Friday, March 25, 2011

კომპაქტური ელექტრული ჰეჩბეკი 76 000 დოლარად

Volvo considering insanely high $2,100/month lease for C30 Electric

25 მარტი

მართალია, ეს ელექტრომობილია და თანაც, ძალიან უსაფრთხო, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ „ნისანი“ თავის პირველ ელექტრომობილ „ლიფს“, რომელიც ევროპის წლის საუკეთესო ავტომობილად დაასახელეს, ამაზე თითქმის ორჯერ იაფად ჰყიდის. და თანაც, ყველა აღიარებს, რომ ეს ძალიან ძვირია.

შვედური კომპანია „ვოლვო“ მალე თავისი პირველი ელექტრომობილის, „ვოლვო C30 ელექტრიკსის“ გაყიდვას დაიწყებს. არა, გაყიდვას არა, მას ლიზინგით გასცემს. შვედური კომპანიის სპეციალური ავტომობილების განყოფილების პრეზიდენტი ლენარტ სტეგლანდი აცხადებს, რომ ამ ავტომობილის ლიზინგით შეძენის მსურველებს, სამი წლის განმავლობაში, თვეში 1 500 ევროს გადახდა მოუწევთ...

ახლანდელი კურსით, ეს დაახლოებით 2 100 დოლარია, ეს კი ნიშნავს, რომ მყიდველს სამ წელიწადში, ელექტრულ „ვოლვო C30-ში“ დაახლოებით 76 000 დოლარის გადახდა მოუწევს. რა თქმა უნდა, უსაშველოდ ძვირია, მაგრამ თურმე ამ შემთხვევაშიც, „ვოლვო“ წაგებაზე იმუავებს. თუმცა, სტეგლანდი ამბობს, რომ როდესაც ამ მანქანის მასობრივი წარმოება დაიწყება (2013 წელს), ფასი მნიშვნელოვნად შემცირდება.

იაპონიის ავტოინდუსტრიის აღდგენას თვეები დასჭირდება

Analysis: Japan auto recovery may take months

25 მარტი

იაპონიის მიწისძვრიდან ორი კვირა გავიდა. რა თქმა უნდა, სტიქიის რეგიონში, ყველა წარმოება გაჩერებულია. არ მუშაობს საავტომობილო ქარხნებიც. „ტოიოტა“, „ნისანი“, „ჰონდა“ და სხვა კომპანიები, პერიოდულად, რამდენიმე დღით ახანგრძლივებენ ხოლმე იძულებით უქმეობას, თუმცა აშკარაა, რომ ზოგიერთი ქარხნის ამოქმედება კიდევ რამდენიმე კვირის და იქნებ, თვის განმავლობაშიც არ მოხერხდება.

უფრო მეტიც, მაკომპლექტებელი ნაწილების მწარმოებელთა გაჩერების გამო, სხვა ქვეყნების ავტომწარმოებლებიც ზარალდებიან. ზოგ შემთხვევაში, მათ წარმოების შეზღუდვა და უარეს შემთხვევაში, გაჩერებაც კი უწევთ. ამიტო,, იაპონიის სტიქიურმა უბედურებამ, არამარტო იაპონური, არამედ მსოფლიო ავტოინდუსტრიაც კი აზარალა.

თანამედროვე ავტომობილი დაახლოებით 30 000 ნაწილისგან შედგება, რომელთა 70 პროცენტზე მეტს, კომპონენტების მწარმოებელი ასობით კომპანია აწარმოებს. ამასთან, წარმოების პროცესში, ერთი უმნიშვნელო ჭანჭიკის მიწოდების შეფერხებამ შეიძლება ქარხნის გაჩერებაც კი გამოიწვიოს. ამას კი ეგრეთ წოდებული „ზუსტად დროში“ (ჯასტ ინ ტაიმ) საწარმოო პროცესი იწვევს.

ეს პროცესი ქარხნების ტერიტორიაზე მინიმალური სასაწყობე სათავსების არსებობას ითვალისწინებს და საუკეთესოდ მუშაობს, როდესაც ცხოვრება ნორმალური რიტმით მიმდინარეობს. ქარხანა საჭირო მაკომპლექტებლებს ყოველდღიურად ღებულობს და თითქმის მაშინვე კონვეიერზე უშვებს. ამ პროცესის მეშვეობით (ის პირველად სწორედ იაპონელებმა დანერგეს) ასობით მილიონი დოლარის დაზოგვა ხერხდება. მაგრამ მიწოდებაში მცირე შეფერხებაც კი საკმარისია იმისათვის, რომ ამწყობმა ქარხანამ მუშაობა შეანელოს და შეწყვიტოს კიდეც.

იაპონიის სტიქიის რეგიონში, მაკომპლექტებლების მწარმოებელი დაახლოებით 500 ქარხანაა გაჩერებული. ამ ქარხნებში საავტომობილო ელექტრონიკას, პლასტმასის დეტალებს, სხვადასხვა ნაწილებს აწარმოებენ. ეს ქარხნები, გარდა იაპონური კომპანიებისა, უცხოურ კომპანიებსაც ამარაგებს.

დარგის სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ აღნიშნული საწარმოები ნორმალური რეჟიმით მუშაობის აღდგენას რამდენიმე თვე ვერ შეძლებენ. არადა, იაპონური ავტოინდუსტრია, რომლის წარმოების წლიური ფულადი მოცულობა დაახლოებით 700 მილიარდი დოლარია, მიწისძვრამდე როგორღაც ახერხებდა იმ კრიზისიდან თავის დაღწევას, რომელიც მსოფლიო ფინანსურმა კრიზისმა გამოიწვია.

სტიქიის რეგიონში (ქალაქი ნაკა, იბარაკის პრეფექტურა) მდებარეობს კომპანია „რენესას ელექტრონიკსის“ საწარმო, სადაც ავტომობილების მაკონტროლებელ სენსორებს და სხვადასხვა ელექტრონულ კვანძებს ამზადებენ. ეს საწარმო, მსოფლიო ავტოინდუსტრიის დაახლოებით მეხუთედს ამარაგებს.

კვლევითი კომპანია „IHS ავტომოტივი“ აცხადებს, რომ იაპონიის მიწისძვრის გამო, მსოფლიო საავტომობილო ინდუსტრია 30 პროცენტით დაეცემა. ოღონდ, ეს დაცემა იმ შემთხვევაშია მოსალოდნელი, თუ სტიქიის რეგიონში არსებული ქარხნები 6 კვირაში განაახლებენ მუშაობას. მათი უფრო დიდი ხნით გაჩერება, გლობალურ ავტოინდუსტრიას კიდევ უფრო დააზარალებს.

იაპონური საავტომობილო კომპანიების უცხოური საწარმოები მუშაობას აგრძელებენ, მაგრამ ისინი მაკომპლექტებელი ნაწილების დიდ ნაწილს იაპონიიდან ღებულობენ. როგორც ირკვევა, ამ ქარხნებს გარკვეული მარაგები გააჩნია და ისინი ცოტა ხანს მუშაობას გააგრძელებენ, თუმცა მათი გამოლევის შემდეგ, გაჩერება მოუწევთ.

დრო მიდის, იაპონური ქარხნები გაჩერებულია და როდემდე გაგრძელდება ასე, არავინ იცის. „ტოიოტა“, „ნისანი“ და „ჰონდა“ ლამის ყოველდღიურად აქვეყნებენ თავიანთ მოკლევადიან გეგმებს. მათს განცხადებებში კი მხოლოდ იმას ამოიკითხავთ, რომ ქარხნების უმოქმედობა კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება. ზუსტად რა ხნით, ამაზე ჯერ პასუხი არავის აქვს...

