Saturday, April 23, 2011

„ჰიუნდაი“ მსოფლიოს მეოთხე უდიდესი ავტომწარმოებლის სტატუსს უმიზნებს

Hyundai Wants World's Fourth Largest Carmaker Spot

23 აპრილი

ბოლო რამდენიმე თვეა, „ჰიუნდაისა“ და მის ჯგუფში შემავალი „კიას“ გაყიდვები განუხრელად იზრდება, რამაც კორეულ კონგლომერატს იმის საფუძველი მისცა, რომ მსოფლიოს მეოთხე უდიდესი ავტომწარმოებლის სტატუსის მოპოვებაზე იფიქროს.

„ჰიუნდაი“ იმედოვნებს, რომ წელს 5.7 მილიონი ავტომობილის გაყიდვას შეძლებს. ამ იმედს ის ფაქტორიც აძლიერებს, რომ ბოლო 11 თვეში, ამ ორი კომპანიის მიერ უკვე 5.2 მილიონი ავტომობილია გაყიდული. გაყიდული ავტომობილებიდან 3.3 მილიონი „ჰიუნდაია“, 1.91 მილიონი კი - „კია“. რაც მთავარია, ეს მაჩვენებელი წინა თვის შესაბამის მაჩვენებელზე თითქმის 21 პროცენტით მეტია.

„ჰიუნდაის“ მომდევნო წლისთვის გაცილებით ოპტიმისტური მიზნები აქვს, თუმცა მაინც აცნობიერებს, რომ მსოფლიოს მეოთხე უდიდესის სახელის მიწვდომა მაინც ძალიან ძნელი იქნება. გაყიდვების მაჩვენებლით მეოთხე ადგილი ამჟამად „რენოსა“ და „ნისანის“ ალიანსს უკავია, რომელსაც ბოლო 11 თვეში 6 მილიონზე მეტი ავტომობილი აქვს გაყიდული.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის მაჩვენებლებით, პირველი ადგილი „ტოიოტას“ უკავია, რომელმაც 8.42 მილიონი ავტომობილი გაჰყიდა. „ჯენერალ მოტორსი“ მას მცირედით (8.39 მილიონი) ჩამორჩა. მესამე ადგილი კი „ფოლკსვაგენის“ ჯგუფს (7.14 მილიონი) უკავია.

სხვათა შორის, მეოთხე ადგილს „ჰიუნდაის“ გარდა კიდევ ერთი კომპანია - „ფორდი“ უმიზნებს, რომლის უპირველესი მიზანიც ისაა, რომ ამერიკაში მეორე უდიდესი ავტომწარმოებლის წოდება დაიბრუნოს. ეს ადგილი მას არცთუ დიდი ხნის წინ, „ტოიოტამ“ ჩამოართვა. პირველი კი, რა თქმა უნდა, „ჯენერალ მოტორსია“.

„ჰიუნდაის“ ამბიციური მიზნის მიღწევაში შეიძლება იაპონიაში მომხდარი მიწისძვრა და ცუნამი დაეხმაროს. საქმე ისაა, რომ ამის გამო, „ტოიოტას“ კარგა ხანს გაჩერებული ჰქონდა იაპონური ამწყობი ქარხნები, ამერიკულებში კი წარმოების ტემპები შეანელა, რადგან მაკომპლექტებლების დეფიციტს განიცდიდა. გაზრდილი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, „ჰიუნდაის“ და „კიას“ ამერიკული ქარხნები სრული დატვირთვით მუშაობს.

„ჰიუნდაის“ მონტგომერის (შტატი ალაბამა) ქარხნის წლიური წარმადობა 300 000 ავტომობილია, თუმცა ის ახლა იმ რეჟიმში მუშაობს, რომ 10 პროცენტით მეტი გამოუშვას. მსგავსი სიტუაციაა ამ ქარხნიდან აღმოსავლეთით, 80 კილომეტრში მდებარე „კიას“ უესტ პოინტის (შტატი ჯორჯია), ამწყობ ქარხანაში, რომელიც სამ ცვლაში, შაბათობითაც კი მუშაობს. უფრო მეტიც, კომპანიის ხელმძღვანელობა უახლოეს მომავალში ამ რეჟიმის შეცვლას არც აპირებს.

„ფიატ-ი“ მნიშვნელოვან სეგმენტში სტრატეგიას ცვლის

Fiat changes product strategy in key segment

24 აპრილი

იტალიურმა კომპანიამ საკმაოდ უცნაური გადაწყვეტილება მიიღო - ის აღარ აპირებს ევროპის ბაზარზე ყველაზე პოპულარული, C კლასის კომპაქტურ ჰეჩბეკ „ბრავოს“ წარმოებას და მის ნაცვლად, ამავე კლასის შესაბამის ქროსოვერს გამოუშვებს, რომელიც შესაბამისი კლასის ბესტსელერ „ნისან ქაშკაის“ შთაგონებით დამზადდება.

სხვათა შორის, „ფიატ-ის“ მთავარმა აღმასრულებელმა სერჯო მარკიონემ ჯერ კიდევ დეტროიტის ავტო შოუზე განაცხადა, რომ მისი კომპანია, საწარმოო პროგრამაში არაორდინარულ სვლას გეგმავდა. მაშინ გეგმა უკვე არსებობდა, თუმცა ამ გეგმამ ჩამოყალიბებული სახე ახლახანს მიიღო. გამოცემა „აუტომოტივ ნიუს იუროპმა“ ტურინული კომპანიის წარმომადგენლებისგან შეიტყო, რომ ახალი ავტომობილი ბაზარზე 2013 წელს გამოჩნდება.

ცნობისათვის, სანამ „ქაშკაის“ გამოუშვებდა, „ნისანი“ ევროპის ბაზრის კომპაქტური ავტომობილების სეგმენტში ამინდს ვერ ქმნიდა, ამჟამად კი ამ სეგმენტში მე-5 ადგილი უკავია. კომპაქტური ავტომობილების სეგმენტი მეორე უდიდესია ევროპაში - შარშან იქ 3.16 მილიონი ავტომობილი გაიყიდა, რაც მთლიანი ბაზრის 21 პროცენტზე მეტია. სულ ევროპაში შარშან 14.3 მილიონი ავტომობილი გაიყიდა. ყველაზე დიდი კი სუბკომპაქტური ავტომობილების (B) სეგმენტია, სადაც შარშან 3.64 მილიონი ავტომობილი (საერთო ბაზრის 25 პროცენტი) გაიყიდა.

ახლანდელი „ქაშკაი“ და „ბრავო“ ბაზარზე 2007 წელს გამოჩნდა. თავიდან მათი გაყიდვების მოცულობა თითქმის თანაბარი იყო, მაგრამ შარშან „ქაშკაი“ „ბრავოზე დაახლოებით 5-ჯერ მეტი გაიყიდა (216 091 და 44 850). სხვათა შორის, „ნისანმაც“ ამ ქროსოვერით თავის დროზე, ცუდად გაყიდვადი „ალმერა“ შეცვალა. „ქაშკაიმ“ მალე მოიპოვა პოპულარობა და შარშან კომაქტური ჰეჩბეკების სეგმენტის ისეთ ლიდერსაც კი აჯობა (50 000-ზე მეტით), როგორიც არის „პეჟო 308“.

„ბრავო“ მხოლოდ ხუთკარიანი ჰეჩბეკის ძარით გამოდის. გაყიდვების პირველ სრულ წელს (2008) მხოლოდ 95 292 ცალი „ბრავო“ გაიყიდა, ორ წელიწადში კი მისი გაყიდვები თითქმის განახევრდა. თუ თავიდან კომპაქტურ სეგმენტში მას მე-12 ადგილი ეკავა, შარშან მე-18 ადგილამდე დაქვეითდა. ასე განსაჯეთ, „ფიატ ბრავო“ „შკოდა იეტიმაც“ კი ჩამოიტოვა (47 003), თავად კი მცირედით ჩამოიტოვა ჰიბრიდული „ტოიოტა პრიუსი“ (42 816).

