Saturday, May 22, 2010

1936 წლის ”ბუგატი” 30 მილიონზე მეტად გაიყიდა

1936 Bugatti Type 57SC Atlantic Sells for $30M+

21 მაისი

ამიერიდან, კითხვაზე, რომელია მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილი, თამამად შეგიძლიათ უპასუხოთ - 1936 წლის ”ბუგატი ტაიპ 57SC ატლანტიკი”. კომპანია ”გუდინგ ენდ კომპანის” აუქციონზე, ერთ-ერთმა ამერიკულმა მუზეუმმა, ამ ავტომობილში 30 მილიონ დოლარზე მეტი გადაიხადა. მოდით და ეკონომიკურ კრიზისზე ილაპარაკეთ...

სიძვირის მიხედვით, უძვირფასეს ”ბუგატისთან” ყველაზე ახლოსაა 1957 წელს გამოშვებული ”ფერარი 250 ტესტა როსა”, რომელშიც შარშან 12.2 მილიონი დოლარი გადაიხადეს. შემდეგია 1931 წლის ”ბუგატი როიალე კელნერ კუპე”, რომელშიც 1987 წელს ინკოგნიტო კოლექციონერმა 8.7 მილიონი დოლარი გადაიხადა.

ეტორე ბუგატის ფაბრიკამ თავის დროზე, სულ ოთხი ცალი ”ტაიპ 57SC ატლანტიკი” დაამზადა. მათგან დღეს მხოლოდ ორია შემორჩენილი. ერთი ტანსაცმლის მწარმოებელ ამერიკელ მულტიმილიონერ რალფ ლორენს ეკუთვნის, მეორე კი ასევე მოდის ბიზნესის მულტიმილიონერს, აწგარდაცვლილი დოქტორ პიტერ უილიამსონის საკუთრება იყო, ახლა კი, სარეკორდო თანხად შტატ კალიფორნიის მულენის საავტომობილო მუზეუმმა შეიძინა. ეს ის ავტომობილია, რომელმაც 2003 წელს, პებლ ბიჩის ელეგანტურობის კონკურსზე გაიმარჯვა.

”ატლანტიკი” ფრანგული კომპანიის მიერ 1935 წლის პარიზის შოუზე ნაჩვენებ პროტოტიპ ”აეროლაით ელექტრონ კუპეს” ბაზაზე შეიქმნა. ის ეგზემპლარი, რომელიც სარეკორდო თანხად გაიყიდა, პირველია იმ ოთხეულიდან, რომლებიც ”ბუგატიმ” დაამზადა და ამიტომაც, განსაკუთრებით ფასეულია კოლექციონერთა შორის.

”ფოლკსვაგენი” ქროსოვერს ”სუზუკი SX4-ის” ბაზაზე გამოუშვებს

Volkswagen Rocktan

21 მაისი

”ფოლკსვაგენი” წარმოებისთვის სრულიად ახალი ქროსოვერს ამზადებს, რომელიც ”სუზუკი SX4-ის” პლატფორმაზე აიგება. ბრაზილიურ საავტომობილო გამოცემა ”ნოტიციას აუტომოტივასის” მიერ გავრცელებული (არაოფიციალური) ინფორმაციით, ახალ ავტომობილს ”როკტანს” დაარქმევენ.

”როკტანს” წინა ან სრულამძრავიანი ტრანსმისია ექნება, მის ძრავების გამაში კი 1.4-დან 2.0 ლიტრამდე მუშა მოცულობის მქონე ბენზინის და დიზელის ძრავები შევა, რომელთაგან ყველაზე მძლავრის მაქსიმალური სიმძლავრე 140 ცხენის ძალას მიაღწევს.

”ფოლკსვაგენის” სამოდელო გამაში, ახალი ქროსოვერი თავისივე კლასის ”ტურანსა” და ”ქროსგოლფს” შორის ნიშას შეავსებს. ევროპულ ბაზარზე მისი მთავარი კონკურენტი ”ნისან ქაშკაი” იქნება. სულ ესაა ის ინფორმაცია, რაც ბრაზილიური გამოცემისთვის ხელმისაწვდომი გახდა.

შეგახსენებთ, რომ ”ფოლკსვაგენმა” იანვარში იაპონური კომპანიის აქციების 19.9 პროცენტი შეიძინა, რის შემდეგაც, ორმა კომპანიამ ახალი, თანაბარუფლებიანი ალიანსი ჩამოაყალიბა. თანამშრომლობა სხვადასხვა კლასის ავტომობილების წარმოების სფეროში თანამშრომლობას ითვალისწინებს. ძირითადი აქცენტი კი ჰიბრიდული და ელექტრული ტექნოლოგიების ერთობლივად შემუშავებაზე გაკეთდება. წარმოებულ ავტომობილებს კი ორივე კომპანია თავ-თავისი მარკით გაჰყიდის.

კონცეპტუალური SC90 – ”ვოლვოს” დიზაინის მომავალი?

Volvo SC90 Sports Sedan Concept

21 მაისი

ნოფონ ბანსაზენი ამერიკელი დიზაინერია (აშკარად ფრანგული წარმოშობის - მის წარმომავლობას ინტერნეტში დიდხანს უშედეგოდ ვეძებდი და ბოლოს ისღა გავიგე, რომ სან დიეგოელია) და სულ ოთხი წელია, რაც დამოუკიდებლად ქმნის ავტომობილების დიზაინს. მან სახელი რამდენიმე თვის წინ გაითქვა, როდესაც ”პორშეს” ნახევრად სატვირთო ავტომობილის, პიკაპის კონცეპტუალური პროექტი შეიმუშავა. ახლა კი ”ვოლვოსაც” გადასწვდა და შვედურ კომპანიას, რომელსაც ახლახანს ჩინელები დაეპატრონენ, ოთხკარიანი კუპე (ან სპორტული სედანი) SC90 შესთავაზა.