იაპონია დანგრეულიც გვაოცებს

Japanese repair quake-ravaged road in just six days

25 მარტი

იაპონია რომ 9-ბალიანმა მიწისძვრამ შეარყია და მერე 10-მეტრიანმა ცუნამიმ მიწასთან გაასწორა, ბევრს დაებადა კითხვა - რა დრო დასჭირდება ქვეყანას იმისათვის, რომ სტიქიით გაპარტახებულ პრეფექტურებში ნორმალური ცხოვრების რეჟიმი დააბრუნოს.

ამომავალი მზის ქვეყანას ელექტროენერგიის რამდენიმე სერიოზული წყარო მოაკლდა, იგრძნობა წყლის და საკვების დეფიციტი, დასაბინავებელია ხალხი, გაჩერებულია ქარხნები. მოკლედ, სტიქიის რეგიონში ცხოვრება თითქოს პარალიზებულია, თუმცა როგორც ამ ფოტოებიდან ჩანს, არც ასეა საქმე.

ბევრი თვლიდა, რომ ქვეყანას ერთი წელი მაინც დასჭირდება იმისათვის, რომ დაზარალებული რეგიონი ცხოვრების ნორმალურ რიტმს დაუბრუნოს. ნახეთ ეს გზა - ის ნაკას პრეფექტურის დიდი კანტოს მაგისტრალის 150-მეტრიანი მონაკვეთია. მიწისძვრამ ის დახეთქა და გააპარტახა. მეორე ფოტოზე კი იგივე გზაა, ოღონდ მიწისძვრიდან 12 დღის შემდეგ და მას ნგრევის ნიშანწყალიც არ ეტყობა!

კომპანია NEXCO გზების მშნებლობასა და რემონტზეა სპეციალიზებული. მან გზის შეკეთება მიწისძვრიდან 6 დღის შემდეგ, 17 მარტს დაიწყო და სულ რაღაც 6 დღეში, საქმეს მორჩა!

მართლა საოცარია...

Thursday, March 24, 2011

„პაგანი ჰუაირა“ - სამხრეთამერიკული ქარის ქალღმრთი იტალიური მარკით

Pagani Huayra Live from the Geneva Motor Show

24 მარტი

ათ წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც ჰორაციო პაგანიმ, თავისი გვარის მატარებელი კომპანიის მარკით, სუპერ ავტომობილი, სახელად „ძონდა“ პირველად გვიჩვენა. ეს 1999 წელს მოხდა. „ძონდა“ გერმანულ სატუნინგო კომპანია AMG-ს წარმოების 7.0-ლიტრიანი V12 ძრავით იყო აღჭურვილი. „ძონდა“ მშვენიერი და იმავდროულად, აგრესიული გარეგნობით, ასევე შესაშური ტემპერამენტით გამოირჩეოდა. მაგრამ ამ წლების განმავლობაში, ის მეტისმეტად მოძველდა და შესაცვლელი გახდა.

რა თქმა უნდა, ჰორაციო ძონდამ ამაზე იზრუნა და შემცვლელი, უცნაური სახელით „ჰუაირა“, ჟენევის ავტო შოუზე გაგვაცნო. უნდა ითქვას, რომ ავტომობილს სახელი შესაფერისი აქვს - „ჰუაირა“ სამხრეთამერიკული ქარის ქალღმერთის სახელია. და ავტომობილიც ამ სახელს სრულად შეეფერება. თუმცა, ჟენევაში ბევრს არ მოეწონა მისი უცნაური გარეგნობა, ძლიერ დაწეული ცხვირით და უჩვეულო, სამრგოლიანი უკანა ფარებით. ამასთან, ისიც ფაქტია, რომ „პაგანი“ ტრადიციას აგრძელებს - მისი მეორე სუპერ ავტომობილიც აგრესიული გარეგნობით გამოირჩევა.

თუმცა, რა მნიშვნელობა აქვს, როგორ გამოიყურება ავტომობილი, როცა იცი, რომ ის თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებითაა შექმნილი. კერძოდ, ავტომობილის მთავარი მზიდი ელემენტი, კარბონის კომპოზიტისა და ტიტანის გამოყენებითაა დამზადებული. ამასთან, ძარის წინ და უკან, აქტური აეროდინამიკური ელემენტებია განლაგებული. „ჰუაირას“ გაბარიტებია: სიგრძე 4605 მილიმეტრი, სიგანე 2036 მილიმეტრი, სიმაღლე 1169 მილიმეტრი, ბაზა 2795 მილიმეტრი. ავტომობილის მშრალი წონა 1350 კილოგრამია და ის წინა და უკანა ღერძებს შორის, 44:56 პროპორციითაა განაწილებული.
რაც შეეხება ძრავს, ის ისევ AMG-ს (რომელიც ამჯერად მერსედეს ბენცს ეკუთვნის) წარმოებისაა, თუმცა მისი მუშა მოცულობა „მხოლოდ“ 6.0 ლიტრია. ძრავს (V12) წყვილი ტურბოკომპრესორი ემსახურება, რომელთა მეშვეობითაც, 700 ცხენის ძალას (ვერსია სპორტის შემთხვევაში, სიმძლავრე 730 ცხ.ძ-ა) და 1000 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. ძრავთან კომპანია XTRAC-ის წარმოების 7-საფეხურიანი სეკვენტალური კოლოფია დაკავშირებული.

ამ აგრეგატების დახმარებით, „ჰუაირა“ ადგილიდან ასამდე აჩქარებას 3.3 წამში ასწრებს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 370 კმ/სთ-ია. ჰორაციო პაგანის განცხადებით, ამ ავტომობილის სერტიფიცირება ჯერ არ დასრულებულა და ამ პროცესის გავლის შემდეგ, მისი კომპანია უფრო ზუსტა დინამიკურ მონაცემებს გამოაქვეყნებს.

ასევე, ჯერჯერობით დაუზუსტებელია „ჰუაირას“ ფასიც. სავარაუდოდ, ის მილიონი ევრო ეღირება. თავიდან დაგეგმილი იყო, რომ წლიური წარმოება მხოლოდ 20 ავტომობილით შემოფარგლულიყო, თუმცა კომპანიის განცხადებით, სამხრეთამერიკული ქარის ქალღმერთის სეხნია უკვე 60-მა მყიდველმა შეუკვეთა. ჟენევაში ჰორაციო პაგანიმ ასევე განაცხადა, რომ მისი კომპანია უფრო იაფფასიანი სუპერ ავტომობილის წარმოების შესაძლებლობასაცგანიხილავს. ამის მიზეზი კი ისაა, რომ „პაგანი“ ამ მოთხოვნით უამრავ წერილს ღებულობს.

„ჰიუნდაის“ ავტომობილების საიმედობა თანდათან უმჯობესდება

24 მარტი

კომპანია „ჯეი დი პაუერ ენდ ესოშიეიტმა“ გამოაქვეყნა ტრადიციული სამარკეტინგო კვლევის შედეგები, რომლებიც ამათუიმ კომპანიის მიერ წარმოებული ავტომობილების საიმედოობის გასაშუალებულ (ეგრეთ წოდებული PP100 - პრობლემს პერ 100 ვიიქლს, ანუ პრობლემები ყოველ 100 ავტომობილზე) ხარისხიანობას გამოხატავს. კვლევის შედეგად დგინდება, თუ რამდენი პრობლემა მოდის კონკრეტული კომპანიის მიერ წარმოებულ ყოველ 100 ავტომობილზე.

