Saturday, May 21, 2011

„ფოლკსვაგენი“ ჩინეთისთვის ახალ სახალხო ავტომობილს შეიმუშავებს

Volswagen Sets Out to Create Chinese People’s Car

21 მაისი

იყო დრო, როცა „ფოლკსვაგენი“ თავის სახელს ამართლებდა - სახალხო ავტომობილების მწარმოებელი იყო. მაგრამ მისმა წარმატებებმა ის შედეგი მოიტანა, რომ კომპანია მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს ავტომწარმოებელ კონგლომერატად გადაიქცა და თანდათან, პრემიუმ სეგმენტისკენაც იხრება. ბუნებრივია, გზად სახალხო, იაფფასიანი ავტომობილების წარმოებაც დაივიწყა.

მაგრამ, როგორც ჩანს, მალე თავის ძველ დანიშნულებას კვლავ გაიხსენებს. ყოველ შემთხვევაში, ჩინეთის ბაზრისთვის და ამისათვის, ახალი მანქანის შემუშავების სრულიად ახალ მეთოდსაც გამოიყენებს. გერმანულმა კომპანიამ, სპეციალურად ჩინელი ავტომოყვარულებისთვის, ახალი ვებ გვერდი შექმნა, რომელიც „სახალხო ავტომობილის პროექტის“ (PCP პიპლს ქარ პროჯიქტ) პლატფორმის როლს შეასრულებს. კამპანია ერთ წელს გასტანს და შესაძლოა, მასში სხვა ქვეყნების მოსახლეობაც ჩაერთოს.

„სახალხო ავტომობილის პროექტის“ მიზანს, პოტენციური მყიდველის აზრის შესწავლა წარმოადგენს. ამისათვის, ვებ-გვერდის ვიზიტორები, თავიანთ აზრს, იდეას გვერდზე დააფიქსირებენ და ასე კომპანიის ინჟინრებს, ავტომობილის შემუშავებაში დაეხმარებიან. სხვათა შორის, ამ იდეების განხილვაც საჯაროდ, ვებ-გვერდზევე მოხდება. გვერდზე ასევე შესაძლებელი იქნება ესკოზების, ფოტოების და ფილმების ატვირთვაც კი.

„ამ პროექტით, „ფოლკსვაგენს“ თავის მომავალ მყიდველთან უნიკალური დიალოგი ექნება. პლატფორმა თავიდან მხოლოდ ჩინელი მომხმარებლისთვის იმუშავებს, რადგან ეს ჩვენი კომპანიისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ბაზარია. თუმცა, ჩვენ ამ პროექტში, სხვა ქვეყნებსაც აუცილებლად ჩავრთავთ“, - ამბობს „ფოლკსვაგენის“ ჯგუფის და საკუთრივ ვოლფსბურგული კომპანიის მარკეტინგის დირექტორი ლუკა დე მეო.

მართალია, პროექტი ჯერ მხოლოდ ჩინელებისთვის იმუშავებს, მაგრამ სავარაუდოდ, ახალი იაფფასიანი ავტომობილი ბაზარზე როგორც „ფოლკსვაგენის“, ასევე გერმანული კომპანიისა და მისი ჩინელი პარტნიორის, FAW-ის ერთობლივი კომპანიის - „კაილის“ ბრენდითაც“ გაიყიდება. მასვე მომავალში „ფოლკსვაგენის“ ჯგუფში შემავალი სხვა კომპანიებიც გამოუშვებენ.

Friday, May 20, 2011

„ბეემვე 328 ჰომეჯ“ - კონცეპტუალური რეტრო თანამედროვე სტილში

BMW 328 Hommage Concept, Retro with a Bang

20 მაისი

უცნაურად ჟღერს, არა? სად რეტრო და სად თანამედროვე სტილი. მაგრამ ასეა, რადგან ბავარიული კომპანიის ჯადოქარმა დიზაინერებმა და ინჟინრებმა ასე ისურვეს. მათს ნახელავს კი პირველი იტალიის ჩრდილოეთში მდებარე ტბა კომოს მახლობელ დაბა ვილა დ’ესტეში, ელეგანტურობის გამოფენა-კონკურსის დამსწრე საზოგადოება იხილავს.
და რას ნიშნავს ამ კონცეპტუალური ავტომობილის სახელში რიცხვი 328? რას და ლეგენდარულ „328 როდსტერს“, რომელიც ბავარიული კომპანიის ინჟინრებმა 75 წლის წინ შექმნეს. მოკლედ, კონცეპტუალური მოდელი, რომელიც წელს ჟენევაში ნაჩვენები, ასევე კონცეპტუალურ როდსტერ „ვიჟნ კონექტდრაივის“ ბაზაზეა შექმნილი (მართალია, პროექტის ავტორები ამ ორი ავტომობილის კავშირზე არაფერს ამბობენ, მაგრამ მათ შორის ვიზუალური მსგავსება აშკარაა), უბრალო საიუბილეო „ნამცხვარია“ და რა თქმა უნდა, მას კონვეიერზე მოხვედრის არანაირი შანსი არ აქვს.
იმისათვის, რომ „328 ჰომეჯ-ის“ ერთობ ფუტურისტული გარეგნობისთვის, მეტნაკლებად რეტრო იერი მიეცათ, დიზაინერებმა ძველი 328-ს ზოგიერთი ელემენტი ახალი როდსტერის სტილს მიუსადაგეს. პირველ რიგში, ეს ელემენტებია „ბეემვეს“ ძველი და სახეშეცვლილი განმასხვავებელი ნიშანი - რადიატორის შეწყვილებული და სიმაღლეში წაგრძელებული ბადე. ძველ მანქანებზე მათ ვერტიკალური ფორმა ჰქონდა, თანამედროვეებში კი ერთგვარად თირკმელებს მოგაგონებთ.

ასევე რეტრო სტილის ნიშანია ტყავის ორი ყვითელი სარტყელი, რომლებიც კაპოტის კიდეზე, გარეთაა გამოსული, ბორბლების მოყვანილობა და ორ სეგმენტად გაყოფილი საქარე შუშა (თუმცა, ორიგინალურ 328-ს ასეთი ელემენტი არ ჰქონდა). და კიდევ, ძველი როდსტერის სტილში, ახალსაც კარები არ აქვს.

ორიგინალური როდსტერის მსგავსად, კონცეპტუალური „328 ჰომეჯ-ის“ მთავარი თვისება, სიმსუბუქე უნდა ყოფილიყო. ამისათვის, დიზაინერებმა და ინჟინრებმა, ავტომობილის ექსტერიერის და ინტერიერის დიდი ნაწილი კარბონის ბოჭკოთი არმირებული პლასტიკი (CFRP) გამოიყენეს. ეს მასალა „ბეემვეს“ სპეციალისტების მიერაა შემუშავებული და მათი თქმით, ის ალუმინზე გაცილებით მსუბუქი და მტკიცეა.

რეტრო სტილი თითქმის არ ეტყობა ავტომოილის ინტერიერს, სადაც მინიმალიზმი დომინირებს. აქ უხვადაა გამოყენებული ალუმინი, ტყავი და რა თქმა უნდა, კარბონის კომპოზიტი. მძღოლის ადგილი სპორტული ავტომობილის კოკპიტივითაა, სადაც პილოტი თავის რთულ სამუშაოზე მაქსიმალურადაა კონცენტრირებული.