უფრო სწორედ, მან ეს პროექტი ”ვოლვოს” შეკვეთით და მეთვალყურეობით შეიმუშავა. სამუშაოს დაწყებამდე კი შვედური კომპანიის თანამედროვე კორპორატიული დიზაინი, მისსავე კონცეპტუალურ ცენტრში შეისწავლა. ჯერ უცნობია, ბანსაზენმა თავისი ნამუშევრით, შვედებს S80-ის შემცვლელის მომავალი სახე უჩვენა, თუ სრულიად ახალი ავტომობილი, რომელმაც იდეაში კონკურენცია ”პორშე პანამერას” უნდა გაუწიოს.

ფაქტი კი აშკარაა - კონცეპტუალურ ავტომობილს საკმაოდ აგრესიული გარეგნობა აქვს და შესაძლოა, მის მიხედვით, ”ვოლვო” ახალი კორპორატიული სტილის შემუშავებასაც იწყებს. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში, ბანსაზენისეული სტილი დაიხვეწება, ”დაწყნარდება” და უფრო ”ადამიანური” გახდება.

ისიც უნდა ითქვას, რომ პროექტში არაფერია ნათქვამი ავტომობილის ტექნიკურ აღჭურვილობაზე. როგორც ჩანს, ”ვოლვოს” მის ნამუშევარში მხოლოდ ავტომობილის გარეგნობა აინტერესებდა, რაც იმის ირიბი დასტურია, რომ შვედებს (უფრო სწორედ, ჩინელებს) სწორედ თავიანთი ავტომობილების დიზაინის დახვეწა აინტერესებთ.

”ბუგატი ვეირონის” შემცვლელი კიდევ უფრო მძლავრი იქნება

Bugatti Veyron

21 მაისი

ვენის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში ლექციის კითხვისას, ”ფოლკსვაგენის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ფერდინანდ პიხმა განაცხადა, რომ ”ბუგატი ვეირონის” შემცვლელი 1 200-ცხენისძალიანი ძრავით აღიჭურვება.

ეს ავტომობილი ”ბუგატიმ”, რომელიც გერმანული კომპანიის ჯგუფში შედის, სწორედ პიხის დიდი მონდომების წყალობით გამოუშვა და როგორც ჩანს, დიდი ფერდინანდ პორშეს შთამომავალი ამ მარკის მომავალზე კვლავაც ზრუნავს. ძრავის ამ ტექნიკური მონაცემის გარდა, პიხს ახალი ავტომობილის შესახებ სხვა არაფერი უთქვამს.

ცნობისათვის, ”ვეირონის” წარმოება ”ბუგატიმ” ხუთი წლის წინ დაიწყო, ამ ავტომობილის ღია ვერსია (გრანდ სპორტ) კი 2008 წელს გამოუშვა. ”ვეირონი” სრულამძრავიანი ტრანსმისიით გამოირჩევა და ის 1001-ცხენისძალიანი ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც მაქსიმალურ მომენტს (1250 ნმ-ს) ძრავის მუხლა ლილვის 2 200 ბრ/წთ-ზე ავითარებს.

ამ აგრეგატებით, ”ვეირონს” 0-100 კმ/სთ-მდე აჩქარება 2.5 წამში შეუძლია, 0-დან 200 კმ/სთ-ს 7.3 წამში კრეფს, 300 კმ/სთ-ს 16.7 წამში აღწევს, მისი სპიდომეტრის ისარი კი 400-იან მაჩვენებელს 50 წამში აღწევს. რაც შეეხება მაქსიმალურ სიჩქარეს, ის 407 კმ/სთ-ია.

”ბუგატი” სულ 300 ცალი ”ვეირონის” წარმოებას აპირებს. აქედან მას უკვე 200-ზე მეტი შეკვეთა აქვს მიღებული. სულ 150 ცალი ”ვეირონ გრანდ სპორტის” წარმოება იგეგმება. ორივე ავტომობილის ღირებულება ევროპულ ბაზარზე 1.5 მილიონი ევროა.

სანამ ”ვეირონის” შემცვლელს ვიხილავდეთ, ბაზარზე ”ბუგატის” მეორე ავტომობილი - სედანი ”16C გალიბიერი” გამოჩნდება, რომლის პირველი ჩვენება შარშან, ფრანკფურტის საავტომობილო შოუმდე რამდენიმე დღით ადრე, სპეციალურ წვეულებაზე შედგა. ამ ავტომობილის კაპოტქვეშ განლაგებულია ”ვეირონის” აგრეგატი, რომელიც 800 ცხენის ძალამდეა დეფორსირებული. ფრანგულ-იტალიური კომპანია ამ ავტომობილსაც მხოლოდ 300 ცალს დაამზადებს.

ექვსმეტრიანი კუპე ”მაიბახის” ბაზაზე

Maybach Coupe 57S

21 მაისი

გერმანული სატიუნინგო ატელიე ”ქსენატეკი” იმითაა ცნობილი, რომ სერიული ავტომობილების ბაზაზე, ექსკლუზიურ შედევრებს ამზადებს. ამჯერად, მის სპეციალისტთა ხელი ისედაც ექსკლუზიურ ავტომობილს - ”მაიბახ 57S-ს” შეეხო, რომლის ბაზაზეც მათ ექვსმეტრიანი კუპე დაამზადეს. გერმანულ ჟურნალ ”ავტო მოტორ უნდ შპორტის” ინფორმაციით, ”ქსენატეკი” ამ კუპეს სულ 100 ცალს დაამზადებს.

ამავე ჟურნალის ინფორმაციით, ”მაიბახის” ორკარიანი ვერსიების წარმოებაში, ”ქსენატეკს” ტექნოლოგიურად ”დაიმლერი” (რომელსაც მაიბახი ეკუთვნის) დაეხმარება. ინგლისურ ჟურნალ ”ავტოქარის” ინფორმაციით კი, კუპეს გარეგნობის შემუშავებაში მონაწილეობა ”მერსედეს-ბენცის” სპეციალისტებმაც მიიღეს, რომლებსაც შტუტგარტული კომპანიის მთავარი დიზაინერი გორდენ ვაგენერი ხელმძღვანელობდა.

