Friday, October 8, 2010

”აუდი” ”კვატროს” წარმოებას ”ჯუჯაროს ჩააბარებს

Audi to build reborn Quattro

8 ოქტომბერი

პარიზის საავტომობილო გამოფენის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ექსპონატი ”აუდი კვატრო” იყო, ავტომობილი, რომელიც გერმანულმა კომპანიამ ამავე სახელწოდების მქონე ლეგენდარული ავტომობილის შექმნიდან 30 წლის იუიბილეს მიუძღვნა. ინგოლშტადტელებმა ამ ავტომობილზე იმდენად კარგი გამოხმაურება მიიღეს, რომ შესაძლოა, მისი მცირესერიული წარმოებაც კი გადაწყვიტონ. არადა, თავიდან ის მხოლოდ საიუბილეო პროტოტიპად იყო ჩაფიქრებული.

თუ ”აუდის” ხელმძღვანელობა ”კვატროს” მწვანე შუქს აუნთებს, მის წარმოებას ალბათ ცნობილ იტალიურ დიზაინ ატელიე ”იტალდიზაინ ჯუჯაროს” ჩააბარებენ. ცნობისათვის, ცოტა ხნის წინ, ეს კომპანიაც, რომელიც ბოლო წლებში ვერაფრით ახერხებდა კრიზისიდან თავის დაღწევას, ”ფოლკსვაგენის” დიდი ოჯახის წევრი გახდა, რომელშიც ”აუდიც” შედის.

”აუდის” ქვეგანყოფილება ”აუდი კვატროს” ხელმძღვანელი შტეფან რაილი ამბობს, რომ მის კომპანიას თითქმის არ აქვს მცირესერიული წარმოების გამოცდილება. ”აუდის” ტექნიკურ ცენტრში უკვე გადაწყვეტილი აქვთ, თუ რა ტექნიკურ აღჭურვილებას მიიღებს ”კვატრო”, თუ მისი წარმოება გადაწყდება. თუმცა, ეს ჯერ ყველაფერს არ ნიშნავს. ”აუდის” სამარკეტინგო გამოკვლევის ჩატარება მოუწევს, რათა დაადგინოს, რამდენად წარმატებული შეიძლება გახდეს ახალი წამოწყება.

სავარაუდოდ, ავტომობილის შასი ფოლადისგან დამზადდება, ძარის სხვადასხვა ელემენტებისთვის კი ალუმინსა და კარბონის კომპოზიტს გამოიყენებენ. აგრეგატების თავიდან შემუშავება კი არ მოუწევთ - ძრავს მოდელ TT RS-სგან აიღებენ, სრულამძრავიან ტრანსმისიას კი, რომელსაც აქტიური უკანა დიფერენციალი აქვს, - მოდელ RS5-სგან. სხვათა შორის, კარბონის კომპოზიტის სერიულ ავტომობილებში გამოყენების ტექნოლოგიები კარგად აქვს დამუშავებული ”ფოლკსვაგენის” ჯგუფში შემავალ კიდევ ერთ იტალიურ კომპანია ”ლამბორგინის”, რომელმაც პარიზშივე სწორედ კარბონისგან დამზადებული კონცეპტუალური სუპერ ავტომობილი ”სესტო ელემენტო” (მეექვსე ელემენტი) წარადგინა. მოკლედ, მსუბუქი მასალების ფართოდ გამოყენების წყალობით, ”კვატროს” წონა 1300 კილოგრამზე მეტი არ იქნება, ამას კი სპორტული ავტომობილის დინამიკური მახასიათებლებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.

რაც შეეხება ძრავს, წინასწარი მონაცემებით, სერიულ ავტომობილზეც იმავე აგრეგატს გამოიყენებენ, რითაც კონცეპტუალური ”კვატროა” აღჭურვილი. ესაა (TT RS-ის) 2.5-ლიტრიანი ხუთცილინდრიანი ტურბომოტორი, რომლის სიმძლავრეც 406 ცხენის ძალაა. სხვათა შორის, სერიული TT RS-ის ძრავის სიმძლავრე ”მხოლოდ” 350 ცხენის ძალაა, თუმცა პროტოტიპზე დაყენების წინ, მას მცირე მოდიფიკაცია ჩაუტარდა.

რაილის თქმით, სერიული ”აუდი კვატროს” ფასი ევროპაში 100 000 ევროზე მეტი არ იქნება.

Thursday, October 7, 2010

სენსაცია - ”ტრაბანტის” სიჩქარემ 235 კმ/სთ-ს მიაღწია

Trabant Reaches Record Speed of 146 mph (235 km/h)

7 ოქტომბერი

ერთ დროს, აღმოსავლეთ გერმანია თავის ერთადერთ მოდელ ”ტრაბანტით” ამაყობდა. კომუნისტურ გერმანიაში ამ ავტომობილის გამოშვება 50-იანი წლების მიწურულს დაიწყეს. მას იმ დროისთვის შეიძლება აქტუალური გარეგნობა ჰქონდა, მაგრამ ისიც მალე დაუძველდა და ამის მიუხედავად, წარმოების ბოლომდე შეინარჩუნა. ამასთან, ავტომობილს არქაული, ორტაქტიანი მხრჩოლავი ძრავი ამოძრავებდა. მოკლედ, პატარა ურჩხული იყო, მაგრამ ამის მიუხედავად, დღესაც უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს.

ასეთი თაყვანისმცემლები არიან ძმები, მაიკ და რონი ურლანდები, რომლებმაც უსახური და პრაქტიკულად უსარგებლო ”ტრაბანტისგან” სიჩქარის ნამდვილი მონსტრი შექმნეს. ვიღას გაახსენდება ძველი ”ტრაბი”, როდესაც ურლანდების მიერ მოდერნიზებული მანქანის მონაცემებს გაეცნობა - ბრიტანულ გამოცემა ”ტელეგრაფის” ცნობით, ის 235 კმ/სთ-ს ავითარებს.

არადა, ”ტრაბანტის” საუკეთესო მიღწევა 201 კმ/სთ იყო და ეს სიჩქარე გინესის რეკორდების წიგნშიც კი ჰქონდათ შეტანილი. ცნობისათვის, ორიგინალური ”ტრაბანტის” მაქსიმალური სიჩქარე სულ რაღაც 113 კმ/სთ იყო. თავიანთი რეკორდი კი ურლანდებმა გერმანიის ქალაქ როთენბურგის აეროპორტში დაამყარეს.

ძმებმა ავტომობილის ძრავს მოდიფიკაცია თავად ჩაუტარეს. გარდა ამისა, მნიშვნელოვნად შეიცვალა ”ტრაბის” ძარა, რომელსაც აეროდინამიკური ელემენტები დაემატა. გაიზარდა ავტომობილის წინა და უკანა ბორბლების კვალი, შესაბამისად, მნიშვნელოვნად დაიბერა ოთხივე ფრთა, რომელთა შიგნიღაც განიერი საბურავები ჩაჯდა. რა თქმა უნდა, სპორტულ ყაიდაზე მომართეს საკიდარი, რომელიც უფრო ხისტი გახდა, მისი წყალობით კი ”ტრაბი” მოსახვევებს გაცილებით უკეთ გადის.

ავტომობილის სახურავზე ზორბა ”ლაყუჩი” გამოჩნდა, რომელიც გაზრდილი აპეტიტის მქონე ძრავისთვის ჰაერს აგროვებს. შეიცვალა გარეთა სარკეები - ახლებს პატარა ფართობი აქვთ, რითაც ჰაერის შემხვედრ ნაკადს ნაკლებ წინააღმდეგობას უწევენ.

დაბოლოს, მოდიფიცირებული ”ტრაბი” ურლანდებმა ბერლინის კედლის დანგრევას და ორი გერმანიის გაერთიანების ოცი წლის იუბილეს მიუძღვნეს.

