Tuesday, July 14, 2009

”ფიატი” ”ბერტონეს” შეძენას ეცდება

Fiat-Bertone

14 ივლისი

”ფიატმა” დაადასტურა ცნობა იმის შესახებ, რომ კრიზისში მყოფი სადიზაინერო კომპანია ”კაროსერია ბეტონეს” შეძენას აპირებს. ამგვარად, ავტომობილების სხვა კომპანიების შეკვეთებით მწარმოებელი ფირმის შეძენის მსურველთა რაოდენობა ხუთამდე გაიზარდა.

”ფიატის” გარდა, ლეგენდარული ”ბერტონეს” დაუფლების სურვილი ასევე აქვთ: იტალიელ ბიზნესმენებს - ჯანმარიო როსინიოლოსა და დომენიკო რევილიოს, ასევე ჩინურ ავტოკომპანია FAW-ს და ესპანურ კონსორციუმს, რომლის სახელიც არ ქვეყნდება.

”ბერტონეს” შეძენაზე განაცხადის შეტანის ბოლო ვადა 16 ივლისია. იტალიის გაკოტრების საქმეთა სასამართლო კი მყიდველის არჩევას ამ თვის ბოლომდე აპირებს.

”ბერტონე” ყველაზე ძველი კომპანიაა მათ შორის, რომლებიც ავტომობილებს შეკვეთით აწარმოებენ. მისი ტურინული ქარხნის სიმძლავრე, როცა ის ორცვლიან რეჟიმში მუშაობს, 70 000 ავტომობილია, სამცვლიანი რეჟიმის შემთხვევაში კი - 100 000. მაგრამ შეკვეთების არარსებობის გამო, ქარხანა ოთხი წელია უქმედ დგას. ჯერჯერობით უცნობია, თუ რისთვის აპირებს ”ბერტონეს” გამოყენებას ”ფიატი”.

როსინიოლო ”ბერტონეს” ქარხანაში სპორტული ავტომობილების წარმოებას გეგმავდა, რომლებსაც ძარა მთლიანად ალუმინისგან ექნებოდათ დამზადებული. მისმა კონკურენტმა კომანია ”კეპლერომ” კი იქ მცირე გამონაბოლქვის მქონე ავტომობილების წარმოება მოისურვა.

რაც შეეხება FAW-ს, ეს ჩინეთში ერთ-ერთი უდიდესი ავტომწარმოებელია, რომელსაც ერთობლივი საწარმოები ”ფოლკსვაგენთან” და ”ტოიოტასთან” აქვს. გარდა ამისა, FAW-ს გააჩნია ლიცენზია, რომლითაც ავტომობილების ”დაიჰაცუსა” და ”მაზდასთვის” წარმოება შეუძლია. სამაგიეროდ, ეს კომპანია ჯერჯერობით, ევროპაში ავტომობილებს არც აწარმოებს და არც ჰყიდის.

სურათზე: ”ბერტონემ” ბოლო კონცეპტუალური სუპერავტომობილი ”მანტიდი” წელს დაამზადა

ინდური ”მიკრა” ევროპაში

Nissan Micra

14 ივლისი

”ნისანი” მალე თავისი პოპულარული მინი ავტომობილის, ჰეჩბეკ ”მიკრას” წარმოებას ინგლისიდან (სანდერლენდი) ინდოეთში, ქალაქ ჩენაიში (ყოფილი მადრასი) გადაიტანს. იაპონური კომპანიის აღმასრულებელი პრეზიდენტი კოლინ დოჯი, ვინც ”ნისანის” ბიზნესს აფრიკის, ახლო აღმოსავლეთის, ინდოეთისა და ევროპის ბაზრებზე განაგებს, ამბობს, რომ ახალი ქარხნის მშენებლობა მერმის, მაისში დასრულდება. ჩენაიში წარმოებული ავტომობილების 60 პროცენტზე მეტი კი ექსპორტზე გავა.

ქარხნის ნომინალური სიმძლავრე წლიურად 200 000 ავტომობილია. საჭიროების შემთხვევაში კი მისი გაზრდაა შესაძლებელი. იქ გამოშვებული ”მიკრას” ინდოეთში გაყიდვები ზაფხულის დასაწყისიდან იგეგმება. რაც შეეხება სანდერლენდის ქარხანას, მას დახურვა არ ემუქრება, რადგან იაპონელები იქ თავიანთი ახალი ავტომობილის წარმოებას აპირებენ, რომელიც კონცეპტუალური ”ქაზანას” ბაზაზე მზადდება. ამ მოდელმა კონკურენცია ”ფიატ სედიჩის” და ”სუზუკი SX4-ს” უნდა გაუწიოს.

ჩენაიში ქარხნის მშენებლობით, ”ნისანი” ერთდროულად ორი კურდღლის დაჭერას აპირებს. ჯერ ერთი, სწრაფად მზარდ ინდურ ბაზარზე დამდკვიდრება ისევე საშური საქმეა, როგორც ჩინურ ბაზარზე ფეხის მოკიდება. მეორეც, ინდოეთში ავტომობილების წარმოება გაცილებით იაფი ჯდება, ვიდრე იმავე ინგლისში, ან თუნდაც, აღმოსავლეთ ევროპაში. ეს კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მაშინაა, როცა საქმე მცირეგაბარიტიან ავტომობილებს ეხება, რომელთა წარმატებას მეტწილად სწორედ კონკურენტული ფასი განსაზღვრავს.

”პატარა მანქანების ევროპაში წარმობით ფულის კეთება ძალიან ძნელია. თუმცა, ინდოეთში მარტო დაბალი ფასების გამო არ შევდივართ. ჩვენ ამ ქვეყნის ბაზარზე ყოფნა გვსურს. და რადგან ასეა, ავტომობილები აქვე უნდა ვაწარმოოთ”, - ამბობს დოჯი, ვისი თქმითაც, წარმოების ინდოეთში გადატანას, პლუსების გარდა, მინუსებიც აქვს. პირველი მინუსი ლოჯისტიკას ეხება - ინდოეთიდან ევროპაში ავტომობილების შეტანა ძვირი დაჯდება. საჭირო იქნება დიდი რაოდენობით ავტომობილის ერთდროულად გადატანა, რამაც შესაძლოა, მიწოდების ოპერატიულობას შეუქმნას პრობლემა, ან დიდი ფართის სადგომის მოწყობა მოითხოვოს. მეორე პრობლემა საიმპორტო ტარიფებია.

დადებითი მხარე მუშა ხელის სიიაფეა. გარდა ამისა, ინდოეთში პატარა ავტომობილებზე დიდი მოთხოვნაა, რაც მასობრივი წარმოებისთვის აუცილებელი პირობაა. რაც მეტს აწარმოებ, მით ნაკლები გიჯდება, რაც ავტომობილის ფასს კონკურენტუნარიანს ხდის.

დაბოლოს, ”მიკრას” ბაზაზე ინდოეთში მრავალმხრივი დანიშნულების მოდელის და სედანის წარმოებაც იგეგმება. იაპონური კომპანია იმედოვნებს, რომ ჩენაის ქარხნის სრული დატვირთვით ამოქმდების შემდეგ, ინდური ბაზრის 5-6 პროცენტის ათვისებას შესძლებს.

ახალი ფრანგული ლომი ნახტომისთვის ემზადება

Peugeot 308 RCZ

14 ივლისი



ფრანგულმა კომპანია ”პეჟომ” პრაქტიკულად დაასრულა წარმოებისთვის თავისი ახალი კუპეს - 308 RCZ-ს მომზადება, რომლის დებიუტიც ფრანკფურტის საავტომობილო გამოფენაზე გაიმართება.

ახალი ავტომობილი პოპულარულ ჰეჩბეკ 308-ს ბაზაზეა დამზადებული. საერთოდ, ამავე პლატფორმაზე, ”ფრანგული ლომები” სამ და ხუთკარიანი ჰეჩბეკების გარდა, უნივერსალს და ორკარიან კუპე კაბრიოლეტსაც უშვებენ. და აი, მინი 308-ს ოჯახი მალე კიდევ ერთი ახალი წევრით შეივსება.

