ პლატფორმაზე აიგება, თუმცა ძარას, ინტერიერს და სხვადასხვა მოწყობილობას მისთვის ინგლისურ კომპანიაში შეიმუშავებენ. უფრო მეტიც, მალე „მაიბახების“ წარმოებას „ასტონ მარტინის“ გეიდონის საწარმო შეუდგება. ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაციით, ბრიტანული კომპანიის ხელთ არსებული ტექნოლოგიების გამოყენების შემთხვევაში, „მაიბახის“ საწარმოო დანახარჯები დაახლოებით განახევრდება.

სამაგიეროდ, „ასტონ მარტინს“ იმავე S-კლასის „მერსედესის“ პლატფორმის გამოყენების საშუალება ექნება და ის მასზე „ლაგონდას“ მოდელებს დაამყნობს. პლატფორმასთან ერთად, ბრიტანელებისთვის ხელმისაწვდომი გერმანული ძრავები, ტრანსმისიები და უსაფრთხოების სისტემებიც გახდება. გარდა ამისა, „ასტონი“ ასევე შეძლებს „მერსედესის“ იმ პლატფორმის გამოყენებას, რომელზე სამქიმიანები თავიანთ უგზოობის მოდლებს აწარმოებენ.

„სანიონი“ „გოლფის“ კლასის კონცეპტუალურ მოდელს გვიჩვენებს

SsangYong KEV2

28 მარტი

სამხრეთკორეული საავტომობილო კომპანია „სანიონი“ თავისი სამოდელო გამის გაფართოებას აპირებს. ამის ნიშანია ის, რომ მან სეულის (სამხრეთ კორეა) საავტომობილო შოუსთვის, რომეოიც 1 აპრილს დაიწყება, „გოლფის“ კლასის კონცეპტუალური ავტომობილი მოამზადა. ეს კი იმის ნიშანია, რომ უგზოობის ავტომობილების წარმოებაზე სპეციალიზებული კომპანია თავისი საწარმოო პროგრამის გამრავალფეროვნებას იწყებს.

კონცეპტუალური ავტომობილი საზოგადებას აბრევიატურა KEV2-ით გაეცნობა. კორეულ საინტერნეტო გამოცემა „ბობედრიმი“ იტყობინება, ეს ავტომობილი მოდელ „კორანდოს“ პლატფორმაზეა აგებული. KEV2-ის გარდა, „სანიონი“ სეულის გამოფენის დამთვალიერებლებს, ასევე თავის განახლებულ ფლაგმანს, სედან „ჩეარმენს“ და „კორანდოს“ ელექტრულ ვერსიას უჩვენებს.

გამოფენის დაწყებამდე, ამ ორი ავტომობილის შესახებ, დეტალური ინფორმაცია არ ვრცელდება. თუმცა, „სანიონმა“ კონცეპტუალური ავტომობილის და მისი ინტერიერის ფოტო ტიზერები მაინც გაავრცელა. კორეული გამოცემა ვარაუდობს, რომ სედანი „ჩეარმენი“ ისევ „მერსედეს ბენცის“ წარმოების ექვს და რვაცილინდრიანი ძრავებით აღიჭურვება.

უნდა ითქვას, რომ KEV2 ელექტრომობილია და სავარაუდოდ, მომავალში „სანიონი“ თავის „გოლფის“ კლასის ავტომობილს, ელექტრული ძალური აგრეგატებითაც აღჭურვავს. ესეც რომ არა, კორეული კომპანია „კორანდოს“ ელექტრული ვერსიის წარმოებასაც აპირებს. ამდენად, კონცეპტუალური KEV2 ორმხრივად საინტერესო იქნება. ჯერ ერთი, მისი მეშვეობით, მომავალი ელექტრული „კორანდოს“ აღჭურვილობის გაცნობა მოხდება. მეორეც, მისი სახით, „სანიონის“ მომავალ ახალ ავტომობილის პროტოტიპს ვნახავთ.

წინასწარი მონაცემებით, ელექტრული „კორანდო“ 160-ცხენისძალიანი ელექტროძრავით აღიჭურვება, რომელსაც ენერგიით ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკი მოამარაგებს. ამ ბლოკის ტევადობა საკმარისი იქნება იმისათვის, რომ ელექტრომობილმა ერთი სრული დამუხტვით, 170 კილომეტრზე მეტი გაიაროს. მისი მაქსიმალური სიჩქარე 150 კმ/სთ იქნება. აკუმულატორებს სრულად დამუხტვისთვის რვა საათი დასჭირდება.