როცა „ბრავოს“ გაყიდვებს იწყებდა, „ფიატმა“ გამოაცხადა, რომ წლიურად 120 000 ცალის გაყიდვას გეგმავდა. მაშინ ისიც ითქვა, რომ ეს მოდელი მოგებას იმ შემთხვევაში მოიტანდა, თუ წლიურად მინიმუმ 75 000 ცალი გაიყიდებოდა. ეს ზღვარი „ბრავომ“ 2007 და 2008 წლებში იოლად გადალახა, მაგრამ უკვე ორი წელია, მასთან ახლოსაც ვერ მიდის.

დეტროიტში მარკიონემ განაცხადა, რომ მთავარი საკითხი, რომლის მოგვარებაც „ფიატს“ მოუწევს, კომპაქტურ სეგმენტში სრულყოფილი სტრატეგიის შემუშავებაა. მან აღნიშნა, რომ არაპოპულარული მოდელის ბაზაზე სხვა მოდელების გამოშვება კრახისთვისაა განწირული. ის დიდხანს ეთათბირა „ფიატ-ის“ მარკეტოლოგებს და ინჟინრებს, რომლის შემდეგაც გადაწყდა, „ბრავო“ აღარ შეიცვალოს და მის ნაცვლად, ტურინელებმა კომპაქტური ქროსოვერის წარმოება დაიწყონ.

ევროპის ბაზრის კომპაქტური სეგმენტის მოწინავე ათეული

1. ფოლკსვაგენ გოლფი 501 671 -13.4%

2. ოპელ/ვოქსოლ ასტრა* 303 957 +7.6%

3. ფორდ ფოკუსი** 288 524 -11.6%

4. რენო მეგანი*** 264 690 +5.1%

5. ნისან ქაშკაი 216 091 +15.4%

6. შკოდა ოქტავია 188 073 +0.0%

7. პეჟო 308**** 165 822 -21.3%

8. ჰიუნდაი i30 118 644 +16.8%

9. პეჟო 3008 117 417 --

10. კია სიი’დ 96 848 -9.1%

შენიშვნა

* - არ შედის კუპე და კაბრიოლეტი

** - არ შედის კაბრიოლეტი

*** - არ შედის კაბრიოლეტი

**** - არ შედის კუპე და კაბრიოლეტი

„ბუგატი გალიბიერს“ მწვანე შუქი აუნთეს

Bugatti Gives 16C Galibier Production Green Light

24 აპრილი

„ფოლკსვაგენის“ ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, „ბუგატი“ მალე სედან „გალიბიერს“ გამოუშვებს. ეს ცნობა სააგენტო „ბლუმბერგმა“ გაავრცელა. თავის მხრივ, ინფორმაცია სააგენტოს „ფოლკსვაგენის“ ორმა წარმომადგენელმა გაუმხილა, რომლებმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ამჯობინეს.

„ბუგატიმ“ კონცეპტუალური სედანი „16C გალიბიერი“ შარშან, ჟენევის ავტო შოუზე წარადგინა, თუმცა მას შემდეგ, ამ ავტომობილის ბედი გაურკვეველი იყო. მისი წარმოების დაწყებას პროტეჟირებას „ბუგატის“ და „ბენტლის“ შეფი ვოლფგანგ დურჰაიმერი დიდი მონდომებით ცდილობდა და ბოლოსდაბოლოს, თავისი გაიტანა კიდეც.

„ფოლკსვაგენის“ გადაწყვეტილებით, სუპერ სედანს „ბუგატის“ მოლშეიმის (საფრანგეთი) ქარხანა გამოუშვებს, სადაც ამჯერად ჰიპერქარ „ვეირონს“ ამზადებენ. მაგრამ სანამ ახალი ავტომობილის წარმოებას დაიწყებს, ქარხანას მოდერნიზაცია დასჭირდება. ამიტომ, სასურველ ავტომობილს პირველი მყიდველი 2013 ან 2014 წელზე ადრე ვერ მიიღებს.
„გალიბიერი“ იმავე W16 ძრავით აღიჭურვება, რომელიც მამოძრავებელ ძალას „ვეირონს“ ანიჭებს. მისი მუშა მოცულობა 8.0 ლიტრია, თუმცა თუ „ვეირონის“ შემთხვევაში, ის ოთხი ტურბოკომპრესორითაა აღჭურვილი (ცილინდრების ყოველ რიგზე თითო), „გალიბიერის“ შემთხვევაში, ძრავს ორსაფეხურიანი მექანიკური დამჭირხნი მოემსახურება. ამის წყალობით, მას მეტი მაბრუნი მომენტიც ექნება და რაც მთავარია, ჩავარდნების გარეშე იმუშავებს.
ასევე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „გალიბიერს“ ელექტროძრავითაც აღჭურვავენ. ეს კი მხოლოდ იმისთვის კეთდება, რომ მალე ევროპის ბევრი დიდი ქალაქის ცენტრში, შიდაწვისძრავიანი მანქანებით სიარულს შეზღუდავენ. ამ შემთხვევაში კი, „გალიბიერის“ მფლობელები, ასეთ უბნებში ელექტროძრავით გადაადგილებას შეძლებენ.

დურჰაიმერი ამბობს, რომ პროექტი ჯერჯერობით ადრეულ სტადიაშია. ჯერ მანქანის გაბარიტული ზომებიც კი არაა დაკონკრეტებული. არც ისაა გადაწყვეტილი, შასი კარბოლის კომპოზიტით დამზადდება, თუ ალუმინით. სამაგიეროდ, არის ვარაუდი, რომ სედანი სულ 3 000 ცალი დამზადდება. შედარებისთვის, „ვეირონი“ მხოლოდ 300 ცალი დამზადდა. გამოცემა „ქარ-ის“ ვარაუდით, „ბუგატის“ სუპერ სედანიც „ვეირონივით“ 1 მილიონი ევრო ეღირება.

რაც შეეხება სახელს, „გალიბიერი“ ჯერ საბოლოოდ დამტკიცებული არაა. ცნობისათვის, ავტომწარმოებელმა ეს სახელი საფრანგეთის ალპური ზონის უღელტეხილ „გალიბიერისგანაა“ აღებული. ამ უღელტეხილს სახელი ველომარათონმა ტურ დე ფრანსმა გაუთქვა, რომლის მარშრუტშიც ის ხშირად შედის.

სუბარუ XV“ – „იმპრეზა“ ქროსოვერის ფორმაში

Subaru XV Concept is a High-Riding Impreza Crossover

24 აპრილი

ნიუ იორკისა და შანჰაის საავტომობილო შოუზე, რომლებიც პრაქტიკულად ერთდროულად ჩატარდა, „სუბარუმ“ თავისი ორი სიახლე - შესაბამისად, ახალი „იმპრეზა“ და ამავე ავტომობილის ბაზაზე დამზადებული კონცეპტუალური ქროსოვერი XV წარადგინა. სხვათა შორის, ამ აბრევიატურით, იაპონური კომპანია, ზოგიერთი ბაზრისთვის, მათ შორის იაპონიისთვისაც, მაღალი გამავლობის „იმპრეზას“ აწარმოებს (იგივე ავტომობილი ამერიკაში იმპრეზა აუტბექ სპორტის სახელით იყიდება). და როგორც ჩანს, მალე ამ ავტომობილს სხვა ბაზრებზეც შეიტანს, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანი ჩინეთი იქნება.

რა თქმა უნდა, მწვანე ფოსფორისფერში გამოწყობილი ავტომობილი სრულამძრავიანი ტრანსმისიითაა აღჭურვილი, რომელიც „იმპრეზასგან“ მიიღო. ამასთან, ის გზის საფარიდან უფრო მეტადაცაა დაშორებული, რაც მას ქროსოვერად წარმოგვიდგენს. მის ამ თვისებას, ოდნავ უხეში დიზაინი და ბორბლებიც უსვამს ხაზს.

“სუბარუ XV-ს“ გაბარიტებია: სიგრძე 4 450 მილიმეტრი, სიგანე 1 800 მილიმეტრი, სიმაღლე 1 620 მილიმეტრი, ბორბლებს შორის ბაზა კი 2 635 მილიმეტრი. ამგვარად, ის 20 მილიმეტრით გრძელი, 30 მილიმეტრით განიერი და 50 მილიმეტრით მაღალია ამავე სახელწოდების კონცეპტუალურ ავტომობილზე, რომელიც „სუბარუმ“ შარშან, ჟენევის ავტო შოუზე გვიჩვენა.