დაბოლოს, კონცეპტუალური ავტომობილი 3.0-ლიტრიანი, ექვსცილინდრიანი (ცილინდრები ერთ რიგშია განლაგებული) ძრავითაა აღჭურვილი. თუმცა, ბავარიელები ტექნიკური სპეციფიკაციების შესახებ სხვას არაფერს ამბობენ. თუმცა, ამ ეტაპზე ეს მნიშვნელოვანი სულაც არაა...

Thursday, May 19, 2011

ცოტა რამ „ტოიობარუს“ შესახებ

More Details on the 2012 Toyobaru

18 მაისი

რა თქმა უნდა, ასეთი კომპანია ბუნებაში არ არსებოს. თუმცა, ახალ კუპეს, რომელსაც „ტოიოტას“ და „სუბარუს“ ინჟინრები ერთობლივად ქმნიან, მომავალში ბევრი ალბათ სწორედ „ტოიობარუდ“ მოიხსენიებს. თუმცა, ახლა ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. იაპონური კომპანიები თავიანთ ერთობლივ პროექტზე მუშაობას ამთავრებენ და როგორც ინტერნეტით გავრცელებული ინფორმაცია გვეუბნება, მისი მსოფლიო პრემიერა ამ წლის მიწურულს, ტოკიოს ავტო შოუზე ჩატარდება.

ამ ერთობლივი პროექტის დაწყების შესახებ განცხადება პირველად 2008 წელს გამოქვეყნდა. მას შემდეგ, „ტოიოტამ“ მის ფარგლებში შექმნილი სამი კონცეპტუალური ავტომობილი გვიჩვენა. მათგან ორი საკუთრივ „ტოიოტას“ მარკით, ერთი კი - „ტოიოტასვე“ შვილობილი „სციონის“ მარკით. კონცეპტუალური ნამუშევარი „სუბარუმაც“ წარმოადგინა, თუმცა მისი ავტომობილი გამჭვირვალე იყო და რეალურად, მანქანის აგებულების საჩვენებლად იყო წარმოდგენილი.

ამ გამჭვირვალე ავტომობილმა გვიჩვენა, რომ კუპეს „სუბარუს“ ვერსია უკანა ამძრავიანი იქნება, რაც ამ კომპანიის სრულამძრავიანების მწარმოებლის იმიჯს ნაკლებად შეეფერება. უფრო მეტიც, იაპონური კომპანია ირწმუნება, რომ ახალი ავტომობილის სრულამძრავიანი ტრანსმისიით აღჭურვა არ იგეგმება. 4-ცილინდრიანი ოპოზიტური ძრავიც ტურბოკომპრესორის გარეშე იმუშავებს.ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ამ ტიპის ძრავით აღჭურვილ ავტომობილს „ტოიოტა“ გამოუშვებს.

მწარმოებლები ამ აგრეგატის ტექნიკურ მახასიათებლებს ჯერ არ აქვეყნებენ. ინტერნეტით კი ვრცელდება ინფორმაცია, რომ „ტოიოტას“ შემთხვევაში, აგრეგატის სიმძლავრე 200 ცხენის ძალა იქნება, სუბარუს შემთხვევაში კი 260 ცხენის ძალას მიაღწევს. იმის მიხედვით, თუ რომელი ბაზრისთვის იქნება ავტომობილი განკუთვნილი, ძრავს ან 6-საფეხურიანი მექანიკური, ან ავტომატური კოლოფი შეუწყვილდება.

ეს ავტომობილი ბაზარზე სამი მარკით დამშვენებული გამოვა. პირველ რიგში, ეს იქნება „ტოიოტა“, შემდეგ „სუბარუ“ და ბოლოს „სციონი“. და მათი გაყიდვებიც სწორედ ამ თანმიმდევრობით დაიწყება.

„დაჩია დასტერი“ პაიკს პიკისთვის ემზადება

Dacia Duster Pikes Peak Race Car Revealed

18 მაისი

როდესაც „რენომ“ გამოაცხადა, რომ ამერიკის ერთ-ერთ უძველესსა და პოპულარულ, პაიკს პიკის რბოლაში (ის ასევე ღრუბლებისკენ რბოლის სახელითაა ცნობილი), „დაჩია დასტერით“ მიიღებდა მონაწილეობას, ამ განცხადებას ესკიზებიც მოაყოლა, რომლებზეც დიდ უკანაფრთიანი მანქანა იყო გამოსახული. ასეთი ფრთები პაიკს პიკის მონაწილე მანქანებისთვის ჩვეულებრივი ელემენტია, მაგრამ როგორც ირკვევა, „დასტერის“ ფრთა დიდი კი არა, უზარმაზარია.

ყინულზე რბოლის - ანდროს ტროფის ფრანგი სპეციალისტი ჟან ფილიპ დაირო ის ადამიანია, რომელიც „დაჩია დასტერის“ ბაზაზე შექმნილი მონსტრით ეცდება პაიკს პიკის დაპყრობას. სწორედ მან გამოაქვეყნა სარბოლი მანქანის პირველი ფოტოები. მანქანისა, რომელიც კომპანია „ტორკ ინჯინეარინგმა“ მოამზადა და პრაქტიკულად არაფრით ჰგავს რუმინული კომპანიის (რომელიც რენს ეკუთვნის) იაფფასიან ქროსოვერს.

სხვათა შორის, დაირო პაიკს პიკზე პირველად ასპარეზობს, თუმცა იმედოვნებს, რომ ამ რბოლის რეკორდს მოხსნის. რეკორდი კი პაიკს პიკის მრავალგზის გამარჯვებულს, იაპონელ ნობუჰირო ტაძიმას 2007 წელს, „სუძუკი XL7-ით“ ასპარეზობისას დაუმყარებია. მან თითქმის 20-კილომეტრიანი გზა 10 წუთსა და 01.408 წამში გაიარა. ტაძიმამ პაიკს პიკი შარშანაც მოიგო (ისევ სუძუკის პროტოტიპით), თუმცა ტავის რეკორდამდ 10 წამი დააკლდა.

პაიკს პიკისთვის მომზადებულ „დასტერს“ პირველ რიგში, უკანა უზარმაზარი ფრთა გამოარჩევს, რომელიც ორსართულიანია. ის მანქანის უკან, ორ მძლავრ საყრდენზეა დამაგრებული. ფრთის ქვემოთ ასევე უზარმაზარი, თუმცაღა მარტივი ფორმის დიფუზორია, რომელიც მანქანის ტანიდან კარგა შორს გამოდის. წინიდან „დასტერი“ უფრო „ზომიერად“ გამოიყურება. დაბერილი საბორბლე თაღების წყალობით, მანქანა გვარიანადაა გაგანიერებული. ნამპერის ქვემოთ, ზორბა სპლიტერია, რომლის დანიშნულებაც, ჰაერის ნაკადის მანქანის ძირისკენ მოწესრიგებულ ჭავლად მიმართვაა. ძარის შუა საყრდენის უკან, უზარმაზარი ლაყუჩებია, რომლებიც ტურბინის გასაგრილებლად საჭირო ჰაერს აგროვებენ. კაპოტზეც დიდი ზომის სასუნთქია, რომელიც ძრავის გაგრილების სისტემას გადახურებულ ჰაერს ართმევს.

თავად ძრავი ბაზაში მოთავსდა. ეს არის „ნისან GT-R-ის“ 3.8-ლიტრიანი ტურბო V6, რომლის სრულყოფაზეც „რენო სპორტ ტექნოლოჯიზი“ მუშაობდა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, გაძლიერების შემდეგ, ძრავის სიმძლავრე 850 ცხენის ძალამდე გაიზარდა. პარალელურად, ზედმეტი ნაწილების მოშორებისა და მსუბუქი მასალების გამოყენების წყალობით, ავტომობილის წონა 900 კილოგრამამდე შემცირდა.