მიუხედავად იმისა, რომ კართა რაოდენობა განახევრდა, ავტომობილმა ოთხი ადგილი შეინარჩუნა. ასევე შენარჩუნებულია ავტომობილის სიგრძეც (5.7 მეტრი) და ბაზაც (3.39 მეტრი). სამაგიეროდ, 0.2 მეტრით, 2.18 მეტრამდე გაიზარდა ავტომობილის სიგანე და ის 1.48 მეტრამდე დადაბლდა. დაკიდევ, 0.2 მეტრით უკან დაიწია შუა საყრდენმა.

ტექნიკური თვალსაზრისით კი კუპე სედან ”მაიბახ 57S-ის” იდენტურია. ის აღჭურვილია 6.0-ლიტრიანი წყვილ ტურბოკომპრესორიანი V12 ძრავით, რომელიც 612 ცხენის ძალას ავითარებს. ამ აგრეგატის დახმარებით, ადგილიდან 100 კმ/სთ-ის ასაკრეფად, კუპეს 5.0 წამი ჰყოფნის, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 275 კმ/სთ-ს აღწევს.

უფრო მეტიც, ”ქსენატეკის” ხელმძღვანელობა ”უფრო” სპორტული ვერსიის წარმოებასაც გეგმავს. ასეთ შემთხვევაში, ავტომობილს უფრო მძლავრ ძრავს ჩაუდგამენ და ის უფრო ხისტ საკიდარსაც მიიღებს. შესაბამისად, შეიცვლება სამუხრუჭე სისტემა და ბორბლებიც, ავტრომობილს კი სახელში ”ევო” დაემატება.

”ქსენატეკი” სულ 100 ცალი კუპე ”მაიბახის” (სპორტულ ავტომობილს ჯერ საკუთარი სახელიც არ აქვს) წარმოებას აპირებს, თითოეულის ღირებულება კი 650 000 ევრო იქნება. ამ ავტომობილით, ”დაიმლერმა” კონკურენცია ”ბენტლი ბრუკლენდსს” და ”როლს როის ფანტომ კუპეს” უნდა გაუწიოს.

Friday, May 21, 2010

”აუდი A9” - ჰიბრიდული სპორტული სედანის კონცეპცია

Audi A9 Hybrid Sports Sedan Concept by Daniel Garcia
21 მაისი
რასაც ამ სურათზე ხედავთ, დამოუკიდებელმა ესპანელმა დიზაინერმა დანიელ გარსიამ შეიმუშავა და მას ”აუდი A9” უწოდა. რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ პროექტს რამე საერთო აქვს გერმანულ კომპანიასთან. არადა, ეს ავტომობილი ”აუდის” ბავარიული ”ბეემვეს” პროექტ ”ვიჟნ ეფიციენტფაინემიქსისადმი” გაცემული შესანიშნავი პასუხი იქნებოდა.
არადა, როგორც ცოტა ხნის წინ, ”ბეემვემ” თავისი მე-5 სერიის GT-თი ფაქტობრივად ბაზრის ახალი ნიშა გახსნა, A9-საც თავისუფლად შეუძლია სრულიად ახალი ნიშია - ზე-ლუქსის კლასის, ჰიბრიდული სპორტული სედანების კლასის ნიშისთვის დასაბამის მიცემა. თუმცა, ასეთი ნიშა ფაქტობრივად უკვე არსებობს და მასში ”პორშე პანამერა” და ”ასტონ მარტინ რეპიდი” ”თარეშობენ”.
გარსია ამბობს, რომ თავის შედევრზე მუშაობისას, შთაგონების წყაროდ სახელოვან არქიტექტორ სანტიაგო კალატრავას მიერ ვალენსიაში აშენებული შენობები გამოიყენა. ამასთან, პროექტში ლაპარაკია ჯერაც შეუმუშავებელ ნანოტექნოლოგიურ მასალაზე, რომელიც თავისით მყარდება და იმ ფერს ღებულობს, რომელიც გარემოს შეესაბამება.
რა თქმა უნდა, ასეთი ავტომობილი მხოლოდ გარემოსადმი მეგობრული ძალური დანადგარით შეიძლება იყოს აღჭურვილი. მაგრამ სანამ ასეთი ტექნოლოგიები მასობრივ წარმოებაში დამკვიდრდება, ”აუდის” შეუძლია, რომ A9 ბენზინის, ან დიზელის ძრავით აღჭურვოს. ამასთან, გარსია არც ჰიბრიდულ დანადგარზე იტყოდა უარს, რომელშიც ბენზინის ძრავი და ბორბლებში მოთავსებული ელექტროძრავები უნისონში იმუშავებდა.

”მერსედეს-ბენც ჰექსაუილ” - ირანელი ინჟინრის სავარჯიშო

Mercedes-Benz Hexawheel Concept Study

21 მაისი

კონცეპტუალური ”მერსედეს ჰექსაუილი” მხოლოდ სტუდიური ნამუშევარია და მის შემხედვარეს, ადამიანს საინტერესო კითხვა დაებადება - როგორი იქნება მინი ოფ-როუდერი, თუ ”დაიმლერი” მის წარმოებას ”სმარტის”, ან ”მერსედესის” მარკით გადაწყვეტს?
ირანელმა ინჟინერ მექანიკოსმა, 35 წლის სიამაკ რუჰი დეჰკორდიმ ასეთი ავტომობილის მისეული ხედვა კომპიუტერის დახმარებით შეიმუშავა. თან, შტუტგარტელებს საინტერესო გადაწყვეტა შესთავაზა - ექვსბორბლიანი, სრულამძრავიანი მანქანა, რომელიც ორ ურიკაზე დგას.

ეს პლატფორმები ერთმანეთს ორიგინალური მექანიზმით უკავშირდება, რომლის მთავარი ელემენტიც ჰიდრავლიკური სისტემაა. მისი მეშვეობით, ავტომობილს ურთულესი წინაღობების დაძლევის უნარი ექნება. ავტორის ჩანაფიქრით, ჰიდრავლიკური სისტემით ავტომობილის ტრანსმისიაც უნდა აღიჭურვოს.