კონცეპტუალური ავტომობილი 2.0-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ძრავითაა აღჭურვილი, რომლის ცილინდრებსაც ოპოზიტური განლაგება აქვს. ძრავთან უსაფეხურო ვარიატორია შეწყვილებული. სუბარუ XV“ 19-დუიმიან ბორბლებზე დგას, რომლებზეც 245/45 R19 საბურავებია ჩაცმული.

როგორც ჩანს, კონცეპტუალური ავტომობილი „სუბარუს“ ახალი კორპორატიული სტილის პიონერიცაა. და თუ ასეა, აშკარაა, რომ იაპონური კომპანია არჩევანს უფრო უხეშ ფორმებზე აკეთებს. მაგრამ ეს ავტომობილი ამ სახით ბაზარზე გამოჩნდება თუ არა, ეს ჯერ გადაწყვეტილი არ არის.

Friday, April 22, 2011

„ჰიუნდაი აქცენტი“ - კიდევ ერთი კორეული სუპერ ეკონომიური

2011 NYIAS: Hyundai Pulls the Wraps off U.S. Market 2012 Accent

22 აპრილი

ნიუ იორკის საერთაშორის ავტო შოუზე, „ჰიუნდაიმ“ თავისი კიდევ ერთი ახალი ავტომობილი წარმოადგინა, რომელსაც ავტომაგისტრალზე ასი კილომეტრის გასავლელად, 5.8 ლიტრი საწვავი ჰყოფნის (ანუ, ერთი გალონით 40 მილს გადის). ეს არის მეოთხე თაობის „აქცენტი“, რომელიც კორეული კომპანიის კორპორატიულ სტილში (ფლუიდიკ სკალპჩა - თხევადი სკულპტურა) არის შესრულებული.

ახალი „აქცენტი“, რომლის გაყიდვებიც ზაფხულში დაიწყება, ნიუ იორკის შოუს დამსწრეთა წინაშე, ხუთკარიანი ჰეჩბეკის და ოთხკარიანი სედანის ძარით წარსდგა. მისი გაბარიტებია: ოთხკარიანის სიგრძე 4 370 მილიმეტრი, ხუთკარიანისა - 4 115 მილიმეტრი, ორივეს სიგანე 1 700 მილიმეტრი, ბორბლებს შორის ბაზა - 2 570 მილიმეტრი. ბაზა 70 მილიმეტრითაა გაზრდილი, სიგანე კი მხოლოდ 5 მილიმეტრით.

ავტომობილი ბენზინის გამა-სერიის 1.6-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ძრავით არის აღჭურვილი, რომელიც 138 ცხენის ძალას იძლევა. სხვათა შორის, ეს ძრავი „ჰიუნდაიმ“ უფრო ადრე, ახალ „ელანტრასა“ და კუპე „ველოსტერზე“ გამოიყენა, რომელიც ბაზარზე ახალი გამოსულია. ძრავი საწვავი ნარევის უშუალოდ წვის კამერაში შეფრქვევის სისტემითაა აღჭურვილი. მასთან 6-საფეხურიანი მექანიკური, ან ავტომატური კოლოფია შეწყვილებული.

მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილი უამრავი სისტემითაა აღჭურვილი (VSM - მანქანის სტაბილურობის მართვა, ESC - სტაბილურობის ელექტრონული კონტროლი, TCS - ტრექშნ კონტროლის სისტემა, ABS - მუხრუჭების ბლოკირებისსაწინააღმდეგო სისტემა, EBD - სამუხრუჭე ძალის ელექტრონული განაწილება და 6 აირბალიში), ის მანიც საკმაოდ ისფი ღირს - ახალი „აქცენტის“ საბაზო ვერსიის ფასი (ამერიკაში - საქართველოში ის მოგვიანებით შემოვა) 12 445 დოლარია. მაქსიმალური ფასი კი 16 795 დოლარს აღწევს. ამ ფასში შედის ძრავის 10-წლიანი (ან 160 000 კილომეტრზე) გარანტია.

„ახალი „აქცენტით“ სუბკომპაქტური კლასის ავტომობილების დონეს მაღლა ვწევთ, რადგან ამ ავტომობილში, უფრო მაღალი კლასის შესაფერისი ტექნოლოგიებია გამოყენებული. ეს არის კოხტა, თავის კლასში ყველაზე ეკონომიური და უსაფრთხოების თანამედროვე სისტემებითა აღჭურვილი ავტომობილი და მიუხედავად იმისა, რომ ეს სისტემები საბაზო კომპლექტაციაში შედის, ჩვენ მისი ფასის წინა თაობის მოდელის დონეზე შენარჩუნება შევძელით“, - ნათქვამია „ჰიუნდაის“ მიერ ნიუ იორკის შოუზე გამოქვეყნებულ რელიზში.

Thursday, April 21, 2011

„ნისან ლიფი“ მსოფლიოს საუკეთესო ავტომობილიც გახდა

Nissan Leaf Receives World Car of the Year Title

21 აპრილი

2011 წელი ელექტრომობილების ეპოქის დასაწყისად შეიძლება ჩაითვალოს - ჯერ იყო და, ელექტრომობილი „ნისან ლიფი“ ევროპის წლის საუკეთესო ავტომობილად დასახელდა, შემდეგ, გაზრდილი სვლის სიშორის მქონე ჰიბრიდი „შევროლე ვოლტი“ ჩრდილოეთ ამერიკის წლის საუკეთესო ავტომობილი გახდა. ახლახანს კი, ნიუ იორკის საერთაშორისო ავტო შოუზე, დასრულდა მსოფლიოს წლის საუკეთესო ავტომობილის კონკურსი, რომლის შედგებითაც, საუკეთესოდ ისევ „ნისან ლიფი“ აღიარეს.

კონკურსში თავიდან 39 ავტომობილი შეიტანეს, რომელთაგან პირველი ეტაპის შემდეგ, ათი დარჩა, ფინალურ ეტაპზე კი მათგან მხოლოდ სამი გავიდა - „ნისან ლიფის“ გარდა, ფინალში ასევე გავიდნენ მე-5 სერიის „ბეემვე“ და „აუდი A8“. გარდა ამისა, წლის საუკეთესო სპორტული ავტომობილის წოდება „ფერარი 458 იტალიას“ ერგო, რმელსაც მეროქეობას „მერსედეს ბენცის“ SLS AMG და „პორშე 911 ტურბო“ უწევდნენ.

ნომინაციაში „წლის საუკეთესო“ დიზაინი, საუკეთესოდ „ასტონ მარტინ რეპიდი“ აღიარეს. ამ წოდებისთვის მისი კონკურენტები იგივე „ფერარი 458 იტალია“ და „ალფა რომეო ჯულიეტა“ იყვნენ. ასევე დასახელდა წლის საუკეთესო „მწვანე“ ავტომობილი. რაოდენ გასაოცარიც უნდა იყოს, ამ ნომინაციაში „შევროლე ვოლტმა“ „ნისან ლიფს“ აჯობა. მათ გარდა, ფინალურ ეტაპზე „ბეემვეს“ „320d ეფიშნტდაინემიქსიც“ გავიდა.

სხვათა შორის, შარშან და შარშანწინ, მსოფლიოს წლის საუკეთესო ავტომობილად „ფოლკსვაგენის“ მოდელები - „პოლო“ (2010 წელს) და „გოლფი“ (2009 წელს0 დაასახელეს. 2008 წელს კი ეს წოდება „მაზდა2-მა“ მიიღო.