გამოკვლევამ აჩვენა, რომ ამერიკაში 2008 წელს გაყიდული ავტომობილების PP100-ის საშუალო მაჩვენებელი 151-მდე შემცირდა (რაც ნაკლებია PP100-ის რიცხვი, მით უფრო საიმედო და გამძლე ავტომობილებს აწარმოებს კომპანია). შედარებისთვის, 2009 წლის საშუალო PP100 170 დეფექტი იყო. 2009 და 2011 წლებს შორის, საშუალო კოეფიციენტის გაუმჯობესებამ 6 პროცენტი შეადგინა. არადა, ბოლო ათწლეულის განმავლობაში, გაუმჯობესება 8-პროცენტიანი იყო. თუმცა, ასეთი დაბალი კოეფიციენტი, „ჯეი დი პაუერ ენდ ესოშიეიტის“ გამოკითხვისას პირველად დაფიქსირდა.

151-ზე უკეთესი მაჩვენებელი აღმოაჩნდა „ჰიუნდაის“, რომლის მიერ წარმოებული ავტომობილების საიმედობის საშუალო მაჩვენებელი 132 აღმოჩნდა. კორეულმა კომპანიამ უკან მოიტოვა „ჰონდა“, „ფორდი“, „ინფინიტი“ და „ბეემვეც“ კი. პირველი ადგილი კი „ფორდის“ პრემიუმ პრენდ „ლინკოლნს“ ერგო, რომლის 100 ავტომობილსაც საშუალოდ მხოლოდ 101 პრობლემა გამოუვლინდა. მასზე 8 ერთეულით უარესი მაჩვენებელი აქვს მეორეზე გასულ „ლექსუსს“ (ტოიოტას პრემიუმ ბრენდი). შემდეგ კი „იაგუარი“ და „პორშე“ მოდის (შესაბამისად, 112 და 114 ერთეულით).

აღსანიშნავია, რომ ავტომობილების საიმედობის კვლევას, თავად ავტომობილების წარმოებლები დიდ ყურადღებას უთმობენ. ამ კვლევის შედეგები, მათ უკეთესი ავტომობილების წარმებაში ეხმარება. კარგი შედეგები კი პირდაპირ განსაზღვრავს მყიდველის ლოიალობას და ავტომობილის ფასეულობის შენარჩუნებას.

Wednesday, March 23, 2011

„ოპელი“ B სეგმენტის ავტომობილს გამოუშვებს

Opel Allegra Coming to the B-Segment

24 მარტი

სულ რამდენიმე წლის წინ, ავტოინდუსტრიის ერთ-ერთი გამორჩეული ტრენდი, ავტომობილების გაბარიტების ზრდა იყო. მაგრამ საწვავის გაძვირებამ მას საპირისპირო მიმართულება მისცა და ახლა ყველა მწარმოებელი ცდილობს, რომ ბაზარზე ახალი, სუბკომპაქტური ავტომობილები გამოიყვანოს და მათი ეკონომიურობით მოხიბლოს მყიდველი, რომელიც ახალი ავტოს შეძენისას, პრიორიტეტს უკვე მის ეკონომიურობას ანიჭებს.

ამ ტენდენციას არც „ოპელი“ ჩამორჩება, რომელიც წარმოებისთვის ახალ, სუბკომპაქტურ ავტომობილს ამზადებს. ამ ავტომობილს სახელად „ალეგრა“ დაერქმევა და გერმანული კომპანიის სამოდელო გამაში, ის „აგილასა“ და „კორსას“ შორის არსებულ ნიშას შეავსებს.

შემუშავების პროცესში, ახალ პატარა ავტომობილს „ჯუნიორად“ მოიხსენიებენ. იყო ვარაუდი იმის შესახებ, რომ ამ ავტომობილით, რიუსელსჰაიმელები „აგილას“ შეცვლიდნენ, თუმცა ასე არ არის. პირიქით, „აგილა“ 2014 წელს შეცვლილი სახით გამოვა და კონკურენციას „ფორდ კა-ს“ გაუწევს.

ეს ინფორმაცია ბრიტანულ გამოცემა „ავტოექსპრესს“ „ოპელის“ ბრიტანული შტოს - „ვოქსოლის“ მმართველმა დრექტორმა დანკან ოლდრედმა გაუმხილა. ის ირწმუნება, რომ „ალეგრას“, „ოპელის“ ახლანდელი პატარა ავტომობილებისგან განსხვავებული გარეგნობა ექნება. ის უფრო „ასტრა GTC-ს“ დაემსგავსება. და ის „კორსას“ დამოკლებულ პლატფორმას დაეყრდნობა.

რა ტქმა უნდა, „ალეგრას“ მცირელიტრაჟიან, ეკონომიური ძრავებს გამოუყიფენ. მათ შორის იქნება ბენზინზე მომუშავე ერთლიტრიანი აგრეგატი, რომელიც საწვავის წვის კამერაში შეფრქვევის სისტემით აღიჭურვება. შერეული ციკლით გადაადგილებისას, ამ აგრეგატით აღჭურვილი „ალეგრა“ 100 კილომეტრს 3.5 ლიტრი საწვავით გაივლის, ყოველი კილომეტრის გავლისას კი ატმოსფეროს მხოლოდ 100 გრამი ნახშირორჟანგით დააბინძურებს.

ოლდრიდი ამბობს, რომ თავისი გარეგნობით, „ალეგრა“ კონკურენციას გაუწევს „მინის“, „სიტროენის“ DS3-ს და „ფიატის“ 500-ს. გარდა ამისა, „ოპელი“ მყიდველს სპეციალურ ინდივიდუალიზაციის პროგრამას შესთავაზებს, რომელიც შესაძლებელი იქნება ავტომობილის სტილის საკუთარი გემოვნების შესაბამისად შეცვლა.

„ალეგრას“ წარმოება, გერმანიის ქალაქ აიზენახის ქარხანაში, 2013 წელს დაიწყება. რაც შეეხება მის სავარაუდო ფასს, ის დაახლოებით 12 000 ევროს ფარგლებში იქნება. სხვათა შორის, ამ ავტომობილის შესახებ ოფიციალური მონაცემების გამოქვეყნებას თავად „ოპელიც“ გეგმავს.

„პორშემ“ ჰიბრიდული სუპერ ქარი 645 ათასად შეაფასა

Porsche 918 Spyder, Now Available for EUR645,000

22 მარტი

„პორშე“ თავისი პლაგ-ინ ჰიბრიდული სუპერ ავტომობილის, „918 სპაიდერის“ წარმოებას ორ წელიწადში დაიწყებს, მასზე შეკვეთების მიღებას კი უკვე შეუდგა და ფასიც გვაუწყა - ცუფენჰაუზენელების ისტორიაში პირველი ჰიბრიდი 645 000 ევრო (დაახლოებით 845 000 დოლარი) ეღირება. და ამ ფასში გადასახადები გათვალისწინებული არაა.

საინტერესოა კიდევ ერთი ფაქტი: მათ, ვინც გერმანულ კომპანიას „918 სპაიდერს“ შეუკვეთავს, მოდელ „911 ტურბო S სერის-ის“ სპეციალური ვერსიის შეძენის საშუალებაც ექნებათ. ამ ვერსიას „პორშე“ თავის გამორჩეულ კლიენტებს მიჰყიდის. „918 სპაიდერს“ „პორშეს“ ცუფენჰაუზენის (გერმანია) ქარხანა გამოუშვებს. წარმოება კი 2013 წლის 18 სექტემბერს დაიწყება. პირველი კლიენტები სასურველ ავტომობილს ნოემბერში მიიღებენ. გერმანული კომპანია აცხადებს, რომ ჰიბრიდულ სუპერ ავტომობილს შეზღუდული რაოდენობით, მხოლოდ 918 ცალს დაამზადებს.