სხვათა შორის, „სანიონი“ კიდევ ერთ ელექტრომობილს (სვლის გაზრდილი სიშორის, როგორიცაა შევროლე ვოლტი) ამზადებს, რომელიც „კორანდოზე“ პატარაც იქნება და უფრო სუსტი, 107-ცხენისძალიანი ელექტროძრავით აღიჭურვება. ამ ავტომობილის ძალურ სისტემაში ასევე შევა მცირელიტრაჟიანი შიდაწვის ძრავი, რომლის დანიშნულებაც, გენერატორთან ერთად, ელექტროენერგიის გამომუშავებაა. სამაგიეროდ, აკუმულატორების ტევადობა, ამ შემთხვევაში გაცილებით ნაკლები იქნება. იმდენად ნაკლები, რომ მათში დაგროვილი ენერგია, ავტომობილს მხოლოდ 60 კილომეტრს ფაატარებს. სამაგიეროდ, შიდაწვის აგრეგატის წყალობით, სვლის სიშორე 400 კილომეტრამდე გაიზრდება.

„ბეემვემ“ შანჰაისთვის განახლებული მე-6 სერიის კუპე მოამზადა

BMW to unveil revamped 6-series coupe in Shanghai

28 მარტი

გერმანულმა კომპანიამ ამ ავტომობილის კონცეპტუალური ვერსია საავტომობილო სამყაროს პირველად შარშან, პარიზის ავტო შოუზე უჩვენა. რა თქმა უნდა, მას შემდეგ მოსალოდნელი იყო, რომ სერიულ ვერსიასაც მალე ვნახავდით. და აი, შანჰაის საავტომობილო შოუს დამთვალიერებელს, პირველად მიეცემა ამ შესანიშნავ ავტომობილთან გაცნობის საშუალება. თუმცა, ბავარიელებმა მის შესახებ ინფორმაცია და ფოტოები ინტერნეტით უკვე გაავრცელეს.
წინამორბედთან შედარებით, მე-6 სერიის განახლებული კუპე ზომებში გაზრდილია. 75 მილიმეტრით არის გაზრდილი სიგრძე და ბორბლებს შორის ბაზა, სიგანეში მტება მხოლოდ 39 მილიმეტრია. სამაგიეროდ, სიმაღლე 5 მილიმეტრითაა შემცირებული. საბარგულის მოცულობა თითქმის არ შეცვლილა და ის 460 ლიტრს შეადგენს.

გაყიდვების დასაწყისში, განახლებულ კუპეს მყიდველს ორი ძრავით შესთავაზებენ. ერთის 3.0-ლიტრიანი ექვსცილინდრიანი (ერთ რიგში განლაგებული ცილინდრებით) ტურბოძრავი, რომელიც 320 ცხენის ძალას და 450 ნიუტონმეტრს იძლევა. ამ ძრავით აღჭურვილ ავტომობილს, რომლის ინდქსიცაა 640i, ადგილიდან ასამდე აჩქარება 5.4 წამში შეუძლია.

მეორე ძრავია 4.4-ლიტრიანი ტურბოკომპრესორიანი V8, რომელიც 407 ცხენის ძალას და 600 ნიუტინმეტრს გამოიმუშავებს. შესაბამისად, ამის (650i) დინამიკა ოდნავ უკეთესია - ნულიდან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას 4.9 წამი ჰყოფნის. ორივე შემთხვევაში, მაქსიმალური სიჩქარე 250 კმ/სთ-ის ნიშნულზეა შეზღუდული.

ამ ეტაპზე, ბავარიელები ასევე ამზადებენ კუპე M6-ს, რომელიც 5.0-ლიტრიანი V10 ძრავით აღიჭურვება. ოღონდ, ამ ვერსიის და შესაბამისად, ძრავის მონაცემები ჯერჯერობით უცნობია. თუმცა „ბეემვემ“ გაგვანდო, რომ ასეთი ავტომობილის გაყიდვებს მერმისს დაიწყებს.

რაც შეეხება ფასებს, საბაზო კუპე 640i გერმანიაში 74 700 ევრო ეღირება, 9 000 ევროთი ნაკლები, ვიდრე მის ბაზაზევე შექმნილი კაბრიოლეტი. გარდა ამისა, მწარმოებელი ამ კუპეს დზელის ძრავით აღჭურვასაც აპირებს. შემდეგ კი ამავე ავტომობილის ბაზაზე, ოთხკარიანი კუპეც დამზადდება, რომელიც ევროპული ბაზრისთვის იქნება განკუთვნილი.