სარბოლი „დასტერის“ შესახებ, ჯერ სხვა არაფერია ცნობილი. მისი საგზაო ტესტირება 5 ივნისს დაიწყება, რბოლაში კი მონაწილეობას 26 ივნისს მიიღებს.

Wednesday, May 18, 2011

წლის საუკეთესო ძრავის წოდება „ფიატ-ს“ ერგო

Fiat’s 0.9-Liter TwinAir Scoops the “International Engine of the Year 2011” Award

18 მაისი

საერთაშორისო კონკურს წლის საუკეთესო ძრავის ჟიურიმ, რომელშიც 36 ქვეყნის 76 საავტომობილო ჟურნალისტი შედიოდა, გამარჯვება „ფიატ-ის“ სერია „ტუინეარის“ ორცილინდრიან ძრავს მიანიჭა, რომლის მუშა მოცულობაც 0.875 ლიტრია. გარდა ამისა, ამავე აგრეგატმა წლის საუკეთესო ახალი ძრავის, საუკეთესო „მწვანე ძრავის“ და ერთ ლიტრამდე მოცულობის მქონე ძრავებში საუკეთესოს წოდებაც მოიპოვა.

სპორტულ და 4.0 ლიტრზე მეტი მოცულობის ძრავებს შორის, საუკეთესოდ „ფერარის“ 4.5-ლიტრიანმა V8 აგრეგატმა მოიპოვა, რომელიც 570 ცხენის ძალას ავითარებს და რომლითაც პოპულარული „458 იტალია“ არის აღჭურვილი.

1.0-დან 1.4 ლიტრამდე მოცულობის ძრავებში, პირველი ადგილი ზედიზედ მეორედ, „ფოლკსვაგენის“ 1.4-ლიტრიანმა აგრეგატმა მოიპოვა, რომელსაც ორი დამჭირხნი - მექანიკური და ტურბო, ემსახურება.

1.4-დან 1.8 ლიტრამდე ძრავებში საუკეთესოდ, ჟიურიმ „ბეემვესა“ და „პეჟო-სიტროენის“ მიერ ერთობლივად შემუშავებული 1.6-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ტურბოძრავი დაასახელა. ამ ძრავმაც ესოდენ საპატიო აღიარება ზედიზედ მეორედ მიიღო. ცნობისათვის, გამარჯვებული აგრეგატით, „მინის“ და ფრანგული კომპანიების ავტომობილებია აღჭურვილი.

ბავარიული კომპანიის ძრავებმა სამ კატეგორიაში გაიმარჯვეს. 1.8-დან 2.0 ლიტრამდე კატეგორიაში საუკეთესოდ, „ბეემვეს“ 2.0-ლიტრიანი დიზელის აგრეგატი დასახელდა, 2.5-3.0-ლიტრიან ძრავებში, ასევე „ბეემვეს“ 3.0-ლიტრიანი ტუინ-ტურბო დიზელი აღიარეს, 3.0-4.0-ლიტრიან აგრეგატებში კი, საუკეთესოდ ბავარიული M3-ის 3.0-ლიტრიანი V8 სცნეს.

2.0-დან 2.5-ლიტრიან ძრავებში, ზედიზედ მეორედ, საუკეთესო აგრეგატად „აუდის“ 2.5-ლიტრიანი ხუთცილინდრიანი აგრეგატი დასახელდა, რომელსაც ინგოლშტადტელები სპორტულ მოდელ TT RS-ის გაძლიერებულ ვერსიაზე იყენებენ.

ცნობისათვის, შარშან და შარშანწინ, წლის საუკეთესო ძრავის წოდებით „ფოლკსვაგენის“ 1.4-ლიტრიანი (ორმაგი ჩაბერვით) აგრეგატი დაჯილდოვდა. მანამდე სამი წლის განმავლობაში კი ამ საპატიო ჯილდოს მხოლოდ „ბეემვეს“ ძრავები ეუფლებოდნენ: 2006 წელს ეს იყო V10, რომლიტაც M5 და M6 მოდელებია აღჭურვილი, 2007 და 2008 წლებში კი საუკეთესო მათივე 2.0-ლიტრიანი ორტურბოიანი V8 გახდა.

„ლოტუსმა“ მოდელ „ელანის“ წარმოების დაწყება გადადო

Lotus postpones Elan production

18 მაისი

სპორტული ავტომობილების მწარმოებელმა ბრიტანულმა კომპანია „ლოტუსმა“ გადაწყვიტა, გაურკვეველი დროით გადადოს მოდელ „ელანის“ წარმოების დაწყება. ამ ინფორმაციას ინტერნეტ გამოცემა „ავტობლოგის“ ესპანურენოვანი ვერსია ავრცელებს, რომელმაც ის „ლოტუსის“ აღმასრულებელ დირექტორ დენი ბაჰარისგან მიიღო.

არადა, შარშან, პარიზის საავტომობილო გამოფენაზე, „ლოტუსმა“ ერთბაშად ხუთი კონცეპტუალური ავტომობილი წარადგინა და ზარზეიმით გვამცნო, რომ მათ დროტა განმავლობაში გამოიტანს ბაზარზე. კონცეპტუალური „ელანი“ 4.2-ლიტრიანი ტურბოკომპრესორიანი V6 ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 450 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. მისი მეშვეობით, ამ ავტომობილს ნულიდან 100 კმ/სთ-მდე აჩქარება 3.5 წამში შეუძლია.

ბაჰარის განმარტებით, კონცეპტუალური „ელანი“, თავისი მახასიათებლებით ახლოსაა სერიულ „ევორასთან“ და ამდენად, დიდი ალბათობით, მისი კონკურენტი შეიძლება გახდეს. არადა, „ელანი“ ბაზარზე 2013 წელს უნდა გამოსულიყო. მაგრამ ახლა ამ ავტომობილის მომავალი გაურკვეველია.

ბაჰარმა ასევე დაადასტურა ადრე გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „ლოტუსი“ რვაცილინდრიანი ძრავის შემუშავებას აპირებს, რომლებსაც თავის ახალ მოდელებზე - „ესპრიტზე“, „ელიტსა“ და შესაძლოა, „იტერნზეც“ გამოიყენებს. ამ აგრეგატის შემუშავებას გერმანულ ტიუნინგ ატელიე AMG-ს ყოფილი ინჟინერი (გვარი არ სახელდება) ხელმძღვანელობს, რომელიც თავის დროზე, „პაგანი ძონდასთვის“ განკუთვნილ V12 და „მერსედეს ბენც SMS AMG-სთვის“ განკუთვნილ V8 ძრავების შექმნას უძღვებოდა.

ბაჰარის ინფორმაციით, ახალი V8 ძრავის მაქსიმალური სიმძლავრე 550 ცხენის ძალას მიაღწევს და მას ისეთი დამახასიათებელი ხმა ექნება, რომ მაშინვე „შეგიყვარდებათ“. სავარაუდოდ, მას მექანიკური გადაცემათა კოლოფი შეუწყვილდება. გარდა ამისა, ბაჰარი „ესპრიტის“ და „ელანის“ რობოტიზებული ტრანსმისიით და ორდისკოიანი ქუროთი აღჭურვას გამორიცხავს. მისი თქმით, ეს სისტემები ავტომობილებს მეტისმეტად დაამძიმებს და გააძვირებს.