კონკურს „მსოფლიოს წლის საუკეთესო ავტომობილის“ განმარტებაში წერია: „ჩვენი შეფასებით, მოდელი „ლიფი“ ელექტრულ სამყაროში „ნისანის“ მიერ გაჭრილი კარიბჭეა. ეს ხუთადგილიანი, ხუთკარიანი ჰეჩბეკი, მსოფლიოში პირველი მასობრივად წარმოებადი ელექტრომობილია. ის უნიკალურ, სპეციალურად შემუშავებულ პლატფორმაზეა აგებული და აღჭურვილია ლითიუმ-იონური ელემენტების პაკეტიტა და ელექტროძრავით, რომელიც 108 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ამ ძრავით, „ლიფი“ ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარეს 11.5 წამში ავითარებს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 145 კმ/სთ-ია. „მას ერთი დამუხტვით 160 კილომეტრის გავლა შეუძლია, სრული დამუხტვისთვის კი თითქმის 8 საათი სჭირდება. რაც მთავარია, მანქანას ნულოვანი გამონაბოლქვი აქვს. დაბლა განლაგებული სიმძიმის ცენტრის წყალობით, ავტომობილი ჭარბი და არასაკმარისი მოხვევადობისადმი მიდრეკილი პრაქტიკულად არაა. მოკლედ, ჩვეულებრივი ავტომობილია, ოღონდ ჩუმი“.

„ჰიუნდაი“ „ტოიოტა პრიუსის“ კონკურენტს გამოუშვებს

Hyundai to Introduce Toyota Prius Rival

21 აპრილი

ნიუ იორკის საერთაშორისო ავტო შოუს დროს გამართულ პრესკონფერენციაზე, „ჰიუნდაიმ“ დაადასტურა, რომ ბაზრისთვის ისეთ ახალ ავტომობილებს ამზადებს, რომლებიც ერთი გალონი საწვავით 40 მილს გადიან, ანუ, რომლებსაც 100 კილომეტრის გასავლელად, 5.8 ლიტრი საწვავი ჰყოფნის.

ასეთი ავტომობილები ბაზარზე უახლოეს წლებში გამოვა, მათგან ერთ-ერთი პირველი კი ჰიბრიდული ავტომობილი იქნება, რომლითაც კორეული კომპანია, კონკურენციას „ტოიოტა პრიუსს“ გაუწევს. ასეთი ავტომობილის კონცეპტუალური ვერსია „ჰიუნდაიმ“ ორი წლის წინ, სეულის ავტო შოუზე გვიჩვენა.

ესაა ხუთადგილიანი, ხუთკარიანი ჰეჩბეკი „ბლიუ უილ“ (ფოტოზე), რომელიც აღჭურვილია 1.6-ლიტრიანი შიდაწვის (ბენზინის) ძრავით და ელექტროძრავით, რომლის მაქსიმალური სიმძლავრეც 134 ცხენის ძალას აღწევს. ის ენერგიას ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკისგან ღებულობს, შიდაწვის ძრავთან კი მუდმივი მოდების ვარიატორთანაა დაკავშირებული.

ნიუ იორკში „ჰიუნდაის“ არ დაუზუსტებია, ბაზარზე ეს ავტომობილი რა სახელით გამოვა და იმავე აგრეგატებით იქნება აღჭურვილი, რითაც კონცეპტუალური ვერსია, თუ არა. არაა გამორიცხული, რომ სერიული ჰიბრიდი სრულიად სხვა ავტომობილი იყოს. ყოველ შემთხვევაში, 100 კილომეტრის გასავლელად, მას 5.8 ლიტრზე მეტი საწვავი არ დასჭირდება.

სამაგიეროდ, ნიუ იორკშივე, „ჰიუნდაის“ ერთმა აღმასრულებელმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, საინტერნეტო გამოცემა „ინსაიდ ლაინთან“ საუბრისას განაცხადა, რომ ასევე მზადდება მეორე ავტომობილი, რომელიც შიდაწვის ძრავით აღიჭურვება და რომელსაც „აგრესიული“ ტექნიკურ-დინამიკური მახასიათებლები ექნება.

„ამ ეტაპზე, ავტომობილების მთავარი აგრეგატი შიდაწვის ძრავია და ამიტომ, ჩვენ კვლავაც გავაგრძელებთ ამ ტიპის აგრეგატების სრულყოფას, რათა ბაზრის მოთხოვნებს არ ჩამოვრჩეთ“, - ამბობს კორეული კომპანიის ინკოგნიტო აღმასრულებელი. მისივე თქმით, „ჰიუნდაი“ გააგრძელებს მუშაობას იმისათვის, რომ 202500 წელს მისი ავტომობილების საშუალო ხარჯი 100 კილომეტრზე 4.7 ლიტრი უნდა იყოს.

დრეისათვის, „ჰიუნდაი“ ოთხ ისეთ ავტომობილს უშვებს, რომლებიც 100 კილომეტრს 5.8 ლიტრი, ან უფრო მცირე საწვავით გადიან. ესენია ჰიბრიდული „სონატა“, ახალი „ელანტრა“ და „აქცენტი“, ასევე სპორტული „ველოსტერი“, რომელიც ბაზარზე ახლახანს გამოჩნდა და მალე საქართველოშიც შემოვა.

Wednesday, April 20, 2011

„აუდი“ სისტემა e-ტრონს A3-ზეც გამოიყენებს

Audi Brings e-tron to the A3

20 აპრილი

გერმანული კომპანია „აუდი“, თავისი მოდელების ელექტრიფიკაციაზე ინტენსიურად ზრუნავს. ინგოლშტადტელებს შემუშავებული აქვთ ჰიბრიდული ტექნოლოგია e-ტრონი, რომელიც კომპანიის სტანდარტული შიდაწვისძრავიანი ავტომობილის, ჰიბრიდულ-ელექტრული აგრეგატებით აღჭურვას უზრუნველყოფს. მორიგი მოდელი, რომელიც სისტემა e-ტრონით აღიჭურვა, სედანი A3-ია. და ეს ავტომობილი პირველად შანჰაის ავტო შოუზე გამოჩნდა.

A3 მეოთხე ავტომობილია, რომელიც „აუდიმ“ ელექტრონულ-ჰიბრიდული ძალური დანადგარით აღჭურვა. გერმანულმა კომპანიამ პირველად ეს სისტემა კუპეზე გამოიყენა (2009 წელს), შემდეგ ამას მოჰყვა A1 e-ტრონი და e-ტრონ სპაიდერი. ინგოლშტადტელები არ მალავენ, რომ თავიანთი უკლებლივ ყველა მოდელის ჰიბრიდულ-ელექტრული ვერსიის წარმოებას აპირებენ. თუმცა, თავიდან ასეთი ავტომობილების ტირაჟი შეზღუდული იქნება (მათი სიძვირის გამო).

სხვათა შორის, ახალ სედან A3-ის კონცეპტუალური ვერსია „აუდიმ“ ჟენევის ავტო შოუზე გამოფინა, ამჯერად კი მის ბაზაზე ჰიბრიდული სატესტო ვარიანტი (პლაგ-ინ სისტემით) დაამზადა, რომლის პრემიერაც შანჰაის ავტო შოუზე შედგა და რომელიც გამოცდებს საერთო სარგებლობის გზებზე გაივლის.

2.5-ლიტრიანი ტურბოძრავის ნაცვლად, რომელიც 408 ცხენის ძალას ავითარებს, „აუდიმ“ A3-ის „მწვანე“ ვერსია ჰიბრიდული სისტემით აღჭურვა, რომელშიც ბენზინის 211-ცხენისძალიანი 1.4-ლიტრიანი TFSI ძრავი და 27-ცხენისძალიანი ელექტროძრავი შედის. შიდაწვის აგრეგატთან შეწყვილებულია 7-საფეხურიანი S-ტრონიკი, რომელსაც ძრავთან ორდისკოიანი ქურო აკავშირებს. გადაცემათა კოლოფის საფეხურების შეცვლა კი საჭის რგოლის უკან მოთავსებული ბერკეტებით ხდება.

ელექტროძრავი ენერგიით ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკისგან მარაგდება, რომელიც უკანა სავარძლების უკანაა მოთავსებული. მათში დაგროვილი ენერგია კი საკმარისია იმისათვის, რომ მარტო ელექტროძრავით, ავტომობილმა 50 კილომეტრზე მეტი გაიაროს. აკუმულატორების შევსება, მუხრუჭების ენერგიის რეკუპერაციის სისტემით, ავტომობილის მოძრაობისას ხდება. და როცა ის გაჩერებულია, დამუხტვა ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო ქსელიდანაც შეიძლება.

