Tuesday, September 21, 2010

ელექტრომობილი ელექტროციკლის წინააღმდეგ - გამარჯვებული გარემო დარჩება

Citroen Survolt Vs Agni Z2

21 სექტემბერი

ამ ფოტოებზე ელექტროძრავით აღჭურვილი ორი სარბოლი მანქანაა - ერთი, ოთხბორბლიანი რომაა, იმას ”სიტროენ სარვოლტი” ჰქვია. მეორე კი, ორბორბალა ”აგნი Z2”. ისინი ერთმანეთს შეაჯიბრეს და ვინ გაიმარჯვა? ამის თაობაზე, ამ საინტერესო პაექრობის ორგანიზატორი, ფრანგული კომპანია ”სიტროენი” არაფერს ამბობს.

სამაგიეროდ, ვინც ამ ინფორმაციას წაიკითხავს, ან შესაბამის ვიდეოს იხილავს (http://www.youtube.com/watch?v=HgoXticUgvU&feature=player_embedded), მას გონებაში სამუდამოდ აღებეჭდება, რომ ელექტრული აგრეგატით აღჭურვილ მანქანებსაც შეუძლიათ რბოლა. და, როგორც მათი პილოტები ამბობენ, ძალიან ტემპერამენტიანებიც არიან. ნუ, რა თქმა უნდა, არა იმდენად, როგორც ვთქვათ, ”ფერარის”, ან ”ლამბორგინის” კვიცები და ხარები, მაგრამ საკმაოდ ტემპერამენტიანები იმისათვის, რომ ობივატელს ელექტრომობილებზე წარმოდგენა შეუცვალონ და მისადმი დამოკიდებულება შეაცვლევინონ. ეს კი იმის საწინდარი იქნება, რომ როდესაც კომპანიები ეკოლოგიურად სუფთა მანქანების წარმოებას მასობრივად მიჰყოფენ ხელს, ბაზარი და შესაბამისად, მყიდველთა ძირითადი კონტინგენტი, ამისათვის მაქსიმალურად მომზადებული დახვდებათ.

შეჯიბრის ორგანიზატორებმა ორივე ელექტრული მანქანის პილოტებად ქალები მიიწვიეს. ”სიტროენის” საჭეს ლეგენდარული ბელგიელი ჯეკი იქსის (ფორმულა 1-ის ყოფილი პილოტი და ლე მანის და დაკარის არაერთგზის ტრიუმფატორი) ქალიშვილი ვანინა იქსი მიუჯდა, ვინც თავადაც მამის კვალს გაჰყვა და ლე მანის სერიასა და ტურიზმის კლასის ჩემპიონატებში ასპარეზობს (რა თქმა უნდა, სახელოვან მამას ვერ შეედრება), ელექტროციკლის უნაგირი კი ჯენი ტინმუთს ჩააბარეს, რომელიც ალბიონზე უსწრაფეს ქალად ითვლება.

ალბათ მიხვდით, შეჯიბრი საჩვენებელი იყო და მისი დანიშნულება გამარჯვებულის გამოვლენა არ ყოფილა. ფინიშის შემდეგ კი მისი მონაწილენი აღტაცებას ვერ მალავდნენ.

”ფანტასტიური შეგრძნება მქონდა. სხვა თუ არაფერი, ამ ტიპის პირველ ელექტრულ დუელში მივიღე მონაწილეობა. მანქანები ხმაურის გარეშე მოძრაობდნენ და ეს ჩვენთვის განსაკუთრებული გამოწვევა იყო. საერთოდ, როდესაც ტრასაზე ხარ, მეტოქის ადგილმდებარეობას მისი მანქანის ხმის მიხედვით ხვდები. მაგრამ ელექტრული მანქანები ხომ უხმაუროა. მოკლედ, დიდი სიამოვნება მივიღე და მიხარია, რომ ასეთ უნიკალურ შეჯიბრში მივიღე მონაწილეობა”, - განაცხადა ვანინა იქსმა.

მოტოციკლისა რა გითხრათ, მაგრამ ”სიტროენ სარვოლტს” უნიკალური (სარბოლი ავტომობილის შესაფერისი) აგებულება აქვს. მისი შასი ფოლადის მილებისგანაა შეკრული, ძარა კი კარბონის კომპოზიტის ნაწარმია. მსუბუქი მასალების უხვად გამოყენების წყალობით, ელექტრომობილი მხოლოდ 1.15 ტონას იწონის, რაც მის შესანიშნავ დინამიურობას განაპირობებს.

მის მოძრაობას ორი ელექტროძრავი უზრუნველყოფს, რომელთა ჯამური სიმძლავრეც 300 ცხენის ძალას (5 000 ბრ/წთ-ზე) აღწევს. მათი მეშვეობით, ”სარვოლტს” მაქსიმუმ 260 კმ/სთ სიჩქარის აკრეფა შეუძლია, ადგილიდან 100 კმ/სთ-მდე ასაჩქარებლად კი მას 5 წამზე ნაკლები ჰყოფნის.

რა თქმა უნდა, გაცილებით მსუბუქია ელექტრომოტოციკლი, რომელიც მხოლოდ 220 კილოგრამს იწონის. სამაგიეროდ, მას უფრო სუსტი, 65-ცხენისძალიანი ელექტროძრავი ემსახურება. და მაინც, მისი აჩქარება გაცილებით უკეთესია - 0-100 კმ/სთ-მდე მხოლოდ 3.5 წამში. სამაგიეროდ, მისი მაქსიმალური სიჩქარე მხოლოდ 210 კმ/სთ-ია.

Monday, September 20, 2010

”პეჟო” ჰეჩბეკ 206-ის ევროპაში წარმოებას 2013 წელს შეწყვეტს

Peugeot 206 European Production to End by 2013

20 სექტემბერი

მიუხედავად იმისა, რომ ფრანგული კომპანია ”პეჟო” მოდელ 207-ის წარმოებას 2006 წელს შეუდგა, კონვეიერიდან ჯერაც არ მოუხსნია მისი წინამორბედი 206, რომელიც ევროპულ ბაზარზე პირველად 1998 წელს გამოჩნდა და აქამდე კარგი გაყიდვებით გამოირჩევა. თანამედროვე ავტოინდუსტრიაში ავტომობილის ასეთი ხანდაზმულობა დიდი იშვიათობაა. ძნელია იმის გახსენება, თუ ბოლო ორ ათწლეულში, ბაზარზე უცვლელად 13 წელი რომელმა სხვა ავტომობილმა გაძლო.

უფრო მეტიც, სამი წლის შემდეგ, ევროპაში მისი წარმოება მხოლოდ იმ მარტივი მიზეზის გამო შეწყდება, რომ ის ვეღარ დააკმაყოფილებს ევროკავშირის რიგ კანონებს. ამასთან, ევროპაში კონვეიერიდან კი მოიხსნება, მაგრამ 206-ის სხვადასხვა მოდიფიკაციის წარმოება ჩინეთში, ირანსა და სამხრეთ ამერიკაში კვლავაც გაგრძელდება.

