Sunday, May 2, 2010

”მერსედესი” SLS AMG-ს ელექტრულ ვერსიასაც გამოუშვებს

Mercedes SLS AMG Electric Drive, Presented This Year

2 მაისი

ინტერნეტით გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ”მერსედეს ბენცი” თავის სუპერ ავტომობილ SLS AMG-ს ბაზაზე ელექტრომობილს ამზადებს და მის წინასერიულ ვერსიას საზოგადოებას ამ წლის მიწურულს უჩვენებს.

კომპანია AMG-ს მმართველი დირექტორი ფოლკერ მორნინვეგი ამბობს, რომ ამ ელექტრომობილის წარმოების დაწყება 2013 წელს იგეგმება. სხვათა შორის, AMG უკვე მუშაობს SLS AMG-ს ელექტრულ ვერსიაზე და რამდენიმე პროტოტიპი დაამზადა კიდეც, რომელთაგან ერთ-ერთი, მორნინვეგმა პირადად გამოსცადა.

”შემიძლია განვაცხადო, რომ ამ ავტომობილის მართვა საკმაოდ სასიამოვნოა. მისი შემუშავებისას, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ისაა, რომ მისი მართვისას მძღოლმა ისეთივე შეგრძნებები გამოსცადოს, რომლებსაც შიდაწვისძრავიანი სუპერ ავტომობილის მართვისას ღებულობს. ერთ-ერთი ასეთი შეგრძნება კი ძრავის ბოხი ხმაა”, - ამბობს მორნინვეგი.

SLS AMG-ს ელექტრული ვერსია ოთხი ელექტროძრავით აღიჭურვება, რომელთა ჯამური მაქსიმალური სიმძლავრე 525 ცხენის ძალას, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი 880 ნუტონმეტრს მიაღწევს. ელექტრომობილის სვლის სიშორე კი 180 კილომეტრი იქნება. ეს ავტომობილი, ელექტრომობილებისადმი ავტომოყვარულების დამოკიდებულებას რადიკალურად შეცვლის.

ელექტროძრავები ბორბლების სიახლოვეს განლაგდება, რითაც შემცირდება (იმ ავტომობილებთან შედარებით, რომლებსაც ელექტროძრავები ბორბლებში აქვთ განთავსებული) ავტომობილის ეგრეთ წოდებული დაურესორებელი წონა. ძრავები ენერგიას ლითიუმ-იონური აკუმულატორების ბლოკისგან მიიღებენ, რომლის გაგრილებასაც თხევადტანიანი სისტემა უზრუნველყოფს. აკუმულატორები ნაწილობრივ ავტომობილის მოძრაობისას, სისტემა კერსით (კინეტიკური ენერგიის რეკუპერაციის სისტემა) დაიმუხტება. ისე კი, ის შევსებას საყოფაცხოვრებო ელექტროქსელიდან მიიღებს.

მორნინვეგი ამბობს, რომ ელექტრომობილის შესაქმნელად, AMG-მ არჩევანი SLS AMG-ზე მხოლოდ იმიტომ შეაჩერა, რომ ეს ავტომობილი ელექტრომობილად ადვილად გადაკეთებადია. ”ამ მანქანას მოხსნით შიდაწვის ძრავს და ტრანსმისიას და ის პრაქტიკულად მზადაა იმისათვის, რომ ელექტრომობილად გარდაქმნათ. ამას ბევრი ინვესტიცია არ სჭირდება”, - ამბობს მორნინვეგი.

”ფოლკსვაგენმა” ახალი 3-ცილინდრიანი დიზელის ძრავი წარმოადგინა

Volkswagen Presents New 3-Cylinder Diesel Engine

2 მაისი

ვენაში ჩატარებულ 31-ე საერთაშორისო მოტორ სიმპოზიუმზე, ”ფოლკსვაგენმა” TDI სერიის ახალი დიზელის ძრავი წარადგინა, რომლის მუშა მოცულობა 1.2 ლიტრია, ცილინდრების რაოდენობა კი - 3. ვოლფსბურგელებმა პრეზენტაციაზე ხაზი ამ ძრავის ეკონომიურობასა და გარემოსადმი მეგობრულობას გაუსვეს.

”ფოლკსვაგენის” ჯგუფის მომავლის ტექნოლოგიების განყოფილების ხელმძღვანელი, პროფესორი ვოლფგანგ შტაიგერი ამბობს, რომ თანამედროვე ინდუსტრიაში ელექტრომობილებისა და ჰიბრიდული ავტომობილების წილის ზრდის მიუხედავად, შიდაწვის ძრავებს კვლავაც აქვს მომავალი. სწორედ ამიტომ, ვოლფსბურგელები ასეთი ძრავების დახვეწაზე მუშაობის გაგრძელებას კვლავაც აპირებენ.

შტაიგერის თქმით, გარემოზე ზრუნვა და ეკონომიკური კრიზისი, კომპანიებს ახალი ძრავების შემუშავებისკენ უბიძგებს და ამას ხელს პოლიტიკოსებიც უწყობენ, რომელთათვისაც ძალიან მნიშვნელოვანია გარემოსადმი ზრუნვა. თუმცა, ხშირად საქმე მაშინ ფერხდება, როდესაც საქმე ელექტრომობილებისა და ჰიბრიდული ავტომობილების რეკლამას ეხება. ამიტომ, შიდაწვის ძრავებს ჯერაც რჩებათ განვითარების პერსპექტივა.

მისი აზრით, შიდაწვის ძრავები აქტუალობას განსაკუთრებით სატვირთო ავტომობილებსა და შორეული რეისების ავტობუსებში შეინარჩუნებენ, ამის მიზეზი კი აკუმულატორების ტევადობის შედარებით მცირე რესურსი და მათი სწრაფად დამუხტვის პრობლემურობაა.

რაც შეეხება ახალ ძრავს, მიუხედავად მისი კომპაქტურობისა და მცირე მუშა მოცულობისა, ის 75 ცხენის ძალას და 180 ნიუტონმეტრს (2 000 ბრ/წთ-ზე) იძლევა. ამ ძრავით, პირველ რიგში, სუბკომპაქტურ ჰეჩბეკ ”პოლოს” ეკონომიური ვერსია ”ბლუმოუშნი” აღიჭურვება.

პოლიგონზე ჩატარებული ტესტების დროს გამოვლინდა, რომ ”პოლო 1.2 TDI ბლუმოუშნი” 100 კილომეტრს 3.3 ლიტრი საწვავით გადის, ყოველი კილომეტრის გავლისას კი ატმოსფეროს მხოლოდ 87 გრამი CO2-ით აბინძურებს. ამასთან, ავტომობილს ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფა 12 წამში შეუძლია.

”პოლო 1.2 TDI ბლუმოუშნის” გაყიდვები მაისში დაიწყება.

Saturday, May 1, 2010

”ბეემვემ” შეიძლება მოდელი X4-იც გამოუშვას

BMW Might Build an X4

1 მაისი

”ბეემვეს” ხელმძღვანელობა სრულიად ახალი მოდელის, სპორტულ ქროსოვერ X4-ის წარმოების მიზანშეწონილობას განიხილავს. ამ საკითხის აქტუალობა კი ბაზარზე უფრო დიდი ზომის სპორტული ქროსოვერის, X6-ის პოპულარობამ განაპირობა. ეს ავტომობილი პირველად საზოგადოებამ 2008 წელს იხილა და მას შემდეგ, ის მთელს მსოფლიოში 80 000 ცალი გაიყიდა. არადა, ბავარიული კომპანიის მარკეტოლოგები მხოლოდ ამის ნახევარის გაყიდვას გეგმავდნენ.