ფრანკფურტულ პრემიერამდე, ”პეჟო” 308 RCZ-ს ეტაპობრივ რეკლამირებას შეუდგა, რომლის პირველი საფეხურიც, ოფიციალური ფოტო ტისერის გამოქვეყნება გახდა. მართალია, ფოტოებზე ავტომობილის მხოლოდ ცალკეული სეგმენტები ჩანს, მაგრამ ესეც საკმარისია მივხვდეთ, რომ ახალი კუპე ორი წლის წინ, იმავე ფრანკფურტში ნაჩვენები კონცეპტუალური ავტომობილის (პეჟო 308 RCZ) საწარმოო ვერსიაა.

”პეჟო 308 RCZ” თავისი ექსტრემალური გარეგნობით გამოირჩევა. პირველ რიგში, ამ ექსტრემიზმს ხაზს მშვილდის სილუეტის მქონე სახურავი, დიდი, გამობერილი საბორბლე თაღები და მათი დამაკავშირებელი ზღურბლი უსვამს, რომელთა შორისაც კარია ”ჩამალული”. ავტომობილში ჩასაჯდომი ფორმულაა 2+2, ანუ ორი სრულფასოვანი ადგილი და ამდენივე ფსევდო ადგილი, სადაც ბავშვიც კი გაჭირვებით ჩაეტევა.

”პეჟო 308 RCZ-ს” დამზადებისას გამოიყენებულია ალუმინი და კარბონის კომპოზიტი, რისი წყალობითაც, ის 1 200 კილოგრამს იწონის. ამ ეტაპზე, ახალი ავტომობილის ტექნიკური აღჭურვილობის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი. ვარაუდები კი კონცეპტუალური მოდელის მიხედვით შეიძლება, რომელიც ”პეჟო 207-სგან” ნასესხები 1.6-ლიტრიანი, 218-ცხენისძალიანი ტურბოძრავით იყო აღჭურვილი. არის ლაპარაკი იმაზე, რომ ეს ძრავი ფორსირებას გაივლის, რის შემდეგაც, მისი სიმძლავრე 250 ცხენის ძალამდე გაიზრდება.

”ჯენერალ მოტორსი” ძველ რეკლამებს აუქმებს

General Motors Company

14 ივლისიFont size

გუშინ ”ჯენერალ მოტორს კომპანიმ” გამოაცხადა, რომ აუქმებს მისი წინამორბედის მიერ სხვადასხვა კომპანიებთან გაფორმებულ 54 სარეკლამო კონტრაქტს. ამ კონტრაქტებს შორის კი უძველესი ნიუ იორკის ტაიმს სკვერის ბილბორდები და ”შევროლეს” საათია, რომლებიც მსოფლიოს საქმიანი სამყაროს ცენტრის შენობათა კედლებიდან გასული საუკუნის 30-იანი წლებიდან არ მოხსნილა.

ამ ნაბიჯის გადადგმას ახალ ”ჯენერალ მოტორსს” ფედერალურ მოსამართლე რობერტ გერბერის განკარგულება აიძულებს. ეს მოსამართლე ”ჯენერალ მოტორსის” გაკოტრების საქმეს უძღვება. ძველი ”ჯენერალ მოტორსის” მიერ გაფორმებული ძვირადღირებული სასპონსორო კონტრაქტები განახლებული და გაკოტრების რეჟიმიდან ახლახანს გამოსული კომპანიის რესტრუქტურიზაციის პროცესში უქმდება.

გარდა იმისა, რომ ტაიმს სკვერზე თავის ბილბორდებს ხსნის, ”ჯენერალ მოტორსი” ასევე შეწყვეტს ჩრდილოეთ ამერიკის უდიდეს სარბოლ ტრეკებზე VIP ლოჟების დაფინანსებას. ასევე შეწყდება გოლფის პრესტიულ ტურნირ ”არნოლდ პალმერ ინვიტეიშნლ-ის” და ქალაქ ლენსინგის (შტატი მიჩიგანი) ბეისბოლის არენის დაფინანსება.

აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ გაკოტრებამდე, ”ჯენერალ მოტორსმა” სპონსორობა სახელოვან გოლფმენ ტაიგერ ვუდსს შეუწყვიტა. გარდა ამისა, კომპანია აღარ არის ”ოსკარის” დაჯილდოების ცერემონიისა და ამერიკული ფეხბურთის ფინალური შეხვედრის (სუპერ ბოულის) სპონსორი.

სხვათა შორის, გაკოტრების მიუხედავად, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, რეკლამაზე გაღებული თანხის მოცულობით (424 მილიონი დოლარი), ”ჯენერალ მოტორსი” აშშ-ის უმსხვილეს რეკლამის მიმცემთა ხუთეულში შევიდა. ამ სიაში კი მასზე წინ ისეთი გიგანტები იმყოფებიან, როგორებიცაა ”პროქტერ ენდ გემბლი”, ”ვერიზონ კომუნიკეიშნი” და AT&T.

”კიამ” მოდელი ”ს’იიდ” განაახლა

KIA Cee'd

14 ივლისი

კორეულმა კომპანია ”კიამ”, რომელიც ”ჰიუნდაის” ჯგუფში შედის, თავისი პოპულარული ავტომობილი - ჰეჩბეკი ”ს’იიდ-ი” განაახლა. ინტერნეტით ახალი ”ს’იიდ-ის” პირველი ფოტოებიც უკვე გამოქვეყნდა, რომელთა მიხედვითაც შეიძლება ითქვას, რომ ავტომობილზე შეცვლილია რადიატორის ჰაერის ამღებები, წინა ბამპერი უფრო მასიურია. რადიატორის ბადის მოყვანილობა უფრო ”უხეში” გახდა, ქვედა ჰაერის ამღები კი ისევ ტრაპეციის ფორმისაა, თუმცა ის ადრე ამობრუნებული იყო, ახლა კი ”გასწორდა”. მის ორივე ბოლოში მოთავსებულმა ნისლსაწინააღმდეგო ფარებმა კი ოთხკუთხა ფორმა მიიღო.

აღსანიშნავია, რომ განახლებული ”ს’იიდ-ის” გარეგნობაზე მუშაობას ცნობილმა გერმანელმა დიზაინერმა პეტერ შრეიერმა უხელმძღვანელა, ვინც ”აუდისა” და ”ფოლკსვაგენში” მუშაობისას გაითქვა სახელი, ამჟამად კი კორეული კომპანიის ევროპული დიზაინ ცენტრის შეფია, რომელიც ფრანკფურტში მდებარეობს.

ინტერნეტით გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ახალი ”ს’იიდ-ი” ძრავების იმავე გამას მიიღებს, რომლებიც უკვე გამოიყენება ახალ ”ფორტესა” და ”ოპტიმაზე”. ამ გამაში ბენზინის სამი და დიზელის ორი ძრავი შედის. ბენზინის აგრეგატების მუშა მოცულობებია 1.4, 1.6 და 2.0 ლიტრი. შესაბამისად, მათი სიმძლავრე 109, 122 და 140 ცხენის ძალაა. რაც შეეხება დიზელის აგრეგატებს, 1.6-ლიტრიანის სიმძლავრე 115, 2.0-ლიტრიანისა კი 140 ცხენის ძალას აღწევს. ბენზინის და დიზელის 1.6-ლიტრიანი ძრავებით აღჭურვილი ვარიანტებისთვის, ხელმისაწვდომია სისტემა სტოპ/სტარტი, რომელიც ავტომობილის ეკონომიურობას აუმჯობესებს. მოგვიანებით, ”კია” ამ სისტემას უკლებლივ ყველა ”ს’იიდ-ზე” დააყენებს.

განახლებული ”ს’იიდ-ის” პრემიერა ფრანკფურტის შოუზე იგეგმება. სამწუხაროდ, საქართველოში მისი შემოტანა ჯერჯერობით არ იგეგმება.

Monday, July 13, 2009

უნიკალური სარბოლი ”მილერი” აუქციონზე გაიყიდება

Miller V16

13 ივლისი

1931 წელს გამოშვებული სარბოლი ავტომობილი ”მილერ V16” შტატ კალიფორნიის ქალაქ მონტერეიში, კომპანია ”RM ოქშენზის” მიერ ორგანიზებულ აუქციონზე გაიყიდება. მის გარდა, იმავე აუქციონზე გასაყიდად გამოიტანენ ”მილერის” კიდევ ერთ სარბოლ ქმნილებას, 1927 წელს გამოშვებულ ”მილერ 91-ს”. ორივე ავტომობილი კომპანია ”მილერის” რარიტეტული ავტომობილების თავგამოდებული კოლექციონერის, ჩაკ დევისის კოლექციიდანაა.