ჰეჩბეკ 206-ის წარმოება ”პეჟომ” 1998 წელს დაიწყო და მაშინვე ამ სუბკომპაქტურმა ავტომობილმა დიდი პოპულარობა მოიპოვა. ჯერ ერთი, ის ლეგენდარული 205-ის შთამომავალი იყო. მეორეც, მყიდველს საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასში მიეწოდებოდა. დებიუტისთანავე, 206 ფრანგული კომპანიის ბესტსელერი გახდა. ”ლომებმა” რვა წლის განმავლობაში, 5 მილიონზე მეტი 206 გაყიდეს. შემდეგ კი ბაზარზე მისი შემცვლელი 207 გამოჩნდა, თუმცა ”პეჟოს” ძველი მოდელის წარმოების გაგრძელებაზე ბევრი არც უფიქრია.

თავიდან 206 მხოლოდ ჰეჩბეკის ძარით იყიდებოდა. 2001 წელს კი პლატფორმაზე ორი სხვა ძარაც დადგეს. ბაზარზე ჯერ უნივერსალი 206 SW გამოჩნდა, შემდგ კი - კუპე-კაბრიოლეტი 206 CC. ამ უკანასკნელს მეტალის დასაკეცი სახურავი ჰქონდა, რამაც მისი პოპულარობა განაპირობა. გავიდა კიდვ ოტხი წელი და ”ლომებმა” ბაზარზე ოთხკარიანი სედანისძარიანი 206 გამოიტანეს. თუმცა, ისიც სათქმელია, რომ ეს უკანასკნელი მხოლოდ ზოგიერთი განვითარებადი ქვეყნის ბაზარზე (მათ შორის, საქართველოშიც) იყიდება.

”სიტროენის” და ”ლაკოსტის” ერთობლივი კონცეპცია

Citroen Lacoste Concept Unveiled Before Paris Debut

20 სექტემბერი

სერიულ სიახლეებთან ერთად, ”სიტროენმა” პარიზული საავტომობილო რანდევუსთვის ერთი კონცეპტუალური მოდელიც შეიმუშავა, რომლის შექმნაში მონაწილეობა სპორტული ეკიპირების მწარმოებელი კომპანია ”ლაკოსტის” სპეციალისტებმაც მიიღეს. ავტომობილს მისი შემქმნელების სახელი ჰქვია - ”სიტროენ ლაკოსტი”.
ეს მხიარული კონცეპტუალური ავტომობილი თავისი უცნაური გარეგნობით გამოირჩევა. აშკარაა, რომ შემქმნელებმა ის გართობის და სპორტული სტილის მოყვარული ახალგაზრდა ადამიანებისთვის შექმნეს. მაგრამ, სპორტული ამ შემთხვევაში ავტომობილის სპორტულობას სულაც არ ნიშნავს.
”სიტროენ ლაკოტს” ისეთივე მომცრო გაბარიტები აქვს, როგორიც ფრანგული საავტომობილო კომპანიის ყველაზე პატარა ავტომობილს - ჰეჩბეკ C1-ს. მისი სიგრძე სულ რაღაც 3.450 მეტრია, სიგანე 1.800 მეტრი, სიმაღლე კი 1.520 მეტრი. სამაგიეროდ, შედარებით გრძელი ბაზა (2.300 მეტრი) აქვს. სხვათა შორის, C1 კონცეპტ ”ლაკოსტზე” მოკლეცაა, ვიწროც და დაბალიც. სერიულ ჯუჯას მხოლოდ ბაზა აქვს უფრო გრძელი (სულ რაღაც, 40 მილიმეტრით).
რაც შეეხება ძარას, ძნელია, ის რომელიმე არსებულ კლასს შეადარო. ჩვეულებრივი ღია ავტომობილებისგან ჰანსხვავებით, მისი მგზავრების თავებს ხიფათისგან გრძივი რკალი იცავს. ჩვეულებრივ, ღია ავტომობილებში ამ დანიშნულებას განივი რკალი ასრულებს ხოლმე. დაცვითი ფუნქციების გარდა, რკალს სხვა დანიშნულებაც აქვს. კერძოდ, მასზე მოთავსებულია სახელურები, რომლებსაც მგზავრები ავტომობილში ჩაჯდომისას დაეყრდნობიან. გარდა ამისა, რკალში ჩამალულია გასაშლელი სახურავი, რომელიც მოყვითალო ფერისაა და თან გამჭვირვალე. ასე რომ, თუ მოულოდნელად გაწვიმდა, სეირნობისას მსწრაფლ გადახურვაც შეიძლება და თან ისე, რომ თავი მაინც ღია მანქანაში იგრძნო.
თუმცა, წვიმისგან და ქარისგან სრულად დაცული მაინც ვერ იქნებით, რადგან ”სიტროენ ლაკოსტს” არ გააჩნია კარები. და თუ მძღოლისა და წინა მგზავრისთვის ჩაჯდომის გასაადვილებლად, ძარას სპეციალური ჭრილი აქვს, უკანა მგზავრები მასში მხოლოდ ჩახტომას თუ შეძლებენ. რას იზამთ, ესეც სპორტული სტილია. გარდა ამისა, ავტომობილს არ გააჩნია საბარგული.

გარდა იმისა, რომ მის შექმნაში (სიმბოლური) მონაწილეობა ავტომობილებთან არანაირი შეხების არმქონე ”ლაკოსტმა” მიიღო, ეს ავტომობილი ბევრი ორიგინალური დიზაინის დეტალითაც გამოირჩევა. ასეთია მაგალითად საჭის რბოლი, რომელიც ველოსიპედის ბორბალს მოგაგონებთ. თვითონ ”სიტროენ ლაკოსტიც” ხომ უცნაური ფორმებით გამოირჩევა. ეს ითქმის მის სავარძლებზე და ბორბლებზე. ასევე მაჩვენებლების დაფაზე, საქარე შუშასა და ბამპერებზე, ასევე წინა და უკანა ფარებზე. რაც მთავარია, ყველაფერი, მათ შორის, ფერების შეხამებაც, დახვეწილი გემოვნებითაა შესრულებული.

კონცეპციის ავტორები არაფერს ამბობენ მათი ქმნილების აგრეგატებზე და სხვა აღჭურვილობაზე. შესაძლოა, ეს ”საიდუმლო” პარიზში, პრეზენტაციის დროს გაიხსნას. თუმცა, ამას დიდი მნიშვნელობა მაინც არ აქვს, რადგან ძნელი წარმოსადგენია, ამ ავტომობილმა ოდესმე კონვეიერამდე მიაღწიოს...

”ბეემვეს” მე-6 სერიის კუპე პარიზული დებიუტისთვის ემზადება

BMW 6 Series Coupe Concept Released

20 სექტემბერი

პარიზის საავტომობილო გამოფენაზე, ”ბეემვეს” პავილიონის ერთ-ერი მთავარი პერსონაჟი, მე-6 სერიის კუპეს კონცეპტუალური ვერსია იქნება, რომლის შესახებაც, ბავარიელებმა მწირი ინფორმაცია და ფოტოები, პრემიერამდე ცოტა ხნით ადრე, ინტერნეტით გაავრცელეს.