ეს ინფორმაცია ინგლისურ ჟურნალ ”ავტოქარს” ”ბეემვეს” წარმომადგენელმა, მიაწოდა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა. მისი თქმით, ახალი სპორტული ქროსოვერის წარმოების საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არაა და მას რა თქმა უნდა, არც სახელი აქვს, თუმცა სავარაუდოდ, X4-ს დაარქმევენ. ”ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არაა, თუმცა X6-ის წარმატება იმის მანიშნებელია, რომ ბაზარზე სპორტულ ქროსოვერებზე მოთხოვნა არსებობს”, - ამბობს ”ავტოქარის” ინკოგნიტო წყარო.

თუ ამ ავტომობილის წარმოება გადაწყდა, ის ალბათ უგზოობის X3-ის პლატფორმას დაეყრდნობა, ისევე როგორც X6-ისთვის X5-ის პლატფორმა გამოიყენეს. X3-ის ძრავების გამაში ექვსი ძრავი შედის, რომელთაგან სამი ბენზინისაა და ამდენივე - დიზელისა. სავარაუდოდ, ახალი ავტომობილიც ამავე ძრავებით აღიჭურვება.

”ტესლა” ელექტრულ ქროსოვერსაც გამოუშვებს

Tesla Electric CUV Coming in 2013

1 მაისი

ელექტრომობილების მწარმოებელი ამერიკული კომპანია ”ტესლა” თავისი საწარმოო პროგრამის გაფართოებას გეგმავს - მალე ის სედანისა და ქროსოვერის გამოშვებას დაიწყებს. ამასთან, თუ სედანთან დაკავშირებული გეგმები მისმა ხელმძვანელობამ ადრევე გამოაქვეყნა, ქროსოვერის შესახებ კომპანიის შეფმა ელონ მასკმა ახლახანს განაცხადა.

ამ ეტაპზე, ”ტესლა” მხოლოდ ელექტრო როდსტერს აწარმოებს, რომელიც 1000 ცალზე მეტი გაჰყიდა. შემდეგი ავტომობილი, რომლის წარმოებასაც ეს კომპანია აითვისებს, სედანია, რომელიც ამ ეტაპზე, ”მოდელ S-ის” (S ერთსაფეხურიან გადაცემათა კოლოფს აღნიშნავს) სახელითაა ცნობილი. თუმცა, ეს მხოლოდ როდსტერის წარმოების დასრულების შემდეგ, მერმისს მოხდება.

როდსტერისა და სედანის გარდა, ”ტესლა” სპორტული კუპეს წარმოებასაც აპირებს, რომლითაც ”პორშეს” 911 ტურბოს გაუწევს კონკურენციას. გეგმაშია ასევე კომპაქტური სედანის წარმოებაც, რომელიც დაახლოებით ”ბეემვეს” მე-3 სერიის სედანის ზომისა იქნება.

რაც შეეხება ქროსოვერს, ამერიკულ გამოცემა ”ავტოუიკის” ინფორმაციით, ამ ავტომობილის წარმოება 2013 წელს დაიწყება. მის შესახებ არანაირი ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება, თუმცა ვარაუდები არსებობს. კერძოდ, ჟენევის წლევანდელ ავტო შოუზე, იტალიაში მოქმედმა ევროპის დიზაინის ინსტიტუტმა (IED) კონცეპტუალური ელექტრო ქროსოვერი ”აი” წარმოადგინა.

ეს კონცეპცია ინსტიტუტის სტუდენტების მიერაა შექმნილი. მისი გაბარიტებია: სიგრძე 4.3 მეტრი, სიგანე 1.4 მეტრი, სიმაღლე კი - 1.8 მეტრი. რაც მთავარია, კონცეპციის შემუშავებაში მონაწილეობა ”ტესლას” სპეციალისტებმაც” მიიღეს, რომლებიც სტუდენტებს კონსულტაციებს უწევდნენ. ამასთან, მოდელი გამოფენაზეც ამერიკული კომპანიის ემბლემით წარსდგა.

”ტესლა” იმედოვნებს, რომ ახალი მოდელების გამოშვების წყალობით, თავის წარმოების წლიურ მოცულობას 200 000 ცალამდე გაზრდის, რისთვისაც დაახლოებით 500 მილიონი დოლარის ინვესტიცია დასჭირდება.

”ატომიკ 500” - ჯუჯა ელექტრომობილი 300 ცხენის ძალით

Atomik 500, Buzzing with 300 HP

1 მაისი

”ფიატი” თავისი პოპულარული მოდელის, ”ჩინკვეჩენტოს” ბაზაზე ელექტრომობილის წარმოებას ჯერ არ აპირებს. ტურინში ჯერჯერობით ვერ გადაუწყვეტიათ, საერთოდ აპირებენ თუ არა ასეთი ავტომობილის წარმოებას. და სანამ ისინი ორჭოფობენ, პარიზულმა კომპანია ”ატომიკ ქარზმა”, რომელიც ახალი დაარსებულია, ავტოსამყაროს ელექტრომობილ 500-ის მისეული ვერსია, სახელად ”ატომიკ 500” შესთავაზა.

ეს ელექტრომობილი სპორტულ ”ფიატ 500 აბარტის” ბაზაზეა შექმნილი. ოღონდ, მის ძარას რამდენიმე ელემენტი შეეცვალა. მაგალითად, მნიშვნელოვნად გაფართოვდა საბორბლე თაღები, რადიატორის ჰაერის ამღები კი დაიხშო. სამაგიეროდ, მცირე ზომის ჰაერის ამღები ”ლაყუჩები” ბორბლების თაღების წინა ნაწილში გამოჩნდა.

ელექტრომობილი ოთხი ელექტროძრავითაა აღჭურვილი. თითო ბორბალს თითო ძრავი ემსახურება, რომელთა ჯამური სიმძლავრეც 300 ცხენის ძალას, ჯამური მაბრუნი მომენტი კი 2550 ნიუტონმეტრს (აქედან 840 ნმ წინა ღერძზე მოდის, 1710 ნმ კი - უკანაზე) შეადგენს. ”ატომიკის” მონაცემებით, ამ ძრავების მეშვეობით, ადგილიდან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას 5.6 წამში მოასწრებს, ადგილიდან 400 მეტრის გასავლელად 14 წამი, 1000 მეტრის გასავლელად კი 26 წამი დასჭირდება. შედარებისთვის, სერიულ ”ფიატ 500 აბარტს” 0-დან 100 კმ/სთ-მდე ასაჩქარებლად 7.4 წამი სჭირდება. ”ატომიკ 500-ის” მაქსიმალური სიჩქარე 200 კმ/სთ-ია, მისი სვლის მაქსიმალური სიშორე კი - 200 კილომეტრი.