მას შემდეგ, რაც მე-6 სერიის განახლებული კუპეს პრემიერა შანჰაის გამოფენაზე ჩატარდება, ამ ავტომობილს პირველ რიგში, „ბეემვეს“ ევროპელი და ამერიკელი დილერები მიიღებენ. ამ ავტომობილით, ბავარიელები კონკურენიაც „იაგუარის“ კუპე XK-ს და „მერსედეს ბენცის“ ანალოგიური E-კლასის კუპეს გაუწევენ.
წარღვნა იაპონიაში





Sunday, March 27, 2011

შვედური სუპერქარი 1 115 ცხენის ძალით

Koenigsegg Agera R

27 მარტი

ჟენევის საავტომობილო შოუზე უხვად ნახავდით სპორტულ სუპერ ავტომობილებს, რომელთა შორისაც, ერთ-ერთი გამორჩეული, შვედურ კომპანია „კიონიგსეგის“ „აგერა R“ იყო. ეს ავტომობილი ჟენევაშივე შარშან ნაჩვენები „აგერას“ გაუმჯობესებული ვერსიაა.

მის ბაზაში მოთავსებულია 5.0-ლიტრიანი წყვილ ტურბოიანი V8 ძრავი, რომელიც არც მეტი, არც ნაკლები, 1 115 ცხენის ძალას და 1 200 ნიუტონმეტრს იძლევა. ეს კი გაცილებით მეტია სტანდარტული „აგერას“ მონაცემებზე. თანაც, „აგერა R“ საწვავად E85-ს მოიხმარს, რომელშიც რიცხვი საწვავში ეთანოლის პროცენტულ შემცველობას ნიშნავს. სხვათა შორის, 98 ოქტანობის ბენზინზე მუშაობისას, ამ ძრავის მაქსიმალური სიმძლავრე „მხოლოდ“ 1050 ცხენის ძალაა.

მაქსიმალურ მომენტს ძრავი 4100 ბრ/წთ-ზე ავითარებს, თუმცა მუხლა ლილვის 2700-6170 ბრ/წთ დიაპაზონში, მომენტი 1000 ნიუტონმეტრზე დაბლა არ ჩამოდის. ძრავს აქვს ეგრეთ წოდებული მშრალი კარტერი, კარბონის კომპოზიტისგან დამზადებული შემშვები სისტემა და გამოსაბოლქვი კოლექტორი, რომელიც ნიკელის შენადნობ ინკონელისგან არის დამზადებული.

ძრავთან ორდისკოიანი ქურის მეშვეობით, 7-საფეხურიანი რობოტიზებული გადაცემათა კოლოფია შეწყვილებული, რომელსაც წინამორბედისგან განსხვავებული კონსტრუქცია აქვს. კერძოდ, მასში ერთი შემავალი ლილვია, რაც „კიონიგსეგის“ განცხადებით, გადაცემის საფეხურების გაცილებით სწრაფად შეცვლის საშუალებას იძლევა.

„აგერა R-ის“ გაბარიტებია: სიგრძე 4293 მილიმეტრი, სიგანე 1996 მილიმეტრი, სიმაღლე 1120 მილიმეტრი. შასის და ძარის წარმოებისას უხვადაა გამოყენებული კევლარისა და კარბონის კომპოზიტები, რისი წყალობითაც, ავტომობილი მხოლოდ 1435 კილოგრამს იწონის. ეს კი ნიშნავს, რომ წონისა და სიმძლავრის ფარდობა 1.19-ია, რაც შესანიშნავი მაჩვენებელია. ჰო მართლა, კარბონის მონოკოკი მხოლოდ 70 კილოგრამს იწონის, გრეხვაზე მისი მედეგობა კი გრადუსზე 65 000 ნიუტონმეტრია. წინა და უკანა ღერძებს შორის წონა 45:55 პროპორციითაა გადანაწილებული.

რაც შეეხება დინამიკურ მახასიათებლებს: ადგილიდან 100 კმ/სთ-ის ასაკრეფად „აგერა R-ს“ 2.9 წამი ჰყოფნის, 0-200 კმ/სთ-მდე ასაჩქარებლად კი 7.5 წამი სჭირდება. კომპანია არ აქვეყნებს მაქსიმალურ სიჩქარეს, თუმცა ცნობილია, რომ საბურავები 420 კმ/სთ-ზეა გათვლილი. დაკიდევ, შერეული ციკლით მოძრაობისას, 100 კილომეტრის გასავლელად, „აგერა R-ს“ 14.7 ლიტრი საწვავი სჭირდება, მაგისტრალზე კი 12.5 ლიტრიც ჰყოფნის.

ჯერჯერობით არც „აგერა R-ს“ ფასი გამოცხადეულა. სავარაუდოდ, ეს ზემძლავრი ავტომობილი მინიმუმ 1.5 მილიონი ევრო ეღირება.