ეს ავტომობილი, გერმანული კომპანიის მთავარ დიზაინერ ადრიან ფან ჰოოიდონკის ხელმძღვანელობით შეიქმნა და მასში ”ბეემვეს” ახალი კორპორატიული სტილის ელემენტები ჩანს. ამასთან, ის რაღაცით მე-5 სერიის ახალ სედანსაც ჰგავს. კუპეს გრძელი კაპოტი და საგრძნობლად უკან დაწეული სალონი გამოარჩევს, რაც მის სპორტულობას უსვამს ხაზს. კონცეპტუალურ მოდელზე ბავარიელებმა შუქდიოდებისგან დამზადებული მთავარი ფარები გამოიყენეს, რომელსაც ალბათ მე-6 სერიის ტოპ ვერსიებზე დააყენებენ.

რა თქმა უნდა, ახალ ავტომობილს წამყვანი უკანა ბორბლები აქვს, თუმცა დიდი შანსია იმისა, რომ ბავარიელებმა მყიდველს მისი სრულამძრავიანი ვერსიაც შესთავაზონ. ავტომობილი V8-ცილინდრიანი ტურბოდამჭირხნიანი აგრეგატით აღიჭურვება, რომლის მუშა მოცულობა 4.4 ლიტრი, მაქსიმალური სიმძლავრე 395 ცხენის ძალა, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი 609 ნიუტონმეტრი იქნება.

ინგლისურ ჟურნალ ”ავტოქარის” ვერსიით, ახალი მე-6 სერიის კუპეს გაბარიტებია: სიგრძე 4.820 მეტრი, სიგანე 1.855 მეტრი და სიმაღლე - 1.375 მეტრი. საბარგულის მოცულობა კი 450 ლიტრს აღწევს.

ავტომობილს მოდერნიზებული მულტიმედიური სისტემა აქვს, რომელზეც მის შესახებ ყველანაირი ინფორმაციის მიღება შეიძლება. გარდა ამისა, 10-დუიმიან მონიტორზე შესაძლებელია სანავიგაციო მონაცემების გამოტანა. დაკიდევ, სისტემას საქარე შუშაზე ყველაზე მნიშვნელოვან ინფორმაციის პროექცირება შეუძლია. ეს კი იმითაა საინტერესო, რომ მძღოლს მუდმივად, გზისგან თვალის მოუწყვეტლად შეეძლება საჭირო ინფორმაციის მიღება.

სავარაუდოდ, ბავარიელები ამ კუპეს საწარმოო ვერსიის პრემიერას მერმისს, ჟენევის ავტო შოუზე მოაწყობენ.

”ლოტუს ელიტი” – ”ასტონ მარტინის” მომავალი კონკურენტი

Paris Preview: 2014 Lotus Elite

20 სექტემბერი

პარიზის საავტომობილო შოუს გახსნამდე ორი კვირით ადრე და ამ ავტომობილის წარმოების დაწყებამდე სამნახევარი წლით ადრე, სპორტული ავტომობილების მწარმოებელმა ინგლისურმა კომპანია ”ლოტუსმა” თავისი ახალი ავტომობილის კონცეპტუალური ვერსიის შესახებ ინფორმაცია ინტერნეტით გაავრცელა.

პრეს რელიზში ნათქვამია, რომ ახალ ავტომობილს ”ელიტი” ეწოდება, რაც ირიბად იმის მიმანიშნებელია, რომ ”ლოტუსი” სუპერ ავტომობილების მწარმოებელთა ელიტარულ კასტას უბრუნდება. იქ კი, პირველ რიგში, კონკურენციას ”შინაური” ”ასტონ მარტინის” DB9-ს გაუწევს.

სხვათა შორის, სახელი ”ელიტი” ”ლოტუსისთვის” ახალი არაა. ინგლისურმა კომპანიამ ის ორჯერ - 50-იან და 70-იან წლებში გამოიყენა. ახლა კი, როდესაც საწარმოო პროგრამის გაფართოებაზე ზრუნავს, ეს სახელი ისევ გაიხსენა.

ახალ ”ელიტს” 2+2 ჩასაჯდომი ფორმულა აქვს, ანუ, მის სალონში ორი სრულფასოვანი სავარძელია და ორიც ისეთი, მასზე ბავშვიც ძლივს რომ მოთავსდება (ასეთი ჩასაჯდომი ფორმულა სპორტულ ავტომობილებში გავრცელებულია). კონცეპტუალური ავტომობილის სიგრძე 4.6 მეტრი, ჭონა კი 1680 კილოგრამია.

რაც მთავარია, ”ლოტუს ელიტი” ჰიბრიდული ძალური დანადგარით აღიჭურვება, რომელშიც მთავარი როლი ”ლექსუს LS 600h-სგან” აღებულ 5.0-ლიტრიან V8 ძრავს დაეკისრება. ეს ძრავი იაპონური ავტომობილის ანალოგისგან დამჭირხნით და მართვის სისტემით განსხვავდება. შიდაწვის ძრავის გარდა, ჰიბრიდულ სისტემაში ორი ელექტროძრავი და აკუმულატორების ბლოკიც გაერთიანდება.

აგრეგატის ჯამური სიმძლავრე 540 ცხენის ძალას მიაღწევს, მისი ტოპ ვერსიის სიმძლავრე კი 610 ცხენის ძალა იქნება. გარდა ამისა, ჰიბრიდულ სისტემაში კინეტიკური ენერგიის რეკუპერაციის სისტემაც (კერს-ი) შევა, რომელიც ”ლოტუსის” ინჟინრების მიერაა შემუშავებული. ეს სისტემა დამუხრუჭების დროს გამოყოფილ ენერგიას შეაგროვებს და მას აკუმულატორებში შეინახავს.

მართალია, ”ელიტის” საგზაო გამოცდები ჯერ არ დაწყებულა, თუმცა ”ლოტუსის” სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ეს ავტომობილი ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფას დაახლოებით 3.5 წამში შეძლებს. ჯერჯერობით დაუზუსტებელია კონცეპტუალური ”ელიტის” მაქსიალური სიჩქარე. რაც შეეხება გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის შემცველობას, ის კილომეტრზე 215 გრამის ფარგლებში იქნება, რაც ასეთი ტემპერამენტიანი სპორტული ავტომობილისთვის ბევრი არაა.

ბრიტანეთის ბაზარზე, ჰიბრიდული აგრეგატით აღჭურვილი ”ლოტუს ელიტის” სავარაუდო ღირებულება 100 000 გირვანქა სტერლინგი იქნება, რაც კონკურენტი ”ასტონ მარტინ DB9-ს” ფასზე გაცილებით ცოტაა.