რამდენადაც ყოველ ბორბალზე თითო ძრავი მოდის, ესე იგი, ”ატომიკ 500” სრულამძრავიანია. ელექტროძრავებს ენერგიით ლითიუმ-რკინის ფოსფატის აკუმულატორების ბლოკი ამარაგებს, რომლის გაგრილებაზეც კერამიკული სისტემა და ეგრეთ წოდებული პელტიეს მოდული უზრუნველყოფს.

სხვათა შორის, ამ ტიპის აკუმულატორები ელექტრომობილებში ჯერ არავის გამოუყენებია. ლითიუმ-რკინის ფოსფატის აკუმულატორების მთავარი დადებითი თვისება ისაა, რომ მათ დამუხტვა-განმუხტვის ყველაზე მეტი ციკლის გაძლება შეუძლიათ და ლითიუმ-იონურსა და ლითიუმ-პოლიმერულ აკუმულატორებთან შედარებით, მაღალ ტემპერატურასაც უძლებენ. კერძოდ, ლითიუმ-რკინის ფოსფატის აკუმულატორებს არ აშინებს 300-500 გრადუსამდე გადახურება. უფრო მეტიც, ასეთი აკუმულატორები მყისიერად 700 გრადუსამდე გადახურებასაც იტანს. და, რაც ყველაზე მთავარია, ასეთი აკუმულატორები, სხვებთან შედარებით, სწრაფადაც იმუხტება.

”ატომიკ 500” ჰეჩბეკ 500-ის ბაზაზე შექმნილი მეორე ელექტრომობილია, რომელიც ”ფიატისგან” დამოუკიდებლად შეიმუშავეს. პირველი შარშან შვედურმა კომპანია ”ავტოადაპტმა” წარმოადგინა და მის მანქანას ”ფიატ 500 EV ადაპტი” ერქვა. წელს კი, დეტროიტის ავტო შოუზე, თავად ”ფიატმა” გაგვაცნო ელექტრული ”ჩინკვეჩენტოს” მისეული კონცეპტუალური ხედვა, სახელად ”ფიატ 500 BEV”.

მაგრამ დტროიტში ტურინელებმა გამოაცხადეს, რომ 500 BEV-ის წარმოების გეგმა ჯერჯერობით არ აქვთ. ეს კონცეპცია მხოლოდ საცდელია და მხოლოდ საზოგადოებრივი აზრის შესასწავლად დამზადდა. თუმცა, გამორიცხული არაა, რომ ოდესღაც მისი სერიული ვერსიაც ვიხილოთ. ”ატომიკი” კი თავისი ელექტრომობილის წარმოებას აპირებს. თუმცა, მხოლოდ 50 ცალი ”ატომიკ 500-ის” დამზადებას გეგმავს...

Friday, April 30, 2010

მოტოკომბინეზონი უსაფრთხოების ბალიშებით

Alpinestars' airbag riding suit

30 აპრილი

ამერიკულმა კომპანია ”ალპინსტარზმა”, რომელიც სპორტული ავტო და მოტოეკიპირების წარმოებაზეა სპეციალიზებული, დაამზადა მოტოსპორტული კომბინეზონი ”ტექ ეარ რეის”, რომელშიც უსაფრთხოების ბალიშებია ჩამონტაჟებული და მოტოციკლისტებს ავარიის დროს მძიმე ტრავმებისგან იცავს. უსაფრთხოების ბალიშების გარდა, კომბინეზონს ჩაკერებული აქვს სპეციალური მოწყობილობა, რომელიც სამაშველო სამსახურებს ინციდენტის ზუსტ კოორდინატებს აწვდის.

უსაფრთხოების სისტემა სამართავი მოდულის, შვიდი სენსორის, ორი ტუმბოსა და მცირე აკუმულატორებისგან შედგება, რომლებიც მთელი ამ სისტემის მუშაობას უზრუნველყოფს. სენსორები მოტოციკლისტის მოძრაობას აკონტროლებენ, ტომბობი კი საჭიროების შემთხვევაში, ბალიშებს აზოტით ტუმბავენ. ჩამონათვალი საკმაოდ დიდია, თუმცა მთლიანობაში უსაფრთხოების მთელი სისტემა მხოლოდ ნახევარ კილოგრამს იწონის.

”ალპინსტარზის” მიერ გამოქვეყნებულ რელიზში აღნიშნულია, რომ უსაფრთხოების სისტემის ტვინისთვის შემუშავდა მუშაობის სპეციალური ალგორითმული სისტემა, რომელიც ბალიშებს თვითნებურად დაბერვის საშუალებას არ აძლევს. რაც მთავარია, ის ავარიის გარდუვალობას 8 მილიწამით ადრე ხვდება.

კომბინიზონის შესაქმნელად მუშაობისას, ”ალპინსტარზის” სპეციალისტებმა ბევრი საგზაო შემთხვევა შეისწავლეს და დაადგინეს, რომ ავარიების შედეგად, მოტოციკლისტებს ყველაზე ხშირად ხელები და მხრები უზიანდებათ. ამიტომ, მათ პიტვრლ რიგში, სწორედ სხეულის ამ ნაწილების დაცვაზე იზრუნეს. მაგრამ კომპანიის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ ბალიშების რაოდენობის გაზრდა პრობლემას არ წარმოადგენს და რომ მთელი სხეულის თანაბრად დაცვაც შესაძლებელია.

კომბინეზონის უსაფრთხოების ბალიშები ავარიაზე 50 მილიწამში რეგულირებს. ამასთან, ისინი მაქსიმალურ წნევის 5 წამის განმავლობაში ინარჩუნებენ. ბალიშების სრული ჩაფუშვა კი გაბერვიდან 20 წამის შემდეგ ხდება. სხვათა შორის, სპეციალური სერვისის გარეშე, უსაფრთხოების სისტემა ორ ავარიაზე მუშაობს. პირველი ავარიის შემდეგ, სისტემას დამუხტვა სჭირდება, მეორის შემდეგ კი შესაცვლელი ხდება.

”ალპინსტარზი” თავისი კომბინეზონების გაყიდვას ამერიკაში მერმისს ზაფხულში დაიწყებს. მისი სავარაუდო ღირებულება კი 2 500 დოლარი იქნება.

”ჰიუნდაის” ზედიზედ მეორე მსოფლიო პრემიერა

World Premiere of the All-New Hyundai Elantra/Avante

30 აპრილი

ბუსანში მიმდინარე საავტომობილო შოუზე, სამხრეთკორეულმა ავტოგიგანტმა ”ჰიუნდაიმ” თავისი ყველაზე პოპულარული მოდელის, ”ელანტრას” (კორეაში ამ ავტომობილს ”ავანტეს” სახელით იცნობენ) მეხუთე თაობის მსოფლიო პრემიერა ჩაატარა. ამ სახელით, კომპაქტური ავტომობილის წარმოება ”ჰიუნდაიმ” 1990 წელს დაიწყო და მას შემდეგ, მთელს მსოფლიოში 6 მილიონზე მეტი ”ელანტრა” გაჰყიდა.

ახალი ”ელანტრა” ძირეულადაა შეცვლილი, მისი დიზაინი კი ”ჰიუნდაის” ახალ კორპორატიულ სტილშია შესრულებული, რომელიც უკვე ახალ ”სონატასა” და ”აქცენტზე” (ერთი კვირით ადრე, პეკინის ავტო შოუზე) ვიხილეთ. და უნდა ითქვას, რომ ეს ახალი სტილი ყველაზე მეტად სწორედ ”ელანტრას” მოუხდა. კორეული კომპანიის განმარტებით, ახალ ”ელანტრას” ”თხიერი სკულპტურა” გამოარჩევს, რაც საუკეთესოდ მიესადაგა ოთხკარიანი კუპეს სტილს და რთული ფორმის, დიდრონ ფარებს.