”სმარტი” სუბკომპაქტურ სეგმენტშიც გამოვა

smart forfour Teaser Images

7 ოქტომბერი

”დაიმლერისა” და ”რენო-ნისანის” პარტნიორული თანამშრომლობა მალე პირველ შედეგს გამოიღებს - გერმანული კომპანიის ამერიკული შტოს წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ მერმისს, წლის ბოლოს, ამერიკულ ბაზარზე პირველი ხუთკარიანი ”სმარტი” გამოჩნდება, რომელიც ”სმარტის” საწარმოო პროგრამაში, მოდელ ”ფორთუს” ადგილს დაიკავებს.

ახალი ავტომობილი ”ნისანის” პოპულარულ ჰეჩბეკ ”მიკრას” ბაზაზე იქმნება და როგორც ”დაიმლერი” ირწმუნება, ის მხოლოდ ამერიკული ბაზრისთვის იქნება განკუთვნილი. ამერიკული ბაზრისადმი გამოჩენილი ყურადღების მიზეზი ისაა, რომ შარშან ”სმარტს” იქ გაყიდვები ფაქტობრივად ჩაუვარდა. არადა, ერთი წლით ადრე, იქ ”სმარტზე” თითქმის ბუმი იყო. ჩავარდნის შემდეგ, ”სმარტის” თითქმის ყველა, 75-ვე დილერი აღიარებდა, რომ მარკას კიდევ ერთი, B-სეგმენტის მოდელი ესაჭიროება. როგორც ჩანს, ”დაიმლერი” ხუთკარიანი ჰეჩბეკის გამოშვებას უფრო ადრეც ფიქრობდა. სწორედ ამიტომ გააფორმა ფრანგულ-იაპონურ ალიანსთან პარტნიორული ხელშეკრულება.

ცნობილია, რომ ახალი სმარტი იმ პლატფორმაზე აიგება, რომელსაც ”ნისანი” ჰეჩბეკ ”მიკრასა” და უახლეს სუბკომპაქტურ ქროსოვერ ”ჯუკზე” (სხვათა შორის, ამ ავტომობილზე ევროპასა და იაპონიაში ნამდვილი ბუმია) იყენებს. ძრავების და ტრანსმისიის შესახებ, ”დაიმლერს” ჯერჯერობით არაფერი უთქვამს, თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ ხუთკარიანი ”სმარტი” მხოლოდ ბენზინზე მომუშავე ძრავებს მიიღებს. მათგან ერთი იქნება 1.0-ლიტრიანი სამცილინდრიანი აგრეგატი (ამ აგრეგატს დაიმლერი და ნისანი ერთობლივად შეიმუშავებენ), რომელსაც საწვავი ნარევი უშუალოდ წვის კამერაში მიეწოდება.

სხვათა შორის, ასეთ მოკლე დროში ახალი ავტომობილის გამოჩენა იმის აშკარა დასტურია, რომ ახალი ავტომობილი, ფაქტობრივად სახეშეცვლილი ”მიკრა” იქნება. ცნობისათვის, დაახლოებით ასევე იქცევა ”ასტონ მარტინი”, რომელიც ”ტოიოტას” ჯუჯა IQ-ს ბაზაზე, თავის ”სუპერ” ჯუჯა ”სიგნიტს” ქმნის.

როგორც გამოცემა ”ავტომოტივ ნიუსი” იტყობინება, ”მიკრას” ბაზაზე შექმნილი სუბკომპაქტური ”სმარტი” ბაზარზე სულ სამ წელს დაჰყოფს, შემდეგ კი მას სრულიად ახალი მოდელი ”ფორფორ” (ოთხისთვის) შეცვლის, რომელსაც კომპანია მთელ მსოფლიოში გაჰყიდის.

მოდელი ”ფორფორ” პირველად ”სმარტის” საწარმოო პროგრამაში 2004 წელს გამოჩნდა. გერმანულმა კომპანიამ ის იაპონურ ”მიცუბიშისთან” ერთად, ამ უკანასკნელის მოდელ ”კოლტის” ბაზაზე შექმნა. მაგრამ დაბალი მოთხოვნის გამო, მისი წარმოება ორ წელიწადში შეწყდა. რაც შეეხება ”ფორთუს”, ის ამერიკაში პირველად 2008 წელს შეიტანეს და პირველივე წელს დაახლოებით 25 000 ცალი გაყიდეს. მაგრამ შარშან მოთხოვნა მოულოდნელად დაეცა, წელს კი კომპანია ”პენსკეს”, რომელიც ”დაიმლერის” ამერიკელი პარტნიორია, მხოლოდ 4 779 ”ფორთუ” აქვს გაყიდული.

რაც შეეხება ”დაიმლერისა” და ”რენო-ნისანის” პარტნიორობას, ის მარტო ერთი მოდელის ერთობლივად შემუშავებით არ შემოიფარგლება. უკვე დაწყებულია ახალი ”ფორთუს” შესამუშავებლად, რომელიც პლატფორმას მომავალი თაობის ”რენო ტვინგოსგან” გაიზიარებს. უფრო მოგვიანებით კი, იმავე ბაზაზე კაბრიოლეტის, კუპეს და მიკროვენ ”ფორ მორის” გამოშვებაც იგეგმება.

Sunday, October 3, 2010

”მინი ქანთრიმენი” რალის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება

2010 Paris Auto Show: MINI Countryman WRC

3 ოქტომბერი

”მინი” რალის მსოფლიო ჩემპიონატს უბრუნდება, სადაც თავისი უახლესი მოდელით, ქროსოვერ ”ქანთრიმენით იასპარეზებს. რბოლებისთვის ავტომობილს კი ინგლისური კომპანია ”პროდრაივი” ამზადებს, რომელიც არცთუ დიდი ხნის წინ, საჩემპიონო მანქანებს ”სუბარუსთვის” ქმნიდა.

”მინიმ” პირველი სარბოლი ავტომობილი პარიზის ავტო შოუზე გამოფინა, სადაც გამოცხადდა, რომ ეს მანქანა მომავალი სეზონის რეგლამენტის შესაბამისადაა მომზადებული. მომავალი სეზონი ”მინისთვის” მხოლოდ სავარჯიშო იქნება და ამიტომ, გუნდი მხოლოდ რამდენიმე ეტაპზე იასპარეზებს, მისი ერთ-ერთი მანქანის საჭეს კი ბრიტანელი კრის მიიკი მიუჯდება. 2012 წლის სეზონში კი ყველა ეტაპზე მონაწილეობა იგეგმება.

”პროდრაივის” შეფი დევიდ რიჩარდსი იქადნის, რომ ”მინის” გუნდი თავისი პირველი სრული სეზონიდანვე ჩაერთვება ტიტულისთვის ბრძოლაში. პარალელურად, მისი კომპანია ამ მანქანას სხვა, კერძო გუნდებსაც მიჰყიდის და მათაც მოემსახურება, რაც ”პროდრაივს” მანქანის სრულყოფაში დაეხმარება.

სარბოლი ავტომობილი 1.6-ლიტრიანი ტურბოძრავითაა აღჭურვილი, რომელიც რალის მსოფლიო ჩემპიონატზე მოქმედ რეგლამენტს შეესაბამება. მასთან შეწყვილებულია სერია Xტრეკის 6-საფეხურიანი სექვენტალური გადაცემათა კოლოფი. სარბოლი ”მინი” მთლიანად შეესაბამება საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) სერია S2000-ის რეგლამენტს, რაც იმას ნიშნავს, რომ მას მსოფლიო ჩემპიონატში (WRC) მონაწილეობის უფლებაც ექნება. შესაბამისად, მის სახელწოდებას აბრევიატურა WRC-ც დაემატება.