Sunday, September 19, 2010

კომპანია ”ინრეკორმა” ახალი საავტომობილო მასალა შეიმუშავა

Inrekor Unveils New Car-Manufacturing Material

19 სექტემბერი

ბოლო 30 წელია, ავტომწარმოებლებს ორი მთავარი საზრუნავი აქვთ - ავტომობილების უსაფრთხოების უახლესი სისტემებით აღჭურვა და გამონაბოლქვზე არსებული მოთხოვნების შესრულება. ყოველივე ახალი სისტემებით ავტომობილების აღჭურვას მოითხოვს, რაც საბოლოო ჯამში, მათს დამძიმებას იწვევს. ამას კი შედეგად საწვავის ხარჯის ზრდა მოსდევს.
მაგრამ უახლოეს მომავალში, შესაძლოა, წონის ნამატის ერთდროულად შემცირება გახდეს შესაძლებელი. ამის საშუალებას კი ინგლისურ კომპანია ”ინრეკორის” გამოგონება იძლევა, რომელსაც ავტორებმა მარტივად, კომპანიის სახელივე უწოდეს. გამოგონება, ავტომობილის შასის კონსტრუქციაში სენდვიჩური ტიპის მასალის გამოყენებას ითვალისწინებს. სენდვიჩს კი ალუმინის ფურცლები და მათ შორის მოთავსებული მსუბუქი მასალა ქმნის. ეს მასალა პროპილენის ბაზაზე შექმნილი ქაფია (მისი სახელწოდებაა ARPRO).
ახალი მასალა ინრეკორი ძალიან მსუბუქი და თითქმის ისეთივე მტკიცეა, როგორიც ფოლადის კონსტრუქცია. სხვათა შორის, კარბონის კომპოზიტის სენდვიჩური კონსტრუქცია უკვე დიდი ხანია, ავიაინდუსტრიასა და ფორმულა 1-ის ავტომობილებში გამოიყენება და მან თავისი საიმედობა დიდი ხანია, საქმით დაამტკიცა. ამასთან, ინრეკორი კარბონის მასალაზე გაცილებით იაფიცაა და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ის სრულად ექვემდებარება გადამუშავებას.

კომპანია ”ინრეკორი” აცხადებს, რომ მის მიერ შექმნილ ახალ მასალას, ავტომობილის წონის დაახლოებით 30 პროცენტით შემცირება შეუძლია. ეს კი ავტომობილის ეკონომიურობის გაუმჯობესებასაც გამოიწვევს და მას გარემოსადმი უფრო მეგობრულსაც გახდის.

რამდენადაც, ”ინრეკორის” მასალაში გამოიყენება ალუმინის ფურცლები, რომლებიც ტვიფვრით დამუშავებას ექვემდებარება, მასალა ინრეკორი მასობრივი წარმოებისთვისაც გამოსადეგია, რასაც ვერ ვიტყვით კარბონის კომპოზიტზე, რომელიც ვაკუუმურ დამუშავებასა და ფორმირებას მოითხოვს.

სხვათა შორის, ”ინრეკორმა” და კიდევ ერთმა ინგლისურმა კომპანია ”ჩესილ მოტორ კომპანიმ”, ახალი მასალით დაამზადეს ლეგენდარული ”პორშე 356 სპიდსტერის” კიტ კომპლექტი, რომელიც ჩვეულებრივი მასალებით შექმნილ ანალოგიურ ავტომობილზე დაახლოებით 15 პრიცენტით მსუბუქი გამოვიდა. გარდა ამისა, ”ინრეკორმა” ასევე შეიმუშავა ოთხადგილიანი ავტომობილის შასი, რომლის სავარაუდო წონაც, ფოლადის ელემენტების გამოყენების შემთხვევაში, დაახლოებით 300 კილოგრამი უნდა ყოფილიყო. მაგრამ ინრეკორით დამზადებული შასი მხოლოდ 160 კილოგრამს იწონის.

მათთვის, ვინც შეიძლება ამ მასალის უსაფრთხოებამ დააეჭვოს, კომპანია ”უორუიკ მენუფექტურინგმა” ჩაატარა გამოკვლევა, რომლის მიხედვითაც,, ინრეკორით შექმნილი ავტომობილები თავისუფლად მიიღებს ”ევრო NCAP-ის” ხუთ ვარსკვლავს. ესე იგი, ის სრულად შეესაბამება თანამედროვე, ძალიან მკაცრ ევროსტანდარტებს.

დაბოლოს, ”ინრეკორი” აცხადებს, რომ საკუთარ მასალას პირველ რიგში, თვითონვე გამოიყენებს. მაგრამ უფრო საინტერესო ისაა, რომ ინოვატორს უკვე გაფორმებული აქვს კონტრაქტი მსხვილ ავტომწარმოებელთან, რომლის სახელიც ჯერჯერობით არ მჟღავნდება.

მყიდველს უფრო ძვირი ”შევროლე ვოლტი” ურჩევნია

Chevrolet Volt Beats Nissan Leaf in autoevolution Poll

19 სექტემბერი

მსოფლიოს საავტომობილო ისტორიაში მალე ახალი თავი დაიწყება - ბაზარზე სერიული ელექტრომობილების გაყიდვები დაიწყება. პიონერები ”ნისანი” და ”ჯენერალ მოტორსი” იქნებიან. პირველი სრულფასოვან ელექტრომობილ ”ლიფის” გაყიდვებს დაიწყებს, მეორე კი გაზრდილი სვლის მქონე ელექტრულ ჰიბრიდ ”შევროლე ვოლტს” გამოუშვებს. სხვადასხვა მცირე კომპანია ელექტრომობილებს ახლაც უშვებს, მაგრამ მათ სათვალავში იმიტომ არ ვიღებთ, რომ ძალიან მცირე რაოდენობით ელექტრულ მანქანებს აწარმოებენ და ამდენად, ბაზარზე ამინდის შექმნა არ შეუძლიათ.

ამიტომ, ახლა მთელი ავტოსამყაროს ყურადღება სწორედ ”შევროლე ვოლტისკენ” და ”ნისან ლიფისკენაა” მიპყრობილი. ბუნებრივია, ბევრ საავტომობილო გამოცემას აქვს ცდუნება, რომ ეს ორი ელექტრომობილი ერთმანეთს შეადაროს. ასეთ გამოცემებს შორისაა ინტერნეტ ჟურნალი ”ავროივოლუშნ”, რომელმაც თავის მრავალრიცხოვან მკითხველს შორის, ჩაატარა გამოკითხვა, რომლის მიზანიც მარტივი იყო: მკითხველს თავისი ფავორიტი უნდა აერჩია.

ამ ორ ელექტრულ ავტომობილს შორის საკმაოდ დიდი განსხვავებაა. ”ნისან ლიფი” სრულფასოვანი ელექტრომობილია. ანუ, მას მხოლოდ ელექტროძრავი ამოძრავებს და ეს უკანასკნელი კი მხოლოდ აკუმულატორებში დაგროვილ ენერგიას იყენებს. მისი სვლის სიშორე 160 კილომეტრია. რაც მთავარია, პრაქტიკულად არ აქვს გამონაბოლქვი. ამ შემთხვევაში, მხედველობაში არ მიიღება ის, რომ ეს ელექტრომობილი შეიძლება თბოსადგურებში გამომუშავებულ ენერგიას იყენებდეს. ამგვარად, ირიბად მაინც აბინძურებს გარემოს.

გაცილებით მეტი სვლის სიშორე აქვს ”ვოლტს”. მართალია, მხოლოდ აკუმულატორებში დაგროვილი ენერგია მას მხოლოდ 64 კილომეტრის გასავლელად ჰყოფნის, მაგრამ როცა აკუმულატორები იცლება, საქმეში მცირელიტრაჟიანი შიდაწვის ძრავისა და ელექტროგენერატორის ტანდემი ერთვება, რომელიც ელექტროძრავს ენერგიით ამარაგებს. ამგვარად, ”ვოლტის” სვლის სიშორე 483 კილომეტრამდე იზრდება. სამაგიეროდ, მას გამონაბოლქვი (თუნდაც უმნიშვნელო) აქვს.