გამოფენაზე სალონის ყველა შუშა გაუმჭვირვალე იყო - ”ჰიუნდაი” ჯერ მზად არაა იმისათვის, რომ ახალი ავტომობილის ინტერიერი გვიჩვენოს. თუმცა, გამოქვეყნებულ პრეს რელიზში აღნიშნულია, რომ ”ახალი ”ელანტრას” სალონში ისეთ რამეებს ვნახავთ, რაც ამავე კლასის სხვა კომპაქტურ ავტომობილებში ჯერ არავის გამოუყენებია”. გავრცელებული ინფორმაციით, სალონის სიახლეებს შორის იქნება უკანა სავარძლების გამათბობლები და ცენტრალურ პანელზე მოთავსებული ფერადი საინფორმაციო მონიტორი, რომელზეც უამრავი ინფორმაციის გამოტანა იქნება შესაძლებელი.

ბუსანში წარმოდგენილი ”ელანტრა” აღჭურვილია სერია ”გამა GDI-ს” (GDI - გაზოლინ დირექტ ინჯექშნ - ბენზინის უშუალო შეფრქვევა) 1.6-ლიტრიანი ძრავით, რომელიც მაქსიმუმ 140 ცხენის ძალასა და 167 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. ძრავთან შეწყვილებულია 6-საფეხურიანი ავტომატური კოლოფი. ”ჰიუნდაის რელიზში მითითებულია, რომ კორეაში ეს პირველი შემთხვევა იქნება, როდესაც კომპაქტურ ავტომობილზე, GDI ტექნოლოგიის ძრავს 6-საფეხურიანი ავტომატს შეუწყვილდება. იმავე რელიზის მიხედვით, ეს ტანდემი ავტომობილს, მის ყველაზე ეკონომიურ კონკურენტებზე 10 პროცენტით ეკონომიურს ხდის.

”ახალი ”ავანტე” (ელანტრა) კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ”ჰიუნდაის” ამბიციას, რომ კომპაქტურ კლასში საუკეთესო სტილისა და დინამიკის მქონე ავტომობილებს აწარმოებდეს. დარწმუნებული ვართ, რომ ამ ავტომობილით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, კომპაქტურ კლასში ახალ სტანდარტს დავამკვიდრებთ”, - პრეზენტაციის დროს განაცხადა ”ჰიუნდაის” გლობალური ბიზნესის დივიზიონის პრეზიდენტმა და მთავარმა აღმასრულებელმა სტივ იანგმა.

კორეაში ახალი ავტომობილი ”ავანტეს” სახელით გაიყიდება, ევროპაში კი სახელად შესაძლოა ისევ ”ელანტრა” დაუტოვონ. თუმცა, გამორიცხული არაა, რომ სახელი ინდექს i-თ შეუცვალონ. ოღონდ, ინდექსს რა რიცხვი მოჰყვება (35, ან 40), ეს ჯერ უცნობია. კორეაში ახალი ”ავანტეს” გაყიდვას ”ჰიუნდაი” ზაფხულის შემდეგ დაიწყებს, ევროპასა და სხვა ბაზრებზე ის მოგვიანებით გამოჩნდება. საქართველოს ბაზარს კი ალბათ მომავალი წლის დასაწყისში ეწვევა.

Thursday, April 29, 2010

”კრაისლერმა” ”სებრინგს” სახელს გამოუცვლის

Nassau will be Chrysler's replacement for Sebring

29 აპრილი

კრაისლერ 200C
.............................................

სააგენტო დეტროიტ ფრი ნიუსის ცნობით, ამ წლის ბოლოს, ”კრაისლერი” საშუალო ზომის სედანს, უკვე ძალიან დაძველებულსა და მობეზრებულ ”სებრინგს” ახალი მოდელით ჩაანაცვლებს და მას სახელსაც შეუცვლის. ახალი ავტომობილის სავარაუდო სახელი კი ”ნასაუ” გახდება.

პირველად სახელი ”ნასაუ” ამერიკულმა კომპანიამ სამი წლის წინ, დეტროიტის საავტომობილო შოუზე ნაჩვენები კონცეპტუალური მოდელისთვის გამოიყენა, რომელსაც ეგრეთ წოდებული ”შუტინგ ბრეიკ” ტიპის ძარა ჰქონდა, რომელიც ევროპული კლასიფიკაციით ჰეჩბეკის ტიპის ძარას ჰგავს. ეს სახელი ”კრაისლერმა” სპეციალურად, კონცეპტუალური მოდელისთვის დაარეგისტრირა და ანალიტიკოსების ინფორმაციით, ამჟამადაც მას ეკუთვნის. ა,იტომ, სრულიად ლოგიკურია, რომ ამერიკული კომპანია სწორედ მას გამოიყენებს.

კრაისლერ ნასაუ

..........................................

მართალია, ახალი ავტომობილი სახელს სამი წლის წინანდელი პროტოტიპისგან მიიღებს, თუმცა ამ ორ ავტომობილს საერთო არაფერი ექნება. სამაგიეროდ, გარეგნულად ის კომპანიის კიდევ ერთ კონცეპტუალურ ავტომობილს, დეტროიტში შარშან ნაჩვენებ 200С-ს დაემსგავსება.

ამ ავტომობილის დიზაინმა დეტროიტში სპეციალისტებიც და დამთვალიერებლებიც მოხიბლა. თავისი გაბარიტებით ის ახლოსაა ”ბეემვეს” მე-5 სერიის სედანთან. წამყვანი ბორბლებიც მასაც უკანა აქვს. კონცეპტუალური ავტომობილი ჰიბრიდული სისტემით იყო აღჭურვილი, რომლის ჯამური სიმძლავრეც 268 ცხენის ძალას აღწევდა.

”სებრინგის” შემცვლელის წარმოებაში ფართოდ გამოიყენებენ ”ფიატის” ტექნოლოგიებს. კერძოდ, იტალიური იქნება ავტომობილის პლატფორმა, რომელსაც ”ალფა რომეოს” დიდი ზომის სედანისგან აიღებენ. მყიდველს ორი ტიპის, 4 და 6-ცილინდრიანი ბენზინის ძრავებით აღჭურვილ ავტომობილს შესთავაზებენ. ამასთან, ძრავების გამას შემდგომში დიზელის აგრეგატებიც დაემატება.

”სებრინგის” შემცვლელი, ”კრაისლერის” მარკით მხოლოდ აშშ-ში გაიყიდება. ანალოგიურ ავტომობილს ევროპელი მყიდველი ”ლანჩას” მარკით მიიღებს და შესაბამისად, ის იტალიური კომპანიის (რომელიც ფიატ-ის ჯგუფში შედის) კორპორატიული სტილის შესაბამის დიზაინს მიიღებს.

სავარაუდოდ, ახალი ავტომობილი ”კრაისლერის” დილერთა შოურუმებში მერმისს გამოჩნდება.