ექვსბორბალა დიზელის აგრეგატით აღიჭურვება, თუმცა პროექტის ავტორს არც ეკოლოგიურად სუფთა დანადგარების საწინააღმდეგო აქვს რამე. უფრო მეტიც, ის ამბობს, რომ პერსპექტივაში, მის ავტომობილს ამძრავი ძალა შეიძლება ელექტროძრავმა და წყალბადის ფიჭურმა დანადგარმაც მიანიჭოს. ავტომობილის სიგრძე 4.8 მეტრია, მისი ორივე ბაზის სიგრძე კი 1.95-1.95 მეტრი.

ძნელი წარმოსადგენია, ”მერსედესმა” ასეთი ექსტრავაგანტური იდეის განხორციელება განიზრახოს, თუმცა თქმა არ უნდა, ირანელ ინჟინერს მდიდარი ფანტაზია ჰქონია და ვინ იცის, იქნებ მის მიერ ექვსბორბალას კონსტრუქციაში შემოთავაზებული ზოგიერთი იდეა ოდესმე რომელიმე ავტომწარმოებელმა მოიწონოს კიდეც...

”ტესლა” და ”ტოიოტა” პარტნიორები ხდებიან

Tesla to make electric vehicles with Toyota, buy NUMMI

21 მაისი

ელონ მუსკი
.................................

ელექტრომობილების მწარმოებელი კალიფორნიული კომპანია ”ტესლა მოტორსი” და მსოფლიოს უდიდესი ავტომწარმოებელი, იაპონური ”ტოიოტა მოტორი” თანამშრომლობას იწყებენ. ისინი ერთობლივად შეიმუშავებენ ელექტრომობილებს, რომლებსაც კალიფორნიის ქალაქ ფრიმონში მდებარე ქარხანა NUMMI-ში (ნიუ იუნაიტიდ მოტორ მენიუფექჩურინგ ინკორპორეიტიდ) დაამზადებენ.

ეს ქარხანა არცთუ დიდი ხნის წინ, ”ტოიოტას” და ”ჯენერალ მოტორსის” ერთობლივი საკუთრება იყო და ის ორივე კომპანიისთვის ერთსადაიმავე მოდელებს სხვადასხვა მარკით (ტოიოტას და პონტიაკის) აწარმოებდა. მაგრამ შარშან ამერიკულმა კომპანიამ თავის წილზე უარი თქვა, რის შემდეგაც, ”ტოიოტამ” ქარხნის შენარჩუნება არ ისურვა და დახურა.

მოდელ S

..........................

ახლა კი, იაპონურ კომპანიასთან დადებული გარიგებით, ”ტესლა” NUMMI-ს ქარხანას შეისყიდის და მასში 1 000-მდე ადამიანს დაასაქმებს. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა მოდელების წარმოებას აპირებს ამ ქარხანაში ”ტესლა”. სავარაუდოდ, ეს ელექტრული სედანი იქნება.

მცირე ზომის კალიფორნიული კომპანიის ბიზნესში ”ტოიოტა” 50 მილიონ დოლარს დააბანდებს. სამაგიეროდ, როდესაც ”ტესლა” საფონდო ბირჟაზე თავის აქციებს გაიტანს, იაპონური კომპანია მის საკონტროლო პაკეტს დაეუფლება. გარდა ამისა, ორივე კომპანია ახალი მოდელების შემუშავებისას მჭიდროდ ითანამშრომლებს.

ამ თანამშრომლობისას, ”ტესლა” შეუზღუდავად ისარგებლებს ”ტოიოტას” საინჟინრო რესურსებით და მისთვის იაპონური კომპანიის მიმწოდებელთა ბაზაც გახსნილი იქნება. სამაგიეროდ, ”ტოიოტა” თავისი ახალი პარტნიორისგან, ელექტრომობილების შემუშავების საკითხში, დიდ გამოცდილებას გაიზიარებს. სხვათა შორის,თავისი ჰიბრიდული მოდელებისთვის, იაპონური კომპანია ჯერაც მოძველებულ, ნიკელ-მეტალ-ჰიდრიდულ აკუმულატორებს იყენებს, როცა ”ტესლამ” თავიდანვე უფრო თანამედროვე, ლითიუმ-იონურ ელემენტებზე გააკეთა აქცენტი.

”ათწლეულების წინ, ”ტოიოტამაც” მოღვაწეობა სარისკო საქმით დაიწყო. დღეს ჩვენ კიდევ ერთ რისკიან საქმეს ვეკიდებით და ვიმედოვნებთ, რომ ამ საქმეში ჩვენს ქარხნებში დასაქმებულთა გამოცდილება და შრომისმოყვარეობა დაგვეხმარება”, - ამბობს ”ტოიოტას” პრეზიდენტი აკიო ტოიოდა.

”ტესლას” მთავარი აღმასრულებელი ელონ მუსკი ამბობს, რომ NUMMI-ს ქარხნის ელექტრომობილების წარმოებისთვის მოსამზადებლად, მის კომპანიას ასეულობით მილიონი დოლარის დახარჯვა მოუწევს. ამისთვის კი ის იმ 465 მილიონი დოლარის გამოყენებას აპირებს, რომლებიც აშშ-ის ენერგიის დეპარტამენტისგან, შეღავათიანი სესხის სახით მიიღო. რა თქმა უნდა, ამ თანხის ნაწილს კომპანია ელექტრულ სედან S-ის შემუშავებისთვის გამოიყენებს. ქარხნის მოდერნიზებისთვის, ”ტესლა” ასევე გამოიყენებს იმ 20 მილიონ დოლარს, რომელიც შტატ კალიფორნიისგან მიიღო.

მუსკი არ ამბობს, თუ რა დაუჯდა დახურული ქარხნის შეძენა. სამაგიეროდ, აზუსტებს, რომ მოდელ S-ის წარმოება 2012 წელს დაიწყება. ამასთან, კომპანია ამ მოდელს წლიურად 20 000 ცალს დაამზადებს. მოგვიანებით კი ”ტესლას” საწარმოო პროგრამაში ახალი მოდელებიც გამოჩნდება, რომლებსაც ასევე NUMMI-ს ქარხანა გამოუშვებს.