დაკიდევ, ამ ორ ავტომობილს ფასებიც ძლიერ განასხვავებს: ”ნისან ლიფი” ამერიკაში 25 280 დოლარად უნდა გაიყიდოს, რაც ოდნავ მეტია პოპულარულ ჰიბრიდულ (ეგრეთ წოდებულ ლაით ჰიბრიდ) ”ტოიოტა პრიუსის” ფასზე. რაც შეეხება ”შევროლე ვოლტს”, ის 33 500 დლარი ეღირება. ამდენად, მოსალოდნელი იყო, რომ იაპონური მანქანა პოტენციურ მყიდველს უფრო მეტად მოხიბლავდა.

მაგრამ ასე არ მოხდა. გამოკითხულთა დაახლოებით 53 პროცენტი ”შევროლე ვოლტს” მიემხრო, 46 პროცენტზე მეტმა კი ”ნისან ლიფისადმი” სიმპატია გამოხატა. ერთი შეხედვით, ეს გასაკვირი უნდა იყოს, მაგრამ სპეციალისტებმა გამოკითხვის შედეგებს შემდეგი ახსნა მოუძებნეს: მათი აზრით, მყიდველი ჯერ მზად არაა იმისათვის, რომ შედარებით მცირე სვლის მქონე ავტომობილებზე გადაჯდს, როგორებიც მათ მხოლოდ ქალაქში მოძრაობისას გამოადგებათ. სპეცალისტები თვლიან, რომ სრულფასოვანი ელექტრომობილები უფრო მეტ პოპულარობას მას შემდეგ მოიპოვებენ, რაც მათი სვლის სიშორე საგრძნობლად გაიზრდება.

Friday, September 17, 2010

ევროპის წლის საუკეთესო ავტომობილის ნომინანტები

2011 European Car of the Year Nominees Announced

17 სექტემბერი


ორგანიზაცია ”ევროპის წლის საუკეთესო ავტომობილმა” დაასახელა ძველი კონტინენტის 2011 წლის საუკეთესო ავტომობილის წოდებაზე წარდგენილი 41 ახალი ავტომობილის ნომინანტთა სია, რომლებიდანაც კომპეტენტური ჟიური ყველაზე გამორჩეულს აარჩევს.

2 ნოემბერს ჩატარდება წინასწარი გამოკითხვა, რის შემდეგაც კონკურსს 7 საუკეთესო ავტომობილი შემორჩება. მეორე გამოკითხვა კი გამარჯვებულს გამოავლენს. თუმცა ამ გამოკითხვის შედეგები მხოლოდ 29 ნოემბერს გამოქვეყნდება.

ჟიურიში ევროპის 23 ქვეყნის 59 საავტომობილო გამოცემის ჟურნალისტი შედის. სხვადასხვა ქვეყანას ჟიურიში განსხვავებული რაოდენობით წარმომადგენელი ჰყავს. მათი რაოდენობა ქვეყნის ზომასა და გამოცემების პოპულარობაზეა დამოკიდებული. ჟიურიში ყველაზე მეტი, 6-6 წარმომადგენელი საფრანგეთს, გერმანიას, იტალიას, ესპანეთსა და რა თქმა უნდა, ბრიტანეთს ჰყავთ.

ალფა რომეო ჯულიეტა

აუდი A1

აუდი A7

აუდი A8

ბეემვე მე-5 სერია

ბეემვე X3

შევროლე სპარკი

სიტროენ C3/DS3

სიტროენ C4

დაჩია დასტერი

ფიატ დობლო

ფორდ C-მაქსი/გრანდ C-მაქსი

ჰონდა CR-Z

ჰიუნდაი ix20

ჰიუნდაი ix35

იაგუარ XJ

ჯიპ გრანდ ჩეროკი

კია სპორტიჯი

კია ვენგა

ლექსუს CT200h

მაზდა5

მერსედეს ბენც CLS

მინი ქანთრიმენი

მიცუბიში ASX

მიცუბიში i-MiEV/პეჟო iOn/სიტროენ C-ზერო

ნისან ჯუკი

ნისან ლიფი

ნისან მიკრა

ოპელ მერივა

პეჟო RCZ

პორშე კაიენი

რენო ფლუენსი

რენო ლატიტუდი

რენო უინდი

სააბ 9-5

სუზუკი კიზაში

სუზუკი სუიფტი

ფოლკსვაგენ პასატი

ფოლკსვაგენ ტუარეგი

ფოლკსვაგენ შარანი/სეატ ალჰამბრა

ვოლვო S60/V60

Thursday, September 16, 2010

”მერსედესმა” A-კლასის ელექტრომობილ E-სელის წარმოება დაიწყო

Mercedes-Benz A-Klasse E-Cell Details and Photos

15 სექტემბერი

”მერსედეს ბენცი” თავისი ძირითადი მოდელების ბაზაზე, ელექტრომობილების გამოშვებას აგრძელებს. ”სმარტის”, B-კლასის და ”ვიტოს” შემდეგ, ამჯერად A-კლასის ჰეჩბეკის ჯერიც დადგა. ”A-კლას E-სელის” მსოფლიო პრემიერა პარიზის საავტომობილო შოუზე გაიმართება, მისი წარმოება კი გერმანულმა კომპანიამ ქალაქ რაშტატის ქარხანაში უკვე დაიწყო. პარიზულ პრემიერამდე ორი კვირით ადრე კი, ”მერსედესმა” თავისი ახალი ელექტრომობილის ფოტოები და ტექნიკური მონაცემები გაავრცელა.

ავტომობილი ლითიუმ-იონური აკუმულატორების ორი ბლოკითაა აღჭურვილი, რომელთა ჯამური ენერგოტევადობა 36 კილოვატია საათში. ეს ენერგია კი საკმარისია იმისათვის, რომ ავტომობილმა შეუჩერებლად 200 კილომეტრზე მეტი გაიაროს. E-სელს მამოძრავებელ ძალას მუდმივ დენზე მომუშავე სინქრონული ელექტროძრავი ანიჭებს, რომლის პიკური სიმძლავრე 95 ცხენის ძალას (70 კილოვატს) აღწევს, ნომინალური სიმძლავრე კი მხოლოდ 68 ცხენის ძალაა (50 კვტ). მაქსიმალური მაბრუნი მომენტი 290 ნიუტონმეტრია.

ამ აგრეგატის დახმარებით, ელექტრომობილი ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფას 5.5 წამში ასწრებს. მაქსიმალურ სიჩქარეს კი ელექტრონული სისტემა, 150 კმ/სთ ნიშნულით ზღუდავს.

სალონის ცენტრალურ ნაწილში მოთავსებულია მრავალფუნქციური მონიტორი, რომელზეც ავტომობილის სხვადასხვა ოპერატიული მონაცემის ნახვაა შესაძლებელი. პირველ რიგში, ესაა აკუმულატორებში დარჩენილი ენერგიის მარაგის დონე, მგზავრობის პარამეტრები - კერძოდ, მოძრაობის დრო და გავლილი მანძილი, საშუალო სიჩქარე და ენერგიის საშუალო მოხმარება, ასევე აკუმულატორებში დარჩენილი ენერგიის რაოდენობა.