ამ ავტომობილის კონცეპტუალური ვერსიის მსოფლიო პრემიერა შარშან, ჟენევის ავტო შოუზე შედგა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მისი საწარმოო ვერსია პრაქტიკულად არ შეიცვლება. მცირე ცვლილება ის იქნება, რომ ავტომოილს მოსახსნელ, ორნაწილიან მყარ სახურავს გაუკეთებენ. ამ სახურავის მოხსნა კი ხელით იქნება შესაძლებელი. მოსხნის შემდეგ, სახურავის პანელები წინა საბარგო სექციაში მოთავსდება. შესამჩნევია კიდევ ორი სიახლე - სერიულ ვერსიას გარე სარკეები დაემატება და სამაგიეროდ, გამოსაბოლქვი მილები, გვერდებიდან მათთვის ჩვეულ ადგილზე, უკანა ბამპერის ქვეშ გადაინაცვლებს.

„918 სპაიდერის“ საფუძველს კარბონის კომპოზიტით დამზადებული მონოკოკი წარმოადგენს, რომელთანაც ჰიბრიდული სისტემაა დაკავშირებული. ამ სისტემის მთავარი ნაწილია 4.0-ლიტრიანი V8 ტურბოძრავი, რომელიც 500 ცხენის ძალას იძლევა. მასთან უნისონში მუშაობს ორი ელექტროძრავი, რომელთაგან თითოეული წინა, ან უკანა ღერძს ემსახურება. მათი ჯამური სიმძლავრე კი 218 ცხენის ძალაა. შიდაწვის ძრავთან ორდისკოიანი ქუროთი 7-საფეხურიანი ტრანსმისიაა დაკავშირებული, რომელიც მბიძგველ ძალას უკანა ბორბლებს აწვდის.

ელექტრულ ძრავებს ენერგიით ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკი ამარაგებს, რომელსაც გაგრილების თხევადი სისტემა ემსახურება. მისი დამუხტვა საყოფაცხოვრებო ქსელის შტეპსელიდანაა შესაძლებელი, მასში დაგროვილი ენერგია კი საკმარისია იმისათვის, რომ მხოლოდ ელექტრული წევით, ავტომობილმა 25 კილომეტრი გაიაროს. „პორშე“ აცხადებს, რომ აკუმულატორების დამუხტვის დრო, ამათუიმ ქვეყანაში არსებული ელექტროქსელის თავისებურებაზეა დამოკიდებული. გერმანიაში კი „918 სპაიდერის“ აკუმულატორების სრულ დამუხტვას სამი საათი დასჭირდება. ამასთან, სწრაფად დამმუხტავი მოწყობილობა ამ დროს მნიშვნელოვნად შეამცირებს.

„პორშეს“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „918 სპაიდერი“ საწვავის მეტად ეკონომიური ხარჯვით გამოირჩევა. კერძოდ, შერეული ციკლით მოძრაობისას, 100 კილომეტრის გასავლელად, მას 3.0 ლიტრი ბენზინი ჰყოფნის, ყოველ კილომეტრზე კი გარემოს მხოლოდ 70 გრამი ნახშირორჟანგით აბინძურებს. რამდენადაც საწვავის ხარჯსა და ეკოლოგიურობაზე ამერიკაში განსხვავებული სტანდარტები მოქმედებს, „პორშე“ თავის ამერიკელ მყიდველს პირდება, რომ შესაბამის „ამერიკულ“ ინფორმაციას წარმოების დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე გამოაქვეყნებს.

რაც შეეხება „918 სპაიდერის“ დინამიკურ მახასიათებლებს: ადგილიდან 100 კმ/სთ-ის ასაკრეფად მას 3.2 წამი ჰყოფნის, რაც ჰიბრიდულ ავტომობილებზე ფართო მასების მცდარ შეხედულებას, თითქოს ასეთი მანქანები ტემპერამენტით არ გამოირჩევიან, რადიკალურად შეცვლის. ამის დასტურად, ჰიბრიდული „პორშეს“ მაქსიმალური სიჩქარე 320 კმ/სთ-ია. მხოლოდ ელექტროძრავების ხარჯზე მოძრაობისას, მაქსიმალური სიჩქარე 150 კმ/სთ-ს აღწევს.

Tuesday, March 22, 2011

„ჰიუნდაი“ იაპონიას ეხმარება

Hyundai To Donate JPY100 Million to Quake-Striken Japan

22 მარტი

დღეს იაპონიას ყველა ეხმარება. ქვეყანა, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ, მსოფლიოს მეორე უდიდესი ეკონომიკა იყო, დღეს ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზე იმყოფება. ამიტომ, ამომავალი მზის ქვეყანას ახლა ისინიც ეხმარებიან, ვისაც ადრე თავად უწვდიდა ხელს. იაპონელებს ისინიც ეხმარებიან, რომლებიც ცოტა ხნის წინ მათი უშეღავათო კონკურენტები იყვნენ (და ასეთებადვე რჩებიან). მაგალითად, კორეული საავტომობილო კომპანია „ჰიუნდაი“...

„ჰიუნდაიმ“ იაპონიის დასახმარებლად 100 მილიონი იაპონური იენი (დაახლოებით 1.3 მილიონი დოლარი) გამოჰყო. ეს ფული, იაპონიის იმ მხარეს მოხმარდება, რომლებიც მიწისძვრამ და ცუნამიმ ყველაზე მეტად დააზარალა. ამ თანხას იაპონია კორეული წითელი ჯვრის ორგანიზაციის ხელით მიიღებს, რომელიც მას იაპონიის წითელ ჯვარს გადასცემს. ეს უკანასკნელი კი მიღებული დახმარებით, საკვებს, წყალს, მედიკამენტებს და სხვა აუცილებელ ნივთებს შეიძენს.

პარალელურად, „ჰიუნდაი მოტორის“ ჯგუფის თავმჯდომარე მონ-კუ ჩუნმა, თავისი კომპანიის იაპონელ ბიზნეს პარტნიორებს თანაგრძნობის წერილები დაუგზავნა. მანვე განაცხადა, რომ საჭიროების შესაბამისად, „ჰიუნდაი მოტორი“ იაპონიას შემდგომშიც დაეხმარება.

„როგორც ყოველთვის, „ჰიუნდაი“ ბუნებრივი კატაკლიზმებით დაზარალებულ რეგიონებს მთელს მსოფლიოში ეხმარება და ამით ყოველთვის უსვამს ხაზს იმ ფაქტს, რომ მსოფლიოს განუყოფელი ნაწილია. ჩვენმა კომპანიამ, თავის დროზე, დახმარება გაუწია ირანის 1999 წლის მიწისძვრით, 2004 წლის აზიის ცუნამით, 2007 წელს, საბერძნეთის ხანძრებით დაზარალებულებს, ასევე 2009 და 2010 წლებში, ჰაიტისა და ჩილეში მომხდარი მიწისძვრების დროს დაზარალებულებს“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

„ჰიუნდაის“ გარდა, იაპონიას ფულად დახმარებას ევროპული და ამერიკული კომპანიებიც უწევენ.