ახალი „ესპრიტისდ“ სერიული ვერსიის პრემიერა ჟენევის მომავალ ავტო შოუზე გაიმართება. პარალელურად, „ლოტუსი“ თავისი ორი ძირითადი მოდელის - „ელისის“ და „ექსიჯის“ განახლებაზეც ზრუნავს. მათი განახლებული ვერსიები, ახლანდელებზე კომფორტულები გახდება და ისინი ყოველდღიური ხმარებისთვის მოსახერხებლებიც იქნება.

Tuesday, May 17, 2011

უიშვიათესი „ფერარი ტესტა როსა“ 4 მილიონ დოლარად იყიდება

Rare four-cylinder '57 Ferrari Testa Rossa expected to top $4 million at auction

17 მაისი

ამ ავტომობილს ხშირად „ფერარი 500-საც“ უწოდებენ. რა თქმა უნდა, აქ „ფიატ 500“ არაფერ შუაშია. ლაპარაკია მოდელზე, რომლის სრული სახელწოდებაა „ფერარი 500 TRC“ (აბრევიატურა ნიშნავს ტესტა როსა ტაიპ C-ს). ეს არის ავტომობილი სპაიდერის ძარით და ოთხცილინდრიანი (ერთ რიგში განლაგებული ცილინდრებით) ძრავით, რომელიც მარანელოელთა ცნობილმა ინჟინერმა აურელიო ლამპრედიმ სპეციალურად, ფორმულა 2-ის ავტომობილისთვის შექმნა.

მას შემდეგ, რაც ლამპრედიმ მარანელო დატოვა, ეს ძრავი სპორტული პროტოტიპების კლასს მიუსადაგეს. ავტომობილი მოდელ „მონცას“ ბაზაზე შეიქმნა (1953 წელს) და რაც მთავარია, ის პირველი ავტომობილია, რომელსაც სახელად ტესტა როსა უწოდეს. ამის მიზეზი კი ის გარემოება გახდა, რომ ძრავს, რომელიც ამ ავტომობილს მამოძრავებელ ძალას ანიჭებს, წითლად შეღებილი ბლოკის თავი აქვს.

სხვათა შორის, 500-ის შემდეგ, „ფერარიმ“ გაცილებით მძლავრი „250 ტესტა როსაც“ გამოუშვა, თუმცა პირველი კოლექციონერებში დღეს უფრო ფასობს, რადგან ძალიან ცოტაა დამზადებული. მარანელოში მხოლოდ 19 ცალი „ფერარი 500 TRC“ დაამზადეს. თუმცა, შემდეგ 250-ის უპოპულარულესი ვერსია - GTO გამოუშვეს და ამით 500 დაჩრდილეს.

ფოტოზე გამოსახული ავტომობილი, აღნიშნული 19-დან მეექვსეა. ის სიჩილიელმა მყიდველმა შეუკვეთა, რომელმაც თავისი კვიცი რამდენიმე რბოლაშიც კი გამოიყენა. სხვათა შორის, ამ მოდელით, ოღონდ არა ფოტოზე ნაჩვენები ეგზემპლარით, ლე მანის და ტარგა ფლორიოს მარათონები, ასევე ნაკლებად პოპულარული მონტე პელეგრინოს (პალერმოში) სამთო რბოლაა მოგებული (თავის კლასებში).

ავტომობილს, რომელსაც ფოტოზე ხედავთ, სააუქციონო კომპანია „RM ოქშენზი“, ვილა დ’ესტეს (იტალიის ჩრდილოეთში მდებარე ტბა კომოს პირასაა) ელეგანტურობის კონკურსზე გამოიტანს. წინასწარი ვარაუდით, ავტომობილი 2.6-3.3 მილიონ გირვანქა სტერლინგად გაიყიდება. ცნობისათვის, იმავე აუქციონზე, „ფერარი 500 TRC-თან“ ერთად, „ბერტონეს“ 6 კონცეპტუალური ავტომობილი, „ძაგატოს“ ძარებით შემოსილი რამდენიმე „ალფა რომეო“, ასევე „ტალბოს“ და „ბუგატის“ რარიტეტული ავტომობილები გაიყიდება.

„ასტონ მარტინი“ ელექტრომობილსაც გამოუშვებს

Aston Martin will launch an electric Cygnet

17 მაისი

„ასტონ მარტინი“ თავისი სენსაციური საქალაქო მინიქარის, „სიგნიტის“ ელექტრონულ ვერსიაზე მუშაობს. ამ ინფორმაციას ბრიტანული ავტორიტეტული საავტომობილო გამოცემა „ქარ“ აქვეყნებს. სხვათა შორის, ინგლისურ კომპანიამდე, ანალოგიური ავტომობილის (iQ) ბაზაზე ელექტრომობილს მანამდე „ტოიოტაც“ გამოუშვებს.

ცნობილია, რომ სწორედ „ტოიოტა iQ“ არის „ასტონის“ ჯუჯას საბაზო ავტომობილი. პრაქტიკულად, ისინი იდენტურებია და მხოლოდ გარეგნობით განსხვავდებიან და ისიც, მინიმალურად. ექსკლუზიური ავტომობილების მწარმოებელ ინგლისურ კომპანიას, ამ პატარას გამოშვება იმისთვის დასჭირდა, რომ მისი წარმოების ავტომობილების გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის საშუალო შემცველობა შემცირდეს და ამით, ევროპის გამკაცრებული სტანდარტები მეტნაკლებად დაკმაყოფილდეს.

ბუნებრივია, „ასტონ მარტინი“ არც ელექტრომობილის შემუშავებისას დაიწყებს გამომგონებლობას და იმას აიღებს, რასაც იაპონური კომპანია მანამდე თავისი ჯუჯასთვის შეიმუშავებს. ოღონდ, მიღებულ სიახლეს თავისი ბრენდით, თავის კორპორატიულ სტილში გადააფორმებს.

სხვათა შორის, თავისი ელექტრული iQ „ტოიოტამ“ ჟენევის ავტო შოუზე ახლახანს წარადგინა. ის 64-ცხენისძალიანი ელექტროძრავითაა აღჭურვილი, რომელიც ენერგიას ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკისგან ღებულობს. ამ ბლოკის ტევადობა კი 11 კილოვატსაათია. ბლოკი მანქანის უკანა ნაწილის ძირზე, ზუსტად იქ მოთავსდება, სადაც შიდაწვისძრავიან iQ-ს საწვავის ბაკი აქვს დამაგრებული.

აკუმულატორების ტევადობა საკმარისია იმისათვის, რომ ავტომობილმა ერთი სრული დამუხტვით, დაახლოებით 105 კილომეტრი გაიაროს. 0-100 კმ/სთ აჩქარებისთვის მას 14 წამი სჭირდება, მაქსიმალური სიჩქარე კი 125 კმ/სთ-ს აღწევს. აკუმულატორები ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო ქსელიდან და სპეციალური მოწყობილობითაც იმუხტება. ამასთან, ამ უკანასკნელის გამოყენებისას, 15 წუთში აკუმულატორის 80 პროცენტით შევსებაა შესაძლებელი.

ცნობისათვის, ბენზინისძრავიანი „სიგნიტის“ წარმოების შესახებ განცხდადება „ასტონ მარტინმა“ პირველად ორი წლის წინ გამოაქვეყნა, ახლახანს კი მის წარმოებას შეუდგა. ამ ავტომობილისთვის ბენზინის ერთადერთი, ოტხცილინდრიანი 1.33-ლიტრიანი ძრავია გათვალისწინებული, რომელიც თითქმის 100 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. წინასწარი შეკვეთების რაოდენობით შეიძლება თქმა, რომ წლიურად „ასტონი“ სულ რაღაც 1 500 ცალი „სიგნიტის“ გაყიდვას შეძლებს. ამასთან, კომპანია ირწმუნება, რომ მის მიერ წარმოებული არცერთი ჯუჯა ერთმანეთის მსგავსი არ იქნება...