”მილერ V16” ჰარი მილერის მიერ გამოშვებული ერთადერთი ავტომობილია, რომელსაც V16 კონფიგურაციის ძრავი აქვს. ჩაკ დევისის კოლექციაში ის 1978 წელს მოხვდა, მის მფლობელს კი ინდიანაპოლისის 500-მილიან რბოლაზე სახელმოხვეჭილი ავტომობილის რესტავრაციისთვის 14 წელი დასჭირდა. განახლებული ავტომობილი ტესტირებისათვის, ის ინდიანაპოლისის ტრეკს დაუბრუნდა.

აღდგენილი ”მილერ V16” საზოგადოებამ პირველად მონტერეის ისტორიული ავტომობილების გარბენსა და პებლ ბიჩის (კალიფორნია) ელეგანტურობის კონკურსზე იხილა. 13-15 აგვისტოს კი მონტერეის აუქციონზე მასში 600 000-დან 1 მილიონ დოლარადე მოითხოვენ.

”დოჯ ვაიპერს” გადარჩენის შანსი მიეცა

Dodge Viper

13 ივლისი

კრიზისის გამო, ”კრაისლერი” თავისი ერთადერთი სუპრავტომობილის - ”დოჯ ვაიპერის” ცალკე ბრენდად გაყიდვას აპირებდა. შარშან, ამერიკულმა კომპანიამ მისი შეძენის მსურველთაგან რამდენიმე წინადადება მიიღო. მაგრამ შემდეგ გაირკვა, რომ გაკოტრება გარდაუვალი იქნებოდა, რის გამოც, ”კრაისლერის” მთავარმა აღმასრულებელმა ბობ ნარდელიმ ცოტა ხნით მოცდა ამჯობინა. თუმცა, ნებისმიერ ვარიანტში გადაწყვეტილი იყო, რომ დეტროიტული ქარხანა ”ვაიპერს” დეკემბრიდან აღარ გამოუშვებდა.

მაგრამ რამდენიმე დღის წინ, ”კრაისლერის” ხელმძღვანელობამ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ სუპერავტომობილ ”ვაიპერ SRT-10-ის” წარმოება აღარ შეწყდება. ”დოჯის” აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკ აკავიტიმ განაცხადა, რომ ”დოჯ ვაიპერმა” სუპერავტომობილების მოყვარულთა გულებში ადგილი სამუდამოდ დაიკავა. კომპანია ამაყობს იმით, რომ ეს ავტომობილი პლანეტის სუპერავტომობილების ელიტის წევრი და ”დოჯის” ნამდვილი იკონაა, რომელზეც უარის თქმა დიდი შეცდომა იქნებოდა.

”დოჯ ვაიპერის” კონცეპტუალური ვერსია პირველად ნიუ იორკის 1989 წლის ავტო შოუზე გამოჩნდა, ერთი წლის შემდეგ, კომპანიაში მისი წარმოების გადაწყვეტილება მიიღეს, კიდევ ორი წლის შემდეგ კი მისი გაყიდვები დაიწყო. ახლანდელი ”ვაიპერი” მეოთხე თაობის მოდელია და ის 8.4-ლიტრიანი V10 ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 600 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. მასთან კი 6-საფეხურიანი მექანიკური კოლოფია შეწყვილებული. ამ აგრეგატების მეშვეობით, ”ვაიპერ SRT-10” ადგილიდან 100 კმ/სთ-ს 4 წამზე ნაკლებში იღებს, 160 კმ/სთ-მდე კი 12 წამი სჭირდება. ამერიკაში ”ვაიპერის” საბაზო ღირებულება 91 220 დოლარია.

წარმოების დაწყებიდან მოყოლებული, ”კრაისლერმა” სულ 25 000 ”ვაიპერზე” მეტი გაჰყიდა.

”მერსედესი” სუპერ ელექტრომობილს გამოუშვებს

all-electric SLS gullwing

13 ივლისი

შესაძლოა, ბევრს არ მოსწონს ის, რომ მალე, საერთო სარგებლობის გზებზე ელექტრომობილები გამოჩნდება, რომლებიც თანდათან ჩაანაცვლებენ გარემოს დამაბინძურებელ შიდაწვისძრავიან ავტომობილებს. და ნუ იდარდებთ იმაზე, რომ ელექტრომობილები სუპერავტომობილების დინამიკას ვერასდროს შესწვდებიან. ჯერ ერთი, ეს მცდარი შეხედულებაა, რომელმაც დღემდე წინა საუკუნის დასაწყისიდან მოაღწია. მეორეც, სუპერავტომობილებს ხომ მხოლოდ უმდიდრესი ადამიანები ყიდულობენ, ასეთები კი ჩვენს შორის, ესე იგი, ამ ბლოგის მკითხველთა შორის ნაკლებად მეგულებიან.

ზემოთ რომ მცდარ შეხედულებაზე მოგახსენეთ, ერთ-ერთმა პირველმა ის კალიფორნიულმა კომპანია ”ტესლამ” გააქარვა, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა, ”ლოტუს ელისის” ბაზაზე ელექტრულ სუპერავტომობილს (სახელად როდსტერი) აწარმოებს, რომელიც აშშ-ში იმდენად პოპულარულია, რომ მისი სხვა ბაზრებზე, მათ შორის, ევროპულ ბაზარზე გატანაც გადაწყდა.

და რახან ასეა, მაშინ ავტოინდუსტრიის ვეშაპებს დიდხანს უქმედ ყოფნა როგორ შეეძლოთ. ჰოდა, მათგან პირველები რეაგირებას ”მერსედეს-ბენცი” და მის ჯგუფში შემავალი სატუნინგო კომპანია AMG აპირებენ, რომლებიც სუპერავტომობილ ”SLS AMG გალვინგის” (გალვინგ - თოლიას ფრთა) ბაზაზე ელექტრომობილის გამოშვებას 2015 წელს გეგმავენ.

აღსანიშნავია, რომ ”SLS AMG გალვინგის” წარმოება ჯერ არ დაწყებულა. უფრო მეტიც, ის კონცეპტუალური მოდელის სახითაც კი არავის უნახავს. ტესტირების დროს, მას ძლიერ შენიღბულს პერიოდულად კი უღებენ ფოტოებს, მაგრამ ავტომობილის შესახებ რაიმე დაზუსტებული ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა. ახლახანს კი გერმანულმა გამოცემა ”აუტო მოტორ უნდ შპორტმა” გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ”SLS AMG გალვინგი” შეიძლება პირველად ფრანკფურტის წლევანდელ მოტორ შოუზე ეჩვენოს საზოგადოებას.

გერმანული ჟურნალის ცნობით, ელექტრომობილი ”SLS AMG გალვინგის” (სურათზე მისი ოფიციალური ესკიზია) ანალოგიურ ძარათი და ”თოლიას ფრთის” ტიპის კარებით შეიმოსება, თუმცაღა სრულიად განსხვავებულ შასიზე აიგება და საკიდარსაც განსხვავებულს მიიღებს, რასაც ელექტრომობილის თავისებურებანი განაპირობებს.

პირველი თავისებურება ისაა, რომ ელექტროძრავები, რომელთა სიმძლავრე 133 ცხენის ძალა იქნება, ოთხ ბორბალში მოთავსდება. შესაბამისად, მათი ჯამური სიმძლავრე 532 ცხენის ძალას, მაბრუნი მომენტი კი 880 ნიუტონმეტრს მიაღწევს. შედარებისთვის, შიდაწვისძრავიანი ”SLS AMG გალვინგი” 6.3-ლიტრიანი ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 571 ცხ. ძ-ს და 649 ნმ-ს იძლევა. AMG-დან გამოსული ინფორმაციით, ელექტრომობილი ადგილიდან 100 კმ/სთ-ის აკრეფას 4 წამს მოანდომებს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი დაახლოებით 200 კმ/სთ იქნება. სამაგიეროდ, სრულად დამუხტული ლითიუმ-იონური აკუმულატორები მას 150-180 კილომეტრს გაატარებს, მათი სრულად დამუხტვისთვის კი 5-6 საათი იქნება საჭირო.