”პარიზის საავტომობილო გამოფენა საუკეთესო ადგილია იმისათვის, რომ ეს მანქანა ყველას ვაჩვენოთ. გამოხმაურება ცნობაზე, რომ ჩვენ რალის მსოფლიო ჩემპიონატს ვუბრუნდებით, ძალიან დადებითი იყო. ეს ჩემპიონატი იმის შესანიშნავი საშუალებაა, რომ ჩვენმა კომპანიამ თავისი მებრძოლი სულისკვეთება გამოავლინოს. მანქანის მომზადების პროცესი გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს. მინდა ვთქვა, რომ სერიული ”მინი ქანთრიმენი” მისთვის შესანიშნავი ბაზისი გამოდგა”, - პარიზის ავტო შოუზე გამოსვლისას განაცხადა ”ბეემვეს” მმართველი საბჭოს წევრმა იან რობერტსონმა, ვინც გერმანული კომპანიის მარკეტინგისა და გაყიდვების საქმეებს განაგებს.

”კია პოპი” კორეული ჯუჯა ელექტრომობილი პარიზში

Kia POP Concept

3 ოქტომბერი

კორეულმა კომპანია ”კიამ”, პარიზის საავტომობილო შიუსთვის ჯუჯა ელექტრომობილი ”პოპ-ი” მოამზადა. ეს არის სამადგილიანი მანქანა, რომელიც კონცეპტუალურ ”რეის” სტილშია შესრულებული. თავის მხრივ, კორეელებმა ”რეი” წლის დასაწყისში, ჩიკაგოს ავტო შოუზე გვიჩვენეს. ”კიას” განმარტებით, ”პოპ-ში” ”მომავლის ურბანული ელექტრომობილის ხედვაა ასახული”.
შესაძლოა, ამ ავტომობილის გარეგნობა ბევრს არ მოეწონოს და მას ზედმეტად არაამქვეყნიური უწოდოს, მაგრამ თქმა არ უნდა, მის მსგავსს ვერც გზებზე ნახავთ და ვერც სხვა კომპანიების კონცეპტუალურ ნამუშევრებს შორის. ”კიას” დიზაინის შეფ პეტერ შრაიერის თქმით, ”პოპ-ი” ისე გამოიყურება, როგორიც შეიძლება იყოს შემდეგი თაობის ავტომობილების მომდევნო მოდელები. ანუ, იმ დროის ავტომობილები, რომლებსაც მწარმოებლები უკვე ელექტრომობილების ერაში გამოუშვებენ.

რა თქმა უნდა, ”პოპ-ს” საერთო არაფერი აქვს ”კიას” ახლანდელ კორპორატიულ სტილთან. ისიც საეჭვოა, ამ კონცეპციის დიზაინიდან რაიმე ელემენტი კორეული კომპანიის მოდელებზე უახლოეს მომავალში ვიხილოთ. ეს უფრო მომავლის ფორმების ძიებაა და ამ ძიებაზე საზოგადოების აზრის შესწავლის მცდელობა.

გამოფენაზე, ”კიას” ამ კონცეპტუალური ავტომობილის ინტერიერზე ყურადღება არ გაუმახვილებია, თუმცა იმის ვარაუდი მაინც შეიძლება, რომ სერიულ მანქანებზე მსგავსი რამ არ გადავა. სალონში ყველაზე საინტერესო სავარძლების განლაგებაა - ორი მათგანი წინაა მოთავსებული, მესამე კი - მათ უკან.

”პოპ-ს” კარებები ქვევიდან ზევით, ეგრეთ წოდებული თოლიას ფრთის სტილში ეღება, როგორც ეს ”ლამბორგინის” ავტომობილებზეა. სალონში ყველაფერი მინიმალისტურ სტილშია შესრულებული. ანუ, საჭის რგოლის გარდა, იქ თითქმის ვერ ნახავთ მართვის დამხმარე საშუალებებს და მაჩვენებლებს. მათ მაგივრობას კი უნივერსალური თაჩ-სქრინ მონიტორი ასრულებს.

ავტომობილი ჯუჯა ზომებით გამოირჩევა. მისი სიგრძე 3.00, სიგანე 1.74, სიმაღლე 1.49, ბაზა კი 2.055 მეტრია. ”პოპ-ი” საკმაოდ მძლავრი, 68-ცხენისძალიანი ელექტროძრავითაა აღჭურვილი, რომელიც მაქსიმუმ 190 ნიუტონმეტრ მაბრუნ მომენტსაც გამოიმუშავებს. ძრავს ენერგიით ლითიუმ პოლიმერული აკუმულატორების ბლოკი ამარაგებს, რომელსაც სრული დამუხტვისთვის 6 საათი ესაჭიროება. მაღალი ძაბვის დამმუხტავი კი მას ენერგიით ნახევარ საათში ავსებს. ”კია პოპ-ის” მაქსიმალური სიჩქარე 160 კმ/სთ-ს აღწევს, მისი სვლის სიშორე კი 140 კილომეტრია.

Friday, October 1, 2010

”ლოტუსის” პარიზული ექსპანსია

Lotus in Paris Auto Show

1 ოქტომბერი

ეკოლოგიური ”სიტი ქარ”

პარიზის საავტომილო შოუზე ყველაზე მრავალრიცხოვანი დებიუტანტებით პატარა ინგლისური კომპანია ”ლოტუსი” გამოირჩევა, რომელმაც სპეციალისტების და შოუს დამთვალიერებლის წინაშე, ერთბაშად ხუთი ისეთი მოდელი წარადგინა, რომლებიც მალე მის სამოდელო გამას შეავსებენ. გარდა ამისა, ”ლოტუსის” სტენდზე ასევე შესაძლებელია კონცეპტუალური საქალაქო ავტომობილის (მას სახელიც შესაბამისი აქვს - ლოტუს სიტი ქარ) ხილვა.

მართალია, სპორტული ხუთეული განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს, მაგრამ ”ლოტუსის” ექსპოზიციის განხილვა მაინც პატარა საქალაქო ავტომობილის კონცეპციით დავიწყოთ.

ამ ავტომობილს სამი კარი და ოთხი სავარძელი აქვს. ის, როგორც საქალაქო ავტომობილს შეეფერება, მომცრო გაბარიტებით გამოირჩევა, თუმცა შედარებით დიდი კვალიც აქვს. ”ლოტუსისგან” გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ქალაქის ავტომობილსაც სპორტული შესახედაობა აქვს. სპორტულობის ეფექტს კი განსაკუთრებით დაბალი კლირენსი და დაქანებული საქარე მინა აძლიერებს.

რაც მთავარია, ავტომობილს მბიძგველ ძალას, ”ლოტუსის” ინჟინრების მიერ შემუშავებული ჰიბრიდული სისტემა ანიჭებს. ამ სისტემაში შედის სამცილინდრიანი 1.2-ლიტრიანი შიდაწვის ძრავი 47 ცხენის ძალით და მუდმივ დენზე მომუშავე ელექტროძრავი, რომელიც 54 კილოვატ სიმძლავრეს იძლევა. ელექტროძრავს ენერგიით აკუმულატორების ბლოკი კვებავს, რომლის ტევადობაც 14.8 კილოვატია საათში. შიდაწვის ძრავი ბენზინზე მუშაობს, თუმცა მის საწვავად ასევე ეთანოლის გამოყენებაც შეიძლება.

ჰიბრიდულ სისტემაში ძირითადი ელექტროძრავია, რომელიც ბორბლებთან ერთსაფეხურიანი ტრანსმისიითაა დაკავშირებული. შიდაწვის აგრეგატი კი დამხმარე მოვალეობას ასრულებს - მასთან დაკავშირებულ გენერატორს ელექტროენერგიის გამომუშავებაში ეხმარება, რისი წყალობითაც, ავტომობილის სვლის სიშორე მნიშვნელოვნად იზრდება. კერძოდ, თუ აკუმულატორებში დაგროვილი ენერგია მხოლოდ 60 კილომეტრის გასავლელადაა საკმარისი, შიდაწვის ძრავისა და მასთან ერთად, გენერატორის ჩართვის შემდეგ, ”სიტი ქარის” სვლის სიშორე 500 კილომეტრამდე იზრდება.