აღსანიშნავია, რომ დიდ იაპონურ საავტომობილო კომპანიებს, მიწისძვრით და ცუნამით დაზარალებულ რეგიონებში, თავიანთი ქარხნები გაჩერებული აქვთ. უფრო მეტიც, ამ კატასტროფის გამო, მაკომპლექტებლების მწარმოებელი არაერთი იაპონური კომპანიაა გაჩერებული, ეს კი, ამ კომპანიების პარტნიორი ამერიკული და ევროპული კომპანიების შეფერხებას იწვევს.

Monday, March 21, 2011

„ლამბორგინის“ ახალი ფლაგმანი - „ავენტადორLP 700-4“

Lamborghini Aventador LP 700-4

21 მარტი

„ლამბოს“ მორიგი ფლაგმანის გამოჩენას საავტომობილო სასმყარო დიდხანს ელოდა. არამარტო ისინი, ვისაც მისი შეძენის საშუალებას ჯიბე აძლევს, არამედ ისინიც, ვისაც ასეთ მანქანებზე მხოლოდ ოცნება თუ შეგვიძლია. მოლოდინს კი თავად მწარმოებლის მიერ პრემიერამდე კარგა ხნით ადრე დაწყებული სარეკლამო კამპანია აძლიერებდა, რომელიც „მურსიელაგოს“ შემცვლელის ნაწილ-ნაწილ გაცნობაში გამოიხატებოდა.

სახელი, ძრავი, საკიდარი, ტრანსმისია, მონოკოკი, აწყობილი შასი და ბოლოს მთლიანად ავტომობილი - იტალიურმა კომპანიამ ჟენევამდე ასე თანდათან გაგვაცნო თავისი ახალი სუპერი, რომელიც უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებითაა დამზადებული, ისეთებითაც კი, რომლებსაც ჯერჯერობით, „ლამბოს“ ყველაზე დიდი კონკურენტი „ფერარიც“ კი არ ფლობს.

ჟენევაში, როგორც იქნა, მისი ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავი პირადად გაეცნო ჯერ მედიასა და საავტომობილო სამყაროს, შემდეგ კი ფართო საზოგადოებასაც. და, რა თქმა უნდა, ყველანაირი მოლოდინი გაამართლა - გარეგნობითაც „ლამბორგინის“ ტრადიციების ჭეშმარიტი გამგრძელებელია და რა თქმა უნდა, აღჭურვილობითაც. ბარემ უნდა ითქვას, გარეგნობით, ის როგორღაც სახმელეთო სტელსის შთაბეჭდილებასაც ტოვებს. მაგრამ თუ სტელსის სისტემის დანიშნულება ისაა, რომ სამხედრო თვითმფრინავები რადარებისთვის უხილავი გახადოს, „ავენტადორის“ გარეგნობის მიზანი საწინააღმდეგოა - მან რაც შეიძლება მეტი თვალი უნდა მიიზიდოს. ალბათ, ამ მოკლე დახასიათების შემდეგ, გარეგნობაზე მეტად გაჩერება აღარ ღირს - ისედაც ყველაფერი კარგად ჩანს...

რა იმალება ძარის ქვეშ? პირველ რიგში, კარბონის კომპოზიტით დამზადებული კოკპიტი და მასზე ასხმული საკიდარი და ძალური დანადგარები. კარბონის უხვად გამოყენების წყალობით, ავტომობილი საკმაოდ მსუბუქი გამოვიდა - „მხოლოდ“ 1575 კილოგრამს იწონის. წონის დიდი ნაწილიც 6.5-ლიტრიან V12 ძრავზე მოდის, რომელიც 700 ცხენის ძალას (8 200 ბრ/წთ-ზე) და 690 ნიუტონმეტრს (5 500 ბრ/წთ-ზე) გამოიმუშავებს. ამ მონაცემების ასათვისებლად, „ლამბომ“ კომპანია „გრაცანოს“ წარმოების 7-საფეხურიანი ავტომატური კოლოფი (ISR - ინდივიდუალური გადამრთველი ღეროები) შეარჩია.

კოლოფიდან მაბრუნი მომენტი ოთხივე წამყვან ბორბალს მიეწოდება. ამ სისტემაში, უკანა დიფერენციალი თვითბლოკირებადია, წინას კი სისტემა ESP (ელექტრონული სტაბილურობის პროგრამა) ემსახურება. ამ ტანდემის მეშვეობით, „ავენტადორი“ ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფას 2.9 წამში ასწრებს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 350 კმ/სთ-ია.

„ლამბორგინი“ თავისი ახალი ფლაგმანის მიერ საწვავის მოხმარებაზე კონკრეტულ მონაცემებს არ აქვეყნებს, თუმცა ირწმუნება, რომ ეს მონსტრი ისეთივე ბენზინყლაპია არაა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. პირიქით, „მურსიელაგოსთან“ შედარებით, 20 პროცენტით ეკონომიურია. ამასთან, მასზე 8 პროცენტით მძლავრიცაა. და რაც მთავარია, ამას ყოველგვარი ჰიბრიდული ვირუსის (როგორც ჟენევაში მომუშავე ჟურნალისტები ამბობდნენ) გარეშე მიაღწია.

ისღა დაგვრჩენია, „ავენტადორის“ ფასი გაუწყოთ. ევროპაში მისი შეძენის მსურველებს 255 000 ევროს გადახდა მოუწევთ, ამერიკაში კი - 379 700 დოლარისა. რა თქმა უნდა, ყველა ვერ შესწვდება, თუმცა მთელს მსოფლიოში საკმარისზე მეტი ყოფილა მისი მუშტარი. „ლამბორგინის“ განცხადებით, ყველა ავტომობილი, რომლებსაც სანტ’აგატა ბოლონეზელები წელს გამოუშვებენ, უკვე გაყიდულია.