Sunday, July 12, 2009

უებერის პირველი გამარჯვება

F1-German GP

12 ივლისი
ავსტრალიელ მარკ უებერს დღევანდელი დღე არასდროს დაავიწყდება - ფორმულა ერთის მსოფლიო ჩემპიონატზე 130-ე სტარტი კარიერაში პირველი გამარჯვებით აღინიშნა და რაც მთავარია, ამ მოგბით, ამიერიდან ტიტულის მაძიებელთა სიაში შევიდა. უებერმა სტარტზე დაკარგული პოზიციაც აღიდგინა, რბოლის დროს პიტლაინზე საჯარიმო გავლისას დაკარგული დროც აინაზღაურა, ყველა მეტოქე ჩამოიტოვა და ფინიშის ხაზიც პირველმა გადაკვეთა, რითაც დუბლი (პოული-გამარჯვება) შეასრულა.

”მარკ უებერ, შენ დიდი პრიზის გამარჯვებული ხარ. გილოცავთ, შესანიშნავი რბოლა ჩაატარე”, - გამარჯვებულს რადიოთი მიულოცა ”რედ ბულის” შეფმა კრისტიან ჰორნერმა. თავად უებერს ლაპარაკის თავიც აღარ ჰქონდა, ბოქსებისკენ გზაზე სულ ”იეს, იეს” იყვირა, მერე, მანქანიდან ამოსულმა ერთი კიდევ შეუძახა და კვარცხლბეკისკენ გაეშურა.

”ვერ წარმოიდგენთ, როგორ მინდოდა გამარჯვება, ახლა კი მეცხრე ცაზე ვარ. ეს დღე არასდროს დამავიწყდება”, - განაცხადა 32 წლის უებერმა, ვისაც ერთ-ერთმა პირველმა მამამ მიულოცა. ამ გამარჯვებით, უებერმა ერთი საინტერესო რეკორდი დაამყარა, რომელიც აქამდე რუბენს ბარიკელოს ეკუთვნოდა. რეკორდი ფ1-ში სადებიუტო რბოლასა და პირველ გამარჯვებას შორის გამოსვლების რაოდენობაა. უებერის შემთხვევაში, ეს რიცხვი 130-ია, ბარიკელომ კი თავისი პირველი გამარჯვება 124-ე რბოლაზე მოიპოვა.

თავის მხრივ, ბრწყინვალე რბოლა ჩაატარა ბარიკელომაც, ვინც სტარტზევე შეძლო უებერის გასწრება, ვისთანაც ერთ მომენტში მცირე შეჯახებაც მოუვიდა. თუმცა, ეს ინციდენტი ორივე პილოტისთვის მანქანის დაუზიანებლად დასრულდა.

საერთოდ, გერმანიის დიდი პრიზი, ამ სეზონში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და დაძაბული გამოდგა. განსაკუთრებით ეს სტარტზე ითქმის. მწვანე ნიშანზე, ყველაზე კარგი რეაქცია ბარიკელომ გამოავლინა, კიდევ უფრო სწრაფები კი ”ფერარის” და ”მაკლარენის” პილოტები გამოდგნენ, რომლებმაც ”კერს-ის” დახმარებით, პირველივე მეტრებზე რამდენიმე ადგილით გაიუმჯობესეს პოზიცია. ყველაზე წინ კი მსოფლიო ჩემპიონი ლუის ჰამილტონი გაიჭრა, რომლის ”მაკლარენმაც” პირველ მოსახვევში ყველაზე ადრე ”შეჰყო ცხვირი”, მაგრამ ბრიტანელს მეტისმეტი მოუვიდა - დამუხრუჭება დაუგვიანდა, რის გამოც, მოსახვევში ფართოდ შევიდა და წინ რამდენიმე მანქანა გაუშვა. მერე კი, სასტარტო ქაოსში უკანა მარჯვენა საბურავი გაუსკდა, რის გამოც, ბოქსში შესვლა მოუხდა.

სამაგიეროდ, მესამე პოზიციაზე მისმა თანაგუნდელმა ჰეიკი კოვალაინენმა გადაინაცვლა, რომელსაც კვალში ფელიპე მასა, ბატონი და სებასტიან ფეტელი ჩაუდგნენ.

სასტარტო ინციდენტის გამო, რბოლის სტიუარდებმა უებერი პიტლაინზე საჯარიმო ვიზიტისთვის გამოიძახეს. ავსტრალიელმა ჯარიმა მაშინ მოიხადა, როდესაც ბარიკელო ბოქსში რეზინის შესაცვლელად შევიდა, ხუთი წრის შემდეგ კი თავადაც შეცვალა საბურავები და ტრასაზე დაბრუნებული, მე-7 ადგილზე აღმოჩნდა. თუმცა, წინ მყოფების ბოქსში შესვლით ისარგებლა და მალე მეორეზე გადაინაცვლა. თანაც, ბარიკელოსაც წამოეწია.

მეორე პიტ სტოპზე, ბოქსში ბარიკელოს პრობლემა შეექმნა - მისი საწვავით გასაწყობი დანადგარი გაჭირვეულდა, რამაც ბრაზილიელს ბევრი დრო დააკარგვინა. ”რედ ბულის” ორივე პილოტს გაცილებით გვიანი მეორე პიტ სტოპი ჰქონდა, მაგრამ ტრასაზე დაბრუნებული ფეტელი მაინც ”ბრაუნების” უკან, მე-6 ადგილზე აღმოჩნდა. თუმცა, მალე გაირკვა, რომ ბატონს და ბარიკელოს თითო (რბოლაში მესამე) პიტ სტოპი შესასრულებელი ჰქონდათ. ტრასაზე დაბრუნებულები კი მოწინავე სამეულიდან კარგა მოშორებით ამოყვეს თავი და ჩამორჩენის აღმოფხვრაც ვეღარ შეძლეს. საბოლოოდ, ბატონი მე-5 ადგილს დასჯერდა, ბარიკელო კი - მე-6-ს.

მესამე ადგილზე კი ფელიპე მასა გავიდა, რომელსაც ”ფერარის” მიერ შემუშავებულმა ტაქტიკამ კარგი სამსახური გაუწია. ესეც რომ არა, ბრაზილიელმა მთელი რბოლა ბრწყინვალედ ჩაატარა და დამსახურებულად ავიდა კვარცხლბეკზე. მასავით, ასევე გააზრებული ტაქტიკის წყალობით, გერმანელმა ნიკო როსბერგმა მეოთხე ადგილი დაიკავა. თუმცა, რომ არა ”ბრაუნის” მცდარი ტაქტიკა, მასაც და როსბერგიც ორ-ორი ადგილით უკან იქნებოდნენ.

ამგვარად, ბატონმა ჩემპიონატში სოლიდური უპირატესობა შეინარჩუნა. ის ახლა 21 ქულას უგებს უახლოეს მდევარ ფეტელს, ვისაც 1.5 ქულით უებერი ჩამორჩება. კიდევ 1.5 ქულით უკანაა ბარიკელო. ნურბურგრინგზე მოპოვებული მორიგი დუბლით, ”რედ ბულმა” კონსტრუქტორთა პირველობაზე 19.5 ქულამდე შეამცირა ჩამორჩენა ლიდერ ”ბრაუნთან”, რომელიც მომდევნო ეტაპებისთვის გაუმჯობესებული მანქანის გამოყვანას გეგმავს.

მომდევნო ეტაპს კი ორ კვირაში ბუდაპეშტის ჰუნგარორინგი უმასპინძლებს.