Monday, May 16, 2011

შემდეგი თაობის S-კლასი ოთხი ძარით ფაიყიდება

Next S-Klasse to Come in Four Body-styles

16 მაისი

როდესაც ლაპარაკი „მერსედეს ბენცის“ S-კლასზეა, ალბათ ყველას თვალწინ ლუქსის კლასის სედანები წარმოუდგება, ავტომობილები, რომლებსაც ავტომოყვარულების დიდი ნაწილი შენატრის და ცოტა ნაწილი კი მართავს. მაგრამ როგორც ჩანს, პრემიუმ ბაზარზე გამეფებული უშეღავათო კონკურენცია მალე ამ ტრადიციასაც დაასამარებს. ასე 2013 წელს მოხდება, როდესაც ბაზარზე მეექვსე თაობის S-კლასი გამოვა.

საქმე ისაა, რომ ამ თაობის მოდელთან ერთად, შტუტგარტელები მყიდველს ოთხ სხვადასხვა ძარას შესთავაზებენ. აქამდე თუ ახალ S-კლასებში ახალი მხოლოდ დიზაინი, ძრავები და სხვადასხვა დამხმარე აღჭურვილობა იყო, ამჯერად მთავარი სიახლე ძარების მრავალფეროვნება იქნება.

ამჟამად ძირითადად სედანისძარიანი S-კლასის ვტომობილები იყიდება. მყიდველს ასეთ ავტომობილებს სტანდარტული, ან დაგრძელებული ბაზით სთავაზობენ. მოკლე პლატფორმაზე S-კლასის კუპეს ვერსიისთვისაც იყენებენ, რომელიც CL-ის სახელითაა ცნობილი (მომავალში S-კლასის კუპეს დაარქმევენ), დაგრძელებულ პლატფორმაზე კი ულტრა ლუქსის კლასის „მაიბახს“ ამზადებენ.

თითქოს ლოგიკურია, რომ მეოთხე ძარა უნივერსალი, ან ოთხკარიანი კუპე უნდა იყოს. მაგრამ სამქიმიანებს სხვა გეგმები აქვთ - ბრიტანულ გამოცემა „ქარ-ის“ ინფორმაციით, ისინი მყიდველს ოთხკარიან კაბრიოლეტსაც შესთავაზებენ. გერმანული კომპანია ასეთი S-კლასის გამოშვებას ადრეც აპირებდა, მაგრამ მაშინ ჩაითვალა, რომ ბაზარი ამისთვის მზად არ იყო.

სხვათა შორის, „მერსედეს ბენცმა“ ოთხი წლის წინ, კონცეპტუალური ოთხკარიანი კაბრიოლეტი „ოუშნ დრაივი“ გვიჩვენა, თუმცა კულუარებში მაშინვე ალაპარაკდნენ იმაზე, რომ ამ ავტომობილის სერიული ვერსია ორკარიანი იქნებოდა. ჯერჯერობით, კონცეპცია განუხორციელებელია, თუმცა როგორც ჩანს, მასში გამოყენებული ტექნოლოგიებიდან ზოგიერთს სერიულ ავტომობილზე მაინც ვიხილავთ. და თუ ასე მოხდა, შტუტგარტული კაბრიოლეტი კონკურენციას „ბენტლის“ ორკარიან კაბრიოლეტ „კონტინენტალ GTC-ს“ გაუწევს.

აქვე უნდა ითქვას, რომ მალე „მერსედესი“ უნივერსალურ უკანაამძრავიან არქიტექტურას (MRA) შეიმუშავებს, რომელიც 93 სხვადასხვა მოდულისგან იქნება შედგენილი, ეს გარემოება კი მათ ამ არქიტექტურის სხვადასხვა კლასის მოდელებისთვის გამოყენების საშუალებას მისცემს.

„ოპელი“ ახალ პრემიუმ მოდელს გამოუშვებს

Opel to launch premium model, small EV

16 მაისი

„ჯენერალ მოტორსის“ გერმანული შტო „ოპელი“ გაყიდვებს მუდმივად ზრდის და მიღწეულით დაკმაყოფილებას არ აპირებს. უფრო მეტიც, თანდათან პრემიუმ ბრენდად გარდაქმნას ცდილობს და ამაში ახალი ტექნოლოგიების ათვისებაც ეხმარება. გერმანულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, რიუსელსჰაიმელები ახლა „ინსიგნიაზე“ მაღალი კლასის მოდელის და „ამპერაზე“ პატარა ელექტრომობილის გამოშვებას გეგმავენ.

„ჩვენს ბრენდს მხოლოდ „ინსიგნიათი“ დაკმაყოფილება არ შეუძლია. წარმატებას, რომელიც ამ ავტომობილმა მოგვიტანა, განვითარება სჭირდება“, - გერმანულ გამოცემა „ველტ ამ ზონტაგთან“ საუბრისას განაცხადა „ოპელის“ ახალმა ხელმძღვანელმა კარლ-ფრიდრიხ შტრაკემ.

მისი თქმით, ახალი პრემიუმ ავტომობილი ქროსოვერი იქნბა. მისი წარმოება სავარაუდოდ, ოთხ წელიწადში დაიწყება. შტრაკე დასძენს, რომ ახალი ავტომობილი, პრემიუმ სეგმენტის გერმანული კომპანიების - „ბეემვეს“, „მერსედეს ბენცის“ და „აუდის“ შესაბამის მოდელებს კონკურენციას არ გაუწევს.

რაც შეეხება ელექტრომობილს, ის ან ჰეჩბეკ „კორსას“ ზომისა იქნება, ან კიდევ უფრო პატარა - „აგილას“ ზომისა. სავარაუდოდ, მისი ძალური დანადგარი „ამპერას“ ტიპისა იქნება. ანუ, ბორბლებს ამძრავ ძალას ელექტროძრავი მიაწვდის, მცირელიტრაჟიანი შიდაწვის ძრავი კი ელექტროენერგიის გამომუშავებაზე იზრუნებს.

რაც მთავარია, „ოპელი“ ევროპის გარეთ ექსპანსიასაც დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. შტრაკე იმედოვნებს, რომ სამ წელიწადში, მისი კომპანიი მიერ ევროპის გარეთ წლიურად გაყიდული ავტომობილების რიცხვი 150 ათასს მიაღწევს. არადა, მისი წინამორბედი ნიკ რილი უფრო მოკრძალებულ რიცხვს - 100 ათასს ასახელებდა. შტრაკე ამბობს, რომ „ოპელს“ ამერიკული კომპანიისგან, ევროპის გარეთ გაფართოებაზე მწვანე შუქი აქვს ანთებული. პირველ რიგში, გერმანული კომპანის თავის ავტომობილებს სამხრეთ ამერიკაში, შემდეგ ჩინეთსა და ავსტრალიაშიც შეიტანს.