ჟენევა 2011

„ფერარი FF“ - პირველი სრულამძრავიანი მარანელოდან

Ferrari FF's Show-Official Debut

21 მარტი

„ფერარიმ“ ჯერ კიდევ ჟენევის გამოფენამდე ორი კვირით ადრე გაგვაცნო თავისი ახალი ავტომობილი - „ფერარი FF“, რომელიც იტალიური კომპანიის ისტორიაში, პირველი სრულამძრავიანი მოდელია (მისი აბრევიატურა FF, ფერარი ფოურს, ანუ ფერარი ოთხს ნიშნავს) და რომელიც მარანელოელთა სამოდელო გამაში „612 სკალიეტის“ ადგილს დაიკავებს.
სრულამძრავიანი ტრანსმისიის გარდა, „ფერარი FF-ს“ იტალიური კომპანიისთვის უცნაური გარეგნობაც ახასიათებს. უფრო კონკრეტულად კი, მასში უცნაური უკანა ნაწილია, რომელსაც შეიძლება მოჭრილი კუდი, ან გრან ტურიზმოს კლასის ჰეჩბეკი ვუწოდოთ, საავტომობილო სამყაროში კი ამ სტილს „შუტინგ ბრეიკად“ მოიხსენიებენ. ავტომობილის დიზაინი ატელიე „პინინფარინას“ ნახელავია, პროექტს კი ამ ატელიეს მთავარი დიზაინერი ფლავიო მანცონი ხელმძღვანელობდა.
„ფერარი FF-ის“ გაბარიტებია: სიგრძე 4.907 მეტრი, სიგანე 1.953 მეტრი, სიმაღლე კი 1.374 მეტრი. ყველა ამ პარამეტრით, ის „სკალიეტიზე“ დიდია (შესაბამისად 5, 4 და 30 მილიმეტრით). ახალ ავტომობილს მოზრდილი საბარგულიც გამოარჩევს, რომლის მოცულობაც 450 ლიტრია და თუ უკანა სავარძლებს დაკეცავთ, საბარგულის მოცულობა 800 ლიტრს აღწევს.
ახალი ავტომობილი სრულიად ახალი V12 ძრავითაა აღჭურვილი, რომლის მუშა მოცულობაც 6.262 ლიტრია. ძრავის მაქსიმალური სიმძლავრე 660 ცხენის ძალა (8 000 ბრ/წთ-ზე), მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი 683 ნიუტონმეტრია (6 000 ბრ/წთ-ზე). ამასთან, 500 ნმ უკვე 1 000 ბრ/წთ-ზე მიიღწევა(!). ძრავთან ორდისკოიანი ქუროთი, 7-საფეხურიანი რობოტიზებული გადაცემათა კოლოფია (კომპანია გეტრაგის წარმოების) შეწყვილებული.
„ფერარი FF“ 1 790 კილოგრამს იწონის, წონისა და სიმძლავრის ფარდობა კი, ყოველ ტონაზე 368 ცხენის ძალას შეადგენს. ღერძებს შორის წონის განაწილება 47:53 -ზეა, სადაც მეტი დატვირთვა უკანა ღერძზე მოდის. მარანელოელთა მონაცემებით, ავტომობილს ადგილიდან ასამდე აჩქარება 3.7 წამში შეუძლია, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 335 კმ/სთ-ია. 100 კილომეტრის გასავლელად, მას 15.4 ლიტრი საწვავი სჭირდება, ყოველ კილომეტრზე კი ატმოსფეროში 360 გრამ ნახშირორჟანგს გამოჰყოფს. სხვათა შორის, აპეტიტის შემცირება სისტემა HELE-ს (ჰაი ემოუშნს - ლოუ ემიშნს - კარგი ემოციები, მცირე გამონაბოლქვი) დამსახურებაა, რომელშიც სისტემა სტოპ-სტარტიც შედის.

„ფერარი“ განსაკუთრებით ამაყობს FF-ის ტრანსმისიით, რომლის წყალობითაც, ეს ავტომობილი ნებისმიერი ხარისხის გზაზე თავს ისე გრძნობს, როგორც თევზი წყალში. კომპანიის განმარტებით, „ტრანსმისია მაბრუნ მომენტს ბორბლებს შორის მუდმივად, საზრიანად და საჭიროების შესაბამისად ანაწილებს“. ამიტომ, FF-ს ასფალტზეც, თოვლშიც, გრუნტზეც და ქვიშაზეც გზა „კარგად უჭირავს“.

გარდა ამისა, ავტომობილი აღჭურვილია საკიდარის რხევების მაგნეტორეოლოგიური ჩამქრობი სისტემით და „ბრემბოს“ წარმოების მძლავრი სამუხრუჭე სისტემით, რომლებშიც, რა ტქმა უნდა, კარბონ-კერამიკული დისკოებია გამოყენებული.

Sunday, March 20, 2011

„ტატა“ ევროპელენს „ნანოს“ ნაცვლად „პიქსელს“ შესთავაზებს

Production Version of Tata Pixel Coming to Europe

20 მარტი

მაშინვე, როგორც კი მსოფლიოს თავისი სუპერ იაფი ავტომობილი - ჯუჯა ჰეჩბეკი „ნანო“ გააცნო, ინდურმა საავტომობილო კომპანია „ტატამ“ გამოაცხადა, რომ ამ ავტმობილის მოდიფიცირებულ ვერსიას ევროპის ქვეყნებშიც შეიტანდა. მაგრამ გავიდა ორი წელი და ჟენევის ავტო შოუზე, „ნანოს“ ევროპული ვერსიის ნაცვლად, ამ ავტომობილის მოდიფიცირებულ პლატფორმაზე დამზადებული კონცეპტუალური ჰეჩბეკი „პიქსელი“ ვიხილეთ.
კომპანიის დამაარსებელმა და შეფმა რატან ტატამ განაცხადა, რომ „პიქსელის“ სერიული ვერსია ბაზარზე მას შემდეგ გამოჩნდება, რაც კონცეპტუალურ ავტომობილს „ლამბოს“ ტიპის კარებებს ჩვეულებრივით შეუცვლიან. ასევე მანქანას ზოგიერთ ისეთ „კონცეპტუალურ“ ფუტურისტულ ინსტრუმენტს მოაცილებენ, რომლებიც მის სერიულ ვერსიას არ დასჭირდება. ასეთი ინსტრუმენტია მოწყობილობა, რომელიც ავტომობილს პრაქტიკულად ადგილზე მობრუნების საშუალებას აძლევს. კერძოდ, დაბალი სიჩქარით მოხვევისას, გარე რადიუსზე მყოფი ბორბალი მოძრაობის მიმართულებით ბრუნავს, შიდა რადიუსისა კი - საპირისპირო მიმართულებით.

მოკლედ, „პიქსელი“ მსოფლიოს უიაფესი ავტომობილის (ნანოს) კიდევ უფრო პატარა, ორკარიანი ვერსიაა. რა თქმა უნდა, კონცეპტუალური ვერსია სერიულის პლატფორმაზეა დაფუძნებული. თუმცა, გარეგნობით ისინი ერთმანეთთან ახლოსაც არ არიან. რა თქმა უნდა, ჟენევაში წარმოდგენილი კონცეპტუალური მოდელი გაცილებით კოხტაა, თუმცა სანამ კონვეიერამდე მიაღწევს, მას გარეგნობასაც შეუცვლიან.

„პიქსელი“ დიზელის 1.2-ლიტრიანი სამცილინდრიანი ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც მხოლოდ 60 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ძრავი ავტომობილის უკანა სავარძლების ქვეშაა მოთავსებული, მასთან კი 5-საფეხურიანი კოლოფია შეწყვილებული. დახვეწილი აეროდინამიკის, მცირე წინაჭობის მქონე საბურავების და სისტემა სტოპ-სტარტის დახმარებით, ავტომობილი 100 კილომეტრზე მხოლოდ 3.4 ლიტრ საწვავს მოიხმარს, ყოველი კილომეტრის გავლისას კი ატმოსფეროში მხოლოდ 89 გრამ ნახშირორჟანგს გამოჰყოფს.

გარდა ამისა, რატან ტატა გვპირდება, რომ ევროპაში ოთხკარიან „პიქსელსაც“ შეიტანს, რომელსაც გარეგნობა კონცეპტუალური მოდელის მსგავსი ექნება. არაა გამორიცხული, რომ მისი წარმოების დაწყების შემდეგ, ავტომობილს ისევ „ნანო“ უწოდონ. ამასთან, რატან ტატა უარყოფს ხმებს იმის შესახებ, რომ „ნანოს“ წარმოებას პრობლემები შეექმნა. თუმცა ის კი აღიარა, რომ ამ ავტომობილის რეალიზაცია, მიუხედავად მისი დაბალი ფასისა (დაახლოებით 2 500 დოლრაი), პრობლემურია.

რატან ტატა იმედოვნებს, რომ ევროპული ბაზარი საქალაქო მინი ავტომობილს, რომელიც მანევრულობით გამოირჩევა და გარეგნულად ძლიერ ჰგავს „პინინფარინას“ კონცეპტუალურ „ნიდოს“ (თუმცა, ამ ორი კომპანიის თანამშრომლობაზე ჟენევაში არაფერი თქმულა), კარგად მიიღებს.