გერმანიის დიდი პრიზი

ნურბურგრინგი. დისტანცია 308.863 კმ (5.148 კმ - 60 წრე)

პილოტი (გუნდი) დრო (ჩამორჩენა)

1. მარკ უებერი (რედ ბულ-რენო) 1:36:43.310 (3)

2. სებასტიან ფეტელი (რედ ბულ-რენო) + 9.252 (2)

3. ფელიპე მასა (ფერარი) + 15.906 (2)

4. ნიკო როსბერგი (უილიამს-ტოიოტა) + 21.099 (2)

5. ჯენსონ ბატონი (ბრაუნ-მერსდესი) + 23.609 (3)

6. რუბენს ბარიკელო (ბრაუნ-მერსედესი) + 24.468 (3)

7. ფერნანდო ალონსო (რენო) + 24.888 (2)

8. ჰეიკი კოვალაინენი (მაკლარენ-მერსედესი) + 58.692 (2)

9. ტიმო გლოკი (ტოიოტა) + 1:01.457 (1)

10. ნიკ ჰაიდფელდი (BMW-ზაუბერი) + 1:01.925 (2)

11. ჯანკარლო ფიზიკელა (ფორს ინდია-მერსედესი) + 1:02.327 (2)

12. კაზუკი ნაკაძიმა (უილიამს-ტოიოტა) + 1:02.876 (2)

13. ნელსინიუ პიკე (რენო) + 1:08.328 (2)

14. რობერტ კუბიცა (BMW-ზაუბერი) + 1:09.555 (2)

15. ადრიან სუტილი (ფორს ინდია-მერსედესი) + 1:11.941 (3)

16. სებასტიან ბუემი (ტორო როსო-ფერარი) + 1:30.225 (2)

17. იარნო ტრული (ტოიოტა) + 1:30.970 (3)

18. ლუის ჰამილტონი (მაკლარენ-მერსედესი) + 1 წრე (2)

გამოთიშნენ

კიმი რაიკონენი (ფერარი) 25-ე წრე (ძრავი)

სებასტიან ბურდე (ტორო როსო-ფერარი) 41-ე წრე (მექანიკა)

უსწრაფესი წრე: ფერნანდო ალონსო - 1:33.365 (49-ე წრე)

პირადი ჩათვლა: 1. ჯენსონ ბატონი 68 ქულა; 2. სებასტიან ფეტელი 47; 3. მარკ უებერი 45.5; 4. რუბენს ბარიკელო 44; 5. ფელიპე მასა 22; 6. იარნო ტრული 21.5; 7. ნიკო როსბერგი 20.5; 8. ტიმო გლოკი 13; 9. ფერნანდო ალონსო 13; 10. კიმი რაიკონენი 10; 11. ლუის ჰამილტონი 9; 12. ნიკ ჰაიდფელდი 6; 13. ჰეიკი კოვალაინენი 5; 14. სებასტიან ბუემი 3; 15. რობერტ კუბიცა 2; 16. სებასტიან ბურდე 2

კონსტრუქტორთა პირველობა: 1. ბრაუნ-მერსდესი 112; 2. რედ ბულ-რენო 92.5; 3. ტოიოტა 34.5; 4. ფერარი 32; 5. უილიამს-ტოიოტა 20.5; 6. მაკლარენ-მერსედესი 14; 7. რენო 13; 8. BMW-ზაუბერი 8; 9. ტორო როსო-ფერარი 5

ფერარის სტრატეგიის იმედი აქვს

Ferrari

12 ივლისი

ფელიპე მასა პიტლაინზე

.................................................

”ფერარის” ორივე პილოტი სასტარტო რიგის მოწინავე ათეულში დგას და ამით, გუნდი კმაყოფილია, თუმცა მარანელოელებს კარგად ესმით, რომ გარკვეულწილად, ეს ამინდით გამოწვეულმა ქაოსმა განაპირობა. სინოპტიკოსები წვიმას რბოლის დროსაც ვარაუდობენ, თუმცა ძლიერ წვიმას არ ელიან და ფიქრობენ, რომ მალე გადაიღებს. და ალბათ, ტრასაც მალე გაშრება. რა თქმა უნდა, გუნდები ამინდის ჭირვეულობისთავის წინდაწინ ემზადებიან და სხვადასხვა სარბოლო ტაქტიკას ამუშავებენ.

”საკმაოდ დამაკმაყოფილებელი შედეგია. მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რაოდენ რთულ მეტეოპირობებში ჩატარდა რბოლა. ჩვენი მთავარი ამოცანა ათეულში მოხვედრა იყო. ეს საკმაოდ ძნელი იყო, რადგან იმ ორი გუნდისგან განსხვავებით, რომლებიც ტიტულისთვის იბრძვიან, დანარჩენებმა მეტნაკლებად თანაბარი დროები აჩვენეს. ზოგს კი მოულოდნელი პროგრესი ჰქონდა. ამინდის გამო, ხვალინდელი რბოლაც ალბათ ქაოსური იქნება. ჩვენ ძალიან გვინდა, რომ ჩვენმა ორივე პილოტმა ქულების აღება შეძლოს და ამისათვის, ნებისმიერი, თუნდაც უმცირესი შესაძლებლობის გამოყენება გვმართებს”, - ამბობს ”ფერარის” შეფი სტეფანო დომენიკალი.

ფელიპე მასას თქმით, კვალიფიკაცია ნამდვილი ლატარეა გამოდგა - თავიდან ტრასა მშრალი იყო, შემდეგ ორჯერ გაწვიმდა და ორივეჯერ ასფალტი ისევ გაშრა. გზის კონდიცია მუდმივად იცვლებოდა, რაც საქმეს ერთი-ორად ართულებდა. ”უფრო მეტის მიღწევაც შეგვეძლო, მაგრამ მეორე მხრივ, უარესი შედეგიც რეალური იყო. მე-8 შედეგით ძლიერ გახარებული არ ვარ, მაგრამ არც საწუხარი მაქვს. ჩვენ კარგი ტაქტიკა შევარჩიეთ, რითაც ქულების მოპოვების რეალური შანსი გვაქნება, მაგრამ კვარცხლბეკზე ასვლა ძალიან გაგვიჭირდება”, - ამბობს ბრაზილიელი.

ანალოგიურ განწყობაზეა მისი თანაგუნდელი კიმი რაიკონენიც. ის ამბობს, რომ კვალიფიკაციაზე ნაჩვენები შედეგებით, ძალთა თანაფარდობის განსაზღვრა შეუძლებელია. ამასთან, სესიის ბოლოს ახალი საბურავების კომპლექტი რომ შემორჩენოდა, უკეთეს დროსაც აჩვენებდა.

”ნორმალურ პირობებში უკეთესი დროც მექნებოდა. და მაინც, ვერ ვიტყვი, რომ რბოლისთვის ცუდად ვართ მომზადებულნი. კარგი ტაქტიკა გვაქვს შემუშავებული, რომლის მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენებასაც ვეცდებით”, - ამბობს ”აისმენი”.

გუნდში იმედოვნბენ, რომ რბოლის დასაწყისშ წვიმა არ იქნება. ამასთან, სტარტ/ფინიშის გრძელი სწორი სისტემა ”კერს-ის” ეფექტურად გამოყენების საშუალებას იძლევა. დაკიდევ, ორივე ”ფერარის” ავზში იმაზე მეტი საწვავი ასხია, ვიდრე წინა პოზიციებზე მდგარი ბოლიდების ავზებში. ესე იგი, მარანელოელები შედარებით გვიან პიტ სტოპებს გეგმავენ, რაც შუა რბოლაში მათ გარკვეულ უპირატესობას მისცემს...

ლოებს ფორმულა 1-ში გადასვლს სურს

Formula 1

11 ივლისი

ფრანგულ გაზეთ ”ეკიპის” ცნობით, კლასიკურ რალიში მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონმა, ფრანგმა სებასტიან ლოებმა ”ტორო როსოს” ხელმძღვანელობას განუცხადა, რომ თავისი კარიერის ფორმულა 1-ში გაგრძელებითაა დაინტერესებული და მზადაა, გუნდში თავისი თანამემამულე სებასტიან ბურდე შეცვალოს.

”ტორო როსოდან” ბურდეს გაშვება კი ფაქტობრივად გადაწყვეტილია. იმავე ”ეკიპთან” საუბარში, გუნდის შეფმა ფრანც ტოსტმა განაცხადა, რომ გუნდში ბურდეს დარჩენა იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ იასპარეზებს ის გერმანიის დიდ პრიზზე. სავარაუდოდ, სწორედ ნურბურგრინგის შემდეგ უნდა ველოდოთ ”ტორო როსოში” ცვლილებას.