„მაკლარენი“ „ვეირონის“ კონკურენტ „მეგა მაკს“ ამზადებს

'Mega Mac' to eclipse Veyron

16 მაისი

„მაკლარენს“ ჯერ თავისი პირველი სუპერ ავტომობილის - MP4-12C-ს წარმოება არ დაუწყია, თუმცა როგორც ბრიტანული გამოცემა „ავტოქარი“ გვამცნობს, მისი ინჟინრები უკვე მუშაობენ კიდევ ერთი მოდელის შემუშავებაზე, რომელმაც ინგლისური კომპანიის ფლაგმანის როლი უნდა შეასრულოს და რომლითაც, „მაკლარენი“ კონკურენციას თვით „ბუგატი ვეირონს“ გაუწევს.

„ავტოქარის“ მონაცემებით, ახალი ავტომობილი, რომელსაც „მეგა მაკის“ სახელით მოიხსენიებს, შესანიშნავი ტექნიკურ-დინამიკური მახასიათებლებით გამორჩეული და ყოველდღიური მოხმარებისთვისაც მოსახერხებელი იქნება. „მაკლარენი“ ამ ავტომობილს მხოლოდ 500 ცალს დაამზადებს და თითოეულს 350-400 ათას გირვანქა სტერლინგად გაჰყიდის. შედარებისთვის, „ფერარიმაც“ სწორედ 500 ცალი „ენცო“ დაამზადა, „ბუგატიმ“ კი 300 ერთეულ „ვეირონს“ დასჯერდა.

„ავტოქარის“ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ახალი ავტომობილის სტილი, MP4-12C-სთან შედარებით, უფრო „ბრაზიანი და ფუნქციური“ იქნება. თავისი გაბარიტებით, ის MP4-12C-ზე დიდი უნდა იყოს, გარეგნობით კი ერთდროულად მასაც და ძველ F1-საც მოგაგონებთ.

ახალი ავტომობილი აქტიური აეროდინამიკური ელემენტებით აღიჭურვება. ეს იქნება წინა და უკანა რეგულირებადი სპოილერები, რომლებიც ავტომობილის მოძრაობის სიჩქარის შესაბამისად შეიცვლიან პოზიციას. მსგავსი უკანა სპოილერი „მაკლარენმა“ MP4-12C-ზეც გამოიყენა. ამ სპოილერების დანიშნულება ისაა, რომ მაღალი სიჩქარით მოძრაობისას, მათ ჰაერის შემხვედრ ნაკადს მცირე წინააღმდეგობა შეუქმნან და პირიქით, სიჩქარის მკვეთრი დაგდებისას და შედარებით დაბალი სიჩქარით მოსახვევების გავლისას, რაც შეიძლება მეტი წინააღმდეგობა შექმნან.

ავტომობილის შიგნით, აქცენტი ფუნქციურობაზე გაკეთდება, კომფორტი კი მეორეხარისხოვანი იქნება. ავტომობილს საბარგულიც პატარა ექნება და ის სავარძლების უკან მოთავსდება. სალონშივე მოთავსდება ტელემეტრიული მონიტორი, რომელზეც ავტომობილის მოძრაობის დინამიკის მონაცემების ჩაწერა იქნება შესაძლებელი. ამ სისტემასთან უნისონში იმუშავებს ვიდეოკამერაც, რომლის ჩანაწერსაც ასევე ტელემეტრიული სისტემა დაიმახსოვრებს.

რა თქმა უნდა, ახალი ავტომობილის მთავარი ნაწილი და მისი სიამაყე ძრავია. ესაა 5.0-ლიტრიანი V8, რომელიც „მაკლარენმა“ და ბრიტანულ კომპანია „რიკარდოსთან“ ერთად შეიმუშავებს (ისევე როგორც MP4-12C-ს ძრავი). ჯერჯერობით უცნობია, ამ აგრეგატს ტურბოკომპრესორი ექნება თუ არა. სამაგიეროდ, ცნობილია მისი მაქსიმალური სიმძლავრე - 799 ცხენის ძალა (7 500 ბრ/წთ-ზე). ეს ნიშნავს, რომ აგრეგატის ყოველი ლიტრი მუშა მოცულობა 160 ცხენის ძალას იძლევა. გარდა ამისა, ძრავის მაქსიმალური მაბრუნი მომენტი 799 ნიუტონმეტრი (3 500-6 800 ბრ/წთ-ზე) იქნება.

ძრავს ორდიკოიანი ქუროს მეშვეობით, იტალიურ კომპანია „გრაციანო“ წარმოების 7-საფეხურიანი სეკვენტალური გადაცემათა კოლოფი დაუკავშირდება. ჯერჯერობით უცნობია ახალი სუპერ ავტომობილის დინამიკური მონაცემები და ტემპერამენტი. „აუტოქარის“ ვარაუდით“, ადგილიდან 100 კმ/სთ-ის ასაკრეფად, მას 2.8 წამი ეყოფა, ადგილიდან 160 კმ/სთ-მდე 5.5 წამი იქნება საკმარისი, ადგილიდან 320 კმ/სთ-მდე კი - 20 წამი. სხვათა შორის, 0-100 კმ/სთ აჩქარებისთვის „ბუგატი ვეირონ სუპერ სპორტს“ ოდნავ“ ნაკლები დრო სჭირდება. სამაგიეროდ, 320 კმ/სთ-ს ეს მონსტრი ორი წამით გვიან ავითარებს.

ისევე როგორც MP4-12C, „მეგა მაკიც“ კარბონის კომპოზიტისგან დამზადებული მონოკოკზე აიგება. ახალ ავტომობილსაც ალუმინის საკიდარი ექნება, თუმცა მისი გეომეტრია და დრეკადი ელემენტების სიხისტეც შეიცვლება. ამორტიზატორები ადაპტირებად იქნება, ავტომობილის ამოყირავებას კი სპეციალური ჰიდრავლიკური სისტემა შეეწინააღმდეგება. პილოტის ცდომილებების გასწორებას კი 5-საფეხურიანი ტრექშნ კონტროლი ეცდება. სტანდარტულ აღჭურვილობაში შევა იტალიურ კომპანია „ბრემბოს“ კარბონ-კერამიკული მუხრუჭები და სამუხრუჭო ძალის გამანაწილებელი ელექტრონული სისტემა.

რაც შეეხება სახელ, „მეგა მაკი“ არ დარჩება. ამასთან, ავტომობილისს ახელწოდებაში ალბათ შევა რიცხვი 799. ავტომობილებს „მაკლარენის“ ძველ საწარმოში დაამზადებენ, იმავე შენობაში, სადაც ფორმულა ერთის ბოლიდები მზადდება. წარმოება დაახლოებით 5 წელი გაგრძელდება, თითო ავტომობილის აწყობას კი სამ კვირამდე დასჭირდება.

Sunday, May 15, 2011

„ჰიუნდაი i40“ - ჟენევიდან ბარსელონამდე

Hyundai Reveals i40 Sedan in Barcelona

15 მაისი

ჟენევის წლევანდელ საავტომობილო შოუზე, „ჰიუნდაიმ“ უნივერსალისძარიანი i40 წარადგინა, გავიდა ორ თვეზე ცოტა მეტი და ბარსელონას მოტორ შოუს დამთვალიერებელმა, ამავე ავტომობილის სედანისძარიანი ვერსია იხილეს. ეს ავტომობილი ევროპული ბაზრისთვისაა განკუთვნილი, ძველი კონტინენტისვე D სეგმენტს შეესაბამება და ის კორეული კომპანიის რიუსელსჰაიმის (გერმანია) ტექნიკურ ცენტრშია შემუშავებული. რა თქმა უნდა, მისი შექმნისას, ევროპელი მყიდველის გემოვნება და მოთხოვნებია გათვალისწინებული.