გერმანული კომპანიის განცხადებით, როდესაც ავტომობილის გადაადგილება შიდაწვის და ელექტრული ძრავის ერთდროული მუშაობით ხდება, ადგილიდან 100 კმ/სთ-მდე აჩქარება 6.8 წამში ესწრება, მაქსიმალური სიჩქარე კი 231 კმ/სთ-ს აღწევს.

გარდა იმისა, რომ ჰიბრიდულ ავტომობილს სხვა აგრეგატები აქვს, სტანდარტული A3-ისგან ის გარეგნობითაც განსხვავდება - მას სერია e-ტრონისთვის დამახასიათებელი დაწვრილებული ფარები, დიდრონი ექვსკუთხა რადიატორის ბადე და ალუმინის მრავალწკირიანი ბორბლები აქვს.

„ფერარი ენცოს“ შემცვლელი „ბუგატი ვეირონს“ გაეჯიბრება

New Ferrari Enzo Performance to Match Bugati Veyron's

20 აპრილი

მას შემდეგ, რაც „ლამბორგინიმ“ თავისი ფლაგმანი „მურსიელაგო“ შეცვალა, გაჩნდა ლოგიკური კითხვა, რას უპირებს „ფერარი“ თავის „ენცოს“? ამ ავტომობილის შემცვლელზე მწირი ინფორმაცია ინტერნეტში დროდადრო ჟონავს ხოლმე, თუმცა აქამდე რეალური არაფერი თქმულა.

მაგრამ ახლახანს, ამ მხრივ მცირე გარღვევა მოხდა - ბრიტანულმა ავტორიტეტულმა გამოცემა „ავტოქარმა“, იტალიური კომპანიის თანამშრომლის მიერ (რომელიც თავის ვინაობას არ ამხელს) მიწოდებული ინფორმაცია გაავრცელა, რომლის თანახმადაც, ახალი სუპერ ავტომობილი, თავისი ტექნიკური მახასიათებლებით, ახლოს იქნება „ბუგატი ვეირონთან“.

„მსოფლიო ძალიან შეიცვალა მას შემდეგ, რაც ბაზარზე „ენცო“ გამოვიყვანეთ. ბაზრის მოთხოვნები ძირეულად შეცვლილია. თქმა არ უნდა, ახალი პროდუქტი ამ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს. ჩვენ ხომ „ფერარი“ ვართ და ეს სახელი ბევრს გვავალებს. ამასთან, წარმოების რაოდენობრივი მხარე არ გვაინტერესებს“, - ამბობს „ავტოქარის“ ინკოგნიტო ინფორმატორი.

სავარაუდოდ, „ფერარი ენცოს“ შემცვლელი ბაზარზე 2012 ან 2013 წელს გამოჩნდება. ის ორ ტურბოკომპრესორიანი V8 ძრავით აღიჭურვება, რომელსაც საწვავი ნარევის უშუალოდ წვის კამერაში მიწოდების სისტემა მოემსახურება. მოპოვებული ინფორმაციით, ამ ძრავს დაახლოებით ისეთივე აგებულება უნდა ჰქონდეს (ოღონდ, 4 ცილინდრით ნაკლები) როგორიც „ენცოს“ აქვს.

რაც შეეხება „ენცოს“ აგრეგატს, ესაა 6.0-ლიტრიანი V12, რომელიც 650 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ავტომობილში ფორმულა 1-ის ტექნოლოგიებია გამოყენებული. კერძოდ, ესაა კარბონის ბოჭკოს კომპოზიტით დამზადებული მონოკოკური შასი, ფ1-ის გადაცემათა კოლოფი, კერამიკული მუხრუჭები და სხვა. რეალურად, ეს ფ1-ის გადაკეთებული მანქანაა ორი სავარძლით და ფარებით. გარდა ამისა, ავტომოილი აქტიური აეროდინამიკური ელემენტებითა და ტრექშნ კონტროლის სარბოლი სისტემითაცაა აღჭურვილი.

მარანელოში გაცნობიერებული აქვთ, რომ „ენცოზე“ უკეთესი მანქანის შექმნა ძალიან ძნელია. უფრო რთული საქმეა „ბუგატი ვეირონის“ ჯობნა. მიზნის მისაღწევად აუცილებელია, რომ ახალ ავტომობილს, „ენცოზე“ გაცილებით მეტი ცხენის ძალები ჰქონდეს. კიდევ ერთი სიახლე, რომელსაც „ენცოს“ შემცვლელზე დანერგავენ, ფორმულა 1-ის ტიპის აქტიური აეროდენამიკაა. ახალ მანქანას გრაუნდ ეფექტიც ექნება, რასაც არაერთი ჰაერსადინარი მოემსახურება.

Tuesday, April 19, 2011

ქროსოვერი „შევროლე ვილტი“ დებიუტისთვის ემზადება

GM Volt Crossover Is One Step Closer to Production

19 აპრილი

ჯერ სულ რამდენიმე თვე გავიდა, რაც „ჯენერალ მოტორსმა“ სვლის გაზრდილი სიშორის ელექტრომობილ „შევროლე ვოლტის“ წარმოება დაიწყო და უკვე ამ ტიპის ავტომობილების გამის გაფართოებაზე ზრუნავს. უკვე დიდი ხანია, “ვოლტის“ ბაზაზე ქროსოვერის შესამუშავებლად მიდის მუშაობა.

ავტოგიგანტმა ამ ავტომობილის კონცეპტუალური ვერსია, სახელად „შევროლე ვოლტ MPV5“, რამდენიმე გამოფენაზეც წარადგინა. ახლახანს კი „გენერლებმა“ დააპატენტეს სახელი „ქროსვოლტი“, რომლითაც, როგორც ჩანს, მალე ბაზარზე თავიანთ ახალ ავტომობილს გამოუშვებენ. სავარაუდოდ, ამერიკული კომპანია, თავის ახალ ელექტრომობილს რომელიმე უახლოეს გამოფენაზე გაგვაცნობს.

კონცეპტუალური „შევროლე ვოლტ MPV5“ სერიულ „შევროლე ვოლტზე“ 181 მილიმეტრით გრძელი, 73 მილიმეტრით განიერი და 182 მილიმეტრით მაღალია. ამასთან, მათს ბაზებს შორის სხვაობა 15 მილიმეტრია, ქროსოვერის სასარგებლოდ. შესაბამისად, ავტომობილი უფრო დამძიმებულიცაა, რაც ნაწილობრივ, აკუმულატორების დამატების ხარჯზე მოხდა. მნიშვნელოვნადაა გაზრდილი საბარგულის მოცულობა. კერძოდ, ის 863 ლიტრს უდრის, თუმცა სავარძლების უკანა რიგის დაკეცვის შემთხვევაში, ის 1764 ლიტრამდე იზრდება.

„შევროლე ვოლტ MPV5“ იმავე აგრეგატებითაა აღჭურვილი, რომლებიც „ვოლტს“ ამოძრავებენ. წამყვანია ელექტროძრავი, რომლის მაქსიმალური სიმძლავრეც 154 ცხენის ძალაა. ის ენერგიას ლითიუმ-იონური აკუმულატორების ბლოკისგან ღებულობს, რომელიც, საყოფაცხოვრებო ქსელის გარდა, შიდაწვის ძრავასთან (1.4-ლიტრიანი) დაკავშირებული გენერატორითაც იღებს შევსებას.

ჯერჯერობით დაზუსტებული არაა ამ ავტომობილის ტექნიკურ დინამიკური მახასიათებლები. ამის მიზეზი ისაა, რომ შესაძლოა, სვლის სიშორის გასაზრდელად, ქროსოვერი უფრო ტევადი აკუმულატორებით, ან საწვავის უფრო დიდი ავზითაც აღიჭურვოს. მეორე ვარიანტი ავტომობილის ღირებულებას დიდად არ გაზრდის, თუმცა მას ნაკლებად ეკოლოგიურს გახდის. პირველი ვარიანტის შემთხვევაში კი, ავტომობილი ჩვეულებრივ „ვოლტზე“ ძვირი ეღირება.