ისევე, როგორც ”მერსედესის” სხვა ავტომობილებს, ამ ელექტრომობილსაც კომპლექტაციის რამდენიმე დონე აქვს. მათგან ყველაზე უკეთ დაკომპლექტებულია ”ავანგარდი”, რომლის პაკეტშიც შედის ბი-ქსენონის მთავარი ფარები, ავტომატურიპარკირების სისტემა ”ექტივ პარკ ესისტი” და ავტომატური კლიმატ კონტროლის სისტემა ”თერმოტრონიკი”.

რა თქმა უნდა, ავტომობილი უსაფრთხოების თანამედროვე სისტემებითაა აღჭურვილი, რომელთა შორისაცაა გვერდითა და უკანა შუშების უსაფრთხოების ბალიშები და ერგონომიული სავარძლები.

შტუტგარტელები მხოლოდ 500 ცალი E-სელის წარმოებას აპირებს. მათი გაყიდვისთვის კი ლიზინგის პრინციპს გამოიყენებენ. ამასთან, ელექტრომობილს წინასწარ შერჩეული მყიდველი მიიღებს. ავტომობილი მხოლოდ გერმანიის, საფრანგეთისა და ჰოლანდიის ბაზრებზე გაიყიდება.

Wednesday, September 8, 2010

”ლამბორგინი ჯოტა” პარიზული პრემიერის წინ

Lamborghini Jota Teaser Released

8 სექტემბერი

ცოტაც და საავტომობილო სამყაროს ცენტრი პარიზში გადაინაცვლებს, სადაც დდ საავტომობილო შოუ გაიმართება. ბევრი ავტომწარმოებელი ამ მოვლენისთვის არაერთ საინტერესო სიახლეს ამზადებს. და, რა თქმა უნდა, შოუს ბევრი ვარსკვლავი ეყოლება, რომელთა შორისაც, ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულს ”ლამბორგინის” პავილიონში ნახავთ.

როგორც იტალიური კომპანია აცხადებს, ეს იქნება საუკეთესო ავტომობილი მის სახელოვან ისტორიაში. ავტომობილს სახელად ”ჯოტა” ერქმევა და ის ჯერაც ბევრისთვის სასურველ, თუმცა კონკურენტული გარემოსათვის მეტისმეტად დრომოჭმულ ”მურსიელაგოს” შეცვლის.

ჯერჯერობით, თავისი ახალი ავტომობილის შესახებ, ”ხარებს” ჯერ ტექნიკური ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ. ინტერნეტში გამოჩნდა მხოლოდ ახალი ავტომობილის ფოტო-ტიზერი (სურათზე), რომელიც პრაქტიკულად არაფრის მეტყველია. ინტერნეტშივე ახალი ”ლამბოს” შესახებ, ორის დონეზე, გარკვეული ინფორმაცია მაინც ცირკულირებს.

ამ ჭორების მიხედვით: ”ჯოტა” აღიჭურვება 6.0-ლიტრიანი V12 ძრავით, რომლის სავარაუდო მაქსიმალური სიმძლავრე 700-800 ცხენის ძალა იქნება. მაქსიმალური სიჩქარე 354 კმ/სთ-ს მიაღწევს, ადგილიდან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას დაახლოებით 3 წამი დასჭირდება. რაც შეეხება საწვავის ხარჯს, ის 100 კილომეტრზე 10 ლიტრზე ნაკლები არ იქნება.

”ჯოტას” ტანი ალუმინისა და კარბონის კომპოზიტისგანაა დამზადებული. შედეგად, ავტომობილის წონ 1 396 კილოგრამს მიაღწევს. წონის და ძრავის სიმძლავრის ასეთი დაბალი ფარდობა კი ავტომობილის შესანიშნავ მაენვრულობას უზრუნველყოფს.

სავარაუდოდ, ”ლამბორგინი” ”ჯოტას” გაყიდვას მერმისს დაიწყებს.

”ვენუჩია” - ახალი ჩინურ-იაპონური საავტომობილო ალიანსი

Dongfeng Nissan Venucia Brand is Born

8 სექტემბერი

იაპონურმა საავტომობილო გიგანტმა ”ნისანმა” და ჩინურმა ”დონფენმა” სრულიად ახალი ბრენდი ჩამოაყალიბეს, სახელად ”ვენუჩია”, ანუ ჩინურად ”ქი ჩენი”, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე იმუშავებს და რომლის პრემიერაც 2012 წელს ჩატარდება.

”დონფენი” აქამდე ”ნისანის” ლიცენზიით აწარმოებს ავტომობილებს. ამიერიდან კი ისინი ერთობლივადაც იმუშავებენ, რაც მათი პროდუქციის ხარისხსა და ფასზეც დადებითად აისახება. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტსაც, რომ ”ნისანი” ფრანგულ ”რენოსთანა” ალიანსში, შეიძლება ითქვას, რომ ახალი ბრენდი სამი დიდი კომპანიის შვილობილია.

ჯერჯერობით უცნობია გარიგების პირობები. ამ ეტაპზე, ერთობლივ კომპანიაში თითზე ჩამოსათვლელი ადამიანები მუშაობენ, თუმცა მისი გახსნის დროს, ”ვენუჩიას” ათასობით თანმშრომელი ეყოლება. აქ იქნებიან სხვადასხვა სფეროს მკვლევარები, დიზაინერები, ინჟინრები, ტექნლოგები, მარკეტოლოგები, გაყიდვების მენეჯერები და ყველა ის ადამიანი, რომლების ცოდნაც სრულფასოვან საავტომობილო კომპანიას ესაჭიროება.

”ვიმედოვნებთ, რომ მომავალში, წლიურად მილიონზე მეტი ავტომობილის გაყიდვას შევძლებთ, ჩვენი ახალი ბრენდი მყიდველს პრაქტიკულ ავტომობილებს შესთავაზებს, რომლებსაც თავიანთი კლასისთვის უმაღლესი ხარისხი ექნებათ”, - ამბობს ”დონფენ ნისანის” მმართველი დირექტორი ფუმიაკი მაცუმოტო.

ჯერჯერობით, არც ის გამოცხადებულა, თუ რომელ მოდელებს გამოუშვებს ახალი კომპანია. სამაგიეროდ, ”ნისანი” ახალი ბრენდის სახელწოდებასა და ლოგოს განმარტავს. მაგალითად, სახელი ”ვენუჩია” რომაულ ქალღმერთ ვენერასგან (ვენუს) ისესხეს, ლოგო კი ხუთი ვარსკვლავის კომბინაციაა. ისინი იმ ხუთ პირობას აღნიშნავენ, რომლებიც პარტნიორმა ავტომწარმოებლებმა, ახალი კომპანიის დაფუძნებისას დადეს. ესენია: მომხმარებელთა პატივისცემა, ფასეულობის შექმნა, საუკეთესოს წარმოება, მსოფლიოს დონის ხარისხის მიღწევა და ოცნების მიღწევა.

რა ოცნება აქვს ორ კომპანიას, ეს მათ არ განუმარტავთ, თუმცა ბევრი მარჩიელობა არ უნდა იმას, რომ უმთავრესი მიზანი, მსოფლიოს უკვე უდიდესი, ჩინური ავტო ბაზრის სოლიდური წილის დაუფლება იქნება. უფრო მეტს კი მომავალი გვიჩვენებს...