ვრცელდება ხმები იმის შესახებ, რომ უნგრეთის დიდ პრიზზე ბურდეს ნაცვლად ”ტორო როსოს” სათადარიგო პილოტს, ესპანელ ხაიმე ალგერსუარის ვიხილავთ. მაგრამ არც ისაა გამორიცხული, რომ გუნდის ხელმძღვანელობამ გაცილებით გამოცდილი და სახელოვანი ლოები არჩიოს, რომელსაც დამატებითი რეკლამის მოზიდვაც შეუძლია.

”ჯერჯერობით, ფორმულა 1-ის და რალის მსოფლიო ჩემპიონატის ეტაპები დროში ერთმანეთს არ ემთხვევა. ამიტომ, ყველაფერი შესაძლებელია. თუ ”ტორო როსოში” ვაკანსია გამოჩნდება, მის დასაკავებლად მზად ვარ. მინდა ვთქვა, რომ რალისა და ფორმულა 1-ს შორის დიდი სხვაობაა. ფორმულა გაცილებით დამღლელია და კარგ ფიზიკურ გამძლეობას მოითხოვს, 70 წრის გასაძლებად კი დღეს მზად არ ვარ”, - ”ეკიპთან” საუბრისას განაცხადა ლოებმა.

ცნობისათვის, სეზონებს შორის, რალის ფრანგმა ლეგენდამ ”რედ ბულის” ტესტებში მიიღო მონაწილეობა და საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ”ეკიპი” კი ფვამცნობს, რომ ცოტა ხნის წინ, ლოები მილტონ კეინსში, ”რედ ბულის” შტაბ-ბინაში იმყოფებოდა, სადაც სარბოლ სიმულატორზე ინტენსიური მზადების კურსი გაუვლია.

და მაინც, უნდა აღინიშნოს, რომ ამჟამად ლოები რალის მსოფლიო ჩემპიონატზე, მეექვსე ტიტულისთვის იბრძვის და ამიტომ, ფორმულა 1-ში მისი გადასვლა ნაკლებად სავარაუდოა. მაგრამ როდესაც მას ”სიტროენთან” კონტრაქტი ამოეწურება, გამორიცხული არაფერი იქნება.

”სიტროენის” საქარხნო გუნდის შეფი ოლივიე კვესნელი დარწმუნებულია, რომ ლოები ბურდეს არ შეცვლის: ”სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ”ტორო როსოში” ბურდეს ლოები არ შეცვლის. საერთოდ, არ მიკვირს, რომ სებასტიანს ფორმულა ერთში გამოსვლის სურვილი აქვს. ეს მისი ოცნებაა. მაგრამ ტყუილი ოცნება უსარგებლო და მავნებელია”.

დაბოლოს, გარდა იმისა, რომ ხუთჯერ იყო რალის მსოფლიო ჩემპიონი, ლოებს სხვა რბოლებშიც გამოუჩენია თავი. მაგალითად, სამჯერ მოიგო ჩემპიონთა რბოლა, რომელშიც სხვადასხვა სერიის (მათ შორის, ფ1-ისაც) საუკეთესო პილოტები მონაწილეობან, სამი წლის წინ კი, ლე მანის 24-საათიან რბოლაში მეორე ადგილი დაიკავა. რაც შეეხება ბურდეს, 2004-2007 წლებში ის ზედიზედ ოთხჯერ გახდა ჩემპ ქარის (წლევანდლამდე ინდი ქარის კონკურენტი სერია იყო) მსოფლიო სერიის ჩემპიონი.

ჰამილტონი: მაკლარენი მალე ისევ მოიგებს

Hamilton: McLaren will win again soon

12 ივლისი

გერმანიის დიდი პრიზის კვალიფიკაციაზე მეხუთე შედეგის ჩვენების შემდეგ, მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ ლუის ჰამილტონს ოპტიმიზმი მოეძალა და განაცხადა, რომ ახლა უკვე დროის ამბავია, თუ როდის დაიწყებს მისი გუნდი გამარჯვებებს.

”ამ შედეგმა ჩვენი, გუნდური სულისკვეთება გააუმჯობესა. ჩემთვის, როგორც მრბოლისთვის, დიდი მნიშვნელობა აქვს იმის ცოდნას, რომ ბრძოლა შემიძლია. ეს მე ოპტიმისტურად განმაწყობს. გუნდს თავი არ დაუზოგავს, რომ ჩემთვის კონკურენტუნარიანი მანქანა მოემზადებინა. თანაც, ეს მხოლოდ დასაწყისია. მანქანა კიდევ უფრო სწრაფი იქნება, როდესაც მის ახალ მოდიფიკაციას მოვამზადებთ. ამჯერად კი მასზე სპონტანურად რამდენიმე ახალი დეტალი დავაყენეთ. თუმცა, ჯერაც დიდი გზა გვაქვს გასავლელი იმისათვის, რომ ლიდერებს დავეწიოთ. ჩემი დღევანდელი შედეგი ცვალებადმა ამინდმაც განაპირობა. თუმცა, ახლა თამამად შემიძლია იმის თქმა, რომ მომდევნო რბოლებზე კიდევ უფრო სწრაფები ვიქნებით”, - ამბობს ჰამილტონი, ვინც წინა ოთხი ეტაპი უქულოდ დაასრულა, ამჟამად კი მის ანგარიშზე მხოლოდ 9 ქულა ირიცხება.

”ამ ეტაპზე, ჩვენ მხოლოდ ერთი ნაბიჯით წინ წავიწიეთ. გამარჯვებაზე კი რა გითხრათ. დარწმუნებული ვარ, მალე ჩვენ ისევ დავიწყებთ მოგებისთვის ბრძოლას. მე ვამაყობ იმით, რასაც ასეთ მოკლე დროში გუნდმა მიაღწია. მთელი სეზონის განმახლობაში, ოდნავაც არ მოვდუნებულვართ. ბიჭები თავაუღებლად მუშაობენ. ისინი გაძლების ზღვარზე არიან, მათი გარჯის შედეგი კი მართლაც ფანტასტიურია. ისინი რომ არა, აქ ახალი დეტალები არ გვექნებოდა, მათ გარეშე კი წინსვლა წარმოუდგენელი იყო. აქამდე ჩვენ მაჩანჩალები ვიყავით. ახლა კი სწორ გზაზე გამოვედით და ამ ახალი გამზირის შესწავლას ვიწყებთ. თითებგადაჯვარედინებული ვიტყვი, რომ გვირაბის მეორე ბოლოში სინათლე გამოჩნდა და მჯერა, რომ რბოლებში წარმატებები ჯერაც წინ გვაქვს”, - დასძენს ფ1-ის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი.

ჰამილტონის თქმით, იმას, რომ მანქანას აშკარა წინსვლა აქვს, ჯერ კიდევ თავისუფალი პრაქტიკების დროს მიხვდა: ”ჩემი თავდაჯერებულობა თანდათან იზრდებოდა, როცა ვაცნობიერებდი, რომ მანქანის უკანა ბორბლები მოსახვევში გზას ადრინდელივით აღარ სწყდებოდა. წინა რბოლებში, მანქანა მოსახვევებს ძლივს გადიოდა, მუდამ გზიდან გადასვლას ლამობდა. ახლა კი საბურავები ისე მუშაობს, როგორც ჩვენ გვჭირდება. ცოტა დრო გვჭირდება და კიდევ უფრო მეტი წინსვლა გვექნება”.

ცნობისათვის, გერმანიის დიდ პრიზს ორი ნელი ეტაპი მოჰყვება ბუდაპეშტსა (უნგრეთი) და ვალენსიაში (ესპანეთი). ნელი ტრასა კი ”მაკლარენს” კარგი შედეგის ჩვენების საშუალებას მისცემს. ამასთან, გარდა იმისა, რომ გუნდი MP4-24-ის სრულყოფაზე ინტენსიურად მუშაობს, უნგრული ეტაპის შემდეგ, ახალი, სამერმისო ბოლიდის შემუშავებასაც დაიწყებს.