”ეს უზარმაზარი ქარხანაა, რომელშიც ჩვენ მხოლოდ ერთ კუთხეს დავიკავებთ”, - ამბობს მუსკი და დასძენს, რომ მართალია, თავიდან მისი კომპანია ამ ქარხნის შესაძლებლობების მხოლოდ მინიმუმს გამოიყენებს, მაგრამ სამოდელო გამის გაფართოებასთან ერთად, წარმოების მოცულობაც გაიზრდება და საბოლოოდ, ასეულობით ათასს მიაღწევს. პროექტში დასაქმებულთა რაოდენობა კი 10 000-ს (ამ რიცხვში, მიმწოდებელ კომპანიებში ”ტესლას” პროექტთან დაკავშირებულ თანამშრომელთა რაოდენობაცაა გათვალისწინებული) მიაღწევს.

ამჟამად ”ტესლა” ორადგილიან ელექტრულ როდსტერს აწარმოებს, რომლის ფასიც 100 000 დოლარია. რაც შეეხება სედან ”მოდელ S-ს”, მისი ფასი 40 000 დოლარი იქნება.

რაც შეეხება ”ტოიოტას”, ეს კომპანია აქამდე აქცენტს ჰიბრიდულ მოდელებზე აკეთებდა და ელექტრომობილებისადმი ინტერესს ფაქტობრივად არ ავლენდა. მაგრამ როგორც ჩანს, მისი პოზიცია შეიცვალა და სავარაუდოდ, ”ტესლასთან” თანამშრომლობის შედეგად, ელექტრომობილები მის სამოდელო გამაშიც მალე გამოჩნდება...

”ოპელმა” შეიძლება კუპე ”კალიბრას” წარმოება განაახლოს

New Opel Calibra Coupe Rumored

21 მაისი

2007 წელს, ჟენევის ავტო შოუზე, ”ოპელმა” კონცეპტუალური კუპე GTC წარადგინა და მაშინ ბევრმა იფიქრა, რომ ეს ავტომობილი ერთ დროს საკმაოდ პოპულარული კუპე ”კალიბრას” ახალი ვერსიის წინამორბედი უნდა ყოფილიყო. მაგრამ მალე გაირკვა, რომ ამ ავტომობილით, ცხოვრებას სრულიად ახალი მოდელი - ”ინსინია” იწყებდა, რომლითაც რიუსელსჰაიმელებმა პრემიუმ კლასში შებიჯება გადაწყვიტეს.

იმავდროულად, გამოცხადდა, რომ გერმანულ კომპანიას, რომელიც ”ჯენერალ მოტორსის” ევროპული შტოა, ”კალიბრას” აღდგენასთან დაკავშირებით, არანაირი გეგმები არ ჰქონდა. უფრო მეტიც, გაჩნდა ვარაუდი იმის შესახებ, რომ ”კალიბრას” ნაცვლად, ”ოპელი” ბაზარზე ”ასტრაზე” ბაზირებულ კუპეს გამოუშვებდა (კალიბრა მოდელ ვექტრას ბაზაზე მზადდებოდა).

მაგრამ ინგლისური გამოცემა ”ქარ”, მის ხელთ არსებული (დაუსახელებელი) წყაროს საფუძველზე ამტკიცებს, რომ GTC-ს ბაზაზე მეორე თაობის ოთხადგილიანი ”კალიბრას” წარმოების საკითხი გერმანულ კომპანიაში ჯერაც განიხილება. და თუ პროექტს მწვანე შუქს აუნთებენ, ახალი ავტომობილი ბაზარს 2013 წელს მოევლინება. და... დღესვე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ გარეგნულად ის მეტნაკლებად, ორკარიანი ”ინსინიას” შთაბეჭდილებას დატოვებს.

იმისათვის, რომ ახალმა ”კალიბრამ” მის მწარმოებელს მოგება მოუტანოს, ”ოპელმა” და მისმა ინგლისურმა ტყუპისცალმა ”ვოქსჰოლმა” წლიურად მინიმუმ 30 000 ცალი ”კალიბრა” უნდა აწარმოონ. ერის კიდევ ერთი გარემოება, რომელზეც ”ქარ-ის” ინკოგნიტო წყარო მიუთითებს. მისი თქმით:

”ამ და მსგავს პროექტებთან დაკავშირებით, ჩვენ გაცილებით თავდაჯერებულები ვიქნებით, თუ მათში მონაწილეობას ”ბიუიკი”, ”შევროლეს” ჩრდილო და სამხრეთამერიკული შტოები და ”სააბი” მიიღებენ და რისკის ნაწილს გადაინაწილებენ”. ამჟამად, შვედური ”სააბი” ამერიკული კონგლომერატის წევრი აღარაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ”ჯენერალ მოტორსის” ინკოგნიტო წარმომადგენელს ეს სიტყვები ამ წლის დასაწყისში უნდა ეთქვა...

Thursday, May 20, 2010

მანქანის სახელის გამო, ”რენოს” ზოი რენო უჩივის

Woman Called Zoe Renault to Sue French Carmaker over Name Issue

20 მაისი

23 წლის პარიზელი სტუდენტი ზოი რენო უკმაყოფილოა იმით, რომ ფრანგული საავტომობილო კომპანია ”რენო”, თავის სუბკომპაქტურ ელექტრომობილისთვის ”ზოი-ს” დარქმევას აპირებს. უფრო მეტიც, როგორც ბრიტანული გაზეთი ”გარდიანი” იუწყება, მას თურმე ადვოკატიც კი დაუქირავებია იმისთვის, რომ კომპანიას მისი სახელის გამოყენების საშუალება არ მისცეს.