კონცეპტი „ქეპჩერი“ – „რენოს“ დიზაინის ახალი ენა

Renault Captur Concept Demonstrates New Design Language

20 მარტი

„რენო“ თავისი ავტომობილების კორპორატიულ სტილს ცვლის და ამ მეტად საპასუხიმგებლო საქმეს სათავეში კომპანიის მთავარი დიზაინერი, ჰოლანდიელი ლორენს ფან დენ აკერი ხელმძღვანელობს, რომელიც ადრე „მაზდაში“ მუშაობდა და იქაც იაპონური კომპანიის ახალ სტილს ამუშავებდა.

მისი ხელმძღვანელობით, ახალ სტილში შესრულებული პირველი კონცეპტუალური ავტომობილი - კუპე „დეზირი“ შარშან ვიხილეთ. ახლა კი იმავე სტილში, ფრანგებმა სუბკომპაქტური ქროსოვერი „ქეპჩერი“ შეიმუშავეს, რომელიც „რენოს“ იაპონელი პარტნიორის, „ნისანის“ ანალოგიური კლასის „ჯუკის“ ბაზაზე შეიქმნა და რომლის პირველი ჩვენებაც ჟენევის ავტო შოუზე გაიმართა.

ავტომობილის გაბარიტებია: სიგრძე 4.223 მეტრი, სიგანე 1.950 მეტრი, სიმაღლე 1.586 მეტრი, ბორბლებს შორის ბაზა 2.624 მეტრი, კლირენსი - 0.261 მეტრი. კონცეპტუალური ავტომობილის ძარა მთლიანად კარბონის კომპოზიტისგანაა დამზადებული. ამასთან, სახურავი მოსახსნელია, რაც იმის საშუალებას იძლევა, რომ ავტომობილი კაბრიოლეტად გადაკეთდეს.
„ქეპჩერს“ მხოლოდ ორი კარი აქვს, ოღონდ ორივე ძალიან გრძელია, რაც უკანა სავარძლებზე ადვილად მოხვედრის საშუალებას იძლევა. ამასთან, კარები ქვევიდან ზევით, „ლამბორგინის“ სტილში იღება. ავტომობილი საკმაოდ მსუბუქია - მხოლოდ 1 300 კილოგრამს იწონის, რაც კარბონის დეტალების დამსახურებაა. რაც შეეხება აეროდინამიკური წინააღმდეგობის კოეფიციენტს, ის ქროსოვერისთვის ძალიან ცოტა - მხოლოდ 0.31-ია.

კონცეპტუალური ავტომობილი 1.6-ლიტრიანი ტურბოდიზელითაა აღჭურვილი. ამასთან, მას წყვილი ტურბინა ემსახურება, რაც მცირელიტრაჟიანი ძრავებისთვის იშვიათი შემთხვევაა. ძრავი 160 ცხენის ძალას და 380 ნიუტონმეტრს (1 750 ბრ/წთ-ზე) გამოიმუშავებს. წყვილდისკოიანი ქუროს მეშვეობით, ძრავთან რობოტიზებული გადაცემათა კოლოფია (EDC) დაკავშირებული.

„რენოს“ მონაცემებით, ამ აგრეგატების დახმარებით, სპორტული ქროსოვერი ადგილიდან ასის აკრეფა 8 წამში შეუძლიამისი მაქსიმალური სიჩქარე კი 210 კმ/სთ-ს აღწევს. ფრანგული კომპანია ავტომობილის საწვავის ხარჯის შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს. სამაგიეროდ, გვარწმუნებს, რომ ყოველი კილომეტრის გავლისას, „ქეპჩერი“ ატმოსფეროში მხოლოდ 99 გრამ ნახშირორჟანგს გამოჰყოფს.

ჟენევა 2011

„ასტონ მარტინ ვირაჟი“ - კომფორტიც და ტემპერამენტიც

Aston Martin Virage

20 მარტი

ამ მანქანის სახელი რას გეუბნებათ? ალბათ იმას, რომ მოსახვევების მაღალი ტემპით გავლა უნდა შეეძლოს. ესე იგი, ტემპერამენტი ადგილზეა და კომფორტიც - სხვანაირად, რა „ასტონი“ იქნებოდა. ბოლოს და ბოლოს, ჯუჯა ჰეჩბეკი „სიგნიტიც“ კომფორტულია. ინგლისური კომპანიის სამოდელო გამაში, „ვირაჟი“ DBS-სა და DB9-ს შორის ნიშას შეავსებს.

აი, როგორ ახასიათებს თავის ახალ ავტომობილს თავად მწარმოებელი: „ამ ავტომობილზე გამოვიყენეთ ის ტექნოლოგიები, რომლებიც DBS-ზე დავნერგეთ და ის კომფორტი, რომლითაც მყიდველს DB9 და „რეპიდი“ ხიბლავს“. „ვირაჟი“ კუპეა, მის ღია (რბილსახურავიან) ვერსიას კი „ვოლანტე“ დაერქმევა. ეს ორივე სახელი, „ასტონის“ საწარმოო პროგრამაში ადრეც ფიგურირებდა, თუმცა წლების განმავლობაში, დავიწყებას იყო მიცემული.

ავტომობილი აღჭურვილია V12 ძრავით, რომლის მუშა მოცულობაც 5.935 ლიტრია. ეს აგრეგატი, სხვადასხვა მოდელისთვის სხვადასხვა დონეზეა ფორსირებული. ამჯერად კი მისი სიმძლავრე 490 ცხენის ძალაა (6 500 ბრ/წთ-ზე), მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი - 570 ნიუტონმეტრი (5 750 ბრ/წთ-ზე). ძრავთან 6-საფეხურიანი ავტომატური კოლოფია (ტაჩტრონიკ 2) დაკავშირებული, რომელშიც საფეხურების შეცვლა ელექტრონული სისტემით ხორციელდება. სხვათა შორის, საინტერესოა ამ ორი აგრეგატის შეთანწყობა - ძრავი წინ მდებარეობს, ავტომობილის შუა ნაწილში განლაგებულ კოლოფს ის კარდანის ლილვით უკავშირდება. ამ ტანდემის დახმარებით, „ვირაჟს“ ადგილიდან 100 კმ/სთ-ის აკრეფა 4.6 წამში შეუძლია, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 299 კმ/სთ-ია.

დაკვირვებული თვალი ალბათ შენიშნავდა, რომ „ასტონ მარტინის“ ავტომობილებს სახელები თითქმის ყოველთვის ასო „ვი-ზე“ ეწყება. გამონაკლისებია მხოლოდ ოთხკარიანი კუპე „რეპიდი“ და ის მოდელები, რომელთა სახელებიც აბრევიატურებია. ეს ტრადიცია თითქმის ასწლოვან კომპანიას 1950-იანი წლებიდან აქვს, როცა თავის მოდელ DB2-ზე ოპციის სახით, მყიდველს ძრავს, სახელად „ვენტიჯ“, სთავაზობდა.

რაც შეეხება სახელ „ვირაჟს“ (რაც ფრანგულად მოსახვევს ნიშნავს), ის პირველად 1985 წელს გამოიყენეს. ამ სახელს მხარი კომპანიის მაშინდელმა მთავარმა აღმასრულებელმა ვიქტორ გონტლეტმა და „ასტონ მარტინის“ მფლობელთა კლუბმა დაუჭირეს.