Saturday, July 11, 2009

უებერის ”განსაკუთრებული დღე”

Formula 1

11 ივლისი

კვალიფიკაციაზე ნაჩვენები საუკეთესო შედეგით, ავსტრალიელმა მარკ უებერმა კარიერაში პირველი პოულ პოზიცია მოიპოვა, თავის გუნდ ”რედ ბულს” კი მორიგი საკვალიფიკაციო რბოლა მოაგებინა. უებერს დიდი შანსი აქვს, საჩემპიონო მარათონში ჩაებას, მაგრამ ამისათვის, სუცილებლად უნდა მოიგოს კვირის რბოლაც. სხვა შემთხვევაში, ალბათ შემდეგ ეტაპებზე გუნდური თამაში და თავის თანაგუნდელ სებასტიან ფეტელის დახმარება მოუწევს, ვისაც ამჟამად მხოლოდ 3.5 ქულით ჩამორჩება.

”ეს ჩემთვის განსაკუთრებული დღეა. პოულთან ახლოს ადრეც არაერთხელ ვყოფილვარ, მაგრამ დღემდე მიზანს ვერ ვაღწევდი. გუნდმა შესანიშნავად იმუშავა. მთელი უქმეები ძალიან სწრაფები ვართ. მესამე სესია ნამდვილი ქაოსი იყო. მეტოქეებმა ნამდვილი გამოცდა მოგვიწყეს და ბედნიერი ვარ, რომ ამას გავუძელით.

მანქანაც ძალიან სწრაფია. მექანიკოსებმა მითხრეს, რომ მისი იდეალურად დარეგულირება ძალიან გაუჭირდათ. საქმეში მათ მეორე სისიის დროს მიღებული ტელემეტრიული მონაცემები დაეხმარა და ამ შედეგების მიხედვით ანალიზი სწრაფად და რაც მთავარია, ხარისხიანად ჩაატარეს. ნებისმიერ შემთხვევაში, ამ ქაოსში სწორი გადაწყვეტილების მიღება მართლაც ძალიან ძნელი იყო.

საერთოდ, ასეთ სიტუაციაში, გუნდის თანამშრომლების გამოცდილების იმედი გაქვს. ჩემთან ბრწყინვალე სპეციალისტები მუშაობენ, რომლებსაც ერთი სიტყვით ესმით, რას ვითხოვ მათგან. მაგრამ წვიმამ მაინც დიდი პრობლემები შეგვიქმნა. ასეთ დროს არასდროს იცი, როდის გაწვიმდება და რა ტიპის საბურავები დაგჭირდება. მაგრა ჩვენ ყველა პრობლემას გავუმკლავდით და ცოტათი იღბალიც დაგვეხმარა. სწორედ ამიტომ შევძელი პოულის მოპოვება.

ვიმედოვნებ, რომ ხვალ გამარჯვებასაც შევძლებ. ამის რეალური შანსი მაქვს. მაგრამ არც იმას ვივიწყებ, რომ ჯენსონი და რუბენსი შესანიშნავ სეზონს ატარებენ. ნებისმიერი წინააღმდეგობისთვის მზად ვარ. ასე რომ, პირველი გამარჯვების მოპოვებას ვაპირებ”, - ამბობს უებერი.

აქვე, ბარემ ერთ საინტერესო ინფორმაციასაც გავეცნოთ. რბოლის წინ გამოქვეყნდა ბოლიდების ის წონები, რომლებითაც ისინი საასპარეზოდ გამოვლენ. თუ არ იცით, გეტყვით, რომ მანქანის წონის მიხედვით შეიძლება ვივარაუდოთ, რამდენად ბევრი საწვავი უსხია პილოტს ავზში, აქედან გამომდინარე, როდის შევა პირველ პიტ სტოპზე და რა ტაქტიკური მონახაზით აპირებს ასპარეზობას.

პილოტი წონა

1. მარკ უებერი                  661.0
2. ბარიკელო                       647.0
3. ბატონი                            644.0
4. ფეტელი                          661.0
5. ჰამილტონი                    654.5
6. კოვალაინენი                 664.0
7. სუტილი                         678.5
8. მასა                                  673.5
9. რაიკონენი                      674.0
10. პიკე                                676.0
11. ჰაიდფელდი                681.0
12. ალონსო                         668.2
13. ნაკაძიმა                        683.6
14. ტრული                         683.7
15. როსბერგი                     689.6
16. კუბიცა                           673.5
17. ბუემი                            674.5
18. ფიზიკელა                    662.5
19. გლოკი                           662.3
20. ბურდე                          689.5

უებერი პირველ პოულს ზეიმობს

Formula 1

11 ივლისი

მარცხნიდან: ჯენსონ ბატონი, მარ უებერი და რუბენს ბარიკელო

”რედ ბულის” ავსტრალიელი მარკ უებერის გამარჯვებით დასრულდა გერმანიის დიდი პრიზის საკვალიფიკაციო რბოლა, რომელიც პერიოდული წვიმის აკომპანიმენტით ჩატარდა. რა თქმა უნდა, წვიმამ გავლენა იქონია კვალიფიკაციის მსვლელობაზე, მის გამო, მესამე სესიაზე ორმა ისეთმა პილოტმა იასპარეზხა, რომლებსაც იქ არავინ ელოდა. თუმცა კვალიფიკაციის ბოლო წუთებში გადაიდო, ტრასამ გაშრობა მოასწრო და მრბოლებმაც ის შედეგები აჩვენეს, რისი თავიც ჰქონდათ.

ყველაზე სწრაფი კი უებერი გამოდგა, ვინც კარიერაში პირველად (130-ე რბოლაში) შეძლო პოულ პოზიციის მოპოვება და ახლა პირველ გამარჯვებაზეც ოცნებობს. უებერმა უკან მოიტოვა ”ბრაუნის” ორი პილოტი - ბრაზილიელი რუბენს ბარიკელო და ბრიტანელი ჯენსონ ბატონი, რომლებმაც შესაბამისად, მეორე და მესამე ადგილები დაიკავეს, უებერის გერმანელი თანაგუნდელი სებასტიან ფეტელი კი მეოთხე შედეგს დასჯერდა.

1980 წლის შემდეგ უებერი პირველი ავსტრალიელია, ვინც კვალიფიკაციაზე გამარჯვება შეძლო. 29 წლის წინ, ალან ჯონსმაც გერმანიის დიდი პრიზის კვალიფიკაციაზე გაიმარჯვა და იმავე სეზონში ჩემპიონის ტიტულსაც დაეუფლა. მაგრამ უებერს თანამემამულის მიღწევის წელს გამეორება ძალიან გაუჭირდება - ჩემპიონატის ლიდერ ბატონს ის 35.5 ქულით ჩამორჩება.

”როგორც იქნა, პოულს მივაღწიე. გუნდმა შესანიშნავად იმუშავა, რისი წყალობითაც, ძალიან სწრაფები ვართ. ფანტასტიკური პოზიცია მიკავია იმისათვის, რომ ეს პოული გამარჯვებად ვაქციო. რა თქმა უნდა, ეს ბიჭები (გვერდზე მჯდომ ბარიკელოსა და ბატონს გულისხმობს) იოლად არაფერს დამითმობენ, მაგრამ მეც ბრძოლას ვაპირებ”, - ნარბოლევს, პრესკონფერენციაზე განაცხადა უებერმა, ვინც ამ სეზონში, კვალიფიკაციაზე პირველად აჯობა თანაგუნდელ ფეტელს, რომელსაც წინა ორი ეტაპის კვალიფიკაცია აქვს მოგებული.

აღსანიშნავია, რომ რბოლისთვის სინოპტიკოსებმა წვიმა იწინასწარმეტყველეს, რის გამოც, ტრასაზე თავიდანვე უკლებლივ ყველა პილოტი გამოვიდა. პირველ სესიაზე წვიმა არ წამოსულა, მაგრამ მეორეზე ორჯერ გაწვიმდა, რამაც ყველას თავგზა აურია. ამინდის ჭირვეულობამ მოწინავე ათეულს მიღმა მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, ესპანელი ფერნანდო ალონსო დატოვა, ვინც პრაქტიკებზე კარგი დროებით გამოირჩეოდა და წვიმით შექმნილი ქაოსი რომ არა, ათეულში შესვლაც არ გაუჭირდებოდა. სამაგიეროდ, მესამე სესიაზე მონაწილეობის უფლება მისმა ბრაზილიელმა თანაგუნდელმა ნელსინიუ პიკემ შეძლო.