ადვოკატი, სახელად დავიდ კუბი აცხადებს, რომ საფრანგეთში დაახლოებით 30 000 ადამიანს ჰქვია ზოი და არცერთ მათგანს არ გაუხარდება, თუ ჯუჯა ელექტრომობილს მის სახელს დაუძახებენ. მან წერილით მიმართა ”რენოს” მთავარ აღმასრულებელ კარლოს გონს, რომელშიც წერს, რომ ავტომობილისთვის ვინმეს სახელის დარქმევა, ამ სახელის მატარებლების უფლებების შელახვაა.

”დამეთნხმებით, რომ არცერთ მშობელს არ ესიამოვნება, თუ სახელს, რომელიც მათ თავიანთ შვილს უწოდეს, მარკეტინგული მიზნით გამოიყენება”, - სწერს კუბი გონს. გაზეთ ”პარიზიენთან” საუბრისას, ზოი რენომ განაცხადა, რომ მას არ სურს, მისი სახელი ”რენოს” ელექტრომობილთან ასოცირდებოდეს. ”ნამდვილად არ მესიამოვნება, თუ ვინმე იტყვის - ”ზოი დაზიანდა”, ”ზოი დაიმტვრა”, ან რაღაც ამგვარს და მე ამას გავიგებ”, - ამბობს ზოი რენო.

სხვათა შორის, ის პირველი არაა, ვინც ”რენოს” გეგმებით უკმაყოფილოა. საფრანგეთში უკვე ამ სახელის ბევრმა მატარებელმა გამოთქვა თავისი უკმაყოფილება. ისინი პროტესტის ნიშნად, პეტიციებსაც კი გეგმავენ. თუმცა, შესაძლოა, რომ პროტესტები საჭირო არც გახდეს. ყოველ შემთხვევაში, ”რენოს” წარმომადგენელი აცხადებს, რომ მართალია, ”რენო” ამ სახელის დათმობას არ აპირებს, თუმცა ის მხოლოდ კონცეპტუალური მოდელისთვისგამოიყენა, რაც იმას არ ნიშნავს, რომ სერიულ ავტომობილსაც იგივე სახელი დარჩება.

”პეჟო” ”გოლფ GTI-ს” კონკურენტს პარიზისთვის ამზადებს

Peugeot Tries to Challenge Golf GTI

20 მაისი

”პეჟომ” ოფიციალურად გამოაცხადა, რომ წარმოებისთვის ჰეჩბეკ 308-ს დამუხტულ ვერსიას - 308 GTi-ს ამზადებს, რომელიც მხოლოდ ევროპულ ბაზარზე გაიყიდება. ახალი ავტომობილი მხოლოდ ხუთკარიან ძარას მიიღებს, მისი პრემიერა კი პარიზის საავტომობილო შოუზე გაიმართება.

”პეჟო 308-ს” ახალი მოდიფიკაცია 1.6-ლიტრიანი ტურბოძრავით აღიჭურვება, რომლის მაქსიმალური სიმძლავრეც 200 ცხენის ძალა, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი 275 ნიუტონმეტრი (1700-4500 ბრ/წთ დიაპაზონში) იქნება. ძრავს კი 6-საფეხურიანი ავტომატური კოლოფი შეუწყვილდება.

გარდა ამისა, პოპულარული ჰეჩბეკის ახალი ვერსია 1 სანტიმეტრით დადაბლებულ საკიდარს მიიღებს. ზამბარები და ამორტიზატორტები უფრო ხისტი გახდება. ავტომობილი 18-დუიმიან ბორბლებზე დადგება, რომლებიც 225/40 ზომის საბურავებით შეიმოსება. სამუხრუჭე სისტემა კი 340-მილიმეტრიანი (წინ) და 290-მილიმეტრიანი დისკოებით აღიჭურვება.

მთელი ამ ავლა-დიდებით, ”პეჟო 308 GTi” ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფას 7.7 წამში მოასწრებს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 237კმ/სთ-ს მიაღწევს. ამასთან, 100 კილომეტრის გასავლელად, ძრავს მხოლოდ 6.9 ლიტრი საწვავი დასჭირდება, ყოველ კილომეტრზე კი ის ატმოსფეროში 159 გრამ ნახშირორჟანგს გამოჰყოფს.

სწრაფ 308-ს სტანდარტულისგან შეცვლილი ბამპერები (ვერსიაСС-სგან აღებული), შავი ფერის დიფუზორით, უკანა ანტი ფრთით და სხვა ფორმის გამოსაბოლქვი მილებით გამოარჩევთ. გარდა ამისა, უკანა მარჯვენა ფარის გვერდზე გაჩნდება წარწერა Gti. სალონში, სტანდარტულ სავარძლებს სპორტულები შეცვლის, რომლებიც ტყავში იქნება გამოწყობილი. შეიცვლება საჭის რგოლი, ზოგიერთი დეტალი კი ალუმინის დეკორით გალამაზდება.

სხვათა შორის, დინამიკური მახასიათებლებით, 308 GTi-ს მისი კონკურენტები აშკარად სჯობნიან. მაგალითად, ”ფორდ ფოკუს ST-ს”, თავისი 225-ცხენისძალიანი ტურბო ძრავით, 0-100 კმ/სთ აჩქარება 6.8 წამში შეუძლია, 200-ცხენისძალიან ”ფოლკსვაგენ გოლფ GTI-ის” შესაბამისი მაჩვენებელი 6.9 წამია, ”შკოდა ოქტავია RS-ისა” კი - 7.2 წამი.

პარიზულ გამოფენამდე, ”პეჟო” თავის ახალ ავტომობილს პირველად ფრანგ დილერებს უჩვენებს, საფრანგეთში კი 308 GTi-ს ფასი 26 900 ევრო იქნება.

Wednesday, May 19, 2010

”ფოლკსვაგენი” ”იტალდიზაინ ჯუჯაროს” შეძენას აპირებს

Volkswagen Plans Buying Italdesign Giugiaro

19 მაისი

გამოცემა ”ავტომოტივ ნიუს იუროპის” ინფორმაციით, ”ფოლკსვაგენი” უდიდეს იტალიურ სადიზაინერო და ინჟინირინგულ ფირმა ”ჯუჯაროს” აქციების საკონტროლო პაკეტის შეძენას აპირებს. მოსალოდნელია, რომ ამ საკითხზე ოფიციალური განცხადება მალე გამოქვეყნდება, თუმცა ამ ეტაპზე, ”ფოლკსვაგენიც” და ”იტალდიზაინიც” ამ თემაზე კომენტარებისგან თავს იკავებენ.