ავტომობილი, რომელიც 1400 კილოგრამს იწონის, ადგილიდან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას 9 წამს ანდომებს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 170 კმ/სთ-ია. როცა მანქანა მხოლოდ აკუმულატორების ხარჯზე დადის, მას ნულოვანი გამონაბოლქვი აქვს. როცა საქმეში შიდაწვის ძრავი ერთვება, ყოველი კილომეტრის გავლისას, ატმოსფეროში მხოლოდ 60 გრამი ნახშირორჟანგი გამოიყოფა.

ლოტუსის სპორტული ხუთეული

ბევრმა ავტომწარმოებელმა, თავისი სიახლეები საზოგადოებას პარიზის ავტო შოუს გახსნამდე კარგა ხნით ადრე, ინტერნეტით გააცნო. ინგლისურმა ”ლოტუსმაც” აღიარა, რომ გამოფენისთვის სიახლეებს ამზადებდა, მაგრამ თუ მის პავილიონში ერთბაშად ხუთი ახალი სპორტული ავტომობილი იდგებოდა, ამას ძნელად თუ ვინმე წარმოიდგნდა.

მაგრამ სწორედ ასე მოხდა. პატარა კომპანია, რომელიც უკვე კარგა ხანია, მალაიზიური ”პროტონის” ჯგუფის წევრია, სპეციალისტებს და დამთვალიერებელს სიტყვებით - ”მომავალი აქ იწყება”, შეეგება. მართლაც, ასეთი მრავალფეროვანი პროგრამა ”ლოტუსს” მაშინაც კი არ ჰქონია, როდესაც მას ამ კომპანიის დამაარსებელი, ლეგენდარული ინჟინერი და მენეჯერი კოლინ ჩეპმენი უძღვებოდა. ერთბაშად ხუთი სხვადასხვა კლასის სპორტული ავტომობილის (თუნდაც კონცეპტუალურის) დებიუტი ”ფერარისაც” კი არ დაესიზმრება.

თანაც, ხუთივე ავტომობილი საზოგადოებას შოუ ბიზნესის ვარსკვლავებმა წარუდგინეს. ავტომობილებისთვის შალითების მოხსნის პატივი კინოვარსკვლავებს, მიკი რურკს და სტივენ ბალდუინს, ასევე როკის ვარსკვლავ ბრაიან მეის ერგოთ. სხვათა შორის, ”ლოტუსი” თავისი ძველი მოდელების სახელებს აცოცხლებს. მალე მის გამაში ისევ გამოჩნდება ”ესპრიტი”, ”ელიტი” და ”ელანი”.

დაკიდევ, სიახლეების შტორმის გამო, გამოფენის პრესის დღეს თითქმის ყველა აღიარებდა, რომ პარიზის ავტო შოუზე ”ლოტუსი ბატონობს”...

ლოტუს ესპრიტი

”ესპრიტით” დავიწყოთ. სხვა თუ არაფერი, თავისი პრეზენტაციების სერია ”ლოტუსმა” სწორედ ამ მანქანით დაიწყო. ამ სახელის მატარებელი ავტომობილი გასული საუკუნის 80-იან წლებში თვით ”ფერარის” კვიცებსაც კი უწევდა კონკურენციას. განსაკუთრებით კი მისი დიზაინი გამოირჩეოდა, რომელმაც სპორტული ავტომობილების ახალ მოდას ჩაუყარა საფუძველი - ამ მოდის მიხედვით, იმ დროის სპორტსმენების წინა ფარები კაპოტის ქვეშ იმალებოდა. გარდა ამისა, მაშინდელ ”ესპრიტს” თითქმის ჰორიზონტალური საქარე მინა ჰქონდა. მართალია, ის მანქანა 2.0-ლიტირნი ძრავით იყო აღჭურვილი, თუმცა ბრწყინვალე (იმ დროისთვის შესაფერის) დინამიკური მახასიათებლებით გამოირჩეოდა.

ახალი ”ესპრიტი” კომპანიის საწარმოო პროგრამის გვირგვინადაა ჩაფიქრებული და შესაბამისად, ის ყველაზე ძლიერი აგრეგატითაც აღიჭურვება. ესაა ”ლექსუსისგან” ნასესხები (ლოტუსი და ტოიოტა დიდი ხნის პარტნიორები არიან) 5.0-ლიტრიანი V8, რომელიც 620 ცხენის ძალას იძლევა და რომლის მეშვეობითაც ავტომობილი სტადარტულ აჩქარებას (0-100 კმ/სთ) 3.5 წამში ახერხებს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 330 კმ/სთ იქნება.

გარდა ამისა, ავტომობილი კინეტიკური ენერგიის რეკუპერაციის სისტემითაცაა (კერს-ით) აღჭურვილი, რომელსაც ძრავის სიმძლავრის მყისიერი გაზრდა შეუძლია. ძრავთან 7-საფეხურიანი რობოტიზებული კოლოფია შეწყვილებული. ჯერჯერობით სულ ესაა, რაც გაცოცხლებულ ”ესპრიტზე” შეიძლება ითქვას. ჰო, კიდევ ის, რომ ეს ავტომობილი დაახლოებით 175 000 დოლარი ეღირება და მისი გაყიდვები სავარაუდოდ, 2013 წელს დაიწყება.

ლოტუს ეტერნი

”ლოტუსისთვის” ეს აბსოლუტური სიახლეა. ოთხკარიანი კუპეებს კლასში ”ლოტუსი” დებიუტანტია. ამ მანქანის სახელიც ინგლისური კომპანიისთვის ახალია. ”ეტერნი” იგივე აგრეგატებითაა აღჭურვილი , რომლებითაც ”ესპრიტი”. ინგლისური კომპანია აცხადებს, რომ ამ ავტომობილის მყიდველს, ოპციის სახით, ჰიბრიდულ სისტემასაც შესთავაზებენ, რომლის ორი ელექტროძრავიც მოქმედებაში წინა ბორბლებს მოიყვანს, შიდაწვის ძრავი კი უკანა ბორბლებს მოემსახურება.

ჰიბრიდული სისტემის გარეშე კი, ”ეტერნს” ისედაც შესანიშნავი მახასიათებლები აქვს. ძრავის მონაცემებზე ზემოთაც ითქვა. მისი მეშვეობით ავტომობილი ნულიდან 100 კმ/სთ სიჩქარეს 4 წამზე ნაკლებში აკრეფს. ”ლოტუს ეტერნს” ბაზარზე ისეთი ძლიერი კონკურენტები ეყოლება, როგორებიცაა ”პორშე პანამერა” და ”ასტონ მარტინ რეპიდი”. ეს ავტომობილი ბაზარზე ორ-სამ წელიწადში უნდა გამოჩნდეს.

ლოტუს ელიტი

”ელიტიც”, რომელში ჩასაჯდომი ფორმულაცაა 2+2, იმავე 5.0-ლიტრიანი V8 ძრავითაა აღჭურვილი. თუმცა, ამ მოდელისთვის, ”ლოტუსი” მყიდველს ამავე აგრეგატის კიდევ ორ მოდიფიკაციას შესთავაზებს, რომელსაც ორი ტურბოდამჭირხნი მოემსახურება. მოდიფიკაციის მთავარი მიზანი ეკონომიურობის გაუმჯობესებაა. რაც შეეხება სიმძლავრეს, ერთი ვერსიისთვის ის 540 ცხენის ძალა იქნება, მეორესთვის კი - 610 ცხენის ძალა. ნებისმიერი მოდიფიკაციის შემთხვევაში, ავტომობილი ასევე კერს-ით და 7-საფეხურიანი კოლოფითაც აღიჭურვება. ”ელიტის” გაყიდვების დაწყებაც ორ-სამ წელიწადშია მოსალოდნელი.