როგორც იქნა, სამივე სესიაზე იასპარეზა მსოფლიოს ბრიტანელმა ჩემპიონმა ლუის ჰამილტონმა, ვინც მოდიფიცირებული მანქანით ასპარეზობს და პარასკევის მეორე და შაბათის პრაქტიკებზე საუკეთესო შედეგები აჩვენა.

ათეულში პირველად შევიდა ”ფორს ინდიას” პილოტი და ეს პატივი გერმანელ ადრიან სუტილს ერგო, ვინც სველ ტრასაზე კარგად ასპარეზობს ხოლმე. სხვათა შორის, პირველ ათეულში ”მერსედეს-ბენცის” ძრავებით აღჭურვილი ხუთი (ექვსიდან) მანქანა მოხვდა. კვლავ ხელმოცარული დარჩა ”ტორო როსოს” ფრანგი სებასტიან ბურდე, ვისაც როგორც ჩანს, მალე შემცვლელს მოუძებნიან.

გერმანიის დიდი პრიზის კვალიფიკაცია

პილოტი, გუნდი 1 სესია 2 სესია 3 სესია

1. მარკ უებერი (რედ ბულ-რენო) 1:31.257 1:38.038 1:32.230

2. რუბენს ბარიკელო (ბრაუნ-მერსედესი) 1:31.482 1:34.455 1:32.357

3. ჯენსონ ბატონი (ბრაუნ-მერსდესი) 1:31.568 1:39.032 1:32.473

4. სებასტიან ფეტელი (რედ ბულ-რენო) 1:31.430 1:39.504 1:32.480

5. ლუის ჰამილტონი (მაკლარენ-მერსედესი) 1:31.473 1:39.149 1:32.616

6. ჰეიკი კოვალაინენი (მაკლარენ-მერსედესი) 1:31.881 1:40.826 1:33.859

7. ადრიან სუტილი (ფორს ინდია-მერსედესი) 1:32.015 1:36.740 1:34.316

8. ფელიპე მასა (ფერარი) 1:31.600 1:41.708 1:34.574

9. კიმი რაიკონენი (ფერარი) 1:31.869 1:41.730 1:34.710

10. ნელსინიუ პიკე (რენო) 1:32.128 1:35.737 1:34.803

11. ნიკ ჰაიდფელდი (BMW-ზაუბერი) 1:31.771 1:42.310

12. ფერნანდო ალონსო (რენო) 1:31.302 1:42.318

13. კაზუკი ნაკაძიმა (უილიამს-ტოიოტა) 1:31.884 1:42.500

14. იარნო ტრული (ტოიოტა) 1:31.760 1:42.771

15. ნიკო როსბერგი (უილიამს-ტოიოტა) 1:31.598 1:42.859

16. რობერტ კუბიცა (BMW-ზაუბერი) 1:32.190

17. სებასტიან ბუემი (ტორო როსო-ფერარი) 1:32.251

18. ჯანკარლო ფიზიკელა (ფორს ინდია-მერსედესი) 1:32.402

19. ტიმო გლოკი (ტოიოტა) 1:32.423

20. სებასტიან ბურდე (ტორო როსო-ფერარი) 1:33.559

Friday, July 10, 2009

ჰამილტონის მოულოდნელი გაბრწყინება

Formula 1

10 ივლისი

პარასკევის თავისუფალმა პრაქტიკებმა მოულოდნელი შედეგები მოგვცა - ჯერ იყო და, პირველი სესია მარკ უებერმა მოიგო, მეორეზე კი მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ლუის ჰამილტონმა (სურათზე) იმარჯვა. თითქოს, ჩემპიონის საუკეთესო შედეგში გასაკვირი არაფერი უნდა იყოს, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ, რომ უკვე ოთხი ეტაპია, ”მაკლარენის” პილოტები ქულის აღებას ვერ ახერხებენ, ჰამილტონს კი პრაქტიკაზე საუკეთესო შედეგი ბოლოს აპრილში, ბაჰრეინის დიდ პრიზზე ჰქონდა.

არც ის დავივიწყოთ, რომ პარასკევის პრაქტიკებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს და ძლიერი გუნდები ასეთ ვარჯიშებს რბოლისა და კვალიფიკაციისთვის მოსამზადებლად იყენებენ ხოლმე. ისიც აშკარაა, რომ ჰამილტონის შემდეგი სამი ადგილი ლიდერი გუნდების პილოტებმა დაიკავეს. თანაც, როგორც ირკვევა, გერმანული ეტაპისთვის, ”მაკლარენმა” რამდენიმე სიახლე მოამზადა, რომლებიც გუნდმა ჯერ მხოლოდ ჩემპიონის ბოლიდზე გამოიყენა.

და მაინც, მოულოდნელმა გაელვებამ ჰამილტონს ილუზიები არ შეუქმნა. ”რა თქმა უნდა, მოწინავეთა რიგებში დაბრუნებამდე ჯერაც ბევრი გვაქვს გასაკეთებელი. მაგრამ ისიც ფაქტია, რომ მანქანაზე რამდენიმე სიახლე გვაქვს. ამ შედეგით ჩვენ დავრწმუნდით, რომ სწორ გზას ვადგავართ. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ჩვენი გუნდის ბიჭების თავდადებული შრომა. აქ მითხრეს, რომ ერთ-ერთმა მათგანმა შეუსვენებლად 36 საათი იმუშავა იმისათვის, რომ დღეს ჩემს მანქანას ახალი დეტალები ჰქონოდა. ეს ნამდვილი სასწაულია. პროგნოზები არ მჩვევია, მაგრამ ერთს მაინც ვიტყვი - კმაყოფილი დავრჩები, თუ კვალიფიკაციის მესამე ნაწილში გამოსვლას შევძლებ”, - ამბობს ჰამილტონი, ვის მანქანასაც ახალი ძირი და რამდენიმე ახალი აეროდინამიკური ელემენტი აქვს.

კვლავ აღნიშვნას იმსახურებს ის ფაქტი, რომ ექვსეულში მოხვდა ”ფორს ინდიას” პილოტი - ამჯერად გერმანელი ადრიან ზუტილი. პირველ სესიაზე მეხუთე ფიზიკელა იყო, მაგრამ მეორეზე მას პრობლემები შეექმნა და მხოლოდ სამი წრის გავლა შესძლო. სამაგიეროდ, ამჯერად ზუტილმა ივარგა, ვინც უკან ”ბრაუნის” რუბენს ბარიკელო ჩამოიტოვა.

კვალიფიკაციაზე კი სულ სხვა შედეგებს უნდა ველოდოთ...

მეორე თავისუფალი პრაქტიკის შედეგები

1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენ-მერსედესი) 1:32.149

2. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბულ-რენო) 1:32.331

3. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, ბრაუნ-მერსედესი) 1:32.369

4. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბულ-რენო) 1:32.480

5. იარნო ტრული (იტალია, ტოიოტა) 1:32.511

6. ადრიან ზუტილი (გერმანია, ფორს ინდია-მერსედესი) 1:32.585

7. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, ბრაუნ-მერსედესი) 1:32.664

8. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, რენო) 1:32.774

9. კაზუკი ნაკაძიმა (იაპონია, უილიამს-ტოიოტა) 1:32.872

10. ნელსინიუ პიკე (ბრაზილია, რენო) 1:32.992

11. ნიკ ჰაიდფელდი (გერმანია, BMW ზაუბერი) 1:33.012

12. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) 1:33.052

13. ნიკო როსბერგი (გერმანია, უილიამს-ტოიოტა) 1:33.128

14. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, BMW ზაუბერი) 1:33.161

15. ტიმო გლოკი (გერმანია, ტოიოტა) 1:33.172

16. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 1:33.182

17. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, მაკლარენ-მერსედესი) 1:33.724

18. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო-ფერარი) 1:33.903

19. სებასტიან ბურდე (საფრანგეთი, ტორო როსო-ფერარი) 1:34.025

20. ჯანკარლო ფიზიკელა (იტალია, ფორს ინდია-მერსედესი) 1:38.877