Monday, April 18, 2011

„არტეგა“ სპორტულ ელექტრომობილს გამოუშვებს

Meet the Artega SE, Germany’s Answer to the Tesla Roadster

18 აპრილი

პატარა გერმანული საავტომობილო კომპანია „არტეგა“ წარმოებისთვის სპორტულ ელექტრომობილს ამზადებს, რომლითაც კონკურენციას, ამერიკული „ტესლას“ ამავე ტიპის სერიულ მოდელს გაუწევს. „არტეგამ“ ჟენევის ავტო შოუზე, თავისი ელექტრომობილის, „არტეგა SE-ს“ წინასერიული ვერსია წარადგინა, რომლის სერიულ ვარიანტსაც ფრანკფურტის გამოფენაზე წარადგენს, მის გაყიდვებს კი მომავალი წლის აპრილში დაიწყებს.
ავტომობილი ორი ელექტროძრავითაა აღჭურვილი, რომელთა ჯამური სიმძლავრეც 380 ცხენის ძალაა. მათ მოძრაობაში უკანა წამყვანი ბორბლები მოჰყავთ, ენერგიას კი ლითიუმ-იონური აკუმულატორების ბლოკისგან ღებულობენ. ავტომობილი 1400 კილოგრამს იწონის, აქედან 310 კილოგრამი კი აკუმულატორებზე მოდის. ავტომობილის წონა ღერძებს შორის 43:57 პროპორციითაა გადანაწილებული, რომელთაგან მეტი პორცია უკანაზე მოდის. სხვათა შორის, ელექტრომობილი მხოლოდ ათი პროცენტით მძიმეა მისსავე შიდაწვისძრავიან ვერსიაზე, რომელიც „ფოლკსვაგენის“ 3.6-ლიტრიანი V6 ძრავითაა (300 ცხენის ძალა) აღჭურვილი.

„არტეგას“ ელექტრომობილი შესანიშნავი დინამიკური მახასიათებლებით გამოირჩევა. კერძოდ, ნულიდან 100 კმ/სთ-მდე აჩქარება მას 4.3 წამში შეუძლია, რაც დაახლოებით 0.5 წამით ნაკლებია ბენზინისძრავიანი „არტეგა GT-ს“ ტემპერამენტზე. მაქსიმალური სიჩქარე კი 250 კმ/სთ-ს აღწევს. აკუმულატორების ტევადობა საკმარისია იმისათვის, რომ ერთი დამუხტვით, ელექტრომობილმა 300 კილომეტრის გავლა შეძლოს. თუმცა, კომპანია აცხადებს, რომ შერეული რეჟიმით მოძრაობისას, ერთი დამუხტვით მხოლოდ 200 კილომეტრის გავლა იქნება შესაძლებელი.

აკუმულატორების ბლოკის დამუხტვა შეიძლება როგორც სპეციალურ სადგურში, როგორების ქსელითაც მალე მთელი ევროპა დაიფარება, ასევე საყოფაცხოვრებო შტეპსელიდანაც. შტეპსელის გამოყენების შემთხვევაში, აკუმულატორების სრულად დამუხტვისთვის, 90 წუთია საკმარისი.

„არტეგა“ წლიურად მხოლოდ 500 ცალი სპორტული ელექტრომობილის წარმოებას გეგმავს, თითოეულის ღირებულება კი 150 000 ევრო იქნება. ამგვარად, ის კონკურენციას გაუწევს ამერიკულ კომპანია „ტესლას“ ელექტრულ ღია სპორტქარს (როდსტერს), რომელიც უკვე წელიწადზე მეტია, რაც იყიდება.

შედარებისთვის, „ტესლა როდსტერი“ ერთი ელექტროძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 288 ცხენის ძალას იძლევა. მისი მეშვეობით, ავტომობილი ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარეს 3.7 წამში ავითარებს. ავტომობილი ლითიუმ-იონური კომპაქტური ელემენტებისგან შედგენილი ბლოკითაა აღჭურვილი, რომლის ტევადობაც საკმარისია იმისათვის, რომ „როდსტერმა“ 390 კილომეტრი გაიაროს. სამაგიეროდ, მათი სრული დამუხტვისთვის 3.5 საათია საჭირო.

Sunday, April 17, 2011

„ტოიოტაFT-86“ – „სუბარუსთან თანამშრომლობის ნაყოფი

Toyota FT-86 - under the skin

17 აპრილი

„ტოიოტამ“ ჟენევის საავტომობილო შოუზე კონცეპტუალური კუპე FT-86 წარადგინა, რომლის შემუშავებაში, „ტოიოტას“ გარდა, „სუბარუს“ სპეციალისტებიც მუშაობდნენ. ახლახანს კი, ბრიტანულმა პოპულარულმა გამოცემა „ავტოქარმა“ გაავრცელა იაპონური კომპანიიდან მოპოვებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კუნცეპტუალური ავტომობილი პრაქტიკულად მზადაა წარმოებისთვის და ყველაზე მსხვილი დეტალი, რომელიც კონცეპციიდან საწარმოო ვერსიაზე არ გადაინაცვლებს, 20-დუიმიანი ბორბლებია.

FT-86-ის შასი მონოკოკური სისტემაა, რომელიც ძირითადად მტკიცე ფოლადისგანაა შეკრული. მისმა შემქმნელებმა იმდენი შეძლეს, რომ ავტომობილი სულ რაღაც 1100 კილოგრამს იწონის, დაახლოებით 200 კილოგრამით ნაკლებს, ვიდრე 2.0-ლიტრიანი ტურბოძრავით აღჭურვილი, ანალოგიური კლასის „ფოლკსვაგენ შიროკო“.

კუპეს გაბარიტებია: სიგრძე 4235 მილიმეტრი, სიგანე 1795 მილიმეტრი. სიმაღლე 1270 მილიმეტრი და ბორბლებს შორის ბაზა - 2570 მილიმეტრი. FT-86-ის წინა საკიდარი მაკფერსონის სისტემაა, უკან კი მრავალბერკეტიანი კვანძია გამოყენებული. გარდა ამისა, „ავტოქარის“ წყაროს ინფორმაციით, ახალი ავტომობილი ასევე აღჭურვილია საჭის ელექტროგამაძლიერებლით, თვითბლოკირებადი უკანა დიფერენციალით და 18-დუიმიანი ბორბლებით.

რაც შეეხება ძრავს, ესაა „სუბარუს“ წარმოების ოთხცილინდრიანი 2.0-ლიტრიანი ოპოზიტური აგრეგატი, რომელტანაც 6-საფეხურიანი მექანიკური კოლოფია შეწყვილებული. ზოგიერთი ბაზრისთვის ასევე გათვალისწინებული იქნება 6-საფეხურიანი ნახევრად ავტომატური კოლოფი, რომლის საფეხურების გადართვაც, საჭის რგოლის უკან მოთავსებული ბერკეტები მოემსახურება.

„ტოიოტას“ და „სუბარუს“ სპეციალისტების გარდა, ძრავის შემუშავებაში, მოტოციკლების მწარმოებელი „იამაჰას“ ინჟინრებიც მუშაობდნენ. მათი შემუშავებულია ძრავის ცილინდრების ბლოკი. „ტოიოტამ“ ძრავის მართვის ელექტრონული სისტემა და მისი პროგრამა, ასევე საწვავი ნარევის უშუალოდ წვის კამერაში მიწოდბის სისტემა შეიმუშავა.

„ავტოქარმა“ ვერ შეძლო ამ ძრავის ტექნიკური მახასიათებლების ზუსტი მონაცემების დადგენა. სავარაუდოდ, მისი სიმძლავრე 200 ცხენის ძალის ფარგლებში იქნება. ეს კი საკმარისი უნდა იყოს იმისათვის, რომ ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარე დაახლოებით 7 წამში აკრიფოს. მაქსიმალური სიჩქარე კი 224 კმ/სთ-ს მიაღწევს.

ადრე დაგეგმილი იყო, რომ წარმოებისთვის ამ ავტომობილის მომზადება ზაფხულში უნდა დასრულებულიყო. თუმცა, ძნელი სათქმელია, მიწისძვრამ და ცუნამიმ რამდენად შეცვალა „ტოიოტას“ გეგმები. თუ არაფერი შეცვლილა, მაშინ კუპე FT-86 ბაზარზე მერმისს გამოჩნდება. მისი საბაზო ვერსია ბრიტანეთში (რამდენადაც ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა ავრცელებს, ფასიც ბრიტანული ბაზრის შესაბამისია მოყვანილი) დაახლოებით 25 000 გირვანქა სტერლინგი იქნება.