ლოტუს ელანი

იმავე პერიოდში დაიწყება მოდელ ”ელანის” წარმოება. ეს კონცეპტუალური ავტომობილი V6 კონფიგურაციის 4.2-ლიტრიანი აგრეგატითაა აღჭურვილი, რომელიც 450 ცენის ძალას იძლევა. ძრავთან 7-საფეხურიანი ავტომატია შეწყვილებული. ოპციის სახით კი მყიდველს კერს-საც შესთავაზებენ. აღნიშნული ძრავის წყალობით, 1295-კილოგრამიანი ”ელანი” სტანდარტულ აჩქარებას 3.5 წამში შეძლებს. ”ელანის” გაყიდვები 2013 წელს დაიწყება და ის დაახლოებით 120 000 დოლარი ეღირება.

ლოტუს ელისი

დაბოლოს ”ელისი”, რომელსაც კომპანიის ხელმძღვანელობა ”ლოტუსის” მომავალს უწოდებს. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ეს მომცრო ზომის კუპე ყველაზე იაფი და მასობრივია ინგლისური კომპანიის საწარმოო პროგრამაში. ფოტოზე თვალის ერთი შევლებაც საკმარისია იმის აღსაქმელად, რომ ახლანდელი ”ელისის” დიზაინი წარსულს ბარდება. არადა, მან ”ლოტუსს” სიცოცხლე შეუნარჩუნა და იმის საშუალებაც მისცა, რომ ფეხზე დამდგარიყო. თუმცა, იმის თქმა კი შეიძლება, რომ ახალი ”ელისიც” მისი წინამორბედივით მკვირცხლი და მანევრული იქნება. ბაზარზე მის გამოჩენას 2015 წელს უნდა ველოდოთ.

სხვათა შორის, ”ლოტუსს” პარიზში არაფერი უთქვამს იმის შესახებ, თუ რა ბედი ეწევა მის ორ ახლანდელ მოდელს - ”ევორასა” და ”ევროპას”. სავარაუდოდ, ისინი ინგლისური კომპანიის საწარმოო პროგრამაში ადგილს შეინარჩუნებენ.

Thursday, September 30, 2010

სუპერ ელექტრომობილი საკუთარი იუბილესთვის

Jaguar C-X75 Concept

30 სექტემბერი

ინგლისურ დიდ კატას, რომელიც საავტომობილო სამყაროში ”იაგუარის” სახელითაა ცნობილი, დაარსებიდან 75 წელი შეუსრულდა და ამ თარიღთან დაკავშირებით, პარიზის შოუსთვის, გაზრდილი სვლის სიშორის მქონე ელექტრონული კონცეპტუალური სუპერ ავტომობილი მოამზადა, რომელსაც იუბილესთან დაკავშირებით, C-X75 უწოდა.

ავტომობილი ოთხი ელექტროძრავითაა აღჭურვილი, რომელთა ჯამური სიმძლავრე 780 ცხენის ძალას, მაბრუნი მომენტი კი 1600 ნიუტონმეტრს აღწევს. ელექტროძრავები ბორბლებშია მოთავსებული და მათვე ამოძრავებენ. გარდა ამისა, ავტომობილის შუაში გაზზე მომუშავე ორი ტურბინა განლაგდა, რომლებიც მათთან დაკავშირებული გენერატორების დახმარებით, ელექტროენერგიას გამოიმუშავებენ. თითოეული ტურბინის სიმძლავრე 180 ცხენის ძალაა.

მარტო ლითიუმ-იონურ აკუმულატორებში დაგროვილი ელექტროენერგია საკმარისია იმისათვის, რომ ელექტრომობილმა დაახლოებით 100 კილომეტრი გაიაროს. მაგრამ როდესაც ტურბინები ამუშავდება, ავტომობილის სვლის სიშორე 900 კილომეტრამდე იზრდება. რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ტურბინების მუშაობის დროს, ყოველი კილომეტრის გავლისას, C-X75 ატმოსფეროს მხოლოდ 28 გრამი ნახშირორჟანგით აბინძურებს.

ოთხი მძლავრი ელექტროძრავის დახმარებით, საიუბილეო სუპერ ელექტრომობილი, რომელიც 1350 კილოგრამს იწონის, ადგილიდან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას 3.4 წამში ასწრებს, 80-დან 145 კმ/სთ-მდე მას 2.3 წამი ჰყოფნის. მაქსიმალური სიჩქარე კი 330 კმ/სთ-ს აღწევს.

ძრავის გარდა, ამ ავტომობილის აეროდინამიკური პაკეტიც ყურადღებას იმსახურებს. ჯერ ერთი, ძარა ალუმინისგანაა შესრულებული. მეორეც, აეროდინამიკური წინააღმდეგობის კოეფიციენტი საკმაოდ ცოტა - 0.32-ია. რაც მთავარია, ავტომობილის ძირზე განლაგებულია ეგრეთ წოდებული ვენტურის მილი, რომელიც მის ქვეშ გაუხშოებულ არეს წარმოქმნის და ასე მიიღება გრაუნდ ეფექტი. ეს კი ბორბლებზე დინამიკურ დატვირთვას ზრდის. აეროდინამიკური დანიშნულებით, ასევე გამოიყენება გამობოლქვილი გაზის ჭავლი.

და კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი: ”იაგუარის” განცხადებით, კონცეპტუალური C-X75-ის მიხედვით შეიძლება იმაზე მსჯელობაც, თუ როგორი გარეგნობა ექნება ამ კომპანიის ახალ ავტომობილებს.

”ლამბორგინი” მეექვსე ელემენტის მომთვინიერებელი გახდა

Lamborghini Sesto Elemento Concept, the Carbon Surprise

30 სექტემბერი

ყველაფერი უფრო მარტივადაა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. ”ლამბორგინიმ” თავის კონცეპტუალურ სუპერ ავტომობილს, ”სესტო ელემენტო”, ანუ მეექვსე ელემენტი უწოდა და არა ”ჯოტა”, როგორც ნავარაუდები იყო. ავტომობილის შასი და ძარა, თითქმის მთლიანად ნახშირბადის კომპოზიტისგანაა დამზადებული. მეექვსე ელემენტიც ნახშირბადია, რომელსაც ქიმიური ელემენტების ტაბულაში მეექვსე ადგილი უკავია. თავისი სახელის აღსანიშნავად, კონცეპტუალური ავტომობილი შავ, ნახშირბადის ფერადაა შეღებილი. და, იტალიურმა კომპანიამ, ეს ნახშირბადოვანი საოცრება პარიზის საავტომობილო შოუზე გამოფინა.

ეს ავტომობილი არამხოლოდ იმითაა გამორჩეული, რომ მასში ფართოდაა გამოყენებული ნახშირბადის კომპოზიტი. მის შესაქმნელად, სანტ’აგატა ბოლონეზელებმა ახალი ტექნოლოგიური ციკლი გამოიყენეს, რომლის შემუშავებაშიც მონაწილეობა ვაშინგტონის უნივერსიტეტის და აეროკოსმოსურ კომპანია ”ბოინგის” სპეციალისტებმაც მიიღეს.

დაკიდევ, ავტომობილის პრემიერამდე ერთი თვის განმავლობაში, მისადმი მედიის ინტერესის გაღვივების მიზნით, ”ხარებმა” ინტერნეტით 6 ფოტო ტიზერი გამოაქვეყნეს, რომლითაც ნაწილ-ნაწილ გვიჩვენეს თავიანთი ”მეექვსე ელემენტის” სხვადასხვა დეტალები.

გარეგნულად, ”მეექვსე ელემენტი” სტელსის ტიპის თვითმფრინავს ჰგავს. საქარე მინა და ფსევდო კაპოტი თითქმის ერთ სიბრტყეშია მოთავსებული, რაც ”ლამბოს” ტრადიციული სტილია და ჰაერის მინიმალურ წინააღმდეგობას წარმოქმნის. ეს ფსევდო კაპოტი თითქმის მთლიანად ფარავს რადიატორის ბადეს, მის ქვეშ კი დიდი ზომის სპოილერია, რომელიც ჰაერს რადიატორისკენ და ფრთებისკენ მიმართავს.