Wednesday, April 28, 2010

”ლოტუსმა” მომავლის ზემსუბუქი ავტომობილები შექმნა

Lotus puts Toyota's Venza on a Strict Diet

28 აპრილი

სპორტული ავტომობილების მწარმოებელ ინგლისურ კომპანია ”ლოტუსის” ინჟინირინგულმა შტომ საინტერესო ექსპერიმენტები ჩაატარა, რომლის მიზანი იყო იმის დამტკიცება, რომ ავტომობილის წონის და მასთან ერთად, საწვავის ხარჯის მნიშვნელოვნად შემცირება დიდი ხარჯების გარეშეც სრულიად შესაძლებელია.

ექსპერიმენტი ”ტოიოტას” ქროსოვერ ”ვენცაზე”, ორ ნაწილად ჩატარდა. პირველი ნაწილი ითვალისწინებდა ისეთი ავტომობილის შექმნას, რომლის წარმოების დაწყებაც 2017 წელს იქნებოდა შესაძლებელი, მეორის მიხედვით კი იგივე ავტომობილის 2020 წლის ვარიანტი უნდა დამზადებულიყო. მხედველობაში იქნა მიღებული ისიც, რომ შესაბამის პერიოდებში, შესაძლებელი გახდება ისეთი ტექნოლოგიების შემუშავება, რომლებიც ექსპერიმენტების დროს გამოყენებული მასალების მასობრივ წარმოებაში დანერგვას უზრუნველყოფს.

პირველი ექსპერიმენტის დროს აწყობილი ქროსოვერი, სტანდარტულ ”ვენცასთან” შედარებით, 21 პროცენტით მსუბუქი გამოვიდა, მეორე შემთხვევაში კი ავტომობილის წონა 37 პროცენტით შემცირდა. აშშ-ის ენერგეტიკის ინსტიტუტის სპეციალისტების გათვლებით, წონის ასეთი შემცირებით, ავტომობილის ეკონომიურობის 20 პროცენტზე მეტით გაუმჯობესება შეიძლება.

შემსუბუქების სამუშაოები შემდეგი თანმიმდევრობით ჩატარდა. მანქანა მთლიანად დაიშალა და შედგა მისი ყველა ნაწილის და კომპონენტის სრული სია. შემდეგ, ინჟინრებმა განსაზღვრეს, რამდენად შესაძლებელი იყო თითოეულის წონის შემცირება ისე, რომ ამით მათი გამძლეობა არ გაუარესებულიყო. ბევრ ნაწილსა და კომპონენტზე კი საერთოდ უარი ითქვა. ამგვარად, მათი რიცხვი, 400-დან 211-მდე შემცირდა.

შემდეგ დადგა მათი მასალების შერჩევის დრო. თუ იაპონური კომპანია, ”ვენცას” ძარის და შასის წარმოებისას, ძირითადად ჩვეულებრივ ფოლადს იყენებს, ”ლოტუსის” ინჟინრებმა აქცენტი ალუმინზე, ალუმინისა და მაგნიუმის შენადნობზე, კომპოზიტებსა და სხვა მსუბუქ მასალებზე გააკეთეს.

მაგალითად, 2020 წლის ვარიანტის ძარის 37 პროცენტი ალუმინისგან დამზადდა, 30 პროცენტი მაგნიუმის შენადნობისგან, 21 პროცენტი კომპოზიტისგან, 7 პროცენტი კი - მტკიცე ფოლადისგან. დარჩენილ 5 პროცენტზე ”ლოტუსი” არაფერს ამბობს, სავარაუდოდ, ეს ჩვეულებრივი ფოლადის წილია.

”ლოტუსის” ინჟინრებმა ბამპერების დასამზადებლად ალუმინი გამოიყენეს, შემაერთებელი დეტალები პლასტიკისგან და მაგნიუმის შენადნობისგან დაამზადეს. მსუბუქი მასალები გამოიყენეს შასის ელემენტების დასამზადებლადაც, რის შედეგადაც, შასის წონა 43 პროცენტით შემცირდა.

შემსუბუქების სამუშაოები სალონსაც შეეხო. აქ მექანიკური დეტალები ელექტრონიკით შეიცვალა. კერძოდ, გადაცემათა კოლოფის საფეხურების შემცვლელი ბერკეტისა და ხელის მუხრუჭის ნაცვლად, სენსორულ მონიტორზე არსებული შესაბამისი ღილაკები გამოიყენება. სავარძლები სპეციალური მტკიცე ქაფისგან, მათი სამაგრები კი ფოლადის ნაცვლად, პლასტიკატისგან დამზადდა. ამგვარად, სავარძლების წონა თითქმის განახევრდა.

ამ საინტერესო ექსპერიმენტით, ”ლოტუსის” ინჟინრებმა” დაამტკიცეს რომ ჩვეულებრივი, შიდაწვისძრავიანი ავტომობილებიც კი, წონის შემცირების ხარჯზე, უფრო ეკონომიურები და გარემოსადმი მეგობრულები შეიძლება გახდეს. თანაც, ამ დროს გამოყენებული ტექნოლოგიები ავტომობილს მხოლოდ სამი პროცენტით აძვირებს.

Tuesday, April 27, 2010

”ჰიუნდაი აქცენტის” ჩინური დებიუტი

Hyundai Accent

26 აპრილი

იმ დროს, როდესაც ეკონომიკურმა კრიზისმა თითქმის მთელს მსოფლიოში ავტომობილების გაყიდვების მკვეთრი შემცირება გამოიწვია, ჩინური ავტობაზარი ასევე მკვეთრად ზრდას განაგრძობდა. უფრო მეტიც, ცისქვეშეთის საავტომობილო ბაზარი მსოფლიოში უდიდესი გახდა და ეს საპატიო წოდება აშშ-ს, ავტოინდუსტრიის აქამდე უცვლელ ლიდერს ჩამოართვა.

სწორედ ჩინური ბაზარი აღმოჩნდა ის ჯადოსნური ადგილი, რომელმაც ბევრი დიდი ავტომწარმოებელი კრახისგან იხსნა. ბევრი კომპანიისთვის, მაგალითად ”ფოლკსვაგენისთვის”, მსოფლიოს ყველაზე ხალხმრავალი ქვეყანა ნომერ პირველ ბაზრად იქცა. ჩინეთში სწორედ ვოლფსბურგელები არიან გაყიდვებში ლიდერები, მეორე და მესამე ადგილები კი შესაბამისად, ”ჰიუნდაის” და ”ჯენერალ მოტორსს” უკავიათ.

უნდა ითქვას, რომ ”ჰიუნდაის” გაყიდვებზე, ჩინური ბაზრის მსგავსად, ეკონომიკური კრიზისი თითქმის არ ასახულა. პირიქით, კორეელებმა კიდევ უფრო გაზარდეს მსოფლიო ბაზარზე თავიანთი წილი და შორს არაა ის დრო, როდესაც მათ მოწინავე ოთხეულში ვიხილავთ.

ბუნებრივია, როდესაც მწარმოებლისთვის რომელიმე ქვეყანა ნომერ პირველი ბაზარია, ის ცდილობს, რომ თავისი ახალი პროდუქცია პირველად სწორედ ამ ბაზარზე წარადგინოს. ამიტომ, გასაკვირი არაა, რომ პეკინში დაწყებულ საავტომობილო გამოფენაზე, არაერთმა უცხოურმა კომპანიამ თავისი სიახლეები გამოფინა, ისეთი სიახლეები, რომლებზეც მანამდე არავის არაფერი სმენოდა.