მოგვიანბით, ამავე კონცეპციის ბაზაზე, საკუტარ ავტომობილს „სუბარუც“ გამოუშვებს. თუმცა, ორ ავტომობილს შორის გარეგნული განსხვავება მინიმალური იქნება. სამაგიეროდ, „სუბარუს“ ვერსია უფრო მძლავრი, 260-ცხენისძალიანი ტურბოძრავით აღიჭურვება.

„ლამბორგინი“ „გალიარდოს“ „კაბრერათი“ შეცვლის

Lamborghini Cabrera Could Come with 600 HP

17 აპრილი

მას შემდეგ, რაც სუპერ ავტომობილების მწარმოებელმა იტალიურმა კომპანია „ლამბორგინიმ“ თავისი ფლაგმანი „მურსიელაგო“ „ავენტადორით“ შეცვალა, იმაზე ზრუნვას შეუდგა, რომ ბაზარზე დროულად გამოუშვას კიდევ ერთი ავტომობილი, რომლითაც „გალიარდოს“ შეცვლის. ინტერნეტით უკვე გავრცელდა ინფორმაცია ახალი ავტომობილის შესახებ, საინტერნეტო გამოცემა „ავტობლოგის“ იტალიური ვერსია კი გვამცნობს, რომ ახალი ავტომობილის სახელი „კაბრერა“ იქნება.

„გალიარდო“ ბაზარზე 2003 წელს გამოჩნდა და მართალია, ამჟამადაც პოპულარობით სარგებლობს, 8 წელი სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ მოდელი შეიცვალოს. სავარაუდოდ, ახალი ავტომობილი იმავე ტექნოლოგიებით აიგება, რომლებიც „ავენტადორის“ წარმოებისასაა გამოყენებული. პირველ რიგში, ესაა კომპოზიტური მასალების ინტენსიური გამოყენება. სწორედ ამ მსუბუქი და მტკიცე მასალითაა დამზადებული „ავენტადორი“. კერძოდ, მისი მზიდი მონოკოკი, ისევე როგორც ფორმულა 1-ის ბოლიდების ანალოგიური ელემენტი, კარბონის კომპოზიტისაა.

გავრცელებული ინფორმაციით, „კაბრერა“ 600-ცხენისძალიანი აგრეგატით აღიჭურვება. ეს ჯერ მხოლოდ ვარაუდია და მის საფუძველს ის ფაქტი წარმოადგენს, რომ „გალიარდოს“ დებიუტის შემდეგ გამოშვებული მისი ყველა მოდიფიკაცია საბაზო მოდელზე მძლავრი იყო.

რაც შეეხება საბაზო „გალიარდოს“, ის 5.0-ლიტრიანი V10 ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 500 ცხენის ძალას (7 800 ბრ/წთ-ზე) და 510 ნიუტონმეტრს (4 500 ბრ/წთ-ზე) იძლევა. ამასთან, მაბრუნი მომენტის 80 პროცენტს 1 500 ბრ/წთ-ზე ავითარებს. ავტომობილის შასი მეტწილად ალუმინისგან მზადდება. ამ ეტაპზე ძნელი სათქმელია, ძრავის ლიტრაჟი გაიზრდება თუ არა, თუმცა ადვილი სავარაუდოა, რომ ის V10 არქიტექტურას შეინარჩუნებს. 600 ცხენის ძალა ზედა ზღვრად იმის გამოც მოიაზრება, რომ მას არ უნდა ჰქონდეს ფლაგმან „ავენტადორზე“ მეტი სიმძლავრე (700 ცხენის ძალა).

„კაბრერას“ პირველი გამოჩენა მერმისს არის მოსალოდნელი.

Saturday, April 16, 2011

„აუდი Q3“ - ბესტსელერობისთვის შექმნილი

First official photos of the Audi Q3 released

16 აპრილი

ამ ავტომობილს ბაზარი დიდი ხანია, ელოდა. რამდენიმე „მაცნე“ ფოტო-ტიზერის გამოქვეყნების შემდეგ, „აუდიმ“ თავისი ახალი, უგზოობის კომპაქტური მოდელის, Q3-ის შესახებ ინფორმაცია და ფოტოები გაავრცელა, შემდეგ კი ის შანჰაის გზას გაუყენა, სადაც პირველად წარუდგენს საზოგადოებას.

ეს უგზოობის მესამე ავტომობილია, რომელიც „აუდიმ“ შექმნა. ინგოლშტადტელები აქამდე ამ კლასის მხოლოდ Q7-ს და Q5-ს უშვებდნენ. ახალი ავტომობილი „ფოლკსვაგენის“ პოპულარული კომპაქტური „ტიგუანის“ პლატფორმაზეა ბაზირებული და უკვე გადაწყვეტილია ისიც, რომ გერმანიაში ის 29 900 ევრო ეღირება. რა თქმა უნდა, ამ მანქანას მოუთმენლად ელიან ამერიკაშიც, თუმცა ის იქ მოგვიანებით გამოჩნდება.

უგზოობის კომპაქტური ავტომობილების ბაზარზე, „აუდი Q3-ის“ კონკურენტები იქნებიან „ბეემვეს“ უკვე ძალიან პოპულარული X1, ასევე „მერსედეს ბენცის“ GLC (რომელიც B კლასის შემდეგი თაობის ჰეჩბეკის პლატფორმას ეყრდნობა) და „ლენდ როვერის“ „რეინჯ როვერ ევოკი“. ეს ორი ბაზარზე მოგვიანებით გამოჩნდება.

სხვათა შორის, Q3-ის კონცეპტუალური ვერსიის პრემიერაც შანჰაიში ჩატარდა ორი წლის წინ და იქ მან სპეციალისტების და დამთვალიერებელთა მოწონება დაიმსახურა. ჰოდა, გასაკვირი არაა, რომ კონვეიერამდე კონცეპტქარს დიდი გარეგნული ცვლილება არც განუცდია. მისი ძარის ზოგიერთი ნაწილი ალუმინისგანაა დამზადებული, თუმცა ძარისათვის ძირითადად მაინც ზემტკიცე ფოლადია გამოყენებული. აეროდინამიკურ მილში ინტენსიური ტესტირების შედეგად, Q3-ს აეროდინამიკური წინააღმდეგობის კოეფიციენტი ძალიან დაბალი აქვს - 0.32. ცნობისათვის, ასეთი დაბალი კოეფიციენტი საშუალო ზომის სედანებს აქვთ.

ახალი ავტომობილის გაბარიტებია: სიგრძე 4.39 მეტრი, სიგანე 1.83 მეტრი და სიმაღლე 1.60 მეტრი. ამგვარად, ის Q5-ზე 240 მილიმეტრით მოკლე, 50 მილიმეტრით ვიწრო და 53 მილიმეტრით დაბალია. რა თქმა უნდა, Q3 „აუდის“ კორპორატიულ სტილშია შესრულებული და პირველ რიგში, Q5-ს ჰგავს. თუმცა, ვიწრო და დაკუთხული წინა ფარების და უკნისკენ ოდნავ დახრილი სახურავის წყალობით, ის უფრო სპორტული, აგრესიული გარეგნობით გამოირჩევა.

შიგნიდანაც Q3 ტიპიური „აუდია“, კომფორტული და სადად გაფორმებული სალონით, სადაც მხოლოდ ხუთი სავარძელია მოთავსებული. საბარგულის საბაზო მოცულობა 460 ლიტრია, თუმცა ის 1 365 ლიტრამდე იზრდება, როცა უკანა სავარძლები დაკეცილ მდგომარეობაშია.

ბაზარზე დებიუტის მომენტისთვის, მყიდველს სამი სხვადასხვა ძრავით აღჭურვილ Q3-ს შესთავაზებენ. ამათგან ორი ბენზინზე მუშაობს (TFSI), ერთი კი - დიზელზე (TDI). მოგვიანებით, ძრავების გამას კიდევ ერთი ტურბო დიზელი შეავსებს. ოთხივე ძრავი ოთხცილინდრიანია და მათი მუშა მოცულობა 2.0 ლიტრია.