ამავე სტილშია შესრულებული უკანა სპოილერი და მის ქვემოთ დიფუზორი, რომლებიც ასევე ჰაერის ნაკადის სწორად მიმართვას ემსახურებიან. იგივე დანიშნულებას ასრულებს უკანა ანტი ფრთა, რომლის საყრდენებთანაც ნამწვი აირების თითო გამოსაბოლქვია. ყურადღებას იმსახურებს კაპოტიც, რომელსაც იმდენივე სავენტილაციო ნახვრეტი აქვს, რამდენი ცილინდრიც V10 ძრავს. ამ ნახვრეტების წინ კი წყვილი ჰაერის ამღებია, რომელთა დანიშნულებაც ძრავისთვის ჰაერის ”შეგროვებაა”.

სიმარტივით გამოირჩევა ”სესტო ელემენტოს” ინტერიერი, რომელიც მინიმალისტურ სტილშია შესრულებული. მინიმალისტურში იმიტომ, რომ აქ ვერ ნახავთ მაჩვენებლების და დამხმარე მოწყობილობათა დაფას. საჭის რგოლის უკან ერთადერთ მრავალფუნქციურ მონიტორს წააწყდებით, რომელიც ყველაფერში დაგეხმარებათ. მოკლედ, საეჭვოა, რომ ამ სახით, ინტერიერმა ”სესტო ელემენტოს” საწარმოო ვერსიამდეც მიაღწიოს.

ალბათ საინტერესო იქნება, თუ გეტყვით, რომ კარბონმა ამ ავტომობილში ისეთ დეტალებშიც კი შეაღწია, როგორებიცაა კარდანის ლილვი, გამოსაბოლქვი მილები და საკიდარის წევები. ლაპარაკი აღარაა იმაზე, რომ მონოკოკური შასიც მთლიანად კარბონის კომპოზიტისგან დამზადდა. გამოსაბოლქვ მილებში კი კარბონის ბოჭკო შუშის ბოჭკოთია არმირებული და როგორც ”ლამბორგინი” ირწმუნება, ეს დეტალები 900 გრადუს ტემპერატურასაც კი უძლებს.

კარბონის ფართოდ გამოყენების შედეგი ისაა, რომ ”სესტო ელემენტო” სულ რაღაც 999 კილოგრამს იწონის. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ 5.2-ლიტრიანი V10 ძრავი 570 ცხენის ძალას იძლევა (მისი მაბრუნი მომენტი ოთხ წამყვან ბორბალს შორის თანაბრად ნაწილდება), გამოვა, რომ ავტომობილის ყოველ 1.75 კილოგრამზე თითო ცხენის ძალა მოდის. ამ ფარდობის წყალობით, მას ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფა 2.5 წამში შეუძლია, მაქსიმალური სიჩქარე კი 354 კმ/სთ-ს მიაღწევს.

პარიზულ გამოფენაზე, ”ლამბოს” წარმომადგენლებს არაფერი უთქვამთ იმის შესახებ, აპირებენ, თუ არა ”სესტო ლემენტოს” წარმოებას. სამაგიეროდ, კომპანიის შეფი შტეფან ვინკლმანი აცხადებს, რომ ამ კონცეპციისთვის შემუშავებულ ტექნოლოგიებს, მომავალში სხვა მოდელების წარმოების დროსაც გამოიყენებენ.

Wednesday, September 29, 2010

”სესტო ელემენტო” - ”ლამბორგინის” ნახშირბადოვანი კონცეპცია

Lamborghini Sesto Elemento Concept, the Carbon Surprise

29 სექტემბერი

რა თქმა უნდა, ამ ავტომობილს საერთო არაფერი აქვს ჰოლივუდის ფილმ ”მეხუთე ელემენტთან” და არც უცხოპლანეტელებთან. იტალიური კომპანიის მარკეტოლოგებმა მარტივად გადაწყვიტეს - რამდენადაც ნახშირბადს ქიმიურ ელემენტთა ტაბულაში მე-6 ადგილი უკავია, ავტომობილსაც ამიტომ უწოდეს ”სესტო ელემენტო”, ანუ ”მეექვსე ელემენტი”.
და რა შუაშია ნახშირბადი? შუაში კი არა თავშია - ავტომობილის კონსტრუქცია თითქმის მთლიანად ნახშირბადის ბოჭკოს კომპოზიტისგანაა დამზადებული. ”ხარების” ამ მეექვსე ელემენტის დანიშნულება, პარიზის საავტომობილო შოუზე, ”ლამბორგინის” ტექნოლოგიური შესაძლებლობების დემონსტრაციაა. ეს კი იმისთვისაა საჭირო, რომ სანტ’ა აგატელები თავიანთი მომავალი სუპერ ავტომობილების წარმოებისას, ნახშირბადის კომპოზიტის ფართოდ გამოყენებას აპირებენ და ამ ავტომობილით, თავიანთი მომავალი პროდუქტების პროპაგანდას ეწევიან.

”ლამბორგინიმ” ამ კონცეპტუალური ავტომობილის ფოტო ტიზერების გამოქვეყნება, პარიზული შოუს დაწყებამდე ერთი თვით ადრე დაიწყო. ტიზერებში ხაზგასმით ჩანდა ნახშირბადის კომპოზიტით დამზადებული დეტალები. თუმცა, ფოტო ტიზერების კომენტირებისას, დასავლური საავტომობილო გამოცემები გამოთქვამდნენ ვარაუდს, რომ იტალიურ კომპანიას პარიზისთვის თავისი უახლესი სუპერ ავტომობილი, სახელად ”ჯოტა” ჰქონდა მომზადებული და ტიზერებით მისადმი ინტერესს წინასწარ აღვივებდა.

ფრანგული ვებგვერდი ”ბლოგ აუტომობილ” გვაუწყებს, რომ კარბონის ფართოდ გამოყენების წყალობით, ”სესტო ელემენტო” სულ რაღაც 999 კილოგრამს იწონის. მის ბაზაში კი ის მძლავრი V10 აგრეგატია ჩადგმული, რომელიც მოდელ ”სუპერლეგარას” ემსახურება. იმავე გამოცების ცნობით, ამ ძრავის მეშვეობით, ავტომობილი ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფას 2.5 წამში შეძლებს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 354 კმ/სთ იქნება.

დაბოლოს, ამ ინფორმაციის წყარო ჯერ მხოლოდ ზემოთ ნახსენები ფრანგული საიტია. ასე რომ, მის ოფიციალურ დადასტურებას ახლა ”ლამბორგინისგან უნდა ველოდოთ. ცდა კი დიდხანს არ მოგვიწევს - ყველაფერი ამ დღეებში, პარიზის ავტო შოუს დაწყებისთანავე გაირკვევა...

Tuesday, September 28, 2010

”პორშეს” ახალ უგზოობის მოდელს ”კახუნს” დაარქმევენ

New Porsche SUV could be called Cajun

28 სექტემბერი

”აუდი Q5” შესაძლოა ”პორშე კახუნის” დონორი გახდეს
..............................
”პორშე” თავისი სამოდელო გამის გაფართოებას აგრძელებს. დიდი ზომის უგზოობის ”კაიენისა” და ოთხკარიან კუპე ”პანამერას” წარმოების დაწყების შემდეგ, ჯერი უგზოობის კომპაქტურ ავტომობილზე დგება, რომელსაც, ”ფოლკსვაგენის” მთავარ აღმასრულებელ მარტინ ვინტერკორნის თქმით, ალბათ ”კახუნს” უწოდებენ.