”ფოლკსვაგენის” მიზანია, 2018 წლისთვის მსოფლიოს უდიდესი ავტომწარმოებელი გახდეს. ამასთან, იმ დროისთვის მისი წარმოების წლიური მოცულობა 10 მილიონს უნდა მისწვდეს. ამ მიზნების მისაღწევად კი, ვოლფსბურგელებს მეტი გამოცდილი ინჟინერი და დიზაინერი ესაჭიროებათ. ამ ნიშის შევსება კი მათთვის ”იტალდიზაინ ჯუჯაროს” შეუძლია.

ცნობისათვის, ”ფოლკსვაგენის” ჯგუფში შემავალი კომპანიები (ფოლკსვაგენი, აუდი, შკოდა, სეატი, ლამბორგინი, ბენტლი, ბუგატი და ფოლკსვაგენის კომერციული ავტომობილების მწარმოებელი შტო) წელს 60 ახალი და განახლებული ავტომობილის გამოშვებას გეგმავენ.

”იტალდიზაინ ჯუჯარო” 1968 წელს დააარსა ჯორჯეტო ჯუჯარომ. კომპანიაში დღეისათვის 975 ადამიანი მუშაობს, რომლებიც თავიანთი საქმისთვის, სადიზაინერო პროგრამებით აღჭურვილ 800 ცალ კომპიუტერს იყენებენ. ფირმის მთავარი ოფისი ტურინის სამხრეთით, 16 კილომეტრში მდებარე პატარა ქალაქ მონკალიერიში მდებარეობს. იქვეა განლაგებული მთავარი საწარმოც.

დღეისათვის ”იტალდიზაინი” მთლიანად ჯორჯეტო ჯუჯაროს და მის შვილ ფაბრიციოს ეკუთვნით. უფროსი ჯუჯარო თავისი ფირმის მთავარი აღმასრულებელია, ფაბრიციო კი დიზაინისა და მოდელირების განყოფილებას განაგებს. ამ ეტაპზევე ცნობილია, რომ თუ ”ფოლკსვაგენი” ”იტალდიზაინს” დაეუფლება, ჯუჯაროები თავიანთ თანამდებობებს შეინარჩუნებენ.

წლების განმავლობაში, ”ფოლკსვაგენს” და ”იტალდიზაინ ჯუჯაროს” მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებთ. იტალიურმა ფირმამ გერმანული გიგანტისა და მის ჯგუფში შემავალი ბრენდებისთვის შეიმუშავა ისეთი მოდელების დიზაინი, როგორებიცაა: პირველი თაობის ”გოლფი” (სურათზე), პირველი თაობის ”სკიროკო”, პირველი თაობის ”პასატი”, ”აუდის” მოდელები 80 და 100, ასევე 1991 წლის ”სეატ ტოლედო” და 1993 წლის ”სეატ იბისა”.

”Z სპაიდერ სტრადალე” – ”ბეემვეს” კონცეპცია ”ეფიციენტდაინემიქსის” ახალი სახელი

BMW Z Spyder Stradale, a New Face for EfficientDynamics

19 მაისი

”ბეემვეს” მომავალი უკეთეს აეროდინამიკასა და გარემოსადმი მეგობრულ ტექნოლოგიებს უკავშირდება, რის დასტურადაც, გასული წლის ფრანკფურტის საავტომობილო გამოფენაზე, ბავარიელებმა საზოგადოებას თავიანთი მრავალპროფილიანი კონცეპცია ”ვიჟნ ეფიციენტდაინემიქსი” წარუდგინეს. გავიდა რვა თვე და გერმანულმა კომპანიამ ამ კონცეპციას სახელი და ფორმაც შეუცვალა - ამიერიდან მას ”Z სპაიდერ სტრადალე” ეწოდება.

ბავარიული კომპანიის ინკოგნიტო წარმომადგენლის თქმით, ღია ავტომობილს, რომელიც ”Z სპაიდერ სტრადალეს” სახელს მიიღებს, უკან დაწეული სალონი, დაბლა განლაგებული მძღოლის სავარძელი და ძლიერ დახრილი საქარე შუშა ექნება. ამ ავტომობილის მზიდი სტრუქტურა ძირითადად ალუმუნის, მაგნეზიუმისა და ფოლადისგან აიწყობა. რაც შეეხება ძარას, აქ უფრო მეტი დეტალი კარბონის კომპოზიტისგან დამზადდება.

ისევე როგორც ”ვიჟნ ეფიციენტდაინემიქსის” პროგრამის სხვა ავტომობილები (ასეთი ჯერ ერთია, თუმცა მალე მათი რიცხვი გაიზრდება), ”სპაიდერ სტრადალეც” სტოპ-სტარტ ტექნოლოგიითა და მუხრუჭების ენერგიის რეგენერაციის სისტემით აღიჭურვება. გარდა ამისა, როგორც ინკოგნიტო ინფორმატორი ამბობს, ახალ ავტომობილზე რამდენიმე ახალი ტექნოლოგიის გამოყენებაც იგეგმება, რომლებიც პროგრამა ”აქტივ აეროდინამიკსის” ფარგლებში მუშავდება.

რაც შეეხება ძრავს, ბავარიელთა კონცეპტუალური სუპერ ავტომობილი საშუალო ან სრულფასოვან ჰიბრიდულ სისტემას მიიღებს, რომლებშიც ელექტროძრავები ამაჩქარებლის მოვალეობას შეასრულებს და ისინი ტრანსმისიასთან იქნება დაკავშირებული. გარდა ამისა, ამავე ავტომობილისთვის მუშავდება წყალბადის ფიჭური სისტემა.