ტურბო დიზელის აგრეგატების სიმძლავრე 177 და 140 ცხენის ძალაა. მათგან პირველ რიგში, Q3-ს უფრო მძლავრით აღჭურვავენ. უფრო სუსტს კი წინაამძრავიანი ტრანსმისია დაუკავშირდება. მართალია, ეს ძრავი შედარებით სუსტია, მაგრამ მისით აღჭურვილი ავტომობილი 100 კილომეტრს 5.2 ლიტრი საწვავით გაივლის (შერეული ციკლით გადაადგილებისას).

ორივე ბენზინის ძრავი მძლავრია. ისინი 170 და 211 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ამასთან, ორივესთან სრულამძრავიანი ტრანსმისიაა დაკავშირებული. მათგან უფრო სუსტს (ისევე როგორც 140-ცხენისძალიან TDI-ს) 6-საფეხურიანი მექანიკური კოლოფი უწყვილდება, უფრო მძლავრს კი (ასევე177-ცხენისძალიან TDI-ს) 7-საფეხურიანი რობოტიზებული S-ტრონიკი, რომელსაც ძრავთან ორდისკოიანი ქურო აკავშირებს.

ჯერჯერობით, Q3-ის დინამიკური მახასიათებლები არ გამოქვეუნებულა. თუმცა სავარაუდოა, რომ შედარებით მსუბუქ, 1 500-კილოგრამიან ავტომობილს კარგი მონაცემები ექნება. ეკონომიურობის კვალობაზე კი, ის გარემოსაც ნახშირორჟანგით ნაკლებად დააბინძურებს.

„აუდი“ Q3-ის გაყიდვებს პირველ რიგში, გერმანიაში დაიწყებს, სადაც ის ივნისში გამოჩნდება. ამ ავტომობილს „ფოლკსვაგენის“ ჯგუფში შემავალი ესპანური კომპანია „სეატის“ მარტორელის (ბარსელონა) ქარხანა გამოუშვებს. გერმანულ კომპანიას არც წლიური წარმოების მოცულობა დაუკონკრეტებია, თუმცა ბაზრის შესწავლის შედეგად, მისმა მარკეტოლოგებმა დაადგინეს, რომ წლიურად დაახლოებით 100 000 ცალი Q3-ის გაყიდვა იქნება შესაძლებელი.

Friday, April 15, 2011

„ფოლკსვაგენმა“ პირველ კვარტალში თითქმის 2 მილიონი ავტომობილი გაჰყიდა

Volkswagen Group Delivers Almost 2 Million Vehicles in Q1 2011

15 აპრილი

„ფოლკსვაგენისთვის“ მიმდინარე წელი უკვე ძალიან წარმატებულია - გერმანულმა საავტომობილო ჯგუფმა გამოაცხადა, რომ პირველ კვარტალში რეკორდულად ბევრი, 1.97 მილიონი ავტომობილი გაჰყიდა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 13.7 პროცენტით მეტია. გერმანული საავტომობილო ჯგუფისთვის რეკორდული გამოდგა მარტიც, რომლის განმავლობაშიც, 767 200 ავტომობილი გაიყიდა.

სხვათა შორის, „ფოლკსვაგენის“ ჯგუფის გაყიდვების ზრდა უფრო მაღალია, ვიდრე მსოფლიო ავტოინდუსტრიაში დაფიქსირებული ზრდა (8.1 პროცენტი). ეს ტენდენცია სრულად შეესაბამება გერმანული ავტოგიგანტის გეგმას, რომელიც ითვალისწინებს, რომ ჯგუფმა 2018 წელს მსოფლიო ლიდერობა უნდა იგდოს ხელთ. ცნობისათვის, შარშან ლიდერობა ისევ „ტოიოტამ“ შეინარჩუნა, რომელმაც 8.42 მილიონი ავტომობილი გაჰყიდა. მას მცირედით ჩამორჩა „ჯენერალ მოტორსი“, რომლის ანგარიშზეც 8.39 მილიონი გაყიდული ავტომობილია. რაც შეეხება „ფოლკსვაგენს“, შარშან გერმანულმა გიგანტმა 7.14 მილიონი ავტომობილი გაჰყიდა.

„პირველ კვარტალში მიღწეული შედეგები შესანიშნავია. განვითარებად რეგიონებში, როგორებიცაა ჩინეთი, ინდოეთი და რუსეთი, გაყიდვების ბუმი კვლავ გრძელდება. ამასთან, ჩვენი ახალი მოდელების წყალობით, ისეთ ჩამოყალიბებულ ბაზრებზე, როგორებიც ევროპა და ჩრდილოეთ ამერიკაა, მყარ პოზიციებს ვინარჩუნებთ“, - ამბობს „ფოლკსვაგენის“ ჯგუფის გაყიდვების და მარკეტინგის განყოფილების შეფი ქრისტიან კლინგლერი.

„ფოლკსვაგენის“ ავტომობილების გაყიდვების ყველაზე სწრაფი ზრდა ინდოეთში დაფიქსირდა. მართალია, პირველ კვარტალში იქ სულ 28 100 ავტომობილი გაიყიდა, მაგრამ მთავარი ისაა, რომ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ზრდამ 256.7 პროცენტი შეადგინა. 30.7 პროცენტით, 109 200 ავტომობილამდე გაიზარდა გაყიდვები ცენტრალურსა და აღმოსავლეთ ევროპაში, დასავლეთ ევროპაში კი (გერმანიის გარეშე), გაყიდვების ზრდა მხოლოდ 6.6 პროცენტია (532 000). გერმანიაში გაყიდვები მხოლოდ 5 პროცენტით, 267 300 ავტომობილამდეა გაზრდილი, ჩრდილოეთ ამერიკაში კი ზრდამ 17.9 პროცენტი შეადგინა და 143 900-ს მიაღწია. გერმანულმა ჯგუფმა ყველაზე მეტი ავტომობილი ჩინეთში გაჰყიდა, სადაც 19.9-პრიცენტიანი ზრდაა დაფიქსირებული, სულ კი სამ თვეში 548 500 ავტომობილია გაყიდული.

ამავე პერიოდში, ჯგუფში ყველაზე მეტი, 1.24 მილიონი ავტომობილი საკუთრივ „ფოლკსვაგენს“ აქვს გაყიდული, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 10.4 პროცენტით მეტია. 18.4 პროცენტით, 312 600-მდე გაზარდა გაყიდვები „აუდიმ“. ინგოლშტადტურმა კომპანიამ განსაკუთრებით, ჩინურ და ამერიკულ ბაზარზე, მის ავტომობილებზე მოთხოვნის ზრდით ისარგებლა: ჩინეთში მისმა გაყიდვებმა 64 100 ავტომობილი შეადგინა (ზრდა 24.6 პროცენტი), ამერიკაში კი 25 400 ავტომობილი გაიყიდა (ზრდა 19.1 პროცენტი).

რეკორდული მაჩვენებელი აქვს ჩეხურ „შკოდას“, რომელსაც სამ თვეში უკვე 217 000 ავტომობილი აქვს გაყიდული (ზრდა 21.4 პროცენტი). ამ ბრენდით ყველაზე მეტი, 51 300 ავტომობილი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში გაიყიდა, რაც 29.4-პროცენტიან ზრდას ნიშნავს. „შკოდას“ შესანიშნავი მაჩვენებლები აქვს აზია-წყნარი ოკეანის რეგიონშიც, სადაც ჩეხებმა 63 500 ავტომობილი გაჰყიდეს, შარშანდელთან შედარებით, 31.0 პროცენტით მეტი.

მასობრივ მწარმოებელთაგან, „ფოლკსვაგენის“ ჯგუფში ყველაზე სუსტი მაჩვენებლები ესპანურ „სეატს“ აქვს, რომლის გაყიდვებიც მხოლოდ 2.8 პროცენტით, 90 800 ავტომობილამდე გაიზარდა. „სეატის“ ავტომობილები ყველაზე კარგად დასავლეთ ევროპაში, განსაკუთრებით კი გერმანიაში იყიდება. იქ კომპანიას სულ 12 600 ავტომობილი აქვს გაყიდული, 24.5 პროცენტით მეტი, ვიდრე შარშან.