”პორშე” შარშანდელს შემდეგ ”ფოლკსვაგენის” დიდი ოჯახის წევრია, რაც ორივე კომპანიას ერთმანეთის პლატფორმების ფართოდ გამოყენების საშუალებას აძლევს. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ მოდელი ”კაიენი” ამ ორი კომპანიის მჭიდრო თანამშრომლობის კლასიკური შედეგია - ”კაიენს”, ”ფოლკსვაგენ ტუარეგსა” და ”აუდი Q7-ს” საერთო პლატფორმა აქვთ. სხვათა შორის, ”კაიენი” ის ავტომობილია, რომელმაც ”პორშეს” უზარმაზარი მოგება მოუტანა და ამ მოგების წყალობით, ის გაცილებით დიდი ზომის ”ფოლკსვაგენის” მიერთებას ლამობდა, თუმცა საბოლოოდ პირიქით კი მოხდა.

”კაიენის” ისტორიაც ჩვეულებრივი ესკიზით დაიწყო...
..............................

ვინტერკორნის გეგმით, ”პორშეს” გაყიდვების მოცუობამ მალე 150 000 ავტომობილს უნდა მიაღწიოს. ამისათვის კი, უგზოობის კომპაქტური მოდელის გარდა, მის გეგმაში პატარა სპორტული ავტომობილის გამოშვებაც შედის. გერმანულ გამოცემა ”დერ შპიგელთან” საუბრისას, ვინტერკორნმა განაცხადა, რომ ”კახუნის” გაყიდვები 2014 წელს დაიწყება.

ახალი ავტომობილის შესახებ ჯერ ინფორმაცია არ ვრცელდება. მოსალოდნელია, რომ ის ”აუდი Q5-ის” მოდერნიზებულ პლატფორმაზე აიგება და ძრავებსაც ”ოთხი რგოლისგან” ისესხებს. რა თქმა უნდა, ძრავებსაც და ტრანსმისიასაც მოდერნიზაცია ჩაუტარდება.

”კახუნის” და კომპაქტური სპორტული მოდელის გარდა, ”პორშეს” სუპერ ავტომობილის გამოშვებაც გადაწყვეტილი აქვს, რომელიც შარშანდელ კონცეპტუალურ ”პორშე 918 სპაიდერის” მოტივებზე შეიქმნება და რომელსაც ალბათ ჰიბრიდული ამძრავი აგრეგატები ექნება.

Sunday, September 26, 2010

”ასტონ მარტინი” ლე მანისთვის ემზადება

Aston Martin Preparing LMP1 Race Car for 2011 Le Mans

26 სექტემბერი

”ასტონ მარტინი” იმ იშვიათ კომპანიათაგანია, რომლის ეკიპაჟსაც ლე მანის ლეგენდარული 24-საათიანი რბოლა აქვს მოგებული და იცის ამ გამარჯვების ფასი. მაგრამ ინგლისურ კომპანიას თავის ისტორიაში, სარტეს ტრასაზე ერთადერთი ტრიუმფი (1959 წელს) უწერია. ახლახანს კი, დიდი ტურიზმის კლასში, კიდევ ერთხელ დაიკავა ლე მანის კვარცხლბეკის უმაღლესი საფეხური.

მაგრამ კლასში გამარჯვება ვერანაირად ვერ შეედრება აბსოლუტურ გამარჯვებას. ჰოდა, ინგლისურმა კომპანიამაც, სპორტული პროტოტიპის დამზადეა გადაწყვიტა, რომლითაც მომავალ სეზონში, ”აუდი” და ”პეჟოს” დიზელისძრავიან მონსტრებს შეეცილება.

კომპანიის ინჟინრებმა ახალ სარბოლ ავტომობილზე მუშაობა სუფთა ფურცლიდან დაიწყეს. ის ღიაძარიანი სარბოლი პროტოტიპი იქნება და მონოკოკურ შასის დაეყრდნობა. უკვე ცნობილია ისიც, რომ მის ბაზაში ბენზინზე მომუშავე შიდაწვის ძრავს ჩადგამენ, რომელსაც ”ასტონ მარტინი” სპეციალურად, ამ სარბოლი მანქანისთვის შექმნის.

”ბოლო წლებში, ლე მანზე ბენზინის ძრავის მქონე მანქანებით, დიზელისძრავიანებთან გამკლავება პრაქტიკულად შეუძლებელია. მაგრამ მომავალ სეზონში, რეგლამენტი დიზელის ძრავებისთვის გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს. ამიტომ, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ სპეციალურად ლე მანისთვის შექმნილი შასითა და ძრავით, გამარჯვებისთვის ბრძოლას შევძლებთ”, - ამბობს კომპანიის მთავარი აღმასრულებელი დევიდ რიჩარდსი.

უნდა ითქვას, რომ ლე მანზე ტრიუმფის შემდეგ, ”ასტონ მარტინს” სპეციალურად რბოლებისთვის, მანქანები აღარ შეუქმნია. კარგა ხანს, ამ კომპანიას ისიც აკმაყოფილებდა, რომ სუპერაგენტ ჯეიმს ბონდს ფილმებში უწევდა პარტნიორობას. მაგრამ დრო შეიცვალა. ბონდმა რამდენჯერმე სხვა მანქანით ნავარდი არჩია, ”ასტონი” კი წარმოების გაფართოებას აპირებს და ბუნებრივია, რეკლამის დამატებითი რესურსი ესაჭიროება. ასეთად კი, რბოლების დიდმა მოყვარულმა რიჩარდსმა (თავადაც ყოფილმა მრბოლმა) თავისი კომპანიის ლე მანზე გაყვანა გადაწყვიტა (რა თქმა უნდა, არა ერთპიროვნულად).

პროტოტიპისთვის განკუთვნილი ძრავი უკვე დამზადებულია და ის კომპანიის მთავარ ტექნიკურ ცენტრში, რომელიც ბანბერიში (ინგლისი) მდებარეობს, სასტენდო ტესტებს უკვე გადის. მანქანის ტესტების დაწყება კი მომავალი წლის დასაწყისში იგეგმება.

Saturday, September 25, 2010

”რენო კანგუ ექსპრეს Z.E.” - პირველი ელექტროვენი მსოფლიოში

Renault Reveals All-Electric 2011 Kangoo Z.E. Van

25 სექტემბერი

გერმანიის ქალაქ ჰანოვერში, კომერციული ავტომობილების შოუზე, ”რენომ” წარმოებისთვის მომზადებული ელექტროვენი - ”კანგუ ექსპრეს Z.E.” წარადგინა. ეს პირველი მერცხალია იმ ელექტრომობილებს შორის, რომლებსაც ფრანგული კომპანია მალე გამოუშვებს ბაზარზე.

ელექტრომობილი ლითიუმ-იონური აკუმულატორების ბლოკითაა აღჭურვილი, რომლის ტევადობაც საათში 22 კილოვატია. ეს კი საკმარისია იმისათვის, რომ ”კანგუ ექსპრეს Z.E.-მ” ერთი სრული დამუხტვით 160 კილომეტრი გაიაროს. საყოფაცხოვრებო ქსელიდან აკუმულატორების სრული დამუხტვისთვის კი 6-8 საათია საჭირო. რაც შეეხება ელექტროძრავს, მისი სიმძლავრე სულ რაღაც 60 ცხენის ძალაა, თუმცა 226 ნიუტონმეტრ მაბრუნ მომენტსაც გამოიმუშავებს. ელექტრომობილის მაქსიმალური სიჩქარე შეზღუდულია (ენერგიის დაზოგვის მიზნით) და ის 130 კმ/სთ-ს შეადგენს.

ევროპაში ”რენო კანგუ ექსპრეს Z.E.” (აბრევიატურა Z.E. ზრო ემიშნს, ანუ ნულოვან გამონაბოლქვს ნიშნავს) 20 000 ევრო ეღირება. ამას გამოაკლდება ელექტრომობილებისთვის განკუთვნილი სუბსიდია, რომელიც 5 000 ევროს შეადგენს და გამოდის, რომ ფასი მხოლოდ 15 000 ევრო იქნება. სხვათა შორის, ეს შეღავათი არ იმოქმედებს ბრიტანეთში, სადაც ის მსუბუქ კომერციულ ავტომობილადაა კლასიფიცირებული. მყიდველს შეუძლია ავტომობილი ლიზინგით შეიძინოს, თუმცა ამ შემთხვევაში რამდენად შეიცვლება (გაიზრდება) ფასი, ეს ჯერ უცნობია.