სწორედ ჩინეთი გახდა ის ადგილი, სადაც ”ჰიუნდაიმ” თავისი პოპულარული ავტომობილის - კომპაქტურ სედან ”ვერნას” (ჩვენში ის აქცენტის სახელითაა ცნობილი) განახლებული ვერსიის მსოფლიო პრემიერა მოაწყო. ამ ავტომობილის მოკრძალებული გაბარიტებისა და მისი სალონის ასკეტურობის მიხედვით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მას დაბალი ფასი ექნება და ამის წყალობით, ცისქვეშეთში მალე მოიხვეჭს პოპულარობას და კორეული კომპანიის გაყიდვებს მნიშვნელოვნად გაზრდის.

რა შეიძლება ითქვას ”ვერნას” გარეგნობაზე. ჯერ ერთი, ”ჰიუნდაის” დიზაინერების მთავარი ამოცანა, კომპანიის კორპორატიული სტილის დაცვა იყო, რაც მათ მეტნაკლებად გამოუვიდათ. თუმცა, იმავდროულად, ამ ავტომობილის ბევრი დეტალი მისი კონკურენტების ფორმებს მოგვაგონებს. პირდაპირ უნდა ითქვას, ძნელია გაიხსენო სხვა ავტომობილი, რომელიც მისი მწარმოებლის სტილის შენარჩუნების გარდა, სხვა კომპანიების (ტოიოტას, ფორდისა და პეჟოს) დიზაინის ელემენტებსაც იმეორებდეს. განსაკუთრებით თვალში საცემია რადიატორის ქვედა ჰაერის ამღების, ”ფორდ ფიესტას” ანალოგიურ ელემენტთან ძლიერი მსგავსება. თუმცა, ყოველივეს მიუხედავად, ახალ ”ვერნას” თამამად შეიძლება ვუწოდოთ დაპატარავებული ”სონატა”, რადგან ის ყველაზე მეტად სწორედ თავის უფროს ”ნათესავს” ჰგავს.

თანამედროვე ტენდენციის შესაბამისად, ახალი ავტომობილი წინამორბედთან შედარებით, გაბარიტებში გაზრდილია. მისი სიგრძე 4340 მილიმეტრია (წინამორბედზე 60 მილიმეტრით გრძელი), სიგანე 1700 მმ (გაიზარდა მხოლოდ 5 მილიმეტრით), სიმაღლე კი - 1460 მილიმეტრი (წინამორბედზე10 მილიმეტრით დაბალი). რა თქმა უნდა, გაზრდილია (70 მილიმეტრით) ბორბლებს შორის ბაზაც, რომლის სიგრძეც 2570 მილიმეტრია. საერთო ჯამში, ავტომობილმა უფრო დინამიური სახე მიიღო, რასაც ხელს სახურავის მშვილდისებრი მოყვანილობა უწყობს.

მწარმოებელი გვარწმუნებს, რომ ახალი ”ვერნასთვის” სრულიად ახალი პლატფორმა გამოიყენა. თუმცა, მას საკიდარი თითქმის უცვლელად დაუტოვა. მანქანის წინა მხარე მაკფერსონის საყრდენებზე დგას, უკნიდან კი ბორბლებს გრძივი ბერკეტებით უკავშირდება. მნიშვნელოვნადაა გაზრდილი ძარის სიხისტე, რაც მისი წარმოებისას მტკიცე ფოლადის გამოყენებამ განაპირობა.

ახალი ”ვერნასთვის” ჯერჯერობით მხოლოდ ორი ძრავია გათვალისწინებული. საბაზო კომპლექტაციაში შედის ბენზინის 1.4-ლიტრიანი აგრეგატი, რომელიც მაქსიმუმ 107 ცხენის ძალას და 135 ნიუტონმეტრს ავითარებს. ამ ძრავს, მყიდველის სურვილის შესაბაჯმისად, შეიძლება შეუწყვილდეს ან 5-საფეხურიანი მექანიკური, ან 4-საფეხურიანი ავტომატური კოლოფი. ამ ძრავით და მექანიკური კოლოფით აღჭურვილ ”ვერნას” 100 კილომეტრის გასავლელად (შერეული ციკლით) 5.7 ლიტრი ბენზინი ჰყოფნის, ავტომატური კოლოფის შემთხვევაში კი ხარჯი 6.2 ლიტრამდე იზრდება.

მეორე ძრავიც საწვავად ბენზინს იყენებს. მისი მუშა მოცულობა 1.6 ლიტრია, მაქსიმალური სიმძლავრე 123 ცხენის ძალა, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი - 155 ნიუტონმეტრი. ამ ძრავისთვის კი მხოლოდ 4-საფეხურიანი ავტომატური კოლოფია გათვალისწინებული. ორივე ძრავი გაზგამანაწილებელი მექანიზმის ფაზების ცვალებადი სისტემითაა აღჭურვილი, რაც ეკონომიურობას აუმჯობესებს.

რა თქმა უნდა, ახალი ”ვერნას” გაყიდვები პირველ რიგში, ჩინეთში დაიწყება (წლის მეორე ნახევარში). ავტომობილის წარმოებას, კორეული კომპანიის პეკინური ქარხანა ივლისში შეუდგება. მოგვიანებით, ამ ავტომობილს ”ჰიუნდაი” მსოფლიოს ყველა ბაზარზე, მათ შორის, ამერიკასა და ევროპაშიც გაიტანს.

”ვერნა” ქართულ ბაზარზეც გაიყიდება. სავარაუდოდ, ჩვენთან ის ”აქცენტის” სახელით შემოვა და მისი გაყიდვები ალბათ ამ წლის ბოლოს დაიწყება. მისი ფასიც მოგვიანებით დადგინდება.

Monday, April 26, 2010

”ბენტლი” გაყიდვების ზრდის მოლოდინშია

Bentley CEO says luxury buyers are spending again

26 აპრილი

სულ რაღაც სამი წლის წინ, ”ბენტლის” საქმეები შესანიშნავად მიდიოდა - კომპანიამ გაყიდვების პიკს მიაღწია და ისე ჩანდა, რომ მომავალი კიდევ უფრო წარმატებული უნდა ყოფილიყო. მაგრამ მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა და ლუქსის კლასის ავტომობილების პოტენციურ მყიდველების დიდ ნაწილს მომჭირნეობისკენ უბიძგა.

მაგრამ კრიზისმა ჩაიარა და გამოკეთება ბაზრის ლუქს სეგმენტსაც დაეტყო. ამის კვალობაზე, ”ბენტლის” მარკეტოლოგები ვარაუდობენ, რომ წელს მათი კომპანია დაახლოებით 5 000 ავტომობილის გაყიდვას შესძლებს. ეს კი იმის ნახევარია, რაც 2007 წელს გაიყიდა.

”ბენტლის” მთავარი აღმასრულებელი ფრანც-იოზეფ პაეფგენი ამბობს, რომ მალე მისი კომპანია გაყიდვებს 8-9 ათასამდე გაზრდის. მისი თქმით, ლუქს კლასის ავტომობილების სეგმენტში გაყიდვების ზრდა იმის შედეგია, რომ მდიდრები ფულს უკვე გაცილებით თამამად ხარჯავენ, ვიდრე თუნდაც შარშან. ეს კი კარგის ნიშანია.