სედანი i40 „ჰიუნდაის“ კორპორატიულ სტილშია შესრულებული, რომელიც „ფლუიდიკ სკულპჩას“ (თხიერი სკულპტურა) სახელითაა ცნობილი. ავტომობილის გაბარიტებია: სიგრძე 4 740 მილიმეტრი, ბორბლებს შორის ბაზა 2 770 მილიმეტრი. რაც მთავარია, სედანს ფართე სალონი აქვს. კერძოდ, მისი სავარძლების ძირიდან ჭერამდე მანძილი 1 025 მილიმეტრია, მხრების დონეზე სალონის სიგანე 1 455 მილიმეტრი, ფეხებისთვის განკუთვნილი სივრცის სიგრძე კი - 1 170 მილიმეტრი. კორეული კომპანია სიამაყით აცხადებს, რომ ყველა ამ პარამეტრით, საშუალო ზომის სედანების კლასში, i40 ლიდერთა შორის იქნება.

ჯერჯერობით, ახალი ავტომობილისთვის, რომელმაც ძველი „სონატა“ უნდა შეცვალოს, ბენზინის და დიზელის ორ-ორი ძრავია გათვალისწინებული. ბენზინის ძრავებიდან, ერთის მუშა მოცულობა 1.6 ლიტრია და ის 135 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, მეორე კი 2.0-ლიტრიანია და მისი მაქსიმალური სიმძლავრე 177 ცხენის ძალას აღწევს.

მეორე ძრავით, როცა მასთან 6-საფეხურიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი იქნება შეწყვილებული, ავტომობილს ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის ასაკრეფად 9.7 წამი დასჭირდება. სამაგიეროდ, შერეული ციკლით მოძრაობისას, 100 კილომეტრის გასავლელად, მას 6.8 ლიტრი ბენზინი ეყოფა, ყოველ კილომეტრზე კი ატმოსფეროში 159 გრამ ნახშირორჟანგს გამოუშვებს.

რაც შეეხება დიზელის აგრეგატებს, ორივეს მუშა მოცულობა 1.7 ლიტრია. მათგან ერთის სიმძლავრე 115, მეორისა კი 136 ცხენის ძალაა. ამათგან უფრო სუსტი, სისტემა სტოპ-სტარტისა და მუხრუჭების ენერგიის რეკუპერაციის სისტემის დახმარებით, უფრო ეკონომიურიცაა. კერძოდ, ასი კილომეტრის გასავლელად, ამ ძრავით აღჭურვილ i40-ს 4.3 ლიტრი საწვავი ჰყოფნის, ატომოსფეროში კი (ყოველ კილომეტრზე) მხოლოდ 113 გრამ ნახშირორჟანგს გამოჰყოფს.

„ჰიუნდაი“ ვარაუდბს, რომ წლიურად 60 000 ცალ i40-ს გაჰყიდის. ამასთან, გაყიდული ავტომობილების დაახლოებით 65 პროცენტი, დიზელისძრავიანი იქნება. ავტომობილი ასევე უამრავი დამხმარე სისტემით აღიჭურვება, რომლებიც მის პასიურ უსაფრთხოებას მოემსახურება. ესენია: ABS, ESP, აღმართში დამხმარე, მუხრუჭების დამხმარე, მანქანის სტაბილურობის სამართავი და სხვა სისტემები. უსაფრთხოებასვე 9 აირბალიში უზრუნველყოფს.

სედან i40-ის წარმოება წლის ბოლოს დაიწყება და მისი ფასიც მაშინ გამოცხადდება. სავარაუდოდ, მის პირველ ეგზემპლარს, „ჰიუნდაის“ ქართველი დისტრიბუტორი, კომპანია „ჰიუნდაი ავტო ჯორჯია“, ამ წლის ბოლოსვე შემოიტანს, მის გაყიდვებს კი მომავალი წლიდან შეუდგება.

„ფოლკსვაგენის“ დიდ ოჯახს ჩინელი წევრი შეემატა

Volkswagen to make electric cars in China with FAW

15 მაისი

„ფოლკსვაგენმა“ და ჩინურმა საავტომობილო კომპანია FAW-მა (ფირსტ აუტომობილ უორკს) ერთობლივი საწარმო ჩამოაყალიბეს, რომლის სახელია „კაილი“ და რომლის მთავარი დანიშნულებაც, ჩინური ბაზრისთვის ელექტრომობილების წარმოებაა. ამგვარად, გერმანული კომპანია კიდევ ერთი უცხოელი ავტომწარმოებელია, რომელმაც ჩინელ პარტნიორთან ერთად, ცისქვეშეთის ბაზარზე სამოქმედოდ, სპეციალურად ჩამოაყალიბა ახალი კომპანია. მანამდე იგივე „ნისანმა“, „მერსედეს ბენცმა“, „ჰონდამ“ და „ჯენერალ მოტორსმა“ გააკეთეს, მალე კი მათ „ტოიოტაც“ მიბაძავს.

ჩინეთში ადგილობრივი კომპანიების მონაწილეობით, ერთობლივი საწარმოების შექმნას, ქვეყნის მთავრობა ახალისებს, რისთვისაც სპეიალური შეღავათებია დაწესებული. ბუნებრივია, ამ შეღავათებით წარმოება, ჩინური ბაზრის უცხოელ ლიდერებს სურთ და ისინი ამისათვის შესაბამის ნაბიჯებს დგამენ.

„ფოლკსვაგენი“ რომელიც ევროპის უდიდესი ავტომწარმოებელია და მსოფლიო ლიდერობასაც ეშურება, ჩინური ბაზრისთვის ელექტრომობილების წარმოებას 2013 წელს დაიწყებს. შესაძლოა, ეს იყოს „ბორა ბლიუ-e-მოუშნის“ ბაზაზე შექმნილი ელექტრომობილი, ავტომობილისა, რომლის კონცეპტუალური ვერსიაც, ვოლფსბურგელებმა შარშან, გუანჟოუს მოტორ შოუზე, „ლავიდას“ (ფოტოზე) სახელით წარადგინეს. სხვათა შორის, ჩინეთში „ფოლკსვაგენს“ კიდევ ერთი ძლიერი პარტნიორი ჰყავს SAIC-ის სახით, რომელთან ერთადაც, ასევე ერთობლივი სამომავლო გეგმები აქვს. „ლავიდას“ შექმნაში, SAIC-ის სპეციალისტებიც მუშაობდნენ.

ცნობისათვის, შარშან ჩინეთის მტავრობამ შეღავათების საცდელი სისტემა გამოაქვეყნა, რომლითაც იმ მყიდველების წახალისებას ისახავს მიზნად, რომლებიც ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილის შეძენას ამჯობინებენ. ეს სისტემა ჯერ მხოლოდ ხუთ დიდ ქალაქში იმოქმედებს, თუმცა მომავალში, მთელს ქვეყანაზე გავრცელდება.

რაც შეეხება სხვა კომპანიებს, რომლებიც ჩინელ პარტნიორებთან ერთად, ელექტრომობილების წარმოებას მალე დაიწყებენ: „ჯენერალ მოტორსმა“ იმავე SAIC-თან ერთად, „შევროლე საილ-ის“ ელექტრონული ვერსია მოამზადა და მალე მის წარმოებას შეუდგება. „ნისანს“ ჩინური კომპანია „დონფენი“ შეუამხანაგდა, რომელთან ერთადაც, ცენტრალური ჩინეთის ქალაქ დონფენში, თავის ელექტრომობილ „ლიფის“ გამოშვებას დაიწყებს.