ელექტრომობილის ასეთ დაბალ ფასს ის ფაქტი განაპირობებს, რომ მასში აკუმულატორების ფასი არ შედის. ფრანგული კომპანიის განცხადებით, ელექტრომობილის მყიდველი აკუმულატორებს ლიზინგით მიიღებს და მათში თვეში 72 ევროს გადახდა მოუწევს. ლიზინგის პერიოდი 4 წელზეა გათვლილი. თან ამ პერიოდში, გასავლელი მანძილის ლიმიტი 14 490 კილომეტრია, რაც კომერციული ავტომობილისთვის საკმაოდ ცოტაა.

სამაგიეროდ, არნახულად იაფი ჯდება აკუმულატორების დამუხტვა. ელექტროენრგიაზე ფასის მიხედვით, აკუმულატორების სრული დამუხტვა, რაც ელექტრომობილს 160 კილომეტრს გაატარებს, 1-2 ევრო ეღირება.

”ვოლვო” რევოლუციურ აკუმულატორებზე მუშაობს

Volvo Working on Revolutionary Battery

25 სექტემბერი

საავტომობილო ინდუსტრიაში ახალი რევოლუცია მზადდება, მისი ავტორი კი, თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, გაჩინურებული შვედური კომპანია ”ვოლვო” გახდება. რევოლუცია კი აკუმულატორებს შეეხება. თუ ”ვოლვომ” თავისი გამოგონების დანერგვა შეძლო, მალე აკუმულატორები ახლანდელ სახეს დაკარგავენ და... ავტომობილის ძარის ელემენტების სახით მოგვევლინებიან!

აკუმულატორი თანამედროვე ავტომობილების ერთ-ერთი მთავარი ელემენტი ხდება. სწორედ მისგან მიიღებენ ელექტრომობილები ენერგიას. მაგრამ თანამედროვე ლითიუმ-იონური აკუმულატორები სიძვირით გამოირჩევა და იმდენ ენერგიასაც ვერ ინახავენ, რამდენსაც ავტომწარმოებლები და რა თქმა უნდა, ელექტრომობილების მყიდველები ისურვებდნენ. ყველა ამ პრობლემის ერთი ხელის მოსმით მოგვარებას კი ”ვოლვო” გვპირდება.

პარიზის საავტომობილო შოუს გახსნამდე ერთი კვირით ადრე, ”ვოლვომ” გამოაცხადა, რომ მუშაობს ავტომობილის შესაქმნელად, რომელსაც ელექტრომობილების რადიკალურად შეცვლა შეუძლია. კვლევითი სამუშაოსა და საცდელი პროტოტიპი შექმნას, წინასწარი ვარაუდით, დაახლოებით სამი წელი მაინც დასჭირდება.

რაოდენ საოცარიც უნდა იყოს, ახალი ტიპის აკუმულატორის ფუნქციას ავტომობილის ძარის ელემენტები - კარებები, სახურავი და კაპოტი შეასრულებს. როგორ მოხდება ეს, შვედური კომპანია ამაზე დაწვრილებით არაფერს ამბობს. თუმცა, მთავარი ისაა, რომ ძარის აღნიშნული ელემენტები სამფენოვანი იქნება და ის იმ მასალებისგან დამზადდება, რომლებსაც ელექტროენეგიის დაგროვების უნარი შესწევს.

პროექტი თავიდან ლონდონის სამეფო სკოლის სპეციალისტებმა დაიწყეს. თანდათან კვლევაში 9 კომპანია და ინსტიტუტი ჩაება, მათ შორის კი საავტომობილო კომპანია მხოლოდ ერთი - ”ვოლვო” იყო. პანელის დასამზადებლად, მკვლევარები კარბონის ბოჭკოსა და პოლიმერულ ფისს იყენებენ. საბოლოო პროდუქტს, თანამედროვე აკუმულატორებთან შედარებით, მეტი ენერგიის დაგროვებაც შეუძლია და მისი დამუხტვაც გაცილებით სწრაფად ხდება.

ახალი მასალა მტკიცეცაა და დრეკადიც. მისი თვისებები, ავტომწარმოებლებს, ამ მასალის ფართოდ გამოყენების საშუალებას მისცემს. ამ მასალის (რომელსაც ჯერ სახელიც არ აქვს) კიდევ ერთი თვისება სიმსუბუქეა. უფრო კონკრეტულად, ის ფოლადზე დაახლოებით 15 პროცენტით მსუბუქიცაა...

Friday, September 24, 2010

”ნისანმა” ელექტრომობილ ”ლიფზე” 20 000-ზე მეტი შეკვეთა მიიღო

Nissan Tops 20,000 Reservations for the LEAF

24 სექტემბერი

იაპონური კომპანია ”ნისანი” მალე დაიწყებს მსოფლიოში პირველი სერიული ელექტრომობილის - ”ნისან ლიფის” წარმოებას, მისი გაყიდვების დაწყებამდე ნახევარი წლით ადრე კი მასზე შეკვეთების მიღება დაიწყო. კომპანია იმედოვნებდა, რომ დეკემბრამდე დაახლოებით 20 000 შეკვეთის მიღებას მოასწრებდა. მაგრამ პროგნოზი დაგეგმილზე სამი თვით ადრე შესრულდა.

მალე ”ნისანი” ამერიკაში, ”ნისან ლიფის” ძირითად ბაზარზე, ამ ელექტრომობილის სარეკლამო ტურს დაიწყებს, რომელიც შეერთებული შტატების 20-ზე მეტ ქალაქს მოივლის. ამ ქალაქებში კი იმ ადამიანებს, რომლებმაც ავტომობილზე წინასწარი შეკვეთები განათავსეს და დეპოზიტიც შეიტანეს, ”ლიფის” ტესტირების საშუალება მიეცემათ.

”ნისანმა” გამოაცხადა, რომ უკვე დაასრულა ”ლიფზე” შეკვეთების პირველი ფაზის მიღება, მეორე ფაზას კი მერმისამდე არ დაიწყებს. ახლა იაპონური კომპანიის მთავარი მიზანი ისაა, რომ მათ, ვინც ელექტრომობილი უკვე შეუკვეთა, უმაღლეს დონეზე მოემსახუროს.

”დღეს უკვე შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ 20 000-მა ადამიანმა ”ნისან ლიფი” და ნულოვანი გამონაბოლქვის მომავალი აირჩია. ახლა ჩვენი და დილერების ჯერია, რათა მყიდველს უმაღლესი დონის მომსახურება შევთავაზოთ და დავარწმუნოთ იმაში, რომ ელექტრომობილებით სარგებლობა მათთვის მოსახერხებელი იქნება. ელექტრომობილების მართვის გამოცდილების მისაღებად კი ყველას ვეპატიჟბით ჩვენს ამერიკულ ტურზე, რომელიც ამერიკის ქალაქებს მოივლის”, - განაცხადა ”ნისან ნორთ ამერიკას” გაყიდვების და მარკეტინგის უფროსმა ვიცე პრეზიდენტმა ბრაიან ქეროლაინმა.

”ნისან ლიფის” შემკვეთებისთვის მიწოდება დეკემბერში კალიფორნიაში დაიწყება. შემდეგ ორეგონელი, უოშინგტონელი, არიზონელი და ტენესელი შემკვეთებიც მიიღებენ. მომავალი წლიდან ტექსასისა და ჰავაის ჯერიც დადგება. ამ შტატების შემდეგ კი ამ ელექტრომობილს ”ნისანის” დილერები მთელს მსოფლიოში მიიღებენ.