Monday, September 6, 2010

”ასტონ მარტინმა” უგზოობის ”ლაგონდაზე” უარი თქვა

Aston Martin Kills the Lagonda SUV, Lagonda Saloon Coming

6 სექტემბერი

ეს მოსალოდნელი იყო - ”ასტონ მარტინმა” უარი თქვა უგზოობის მოდელ ”ლაგონდას” წარმოებაზე, რომლის კონცეპტუალური ვერსიაც შარშან, ჟენევის მოტორ შოუზე გვიჩვენა. ამ ავტომობილს საზოგადოების და ჟურნლისტების მხრიდან, საშინელი გამოხმაურება ჰქონდა, თუმცა ამის მიუხედავად, ინგლისური კომპანია მაინც აპირებდა მისი წარმოების დაწყებას. და მაინც, საბოლოო გადაწყვეტილება უარყოფითი გამოდგა - უგზოობის ”ლაგონდას” (სურათზე) სერიული ვარიანტი დღის სინათლეს ვერ იხილავს.

თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ”ასტონმა” მარკა ”ლაგონდას” აღდგენზე უარი თქვა. პირიქით, კომპანიას ამ სახელთან დაკავშირებით დიდი გეგმები აქვს. ადრე თუ გვიან, ამ მარკით ავტომობილების გაყიდვა აუცილებლად დაიწყება, თუმცა სანამ ეს მოხდება, ”ასტონში” ბაზრის რეაქციის პროგნოზირებას ცდილობენ.

და არც უგზოობის ”ლაგონდას” პროექტი დაიდება მთლიანად თაროზე - ”ასტონ მარტინი” ამ პროექტის საუკეთესო თვისებებს, მათ შორის, დიზაინის ზოგიერთ ელემენტს სედანსა და უნივერსალზე გამოიყენებს. არადა, სწორედ ზედმეტად უხეში დიზაინი იყო იმის მიზეზი, რომ საზოგადოებამ უგზოობის კონცეპტუალური ”ლაგონდა” დაიწუნა.

ახალი ”ლაგონდა” ”ასტონ მარტინის” ოთხკარიან კუპე ”რეპიდის” პლატფორმას დაეყრდნობა. ამ ეტაპზე, ახალი პროექტი შემუშავების ადრეულ სტადიაში იმყოფება და მასზე რაიმე კონკრეტულის თქმა შეუძლებელია. ერთადერთი, რისი თქმაც ახლა ჭორის დონეზე შეიძლება ისაა, რომ ”ასტონ მარტინი” სედან ”ლაგონდას” 2014 წელს გამოუშვებს.

მართალია, ორივე ავტომობილს მსგავსი მონაცემები ექნება, მაგრამ სედანი ”ლაგონდა” თავის ”უფროს ნთესავს” მყიდველს სულაც არ წაართმევს. ამის მიზეზი კი შემდეგია: ”რეპიდს” ერთი მინუსი აქვს - მისი სალონის უკანა სავარძლების მგზავრებისთვის სივრცე ძლიერ შეზღუდულია. ”ლაგონდას” პროექტირებისას კი ამ ნაკლის გამოსწორებას ეცდებიან. შესაბამისად, ამ ავტომობილებს მნიშვნელოვნად განსხვავებული გარეგნობაც ექნება...

Sunday, September 5, 2010

”ნორსტერ 600R” - კვადროციკლი სპორტქარის თვისებებით

Norster 600R, the Heavy Quadricycle Small Sports Car

5 სექტემბერი

იყო დრო, როცა პატარა და ხელმისწვდომი ინგლისური სპორტული ავტომობილი, სახელად ”ოსტინ-ჰილი სპრაიტი” ბევრ ძვირადღირებულ კუპეს დინამიკური მახასიათებლების მხრივ, ტოლს არაფერში უდებდა. ამ მანქანას დახვეწილი გარეგნობა არ გამოარჩევდა, თუმცა გზებზე ყურადღებას მაინც იქცევდა. და, რა თქმა უნდა, ფანებიც ბლომად ჰყავდა.
მაგრამ გავიდა ათწლეულები და თავგამოდებული კოლექციონერების გარდა, ეს ავტომობილი არავის გახსენებია. თუმცა, ამ ნაკლის გამოსწორებას ფინური კომპანია ”ნორსტერი” ცდილობს, რომლის ინჟინრებმაც კვადროციკლის ტიპის შასიზე, რომელსაც ძრავი ბაზაში აქვს განლაგებული, ნამდვილი სპორტული კუპე შექმნეს, სახელად ”ნორსტერ 600R”. თუნდაც, ჯუჯა ზომებით, მაგრამ ეს არის სპორტული ავტომობილი, რომელსაც მძღოლისთვის დიდი სიამოვნების მინიჭება შეუძლია.
”ნორსტერ 600R” ფინეთში შეიმუშავეს, მაგრამ მას ჩინეთში უშვებენ. ეს კი იმისათვის კეთდება, რომ ”ოსტინ-ჰილის” ტრადიცია გაგრძელდეს და ორადგილიანი ავტომობილი ხელმისაწვდომი იყოს. დაკიდევ, ამ ავტყომობილის მართვა მძღოლის სტანდარტული ლიცენზიითაც შესაძლებელია.
ევროკავშირის ფარგლებში, ”ნორსტერ 600R” დარეგისტრირებულია, როგორც კვადროციკლი, თუმცა მისი მართვა ზუსტად ისევე ხდება, როგორც ჩვეულებრივი ავტომობილისა - საჭის რგოლით. ავტომობილის მზიდი ტანი ფოლადის მილებისგან შეკრულ ჩაჩოს წარმოადგენს, რომელზეც შუშის ბოჭკოს კომპოზიტისგან დამზადებული ძარაა დამაგრებული. კარებები ”ლამბორგინის” სტილში, ქვევიდან ზევით და უკნიდან წინ იხსნება.

ინტერნეტ გამოცემა ”ავტობლოგის” ინფორმაციით, ”ნორსტერ 600R” ჩინურ კომპანია ”ჩერის” მოდელ ”აცტეკოს” 580-კუბურსანტიმეტრიანი ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც ძრავის მუხლა ლილვის 5 500 ბრ/წთ-ზე მაქსიმუმ 34 ცხენის ძალას იძლევა. ძრავს ორი ცილინდრი და ამდენივე გამანაწილებელი ლილვი აქვს, მის ყოველ ცილინდრს კი ოთხი სარქველი ემსახურება. ძრავთან 5-საფეხურიანი გადაცემათა კოლოფია შეწყვილებული. მათი წყალობით, ”ნორსტერ 600R” გამონაბოლქვზე ევრო-4 ნორმას აკმაყოფილებს.

”ნორსტერ 600R” სულ რაღაც 520 კილოგრამს იწონის, სუსტი ძრავი კი საკმარისია იმისათვის, რომ მაქსიმალური სიჩქარე 90 კმ/სთ იყოს. მეტს ეს ძრავი ვერ ერევა. სამაგიეროდ, 100 კილომეტრის გასავლელად ის მხოლოდ 5 ლიტრ ბენზინს მოიხმარს.