პაეფგენს ოპტიმიზმის საფუძველს ასევე ჩინური ბაზრის ძალიან სწრაფი ზრდა აძლევს. ”ჩინეთში ეკონომიკა აფეთქებასავით ვითარდება. ეს უდიდესი ბაზარია, რომელიც ძალიან სწრაფად იზრდება. სტაბილურია ახლო აღმოსავლეთის ბაზარიც, რასაც ვერ ვიტყვით ამერიკულ ბაზარზე”, - ამბობს პაეფგენი.

სამი წლის წინ, ”ბენტლის” გაყიდვების ზრდა მისი ძირითადი მოდელის, ”კონტინენტალის” პოპულარობამ განაპირობა. ეს მოდელი კუპეს, სედანისა და კაბრიოლეტის ძარით, შედარებით იაფი ღირს და ახლოსაა იმ საფასო სეგმენტთან, რომელშიც ”მერსედეს-ბენცი”, ”ბეემვე”, ”აუდი” და ”მაზერატი” ფიგურირებენ. ეს გაცილებით დიდი სეგმენტია, ვიდრე ის, რომელშიც ”როლს როისის” მოღვაწეობს.

სამი წლის წინ, ”ბენტლიმ” მთელს მსოფლიოში 10 014 ავტომობილი გაყიდა, რაც ინგლისური კომპანიის ისტორიაში სარეკორდო მაჩვენებელია. აქედან 3 990 ავტომობილი მარტო აშშ-ში გაიყიდა. სამაგიეროდ, იქვე შარშან ”ბენტლის” ავტომობილების შეძენა მხოლოდ 1 367-მა ადამიანმა ისურვა. ეს კი წინა წლის შესაბამისი მონაცემის თითქმის ნახევარია. ყოველივეს შედეგი კი ისაა, რომ ”ბენტლიმ” შარშან 262 მილიონი დოლარი იზარალა. ეს მაშინ, როდესაც წინა წელს მოგებამ მხოლოდ 13.5 მილიონი შეადგინა.

დღეს კი კომპანია ეკონომიკური აღმავლობის დასაწყისს მოძველებული მოდელებით ხვდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუ ეკონომიკის აღმავლობა პროგნოზირებული სწრაფი ტემპით განვითარდა, ”ბენტლის” გაყიდვების ზრდის მაჩვენებელი შედარებით ნელი იქნება.

კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ინგლისური კომპანია ეკონომიკის ზრდის ტემპს ფეხს ვერ აუბამს ისაა, რომ მან შარშან კუპე ”კონტინენტალ GT-ს” (სურათზე) წარმოება შეაჩერა. ამ მოდელის (ეს პირველი ავტომობილია, რაც ბენტლიმ მას შემდეგ გამოუშვა, რაც ფოლკსვაგენის ჯგუფში შევიდა) შემცვლელი კი ბაზარზე მხოლოდ მერმისს გამოჩნდება.

”პორშემ” ჰიბრიდულ ”918 სპაიდერზე” 900-ზე მეტი შეკვეთა მიიღო

More Than 900 Buyers Express Interest in Porsche's 918 Spyder Hybrid

26 აპრილი

ჟენევის საავტომობილო გამოფენაზე, ”პორშემ” საზოგადოებას თავისი მორიგი კონცეპტუალური შედევრი - ”918 სპაიდერი” უჩვენა, რომელიც ჰიბრიდული სისტემითაა აღჭურვილი. გამოფენაზე ამ ავტომობილმა სპეციალისტების და დამთვალიერებელთა მოწონება დაიმსახურა, თუმცა კომპანიამ გამოაცხადა, რომ მის წარმოებას მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაწყვეტდა, თუ მასზე ათასზე მეტ შეკვეთას მიიღებდა.

და აი, როგორც ჩანს, ”918 სპაიდერს” მალე მწვანე შუქს აუნთებენ - პეკინის ავტო შოუზე, ”პორშეს” განვითარების შტოს შეფმა ვოლფგანგ დურჰაიმერმა განაცხადა, რომ მის კომპანიას, ჰიბრიდულ სუპერქარზე უკვე 900-ზე მეტი შეკვეთა აქვს მიღებული.

”იმისათვის, რომ ამ ავტომობილის წარმოება გადავწყვიტოთ, მინიმუმ ათასი მყიდველი გვჭირდება. პირადად მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ მალე ”918 სპაიდერის” შეძენის რეალურ სურვილს ათასზე მეტი ადამიანი გამოთქვამს”, - სააგენტო ბლუმბერგთან საუბრისას განაცხადა დურჰაიმერმა.

უფრო ადრე, ”პორშეს” მთავარ აღმასრულებელს მიხაელ მახტს ნათქვამი აქვს, რომ მის კომპანიაში თითქმის ყველას სურს, რომ ”918 სპაიდერის” წარმოებას მწვანე შუქი აენთოს. ”ჟენევაში ამ ავტომობილზე წარმოუდგენლად კარგი რეაქცია მივიღეთ”, - განაცხადა მახტმა.

გარდა იმისა, რომ ძალიან მიმზიდველად გამოიყურება, ჰიბრიდული ავტომობილი შესანიშნავი ტექნიკურ-ეკონომიკური მახასიათებლებითაც გამოირჩევა. მის ჰიბრიდულ სისტემაში შედის 3.4-ლიტრიანი ატმოსფერული V8 (სიმძლავრე 500 ცხენის ძალა) და ორი ელექტროძრავი (მათი ჯამური სიმძლავრე 218 ცხენის ძალას აღწევს). ამ ელექტროძრავებიდან ერთი წინა ღერძს ემსახურება, მეორე კი - უკანას. შიდაწვის ძრავთან, ორმაგი ქუროთი დაკავშირებულია 7-საფეხურიანი ავტომატური კოლოფი.

”პორშეს” მონაცემებით, მარტო ელექტროძრავებით, ”918 სპაიდერს” დაახლოებით 25 კილომეტრის გავლა შეუძლია. ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარეს ის 3.2 წამში ავითარებს, მაქსიმალური სიჩქარე კი 320 კმ/სთ-ს აღწევს. და, ყველაზე მთავარი - 100 კილომეტრის გასავლელად, ავტომობილს 3 ლიტრი საწვავიც ჰყოფნის.

ჩინური ხელნაკეთი ავტომობილი 3 000 დოლარად

Lorry driver builds himself a Lamborghini

26 აპრილი

ამ სურათს შეხედეთ და თქვით, რა აქვს მასზე გამოსახულ ავტომობილს საერთო ”ლამბორგინისთან”? ალბათ მხოლოდ ის, რომ კარები იტალიური კომპანიის ავტომობილებისთვის დამახასიათებელ სტილში - ქვევიდან ზევით ეხსნება. მეტი არაფერი! თუმცა მისი შემქმნელი, 25 წლის ჩინელი ენთუზიასტი ჩენ ძინმიაო ამბობს, რომ თავის ”შედევრზე” მუშაობისას, შთაგონების წყარო სწორედ ”ლამბოს” ავტომობილებისგან მიიღო.