რა თქმა უნდა, ”სპაიდერ სტრადალე” შიდაწვის ძრავებითაც აღიჭურვება. ტრადიციული ვერსიებისთვის კი ბავარიელები V8 ან V10 ძრავს გამოიყენებენ. სხვათა შორის, ათცილინდრიანი აგრეგატი ამჟამად შემუშავების სტადიაშია და მას პირველად შემდეგი თაობის M5-ზე დააყენებენ. ორივე შემთცხვევაში, ძრავს 7-საფეხურიანი ავტომატური კოლოფი შეუწყვილდება, მომავალში კი მას 9-საფეხურიანი ავტომატური კოლოფი შეცვლის, რომელიც ძრავის მაბრუნ მომენტს ორმაგი ქურის მეშვეობით მიიღებს.

სხვათა შორის, ”ბეემვეს” მთავარ აღმასრულებელ ნორბერტ რაიტჰოფერს ასეთი ავტომობილის შექმნის იდეა მას შემდეგ აქვს, რაც 2005 წელს ამ თანამდებობაზე დაინიშნა. მას სურს, რომ ბავარიულმა კომპანიამ სუპერ ავტომობილ Z10-ის წარმოებაც დაიწყოს. ყოველ შემთხვევაში, ფრანკფურტის შარშანდელი გამოფენის წინ, პრესაში სწორედ ეს ინფორმაცია გავრცელდა.

კომპაქტური ”ლენდ როვერი” საგზაო გამოცდებს გადის

Land Rover LRX

19 მაისი

საერთო სარგებლობის ტრასებზე გამოსაცდელად გამოყვანილი ავტომობილების ფოტოს გადაღებაში დახელოვნებულმა ბრიტანელმა პაპარაცებმა ტესტების დროს, ”ლენდ როვერის” ახალი კამუფლირებული ქროსოვერის პროტოტიპი გამოიჭირეს, რომლის გაყიდვებიც მალე უნდა დაიწყოს.

ეს არის ”ლენდ როვერის” კონცეპტუალურ მოდელ LRX-ის ბაზაზე შექმნილი ავტომობილი, რომელიც ამ კომპანიის ისტორიაში პირველი წინა წამყვანბორბლიანი ავტომობილი გახდება. მართალია, საცდელი ავტომობილი სხვადასხვა ფერადაა აჭრელებული, თუმცა მაინც აშკარად ჩანს, რომ ის კონცეპტუალური LRX-სგან გარეგნობით თითქმის არ განსხვავდება.

მართალია, ამ ავტომობილის საბაზო ვერსიას წამყვანი წინა ბორბლები ექნება, თუმცა კომპანია მყიდველს მის სრულამძრავიან ვარიანტსაც შესთავაზებს. ძრავების გამაში კი მთავარი 2.2-ლიტრიანი დიზელი იქნება, რომელიც 180 ცხენის ძალას ავითარებს. სხვათა შორის, ამ ძრავს ინგლისური კომპანია ფრანგული ”PSA პეჟო სიტროენისგან” მიიღებს. ამასთან, ნებისმიერი ძრავის შემთხვევაში, ავტომობილის საბაზო კომპლექტაციაში სისტემა სტოპ-სტარტიც შევა.

მართალია, საცდელი ავტომობილი ძლიერ ჰგავს კონცეპტუალურ LRX-ს, მაგრამ მის სერიულ ვარიანტს ეს სახელი არ შერჩება. ახალი ავტომობილის მსოფლიო პრემიერა პარიზის ავტო შოუზე ჩატარდება, კომპანიის შოურუმებში კი ის ამ წლის ბოლოს გამოჩნდება.

ახალი ქროსოვერის წინა ამძრავიანი ვერსიის საბაზო ღირებულება 34 700 ევრო, სრულამძრავიანისა კი 40 500 ევრო იქნება.

ათი ცალი ”ასტონ მარტინ ვან-77” ერთმა კლიენტმა იყიდა

Aston Martin One-77

19 მაისი

როგორც ”ასტონ მარტინის” ინკოგნიტო წარმომადგენელმა ბრიტანულ გამოცემა ”ტაიმსს” განუცხადა, უცნობმა ახლოაღმოსავლელმა მყიდველმა, კომპანიას ათი ცალი სუპერ ავტომობილი ”ასტონ მარტინ ვან-77” შეუკვეთა და მათში 17 მილიონი დოლარი გადაიხადა.

ამასთან, უცნაურმა მყიდველმა მოითხოვა, რომ ყველა ავტომობილიგანსხვავებულ ფერში შეიღებოს და მათ სალონის გაფორმებაც სხვადასხვანაირი უნდა ჰქონდეს. საკუთარ ავტომობილებს ის მხოლოდ წლის ბოლოს მიიღებს, რადგან ამ ავტომობილის წარმოება ჯერ არ დაწყებულა.

ინფორმაციის წყარო ირწმუნება, რომ ეს ”ასტონ მარტინის” ისტორიაში ყველაზე მსხვილი შეკვეთაა. ამასთან, მანვე გამორიცხა, რომ შემკვეთი გადამყიდველია და აღნიშნა, რომ მას ყველა ავტომობილი საკუთარი ფარეხისთვის სურს.

ცნობისათვის, საზოგადოებამ ”ასტონ მარტინ ვან-77” პირველად შარშან, ჟენევის საავტომობილო გამოფენაზე იხილა. ამ ავტომობილმა კონკურენცია უნდა გაუწიოს ისეთ ძვირადღირებულსა და იშვიათ ავტომობილებს, როგორებიცაა ”ბუგატი ვეირონი” და ”ლამბორგინი რევენტონი”.

ყველაზე ძვირადღირებული ”ასტონი” 7.3-ლიტრიანი V12 ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 700 ცხენის ძალას იძლევა. მისი წყალობით კი ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე 322 კმ/სთ-ს აღწევს.

ინგლისურ კომპანიას სულ 77 ცალი ”ვან-77-ის” წარმოება აქვს გადაწყვეტილი, რომელთაგან 65 უკვე გაიყიდა.