საიუბილეოდ, ”იაგუარი” სტილს შეიცვლის

Jaguar concept to reveal future sports-car styling

5 სექტემბერი

რა თქმა უნდა, სტილის შეცვლა ერთ დღეში შეუძლებელია. თუმცა, მთავარი ისაა, რომ ინგლისური კომპანია, რომელსაც წელს დაარსებიდან 75 წელი შეუსრულდა, პარიზის ავტო შოუზე წარადგენს კონცეპტუალურ ავტომობილს, რომელმაც მისი ახალი კორპორატიული სტილი უნდა განსაზღვროს.

ინტერნეტ გამოცემა ”აუტო უიკის” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კონცეპტუალური ავტომობილი, რომლის სახელიც ჯერ უცნობია, დაახლოებით კუპე XK-ს ზომის, ორკარიანი იქნება. ამასთან, მისი დანახვისას, ეჭვიც არავის შეეპარება იმაში, რომ ეს ლეგენდარული ”იაგუარების” შთამომავალია. ამის დასტური იქნება თუნდაც ის, რომ ავტომობილს რადიატორის ოვალური ბადე ქნება, რაც ლეგენდარულ მოდელ E-ტაიპისთვის იყო დამახასიათებელი.

”აუტო უიკის” ცნობით, კონცეპტუალური ავტომობილის შექმნისას, ”იაგუარის” ინჟინრებმა და დიზაინერებმა შთაგონება ”პორშეს” კონცეპტუალური 918-სგან მიიღეს. ეს ავტომობილი გერმანულმა კომპანიამ ჟენევის წლევანდელ შოუზე წარადგინა და არამარტო დამთვალიერებლების, არამედ სპეციალისტების დიდი მოწონებაც დაიმსახურა, რამაც ”პორშეს” მისი წარმოება გადააწყვეტინა.

მოკლედ, ახალი კონცეპციით, ”იაგუარი” საფუძველს ახალ კორპორატიულ სტილს ჩაუყრის, რომელსაც პირველად სერიულ ავტომობილზე 2012 წელს ვიხილავთ მოდელ XK-ს სახით. ამგვარად, დასრულდეა ინგლისური კომპანიის სტილის ის ციკლი, რომელიც ხუთი წლის წინათ, პირველად სწორედ XK-ზე ვიხილეთ.

სხვათა შორის, წინა სტილი, ისევე როგორც ახალი, ”იაგუარის” დიზაინის განყოფილების დირექტორ იან ქელამის ხელმძღვანელობით შეიქმნა. ეს ის ქელამია, რომელიც ადრე ამბობდა, რომ რადიატორის ოვალური ბადე ვერ მიესადაგება ლუქსის კლასის დიდ ავტომობილებს, რადგან გაწელვისას, ოვალი ელეგანტურ პროპორციებს კარგავს. როგორც ჩანს, ის ახლა სხვაგვარად ფიქრობს.

პარიზში ”იაგუარი” იმავე კონცეპტუალურ ავტომობილს ჰიბრიდული აგრეგატითაც აღჭურვავს. ეს აგრეგატი ბენზინის V6 ტურბო ძრავზე იქნება ბაზირებული, რომელთანც 8-საფეხურიან ავტომატურ კოლოფს დააკავშირებენ. ამ ორ აგრეგატს ”იაგუარი” შემდგომში თავის ახალ მოდელებზეც გამოიყენებს.

”შევროლე კრუზი” ჰეჩბეკის ძარით პარიზში გაგვეცნობა

Chevrolet Cruze Hatcback Debuting in Paris

5 სექტემბერი

”ჯენერალ მოტორსმა” გამოაცხადა, რომ პარიზის საავტომობილო შოუზე, მისი ერთ-ერთი უმთავრესი ექსპონატი ”შევროლე კრუზის” ჰეჩბეკისძარიანი ვერსიის პროტოტიპი იქნება, რომლის გაყიდვებიც მერმისს უნდა დაიწყოს. ჰეჩბეკი სპეციალურად, ევროპული ბაზრისთვისაა მომზადებული, რადგან ძველ კონტინენტზე ასეთი ავტომობილები დიდი პოპულარობით სარგებლობს.

”შევროლე” ახალ ავტომობილს შოუ ქარის ვერსიის სახით წარადგენს, თუმცა აშკარაა, რომ ჰეჩბეკი ”შევროლე კრუზი” წარმოებისთვის პრაქტიკულად გამზადებული ავტომობილია. წინა ნაწილით ის ძლიერ ჰგავს თავის სედანისძარიან ვარანტს, უკნიდან კი ”ოპელ ასტრასთან” მსგავსებაც შეინიშნება.

ჰეჩბეკი ”კრუზი” სედანისგან იმითაც განსხვავდება, რომ მისი სახურავის უკანა ნაწილი დახრილია, რაც ავტომობილს სპორტულ იერს ანიჭებს. ამერიკულ კომპანიას ჯერ ჰეჩბეკის ინტერიერის ფოტოები არ გაუვრცელებია, თუმცა ახლავე შეიძლება იმის ვარაუდი, რომ ის სედანის სალონის იდენტური იქნება. სამაგიეროდ, მოკლე რელიზში ნათქვამია, რომ ამ ავტომობილის საბარგულის მოცულობა 400 ლიტრს აღწევს, უკანა სავარძლების დაკეცვის შემთხვევაში კი ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზრდება.

სალონის გარდა, ჰეჩბეკი სედანისგან ძრავების გამასაც გაიზიარებს, რომელშიც ბენზინის ორი და ერთიც დიზელის ძრავი შედის. ბენზინის აგრეგატების მუშა მოცულობა 1.6 და 1.8 ლიტრია და ისინი შესაბამისად, 113 და 141 ცხენის ძალას იძლევიან. რაც შეეხება დიზელს, ის 2.0-ლიტრიანია და 123 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

”შევროლეს” ევროპული შტოს პრეზიდენტი და მმართველი დირექტორი უეინ ბრენონი იმედოვნებს, რომ ”კრუზის” ჰეჩბეკისძარიან ვერსიას, ევროპაში მისი კომპანიის გაყიდვების მნიშვნელოვნად გაზრდა შეუძლია. ”ბევრ ბაზარზე, ჰეჩბეკები ძალიან პოპულარულია. მაგალითად, ევროპაში კომპაქტურ სეგმენტში წლიურად დაახლოებით 4.8 მილიონი ავტომობილი იყიდება, რაც მთლიანი ბაზრის დაახლოებით მეოთხედს აღწევს. კომპაქტურ სეგმენტში კი დაახლოებით 65% ჰეჩბეკებზე მოდის. ამ ავტომობილის გაყიდვების დაწყებით, ჩვენ კიდევ ერთხელ დავამტკიცებთ, რომ ევროპულ ბაზარზე სერიოზული მოთამაშეები ვართ”.

ჰეჩბეკ ”კრუზის” გარდა, პარიზულ გამოფენაზე, ”შევროლეს” ექსპოზიციაში ასევე მრავალმხრივი დანიშნულების მოდელ (მინივენი, მონოკაბი) ”შევროლე ორლანდოს”, მცირედ სახეშეცვლილ უგზოობის ”შევროლე კაპტივას” და ახალი ”ავეოს” ხილვა იქნება შესაძლებელი.