„ასტონ მარტინ ვირაჟის“ მთავარი კონკურენტი, ანალოგიური მახასიათებლების მქონე „მაზერატი გრანტურიზმო MC სტრადალე“ იქნება. ინგლისურმა კომპანიამ თავის ახალ ავტომობილზე შეკვეთების მიღება უკვე დაიწყო, არადა ფასი ჯერ არ გამოუცხადებია. სავარაუდოდ, „ვირაჟი“ 200 000 დოლარი ეღირება.

Saturday, March 19, 2011

ჟენევა 2011

„ალფას“ პატარა სუპერ ავტომობილი

Alfa Romeo 4C Concept

19 მარტი

ეს ის ავტომობილი უნდა გახდეს, რომელიც „ალფა რომეოს“ შელახული იმიჯის გამოსწორებასა და კრიზისის დაძლევაში დაეხმარება. ხელმისაწვდომი სუპერ ავტომობილი - ასე მოიხსენიებდნენ პალექსპოს ერთ-ერთ გამორჩეულ კონცეპტუალურ ექსპონატს ჟურნალისტები.

მილანური კომპანია საიმიჯო ავტომობილს - „8C კომპეტეციონეს“ ადრეც უშვებდა, მაგრამ ეს ნამდვილი სუპერი იყო, შესაბამისი ფასით და შეზღუდული ტირაჟით, რის გამოც, ბრენდის იმიჯის გამოსწორებაში ვერანაირი როლი ვერ ითამაშა. ჰოდა, ახლა ეს მისია „ალფა 4C-ს“ დაეკისრება.

კარბონის კომპოზიტის შასი, შუაში განლაგებული ძრავი, რომელიც მამოძრავებელ ძალას უკანა წამყვან ბორბლებს ანიჭებს - ყველაფერი ეს სუპერ ავტომობილების სტილშია. თუმცა, „ალფა 4C-ს“ ბევრი რამ ჩვეულებრივი, სერიული ავტომობილებისგანაც აქვს მიღებული.

დავიწყოთ იმით, რომ ამ პატარა კუპეს მზიდი ელემენტი ფოლადის კარკასია, რომელზეც კარბონისგან დამზადებული ძარის პანელებია ასხმული. ავტომობილის სიგრძე 4.00 მეტრია, ბაზა კი - 2.40 მეტრი. წინა საკიდარი წყვილ ჩანგლისებრ ბერკეტებს ეყრდნობა, უკან კი მაკფერსონის სისტემაა გამოყენებული. „ალფა 4C“ სულ რაღაც, 850 კილოგრამს იწონის, ღერძებს შორის კი ეს წონა 40:60-ზეა (წინ/უკან) განაწილებული.

4C ოთხ ცილინდრს აღნიშნავს. სწორედ ამდენი ცილინდრი აქვს 1.75-ლიტრიან ტურბოაგრეგატს, რომელიც 200 ცხენის ძალას იძლევა. ძრავთან ორდისკოიანი ქუროს მეშვეობით, რობოტიზებული ტრანსმისიაა დაკავშირებული. სუპერქარისთვის ცხენის ძალები თუ გეცოტავათ, დაგამშვიდებთ - ყოველ ცხენის ძალაზე მხოლოდ 4.25 კილოგრამი მოდის, რაც კარგი მაჩვენებელია.

ორი სიტყვა ძრავზე უნდა ითქვას. ტურბოკომპრესორის გარდა, მას საწვავის უშუალოდ წვის კამერაში შეფრქვევის სისტემა, მუდმივად ცვალებადი ფაზების მქონე აირგანაწილების სისტემა და სპეციალური მოწყობილობა ემსახურება, რომელიც ტურბო ჩამორჩენას აბალანსებს. მთელი ეს ავლა-დიდება საკმარისია იმისათვის, რომ „ალფა 4C-ს“ მაქსიმალური სიჩქარე 250 კმ/სთ იყოს, ადგილიდან ასამდე აჩქარებას კი 5 წამზე ნაკლებში ასწრებდეს.

Friday, March 18, 2011

ჟენევა 2011

„მინი როკეტმენი“ - ყველაზე პატარა „მინის“ კონცეპცია

MINI Rocketman Concept

18 მარტი

ჟენევის გამოფენის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ვარსკვლავი „მინის“ ახალი კონცეპტუალური მოდელი, სახელად „როკეტმენი“ გახდა. ამ ავტომობილით, ბრიტანულმა კომპანიამ გვახარა, რომ იმ გაბარიტებს დაუბრუნდება, რომლითაც ლეგენდარული ალექს ისიგონისის პირველმა „მინიმ“, მსოფლიოს ავტომოყვარულთა გულები დაიპყრო.

მცირე ზომების გარდა, ამ სამკარიან ავტომობილს ისიც გამოარჩევს, რომ მის სალონში მხოლოდ სამი სავარძელი მოთავსდა (ჩასაჯდომი ფორმულა 3+1). თუმცა, პროექტის ავტორები იმით გვამშვიდებენ, რომ საჭიროების შემთხვევაში, უკან მეორე სავარძლის დადგმაც შეიძლება (ბარემ ასეც მოქცეულიყვნენ).

„როკეტმენი“ თავისი კარებების უცნაური კონსტრუქციითაც გამოირჩევა. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ სამივე კარი ორსეგმენტიანია. უკანა კარს ერთი საყრდენი აქვს და ისიც, სახურავშია შეჭრილი. ის ქვევიდან ზევით იხსნება. ამასთან, მას მეორე სეგმენტიც აქვს, რომელიც საპირისპირო მიმართულებით - ზევიდან ქვევით იღება. საბარგული მინიატურულია და იქ მხოლოდ ხელჩანთას თუ მოათავსებთ.

გვერდითა კარებებიც ორსეგმენტიანია. წინა სეგმენტი ფსევდოკარია და ჩვეულებრივად იღება, მასზე კი ჩვეულებრივი კარია დაკიდებული, რომელიც შეიძლება გაშლილი იყოს, ან მოკეცილი. შესაბამისად, მოკეცილ მდგომარეობაში, პარკირებისთვის შეზღუდულ ადგილზეც ისე იღება, რომ სალონში მოხვედრა, ან იქიდან გადმოსვლა გამარტივებულია. გვერდითა კარებებს არ აქვს შუშის ჩარჩოები. სახურავი კი მთლიანად გამჭვირვალეა. თანაც, მასზე ბრიტანეთის დროშაა გამოსახული (თუმცა, ფერების გარეშე).

„როკეტმენის“ გაბარიტებია: სიგრძე 3.419 მეტრი, სიგანე 1.907 მეტრი, სიმაღლე 1.398 მეტრი. ავტომობილი კარბონის კომპოზიტისგან შექმნილ სივრცულ მზიდ სისტემაზეა (ბეემვეს ტექნოლოგია) ბაზირებული, რომელიც ძარის ზოგიერთ ადგილას და ინტერიერში ჩანს კიდეც. დაკიდევ, ეს პატარა ავტომობილი უზარმაზარ, 18-დუიმიან ბორბლებზე დგას.

ჟენევაში „მინის“ არაფერი უთქვამს იმაზე, თუ რა ძრავითაა აღჭურვილი „როკეტმენი“. არაა გამორიცხული, რომ საგამოფენო მანქანა ძრავის გარეშეც კი იყო. მის დანიშნულებას ხომ მხოლოდ კონცეპციის ჩვენება წარმოადგენდა და ისიც, რომ მალე ინგლისური კომპანიის საწარმოო პროგრამაში კიდევ ერთი ავტომობილი გამოჩნდება.