ჩინეთთან დაკავშირებით, სერიოზული გეგმები „დაიმლერსაც“ აქვს, რომლის პარტნიორიც არის ჩინური BYD. ეს უკანასკნელი ლითიუმ-იონური ელემენტების წარმოებაზეა სპეციალიზებული და მას საავტომობილო ბიზნსში ისეთი სერიოზული პარტნიორი ჰყავს, როგორიც ამერიკელი მილიარდერი უორენ ბაფეტია. ესენიც ახალი ბრენდის ჩამოყალიბებას აპირებენ, რომელიც ელექტრომობილების წარმოებას 2013 წელს დაიწყებს.

2006 კილომეტრი ერთი ავზით

Skoda Fabia GreenLine 2,006 km / 1,246 Miles on a Single Tank of Fuel

15 მაისი

ამიერიდან, შიდაწვისძრავიანი ავტომობილების სვლის სიშორის რეკორდი „შკოდას“ ეკუთვნის - ჩეხური კომპანიის სუბკომპაქტურ ჰეჩბეკ „ფაბიას“ ეკონომიურმა მოდიფიკაცია „გრინლაინმა“, ერთი სრული ავზით, 2006 კილომეტრი გაიარა. სარეკორდო ვოიაჟის ავტორია ვინმე გერჰარდ პლატნერი, ვინც ავსტრიიდან დანიაში და უკანა გზაზე ერთი ავზი იმყოფინა.

გამგზავრების წინ, პლატნერის მანქანის ავზი ბოლომდე აავსეს და დალუქეს, მოგზაურობის დროს კი, მას გამყოლი აცილებდა. მოგზაურმა გერმანიის ყველაზე გრძელი მარშრუტით (A7) ისარგებლა. მისი დასრულების შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ „ფაბია“ ყოველ 100 კილომეტრს მხოლოდ 2.21 ლიტრი საწვავით გადიოდა. არადა, პასპორტში უწერია, რომ 100 კილომეტრის გასავლელად, 3.4 ლიტრი (დიზელის საწვავი) სჭირდება.

„შკოდა ფაბია გრინლაინ-ი“ დიზელის 1.2-ლიტრიანი აგრეგატითაა აღჭურვილი, რომელიც 75 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. მის ეკიპირებაში ასევე შედის რხევებისადმი შემცირებული წინააღმდეგობის მქონე საბურავები, სპოილერი, რომელიც მანქანის აეროდინამიკურ წინააღმდეგობას ამცირებს, სისტემა სტოპ-სტარტი და დამუხრუჭებისას გამოყოფილი ენერგიის რეკუპერაციის სისტემა.

სხვათა შორის, გერჰარდ პლატნერი შემთხვევითი პიროვნება არ არის. მას მსოფლიოს რამდენიმე რეკორდი ეკუთვნის (სხვადასხვა მარკის ავტომობილებით, ეკონმიურობის და შორეული მგზავრობის) და მთელს მსოფლიოში, 120-ზე მეტი გარბენი აქვს შესრულებული. გარდა ამისა, „შკოდას“ სერია „გრინლაინის“ მეორე თაობის ავტომობილების ტესტირების საწყის ეტაპზე ღებულობდა მონაწილეობას.

რა თქმა უნდა, პლატნერს (ფოტოზე თავის სარეკორდო ფაბიასთან) ჰკითხეს, როგორ შეძლო ასეთი შორი მანძილის ერთი ავზით გავლა, თუმცა ის საკუთარი საიდუმლოს გამხელას არ აპირებს: „ნორმაზე ნაკლები საწვავი რომ დავხარჯე, ამით იმის დამტკიცება მსურდა, რომ მწარმოებლების გარდა, გარემოზე ზრუნვა ჩვეულებრივ ავტომფლობელებსაც შეგვიძლია. რა თქმა უნდა, ამისათვის ბევრი რამის გათვალისწინება გვიწევს. მაგალითად, საბურავებში ოპტიმალური წნევის“...

Saturday, May 14, 2011

„ნისანი“ და „რენო“ ერთად 10 მილიონი ავტომობილის გაყიდვას გეგმავენ

Nissan, Renault aim for combined 10 mln unit sales - media

14 მაისი

„რენოსა“ და „ნისანის“ ალიანსი იმედოვნებს, რომ სამ-ხუთ წელიწადში გაყიდვებს 10 მილიონამდე გაზრდის. ეს ინფორმაცია, იაპონურ გაზეთ „მაინიჩის“, იაპონურ-ფრანგული ალიანსის მთავარმა აღმასრულებელმა კარლოს გონმა გააცნო. ამგვარად, გამოჩნდა მეოთხე საავტომობილო კონგლომერატი, რომელსაც მსოფლიო ლიდერობის პრეტენზია გააჩნია.

შარშანდელი მონაცემებით, ლიდერი „ტოიოტაა“, რომელმაც „ჯენერალ მოტორსი“ სამი ათეული ათასი ავტომობილით ჩამოიტოვა. მეოთხეზეა „ფოლკსვაგენის“ ჯგუფი, რომელიც რამდენიმე დიდ და პატარა კომპანიას აერთიანებს. „რენო-ნისანმა“ შარშან 7.3 მილიონი ავტომობილი გაჰყიდა და ამ მაჩვენებლით მესამე იყო. სავარაუდოდ, „ტოიოტა“ წელს პირველობას დაკარგავს, რადგან მისი წარმოება და გაყიდვები იაპონიის მიწისძვრისა და ცუნამის შემდეგ, მნიშვნელოვნად შემცირდა და სრული დატვირთვით ამუშავებას წლის ბოლომდე ვერ შეძლებს. თუმცა ვინ გახდება პირველი, ეს ჯერაც უცნობია, რადგან იაპონურმა კატაკლიზმებმა თავისი კვალი ამერიკულ და ევროპულ კომპანიებსაც დაატყო.

იაპონურ კომპანიებს შორის, ყველაზე მეტად სწორედ „ტოიოტამ“ იზარალა. თუმცა, კარგ დღეში არც „ნისანია“, რომელსაც მიწისძვრის არეალში რამდენიმე საწარმო აქვს. მათ შორის ერთ-ერთი უდიდესია ძრავების ქარხანა, რომელიც ფუკუშიმას პრეფექტურაში მდბარეობს. გონის თქმით, ეს საწარმო მუშაობას მალე განაახლებს. ყოველივეს მიუხედავად, ალიანსი პოზიციების დათმობას არ აპირებს და იმედოვნებს, რომ ისევე როგორც შარშან, წელსაც მისი გაყიდვები რეკორდული იქნება.

„ნისანის“ საწარმოებს შორის, მიწისძვრამ ყველაზე მეტად ფუკუშიმაში მდებარე ძრავების ქარხანა დააზარალა. ამჟამად, ეს საწარმო ენერგიით არ მარაგდება. ამ ქარხნაში აწყობილი ძრავებით, „ნისანის“ იაპონური და უცხოური ქარხნები მარაგდება. ის ორცვლიანი რეჟიმით მუშაობას მალე განაახლებს. სულ კი, „ნისანის“ ყველა საწარმო სრული დატვირთვით, ოქტომბერში ამუშავდება.

გუნმა ასევე უარყო ვარაუდი იმის შესახებ, რომ ბუნებრივი კატასტროფები უარყოფითად იმოქმედებს ელექტრომობილების წარმოებასა და გაყიდვებზე. პირიქით, „ნისან ლიფის“ წარმოება დაგეგმილი ტემპით მიმდინარეობს და პრაქტიკულად არც შეფერხებულა.