ავტომობილს სახელი არ აქვს. მის შესაქმნელად ძინმიაომ ერთი წელი იმუშავა და სულ რაღაც 3 000 დოლარი დახარჯა. ავტომობილის ავტორი ამბობს, რომ მთელი ცხოვრება ”ლამბორგინის” ავტომობილებზე იცნებობს. მათში კი დიზაინი და დინამიკური მონაცემები მოსწონს. ისე, მისი ”შედევრი” ვერც დახვეწილი გარეგნობით დაიკვეხნის და ვერც სიჩქარით. ოთხკუთხა ფორმებით გამორჩეული სუბკომპაქტური ყვითელი ავტომობილი სულ რაღაც 80 კმ/სთ სიჩქარეს ავითარებს.

ეგ არაფერი, ძინმიაოს ჯერ თავისი ავტომობილით სარგებლობის უფლება არ მიუღია. და თუ ვერც ვერასდროს მიიღებს, მაშინ მას სამუდამოდ მიუჩენს ადგილს საკუთარ ავტოფარეხში.

სხვათა შორის, ”ლამბორგინის” ტრფიალები საკუთარი ხელით ავტომობილებს მარტო ჩინეთში როდი ქმნიან. მაგალითად, ორი წლის წინ, ამერიკელმა კენ იმჰოფმა თავის მეზობლებს ”ლამბორგინის” ლეგენდარული მოდელის, ”კოუნტაჩის” ზუსტი ასლი უჩვენა, რომელსაც ის თურმე 17 წელი ქმნიდა...

”ძაგატომ” კერძო შეკვეთით მორიგი შედევრი დაამზადა

Zagato's One-Off Alfa Romeo TZ3 Corsa

26 აპრილი

ჩრდილოეთ იტალიაში, ტბა კომოს მახლობლად, ტრადიციული კონკურსი ”კონკორსო დ’ელეგანსა ვილა დ’ესტე” ჩატარდა, რომელზეც სადიზაინერო ატელიე ”ძაგატომ” თავისი მორიგი შედევრი - კერძო შეკვეთით დამზადებული ”TZ3 კორსა” წარადგინა. ეს ავტომობილი ”ალფა რომეოს” გერმანელ კოლექციონერ მარტინ კაპის შეკვეთით, ”ალფა რომეოსა” და ”ძაგატოს” თანამშრომლობის დაწყებიდან 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით დამზადდა.

სპორტული ავტომობილის სრული სახელწოდებაა ”ალფა რომეო ძაგატო TZ3 კორსა”. ის ორადგილიანია. ძრავი მის ბაზაშია მოთავსებული, წამყვანი კი უკანა ბორბლებია. მისი გაბარიტებია: სიგრძე 4.345 მეტრი, სიგანე 1.944 მეტრი, სიმაღლე 1.200 მეტრი და ბორბლებს შორის ბაზა - 2.500 მეტრი.

ამ ავტომობილის შასის უმეტესი ნაწილი და ძარა კარბონის კომპოზიტისა და ალუმინისგანაა დამზადებული, რითაც ინჟინრებმა წონის შემცირებას მიაღწიეს - ”TZ3 კორსა” სულ რაღაც 850 კილოგრამს იწონის. ის 18-დუიმიან ბორბლებზე დგას, რომლებიც ”პირელის” წარმოების საბურავებითაა შემოსილი.

”TZ3 კორსას” ბაზაში მოთავსებულია ბენზინის 4.2-ლიტრიანი V8 ძრავი, რომელიც 420 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. მასთან შეწყვილებულია 6-საფეხურიანი სეკვენტალური გადაცემათა კოლოფი. ამ ტანდემის მეშვეობით, ავტომობილს 100 კმ/სთ-მდე აჩქარება 3.5 წამში შეუძლია, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 300 კმ/სთ-ზე მეტია.

”ფოლკსვაგენმა” ჰანოვერში ელექტრული ტაქსი წარმოადგინა

Volkswagen Presents All-Electric Taxi in Hannover

26 აპრილი

”მილანო ტაქსი” - ასე ჰქვია ელექტრომობილს, რომელიც ”ფოლკსვაგენმა” ჰანოვერის სამრეწველო ბაზრობაზე წარმოადგინა. ეს ავტომობილი კონცეპტუალური Up!-ის ბაზაზეა დამზადებული და ის სერიული მოდელის საცდელ პროტოტიპს წარმოადგენს. გერმანული კომპანიის ხელმძღვანელობის განცხადებით, ამ ავტომობილის წარმოება სამ წელიწადში დაიწყება.

”მილანო ტაქსის” გაბარიტებია: სიგრძე 3.73 მეტრი, სიგანე 1.66 მეტრი და სიმაღლე 1.60 მეტრი. სალონში, ძირიდან ჭერამდე სიმაღლე 0.994 მეტრია, წინა სავარძლის ზურგსა და უკანა სავარძელზე მჯდარი მგზავრის მუხლებს შორის მანძილი კი 0.120 მეტრს შეადგენს.

საინტერესოა, რომ სალონში, წინ მხოლოდ ერთი - მძღოლის სავარძელია. ეს კი, უკანა სავარძელზე მგზავრებისთვის მეტ სივრცეს ათავისუფლებს და დამატებით კომფორტს უზრუნველყოფს. წინა მგზავრის სავარძლის ადგილი, ბარგის დასადებადაც გამოიყენება. უკანა სავარძლებზე მოხვედრის გასაადვილებლად კი, მარჯვენა უკანა კარი ავტომობილის გასწვრივ, წინისკენ იღება.

მძღოლის სავარძლის გვერდზე მოთავსებულია 8-დუიმიანი მონიტორი, რომელზეც მგზავრებს ავტომობილის შესახებ ინფორმაციის მიღება შეუძლიათ. მაგალითად, ამ მონიტორის მეშვეობით შეიზლება იმის გაგება, თუ რამდენი ენერგიაა დარჩენილი აკუმულატორებში, რა მანძილის გავლა შეიძლება ამ ენერგიით. აქვე, სანავიგაციო სისტემის მეშვეობით, შეიძლება იმ გზის მდგომარეობის ნახვა, რომლითაც ავტომობილმა უნდა იმოძრაოს. ამავე მონიტორით ამინდის პროგნოზსაც შეიტყობთ და ავტომობილის კლიმატ კონტროლის სისტემასაც დაარეგულირებთ. აქვეა სპეციალური ტერმინალი, რომელიც მგზავრობის საფასურის საბანკო ბარათით გადახდის საშუალებას იძლევა.

დაბოლოს, ”მილანო ტაქსის” აღჭურვილობის შესახებ. მას მამოძრავებელ ძალას ანიჭებს ელექტროძრავი, რომლის სიმძლავრეც 85 კილოვატს აღწევს. მას ენერგიით ლითიუმ-იონური აკუმულატორების ბლოკი ამარაგებს, რომლებში დაგროვილი ენერგიაც საკმარისია იმისათვის, რომ ტაქსიმ გაუჩერებლად 300 კილომეტრი გაიაროს. აკუმულატორების 80 პროცენტით დამუხტვას ერთი საათი სჭირდება, სრული დამუხტვისთვის კი გაცილებით მეტი დროა (ჯერჯერობით ეს მონაცემი არ ქვეყნდება) საჭირო. ”მილანო ტაქსის” მაქსიმალური სიჩქარე 120 კმ/სთ-ს აღწევს.